globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 30th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: “მთავარია, ევროპაში ისეთი პროცესები არ განვითარდეს, უვიზო მიმოსვლამ აზრი დაკარგოს”

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „დავუშვათ, მოგვცეს ვიზალიბერალიზაცია, რა მოხდება მერე?.. კითხვას ვსვამ, ვიზალიბერალიზაცია რა, ამ მდგომარეობას გამოასწორებს?!“

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „პრინციპში, ომი დიდი ხანია დაიწყო, უბრალოდ, გაფორმებაღა სჭირდება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ხელისუფლებას არჩევნები უკვე მოგებული აქვს.. ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები ამ მიზანს ემსახურება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „პენსიების ზრდა ხელისუფლებას თვითონ უნდა მოეფიქრებინა“

—————————-

„კვირის პალიტრა“, 30 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: “მთავარია, ევროპაში ისეთი პროცესები არ განვითარდეს, უვიზო მიმოსვლამ აზრი დაკარგოს”

“ქალბატონი მოგერინისა და ბატონი ჰანის განცხადებების შემდეგ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, რაც, ალბათ, 15 დეკემბერს გაცხადდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა მაშინვე გახდება ნებადართული. ამას თავისი პროცედურები აქვს, თუმცა, მაინც მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნევ”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“მენიშნა ერთი რამ – როდესაც იოჰანეს ჰანს ჰკითხეს, ვიზალიბერალიზაციის პროცესს ხელს ხომ არ შეუშლიდა ქვეყანაში მედიაპლურალიზმის თაობაზე გაჩენილი შეკითხვები, რაც, ძირითადად, `რუსთავი 2~-თან დაკავშირებულ დაპირისპირებას შეეხებოდა, მან თქვა, რომ ეს ვერ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც მიანიშნებს, რომ ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს ამ ნაბიჯის გადადგმა. და თუ ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვა, ისინი ამას არ გადაიფიქრებენ. ვიზალიბერალიზაცია არის ყველაზე იოლად მისაღები გადაწყვეტილება, რომლის საწინააღმდეგოდ ძნელად თუ ვინმე მოძებნის არგუმენტს, მით უფრო – რუსეთი. ეს მას საფრთხეს არ უქმნის. თუ საკითხს მიგრანტთა ევროპაში ჩასვლის პრობლემის კუთხით განვიხილავთ, ამ თვალსაზრისით ევროპას ჩვენგან საფრთხე არ დაემუქრება – წარმოუდგენელია, ჩვენგან დიდი ნაკადი მიაწყდეს ევროპულ ქვეყნებს. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ქვეყნებში დღეს არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად ცხოვრების უფლებას მიიღებენ… მთავარია, მსოფლიოში და მით უფრო ევროპაში ისეთი ნეგატიური პროცესები არ განვითარდეს, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლამ აზრი დაკარგოს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც სააკაშვილი ამბობს, რომ ბურჭულაძეს თავისიანები “მიაბა” და მისი ფონდი “მესამე ძალად უნდა ააგორონ” ჯერ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციის მცდელობა მგონია. ბურჭულაძე ჯერ არ მოსულა პოლიტიკაში და მას უკვე ბრძოლა გამოუცხადეს. ვინ? ძნელი სათქმელია. არ არის გამორიცხული, ამ ყველაფრის უკან “ნაციონალური მოძრაობა” იდგეს, რომელიც ჯერ ჩამოუყალიბებელ პარტიაში თავის კონკურენტს ხედავს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია, ბურჭულაძის გვერდით “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი ისეთი ლიდერი ვიხილოთ, ვინც ამ პოლიტიკური ძალის 9-წლიანი მმართველობისას არ გასვრილა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჩანაწერის მიზანმიმართული გავრცელებით “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი რღვევის შეჩერებას ცდილობდეს, თუმცა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ამგვარი ჩანაწერის გავრცელებით სულ სხვა ძალა იყოს დაინტერესებული”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“ვიდრე პოლიტიკაში ბურჭულაძის სავარაუდო როლზე გეტყოდეთ რამეს, უნდა ვახსენო ამ ჩანაწერის ერთი ფრაგმენტი, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, თითთქოს ქვეყნის პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” დაპატიმრებული ლიდერების შეწყალებას აპირებს. პრეზიდენტის მაგივრად ვერ დავიფიცებ, რომ ის ამას არ გააკეთებს, მაგრამ ერთს ვიტყვი: თუ მარგველაშვილს უნდა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე თავისი ამჟამინდელი მდგომარეობაც დაასამაროს და სამომავლო პერსპექტივაც გაინადგუროს, სწორედ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. ის ჭკვიანი ადამიანია, არა მგონია, ამას ვერ ხვდებოდეს, ამიტომაც ვფიქრობ, ამ ჩანაწერის გავრცელება მის დისკრედიტაციასაც ისახავს მიზნად. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, იმ გუნდის მიხედვით, რომელიც მან შემოიკრიბა, პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბების შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს იქნება პროდასავლური ორიენტაციის პარტია. იმედია, პაატა ბურჭულაძე არ მიიჩნევს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა მხოლოდ მისი პოპულარობის ხარჯზე გავა ფონს და არჩევნებში წარმატებას მიაღწევს… მათ თუ ბარიერის გადალახვა სურთ, აუცილებლად უნდა ეძებონ პარტნიორები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება იყოს “ქართული ოცნება”. თუ ოპოზიციურ ფლანგზე გადაწყვეტენ მოღვაწეობას, მაშინ ყველაზე ოპტიმალური ბურჭულაძე-ალასანიას ალიანსი მგონია. გამორიცხულია პაატა ბურჭულაძისა და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა”, – ამბობს ექსპერტი.

“სიმართლე გითხრათ, ირაკლი შოთაძის არჩევა, როგორც ბევრისთვის, არც ჩემთვის ყოფილა მოულოდნელი. ფარცხალაძის წასვლიდან მოყოლებული, სწორედ ის იყო დე ფაქტო მთავარი პროკურორი, ახლა კი ეს იურიდიულადაც გააფორმეს. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ცხადად ჩანდა, რომ მთავარი პროკურორობის მთელი ტვირთი სწორედ მის მხრებზე გადადიოდა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არსებით ცვლილებებს არ ველი. ძნელია დაიჯერო, რომ ახლა პროკურატურა რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. მისი კანდიდატურის განხილვისას ყველაზე ხშირად ისმოდა განცხადებები გახმაურებულ საქმეებზე, რომელთა ბოლომდე მიყვანა ვერა და ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ, 2016 წელი საარჩევნო წელია, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი საქმე პროკურატურას მართლაც ჰქონდეს ბოლომდე მიყვანილი და სწორედ არჩევნების მოახლოებისას მისცენ მას მსვლელობა, ანუ გაგზავნონ სასამართლოში. ამით “ქართული ოცნება” ეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ სამართლიანობის აღდგენა გრძელდება”, – მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

“შოთაძემ პარლამენტში თავისი კანდიდატურის განხილვისას ორი საქმე ახსენა – ზურაბ ჟვანიას საქმე, რომელზეც თქვა, რომ გამოძიება გეგმიურად მიდის და ეროსი კიწმარიშვილის საქმე, რომლის მასალებსაც, მისი თქმით, მალე გაასაჯაროებენ. ვნახოთ. თუ პროკურატურას რომელიმე საქმე მართლაც აქვს ბოლომდე მიყვანილი, არ მგონია, მისი გამომზეურება ძალიან დააგვიანონ. კარგი იქნება, თუ ეს საქმეები გამყარებული იქნება უტყუარი მტკიცებულებებით”, – თვლის ექსპერტი.

“დღეს მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს. ცივი ომის შემდეგ მსოფლიო ასე ორად გაყოფილი, ფაქტობრივად, არც ყოფილა. დასავლეთი და რუსეთი თანამშრომლობას ცდილობდნენ. ურთიერთობების გაცივების ათვლის წერტილად შეიძლება 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომიც მივიჩნიოთ. მერე იყო ყირიმი და ახლა – სირიაში განვითარებული მოვლენები. დღეს პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის შედეგი. თითქოს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმდნენ, ვნახეთ მოსკოვში ჩასული ოლანდი, მაგრამ განხეთქილების მიზეზი მაინც რჩება – ეს არის ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელსაც დასავლეთი ტერორიზმის წყაროდ მიიჩნევს, რუსეთი და ირანი კი ამ აზრს არ იზიარებენ. ითქვა, თითქოს რუსეთმა ოლანდს პირობა მისცა, რომ ავიადარტყმებს მხოლოდ “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლირებად ტერიტორიებზე განახორციელებს და ასადის ზომიერ ოპოზიციას აღარ დაბომბავს, თუმცა, დასავლეთში მშვენივრად იციან, რომ რუსეთის დაპირებას ფასი არა აქვს. სამწუხაროდ, უკვე ნათლად ჩანს კონტურები “ცივი” ომისა, რომელიც ძალიან ახლოა “ცხელ” ომთან”, – განმარტავს ძაბირაძე.

“რთულ ვითარებაში ვართ… მართალია, რუსეთი არ არის დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ არც თურქეთია დემოკრატიულობის ნიმუში. თუ ლაპარაკია ლიდერებზე, ერდოღანი ცოტა სხვა ტიპის ლიდერია, ვიდრე პუტინი, მაგრამ ისინი მართვის სტილით მაინცდამაინც არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, კონსტიტუციის ცვლილება და საკუთარ თავზე მორგება ორივეს მშვენივრად ეხერხება.ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ფრთხილი როგორც მოქმედების, ასევე საჯარო გამოსვლებისას. ძირითადად, ყურადღება უნდა გამახვილდეს კულუარულ დიპლომატიაზე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველა ჩვენს მეზობელსა და პარტნიორთან. რაც მთავარია, დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იმუშაოს მეტი, ვიდრე აქამდე მუშაობდა. რაღა დაგიმალოთ და, ვფიქრობ, გაგვიმართლა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში ასეთ შემთხვევაში ჩვენ, შესაძლოა, პირდაპირ ლომის ხახაში ამოგვეყო თავი. უნდა იქნეს გაანალიზებული პროცესების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი, ყველაზე უტოპიურიც კი… ძალიან მაშინებს, რომ აქ თუნდაც ტერაქტის მოწყობით ვინმემ არეულობის პროვოცირება არ სცადოს. ამ საფრთხეს ძირითადად რუსეთისგან ვხედავ, რომელმაც ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, შესაძლოა, კვლავაც მოახერხოს ჩვენი ქვეყნის ანექსია”, – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ რუსეთსა და თურქეთს შორის საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივა, როგორც აფხაზეთში, ასევე ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსეთი დაიწყებს სამხედრო შენაერთების გაძლიერებას. არ არის გამორიცხული, სომხეთის გიუმრის ბაზაზე ახალი სამხედრო ტექნიკის შეტანა საქართველოს გავლითაც სცადონ, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაგვირთულოს ურთიერთობა თურქეთსა და აზერბაიჯანთან. ეს რამდენიმე ვერსიაა. კიდევ არაერთი საფრთხის ნიშანი ჩანს, რისი ანალიზი და პრევენცია ხელისუფლების საქმეა. რაც შეეხება საფრთხეს “ისლამური სახელმწიფოსგან”, მე ამას ვერ ვხედავ. მეეჭვება, მათ აქ შიშისა და ტერორის დათესვა სჭირდებოდეთ. ამგვარი საფრთხის პროვოცირებით საკუთარი მიზნების მიღწევა, შესაძლოა, სულ სხვა ძალებმა სცადონ – ერთი მხრივ, მოახერხონ ჩვენში რელიგიურ ნიადაგზე პრობლემების წამოწევა, მეორე მხრივ კი ამ პრობლემების მოგვარება მესამე ძალამ დაიწყოს, რაც ჩვენთვის შეიძლება კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდეს”, – დაასკვნის რესპონდენტი.

„კვირის ქრონიკა“, 30 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „დავუშვათ, მოგვცეს ვიზალიბერალიზაცია, რა მოხდება მერე?.. კითხვას ვსვამ, ვიზალიბერალიზაცია რა, ამ მდგომარეობას გამოასწორებს?!“

ნინო სამხარაძე

15 დეკემბერს საქართველო ვიზალიბერალიზაციის მოლოდინშია, ამ პროცესს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იმედის თვალით შესცქერის, მიუხედავად გართულებული მდგომარეობისა და ტერორიზმის გაზრდილი საფრთხისა, საქართველოდან მიგრაციის პროცესი შეუქცევადია, სამუშაო ადგილების მაძიებელთა არმიები ჩვენს ქვეყანაში ასიათასობითაა და დღეს ყველას თვალი უჭირავს გაქცევაზე, რომელ ქვეყანას შეაფაროს თავი… მაშინ, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბრობს, მოსახლეობას ჰპირდება გაზრდილ პენსიებს, ხელფასებსა და უკეთეს მომავალს, ამ ფონზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვინმე რიმა ბერიძე გვეუბნება, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანს დღეში 1 ლარი და 18 თეთრი უნდა ეყოს გამოსაკვებად.

მისმა განცხადებამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შოკში ჩააგდო, მას უკვე დაუპირისპირდა მმართველი გუნდი და მანანა კობახიძე აცხადებს, რომ 1,18 თეთრი ადამიანს გამოსაკვებად აბსოლუტურად არასაკმარისად და არაშესაბამისად მიმაჩნიაო, ვფიქრობთ, რიმა ბერიძის ამ განცხადებას უფრო მასშტაბური რეაგირება მოჰყვება, სხვა შემთხვევაში მოსახლეობა ჩათვლის, რომ ცენტრალური მთავრობა იზიარებს ამ არსაიდან მოსული ქალბატონის პოზიციას. ცოტნე გამსახურდია თბილისის საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერიძის მიერ უფასო სასადილოებს, მერიის მაღალჩინოსნების ხელფასებსა და პრემიებზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება: „არა, არ მყოფნის სიტყვის მარაგი და რა ვქნა, ვინც შეძლებს ამაზე კორექტულად, ოღონდ ადეკვატურად ილაპარაკოს, მის უპირატესობას ვაღიარებ, ეს ის დედამოტ… ყ… ქალა, 1,18 ლარად საკმაოდ კალორიების მიღება შეუძლია ადამიანსო, რომ ამბობდა, ახლა თურმე გუნდმა მაღალი პასუხისმგებლობა აიღო და მაღალი დანამატებია საჭირო მოვალეობის კეთილსინდისიერად შესასრულებლად, ამას მოვუტ…ან აღმზრდელი კეთილსინდისიერად… საკრებულოში გდების პერიოდში მითხარით ვინმემ, რამე ღირებული გაუკეთებია ჭამა-ჯმის გარდა?!..“

ქალბატონო რიმა, ალბათ, თქვენ დედითქვენისას მიირთმევთ, რაც უფასოა… გაათრიეთ ეს ქალი საკრებულოდან, სანამ საკრებულო თავზე არ დაგმხობიათ. ამდენი რა დედითქვენისა ჭამეთ, რომ თურმე გურიის გუბერნატორობის ერთ-ერთი კანდიდატიც ყოფილხართ. თურმე ნუ იტყვით და, ქალბატონ რიმა ბერიძეს უკავშირდებიან ტელეფონით ოზურგეთიდან და ეხვეწებიან, ჩამოდი, გურიის გუბერნატორი გახდიო… კი მაგრამ, ასე გააბლდდნენ გურულები, ქალბატონო რიმა, რომ 1,18-ლარიანი მენიუ ენატრებათ?!. ეს ქალი, ეტყობა, ნანული შევარდნაძისა და გუგული მაღრაძის დაქალია, ცხონებული ნანული შევარდნაძე ამტკიცებდა, რომ კარგი დიასახლისი 7 ლარად ოჯახს აცხოვრებსო, ხოლო გუგული მაღრაძე გვამასხარავებს, – მართალია, 10 ლარი ჩემთვის ფული არ არის, მაგრამ თქვენთვის ხომ 10 ცალი პურის ფულიაო… როგორ ჩანს, ამ ქალბატონების ასაკობრივი დაავადება რთულ ფორმებში მიმდინარეობს. თქვენ ისეთივე შეურაცხყოფა მიაყენეთ ხალხს, ახლა რომ მოგიბრუნდეთ და გითხრათ, – კლიმაქსიანებისთვის რა დროს პოლიტიკაა, წადით და იმკურნალეთო… გუბერნატორობის რა მოგახსენოთ, ქალბატონო რიმა, მაგრამ ამ განცხადების გამო პრესში რომ გაგატარებენ და ამ ლაქას სამუდამოდ ვერ ჩამოირეცხავთ, დარწმუნებული იყავით…

ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და რეფორმების მხარდასაჭერად 100 მილიონ ევროს გამოუყოფს, ვიზალიბერალიზაციის თემას რომ დავუბრუნდეთ, „კვირის ქრონიკასთან“ საუბარში კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე, რომელსაც კარგი კავშირები აქვს უცხოელ დიპლომატებთან, აცხადებს:

- ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ძირითადად, დადებითი აზრი მუსირებს უცხოელებში, სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ისინი უყურებენ, როგორც ერთერთ ლიდერ ქვეყანას. იმის ფონზე, რომ ლტოლვილების ნაკადს ვერ აჩერებენ, ჩვენი საკითხის განხილვა არ შეჩერებულა, აღინიშნა საქართველოს ღვაწლი ავღანეთში, მე მინდა ერთი მნიშვნელოვან რამ ვთქვათ, უაღრესად უარყოფითია, როცა ხდება თემის გაფეტიშება. თქვენ გახსოვთ, `შალახოს~ ფონზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ავიტაცეთ, რომ ჩვენ ვხდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რეალურად ასოცირების ხელშეკრულება რას ითვალისწინებდა. ამდენი ხანია ხელი გვაქვს მოწერილი და რა, მერე?!. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი წერს, რომ ჩვენ ძალიან დიდ ფულს ვკარგავთ ყოველთვიურად, რადგან ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო კონკრეტული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობის შეცვლა და ა.შ. ვერ შევძელით ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენს სასარგებლოდ ემუშავა, მისი წერილის რეზიუმე იყო, რომ შევეხვეწოთ ევროკავშირს, გამონაკლისის სახით, ცალმხრივად ეს ხელშეკრულება გააჩეროს. ჩვენ გვახსოვს ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება თბილისში, – ღმერთმა ნუ ქნას, დღესვე მიგიღონ ევროკავშირში. ეს რომ მოხდეს, თქვენი ეკონომიკა განადგურდება… მე ევროკავშირის წინააღმდეგი კი არ ვარ, უბრალოდ, ხაზს ვუსვამ, იმდენად შორს არის ჩვენი დონე და საშუალებები ევროკავშირთან ურთიერთობაში მივიღოთ დიდი მოგება, როგორც ამას ისრაელი იღებს, სულ ცოტა, 15 მილიარდი დოლარის მოგება აქვს ისრაელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით და შეღავათის მიღების შედეგად. ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც ანალოგიური ხდება, საზოგადოება აჟიტირებულია.

დავუშვათ, მოგვცეს ვიზალიბერალიზაცია, რა მოხდება მერე? საბერძნეთში, იტალიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გასული ქალბატონები, ვინც მოხუცებისა თუ ბავშვების მომვლელებად მუშაობენ, ისინი არიან სრულიად უუფლებო პირობებში.

კითხვას ვსვამ, ვიზალიბერალიზაცია რა, ამ მდგომარეობას გამოასწორებს?! ძალიან კარგია ვიზალიბერალიზაცია, შეიძლება გამოადგეს ზოგიერთ ქართველს, მაგრამ არ უნდა გავაზვიადოთ ეს საკითხი და ამისგან დიდი მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ, თან იმ ფონზე, როცა ქვეყანა დგას უკიდურესი სიღატაკის პირისპირ. უმუშევრობა და სოციალური პრობლემები ჯერ კიდევ დაუძლეველია და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება და მძიმე სოციალური ფონის დაძლევა უნდა იყოს…

_ არაადეკვატურად არ მიგაჩნიათ, ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყნის საკრებულოს წარმომადგენელი სოციალურად დაუცველებს 1,18-ლარიან დღიურ მენიუს უწესებს მაშინ, როცა არათუ ევროკავშირში, არამედ ამ ფასად ტუალეტის ქაღალდიც შეიძლება არ მოგივიდეს. არ არის დრო, ხელისუფლება ასეთ ხალხს გაემიჯნოს, სხვა შემთხვევაში ჩათვლით, რომ ეს მთავრობის პოზიციაა?

- მსოფლიოში არის ქვეყნები, მაგალითად, ნიგერია, სადაც ერთ სულზე შემოსავალი არის 1-დან 2 დოლარამდე და  7-მილიარდიან მსოფლიოში ასეთი ქვეყნები მიეკუთვნებიან ყველაზე ღატაკი ქვეყნების კატეგორიას. პენსია, რომლის მომატებასაც უკვე დეკლარირებულად ჰპირდება საქართველოს მთავრობა, არასაკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად იარსებოს.

- ნატოს წევრები ვერ თანხმდებიან, რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს გაწევრიანების იმედზე საპასუხოდ. ამაზე ვრცელ სტატიას ავრცელებს „როიტერი“, თუმცა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველო არ ითხოვს მაპ-ს, არამედ ითხოვს ნატოში გაერთიანებას…

- ჩამოსული იყო ერთ-ერთი ცნობილი დასავლელი ექსპერტი, რომლის გვარსაც შეგნებულად არ დავასახელებ, ის კომპეტენტური ადამიანია და თქვა, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან საქართველო ისევ ხდება სამიზნე და მან ისაუბრა ნატოს მიმართ გაკეთებულ აგრესიულ განცხადებებზე. მან თინა ხიდაშელი მოიხსენია როგორც არაადეკვატურ პიროვნებად, რომელიც ჭკუას ასწავლის დასავლეთის ლიდერებს და ნატოს. აფრთხილებს მათ, რომ მაგრად უნდა დაუდგნენ პუტინს.

თინა ხიდაშელის ამ განცხადებების შედეგი არის ის, რომ პუტინის სამხედრო პოლიტიკური მანქანა ამ დროს ხელებს იფშვნეტს სიხარულით ასეთ განცხადებებზე, როცა ხიდაშელი მოუწოდებს ევროპასა და ამერიკას, პუტინის შეჩერება მხოლოდ შუაგულ ევროპაში ომს შეუძლიაო. დასავლეთი უკიდურესად ღიზიანდება და პირად საუბრებში მე მომისმენია უცხოელებისგან, ექსპერტებისგან თუ დიპლომატებისგან ასეთი ფრაზა თინა ხიდაშელზე, – ეს ქალი აშკარად არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობასო. თავის დროზე დასავლეთში ასეთი ტიპის განცხადებებისთვის მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებდნენ გიჟად, რომელსაც ხელში ეჭირა ბომბი, ასმუსის წიგნში სააკაშვილი ასეა მოხსენიებული.

ასეთი შეფასება ხიდაშელზე ჯერ არავის გაუკეთებია, მაგრამ რიტორიკა ნაცნობია… სხვათა შორის, ნიშანდობლივია გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული ვახტანგ ძაბირაძის ინტერვიუ, რომელიც უძველესი „რესპუბლიკელი“ გახლავთ, რომელმაც დაწერა, რომ ხიდაშელის აგრესიული რიტორიკა უნდა შეიცვალოს, ამ შეფასებაში მარტო არ ვარ და იმიტომ მოგიყვანეთ ძაბირაძის მაგალითი… თქვენ თუ მოგისმენიათ ან პრემიერ-მინისტრისგან, ან საგარეო საქმეთა მინისტრისგან თინა ხიდაშელის მსგავსი განცხადება ტონალობით თუ შინაარსით? ასეთს ვერ დამისახელებთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრი თავს იკავებს ხიდაშელი ან გაათავისუფლოს პოსტიდან, ან გამოვიდეს და თქვას, – სირთულეებიდან გამომდინარე რთულია თავდაცვის მინისტრის განთავისუფლება, რადგან მისი პარტია არის ჩვენს კოალიციაში, მაგრამ ეს არის მისი პირადი აზრი, მაგრამ არ ასახავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას. არც ამას აკეთებენ.

რეალურად, კი, რაც ხდება, ეს ქმნის არასწორ და ცუდ ატმოსფეროს როგორც ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით კი ქვეყნის გარეთ. ტრაგიკულაგრესიული კატასტროფული განცხადებებით გამოირჩეოდა უსუფაშვილიც ნატოსთან მიმართებაშიც, გახსოვთ, შარშან სექტემბერში უელსის სამიტამდე განაცხადა საერთაშორისო ფორუმზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ, ან უელსის სამიტზე ნატო მოგვცემს მაპ-ს, ან საქართველოში დაიწყება მასობრივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რომელსაც ვერ შევაჩერებო. მე გეკითხებით, შარშან, 7 სექტემბერს რომ ჩატარდა უელსის სამიტი, რა მოხდა მერე საქართველოში, გამახსენეთ, რამე დაიწყო? საერთოდ აღარ უხსენებიათ საქართველო, არც მაპ-ი და არც არაფერი… რატომ ამბობენ ასეთ ტყუილს, რატომ? ვის აინტერესებდა სამიტი საქართველოში, როცა მოსახლეობის 80%-ს სულ სხვა ყოველდღიური დარდი აქვს. უსუფაშვილის სიტყვებია, – თუ არ მოგვცემთ მაპ-ს, საქართველო გაქრება გეოგრაფიული რუკიდან. ამის შემდეგ მეკითხებოდნენ უცხოელი დიპლომატები, ხომ არ იცით, ეს ადამიანი რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს?!. ვუხსნიდი, რომ ცოლიც და ქმარიც არაადეკვატურები არიან და იმიტომ აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს.

„კვირის ქრონიკა“, 30 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „პრინციპში, ომი დიდიხანია დაიწყო, უბრალოდ, გაფორმებაღა სჭირდება

გელა ზედელაშვილი

დგას თუ არა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე? პრინციპში, ომი დიდიხანია დაიწყო, უბრალოდ, გაფორმებაღა სჭირდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკიდურესად დაიძაბა მდგომარეობა რუსეთსა და თურქეთს შორის _ თურქების მიერ ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენი აღმოჩნდა კატალიზატორი იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ისევ ქცეულიყო ერთპიროვნულ ლიდერად. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მოსთქვამს, პუტინს ვურეკავ და არ მპასუხობსო. პუტინი ამბობს, ეს კაცი ცრუობს, არ დაურეკავსო. თავის მხრივ, ერდოღანი რუსეთს აფრთხილებს, რომ ცეცხლს ეთამაშება. ის იმედოვნებს, მომავალ კვირას პარიზში დაგეგმილ კლიმატურ სამიტზე პუტინს გაესაუბრება. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამერიკელებმა და თურქებმა, ერთი რამ ცხადია – რუსეთმა მთლიანად აიღო ინიციატივა სირიაში. როგორ განვითარდება მოვლენები და რა გვინდა ჩვენ, ანუ როგორ უნდა მოვიქცეთ „ლომების“ ომში, როცა ტერიტორიულად მათ შორის ვარსებობთ? ამაზე „ქრონიკას“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:

– დავიწყოთ იქიდან, რა უნდა ერდოღანს? ამ ადამიანმა თავისას მიაღწია, დაამტკიცა, რომ მაგარი ბიჭია.

დაამტკიცა?

_ ჯერ მხოლოდ თვითმფრინავის ჩამოგდებით დაამტკიცა, მაგრამ ახლა ბურთი არის რუსეთის მოედანზე. ახლა რომ პუტინმა თქვას, რაც იყო, იყო, შევრიგდეთო, თვითონვე გამოვა დაჩმორებული. პუტინმა ეს როგორ უნდა აუხსნას თავის 140 მილიონ „გიჟს“? უკან ვერ დაიხევს.

სინამდვილეში რა გააკეთა თურქეთმა? არსებობს ორი ვერსია: პირველი ნატომ გაულაწუნა რუსეთს თურქეთის ხელით, რათა ერთპიროვნული ლიდერი არ გამხდარიყო, მეორე თურქეთი გამწარდა, როცა იაფი ნავთობის ტრასა გადაუკეტეს, რომელსაც ისლამური სახელმწიფოდანიღებდა.

– აქ ნატო არაფერ შუაშია… საერთოდ, თურქები რასაც ამბობენ, ასრულებენ, ასე იყო ერდოღანამდეც. კი, ამ შემთხვევაში მართლაც დგას იაფი ნავთობის საკითხი, მაგრამ თვითმფრინავის ჩამოგდებამდე მაგათ ორჯერ გააფრთხილეს რუსები, საზღვარს ნუ არღვევთო. როდესაც შენი ქვეყნის თავზე ბომბდამშენი დაფრინავს, რომელსაც 15-20 ტონა ბომბი მიაქვს, ცოტა ძნელია, ეს გადაყლაპო. გარდა ამისა, ერდოღანი შეეცადა, ქულები დაეწერა ქვეყნის შიგნით, პარლამენტში არ ჰყავს უმრავლესობა, ვერ იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ცოტა ხნის წინ ასევე აიმყრალა სამხედროები, ნახევარი გენერალიტეტი ციხეში ჩასვა, ვინც კი ქემალ ათათურქის მომხრე იყო, ყველა გააძევა. ესე იგი, ამ დარტყმით სამხედროებთანაც მაგარი უნდა გამოჩენილიყო. მეორე და მთავარი მომენტი: როდესაც 2012 წელს სირიამ თურქეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო, მაშინ პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ გამოსცა ბრძანება და ყველა სამხედრო მფრინავს უფლება მისცა, ასეთი ინციდენტების დროს, როცა ვიღაც გიტევს ან საზღვარზე გადმოდის, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. მსოფლიოს ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, არც ერთი ქვეყნის არმიაში მსგავსი რამ არ არსებობს, თუ ჰაერში ბრძოლა არ მიდის, მიწიდან ბრძანების გარეშე სროლის გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს. ვინაიდან თურქ მფრინავებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში ბრძანების გარეშე ისროლონ, არ გამოვრიცხავ, რომ რუსული ბომბდამშენი თვითონ ჩამოაგდეს. პრინციპში, ეს არაფერს ცვლის, საბოლოო ჯამში, პასუხს მაინც ერდოღანი და მისი გენერლები აგებენ. ვინც შემდეგ ნატოს გენმდივნის განცხადება წაიკითხა, ყველა მიხვდებოდა, რომ ნატო არაფერ შუაშია. შეკრებიდან გამოსული ერდოღანი ნირწამხდარი იყო, ვერ ლაპარაკობდა, ორ კითხვას უპასუხა და უცებ გაექცა ჟურნალისტებს.

ანუ რა გამოდის, ნატოს შეკრებაზე ერდოღანი გაკიცხეს?

– არა, არ გაკიცხეს, ნატოს ხელმძღვანელებმა თქვეს, ჩვენ თურქეთის მხარეს ვდგავართ, ჩამოგდების უფლება ჰქონდაო. აბა, რას იტყოდნენ? თუმცა, ერდოღანს ხაზგასმით უთხრეს, რუსეთთან ურთიერთობა თვითონ მოაგვარეთ, მოსკოვს დაუკავშირდით და პუტინს დაელაპარაკეთო. ერდოღანი ამიტომ ლაპარაკობს, ვურეკავ და არ მპასუხობსო. იცი, რა არის? 2008 წლის ომის დროს სააკაშვილი პუტინს ურეკავდა და მართლა არ პასუხობდა, მაგრამ ერდოღანი ხომ მიშა არ არის?

ეტყობა, პუტინს ასეთი ჩვევა აქვს, ფეხებზე ჰკიდია მიშაც, გრიშაც და ერდოღანიც… შეგიძლიათ, გვითხრათ, საქმე სადამდე მივა, ანუ სადამდე გართულდება?

– ომამდე არ მივა, იქნება ეკონომიკური სანქციები, იქნება კბენა, ღრენა, პანჩურების რტყმა. ეს არ გადაიზრდება სერიოზულ სამხედრო შეტაკებებში. ამაზე პუტინი არ წავა, თურქეთის პრემიერი, დავიდ ოღლუ უკვე ერთ ადგილს იგლეჯს, ჩვენ რუსეთთან მეგობრობა გვინდა, ვაჭრობა გვინდა, უბრალოდ, დავამტკიცეთ, რომ ჩვენი საზღვრები ხელშეუხებელიაო. ერდოღანი უფრო ყელყელაობს და ცოტა ხმაურიან განცხადებებს აკეთებს.

ჩვენ რას ვაკეთებთ, ჩვენი როლი სადმე იკვეთება, თუნდაც იმ კუთხით, რომ რამე ხეირი ვნახოთ?.. ზოგიერთ დეგენერატს უხარია, ესენი ერთმანეთს დაჭამენ და ჩვენ ტერიტორიებს დავიბრუნებთო.

– ვაი, ვაი, მანამ არაფერი ეტკინოთ, სანამ ჩვენ ამ გზით ტერიტორიებს დავიბრუნებთ. ახლა ჩვენი როლი ასეთია: უნდა დავიკავოთ ნეიტრალიტეტი. თეორიულად დღეს ქართულ დიპლომატიას ეძლევა ბრწყინვალე შანსი, რომ მოიქცეს ისე, როგორც იქცეოდა თურქული დიპლომატია მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, ყოველთვის თამაშობდა და დიდ ხეირს ნახულობდა რუსეთ-ინგლისის დაპირისპირების დროს. თუმცა ჩვენ საამისო რესურსი არ გვაქვს. ამიტომ სჯობს, მშვიდად ვიყოთ და თინა ხიდაშელსაც მოვუწოდებ, თავშეკავებული იყოს განცხადებებში. თინა გამოდის და იძახის, ამერიკა და ევროპა თუ ერთმანეთს შეეკვრნენ, რუსეთი არაფერიაო. ეს იმას ჰგავს, შეკითხვა რომ დავსვათ: რა უნდა ჰქონოდა ბებიას, ბაბუა რომ ყოფილიყო? მე ისიც მახსოვს, ერთხელ მიშა სააკაშვილს რომელიღაც ევროპულ შეხვედრაზე ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრყ წამოუხტა, თქვენ რას ლაპარაკობთ, რას გვირჩევთ, რუსეთის დაბომბვა უნდა დავიწყოთო? მიშამ ერთი პერიოდი ევროპელებიც დააფრთხო. დეკემბერში იმართება მინისტერიალი, მაისში არის ნატოს სამიტი, შენ როგორ გგონია, ხიდაშელის განცხადებები მოეწონებათ? ამას თუ ჰგონია, ევროპაში ყველა რუსეთის მტერია, ძალიან ცდება. ხიდაშელის ასეთი განცხადებები ჩვენ ევროპასა და ნატოს გვაშორებს, იქ იტყვიან, ჯერ საქართველო არ მიგვიღია, ასეთი აგრესიულია, რომ მივიღოთ, მერე რაღას იზამსო? ჩვენ რომ ნატოში მიგვიღონ, შეიძლება მთელი მსოფლიო შარში გავხვიოთ, ან აფხაზეთში შევიჭრებით, ან კიდევ ცხინვალში. რასაც ევროპელები მიშას საყვედურობდნენ, დღეს იგივეს აკეთებს ხიდაშელი. თავდაცვის მინისტრი რომ ხარ, ის მაინც ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ დღეს ნატო თავისი წევრის, თურქეთის საქციელითაც კი არ არის კმაყოფილი? ფაქტობრივად, ნატომ ხელები დაიბანა და ერდოღანს უთხრა, რუსეთთან ურთიერთობა შენ თვითონ დაალაგეო. გარდა ამისა, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, სამხედრო ბლოკი 50 წლის განმავლობაში არსებობდეს და ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონდეს. რა გამოცდილება აქვს ნატოს? მხოლოდ იუგოსლავია. ამ ორგანიზაციას დიდი ძალა გააჩნია, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება, აქ ხშირად აზრიც იყოფა და პოზიციაც. თუ პუტინს შეუძლია, უცებ დააჭიროს ხელი ღილაკს და ომი დაიწყოს, ნატოში ასე ვერ გააკეთებენ. ახლა ის დროა, როცა ჩვენ არც პრორუსული უნდა დავიჭიროთ და არც პროთურქული, ორივე დამღუპველია. ბოლოს და ბოლოს, ვთქვათ სიმართლე, ამ თემაზე ყველასთან არ ვლაპარაკობ, მაგრამ თქვენთან ვიტყვი: რომ არ ყოფილიყო რუსეთ-თურქეთის ომები, დღეს აჭარა ვისი იქნებოდა?

აჭარაც თურქებისა იქნებოდა და ახალციხეც.

– მე წაკითხული მაქვს ნატოს შიდა კვლევა, სადაც არის წევრი ქვეყნების არმიების დახასიათება. თურქეთზე წერია, რომ არის ყველაზე ბრძოლისუნარიანი, მაგრამ ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი. თურქებისთვის არ არსებობს ომის კანონები, თუ რომელიმე ქრისტიანულ ქვეყანაში შეიჭრა, მორჩა, ყველანაირად წაბილწავს. ღმერთმა ნუ ქნას, არჩევანის წინაშე დავდგეთ, ჩვენ ვართ გაჩხერილი ორ დიდ ქვეყანას შორის, რომელთაგანაც ერთს აქვს ბირთვული იარაღი, მეორის ტერიტორიაზე კი განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი. ვიმეორებ: ჩვენ უნდა დავიკავოთ ნეიტრალიტეტი, მაგრამ შეგვიძლია, მაინც ვნახოთ ხეირი, ჭკვიანი ხალხი ამ წინააღმდეგობებზე ითამაშებდა, აქამდე რუსეთში ციტრუსი და ბოსტნეული სულ თურქეთიდან შედიოდა, ხომ გადაიკეტა? ახლა ჩვენი ექსპორტიორები უნდა დაიძრნენ და ჩავიდნენ მოსკოვში. ზურა აბაშიძემ დაანებოს თავი კარასინს, დღე და ღამე არ უნდა ეძინოს, ჩემი მეგობარია, კარგად ვიცნობ, ნახევარ მოსკოვთან აქვს კავშირები. დღეს რუსეთის წარმომადგენელი რომ არის გაეროში, ვიტალი ჩურკინი, ეგ თავის დროზე სამსახურიდან გამოაგდო ბორის ელცინმა და ქუჩაში დატოვა. ზურა აბაშიძემ შეიფარა, პატარა სამსახურიც მისცა და მანქანაც, ახლა გამოიყენოს. პირიქითაც შეიძლება, ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რა შედიოდა რუსეთიდან თურქეთში, თუ რამე ისეთია, რაც გვაქვს, ჩვენ უნდა შევიტანოთ. თუ დაველოდეთ, 2 თვის მერე რა მოხდება, უკვე გვიანი იქნება, სხვები დაგვასწრებენ. აი, სულ ეს არის, რის გაკეთებაც ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია.

ახალი თაობა“, 30 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: ხელისუფლებას არჩევნები უკვე მოგებული აქვს.. ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები ამ მიზანს ემსახურება

ნათია ხურცილავა

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლება ორი წლის წინ არც კი მოელოდა, რომ მოვლენები ასე რთულად განვითარდებოდა და სათადარიგო ზომების მიღება მოუწევდა.

ექსპერტი „ქართულ ოცნებას“ ეკლექტურ დაჯგუფებას უწოდებს. „ასეთ დაჯგუფებას კი ბოლომდე არასდროს აქვს გააზრებული, რა სიძნელეებს შეიძლება წააწყდეს ქვეყნის მართვის დროს. ასეთ ჯგუფს არასდროს აქვს თვეებზე, წლებზე გაწერილი გეგმა, პროგრამა“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.

- მართვის პროცესში ხელისუფლების მთავარი შეცდომა რა არის?

- ბიუჯეტის შედგენაში არასწორი პრიორიტეტები. მე რამდენადაც ვიცნობ ნოდარ ხადურს, ის არის მაღალკვალიფიციური ფინანსისტი. ის მეცნიერია, ფინანსები მეცნიერის დონეზე იცის, მაგრამ, როგორც ჩანს, ყოველ წელს ძლიერი წნეხის ქვეშ ხვდება, როდესაც ბიუჯეტის პროექტს ადგენს. ამიტომ ხშირად პრიორიტეტები არაადეკვატურია. პრიორიტეტია, ჩინოვნიკებმა კარგად იცხოვრონ. ეს უკვე ფინანსისტის პრიორიტეტი არ არის. ეს არის პოლიტიკოსის პრიორიტეტი.

- ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ჰქონდა ხელისუფლებას ერთ-ერთ პრიორიტეტად.

- ქამრების შემოჭერა მხოლოდ პიარია. როდესაც ხელისუფლება მასას კარგად ვერ აცხოვრებს, მაშინ არჩევნებზე მისი მთავარი და ერთადერთი დასაყრდენი ძალა ჩინოვნიკების აპარატი ხდება. არსებული ჩინოვნიკების რაოდენობა რომ გადავამრავლოთ 7-8-ზე, ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არჩევნები უკვე მოგებული აქვს.

- პარასკევს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ პენსია 180 ლარამდე გაიზრდება, ასევე გაიზრდება მასწავლებლების ხელფასი. ეს წინასაარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილებაა?

- რასაკვირველია. შარშან 10 ლარით მოუმატეს პენსიას, რაც სასაცილო იყო, მაგრამ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ არჩევნებამდე ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდებოდა და არ დასჭირდებოდა ამომრჩეველთა გულის მოგება ორი წლით ადრე. მაგრამ ახლა, როდესაც სულ რაღაც ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე და პრაქტიკულად შეუძლებელია ლარის კურსის დაბრუნება, ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის შემცირება, მას რაღაც ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაედგა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ პიარკამპანია სწორედ ამ ნაწილში დაიწყო.

- ხელისუფლება აცხადებდა, რომ პენსიის გაზრდა პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა.

- დიახ, მაგრამ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან რაღაც უნდა ეღონა ხელისუფლებას. როდესაც მილიონამდე უმუშევარია ქვეყანაში, ეს ტრაგედიაა.

- ხელისუფლება მოიგებს 2016 წლის არჩევნებს?

- მოიგებს. ჩინოვნიკების ზრდა სწორედ ამით არის გამოწვეული. დღეს თბილისის მერიაში ორჯერ მეტი თანამშრომელია, ვიდრე რომის მერიაში. ეს არ არის გასაოცარი?

- პოლიტიკურ ასპარეზზე პაატა ბურჭულაძე გამოჩნდა. თუ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაშინ მთავარი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ბურჭულაძეს შორის იქნება?

- მთავარი დაპირისპირება იქნება ხელისუფლებასა და უმუშევარ, მშიერ ხალხს შორის. თვითონ პაატა ბურჭულაძის სახელი თავისებური მაგნიტია, მაგრამ ის გუნდი, რომელიც უკვე გახმოვანდა, ჩემში არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათგან სიახლის სიოს უნდა ველოდოთ. იმიტომ, რომ ჩვენ ამ ხალხს უკვე ვიცნობთ, ეს ადამიანები უკვე გამოვცადეთ. ზოგი თავის დროზე ივანიშვილთან იყო, ნაწილი – ოპოზიციაში. ცოცხალი, ახალი გუნდი ეს არ არის. პაატა ბურჭულაძისგან ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ მას გუნდი აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეებიდან დაეკომპლექტებინა. ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ბურჭულაძემაც საფუძველშივე დაუშვა შეცდომა.

- რა შეცდომა?

- შეცდომას მის საკადრო პოლიტიკას ვუწოდებ. ივანიშვილმა კურსი აიღო ნახევრად მარგინალ ან მარგინალიზაციის გზაზე შემდგარ პიროვნებებზე. ეს იყო ივანიშვილის სტრატეგიული შეცდომა. დემოკრატიულ ქვეყნებში ყოველთვის უფრო რთულია არჩევნებში გამარჯვება. ჩვენთან პირიქითაა. გაცილებით ადვილია ხელისუფლებაში მოსვლა, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა და ავტორიტეტის შენარჩუნება.

ახალი თაობა“, 30 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: პენსიების ზრდა ხელისუფლებას თვითონ უნდა მოეფიქრებინა

ნონა ცაბაძე

გასული კვირის ბოლოს პრემიერმა დიდი ზარ-ზეიმით ამცნო საზოგადოებას, რომ მომავალი წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება. ორიოდე კვირით ადრე იგივე ხელისუფლება აცხადებდა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში პენსიის მატება გათვალისწინებული არ იყო. რა მოხდა, რა შეიცვალა? ნაციონალებს თუ დავუჯერებთ, პენსიის 20 ლარით გაზრდა სწორედ მათი დამსახურებაა. ხელისუფლების ამ ნაბიჯმა, შექების მაგივრად, ექსპერტებისა და პოლიტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამით ისედაც დაქცეულ ეკონომიკას კიდევ უფრო უკან დახევს. ხელისუფლების ოპონენტები ამ ნაბიჯს პენსიონერებისთვის საარჩევნოდ გადაგდებულ ლუკმად მიიჩნევენ.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ფიქრობს, რომ პენსია ასეთი მათხოვრული არ უნდა იყოს. „მომავალ წელს არჩევნებია და კარგი იყო, ხელისუფლებას თვითონ მოეფიქრებინა ეს ზრდა და არ გაურჩებულიყო დასაწყისში“, – აცხადებს ექსპერტი.

- ანუ ეს მისი ინიციატივა და სურვილი არ იყო?

- ხელისუფლებას ოპოზიციამ შესანიშნავად გაუთამაშა ეს მომენტი და მოაძებნინა რეზერვები. სპეციალისტები თავიდანვე ვამბობდით, რომ ბიუჯეტის არსებული რესურსების ფარგლებში ამ ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი იყო.

- სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გულის მოსაგებად კიდევ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება?

- იმისთვის, რომ ქვეყანაში სიღარიბე იყოს დაძლეული, არის ერთადერთი გზა _ ესაა ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილებს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი. მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესი ერთად არის განუყოფელი ნაერთი, რომლის განვითარებაზეც უნდა ფიქრობდეს ხელისუფლება.

- წინააღმდეგ შემთხვევაში?

- ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჯერ სიმდიდრე უნდა შეიქმნას, გადანაწილება იოლია გონიერების ფარგლებში, თუ გაქვს ეს სიმდიდრე.

- ფინანსთა მინისტრი აცხადებს, 70%-ით გავზარდეთ პენსიაო და ეს როგორ?

- ალბათ, საუბარია იმაზე, თუ რა იყო ადრე და რა არის ახლა. კარგი იყო, ათვლის წერტილი ეთქვა ხადურს, თუ რა დროსთან შედარებით გაიზარდა პენსია.

- ეს წელი იწურება. ეკონომიკური კუთხით როგორი შეიძლება იყოს 2016 წელი?

- 2016 წელი არაფრით უკეთესი არ იქნება 2015 წელზე, იმიტომ, რომ არანაირი ნაბიჯი ამისკენ არ გადადგმულა. საგარეო ფაქტორები კიდევ უფრო იძაბება. ამიტომ მოლოდინი რაღაც კარგისა 2016 წელს ილუზორული იქნება.

- საგარეო ფაქტორები ეკონომიკური თვალსაზრისით უკან დახევს ჩვენს ქვეყანას?

- თუ დაძაბულობის ესკალაცია მოხდა, ეს უშუალოდ ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანაა, რომლებთანაც ძალიან ცუდად ვართ მიბმული ეკონომიკურად. საჭმელიც კი თურქეთიდან შემოგვაქვს. თურქეთის წილი უზარმაზარია იმპორტში. ექსპორტის გარკვეული ნაწილი რუსეთისკენ მიდის. ომი და დაძაბულობა თუ იქნება, ეს ერთსაც შეაფერხებს და მეორესაც.

ახალი თაობა“, 30 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი გუგავასთან: ქართული ოცნებამოსახლეობას გენოციდს უწყობს

შორენა მარსაგიშვილი

დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძის განცხადებამ მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. გამონაკლისს არც ლეიბორისტები წარმოადგენენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ `ქართული ოცნება~ რაც შეიძლება მალე უნდა მოსცილდეს ხელისუფლებას. რა პერსპექტივა ელოდება ქვეყანას მათი დარჩენის შემთხვევაში? ამის შესახებ ის „ახალ თაობას“ ესაუბრება. „ჩვენ ქართველი ხალხი არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ საყდრისის ყაჩაღი და ცნობილი ოლიგარქი ქვეყანას დააქცევდა. სამწუხაროდ, 2012 წელს არავინ დაგვიჯერა და ახლა საქართველო მწარედ იმკის იმ არჩევანისთვის, რომელიც 2012 წელს გააკეთა. ალბათ, ყველას გახსოვთ, რა უხვი დაპირებებით მოვიდნენ და რა რძის მდინარეებს შეგვპირდნენ. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მეოთხე წელს აქ საოცრებები უნდა მომხდარიყო. საოცრებები მართლაც მოხდა და საოცნებო ხელისუფლებას მოსახლეობისთვის საოცარი შემოთავაზება აქვს: კვება 1,18 ლარი, კუბო – უფასო», – ამბობს გიორგი გუგავა.

- 1,18-ლარიან კვებასთან დაკავშირებით საკრებულომ განმარტება გააკეთა. მათი თქმით, რიმა ბერაძის განცხადება ხალხმა არასწორად გაიგო...

- რა გავიგეთ არასწორად? გამოვიდა საკრებულოს დეპუტატი და განაცხადა, 1,18 ლარი საკმარისია ერთი დღის ულუფისთვისო.

- საკრებულოს განმარტებით, დეპუტატს მხედველობაში უფასო სასადილოების ბენეფიციართა ერთი დღის კვება ჰქონდა…

- ამას რა განმარტება უნდოდა, ყველა მივხვდით, რომ ამ უმწეო ადამიანებს გულისხმობდა, აბა გუგული მაღრაძესა და ზურაბ ტყემალაძეს როგორ აკადრებდა ასეთ ულუფას. მთელი უბედურება ის გახლავთ, რომ უმწეო და სოციალურად დაუცველ ადამიანებს აგდებენ ასეთ დღეში. ამათი უსაქციელობის წყალობით ქვეყანაში ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდა. უფასო სასადილოებს გაცილებით მეტი ხალხი აკითხავს. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში შიმშილით სიკვდილიანობა გაიზარდა. ამ დროს გამოდიან უნამუსო დეპუტატები და რაღაც სისულელეებს ამბობენ. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, 160 ლარი სრულიად საკმარისია, რომ ოჯახი გამოიკვებოს. საკმარისი თუ არის, აიღონ თავადაც 160 ლარი, რატომ იწერენ 3.000-იან ხელფასებს? ესეც არ აკმაყოფილებთ და პრემია-დანამატებსაც იწერენ.

- რიმა ბერაძე ამბობს, რომ მერიის მაღალჩინოსნები დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და მათ პრემიები ეკუთვნით...

- სად მუშაობენ დღე და ღამე? ქალაქსა და ქვეყანას ეტყობა მაგათი ნამუშევარი. მაგათ პრემია კი არა, ხელფასიც არ უნდა მისცე. ასეთი უნამუსო მთავრობა საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. მათი ყველა ქმედება თუ განცხადება ერის გენოციდისკენ არის მიმართული.

- გენოციდი ძალიან მძიმე ბრალდებაა...

_ აბა რა დავარქვა ამათ ქმედებებს? 160 ლარად როგორ უნდა გამოიკვებოს ოჯახი? ან 1,18 ლარად რა უნდა შეჭამოს ადამიანმა?! ხელისუფლებაში კარგად იციან, რომ ეს სასიკვდილო განაჩენია და ამიტომაც შეუკვეთეს ჩვენთვის კუბოები.

- მერიის კუბოებს გულისხმობთ?

- დიახ, ნარმანიას კუბოებზე მოგახსენებთ, სად გაგონილა, ცოცხალი ადამიანებისთვის კუბოებს უკვეთდნენ? ამათ ესეც იკადრეს. სიამოვნებით ჩააწვენენ მთელ საქართველოს კუბოში, ოღონდ თავიანთი მუცლები ამოიყორონ. სანამ ქვეყნის კუბო შეუკვეთიათ, უნდა დავასწროთ და ესენი გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ამისთვის შესანიშნავი შანსია არჩევნები. ყველა უნდა მივიდეთ იქ და ეს 1,18-იანი მთავრობა პოლიტიკურ სანაგვეზე მოვისროლოთ.

- არჩევნების წინ ყველა ხელისუფლება ერიდებოდა ასეთი უაზრო განცხადებების გაკეთებას. ესენი ამას ვერ ხვდებიან თუ შეგნებულად აღიზიანებენ ხალხს?

- ასეთ სულელურ განცხადებებს არჩევნების წინ ყველა ერიდებოდა, `ქართულ ოცნებაში~ კი ერთმანეთს ასწრებენ, ვინ უფრო მეტ სისულელეს იტყვის. მთელი კოალიცია გუგული მაღრაძედ, რიმა ბერაძედა და ზურაბ ტყემალაძედ არის ქცეული. აბრეხვებენ სისულელეებს და პასუხსაც არავინ სთხოვს ამაზე. ამის უფლებას მათ ის ერთი კაცი აძლევს, შუშის კოლბაში რომ არის შეკეტილი. მან ამ ხელისუფლების წევრებს ბიუჯეტი და ხალხის ჯიბეები, როგორც გეჯა, ისე დაუდგა და ესენიც გოჭებივით არიან მისეული ამ გეჯას. ხადურიდან დაწყებული, რიმა ბერაძით დამთავრებული, ყველა ყელამდე გააძღო. გამძღარ ადამიანს კი სხვაც გამძღარი ჰგონია. ჩვენს ხარჯზე ბიძინა ივანიშვილმაც კარგად იშოვა ფული.

- ივანიშვილს ფული არც მანამდე აკლდა.

- ოლიგარქებისთვის ფული საკმარისი არასდროს არის. ამ მხრივ გამონაკლისი არც შუშის სასახლის ბატონია. მისმა `ქართუ ბანკმა~ 1700% მოგება ნახა. ეს არაფერს ნიშნავს? არც ის ნიშნავს, რომ მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში, საყდრისს ეცა, ააფეთქა და იქაურობას დაეპატრონა? ოლიგარქები ფულით ვერასოდეს ძღებიან. ვერც ეს გაძღა და ენერგომაფიასთან ერთად მოინდომა დამატებითი თანხების შოვნა. მისი და კალაძის წყალობით სემეკმა დენის ტარიფი გააძვირა. ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ ადამიანმა, რომლის წლიური ხელფასი 160.000 ლარია. ჩვენ არ ვაპირებთ, ენერგომაფია გაღატაკებული ხალხის ხარჯზე გავამდიდროთ. რამდენიმე თვის წინ მივმართეთ სასამართლოს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დენის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის სარჩელის განხილვა დაიწყო. სარჩელის საფუძველი 2002 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ აკრძალა ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად.

- გჯერათ, რომ სასამართლო ტარიფის შემცირების გადაწყვეტილებას გამოიტანს?

- ამ დროისთვის რაღაც წარმატებას უკვე მივაღწიეთ. სასამართლომ საიდუმლო გრიფი მოუხსნა დოკუმენტაციას, რომლითაც თელასი დენს ყიდულობდა. ახლა ბევრ რამეს გაეცემა პასუხი და კიდევ ერთი – დაინიშნა ექსპერტიზა. თუ ის კეთილსინდისიერად ჩატარდა, ტარიფი შემცირდება.

Comments are closed