globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 30th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ევროპასთან უვიზო მიმოსვლა კვლავ გადაიდო, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის

„რეზონანსი“: დიდი საკრედიტო ცვლილება // ონლაინკრედიტებისა და დოლარში სესხის აღების დრო მთავრდება

„რეზონანსი“: იქნება თუ არა ეფექტური მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ცვლილებები? (გამოკითხვა)

„რეზონანსი“: გაჭირვების გამო ხალხი ზამთარში გათბობას ვერ ახერხებს // „მათ არ აქვთ გადახდის საშუალება და წარმოუდგენელ პირობებში უწევთ ცხოვრება“

„რეზონანსი“: საწვავი ორი ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება // ხელისუფლება სწრაფი განვითარების გეგმას ხალხის ჯიბეების სწრაფად დაცარიელებით შეუდგა

„რეზონანსი“: ფასების ზრდა დაიწყო, მალე ინფლაციას ყველა იგრძნობს // მომხმარებელთან ერთად ცუდ მდგომარეობაში არიან კომპანიებიც, რომელთა რეალიზაცია მინიმუმამდე დავიდა

„რეზონანსი“: ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: „ოცნება“ იქნებოდა ხელისუფლებაში, „ნაცმოძრაობა“ თუ შალვა ნათელაშვილი, ლარი მაინც გაუფასურდებოდა“

„რეზონანსი“: „ნაციონალებში“ კონფლიქტი ღრმავდება – დღეს პოლიტსაბჭოზე მხარეები ძალებს მოსინჯავენ

„რეზონანსი“: ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „პატარა ჯგუფი კულუარული დიქტატის პირობებში გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს“

რეზონანსი“: ინტერვიუ სერგი კაპანაძესთან: „მიხეილ სააკაშვილის როლზე პარტიაში არავინ დავობს“

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან: „ვერცერთი ხელისუფლება მაჟორიტარებს ვერ შეელევა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „პარლამენტის გადაწყვეტილებები პროცესებს ქუჩაში გადმოიტანს“ // „ოცნებას“ პარლამენტში ოპოზიცია არ ჰყავს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ეს მთავრობა სამ თვეში შეიცვლება“ // „ზოგი ვერტმფრენით მოინდომებს გაქცევას, ზოგი – წითელი ხიდით“ // „ეს ხელისუფლება გამოჰეჯირებულია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „ეროვნულმა ბანკმა ლარის მასა უნდა შეამციროს“ // „მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ვალების დაგროვება“

—–

საქართველო და მსოფლიო: „კართან მოდგა ოსმალეთი…“

საქართველო და მსოფლიო: რა უნდათ საქართველოსგან ამერიკელ “ნეოკონებს”?

საქართველო და მსოფლიო: ბიძინა ივანიშვილის წერილი დონალდ ტრამპს

საქართველო და მსოფლიო: საქართველოს ხელისუფლებას, იმის მაგივრად, რომ განგაშის ზარები დაარისხოს, ერთ ხელში მახათი უჭირავს, მეორეში  სადგისი // როცა ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ამომრჩეველი კი – ბიძინა ივანიშვილს

საქართველო და მსოფლიო: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! // როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს პოლიტიკოსებს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება?

——————-

„რეზონანსი“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა კვლავ გადაიდო, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის

ელზა პაპოშვილი

საქართველოს და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება შესაძლოა 2017 წლის ზაფხულამდე გადაიდოს. ამის შესახებ “ტვიტერზე” “რადიო თავისუფლების” კორესპოდენტმა ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა. სავარაუდოდ, უკარინას და საქართველოს დაცდა გაზაფხულზე დაგეგმილ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოუწევთ, რადგანაც მანამადე ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმისთვის აუცილებელი ე.წ. “შეჩერების მექანიზმის” მიღებას ვერ შეძლებს.

მართალია, ევროპარლამენტის ოფიციალურმა საიტმა “შეჩერების მექანიზმის” განხილვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 18 ინავარი დაასახელა, მაგრამ როგორც არა მარტო იოზვიაკი, არამედ სხვა მიმომხილველებიც აღნიშნავენ, უაღრესად მცირეა იმის ალბათობა, რომ იანვარში ეს მოხერხდეს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს და უკრაინისთვის ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც “შეჩერების მექანიზმზე” შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის კვლავ გადადება ევროპაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. მისი თქმით, ევროპელებისთვის ამ ეტაპზე, საქართველოს და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება პრიორიტეტულად არ ითვლება და ჩვენთვის არავის ცხელა.

სოსო ცინცაძის განცხადებით, ევროპის მოსახლეობაში ვიზალიბერალიზაციის თემა პოპულარული არ არის, რადგანაც მიგრაციით შეშინებულებს, კიდევ დამატებით სხვა ქვყნებისთვის უვიზო მიმოსვლის გამარტივების გაგონებაც არ სურთ. ევროპელისთვის მნიშვენელობა არ აქვს ისეთ დეტალებს, რომ უვიზო მიმოსვლა დროშია შეზღუდული და ჩასულ უცხოელს მუშაობის უფლება არ გააჩნია.

სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ ემიგრანტების პრობლემით შეწუხებული ევროპელები საქართველოს და უკრაინის მსგავს ღარიბ ქვეყნებს ეჭვის თვალით უყურებენ. განსაკუთრებულ პრობლემას კი უკრაინაში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება და რუსეთთან მიმდინარე ომი წარმოადგენს.

“ევროპელებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი ბოლო დროს უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. საქართველოს და უკრაინას ისინი როგორც ღარიბ ქვეყნებს ისე განიხილავენ, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროპაში უკეთესი მომავლის ძიება სურს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვიზა რამდენდღიანია და ჩასულ უცხოელს მუშაობის უფლება ექნება თუ არა. მითუმეტეს უკრაინას, რომელიც, ჯერ ერთი, საკამოდ დიდი ქვეყანაა და უამრავი შიდა პრობლემები გააჩნია. ამიტომ, ევროპელი ფიქრობს, რომ ახლა ეს ხალხი ჩემს ქვეყანაში ტურსიტად ჩამოვა, შემდეგ კი აქ დარჩენას მოისურვებსო. რასაკვირველია, ეს გადაულახავი სირთულე არ არის, მაგრამ ქართულ დიპლომატიას მეტი ენერგიულობა მართებს. პირველ რიგში, იმ ქვეყნების საელჩოებში, სადაც საქართველოს განსაკუთრებული ეჭვის თვალით უყურებენ. სამწუხაროდ, ჩვენი საკითხი და უკრაინას მიება, ამიტომაც ახლა ევროპელებს ეუხერხულებათ, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა დამოუკიდებლად მიანიჭონ,” – ამბობს სოსო ცინცაძე. მისივე თქმით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხის გადადება მოსახლეობის უმეტესობისთვის დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს. ფიქრობს, რომ 90 დღით ევროპაში სასეირნოდ მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტი თუ წავა. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ის ევროპაში მაინც მიდის. ექსპერტი ფიქრობს, რომ თუ ვინმეს ევროპაში ტურისტად წასვლა სურს, ის ერთ კვირაზე მეტხანს მაინც არ წავა. იგი ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასაც საზოგადოებაში დიდი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა მისი სიკეთე ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ იგრძნო. სწორედ ასეთივე ეფექტი ექნება ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია უვიზო მიმოსვლის გადადებას ევროპულ ქვეყნებში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირებს. მისი თქმით, ევროპელებმა საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე თავი უვიზო რეჟიმის “შეჩერების მექანიზმზე” კონსენსუსის ვერ მიღწევის შემდეგ შეიკავეს. ამიტომაც ამაში ტრაგედია არაფერია. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ეს არ უნდა იქნას განხილული ისე, თითქოს ევროკავშირში ვინმე საქართველოს მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. საკითხის გადადება მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ქვეყნების შიდა პრობლემაა და მას საქართველოსთან ან მის პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

“ვიზლიბერალიზაცია უბრალოდ დროის საკითხია, ამიტომ საქართველოს და უკრაინას სანერვიულო ამ კუთხით არაფერი აქვს, რადგანაც უვიზო მიმოსვლას მაინც მიიღებს. მთავარია, რომ საქართველო, უკრაინა და თურქეთი ერთ კალათაში არ აღმოჩნდა. კიდევ კარგი, რომ მხოლოდ უკრაინასთან ერთად მოვხვდით, თორემ სანერვიულოდ საქმე, თურქეთთან ერთად თუ ვიქნებოდით, მაშინ გვექნებოდა. ახლა უკრაინამ ევროპელი ქვეყნებისგან ნამდვილად დადებითი შეფასება მიიღო და ვიზალიბერალიზაციის მისაღემად დაკისრებული ვალდებულებები მაღალ დონეზე შეასრულა. თუმცა ამ საკითხზე რაიმე პროგნოზის გაკეთება სწორი არ იქნება, რადგანაც ეს ევროკავშირის სტრუქტურების ეფექტურობაზეა დამოკიდებული. “ევროკავშირს ჩვენს გარდა სხვა უამრავი, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს გადასაწყვეტი. ეს არის სირიის კრიზისი და ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები,” – ამბობს კორნელი კაკაჩია.

„რეზონანსი“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

დიდი საკრედიტო ცვლილება

ონლაინკრედიტებისა და დოლარში სესხის აღების დრო მთავრდება

ნათია ლომიძე

მთავრობა სასესხო პოლიტიკას ცვლის და ახალ რეგულაციებს აწესებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ონლაინ კრედიტები აიკრძალება, კომერციულმა ბანკებმა კი 2017 წლიდან 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ლარში უნდა გასცენ. ცვლილება შეეხება ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის იანვრამდე დოლარში აქვთ აღებული. ისინი ვალის ლარში გადატანას შეძლებენ.

მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს, რომლის თანახმადაც ონლაინ სესხების გაცემა იკრძალება. “ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო საზოგადოების მხრიდან. ამიტომ ნაბიჯი გადავდგით სწრაფი ეკონომიკური განვითრებისთვის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სპეციალისტები მთავრობის ამ ნაბიჯს ბოლომდე არ იწონებენ. თსუ-ს პროფესორ დავით ასლანიშვილს მიაჩნია, რომ ონლაინ სესხების აკრძალვა, მხოლოდ კომერციული ბანკების წისქვილზე ასხამს წყალს. ასეთი ხისტი გადაწყვეტილება დააზარალებს მსესხებლების ინტერესებს, რადგან მოთხოვნა სწრაფი სესხის აღებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია. ამიტომ მთავრობამ, ონლაინ სესხების გაუქმებაზე კი არა, საპროცენტო განაკვეთის დარეგულირებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი.

“თუ ეს მართლაც ეკონომიკური განვითარებისთვის კეთდება, არასწორად მიუდგნენ საკითხს და საპირისპირო შედეგს მიიღებენ. გააჩნია, როგორი რეგულაციები შემუშავდება. საინტერესოა, ამ ნაბიჯში რა იგულისხმება, რა ტიპის შეზღუდვაზეა საუბარი. სჯობს, ონლაინ სესხების პროცენტი იყოს ადეკვატური და მიახლოებული კომერციული ბანკების განაკვეთთან, ვიდრე ამ სექტორის ხელაღებით აკრძალვა მოხდეს. ეს პროცესი ვითარებას გაართულებს, პრობლემა კი მოუგვარებელი დარჩება.

ონლაინ სესხის უპირატესობა არის სწორედ ის, რომ მისი აღება სწრაფად არის შესაძლებელი. თუმცა მაღალი საპროცენტო განაკვეთი დიდი პრობლემაა და სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაწესდეს შეზღუდვა და არა აკრძალვის კუთხით.

ეს გადაწყვეტილება კომერციული ბანკების წიქსვილზე წყლის დასხმაა, რადგან ალტერნატიული სესხის აღების შესაძლებლობა ისპობა. ამ სეგმენტის გაუქმებით მხოლოდ კომერციული ბანკები დარჩებიან მოგებულები. საპროცენტო განაკვეთები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ხშირად 50-70%-ით მეტია, ვიდრე კომერციულ ბანკებში. უნდა გაირკვეს, რა უშლის ხელს, რომ გაწონასწორდეს განაკვეთები”, – აცხადებს ასლანიშვილი.

ონლაინ სესხები არსებობს იმისთვის, რომ ზოგადად ბაზარზე ასეთ პროდუქტზე მოთხოვნაა. შესაბამისად, აკრძალვის მიუხედავად მსგავსი საკრედიტო პროდუქტი მაინც გაჩნდება. არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ეჭვობს, რომ ეს ხალხი კერძო მევახშეებთან და ლომბარდებში გადაინაცვლებს.

“გასაგებია, რომ ხშირად ონლაინ გამსესხებლები არ იქცეოდნენ სწორად, მაგალითად, მაშინ, როდესაც სესხებს გადახდისუუნარო მომხმარებლებზე გასცემდნენ, ჰქონდათ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ეს იყო რისკიანი სესხები. აკრძალვა საბოლოო ჯამში დადებით შედეგებს ვერ გამოიღებს. გასაგებია, რომ ვიღაცები ვეღარ აიღებენ ასეთი ტიპის სესხებს და მეტად არ დაზარალდებიან, თუმცა ეს ადამიანები შემდეგ ლომბარდებსა და კერძო მევახშეებს მიმართავენ. შესაბამისად, ბაზარი ამას სხვა კუთხით დაარეგულირებს და არ მგონია, რომ აკრძალვა გამოსავალი იყოს”, – აღნიშნა “ბიპიენთან” საუბრისას გიორგი კეპულაძემ. მისი თქმით, უმჯობესია, რაღაც რეგულაცია დაწესდეს, მაგალითად, არ გაიცეს კრედიტი ისეთ მომხმარებლებზე, რომელბიც ნეგატიურ ბაზაში არიან, ვერ იხდიან სესხს ან კომპანიებისთვის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დაედგინათ.

“ეს მაინც მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია. დაველოდოთ, ვნახოთ, როგორ შედეგს მივიღებთ. აკრძალვა არ ნიშნავს, რომ მომხმარებლები გაქრებიან და მათ აღარ მოუნდებათ ასეთი ტიპის სესხის აღება და აუცილებლად გაჩნდება ვიღაც, ვინც მათ ასეთი ტიპის სესხებს მისცემს, შეიძლება უფრო მძიმე და ცუდი პირობებითაც კი”, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცვლილება გატარდება დაკრედიტების მხრივაც. 100 ათას ლარამდე სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, ხოლო ის ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის იანვრამდე დოლარში აქვთ აღებული, ვალის ლარში გადატანას შეძლებენ.

2015 წლის 1-ელ იანვრამდე აღებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები პირველ იანვრიდან კონვერტირდება შეღავათიანი კურსით (მაგალითად, დღევანდელი 2.53-ის ნაცვლად, ნაცვლად, 2.30-ის ნიშნულით). ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ლარში გადავა დაახლოებით 33 000 სესხი, პორცირებული იქნება ნებისმიერ მოცულობაში. შეღავათი ფიზიკურ პირებს და ინდმეწარმე მსესხებლებსაც ეხება.

პრემიერის განცხადებით, ბანკები ვალდებულნი იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც კი ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. მისი თქმით, დამატებით 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს პაატა ბაირახტარის თქმით, მთავრობის შეთავაზება მსესხებლებისთვის, დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მას მიაჩნია, რომ მსესხებლები ამ შეთავაზებით კმაყოფილნი დარჩებიან, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შემოსავალი ლარშია აქვს და არა დოლარში.

“პირველ რიგში, ეს არის დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, ვგულისხმობ, 100 ათას ლარამდე სესხის ლარში აღებას. თუ ჩვენ გადავხედავთ საკრედიტო პორტფელს ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მეორე საკითხია, ამას თავად ბანკები როგორ შეხვდებიან. მათ პოზიციასაც გავიგებთ უახლოეს მომავალში. ასეთი გადაწყვეტილება კომერციული ბანკებისთვის სახარბიელო ნამდვილად არ იქნება.

საერთოდ, ყველა უნდა ეცადოს, რომ სესხი აიღონ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ, მაგრამ ეს ადვილი არ არის, რადგან კომერციული ბანკები მსესხებლებს უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის იანვრამდე დოლარში აქვთ აღებული და მთავრობა ვალის ლარში გადატანას სთავაზობს, ეს არის იმ დიდი ტვირთის მოხსნა ფიზიკური პირებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლარი ყოველდღიურად უფასურდება და ხალხს შემოსავალი ლარში აქვთ, ხოლო საბანკო ვალდებულება დოლარში, ეს მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთი ნიშანია”, – განუცხადა “რეზონანსს” პაატა ბაირახტარმა.

„რეზონანსი“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

იქნება თუ არა ეფექტური მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ცვლილებები?

გვანცა ღვედაშვილი

(შემოკლებით)

მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. (…)

იქნება თუ არა ეფექტური მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ცვლილებები? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

ანა რატიანი  (ჟურნალისტი): ონალინ სესხების აკრძალვა ძალიან კარგია, მაგრამ მე ის მაინტერესებს, ვისაც უკვე აქვს აღებული ეს სესხი, მათ რას უპირებენ, ამაში ხომ მთელი ქვეყანაა გახვეული. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ჩვენთან სამწუხაროდ ერთ ნაბიჯს დგამენ და მეორეზე არასდროს ფიქრობენ, მათი ნაბიჯები გასაგებია და ვნახოთ, რას იზამენ.

ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): ეფექტურის გარდა ეს ცვლილებები საჭიროცაა, ვგულისხმობ ონლაინ-სესხების აკრძალვას და სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის გაზრდას, რადგან ეს ორივე დამღუპველია უნებისყოფო ადმიანებისთვის. რაც შეეხება სიგარეტზე აქციზის გაზრდას, ვინც უამისოდ ვერ ძლებს, მაინც იყიდის და გამოდის, თითქოს მათ ხარჯზე უნდათ ფულის გაკეთება. ვფიქობ, დიდს მაინც ვერადეს უშველის ეს ცვლილებები.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ვფიქრობ, ონლაინ-სესხების აკრძალვა დაგვიანებულიც არის, რადგან იმდენად ადვილად იღებენ ამ სესხებს, რომ მოსახლეობის თითქმის 70% სარგებლობს ამ ონლაინ კრედიტებით. რა გითხრათ ზოგადი ზომების მიღების თვალსაზრისით ალბათ, რაღაცას უშველის, მაგრამ ეკონომიკური ვითარება თუ სხვა მხრივ არ გაუმჯობესდება, ეს ცვლილებები სერიოზულ სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

ნანა კაკაბაძე  (უფლებათდამცველი): აზარტულ თამაშებზე თუ გაიზრდება გადასახადი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს რმდენად შეცვლის იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩაცვენილი, ეს ცაკლე თემაა. გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი ნამდივლად არის, თუმცა სიგარეტის აქციზის მომატება კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა იმპორტირებულ ავტომებილებზე მას ვერ ვიტყვი. საერთო ჯამში კი ეს ძალიან არასაკმარისია, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელშიც მოსახლეობა დღეს იმყოფება.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მიმაჩნია, რომ ონლაინ-სესხების აკრძალვა სწორი გადაწყვეტილებაა, ასევე აზარტულ თამაშებზე მოსაკრებლის გაზრდაც. რაც შეეხება აქცისი გაზრდას ნავთობპროდუქტებზე, ეს ბენზინის ფასის გაზრდას გამოიწვევს, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება ნამდვილად მოჰყვება, ისევე როგორც იმპორტირებული ავტომობილებსი შემთხვევაში. საქმე იმაშია, რომ ბენზინის ფასის მომატება სხვა რამეზეც გამოიწვევს ფასების აწევას, ეს კი არ გააუმჯობესებს ეკონომიკურ ვითარებას, შეიძლება უფრო დაამძიმოს და მთავრობისთვისაც უფრო პრობლემური გახდეს.

„რეზონანსი“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

გაჭირვების გამო ხალხი ზამთარში გათბობას ვერ ახერხებს

მათ არ აქვთ გადახდის საშუალება და წარმოუდგენელ პირობებში უწევთ ცხოვრება

თეო გუდავაძე

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კომუნალური გადასხდელები მატულობს. წლევანდელმა უმძიმესმა კრიზისმა ხალხს დიდი პრობლემა შეუქმნა. თითქმის ყველას უჭირს გათბობის გაზრდილი ხარჯის გადახდა და ამიტომ უამრავი ოჯახი ცივ დღეებში ელემენტარულად გამათბობელს ვერ რთავს. პრობლემის სიმწვავეს ადასტურებენ ეკონომისტებიც და ყველაფერს ლარის დევალვაციას აბრალებენ.

საქართველოში გათბობის პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ წელს აშკარად შესამჩნევი გახდა ის, რომ ხალხი ვეღარ უმკლავდება გაზრდილ ხარჯს. ამიტომ უამრავი ადამიანი ოთახის ტემპერატურაზე ატარებს ზამთრის დღეებს.

ზაირა ანდღულაძე 51 წლის დიასახლისია, ის “რეზონანსთან” საუბრისას იხსენებს, 90-იან წლებს და ახლანდელ მდგომარეობას ადარებს:

“წინა წლებში ასე არ ვყოფილვართ, უკვე დეკემბერი იწყება მე კი გათბობა ჯერაც არ ჩამირთავს, მაქსიმალურად ვცდილობ გადავავადო, მაგრამ რამდენად გამომივა, არ ვიცი. უკვე საკმაოდ აცივდა, სახლში კი ბავშვები მყავს. სამზარეულოს კარი სულ ღია მაქვს, რომ სითბო იქიდან მაინც გამოვიდეს და ოთახში დათბეს. ერთადეთრი გაზქურა მაქვს ჩართული ისიც საჭმლის მომზადების დროს.

ბოლოს ასე 90-იან წლებში ვიყავით, მახსოვს, ოთახში “პლედებით” და პალტოებით ვისხედით. ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა, იგივე მდგომარეობამდე მივალთ, რაც ძალიან არ მინდა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ოჯახის პრობლემა, სამეზობლოში ბევრი მყავს ვინც ე.წ. “ფითილზე” აყენებს გაზის გამათბობელს, ანუ მინიმალურზე და მთელი დღის განმავლობაში ასე არიან. თვის ბოლოს მოახლოებას ყველა შიშით ელოდება, მინიმალური ხელფასით გადასახადების გამკლავება ჭირს. ძალიან რთულია ასე ცხოვრება სოფლებშიც კი უჭირს ხალხს. შეშის ფული არ აქვთ და ფიჩხებს ეზიდებიან. ბევრისგან მსმენია, რომ დიდი პრობლემის წშინაშე დგანა”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ზაირა ანდღულაძემ.

აშკარაა, რომ ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ ხალხზე დიდი გავლენა მოახდინა და ლარის დევალვაცია მათ ოჯახებზე ძალიან მოქმედებს. კურსის გამყარებას და ქვეყანაში ვითარების დასტაბილურებას მოსახლეობა ჯერ კიდევ იმედის თვალით უყურებს. ისინი ოპტიმიზმს არ კარგავენ და ფიქრობენ, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ აუცილებლად შეიცვლება.

საკმაოდ რთული მდგომარეობაა სოფლებებშიც, მოსახლეობას არ აქვს ფიზიკურად გათბობის რესურსი და ფიჩხისა და სხვა მსგავსი ნარჩენების ხარჯზე თბებიან. ზვიად სექანია, სამეგრელოში სოფელ კახათში ცხოვრობს “რეზონანსთან” საუბრისას ის თავის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც აქამდე არ ჰქონია და უჭირს ამასთან შეგუება:

“სოფელში არასდროს ყოფილა შეშისა და ზოგადად გათბობის პრობლემა, ყოველთვის იყო ამის რესურსი და საშუალება ეს ბოლო წლებია შეშა ძალიან გაძვირდა გასაგები მიზეზების გამო და ხალხს საშუალება არ აქვს შეიძინოს მთელი სეზონის მარაგი. უმეტესად გვიწევს ფიჩხების შეგროვება და ძველი საშენი მასალის დაწვა. ძალიან ხშირად იყენებენ თხილის ნაჭუჭს. ადამიანები, ვინც თხილს აწარმოებს, უმეტესად ნაჭუჭებს ტომრებით ყიდიან. მეც ხშირად წამომიღია, კარგად იწვის და სითბოსაც ნორმალურად გამოყოფს, რაც მთავარია იაფია. სხვა გზა მაინც არ არის და რა ვქნათ?

თბილისში ორი სტუდენტი შვილი მყავს, ნაქირავებში ცხოვრობენ და ყოველთვე, ქირას ერთად, კომუნალურ გადასახადებსაც ვიხდი. ახლა ზამთრის პერიოდში ძალიან მოიმატა ხარჯმა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე არ აქვთ ჩართული და ასე თუ ისე ზოგავენ, მაინც ძალიან მიჭირს ასე ცხოვრება. რას ვიზამთ, იმედს ვიტოვებ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ წავა”, – აღნიშნა ზვიად სექანიამ “რეზონანსთან” საუბრის დროს.

როგორც უკვე ვნახეთ, ხალხი სხვადასხვა გზით ცდილობს ცივი დღეების გადაგორებას და მომეტებული ხარჯის შემცირებას, მაგრამ არსებობს ისეთი კატეგორიაც, ვინც საერთოდ არ რთავს გათბობას, რადგან მინიმალური გადასახადის დაფარვის თავიც არ აქვს. რასაკვირველია, ამით საკუთარ ჯანმრთელობას იგდებენ საფრთხეში მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვთ. არიან ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში მეზობლებთან იქცევენ თავს და ასე არიდებენ საკუთარი სახლის ცივი კედლების გათბობს. მათ ძალიან ეძნელებათ გადასახადების გადახდა და ამიტომ იქცევიან ასე.

ნონა ქორიძე 67 წლის პენსიონერია და მისი პენსია არ ყოფნის ამდენ რამეს. ზამთრის მოახლოება მისთვის სრული კატასტროფაა.

“არ ვიცი, მერამდენე ზამთარს ვატარებ უკვე ასე. სამზარეულოში გაზქურის ერთი “კაფორა” მაქვს მხოლოდ ანთებული. ძალიან თუ შემცივდება მეზობელთან გავდივარ ან ეზოში ჩავდივარ თუკი მზეა. გამათბობელს ვერ ვრთავ. წარმოუდგენლად ძნელია, ჩემი პენსია ამდენ რამეს როგორ უნდა ეყოს. წამლებს ვყიდულობ, შუქის, გაზის, წყლისა და დასუფთავების გადასახადი… ფიზიკურად რესურსი არ მაქვს იმისა, რომ საკუთარ თავს გათბობის უფლება მივცე. ძალიან კარგია სითბო, მაგრამ თვის ბოლოს ის ფული ჩემი გადასახდელია, რომელიც ნამდვილად არ ვიცი საიდან უნდა მოვიტანო”, – ამბობს “რეზონანსთან” ნონა ქორიძე.

ხალხი ისედაც რთულ ზამთარს ახალი პრობლემით შეხვდა და უკვე იმედიც კი დაკარგეს კომუნალური გადასხადელების შემცირებასთან დაკავშირებით. ქართველი ეკონომისტებიც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესებულია და ხალხს უჭირს ყოფით პრობლემებთან გაკლავება. ისინი პრობლემის საწყისად ლარის გაუფასურებას მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ მძიმე ეკონომიკური ფონიც დევალვაციამ გამოიწვია.

“წელს გაცილებით რთული ვითარებაა. ხალხს შემოსავალი შეუმცირდა, ამიტომ, არასებულ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, მოსახლეობა, იძულებულია პირველადი მოხმარების საგნებზეც კი, გარკვეულწილად, შეზღუდოს მოთხოვნა. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად უფრო რთული ზამთარი იქნება, რადგან შარშან ფასების ასეთი მკვეთრი არ ყოფილა. ბუნებრივია, გაიზრდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფები, ხალხი კი ამასთან გამკლავებას ვერ შეძლებს. საბოლოოდ ხალხის საარსებო პირობები გაუარესდება. ზოგიერთი ოჯახი ნორმალურად ვერც თბება. ეს კი იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. ხალხს არ აქვს გადახდის საშუალება და ფაქტობრივად, გათბების გარეშე დარჩნენ. ყველაფერი ლარის კურსის ცვალებადობის გამო ხდება. ასეთ წნეხში ცხოვრება წარმოუდგენელია, ეკონომიკურ პრობლემებს სასწრაფოდ მოგვარება სჭირდება”, – განუცხადა “რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

„რეზონანსი“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

საწვავი ორი ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება

ხელისუფლება სწრაფი განვითარების გეგმას ხალხის ჯიბეების სწრაფად დაცარიელებით შეუდგა

მარი ჩიტაია

მთავრობის ეკონომიკური გუნდი შოკური სიტუაციიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს. პირველ ეტაპზე აქციზის გადასახადი ტოტალურად იზრდება. 2017 წლიდან მთავრობა გადასახადის მკვეთრად მატებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს გადასახადი, ხოლო მოსახლეობას ხარჯი გაუძვირდება. 1 ლიტრი საწვავის ფასი იანვრიდან 2 ლარს მიუახლოვდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თამბაქო მინიმუმ 60 თეთრით გაძვირდება, ბენზინი და დიზელის საცალო ღირებულება დაახლოებით 20-25 თეთრით გაიზრდება. გაძვირდება ავტოგაზის ფასი და შეიძლება კომუნალური ტარიფის მატების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა კიდეც, რომ სხვაობა არ იქნება მცირე და მოსალოდნელია სხვადასხვა მიმართულებით ფასის ზრდა, მათ შორის, მუნიციპალურ ტრანსპორტზეც (ავტობუსებზე), თუმცა ამ სხვაობის დაფარვას მთავრობა სუბსიდიის გამოყენებით შეეცდება, რაც ირიბი მინიშნებაა, რომ მგზავრობა დროთა განმავლობაში მაინც გაძვირდება.

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე; 1000 კბ/მ გაზზე – 80-დან 200 ლარამდე. ქუმსიშვილის თქმით, აქ გათვალისწინებულია მოხმარების შემცირება 10%-ით.

“გარკვეული ნაწილი ამ ღონისძიებებისა ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება საგადასახდელო ბალანსზე. ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით შემდეგ წლებში მნიშვნელოვანი კლება გვექნება. წელს 100 მილიონ ლარზე მეტით ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯს და შემდგომ წლებშიც გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები არ გაიზრდება”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სამთავრობო გუნდი თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით ამართლებს. ამის დაჯერება შესაძლებელია კიდეც, რასაც სხვა შემთხვევებზე ვერ ვიტყვით: ნავთობპროდუქტების შემთხვევაში ასეთ “არგუმენტად” ეკოლოგიის გაჯანსაღება დასახელდა, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების აქციზზე დაგეგმილი ცვლილება საავტომობილო ბაზრის წახალისებით ახსნეს. არავინ საუბრობს რეალურ პრობლემაზე, რის გამოც უკიდურესი ზომების მიღება აუცილებელი გახდა.

“აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. აქციზის ზრდა შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, საწვავის მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე – ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

რას მოიტანს ავტომფლობელებისთვის აქციზის გაორმაგდება. ამ ეტაპზე 1 ტონა ბენზინზე გადასახადი 250 ლარია, დიზელზე – 150 ლარი. ახალი წლიდან კი აქციზი, შესაბამისად, 500 და 400 ლარს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, ორივე ტიპის საწვავზე ფასი სავარაუდოდ, 20-25 თეთრით გაიზრდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ბაზარზე ამჟამინდელი დაბალი ფასი შენარჩუნდება.

დღევანდელი ვითარებით თუ ვისმჯელებთ, აქციზის გადასახადი საწვავის თვითღირებულებაში 15%-ს შეადგენს და 1 ლიტრი ბენზინის საწვავის თვითღირებულება დაახლოებით 1,32 ლარია. სარეალიზაციო ფასი კი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში “რეგულარის” ტიპის საწვავზე 1,60-1,70 ლარის ფარგლებში მერყეობს. აქციზის მატების შემდეგ, 1 ლიტრი ბენზინი 2-ლარიან ნიშნულს მიაღწევს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ მთავრობა უკიდურესი საჭიროების გამო იღებს გადაწყვეტილებას, რაც არაპოპულარული ნაბიჯია და უარყოფით გავლენას საბოლოოდ მომხმარებლის ფინანსურ კეთილდღეობაზე მოახდენს.

“ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების იმპორტი ძალიან არის გაზრდილი და ეს ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება. აქციზის მატება გამოიწვევს გადასახადის ზრდას ბიუჯეტში, რამდენადაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიები ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელები არიან. ამდენად, გადასახადი საქართველოს ბიუჯეტში გაცილებით მეტი შევა. მეტ პოზიტივს მიიღებს სახელმწიფო, ბიუჯეტი, მაგრამ მომხმარებელი დაზარალდება, რადგან პროდუქტის ფასი გაიზრდება. ეს პროცესი გარდაუვალია.

ბიუჯეტის ფორმირებაში აქციზის გადასახადი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვფიქრობ, ფასი 20-25 თეთრით მოიმატებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მესმის, რომ სახელმწიფოს ეს სჭირდება და იმიტომ იღებ ამგვარ გადაწყვეტილებას. დრო გვაჩვენებს, რამდენად სწორად მოიქცა იგი”, – აცხადებს მთვრალაშვილი.

აქციზის გადასახადის ზრდა იმპორტირებულ მანქანებზე საავტომობილო სერვისის აბსოლუტურად ყველა მიმართულებას გააძვირებს – სატრანსპორტო საშუალებების შეძენიდან დაწყებული, მგზავრობის საფასურით დამთავრებული.

ამდენად, მთლად დამაჯერებლად არ გვეჩვენება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ აქციზის ზრდა მუნიციპალურ-საზოგადოებრივი ტრანსპორტის – ავტობუსების – ფასზე არ აისახება. ის, რომ მან აქცენტი სუბსიდიის მექანიზმის გამოყენებაზე გააკეთა, ცალსახა აღიარებაა, რომ მგზავრობის ღირებულება დროთა განმავლობაში მოიმატებს.

საწვავის გაძვირების პარალელურად მოიმატებს ტაქსებისა და მიკროავტობუსების მომსახურების ტარიფიც. მართალია, აქამდე მთავრობა ირწმუნებოდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს მიმართულება არ გაძვირდებოდა, მაგრამ ეს დაპირება ისეთივე ფუჭი აღმოჩნდება, როგორც დანარჩენი სხვა.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ დაბეგვრის სისტემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, რაზეც პასუხის გაცემა მოუწევთ.

“ამბობენ, რომ ცვლილება ემსახურება ავტოპარკის განახლებას და ახალი ავტომობილების შეძენის წახალისებას. პროექტის მიხედვით კი, რაც ჯერჯერობით ცნობილია, 1 წლამდე ავტომობილი იბეგრება 1,5 ლარით ძრავის 1 კბ/სმ-ზე, ხოლო 1 წლის – 1 ლარით. შემდეგ არის კლება. საბოლოო ჯამში, 1 წლის და ასევე 9 წლის მანქანის განბაჟებაც ჯდება 1 ლარი. თუ ვსაუბრობთ, რომ ახალი ავტომობილები წავახალისოთ, მაშინ რატომ არ იწყება ეს პროცესი 0 წლიდან? ახალი ავტომობილები საერთოდ უნდა გათავისუფლდეს აქციზის გადასახადისგან, თუკი ბაზრის წახალისებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე საერთოდ გაუქმდეს აქციზის გადასახადი. მაგალითად, თუ 15 წლის მანქანას შეიძენთ, რომელსაც ძრავი აქვს 2000 კბ/სმ, მისი განმაჟების დროს ღირებულებას დაახლოებით 5000 ლარი ემატება. გამოდის, რომ ასეთი მანქანის შეძენა აზრს კარგავს. ძველი მანქანები, როგორც ვიცით, იყიდება “ტაქსაობის” მიზნით, ზოგიც დღეში 4-5 კმ-ის გასავლელად, რომ ადამიანი სამსახურში მივიდეს. ეს ხდება იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანპორტი გადატვირთულია და საკმარისი სამგზავრო ადგილი არ არის.

ახალი მეთოდოლოგიით, ცხადია, გაძვირდება მანქანების ღირებულება და ხელმისაწვდომობა კრედიტის დახმარებითაც შეიძლება გართულდეს”, – აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ სისტემის შეცვლაში წახალისების მექანიზმი არ დევს, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების საკითხი ცალსახად გადასახედია.

„რეზონანსი“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

ფასების ზრდა დაიწყო, მალე ინფლაციას ყველა იგრძნობს

მომხმარებელთან ერთად ცუდ მდგომარეობაში არიან კომპანიებიც, რომელთა რეალიზაცია მინიმუმამდე დავიდა

მარი ჩიტაია

ლარის დევალვაცია გაძვირების ტალღას გამოიწვევს. ახალ წელს ქვეყანა სულ სხვა ფასებით შეხვდება. როგორც იმპორტიორები ამბობენ, 2-3 კვირაში აბსოლუტურად ყველა დასახელების პროდუქტს 5-15%-ის ფარგლებში გააძვირებენ. ზოგიერთი დასახელების სურსათზე ფასი ჯერჯერობით უმნიშვნელოდაა გაზრდილი. გაძვირება მოსალოდნელია ნავთობპროდუქტების ბაზარზეც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომუნალური გადასახდი შენარჩუნდეს, ცვლილება ამ მიმართულებითაც იქნება, რაზეც ბოლო დროს ხშირად არის საუბარი. თითქმის გადაწყვეტილია, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური 1 ლარამდე გაიზრდება. სულ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაცია თბილისელებისთვის ძალიან მალე რეალობად იქცევა, რაზეც ყველაზე თამამად ჯერჯერობით მძღოლები საუბრობენ.

უახლოეს პერიოდში დღევანდელი ფასები წარსულს ჩაბარდება და ხალხი მკაცრი რეალობის წინაშე პირისპირ დარჩება. ძნელად წარმოსადგენია, როგორ გაუძლებს მოსახლეობა მკვეთრად გაზრდილ ხარჯს. პრობლემის სიმძიმეს საზოგადოების თითქმის ყველა ფენა იგრძნობს.

იმპორტიორების ინფორმაციით, ფასის შენარჩუნებას კომპანიები აქამდე ზარალის ხარჯზე ახერხებდნენ. ახლა ამის შესაძლებლობაც არ არის და საფასო პოლიტიკის შეცვლა უკვე დაიწყეს.

სადისტრიბუციო კომპანია “გრანდის” დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, რომ რეალიზაციის კლება სამომხმარებლო ბაზარზე შესამჩნევია და მორიგი გაძვირება ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. იგი ვარაუდობს, რომ პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების გარდა, გაყიდვის პრობლემა თითქმის ყველა სეგმენტში დადგება, განსაკუთრებით კი ძვირადღირებული პროდუქციის რეალიზაცია გაჭირდება.

რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ახალი წლიდან უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. წინა კვირას პროდუქტი რომ შემოვიტანე კურსი 2,40-ზე იყო. ახლაც ამ კურსით მიწევს გაყიდვა, მაგრამ ასე ხომ დიდხანს არ გაგრძელდება. წლის ბოლოს სხვა ფასს დავაფიქსირებთ. ჯერჯერობით ვერ გავაძვირეთ მხოლოდ იმის გამო, რომ რეალიზაციის კლებაა და თითო თეთრით სხვაობაც კი გაყიდვაზე მტკივნეულად მოქმედებს. ფასის შენარჩუნება არ ნიშნავს, რომ ბიზნესზე არ აისახება. ჩვენც ძალიან დავზარალდით.

სჯობს, საბრუნავი საშუალებები იყოს და გაიჭირვოს კომპანიამ, მაგრამ ფასების შენარჩუნებას უკვე მართლა ვეღარ შევძლებთ. გვინდა თუ არა, ახალ წელს სხვა ფასის დაფიქსირება მოგვიწევს. სხვაობა, ალბათ, 5-15%-ის ფარგლებში იქნება. მოსალოდნელი ცვლილება ძალიან მაშინებს. არ ვიცი, რისი იმედი უნდა გვქონდეს, რადგან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ძალიან შემცირებულია. ხალხს თავისი გასაჭირი აქვს, თუ როგორ გადაიხადოს კრედიტები, რასაც სეზონურად კომუნალური გადასახადების სიმძიმეც ემატება”, – აცხადებს ივა ჭყონია. მისი თქმით, იმპორტულთან ერთად ადგილობრივი პროდუქტიც გაძვირდება. “ვერ დამისახელებთ ვერც ერთ კომპანიას, რომელიც უცხოურ ნედლეულს არ იყენებს. რძის კომპანიებიც კი იმპორტირებულ ნედლეულზე არიან დამოკიდებული. მათაც გაუჭირდებათ და იძულებული გახდებიან, ფასი შეცვალონ. როგორც ვიცი, რეალიზაცია იმდენადაა შემცირებული, რომ ძვირიან ნაწარმს ხალხი ჰიპერმარკეტებშიც კი აღარ ეკარება. ბოლო დროს ყიდულობენ ფასდაკლებით გამოტანილ პროდუქტს და ისიც, მიზერული რაოდენობით. ძალიან ცუდი სიტუაციაა და ასეთ ფონზე გაძვირებას სიფრთხილით ვეკიდებით”, – ამბობს ივა ჭყონია.

იმპორტიორთა ნაწილმა ფასების კორექტირება უკვე მოასწრო და ცვლილებას სამომავლოდაც გეგმავს. კომპანია “დუს” ხელმძღვანელის, დავით გოგიჩაიშვილის თქმით, 5-7%-ის ფარგლებში თითქმის ყველაფერი გააძვირეს და ახალ წლამდე ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მოიმატებს.

“აქამდე თუკი რესურსი ცოტა მაინც იყო, კურსთა სხვაობამ გააქრო. დიდი ბიზნესი გვაქვს და მიზერულ მოგებაზეც კი ვეღარ გავდივართ. დოლარსა და ევროზე ვართ დამოკიდებული. ორივე ვალუტის მიმართ ლარი მკვეთრად არის გაუფასურებული. 20-30 თეთრის ფარგლებში გავზარდეთ ფასი, სადღაც 5-7%-ის ფარგლებში. ცვლილება სამომავლოდ კიდევ მოგვიწევს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რადგან განბაჟების თანხა ძალიან გაიზარდა. იმპორტის გადასახადი (5%) რომ მოიხსნას, ფასი შესაბამისად დაიწევს, მაგრამ ბიუჯეტი დაკარგავს ამ თანხას და საბოლოოდ სახელმწიფო იზარალებს. ამიტომ ასეთ შეღავათს მთავრობა არ დაუშვებს. რეალიზაციის პრობლემა მეორე უკიდურესობაა. სწრაფი რყევაა ბაზარზე და არ ვიცით, რა გავაკეთოთ. იმპორტიორებსაც უჭირთ უკვე, რამდენიმე ჩემი კოლეგა ალტერნატიულ საშუალებებს ეძებს, რადგან გამოუვალ სიტუაციაშია. ზარალი აქვს ყველას, თუ მოგება ჰქონდა 5000 ლარი კურსთაშორისმა სხვაობამ ეს თანხა თითქმის შეჭამა”, – აცხადებს დავით გოგიჩაიშვილი.

როგორც აღმოჩნდა, ცვლილება ავტონაწილების ბიზნესსაც შეეხო. იმპორტიორი ლევან მესხი სურსათის პარალელურად, ავტონაწილების იმპორტსაც ეწევა. იგი ადასტურებს, რომ ფასმა ორივე სეგმენტში მოიმატა.

“მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაძვირება თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. ავტონაწილები ჯერჯერობით უმნიშვნელოდ გაძვირდა, მაგრამ კურსი თუ არ დასტაბილურდა, ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება.

სხვა გამოსავალი არ გვაქვს. როგორც წესი, იმპორტირებული პროდუქციის ფასი მიბმულია სავალუტო ბაზარზე. ამიტომ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს პროცესში, რომ კურსის მერყეობა არ იყოს მყისიერი”, – ამბობს ლევან მესხი.

„რეზონანსი“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: „ოცნება იქნებოდა ხელისუფლებაში, ნაცმოძრაობა თუ შალვა ნათელაშვილი, ლარი მაინც გაუფასურდებოდა

თაკო მათეშვილი

სოციოლოგი, საკვლევ საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო-პროექტის” დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა არასაპარლამენტო ოპოზიციას “ნომინალურს” უწოდებს და აცხადებს, რომ მისი გავლენა საზოგადოებაზე მინიმალურია. შესაბამისად, არც მისი წევრების მოთხოვნებს იზიარებს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგად მიღებული ხმები გადაითვალოს და ამბობს, რომ ისინი ამ შედეგს, უბრალოდ, უნდა შეეგუონ, რადგან არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობა ყველამ აღიარა. ოპოზიციის მთავარი პრობლემა, ზურაბ ბიგვავას აზრით, ისაა, რომ იგი საზოგადოების მოთხოვნებს ვერ პასუხობს და მისთვის საინტერესოს ვერაფერს სთავაზობს.

“რეზონანსთან” ინტერვიუში ზურაბ ბიგვავა, რომლის ორგანიზაცია “ქართული ოცნების” დაკვეთით კვლევებს ატარებს, მინისტრთა ახალ კაბინეტსაც აფასებს, რომელმაც პირველი სხდომა გუშინ ჩაატარა და ამბობს, რომ ახალი სახეების გამოჩენამ იგი ბევრად შთამბეჭდავი გახადა.

ზურაბ ბიგვავა: ახალი კაბინეტის წევრები მცოდნე და კომპეტენტური ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ყოველ შემთხვევაში, მათმა პირველმა გამოსვლებმა ნამდვილად ამის განცდა დატოვა. ესაა ახალგაზრდა თაობა, რომელიც თანამედროვე, ტექნოლოგიური განათლებითაა აღჭურვილი. ისინი ნაკლებად არიან პოლიტიკოსები და მეტად მენეჯერები. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის სერიოზული დონეა. სტაბილურობა გამყარდა და ყველა გამოწვევა, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, ეკონომიკურ განვითარებასთანაა დაკავშირებული. ხელისუფლების წინასაარჩევნო ძირითადი მესიჯიც სწორედ ეს იყო – სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. შესაბამისად, მინისტრთა ახალი კაბინეტი ადეკვატურია იმ ამოცანებისა, რასაც “ქართული ოცნება” დეკლარირებდა. ვფიქრობ, ისინი შეესაბამებიან თავიანთ თანამდებობასა და მიზნებს, რომლებიც ქვეყანას აქვს დასახული.

- ახალი სახეების მიმართ როგორ ხართ განწყობილი?

- ახალ სახეებს რაც შეეხება, ისინი სწორედ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს შემოემატნენ და იმ გამოწვევებს, რომლებიც ზემოთ ვახსენე, სწორედ ამ ხალხის მეშვეობით უნდა გაეცეს პასუხები.

- საზოგადოების თვალში რამდენად კარგი იმიჯით სარგებლობენ ისინი, ოპოზიციის მხრიდან იყო შენიშვნები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მათგანი წარსულში “ნაციონალურ მოძრაობას” აფინანსებდა. ეს ყველაფერი მათ და გუნდის რეიტინგზე როგორ მოქმედებს?

- არ ვიცი, ვინ აფინანსებდა “ნაცმოძრაობას”, მაგრამ თუნდაც რომელიმე ამ პარტიასთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული ყოფილიყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მტერი და საზოგადოებისათვის მიუღებელია. მთავარია, თავისი საქმის სპეციალისტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე იყოს. კრიტერიუმი ეს უნდა იყოს და არა ის, ეჭირა თუ არა “ნაცმოძრაობის” დროს რაიმე თანამდებობა, ან აფინანსებდა თუ არა მას.

- არასაპარლამენტო ოპოზიციამ ერთობლივი წერილი გაავრცელა, სადაც ისინი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ. ხმების ხელახლა გადათვლასაც ითხოვენ. თქვენი აზრით, როგორია მათი ადგილი პოლიტიკურ ველზე და რამდენად სამართლიანია, თქვენი აზრით, ეს მოთოვნა?

- მათი ადგილი პოლიტიკურ ველზე ნომინალურია. მთელი ამ ცხრა პარტიის შემადგენლობა 100 კაცსაც არ აჭარბებს. საზოგადოებაზე მათ არანაირი გავლენა რომ არ აქვთ, ეს არჩევნებზე უკვე გამოჩნდა. გაყალბებას რაც შეეხება, ეს აბსოლუტური სისულელეა, რადგან ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპიზიცია მუდმივად ნდობას უცხადებდა-ხოლმე, ერთხმად აღნიშნავს, რომ არჩევნები ღიად და სუფთად ჩატარდა. დარღვევები მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იყო, რაც არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენდა. ასე რომ, ამ თემაზე საუბარი სპეკულაციაა, ხმების გადათვლის მოთხოვნა კი – სასაცილო. ეს ყველაფერი არასერიოზულია. პარლამენტის ლეგიტიმურობას ადგილობრივი არასმათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ. გარდა ამისა, “მთავარმა პოზიციურმა პარტიამაც” კი, როგორც ისინი თავიანთ თავს უწოდებენ, თავიანთი ქცევით დაადასტურეს, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, პარლამენტში არ შევიდოდნენ.

- არჩევნების შემდგომ ოპოზიციურ სპექტრში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე ბევრი ფიქრობს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ფაქტიურად აღარ არსებობს და რომ ხელისუფლება ოპონენტების ნაკლებოდას განიცდის. ეს რამდენად სასარგებლოა ქვეყნისთვის?

- არ შემიძლია გითხრათ, თუ რას განიცდის ხელისუფლება, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიციისა და საქართველოში არსებული 200 პარტიის გავლენა საზოგადოებაზე, როგორც აღმოჩნდა, ძალიან დაბალია. მათ საზოგადოებაში სერიოზული მხარდამჭერი არ ჰყავთ. ზემოთ რომ ცხრა პარტია ვახსენეთ, მათი გაერთიანების შემთხვევაშიც კი ვერ მოგროვდება იმდენი ხმა, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახონ. ამ პარტიების შერწყმა მათ მიერ მიღებული ხმების დაჯამებას სულაც არ ნიშნავს. შეიძლება პირიქითაც კი აღმოჩნდეს და ერთად შეგროვების შემთხვევაში უფრო ნაკლებ ხმაც კი მიიღონ, ვიდრე ცალკე აღებულმა რომელიმე პარტიამ. ოპოზიციური პარტიების დეფიციტს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ოპოზიციური ძალა გაძლიერდება. ან შეიქმნება. მესამე ძალის შექმნაზე ყველა ლაპარაკობს, თუმცა ჯერ-ჯერობოთ ამის კონტურები არ ჩანს.

- თქვით, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხში მხარდაჭერით ვერ სარგებლობენ. რა არის ამის მიზეზი, ის, რომ საზოგადოებაში პროტესტისა და უკმაყოფილების გრძნობა არ არსებობს თუ პრობლემა თავად ამ პარტიებშია?

- რა თქმა უნდა, პრობლემა პარტიებშია, რადგან მათ ამომომრჩევლის დაინტერესება ვერ შეძლეს. კონკრეტული ნიშა ვერ მონახეს. ხალხს მათთვის საინტერესო პროგრამა ვერ წარუდგინეს. ეს მათ დაბალკვალიფიკაციასა და პოლიტიკურ უმწიფარობაზე მეტყველებს. მათი ქმედება და ბეგრაუნდი საკმაოდ არაორდინალურია უარყოფითი გაგებით. ამიტომ, მათ მიმართ მხარდაჭერაც სულ უფრო და უფრო იკლებს. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი პარტია საერთოდ დაიშალა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ საზოგადოებისათვის რაიმე რეალური და სერიოზულის შეთავაზება არ შეუძლიათ.

- რაც შეეხება ხალხში არსებულ განწყობას, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გათვალისწინებით, პროტესტი არის საიმისოდ მაღალი, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდნენ?

- ხელისუფლების წინააღმდეგ “ნაცმოძრაობა” მუშაობს. ის ხელისუფლების ოპონენტი ან კრიტიკოსი კი არა, მოწინააღმდეგეა. სხვანაირად რომ ვთქვათ – ხელისუფლების მტერი. ეს კი არარაციონალური გზაა. პრემიერ-მონისტრმა ძალიან საინტერესო გზავნილი გააჟღერა – მზად ვარ ყველასთან ვილაპარაკო და არაა იმის დრო, რომ ერთმანეთში ანგარიში ვასწოროთო. მან ერთიანობაზე ისაუბრა იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. გამოწვევები კი იმაზე მეტია, ვიდრე გვგონია. შეიძლება დღეს ბევრს არსებული ხელისუფლება მთლიანად არ მოსწონს, ყველაფრით კმაყოფილები არ არიან, მაგრამ მათ ამ ხელისუფლების ადამიანური სახე დაინახეს. ნახეს, რომ “ოცნებამ” ადამიანური სახე გამოავლინა, ხალხზე იფიქრა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლომდე კმაყოფილები შეიძლება არ იყვნენ, მაგრამ ხედავენ, რომ არავინაა სხვა, ვინც რეალურად რამის შეცვლას შეძლებს, რომ ცვლილებები მყისიერი ვერ იქნება, რომ ამას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. საზოგადოება ნელ-ნელა მეტი შეგნებით, კვალიფიკაციითა და კომპეტენციით უყურებს ამ ყველაფერს. ჩემი აზრით, საზოგადოება გაიზრადა და ეს ძალიან დადებითი მოვლენაა.

- შეიძლება ასე ითქვას, რომ არჩევნებზე ხალხმა ხმა “ოცნებას” იმის გამო კი არ მისცა, რომ იგი მოსწონს, არამედ იმის გამო, რომ უკეთესი ალტერნატივა, უბრალოდ, არ იყო?

- არა, მე მაგის თქმა არ მინდა. ხაზს ვუსვამ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მარტო იმის გამო კი არ გაიმარჯვა, რომ ძლიერი რესურსი გააჩნდა, არამედ იმის გამო, რომ მან საზოგადოებას ადამიანური სახე დაანახა. მთავრობა ადამიანური სახით – ასე შეიძლება დავახასიათოთ “ოცნების” მთავრობა. პირველი ოთხი წელიწადი მას გადარჩენის პოლიტიკა ჰქონდა. იმ ადამიანების გადარჩენის, ვინც შეიძლებოდა იმის გამო დაღუპულიყო, რომ ოპერაციას ვერ იკეთებდა, იმის გამო, რომ ექიმთან ვერ მიდიოდა და წამალს ვერ ყიდულობდა, საკვები არ ჰქოდნა და ა.შ. ხელისუფლებამ ყველაზე მეტი ფული ადამიანების გადარჩენაში დახაჯა ორი მიმართულებით – სოფლის მოსახლება, რომელსაც მიწა მოუხნა და დათესვის საშუალება მისცა, შიმშილისაგან გადაარჩინა და ასევე ადამიანებს ადაუდებელი ოპერაციებისა და მკურნალობის საშუალება მისცა. თუნდაც ცე-ჰეპატიტის. შედეგად მართლა უამრავიადამიანი გადარჩა. სწორედ ეს დაინახა მოსახლეობამ და ამიტომაც დაუჭირეს მხარი.

- ამ ყველაფერს ლარის კურსი და ეკონომიკური პრობლემები ვერ წონის? რამდენად დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს “ოცნება” თქვენ მიერ ჩამოთვლილი საქმეებით ხალხის მხარდაჭერის შენარჩუნებას?

- ლარის კურსი, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ ვფიქრობ აქ ყველაფერს დიდწილად ფინანსურ ბაზარზე სპეკულაციების წყვეტს. ლარის გაუფასურება გარკვეულ კანონზომიერებებთანაა დაკავშირებული. “ოცნება” იქნებოდა ხელისუფლებაში, “ნაცმოძრაობა” თუ შალვა ნათელაშვილი, ყველაფერი მაინც მოხდებოდა. შეიძლება ლარის კურსის ვარდნა უფრო დიდიც კი ყოფილიყო. თავსუფალი ბაზრის პრინციპებს უნდა შევეგუოთ. კურსი მხლოდ საბჭოთა კავშირის დრო არ იცვლებოდა – მანეთი არაკონვერტირებადი იყო და კურსიც მუდამ ერთიდაიგივე გვქონდა. თუმცა რაღაცეები მაშინაც კი ძვირდებოდა. დღეს კი გარკვეულ პერიოდებში გაჭირვებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ლარს კურსი აუცილებლად დასტაბილურდება და თუ ეს ასე არ მოხდა, მთავრობა დაუცველი მოსახლეობისათვის მეტი დაცულობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

- თქვით, რომ ლარი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გაუფასურდებოდა, თუმცა საზოგადოება, უბრალოდ, ადამიანები რამდენად აცნობიერებენ ამას თქვენი აზრით, ხალხისთვის ხომ ყველაფერი ხელისუფლების ბრალია?

- სწორედ ეგ ვახსენე წეღან, რომ აზოგადოება მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული გახდა. ნაკლებია ისეთი ადამიანი, რომელიც წვიმის მოსვლასაც მთავრობას აბრალებს. ხალხს უკვე ესმის, რომ ლარის კურსს ვარდნა მხოლოდ მთავრობაზე არაა დამოკიდებული. ასე რომ, ეს გაღიზიანება სამთავრობო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებული არ იქნება.

„რეზონანსი“, 20 ნოემბერი, 2016 წელი

ნაციონალებში კონფლიქტი ღრმავდება – დღეს პოლიტსაბჭოზე მხარეები ძალებს მოსინჯავენ

თიკო ოსმანოვა

“ნაციონალურ მოძრაობაში” კვალვ ვნებათაღეელვაა – ყრილობის მოახლებასთან ერთად პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება მწვავდება. შეინარჩუნებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ერთიანობას, ეს დაახლოებით 1 თვეში გაირკვევა. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილის მომხრეები განცხადებას ავრცელებენ, სადაც გიგა ბოკერიას გუნდს ივანიშვილის თამაშის წესებით მოქმედებაში ადანაშაულებენ.

“ამ სიტუაციაში ორმაგად მნიშვნელოვანია ჩატარდეს დიდი, მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყრილობა (მინიმუმ 7000 დელეგატი), რომლის მოწვევის წესი ჩვენს მიერ უკვე შემუშავდა და წარედგინა პარტიის პოლიტსაბჭოს. ასეთმა ყრილობამ მექანიკურად კი არ უნდა აირჩიოს მმართველი ორგანოების ახალი შემადგენლობა, არამედ უნდა გამართოს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა შევცვალოთ, რომ დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი. უნდა გაიზარდოს რეგიონული ლიდერების, აქტივისტებისა და მხარდამჭერების როლი პარტიის მმართველობაში. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მომხრეებს შორის გაჩნდა ძლიერი მოთხოვნილება, რათა მონაწილეობა მიიღონ ყრილობაში და პარტიის სამომავლო ბედის განსაზღვრაში. ყრილობა უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის საზოგადოების მაქსიმალურად ბევრი ფენისა და ინტერესის გამომხატველი ერთობა, მიზიდულობის რეალური ცენტრი, სადაც განსხვავებული ადამიანები საკუთარ ადგილს დაინახავენ საერთო მიზნისთვის ბრძოლაში.

“ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება დეკლარაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა თავს აღარ მიიჩნევს რეპრესირებულ პარტიად და რომ ჩვენი პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები აღარ წამოადგენენ დაპირისპირების საგანს ოლიგარქთან. ეს იქნება დეკლარაცია, რომ პარტია ემიჯნება მიხეილ სააკაშვილს, რაც აუნაზღაურებელ ელექტორალურ ზიანს მიაყენებს ჩვენს ბრძოლას. ამ ნაბიჯის სასარგებლოდ არ არსებობს არცერთი პრაგმატული არგუმენტი. პარტიიდან მისი დამფუძნებლისა და მთავარი საარჩევნო კაპიტალის, მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების მცდელობა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია,” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 22 აქტივისტი: ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, აკაკი მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, პაატა ლეჟავა, კახა ბუცხრიკიძე, ირაკლი ქავთარაძე, ირაკლი ნადირაძე, გიორგი კარბელაშვილი, ომარ მეგრელიძე, გიორგი პატარაია, გოჩა კუპრავა, კობა ხაბაზი, გოჩა ლემონჯავა, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, პარტია ფაქტიურად უკვე დაშლილია, ყრილობის შემდეგ ეს ოფიციალურად გაფორმდება თუ არა, ეს ტექნიკური საკითხია.

“ის, რომ რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უფრო მეტი დელეგატის მონაწილეობას უჭერენ მხარს, ლოგიკურია. ეტყობა ფიქრობს, რაც მეტი იქნება დელეგატი, მით უფრო მეტია მისი გამარჯვების შანსი. ვიწრო წრე, როგორც წესი, შეთქმულებას ნიშნავს და შესაბამისად ეს ბოკერიას მხარეს იქნება. პარტია უკვე დაშლილა,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას საყვარელიძე.

პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, “რეზონანსი” “ნაციონალური მოძრაობის წევრებს ნუგზარ წიკლაურს და სერგი კაპანაძეს ესაუბრა, რომლებსაც შიდაპარტიულ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია აქვთ.

„რეზონანსი“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „პატარა ჯგუფი კულუარული დიქტატის პირობებში გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს

თიკო ოსმანოვა

ნუგზარ წიკლაური პარტიის თავმჯდომარის არჩევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობა” უნდა შეინარჩუნოს ის სტატუს-კვო, რაც წინა ყრილობაზე მიიღეს. იგი იმედოვნებს, რომ დელეგტთა უმეტესობა სწორედ ამ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს, რადგან ამ ვითარებაში ახალი თავმჯდომარის არჩევა, ივანიშვილის წესებით თამაშს ნიშნავს.

ნუგზარ წიკლაური: ხვალ პოლიტიკური საბჭოს სხდომაა, სადაც გადაწყდება პარტიის ყრილობის თარიღი და მოწვევის წესიც. როგორი იცით, ამასთან დაკავშირებით ორი პოზიციაა შესული და ამაზე ვიმსჯელებთ და შემდეგ ყველაფერი გახდება ცნობილი.

- კონკრეტულად?

- დელეგატთა რაოდენობის მოწვევასთან დაკავშირებით ორი ვერსია განიხილება: ნაწილი მიიჩნევს, რომ 2 ათასი დელეგატი უნდა იყოს მოწვეული მეორე ნაწილი კი 7 ათასი დელეგატის მოყვანას ითვალისწინებს და აქაც განსხავებული მიდგომებია. მეორე ვერსიაში მთავარი არის ის, რომ უფრო მაშსტაბური და დემოკრატიული წესით იქნება მოწვეული ყრილობა და მაქსიმალურად არის გათვალისწინებული “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალური ოფისების ინტერესები. ეს ყრილობა არის გაცილებით უფრო ინკლუზიური ვიდრე პირველი წესი.

- რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის არჩევას, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ყრილობაზე მიიღება?

- პირადად ჩემი პოზიცია გახლავთ ის, რომ შევინარჩუნოთ სტატუს-კვო და ამ თანამდებობაზე არავინ არ უნდა იყოს არჩეული. შესაძლებელია, რომელიმე პიროვნებებისთვის დელეგირებულიყოს ის უფლებები, რაც პარტიის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს აქვს. ჩვენ ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი დავამტკიცეთ პარტიის თავმჯდომარედ და უფლებამოსილებებიც მაშინვე განისაზღვრა. ამ ვითარებაში ახალი თავმჯდომარის არჩევა ჩემი აზრით, ნიშნავს ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშს.

- რა ვითარებაა ამჟამად პარტიაში და მოსალოდნელია თუ არა დაშლა ყრილობის შემდეგ?

- ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებს ვცეთ პატივი. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, პარტიის ყრილობა იყოს რაც შეიძლება ფართო და მეტ დელეგატს ვკითხოთ აზრი, რა შეგვეშალა, რა არის სამომავლო გეგმები. ახლა ამის დროა და რაც უფრო მეტი ადამიანი და აქტივისტი იქნება ჩართული, უკეთესია. „ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის სახალხო პარტია იყო და არამც და არამც ეს სახალხოობა არ უნდა შეიცვალოს იმით, რომ რამდენიმეკაციანი ჯგუფი კულუარული დიქტატის და კარნახის პირობებში იღებდეს გადაწყვეტილებას. პარტიაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ხალხმა და ეს იქნება ყველაზე უფრო მყარი პირობა მომავლის გამოწვევებისათვის.

- თუ არ მოხდა თქვენი აზრის გათვალისწინება, დატოვებთ თუ არა პარტიას?

- როგორც იცით, ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. შემდეგ უკვე იქნება შესაძლებლობა შევხდეთ რეგიონებში ხალხს, რეგიონულ ორგანიზაციებს განვუმარტოთ, ამა თუ იმ საკითხის უმჯობესობა. ასე რომ, წინ კიდევ დიდი დროა, რომ გვქონდეს კონსულტაციები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს მიხელ სააკაშვილის მიერ მოწონებულ იდეას და ითვალისწინებს 7 ათასი დელეგატის მოწვევას.

„რეზონანსი“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სერგი კაპანაძესთან: „მიხეილ სააკაშვილის როლზე პარტიაში არავინ დავობს

თიკო ოსმანოვა

პარტიაში ბევრი ბანაკის არსებობას ნორმალურ პროცესად მიიჩნევს პარტიის წევრი სერგი კაპანაძე. მისი თქმით, ასეთი რამ ყველგან ხდება, თუმცა ვერ იტყვის, არსებობს თუ არა პარტიიდან წევრების წასვლის საფრთხე. ამბობს, რომ სხვისი სახელით ვერ ისაუბრებს, მაგრამ პარტია ადრეც დაუტოვებიათ.

სერგი კაპანაძე: კონკრეტულ ციფრზე ვერაფერს გეტყვით, მე პირადად ვეყრდნობი ერთ პრინციპს – ყრილობა უნდა იყოს წარმოდგენილი დელეგატთა გონივრული რაოდენობით, რომ გადაწყვეტილების მიღება მარტივი იყოს. ვერ წარმომიდგენია, 7 ათასმა კაცმა როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს ხომ არ არის ცერემონიალი, რომ მხოლოდ ტაში დაუკრან. მაგალითად ამერიკულ პარტიებში გადაწყვეტილებებს იღებს 2500-1500-მდე დელეგატი, რაც ვფიქრობ, რომ გონივრულია.

- ყრილობაზე მოხდება თუ არა ახალი თავმჯდომარის არჩევა?

- ყრილობაზე რამდენიმე რამე უნდა გადაწყდეს: უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა, პოლიტსაბჭოს წევრების დაკომპლექტების პრინციპის გასაზღვრა – ერთი სიტყვით, ახალი ხელმძღვანელები უნდა აირჩიოს პარტიამ.

- ვინ განიხილება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე?

- მაგას გადაწყვეტს ყრილობა და ეს არის ზუსტად ყრილობის პრეროგატივა. მაგრამ ამ პოსტისთვის დეკლალირებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დავით ბაქრაძე. ვფიქრობ, რომ იგი კარგი კანდიდატი იქნება.

- რაც შეეხება სააკაშვილს, რა თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პარტიაში მან?

- რადგან იგი არ არის საქართველოს მოქალაქე, არ შეუძლია თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს. კითხვის მიღმაა მისი როლი და საპატიო ფუნქციები. პარტიაში ამაზე არც არავინ დავობს.

- თუმცა ცნობილია, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევას ეწინააღმდეგება პარტიის ზოგიერთი წევრი. თქვენი აზრით, არსებული უთანხმოება გამოიწვევს თუ არა პარტიის დაშლას?

- მე მგონი დისკუსია ყველაზე მტკივნეულ თემებზე, მათ შორის პარტიის თავმჯდომარეზე, შეცდომებზე, ახალ სტრატეგიაზე სრულიად ჯანსაღი რამ არის. შეიძლება იყოს ბევრი “ბანაკი”, მაგრამ ეს ნორმალური პროცესია. გაყოფას რაც შეეხება, ვინც ამაზე საუბრობს, არ უყურებს ამ თემას სერიოზულად და რაღაც იდეების ტყვეობაშია. ასე ხდება ყველგან. თუ მისი იდეა ვერ გადის და ამის გამო პარტია დატოვოს, მგონია, ეს არასერიოზულია.

- და მაინც რამდენად არსებობს ალბათობა, რომ ზოგიერთ ადამიანს ამ საკითხის მიმართ ჰქონდეს ასეთი დამოკიდებულება?

- არ ვიცი, შეიძლება. სხვისი სახელით ვერ ვისაუბრებ. როგორც იცით, ადრეც იყო ასეთი რამ და რამდენიმე ადამიანმა პარტია დატოვა.

——————–

„ახალი თაობა“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან: „ვერცერთი ხელისუფლება მაჟორიტარებს ვერ შეელევა

არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საარჩევნო კანონმდებლობაზე საუბრობს.

- ბატონო კონსტანტინე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით `ქართული ოცნების~ წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ხმამაღალი, რეალობას მოწყვეტილი განცხადებით ისინი პოლიტიკურ ველზე თავის შენარჩუნებას ცდილობენ. რეალურად რატომ გადაწყვიტეთ, რომ ასეთი მძაფრი განცხადება გაგეკეთებინათ?

- შეფასებების შეფასებას ნამდვილად არ შევუდგები, თუმცა ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია და რისი მომსწრეც გახლდით, როგორც მაჟორიტარი კანდიდატი, არის ის, რომ არჩევნები ნამდვილად არ ჩატარდა სათანადო სტანდარტებით.

- კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ, რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ ზოგადად საარჩევნო გარემოს. ადგილი ჰქონდა მანიპულაციას, მოსყიდვას. ვგულისხმობ საარჩევნო კამპანიის დროს მიმდინარე პროცესებს. ეს ყველაფერი დეტალურად არის იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი, რომელსაც ხელს აწერს არასაპარლამენტო ოპოზიციის ცხრა პარტია. უმჯობესი იქნებოდა, ხელისუფლების წარმომადგენელს პასუხი გაეცა თითოეულ ამ პუნქტზე. მთავარია, დეტალურად გაეცეს პასუხი, თორემ ისე ყველაფერზე შეიძლება თქვა, რაც გინდა, თუნდაც ის, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვიან. ვის ექნება გადასარჩენად საქმე, ამას ვნახავთ. ვისაც მეტი აქვს დასაკარგი, მას უფრო მოუწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, ვიდრე იმას, ვისაც არაფერი აქვს დასაკარგი.

- 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ყველა საელჩომ აღიარა. არავის მისი ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ვინაიდან ამ პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს, ამიტომაც აპროტესტებენ?

_ ჩვენ არ გვითქვამს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების სრულად არალეგიტიმური არჩევნები იყო. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ არჩევნებს აკლია ლეგიტიმურობის ხარისხი. ეს არ არის დემოკრატიულობის ის ხარისხი, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებს სჭირდება. გარკვეული ლეგიტიმურობა ამ არჩევნებს მაინც აქვს, რამდენადაც ეს არჩევნები მართლაც არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული. უბრალოდ, ჩვენ ამ არჩევნებს ვერ დავარქმევთ სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს.

- ბატონო კონსტანტინე, საარჩევნო კოდექსის მიმართულებით ხელისუფლებასთან კვლავ იქნება შეხვედრები, მოლაპარაკებები?

- ალბათ, იქნება, მაგრამ, მე არ მგონია, რომ იმ ფონზე, რომელიც დღეს პარლამენტში გვაქვს, ვგულისხმობ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელიც ხელისუფლებამ სწორედ მაჟორიტარული არჩევნებით მოიპოვა, ხელისუფლება მაჟორიტარებს შეელიოს. შერეული სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, ყველა ხელისუფლებას აწყობს.

- არაფერს ნიშნავს გაცემული პოლიტიკური პირობა, რომ 2020 წლისთვის უკვე სხვა სისტემით ჩატარდება არჩევნები, თუ დღეს ეს საკითხი უკვე აღარ დგას დღის წესრიგში?

- ალბათ, აღარ. ეს გაცემული პირობა მათ დაივიწყეს, რადგან კარგად გვახსოვს, რომ ისინი ხელისუფლებაში დარჩენას 2030 წლამდე აპირებენ. რუზველტი ამბობდა, პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, რადგან ხდება, ე.ი. დაგეგმილიაო. ქვეყანაში, სადაც ასეთი მაღალია უმუშევრობის დონე, სადაც არ არსებობს შემოსავალი, მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი გაღატაკებულია. შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები, დამიჯერეთ, ბევრს არაფერს ნიშნავს.

- გერმანულ მოდელზე იყო საუბარი. დღეს შეიძლება, ოპოზიციამ კვლავ შესთავაზოს ხელისუფლებას გერმანული მოდელი?

- შეიძლება, კვლავ იყოს გერმანულ მოდელზე საუბარი, არაფერია გამორიცხული, მაგრამ მაშინ, არჩევნების წინა პერიოდში, ეს მოდელი იყო რაღაცნაირი გამოსავალი. რეალურად მაშინ ყველაფერზე უარი თქვა.

- გარკვეული ცვლილებები მაინც მოხდა...

- დიახ, ისინი წამოვიდნენ მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებზე, მაგრამ თვით ეს კოსმეტიკური ცვლილებებიც კი არ შეუთანხმეს ოპოზიციას. რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ფაქტია, რომ ეს მოდელი ნაციონალურმა მოძრაობამ და რესპუბლიკურმა პარტიამ ჩააგდეს. ამ ორი პარტიის სინდისზეა მისი ჩაგდება. აშკარად არ აწყობდა გერმანული მოდელი ნაციონალურ მოძრაობას.

- რატომ?

- ის უკვე აღარ იქნებოდა მეორე პარტია.

- გერმანული მოდელი რამდენად აწყობს ხელისუფლებას, ის მაშინ რამდენად იყო მზად მის მისაღებად?

- არც იყო მზად, მაგრამ მაშინდელი ფორმატის ზოგიერთი წარმომადგენელი აქტიური დიალოგის რეჟიმში იყო დავით უსუფაშვილთან, მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ შეიძლება, ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმავ. ეს მოდელი ჩავარდა. საკითხი მარტივად დგას, საქმე არც გერმანულ მოდელშია და არც ამდაგვარ არაფერში. საქმე პოლიტიკურ ნებაშია. თუ გინდა, გააკეთებ, თუ არა – არა.

„ახალი თაობა“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „პარლამენტის გადაწყვეტილებები პროცესებს ქუჩაში გადმოიტანს“ // „ოცნებას პარლამენტში ოპოზიცია არ ჰყავს

პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მოქმედი კანონის შემსუბუქებას გეგმავს. პროექტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლისათვის მოიხსნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და დაწესდება ადმინისტრაციული სასჯელი. ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერი შოთა მალაშხია, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პარლამენტის ტერიტორიული საკითხების კომისიას, „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ასეთი ცვლილებები კატეგორიულად მიუღებელია.

შოთა მალაშხია:

- ამ კანონის შეცვლა „ქართულ ოცნებას“ წინა პარლამენტში უნდოდა. პირველი მოსმენა გაიმართა კიდეც, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა პარლამენტის უმცირესობის მხრიდან. პირადად მე ტრიბუნიდან მის ინიციატორებსა და მომხრეებს ორჯონიკიძეები ვუძახე. საბოლოოდ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს თავი დაანებეს და მისი განხილვა აღარ გაუგრძელებიათ. გაუგებარია, რატომ უნდა მოიხსნას სისხლისსამართლებრივი დევნა მაშინ, თუ ადამიანი დარღვევით შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე! თუ საზღვრის დარღვევის სხვა შემთხვევები დასჯადია, ეს რატომ არ ისჯება? თუ ვინმე თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ა.შ. დარღვევით შემოდის საქართველოში, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ერთ შემთხვევაშია დანაშაული, მაშინ სხვა შემთხვევაში რატომ არ ითვლება დანაშაულად, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, სადაც განხორციელდა გენოციდი და ეთნოწმენდა.

- ახლა რატომ დაუბრუნდნენ ამ საკითხს? მისი მოწინააღმდეგეები ამ მოწვევის პარლამენტშიც არიან...

- იმიტომ, რომ ამ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, ოპოზიცია არ ჰყავს. ოპოზიცია უმრავლესობას წინააღმდეგობას ვერ უწევს. ამ პარლამენტში სხვა ფონია შექმნილი. „ქართული ოცნება“ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა აირჩია. ნაციონალური მოძრაობა, ანუ საპარლამენტო უმცირესობაც არ ასახავს მოსახლეობის ნებას. ნაცმოძრაობამ განაცხადა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად ამისა, ამ თემას საერთოდ შეეშვა და მშვიდად დაიკავა სავარძლები პარლამენტში. უმცირესობის დეპუტატები არ გამოხატავენ თავისი ამომრჩევლის, ანუ 500.000 ადამიანის პოზიციას. ისინი „უპრავებენ“ „ოცნებას“ იმას, რასაც ის აკეთებს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებით დაწყებული, ოკუპირებული ტერიტორიების კანონის ლიბერალიზაციით დამთავრებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის ნება პარლამენტში კი არა, გარეთ იქნება გამოხატული.

- გარეთ პარტიები დასუსტდნენ, საზოგადოებაში კი საპროტესტო განწყობა არ იგრძნობა...

- ეს ერთი შეხედვითაა ასე. ქუჩაში რომ გაივლი, ერთ მოღიმარ სახეს ვერ ნახავ. ამ ხალხს ეტყობა, რომ „ქართული ოცნების“ იმედი არა აქვს და არც ხმა მიუცია მისთვის. ოფიციალური მონაცემებითაც კი, თუ არჩევნებზე მისულების რაოდენობას გავითვალისწინებთ, „ოცნებას“ აქვს სულ 25%-იანი მხარდაჭერა, ის კი საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს. ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველზე ვისაუბრე. ნაციონალების უმცირესობა თავისი ამომრჩევლის განწყობებს არ გამოხატავს. ხალხს ნაციონალური მოძრაობისათვის არ დაუვალებია „ოცნების“ გადაწყვეტილებების ლეგიტიმაცია. საბოლოოდ, გამოდის, რომ ამ პარლამენტს მოსახლეობის 70%-ის მხარდაჭერა და ნდობა არ გააჩნია. თუ ბურჯანაძემ შეძლო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, რატომ ვერ შეძლო ეს ნაციონალურმა მოძრაობამ? გაყალბებაზე ხომ ამ პარტიამაც გააკეთა განცხადებები!

- გგონიათ, რომ საპროტესტო განწყობა არსებობს?

- მუხტი არსებობს. გავიხსენოთ, როგორი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. ხალხს არ უნდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შეცვლაც. ასე რომ, პარლამენტის გადაწყვეტილებები პროცესებს ქუჩაში გადმოიტანს. ამ საკითხებს ემატება ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა, უმუშევრობა, უნდობლობა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები უკანა პლანზეა გადაწეული. ამაში ბრალი მიუძღვით პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც მთავარ თემად პენსიები აქციეს, თან ამ მხრივ ბევრი ტყუილი დაპირება გასცეს.

- მუხტი შეიძლება შექმნას აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვამაც? რუსეთი მილიტარიზაციას აგრძელებს...

- ბუნებრივია. ცხინვალის რეგიონშიც დამუხტულია ვითარება. მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებამ იქ ლეკიანობისა და ბიზნესის სახე მიიღო. ძალიან ბევრი პრობლემაა. თუ პარლამენტმა ხალხს ახალი სატკივარი დაუმატა, ამის მოთმენა შეუძლებელი გახდება.

„ახალი თაობა“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ეს მთავრობა სამ თვეში შეიცვლება“ // „“ზოგი ვერტმფრენით მოინდომებს გაქცევას, ზოგი - წითელი ხიდით“ // „ეს ხელისუფლება გამოჰეჯირებულია

რატომ არ ეშინია „ქართულ ოცნებას“ ხალხის უკმაყოფილების, რა გამოაჩინა ხელისუფლებამ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დროს, რა პერსპექტივა გაუჩნდა ნაციონალურ მოძრაობას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის წევრები ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებენ. სოზარ სუბარმა მთელ ერს შთააგონა, რომ ლარის კურსის ვარდნა მხოლოდ იმათზე აისახა, ვისაც კრედიტი აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამათ შეფასებებზე?

- გასულ კვირას 3 დღის განმავლობაში მთელი ქვეყანა იძულებული ვიყავით, გვესმინა მთავრობის წევრებისთვის. ეს იყო 3 დღე, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ დაამხეს ნაციონალებმა დასამტკიცებელ მთავრობას თავზე ყველაფერი. 4 წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოქალაქე გიორგი ქადაგიძის ბრალი იყო. ჰოი, საოცრებავ, ქადაგიძე აღარ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ვალუტა უარეს დღეშია. ახლა ლარის გაუფასურებას ჩვენ, მოსახლეობას, გვაბრალებენ. თურმე ჩვენ არ გვცოდნია ეკონომიკური, ფისკალური და საგადასახადო დეტალები. სინამდვილეში, თავად არის ეს ხელისუფლება გამოჰეჯირებული. არსებულ ვითარებას ვერც მთავრობის შეცვლა უშველის, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა რეალური ცვლილებები. ეს იყო მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები იყო. კოსმეტიკა კი მხოლოდ მანდილოსნებს უხდებათ.

- იქნებ ამათაც მოიხდინონ?

- რა უნდა მოიხდინონ, ყველა მიმართულებით კოჭლობენ და ამას კოსმეტიკით ვერ დაფარავენ. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამას ვერც კი ხვდებიან. სანამ ესენი იქნებიან, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არც კი უნდა ვიოცნებოთ. მართლა არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხო, რომ პირველივე დღეებში დაანახო მოსახლეობას, თუ რა უსუსური ხარ. განათლების მინისტრად ისე დაამტკიცეს ეს გაუგებრობა, რომ განათლებასა და მეცნიერებაზე არაფერი ჰკითხეს. კომბლეს მეცხვარეობას უწუნებს, თავად სტუდენტებსა და მოსწავლეებს კლიენტებად მოიხსენიებს. მერე იყო და პრემიერმა ლიბერტარიანული ეკონომიკა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასთან აურია. ოლიგარქიულ ეკონომიკას აშენებენ თუ რა ხდება? ამათ ფონზე შედარებით უკეთესად გამოიყურება იუსტიციის მინისტრი, მაგრამ იმანაც დაიბრალა რაღაცები.

- თეა წულუკიანმა რა დაიბრალა?

- ის, რაც მისი გაკეთებული არ არის. „ქართულ ოცნებას“ სხვისი გაკეთებული საქმეების დაბრალება ახასიათებს. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ახალქალაქის რაიონის სოფელ ყუმურდოში პირველად ის შევიდა და მან დაიწყო იქ საქმეების კეთება. წულუკიანმა არ იცის, რომ იქ ჯერ კიდევ 15 წლის წინ ვახორციელებდით სხვადასხვა ეროვნულ პროექტს. ყუმურდოს წყალსადენი პირადად ჩემი გაყვანილია. მინდა, მივმართო წულუკიანს, თავი დაანებოს ერთი დეპუტატისთვის მიბაძვას და საქმეს მიხედოს.

- ვის ან რაში ბაძავს წულუკიანი?

- არის ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც იბრალებს, გინდა თუ არა, მე გავიყვანე სამხრეთ საქართველოდან რუსული ჯარებიო. არადა, ეს ადამიანი საერთოდ არ ჩასულა არასდროს ახალციხეში. განცხადებები ხომ უცნაური აქვთ, მაგრამ საკადრო პოლიტიკა მთლად გამაოგნებელია. სასამართლოებში სულ ადეიშვილის ხალხს ნიშნავენ და ბარემ ისიც დანიშნონ სადმე. ინფრასტრუქტურის მინისტრად ალავიძე დანიშნეს, რომელიც სააკაშვილის დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია საერთოდ ანეკდოტია. ეს ადამიანი 9 წლის წინ ჩასვეს ციხეში, დააბრალეს ის, რაც არ ჩაუდენია. მისი საქმის გამომძიებელი და პროკურორი, იცით, ვინ იყო? შოთაძე, რომელიც ახლა ქვეყნის მთავარი პროკურორია.

- ამაზე შოთაძემ განმარტებები გააკეთა...

- თქვა, არასწორი დოკუმენტები მომიტანესო. ეს არის და ეს. ადამიანს 9 წელი ციხეში ტყუილად გაატარებინეს და ამაზე პასუხს არავინ აგებს. სანამ ქართველი საზოგადოება მიზეზების სხვაგან ძებნას თავს არ დაანებებს, არაფერი შეიცვლება.

- თქვენ ფიქრობთ, რომ რაც ხდება, ყველაფერი საზოგადოების ბრალია?

- ჩვენი ბრალია და სხვისკენ ხელის გაშვერას თავი უნდა დავანებოთ. ხელისუფლება რომ ცუდია, ესეც საზოგადოების ბრალია. სწორედ მან მოიყვანა ასეთი ხელისუფლება. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყველანი ვხედავთ, როგორი წახალისებულია ქვეყანაში ღალატი. მოღალატეები სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ინიშნებიან. საზოგადოება ამას მშვიდად ხვდება. როცა ამ მოღალატეებს ესაუბრები, ხელს ართმევ, თავადაც თანამონაწილე ხარ ამ ქმედებების. ასე რომ, თავი დავანებოთ ქართველებმა სხვაგან მიზეზების ძებნას. რაც გვჭირს, ჩვენი ბრალია – რამდენსაც ვაბედვინებთ მთავრობას, იმდენს გვიბედავენ.

- რამდენსაც ვაბედვინებთ, იმდენს გვიბედავს მთავრობაო და როდემდე გაგრძელდება ეს ამბავი?

- იქამდე გაგრძელდება, სანამ ხალხი ამას მოითმენს. „ქართულ ოცნებაში“ ბევრი მეგობარი მყავს. ერთ-ერთ მათგანს რამდენიმე თვის წინ ვესაუბრე. მას მაშინაც მაღალი პოსტი ეკავა და ახლა უფრო დაწინაურებულია. ამ ადამიანს ვუთხარი, რატომ იქცევით ასე, არ ასრულებთ ხალხის დაპირებებს-მეთქი. მითხრა, ხალხი მაინც არ გამოვა ქუჩაშიო. ხალხის პასიურობაზე აქვთ ყველაფერი გათვლილი. საზოგადოება ბევრ რამეში ტყუის და ცდება, მაგრამ მისი მოთმინება უსასრულო არ არის. ასე თუ გაგრძელდა, ძალიან მალე დაიწყება მღელვარება. დუღილის პროცესი თუ დაიწყო, მაშინ ესენი პროცესებს ვეღარ წარმართავენ. ზოგი ვერტმფრენით გაიქცევა, ზოგი _ წითელი ხიდით. საკონსტიტუციო უმრავლესობაში მყოფი „ოცნება 27 ნაციონალს ვერ უმკლავდება და სახალხო მღელვარებას გაუძლებს?! მთავრობის დამტკიცების დღეებში მათ ძალიან გაიბითურეს თავი და, როგორც ამბობენ, ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო.

- მოულოდნელი რატომ იყო, ნაციონალებთან რაიმე შეთანხმება ჰქონდათ?

- ნაციონალებთან 2012 წლიდან არიან შეთანხმებული. ძველ ცოდვებსაც იმიტომ ახსენებენ, რომ სხვისკენ სჭირდებათ ხელის გაშვერა. ეს ამბები რომ აწუხებდეთ, ამ საქმეებს დიდი ხნის წინ გამოიძიებდნენ. რაც შეეხება ამათ გაბითურებას, ეს „ოცნებამ“ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ნაციონალები იმ თემებს აჟღერებენ, ესენი რაღაც გაუგებრობებს ბლუყუნებენ, თანაც ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს, კალაძემაც კი ფილოსოფოსობა დაიწყო. ერთი სპიკერი მაინც შეარჩიონ, რომ იმან თქვას სათქმელი. სირცხვილია ამდენი სისულელის ლაპარაკი.

- ამბობთ, ოცნება სისულელეებს ბლუყუნებს, ნაციონალები იმ თემებით აპელირებენ, რომლებიც ხალხს აინტერესებსო. ამით ნაციონალების პოპულარიზაციას ხომ არ უწყობენ ხელს?

- ხელს როგორ არ უწყობენ, აბა, 27 ნაციონალი როგორ მოხვდა პარლამენტში? შეიკეტნენ და გადაინაწილეს ადგილები. ეს ძალიან ძვირად დაუჯდება „ოცნებას“ და ამას ნელ-ნელა აცნობიერებენ. მართალია, ესენი ისევ ყველაფერს ნაციონალებს აბრალებენ, მაგრამ ამას ხალხი აღარ დაიჯერებს და ყველაფერზე ისინი იქნებიან პასუხისმგებლები. ძალიან მალე შეფუცხუნდება „ოცნება“ და დაიწყებს მოძრაობებს. ის კაცი, რომელიც დღეს საქართველოში მთავრობას აკომპლექტებს, სამ თვეში ერთხელ შემოგვთავაზებს სამთავრობო ცვლილებებს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, სამ თვეში მთავრობაში ცვლილებები იქნება. შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს. ესენი ისეთ სისულელეებს ყრანტალებენ, რომ არ ვიცი.

„ახალი თაობა“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „ეროვნულმა ბანკმა ლარის მასა უნდა შეამციროს“ // „მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ვალების დაგროვება

ქვეყანაში განვითარებულ ეკონომიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე აფასებს.

- ბატონო პაატა, ლარმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ფასებმა იმატა ყოველდღიური მოხმარების საგნებზე. საზოგადოება შოკშია, ამ ფონზე კი გამოდის ფინანსთა მინისტრი და აცხადებს, რომ ჩვენი საზოგადოება გაუნათლებელია, მათ არ ჰყოფნით განათლება საიმისოდ, რომ სესხი ლარში აიღონ. დაგვცინის ახალი მთავრობა?

- როგორც მახსოვს, თვითონ ამ მინისტრის დეკლარაციაში ყველა მისი ანაბარი უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული. მაშინ ჯერ თვითგანათლებით დაიწყოს და მერე გაანათლოს საზოგადოება. პირიქით ხდება, მე მგონი, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ საკმაოდ არაკომპეტენტური მთავრობა ჰყავს და თავს იზღვევს იმით, რომ თავის სესხებსა და ანგარიშებს დოლარში განათავსებს.

- რატომ სჭირდებათ უცხოურ ვალუტაში სესხის აღება?

- ეს კიდევ მეორე საკითხია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ, რისი შეძენაც მათ სურთ, სწორედ ამ ვალუტაში იყიდება, ხოლო რა მოუვა ლარს, ბევრმა არ იცის. რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობას ქმნის. ერთი მხრივ, გინდა გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მეორე მხრივ კი ამის საშუალებას არ იძლევა არაფერი. არავის კრიტიკა არ მჭირდება, უბრალოდ, საჭიროა გამოსავლის ძიება.

- სად არის ეს გამოსავალი?

- გამოსავალი არის ძალიან მარტივი. პრობლემა შექმნილია ეროვნული ბანკისა და მთავრობის არაკომპეტენტურობით და სწორედ ამის გამოსწორებით უნდა დაიწყოს.

- პიროვნულ ცვლილებებს გულისხმობთ?

_ პიროვნული ცვლილებები იქნება ძალიან რთული და ამას არავინ გააკეთებს. ამის გაკეთება ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ხარაკირი გაიკეთოს `ქართულმა ოცნებამ~. ბევრად უფრო ადვილი და ნაკლებად მტკივნეული იქნება, თუ ისინი არსებულ პოლიტიკას შეცვლიან.

- როგორი უნდა იყოს ეს ახალი და სწორი კურსი?

- საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ შეამციროს ნებისმიერი ფორმით ფულის მასის ზრდა, მათ შორის, რეფინანსირების კრედიტი უნდა შეზღუდოს, ასევე უნდა გაათანაბროს რეზერვების განაკვეთები ლარსა და უცხოურ ვალუტაზე და უნდა განაცხადოს, რომ ის არის მზად, საჭიროების შემთხვევაში, არ დაუშვას ლარის კურსის შემდგომი გაუფასურება რეზერვების გამოყენების ხარჯზე. აქ არის მთავრობის მხრიდან შესასრულებელი პირობებიც.

- კონკრეტულად რა პირობებზეა საუბარი?

- მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ვალების დაგროვება, მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ ვალების დაგროვებაზე, ანუ აღარ აიღონ ვალი, არც შიდა და არც გარე, უნდა შეწყვიტონ მიმდინარე სუბსიდიებისა და სხვა მსგავსი პროგრამები, რომლებიც გულისხმობს არასაბაზრო ინსტიტუტების დაფინანსებას. იმიტომ, რომ სუბსიდია სჭირდება ისეთ ორგანიზაციას, რომელიც თავს ვერ ართმევს დაკისრებულ ამოცანებს. ასევე უნდა შეჩერდეს ყველა ის პროგრამა, რომლებიც სხვისი შემოსავლების გადანაწილებას გულისხმობს. მკვეთრად უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები. სამწუხაროდ, მათ პირველი ხარვეზი უკვე დაუშვეს.

- რა კუთხით?

- ძალიან დიდი მთავრობა აირჩიეს. ვფიქრობდი, რომ შეამცირებდნენ და არაფერიც არ შეამცირეს. ასევე დღესვე უნდა დაიწყონ აქტიური პრივატიზება, განსაკუთრებით – სასოფლო-სამეურნეო მიწების, რომ ლარზე რამის შესყიდვის საშუალება გაჩნდეს, ანუ ლარს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფა რეალური დოვლათით, რომელიც ქვეყანაშია. ეს არის მინიმუმი პაკეტი, რაც დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.

- სერიოზული პრობლემა აქვთ ეკონომიკურ გუნდში. გვესმის შეფასებები, რომ ჰეჯირება ლარზე მეტად მთავრობას სჭირდება. ასეა?

- ამ სიტუაციაში მთავრობას ყველაზე უფრო გადაყენება მოუხდება თავისი პრემიერიანად, რადგან ღრმად არაკომპეტენტურობას იჩენს. იმაშიც ვერ ჩამოყალიბდნენ, დევალვაციაა თუ გაუფასურება.

- ანუ არაკომპეტენტურები არიან?

- მე მგონია, რომ მიზანმიმართული პროცესი იყო და გრძელდება ეს მიზანმიმართული პროცესი, მაგრამ იგი შენიღბულია რაღაც განცხადებებით.

- ვის სჭირდება ან რით გამოიხატება მიზანმიმართულობა?

- ვიღაცა ამით ხელს ითბობს! აბა, როგორ წარმოვიდგინო, რომ ეს ხალხი ასე ერთიანად გამოშტერდა. თითქოს ყველას ეკონომიკურ განათლება აქვს, ყველა ჩახედულია სფეროში და ამ ყველაფერზე ასე ბრმად რეაგირებს და ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა, რაღაც ფაქტორებია და ათასი სისულელე, სინამდვილეს კი არავინ ამბობს. ხადურს ეკონომიკური განათლება აქვს, კვირიკაშვილსაც, ქუმსიშვილსაც, გახარიასაც. ვინც ამ საქმეშია, ყველა ეკონომიკური განათლებითაა. ე.ი. რაღაცას მალავენ.

- კუპონიზაციისკენ ხომ არ მივდივართ?

- ვიღაცა უკვე მისულია, ვიღაცას ახლა ელოდება. ადამიანები, რომლებიც ალღოს აუღებენ ამ სიტუაციას და გამოძვრებიან, გადარჩებიან. ყველა ვერ აუღებს ალღოს. არის კონტრაქტები, რომელთა შესრულებაა საჭირო და ამის შესრულება ძალიან რთულია. მაგალითად, გაქვს ბინა ნაყიდი და გასასტუმრებელი გაქვს დოლარში, მაგრამ შემოსავლები გაქვს ლარში და ამას ვერ დაეწევი. 5 წლის წინ დადებული კონტრაქტის შეცვლა ძალიან რთულია.

- როგორ უნდა დააზღვიონ ასეთმა ადამიანებმა საკუთარი სესხები, როდესაც სთავაზობს მთავრობა ამის გაკეთებას? ზარალზე არ წავლენ ეს ადამიანები?

- რასაკვირველია, წავლენ. აქ მთავრობის შეცდომაა. მთავრობის შეცდომები ჩვენ როგორ უნდა დავაზღვიოთ?! მოსახლეობის არაკომპეტენტურობაზე საუბარი სრული სისულელეა. დღეში სამ-ოთხ ინტერვიუს ვიძლევი და არაკომპეტენტური ჟურნალისტი, სულელური კითხვა რომ დაესვას, არ შემხვედრია. ყველა საღად აფასებს მოვლენებს და იცის მოსახლეობის განწყობა. აქედან გამომდინარე, როგორ წარმოვიდგინო, რომ დანარჩენი ხალხი არის ისეთი ბნელი, რომ არ ესმის, რას აკეთებს?! სინამდვილეში პირიქით არის.

- მთავრობაა ბნელი?

- აქ სულ სხვა პროცესი მიდის, რომელიც არ ჩანს და ესენი ცდილობენ, ხელი მოსახლეობას შეახოცონ. ელემენტარულ კითხვას ვსვამ _ ჩვენ რატომ არ შევისწავლეთ კუპონის გაუფასურების პროცესი და ის, თუ ვინ იხეირა იმ საქმით? რატომ გვგონია, რომ ის ადამიანები დღესაც არ არიან იქ, სადაც არიან?!

- კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- მაგალითად, ნოდარ ჯავახიშვილი. მაშინაც იყო და დღესაც არის. იმ დროს, გაუფასურების დროს ის იყო პასუხისმგებელი და ახლაც ახლოს არის მთავრობასთან. აქამდე მინისტრი იყო და, როგორც ვიცი, ახლა კონტროლის პალატის თავმჯდომარედ ნიშნავენ. და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იმ პროცესების უშუალო მონაწილენი იყვნენ! ამ ხალხმა ზუსტად იცის, ფული სად მიდიოდა და რატომ მიდიოდა! რატომ არ შეიძლება, რომ იმავე ადამიანებმა ასევე ბოროტად გამოიყენონ ახალი ვითარება?! ვინ არის ის, ვინც დღეს ამით ხეირობს?!

- მაინც ვინ არის?

- აქ არის ვიწრო შეკრული წრე, რომელსაც არაფრის შეცვლა არ უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ათასი შენიშვნა და კრიტიკაა. ეს არის პოლიტიკის ხარვეზი და რატომ არ უნდათ ამ პოლიტიკის გამოსწორება. ეს არის საიდუმლო, რომელიც უნდა გაიხსნას! არის სერიოზული ფულადი დაინტერესება. ამით ვიღაც ძალიან სერიოზულ შემოსავალს იღებს. თუ ვინ იღებს, ეს არის დასადგენი. მაგალითად, ისლანდიაში 2008 წლის კრიზისი მნიშვნელოვანწილად დაბრალდათ ბანკირებს და 26 ბანკირი დაიჭირეს.

- საით მიანიშნებთ, რომ ჩვენთანაც ბანკირების ბრალია?

- მე არ ვიცი, ამხელა მასშტაბია თუ არა აქ, მაგრამ ფაქტია, რომ აუცილებლად უნდა გაირკვეს ეს ამბავი! რადგან მთავრობის მხრიდან არ ჩანს, რომ ამ ამბით დაინტერესებული იყოს, რაღაც შიგნით ხდება და საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერენ! ცვლილებების გარეშე ეს არ გამოაშკარავდება. არადა, არჩევნები ახლახან იყო და სინამდვილეში იმაზე რთულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე წარმოგვიდგენია! არცერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, აზრზე არ არის, რაზე ლაპარაკობს. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ოპოზიციაა და რომელსაც, შესაძლებელი იყო, განსხვავებული აზრი ეთქვა, ისიც კი არ ამბობს, მხარს უჭერდა ქადაგიძის პოლიტიკას, რომელიც დღესაც გრძელდება! ქადაგიძე და გვენეტაძე ზუსტად ერთსა და იმავეს აკეთებენ ერთი ერთში, ყველაფერს აკეთებენ მთავრობის ოცნებების შესასრულებლად!

- მთავრობის ინიციატივა, რომ სესხები გაიცეს ლარში, არ გააძვირებს ლარში სესხის აღებას?

- ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანები იყენებენ იმ ვალუტას, რომელიც სჭირდებათ. ლარში აიღებენ და მერე გადაახურდავებენ დოლარში, რადგან, რისი ყიდვაც მათ სურთ, ის დოლარში იყიდება. მსგავსი შეზღუდვები აბსურდია! მაშინ უნდა დაავალდებულო ყველა, რომ ბინები, მანქანები – ყველაფერი ლარში გაიყიდოს. თოფითაც რომ დაადგე, ვერ დაავალდებულებ, რომ იმ კურსით გაყიდოს, რომელიც დღეს არის. მოუმატებენ და, პირიქით, გაძვირდება. ჩვენ ლარი კი არ გვჭირდება, ლარით რაც უნდა ვიყიდოთ, ის გვჭირდება. ჩვენ ლარსა და დოლარს კი არ ვჭამთ, ვჭამთ და მოვიხმართ იმას, რაც იყიდება ამ დოლარსა და ლარზე! თუ ვერაფერი ვიყიდე ლარზე, ვერც სახლი, ვერც მანქანა, მაშინ რა აზრი აქვს, სესხის აღებას ლარში რომ მაძალებ?! მსგავსი რაღაცის მოფიქრება სრული უგუნურობაა.

———————-

საქართველო და მსოფლიო“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

კართან მოდგა ოსმალეთიიი

ლუკა ნემსაძე

ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობა დღითიდღე უარესდება. დიალოგის შეწყვეტა რეალურ საფრთხედ იქცა. რას მოუტანს საქართველოს თურქეთის შესაძლო იზოლაცია ევროპისგან და მისი ახალი საგარეო პოლიტიკა, რომელიც სულ უფრო აქტიური და ძნელად განსაჭვრეტი ხდება?

მე ვარ თურქი, მაშასადამე - ევროპელი?

24 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირში თურქეთის გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის რეკომენდაციით. მთავარ მიზეზად დასახელდა რეპრესიები, რომლებსაც ერდოღანის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიმართავს. ევროპარლამენტის მომხსენებლის _ კატი პირის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში შეთქმულების მხარდაჭერის ბრალდებით თურქეთში დევნა განიცადა და სამსახური დაკარგა 110.000-ზე მეტმა ადამიანა, დაიხურა თითქმის ყველა დამოუკიდებელი გამოცემა, ხოლო 145 ჟურნალისტი ციხეში აღმოჩნდა. ამ კონტექსტში, საინტერესო იქნება იმ მონაცემების მოყვანა, რომლებიც გასულ კვირას თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა გამოაქვეყნა _ ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან ბრძოლის ფარგლებში დაპატიმრებულია 36951 პირი, გამოძიება სულ 92607 პირით დაინტერესდა; ეს მართლაც უპრეცედენტო მასშტაბებია.

ევროკავშირის კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში _ ფედერიკა მოგერინი რთულ მდომარეობაში აღმოჩნდა. ევროპარლამენტარების ინიციატივა საფრთხეს უქმნის მოლაპარაკების პროცესს, უპირველესად კი, მარტში მიღწეულ შეთანხმებას მიგრანტების თაობაზე, რომლის ფარგლებში, ევროპის კარიბჭესთან ლტოლვილების “მეცხრე ტალღის” შეჩერების სანაცვლოდ, თურქეთს ევროინტეგრაციის დაჩქარება, ფინანსური დახმარება და უვიზო რეჟიმი უნდა მიეღო. ბოლო საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც ნოემბრის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბრიუსელს, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა: თუ წლის ბოლომდე ევროკავშირი უვიზო რეჟიმს არ შემოიღებს, თურქეთი უარს იტყვის შეთანხმებაზე ლტოლვილების რეადმისიის თაობაზეო. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ თურქეთის მთავრობის მუქარის არ ეშინია და ის თვითონ არის დამნაშავე, რომ პროცესი ჩიხში შევიდა, რადგან არ სურს, შეცვალოს კანონმდებლობის ის მუხლები, რომლებიც მოქალაქეებს ქვეყნიდან თავისუფალ გასვლას უკრძალავს. პარალელურად, ევროკავშირის წარმომადგენლები პრაქტიკულად ყოველდღე ადანაშაულებენ თურქეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში და სანქციების შემოღებასაც კი მოითხოვენ. ვალში არც ერდოღანის ხელისუფლება რჩება, რომელიც ოპონენტებს ტერორიზმის ხელშეწყობაში, თურქეთში აკრძალული “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მხარდაჭერასა და ტყუილში ადანაშაულებს.

ბრიუსელელი მაღალჩინოსნები იძულებულნი არიან, გაითვალისწინონ ევროპელი საზოგადოების შეშფოთება რეპრესიებზე, მაგრამ, ამასთანავე, ისინი წევრი სახელმწიფოების, უწინარესად კი, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობების ზემოქმედებას განიცდიან, რომლებსაც არ სურთ, შეთანხმება მიგრანტების თაობაზე გაუქმდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფორმალური თვალსაზრისით საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას თურქეთის პრობლემებთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა რეალურად პროცესის შეფერხების მთავარი მიზეზია, რადგან საქართველოსთვის (უკრაინასთან ერთად თუ მის გარეშე) უვიზო რეჟიმის მინიჭება თურქეთის იგნორირების პირობებში ერდოღანის ხელისუფლებისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იქნება და კონსენსუსის შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს.

გაფართოება და დაბრუნება

თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების დაკვირვების პროცესში შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ერდოღანის მთავრობა ცდილობს, რაც შეიძლება რადიკალური განცხადებები გააკეთოს. ამას, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. თურქეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი, ყოფილი პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ თავის მონოგრაფიაში “სტრატეგიული სიღრმე” (2001) მიუთითებს იმაზე, რომ მისი ქვეყანა წლების განმავლობაში ცდილობდა, დაეფუძნებინა საგარეო პოლიტიკა ათათურქის პრინციპზე “მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მთელ მსოფლიოში”. ის ფრიად იდეალისტურად გამოიყურება, თუმცა მის უკან სავსებით პრაგმატული გათვლა იდგა _ იმ პერიოდში, როდესაც წამყვანი იმპერიალისტური სახელმწიფოები ძლევამოსილების პიკზე იმყოფებოდნენ, ქემალისტური თურქეთი ცდილობდა, მათთან შეჯახების საფრთხე მინიმუმადე დაეყვანა. ამას მოჰყვა ორი მთავარი შედეგი _ თურქეთმა “ურისკო საგარეო პოლიტიკის” გატარება დაიწყო, ფაქტობრივად, უარი თქვა ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და საგარეო გამოწვევების მიმართ ტაქტიკური რეაგირების რეჟიმში გადავიდა. ამასთანავე, მან მჭიდროდ დაუკავშირა თავისი მომავალი ნატოსა და ევროკავშირს და დამოუკიდებელი რეგიონული პოლიტიკის გატარებაზე უარი თქვა. ამან, საბოლოო ჯამში, თურქეთი აშშ-ის სატელიტად გადააქცია, მისი ავტორიტეტი კი რეგიონში მკვეთრად დაეცა.

დავუთოღლუ თურქეთის პოლიტიკურ ელიტას ამ მიდგომის გადახედვისკენ, ახალი საგარეო პოლიტიკის ფორმირებისკენ მოუწოდებდა, მით უმეტეს, რომ ამისთვის შესაბამისი წინაპირობები გაჩნდა. “ცივი ომის” დასრულების შემდეგ თურქეთის ეკონომიკა სწრაფად განვითარდა და მსოფლიო ეკონომიკების ტოპ-ოცეულში შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ლიდერ ქვეყნებთან შედარებით ბევრი სასარგებლო წიაღისეული არ აქვს და არც თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობს. განვითარების ტემპი XXI საუკუნის დასაწყისში ისეთი მაღალი იყო, რომ 2023 წლისათვის თურქეთის ხელისუფლებამ მთავარ მიზნად დასახა წამყვანი ეკონომიკების ტოპ-ათეულში შესვლა. ეკონომიკური გაძლიერების ფონზე გაჩნდა გაცილებით ამბიციური საგარეო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა და სურვილი, მით უმეტეს, რომ რეგიონში მასშტაბური კრიზისი დაიწყო, ხოლო წამყვანი მოთამაშეების მდგომარეობა გართულდა.

ყოველივე ეს აისახა ერდოღანის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის სტილსა და რიტორიკაზე, “ძლიერებთან ამა ქვეყნისა” კომუნიკაციისას ის გაცილებით თამამი გახდა. აქ მნიშვნელოვან როლს ფსიქოლოგიური, სუბიექტური მოტივები, თვითდამკვიდრებისა და მრავალწლიანი დუმილის კომპენსირების სურვილი ასრულებს. ამასთანავე, გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანი მოწადინებულია, მოსახლეობის თვალში ძლიერ ლიდერად წარმოჩნდეს. მან უკვე გააგებინა მსოფლიოს, რომ თურქეთის ძველი საგარეო პოლიტიკა, რისკების მინიმიზაციითა და დამამშვიდებელი რიტორიკით, აღარ დაბრუნდება, თუმცა მისი ქვეყნის ახალი საგარეო პოლიტიკის კონტურები ექსპერტებისთვის კვლავინდებურად ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დავუთოღლუმ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახა “ნული პრობლემა მეზობლებთან”, მის ნაშრომში გვხვდება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “აჩილიმი”, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც “გავლენის სფეროების გაფართოება” და “დენიუში”, ანუ “დაბრუნება”, ხოლო ჩარღმავება ამ საკითხში ცხადყოფს, რომ “ნულ პრობლემაში” იგულისხმება პრობლემების გადაწყვეტა ისე, როგორც ეს თურქეთის ხელისუფლებას წარმოუდგენია და ამის ილუსტრაციად შეიძლება გამოდგეს მისი მოქმედება სირიასა და ერაყში.

ოსმალეთი თუ თურქეთი?

დავუთოღლუ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური აზრი თურქეთში ოთხი ძირითადი მიმართულებით ვითარდება, მათ შორისაა: 1. ახალი ოსმანიზმი; 2. ახალი ისლამიზმი; 3. რადიკალური პროდასავლურობა; 4. თურქიზმი. ის მიიჩნევს, რომ სავსებით შესაძლებელია თურქეთის საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავება ამ ოთხი ვექტორის სინთეზის საფუძველზე; მეტიც, ეს აუცილებელია, რადგან თითოეული მათგანი მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს.

ჩავუშოღლუ წინააღმდეგია იმისა, რომ მის მიერ შემუშავებულ საგარეო კურსს, ნეოოსმანური უწოდონ, მაგრამ უამრავი ექსპერტი ამას მაინც აკეთებს და, შესაძლოა, ხედავს კიდეც გარკვეულ კავშირს დღევანდელ თურქეთსა და ძველ იმპერიას შორის, ყოველ შემთხვევაში, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ თურქული “პროდასავლურობა”, რომელიც ქემალისტური იდეების ტრიუმფის პერიოდში სასათბურე პირობებში ვითარდებოდა, დღეს, განსაკუთრებით კი გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ნაკლებად პოპულარულია. აშკარაა, რომ თურქებს აღარ აკმაყოფილებთ ვაშინგტონის უსიტყვო მორჩილება და მათი ამბიციები სატელიტობას სცდება. ახალი როლის ძიების პროცესში თურქეთმა შეიძლება საკმაოდ ხისტ, მეტიც, აგრესიულ პოლიტიკას მიმართოს, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ – ქართველი “პროდასავლელები” რეალობისთვის თვალის გასწორებაზე უარს ამბობენ და თურქეთს კვლავინდებურად მხოლოდ ვაშინგტონის ნების გამტარებლად წარმოაჩენენ. როგორც ჩანს, მათ არ ჰყოფნით გონიერება და გამბედაობა იმისთვის, რომ რეგიონში შექმნილი ახალი სიტუაცია ობიექტურად აღწერონ.

ერდოღანი აგრძელებს მწვავე კამათს ევროპელ ჩინოვნიკებთან და მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის “მოსაცდელში”, სადაც მისმა ქვეყანამ ათწლეულები გაატარა, გაჩერებას აღარ აპირებს. მან განაცხადა, რომ თურქებმა საკუთარი დამოკიდებულება ევროინტეგრაციის მიმართ შეიძლება მომავალ წელს საგანგებოდ დანიშნულ რეფერენდუმზე გამოხატონ. თუ თურქეთის გაწევრება ევროკავშირში დღის წესრიგიდან მოიხსნება, საქართველოს ევროინტეგრაციული პერსპექტივები პრაქტიკულად განულდება, რადგან ის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ თურქეთის ინტერესებსაც შეეწინააღმდეგება. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთ ვითარებაში ევროკავშირის მესვეურებმა თავი გადადონ და ყველა პოლიტიკური თუ გეოგრაფიული ფაქტორის უგულვებელყოფით ჩვენს ევროპულ მომავალზე ზრუნვა დაიწყონ.

საქართველოს ისტორიას ერთ მარტივ დასკვნამდე მივყავართ – უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ვემზადოთ. ერდოღანს სურს, კონსტიტუცია შეცვალოს და თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადააქციოს, რაც მკვეთრად გაზრდის მის კონტროლს ხელისუფლებაზე. დიდია ალბათობა, რომ ახლო მომავალში თურქეთში ჩამოყალიბდება ძლიერი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ევროკავშირსაც დაუპირისპირდება და მეზობლების მიმართ გაცილებით რადიკალური გახდება და ამან ოფიციალურ თბილისს შეიძლება რუსეთთან დაახლოებისკენ უბიძგოს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება და საექსპერტო საზოგადოება თურქეთში მიმდინარე პროცესებს გაათმაგებული ყურადღებით უნდა დააკვირდეს.

საქართველო და მსოფლიო“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

რა უნდათ საქართველოსგან ამერიკელნეოკონებს”?

ლუკა ნემსაძე

საქართველო კვლავ ამერიკელი “ნეოკონსერვატორების” ყურადღების ცენტრშია. აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ჩვენი ქვეყნის შესახებ “უოლ სტრიტ ჯორნალში” საკმაოდ დამაფიქრებელი წერილი გამოაქვეყნა. უახლოეს მომავალში კი საქართველოში სენატორი ჯონ მაკკეინი ჩამოვა. საინტერესოა, რამ განაპირობა “ძველი ნაცნობების” გააქტიურება.

რამსფელდის გეგმები და ილუზიები

დონალდ რამსფელდის ბოლო ვიზიტი საქართველოში ამა წლის ივნისში შედგა _ მისმა ფონდმა თბილისში “კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის რეგიონული ფორუმი” ჩაატარა. ამ ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი დონალდ რამსფელდს ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა და ზალმაი მამოზი ხალილზადთან (“ხალილზად ასოსიეიტის” პრეზიდენტი) ერთად ის “საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში შეტანილი პირადი წვლილისთვის” ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

დონალდ რამსფელდმა თანამდებობა 2006 წელს დატოვა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია, ამიტომ ბუშის ადმინისტრაციაზე საუბრისას მას საქართველოში გაცილებით იშვიათად ახსენებენ, ვიდრე კონდოლიზა რაისს ან, მაგალითად, დიკ ჩეინის. უნდა აღინიშნოს, რომ ის ყოველთვის იყო საქართველოს ნატოში სწრაფი გაწევრების მომხრე და პირველად ამაზე ჯერ კიდევ 2003 წლის დეკემბრის დასაწყისში მიანიშნა, როდესაც თბილისში ახალი ხელისუფლების მიმართ თეთრი სახლის მხარდაჭერის გამოსახატავად ჩამოვიდა.

გასულ კვირას გამოქვეყნებულ წერილში რამსფელდი ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ფორსირებულ ინტეგრაციას ნატოში. ,,პირველ რიგში, უნდა აღმოიფხვრას ყველა ბარიერი საქართველოს ნატოს წევრობის გზაზე და საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს მაპი. საქართველომ გადაიხადა თავისი საფასური _ ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ და ნატოელ ჯარისკაცებს გვერდით უდგანან ავღანეთსა და ერაყში. რუსეთი პრეტენზიებს აყენებს, რომ საქართველოს წევრობა ნატოში პროვოკაცია იქნება. რუსეთის შესაძლო რეაქციამ ნატოს ზოგიერთი წევრი დაარწმუნა, რომ საქართველოს სვლა ნატოსკენ უნდა გადაიდოს. ნატოს ბოლო სამიტებზე არაერთხელ აღინიშნა საქართველოს წვლილი დასავლეთის უსაფრთხოებაში. ახლა მოქმედების დროა. დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესები არ უნდა იქნას მძევლად აყვანილი რუსეთის უკმაყოფილების გამო… ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები ფსონზე დევს საქართველოში. საქართველო ის მოკავშირეა, რომელიც ჩვენ გვჭირდება”, _ წერს აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი (“ინტერპრესნიუსის” თარმანი).

საგულისხმოა, რომ წერილში არაფერია ნათქვამი ევროპელი მოკავშირების წინააღმდეგობის დაძლევის გზებზე. ბუშის ადმინისტრაციამ ეს ვერ მოახერხა _ ვერც აგვისტოს ომამდე (ბუქარესტის სამიტზე) და მით უმეტეს _ მის შემდეგ. მსგავსი გადაწყვეტილებები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კონსენსუსის საფუძველზე მიიღება და არანაირი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ვაშინგტონს, გვერდი აუაროს გერმანია-საფრანგეთის არაფორმალურ ვეტოს, არ არსებობს. დონალდ რამსფელდი ტრამპის ადმინისტრაციას სთავაზობს, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდეს, რადგან მისი გეგმა სრულიად უპერსპექტივოა, ისევე, როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის _ მევლუთ ჩავუშოღლუს წინადადება ნატოში საქართველოს გაწევრებაზე მაპის მინიჭების გარეშე, რადგან “ძველი ევროპის” წარმომადგენლები მედგარ წინააღმდეგობას ამ შემთხვევაშიც გაწევენ. რა საჭიროა იდეა, რომლის ხორცშესხმა შეუძლებელია, და მასზე დაფუძნებული ილუზიები?

ამ გზავნილში ორი საინტერესო ქვეტექსტია _ რამსფელდი ცდილობს, ხელი შეუწყოს თეთრი სახლის ძალისხმევას და გარკვეული წვლილი შეიტანოს აშშ-ის პოსტსაბჭოთა პარტნიორების დამშვიდებაში, რომლებიც ტრამპის არჩევის შემდეგ შიშობენ, რომ ამერიკელებმა შეიძლება მიატოვონ. ამასთანავე, ამერიკული ისტებლიშმენტის ნაწილს სურს, გააღრმავოს “ახალი ცივი ომი” და ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მწვავე კონფრონტაციაში ჩართოს. როგორც ჩანს, დონალდ რამსფელდიც ამ მიმართულებით მუშაობს.

მაკკეინის ჯვაროსნული ლაშქობა

ესტონეთი-უკრაინა-საქართველო _ ასეთი იქნება სენატორების _ ჯონ მაკკეინისა და ლინდსი გრემის ვიზიტის მარშრუტი; “ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, ისინი ჩამოთვლილ ქვეყნებში დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ჩავლენ. იქვე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვან ბარიერად “ახალი გადატვირთვისთვის” შეიძლება სწორედ ამერიკელი კანონმდებლების პოზიცია იქცეს. აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია ერთი გარემოება _ რამსფელდი, მაკკეინი და სხვები ვერ მოუწოდებენ ტრამპის ადმინისტრაციას, აქტიურად იმოქმედოს რუსეთის საზღვრებთან, თუ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელობა შესაბამის სიგნალებს არ გააძლიერებს _ “გაგვაწევრეთ ნატოში!”, “მოგვეცით იარაღი!” და ა.შ., მაგრამ ამერიკელების შესაძლო უკანდახევით შეშფოთებული პროდასავლელი ლიდერები აღმოსავლეთ ევროპაში ცდილობენ, ზედმეტად არ გააღიზიანონ კრემლი მაშინ, როდესაც მიზნის მიღწევა (მაგალითად, ნატოში გაწევრება) შეუძლებელია. ეს რეალური პრობლემაა ნეოკონსერვატორებისთვის და მის გადაწყვეტას ცდილობენ.

ყველაზე კარგად მათ მიხეილ სააკაშვილი გაუგებდათ, მაგრამ ის ამჟამად “ოფსაიდშია”, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. საინტერესოა, რა რჩევას მისცემს ჯონ მაკკეინი გახლეჩის პირას მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, რომლებთანაც მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. არც ისე მცირეა იმის ალბათობა, რომ გარკვეული ფორმით მხარდაჭერას ბოკერიას ჯგუფის მიმართ გამოხატავს, თუმცა მისი მთავარი ადრესატი ხელისუფლება იქნება, სწორედ მისგან შეეცდება, მიიღოს მკვეთრად ანტირუსული პოზიციის გამოხატვა, რომელიც ნატოში გაწევრებისა და იარაღის მოწოდების მოთხოვნით დაგვირგვინდება. “ნაცმოძრაობის” ფაქტორი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, რადგან ეს პარტია კრიზისშია და ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ხელშესახებ პერსპექტივაში არ ექნება.

მსგავს სიტუაციებში ივანიშვილის ხელისუფლება, როგორც წესი, როლების განაწილების ტაქტიკას მიმართავს. რამდენიმე მაღალჩინოსანი, მაგალითად, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი მკვეთრ პროდასავლურ და ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ, ხოლო პრემიერმინისტრი და კიდევ რამდენიმე ფიგურა მათ მოგვიანებით “აბალანსებენ”, არბილებენ და ცდილობენ, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ მისთვის სასურველი მესიჯი მიიღოს. ამასობაში, რეალურად შეჩერებულია როგორც “ნატოს კარზე კაკუნის”, ისე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი – ხელისუფლება, ფაქტობრივად, ელოდება რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლას და პასიურობს, რადგან საბედისწერო შეცდომის დაშვების ეშინია. ვინაიდან აშშ-ს არ შეუძლია ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგობა დაძლიოს, ოფიციალური თბილისიც მაპზე საუბრით დიდად არ აწუხებს, რადგან ამ თემის მუდმივი პედალირება საქართველოში ანტიამერიკულ განწყობებს ზრდის, მაგრამ რამსფელდს, მაკკეინსა და მათ უკან მდგომ ძალებს სწორედ ახლა სჭირდებათ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ისტერიკული მოწოდებები სასწრაფო დახმარებაზე, რის სანაცვლოდაც, მხარდამჭერი განცხადებებისა და საგაზეთო სტატიების გარდა, რეალურად არაფრის შემოთავაზება არ შეუძლიათ. თუ ივანიშვილის ხელისუფლება შესაბამისი როლის შესრულებაზე უარს იტყვის, მის წინააღმდეგ შეიძლება ერთი პრობლემური თემა გამოიყენონ, მით უმეტეს რომ ამის გაკეთებას, სავარაუდოდ, აშშ-ის ხელისუფლებაც აპირებს.

ძია სემის ორმაგი თამაში

მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი დასკვნით სტადიაში შევიდა, აშშ-ის ხელისუფლებამ სხვადასხვა ფორმით არაერთგზის მიანიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიას არავინ უნდა შეეხოსო. ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ეს სიგნალი და განაცხადა, რომ იმედი აქვს, არჩევნებამდე სასამართლო საბოლოო ვერდიქტს არ გამოიტანს, მაგრამ, თუ ეს მოხდება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის მენეჯმენტი 8 ოქტომრამდე არ შეცვალოს.

არჩევნების შემდეგ, როდესაც ცხადი შეიქნა, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული იურიდიული პროცედურები დასკვნით სტადიაში შევიდა და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ქიბარ ხალვაშისთვის სასურველ გადაწყვეტილებას, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი “რუსთავი 2”-ში მივიდა, იქ დახურული შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ “შეერთებული შტატები მხარს უჭერს მედიის მრავალფეროვნებას”. ტელეკომპანიის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ და მისმა თანამოაზრეებმა აღიქვეს ეს, როგორც ერმნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ხოლო მათი ოპონენტების ნაწილმა _ როგორც ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევა ამერიკელების მხრიდან, რადგან წინასაარჩევნო პერიოდი დასრულდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიანიშნეს “რუსთავი 2”-ის ხელშეუხებლობაზე. ეს კი, მათი აზრით, ივანიშვილის ხელისუფლებას ორ გამოსავალს უტოვებს _ ან სასამართლოზე ზემოქმედება მოახდინოს, მისი დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობის პრინციპი უგულებელყოს და გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, ან წინასწარ შეეგუოს იმას, რომ “დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვისთვის” გააკრიტიკებენ, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლები, ისე სენატორ მაკკეინის მსგავსი ფიგურები. აშშ-ის ხელისუფლება ქართველ პარტნიორებზე ზემოქმედების კიდევ ერთი ბერკეტის მოპოვების შესაძლებლობას, სავარაუდოდ, ხელიდან არ გაუშვებს. ეს ისტორია, ალბათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჯენტლმენური შეთანხმება შეიძლება დადო მხოლოდ ჯენტლმენებთან.

ივანიშვილის მოწინააღმდეგეები დღეს ფრიად დასუსტებულები არიან, თუმცა მათი ძალების კონსოლიდაცია შეიძლება სწორედ “რუსთავი 2”-ის გარშემო მოხდეს, მით უმეტეს, თუ დასავლეთიდან სერიოზული მხარდაჭერის იმედი ექნებათ. ის ლიბერალური ჯგუფები, რომლებიც ქართველმა ამომრჩეველმა 8 ოქტომბერს ისტორიის სანაგვეზე მოისროლა, პოლიტიკურ ავანსცენაზე დაბრუნების გზებს ეძებენ და ვაშინგტონში ამას კარგად ხედავენ. ამიტომ ივანიშვილის ხელისუფლება არ არის დაზღეული იმისგან, რომ ამერიკული მხარე “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული კრიზისისას მკვეთრ განცხადებებს არ გააკეთებს. არც ბიძინა ივანიშვილს, არც ქართულ საზოგადოებას, ალბათ, არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ამერიკელები თამაშის წესებს ან ადრე მიღწეულ შეთანხმებებს დაიცავენ.

საქართველო და მსოფლიო“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

ბიძინა ივანიშვილის წერილი დონალდ ტრამპს

სალამი, მისტერ დონალდ! გამეცინა, დონალდი რომ დავწერე, ჩემს ბავშვობაში “ჟვაჩკა” იყო “დონალდო”, მანეთი ღირდა “ციგნებთან”. მერე დაარქვეს “ჟვაჩკას” საღეჭი რეზინი და “ციგნებს” კიდევ – ბოშები, თორემ ჩემს ბავშვობაში ყველაფერს თავისი სახელი ერქვა…

გული მიგრძნობდა, რომ გაიმარჯვებდი და წინასწარ მონდოდა მოლოცვა, მაგრამ მოგეხსენება, ჩვენთანაც არჩევნები იყო და ჩემს შუშის სასახლეში იმდენი მთხოვნელი (ახლა დაარქვეს მთხოვნელი, თორემ ჩემს ბავშვობაში მათხოვარი ერქვა, კინოც არის ოლია მათხოვარზე) იყო, ფანჯრებიდან ორთქლის გაწმენდას ვერ ასწრებდნენ. თანაც რამდენჯერაც წერილის დასაწერად დავჯექი, ხან გუგული მაღრაძე დამადგა თავზე, ხან _ ეკა ბესელია და მაგათი ინგლისურით რომ მომეწერა, ევროატლანტიკური სივრცისკენ ჩვენ სწრაფვას წერტილს დაუსვამდი. ეგებ ჯობდეს კიდეც ერთი დიდი წერტილი, მაინც ისე გამოდის, როგორც ბევრს გამოუვიდა ამ წინასაარჩევნოდ _ აკაკუნებდნენ ჩემს კარზე და არ ვუღებდი. ასეა მანდაც _ რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მის შემდეგ ვაკაკუნებთ და თქვენ კიდევ, კარის გაღების ნაცვლად, “გლაზოკიდან” გვაკვირდებით. ისე, ჩემს სახლს “გლაზოკი” არ სჭირდება, სპეციალურად შუშის კარი მაქვს, რომ დავინახო, ვინ მოდის და გასაღებად არ ჩავიდე.

ჰოდა, იმას გეუბნებოდი, გილოცავ-მეთქი. ჩემი არ იყოს, შენც მოგწყინდებოდა მხოლოდ ბიზნესი და ფულის კეთება და კი გადაწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა. თავდაპირველად რთული მეგონა, ისე ხატავდნენ ყველაფერს, პიკასოს ნახატი “დორა მაარი კატით”, რომელიც ახლა ჩემი საკუთრებაა, მარტივ ქმნილებად აღვიქვი ლამის, მაგრამ, ახლოს რომ მიხვალ და დაინახავ, იოლია. ყოველ შემთხვევაში, აქ იოლია. ფულს სუნი არ აქვსო, – გაგონილი გექნება შენც, მაგრამ საკმარისია, ბევრი გამოაჩინო და სუნზე ყველა მოდის, ყველა გიცინის და სინამდვილეში ხომ ვიცი, გულში რა უდევთ _ არავის ეყვარები რეალურად, მხოლოდ იმ მომენტამდე გცემენ პატივს, სანამ ფული გაქვს, მაგრამ, როგორც კი იგრძნობენ, რომ შენს ბიუჯეტს რაღაც მოაკლდა, მაშინვე ცხვირს წაიგრძელებენ, სხვა მხრიდან ხომ არ მოდის ფულის სუნიო.

არ მიწყენ, იმედია, რამდენიმე რჩევა რომ მოგცე. რაც უნდა იყოს, შენზე მეტი გამოცდილება მაქვს და, თანაც, აქაურობაც ამერიკის არჩევნებს დაემსგავსა _ ორი პარტია იბრძვის რეალურად პარლამენტში მოსახვედრად და, მე რომ არ მევარგა, მართლა ორი გავიდოდა ბოლოში. მოკლედ, მინისტრთა კაბინეტის შერჩევისას დიდი სიფრთხილე გმართებს. კარგი გარეგნობის მინისტრები არ ამართლებენ. მყავდა რამდენიმე და ერთი დავტოვე ბოლოს. ისიც იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ატარებს, ხან წვერი მოუშვა, ხან – ბულანჟე, ხან თმა დაიგრძელა და ახლა ისეთი ულვაში აქვს, ზაურს შეშურდება. ზაური შენ არ გეცოდინება, ქართული ფილმის გმირია, “რაჭა ჩემი სიყვარული” ჰქვია… ჰოდა, ახლა იმას ვფიქრობ, ვიზიტით რომ წავა სადმე, საზღვარზე როგორ გადაუშვებენ, უულვაშოა პასპორტის სურათში… მოკლედ, მინისტრებზე გითხარი და იმასაც დავამატებ, რომ გენდერულ თანასწორობაზე მაინცდამაინც ბევრს ნუ იფიქრებ, თორემ ქალი, რომ დანიშნავ თანამდებობაზე, ოჯახის წევრებით გაგივსებს სამსახურებს და ატყდება მერე აბავი, _ ნეპოტიზმიო, კლანებიო… არა, შენ კი არაფერი, მაგრამ ჟურნალისტები მოგიშლიან ნერვებს. ნერვების მოშლა კიდევ არ ღირს, ნერვები თუ იშალე, რაღა გასართობია…

დამიჯერე, არ ისწავლო სიტყვა კოაბიტაცია. მე ძალით მასწავლეს. თავდაპირველად მომწონდა კიდეც, მეგრულ გვარს ჰგავდა რაღაცნაირად და ჩემი დედაქალაქის მერი ამბობდა ძალიან სასაცილოდ, მაგრამ ბოლოს მე გამხადა სასაცილო კოაბიტაციამაც და მერმაც. ბიჭო, წინასაარჩევნოდ ხალხს დაჰპირდა, მილიონი ხე უნდა დავრგო თბილისშიო. მაშინვე გადავიანგარიშე გონებაში, ერთი ხე სამი მილიონი დამიჯდა და ამას მილიონი ხის დარგვა უნდა-მეთქი. კი მივხვდი, მიქარული მქონდა, მაგრამ რაღა დროს, კანდიდატს ხომ არ შევცვლიდი?! ესეც გაითვალისწინე, რომ მიხვდები, შეგეშალა, მაშინვე ნუ აღიარებ, აცადე ცოტა, ეგებ გამოასწოროს, თუ არადა, მერე ერთი ჩასჩურჩულე ყურში და ნახევარ საათში წავა თანამდებობიდან. ასეთ მომენტში ისეთი სახე მიიღე, თითქოს შენც გაგიკვირდა, თითქოს არ იცოდი, მაგრამ ყველაფერი აკონტროლე მაინც.

კოაბიტაციას დავუბრუნდეთ. არც კი ვიცი, როგორ აგიხსნა და რა მაგალითი მოგიყვანო. უი, გამახსენდა. ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ურთიერთობა ხომ გახსოვს? ისიც ხომ გახსოვს, რას უშვებოდა ბილი მონიკას? ჰოდა, ჰილარი რომ ამას შეეგუა და ბილი არ მოიშორა, მონიკამ კიდევ მილიონები აკეთა მემუარების წერით, ეგ არის კოაბიტაცია. წინა ხელისუფლება ექცეოდა საკუთარ ხალხს სწორედ ასე, როგორც ლევინსკის _ კლინტონი და, ამის მიუხედავად, კოაბიტაციის რეჟიმი ჩაგვირთეს. ისე, მაშინ მე დამაბრალეს ეგ ამბავი, ბიძინამ ვერ გაიმეტა ნაცებიო და აგერ, ამ არჩევნებზე, მე კი არა, ნახევარმა მილიონმა ვერ გაიმეტა და იცი, რას მივხვდი? ნახევარი მილიონი მონიკა გვყავს საქართველოში. ახლა, შენი მისწრაფება და ქალების სიყვარული რომ ვიცი, მაშინვე აქეთ ნუ გამოვარდები, _ ბევრი მონიკააო, გადატანითი მნიშვნელობით გითხარი ეგ და მანდაც გამოიყენე ხოლმე გადატანითი მნიშვნელობით რაღაცები, გამოგადგება, დამიჯერე.

ჰოდა, იმას გეუბნებოდი, შემოიკრიბე მეტ-ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი პოლიტიკოსები, ოთხი წელი გვერდში გყავდეს, მთლიანად შენზე დამოკიდებული გახადე და ოთხი წლის შემდეგ ხელის ერთი დაქნევით რომ დაიქნევ (ქნევა არ შეგეშლება შენი ბეგრაუნდის კაცს), მარტო დარჩები პრაქტიკულად პოლიტიკურ ველზე, უფრო ზუსტად _ შენ და მონიკები, რაც უნდა გაუკეთო, მაინც ის რომ ურჩევნიათ… ძველი დრო… დაგიდგება მერე კარზე რიგი, მე აქ დამასაქმე, მე _ იქო, მაგრამ არ უნდა აჰყვე, თორემ გაგაგიჟებენ. ჟურნალისტები არ მიიჩვიო ძალიან, მიჯირყვნე ხოლმე, ჩაეკითხე, ეკამათე, ფილოსოფოსების ფრაზებით ესაუბრე და ეგ ამართლებს ძალიან _ აქ ტელევიზიების ჟურნალისტების უმრავლესობას, ფილოსოფოსები კი არა, სოციალურ ქსელებში ორსიტყვიანი სტატუსების მეტი არაფერი აქვს წაკითხული, ამიტომ მაგათი არ შეგეშინდეს, რამდენიც გინდა, ეკამათე, ბოლოს გამარჯვებული გამოხვალ.

ანეკდოტები მოუყევი ხოლმე თვეში ერთხელ ჟურნალისტებს. მერწმუნე, მთელი ერთი კვირა სალაპარაკო მეტი არაფერი ექნებათ, შენ კი მშვიდად შეცვლი რომელიმე მინისტრს და ისინი ისევ იმ ანეკდოტზე ისაუბრებენ. ვალუტის კურსი თუ გაგექცა, პანიკაში არ ჩავარდე და, სანამ კომენტარს გააკეთებ, შენს აქტივებს გადახედე. მიხვდები, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება და კომენტარიც მშვიდი და გაწონასწორებული იქნება.

გლობალური დათბობის შესახებ შენი განცხადება მოვისმინე და მომეწონა. ამინდის შეცვლა ხელოვნურად მე ნამდვილად არ მეშლება, ბოლოს და ბოლოს, პინგვინისთვის სულ ზამთარი მაქვს და ზებრა საჰარის უდაბნოს ქვიშაზე დამირბის ეზოში, მაგრამ არ ღირს მსოფლიოს ბუნებაში ჩარევა და, მაგ თანხებს თუ დაზოგავ, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩადე და გეტყვი რატომაც _ რომ შეგეკითხებიან, რა გააკეთეო, პასუხი ყოველთვის გექნება. აბა, შენ თუ ოთხ წელიწადში გინდა ამერიკის გამოსწორება და სხვა რელსებზე გადაყვანა, არ გამოგივა. დრო სჭირდება ამას, დრო კიდევ, შენც იცი, ფულია.

ხელფასს რომ არ იღებ, მომეწონა. მეც არ ვიღებდი პრემიერობისას, მაგრამ ეს აღარ ახსოვს არავის. აიღებ-არ აიღებ… ერთი ფასი აქვს მაინც და ჩვენი მდგომარეობის ხალხისთვის რა სჯობს, თვითონ განსაჯე.

პირველ ეტაპზე ეს იყო. საქართველოში ჩამოსვლას რომ დააპირებ, მითხარი და კარგად გაგიმასპინძლდები. ოღონდ არ დამიწყო მერე, მიშა ჩემი ძმაკაცია, ეგებ აპატიოო. არ იცის მაგან ძმაკაცობა და ურთიერთობა, ხომ ხედავ, უკრაინიდანაც გააბუნძულეს და ამ სიტყვას, “გააბუნძულეს”, თუ ვერ გადაგითარგმნის თარჯიმანი, მე აგიხსნი. გაბუნძულება ის არის, რაც შენ უქენი დემოკრატებს თეთრი სახლიდან. ჰოდა, ისე მოიქეცი, ოთხი წლის მერე შენზე არ მომიწიოს ამის დაწერა… კოლეგა ხარ მაინც…

საქართველო და მსოფლიო“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

საქართველოს ხელისუფლებას, იმის მაგივრად, რომ განგაშის ზარები დაარისხოს, ერთ ხელში მახათი უჭირავს, მეორეში სადგისი // როცა ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ამომრჩეველი კიბიძინა ივანიშვილს

დავით მხეიძე

გიორგი კვირიკაშვილს ვერ გაუგია, რომ ქართველი საზოგადოება, 4 წელიწადია, შურისძიებას კი არა, სამართლიანობის აღდგენას ითხოვს!

ერთ-ერთ წერილში ვწერდი, რომ ახალი პარლამენტის პირველივე სხდომებზე გამოჩნდება, რისთვის გამოიყენებს “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას-მეთქი და, აჰა, გამოჩნდა კიდეც _ “ახალი” პარლამენტი და “ძველი” მინისტრთა კაბინეტი ერთმანეთს დითირამბებს უმღერიან, თანაც ერთი და იმავე ტექსტით – “რა კარგი იყო გასული 4 წელი და უფრო კარგი იქნება მომდევნო 4 წელიწადი”. ორივენი ერთად კი “ნაციონალურ მოძრაობას” “უტევენ” პრინციპით – “თქვენ რომ 9 წელიწადი…”, რაც, სიმართლე გითხრათ, უკვე ყელში ამოვიდა…

რატომ დავსვი წერილის დასაწყისშივე ამდენი ბრჭყალები?

იმიტომ, რომ ახალი ვუწოდოთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, რომლის შემადგენლობასაც აქეთ თამარ ჩუგოშვილი და მისი მსგავსი რამდენიმე ლიბერასტი დაამატეს, იქით კი _ ენძელა მაჭავარიანი (ამ ქალბატონზე ქვემოთ), რომელიც რბილი ლ-თი უმტკიცებს ერთგულებას ბიძინა ივანიშვილს, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულად მეჩვენება.

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, აქ, უბრალოდ, ქოცებმა ნაცებისდროინდელი და მათივე მოგონილი სამთავრობო კარუსელი დაატრიალეს, ანუ რამდენიმე მინისტრი ერთი სავარძლიდან მეორეში გადასვეს და მინისტრთა კაბინეტს, პარლამენტისგან განსხვავებით, ფორმალურადაც ვერ უწოდებ ახალს.

ქოცები ნაცების ნიჭიერი მოწაფეები აღმოჩნდნენ – მშვენივრად შეირგ-მოირგეს ნაცების მიერ მიღებული მახინჯი კანონები, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დახვდათ და არქიმედესავით შეჰყვირეს “ევრიკა!” – ეს რა მაგარი რამ ყოფილაო (განსაკუთრებით – საარჩევნო კანონი) და არათუ გასული არჩევნებისთვის შეცვალეს რაიმე, არამედ, მგონი, არც 2020 წლისთვის აპირებენ ამ მიმართულებით რაიმეს შეცვლას.

მკითხველს შევახსენებ პრემიერ კვირიკაშვილის მიერ ცოტა ხნის წინათ ნათქვამს, რომელიც ერთი-ერთში “ჯდება” ნაცების რიტორიკაში, რომ თურმე წარსულს თავი უნდა დავანებოთ, შურისძიებეზე უარი ვთქვათ და მხოლოდ წინ ვიყუროთ(?!).

ამიტომაც არის, რომ პარლამენტში ყასიდადაც კი აღარავინ ახსენებს სამართლიანობის აღდგენას _ ერთადერთმა გედევან ფოფხაძემ შეახსენა ეს თემა პრემიერს და პასუხიც შესაფერისი მიიღო: ეს პროკურატურის საქმეა, რომელშიც ჩვენ ვერ ჩავერევითო.

კვირიკაშვილს ვერ გაუგია, რომ ქართველი საზოგადოება, 4 წელიწადია, შურისძიებას კი არა, სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

რას ჰქვია, ვერ ჩავერევით?!

ვის სჭირდება ქოცების მიერ ნაცების წარამარა დამუნათება იმ ყბადაღებული 9 წლით ან რის მაქნისია გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული “ჰეროკრატია”, თუ ამ ფილმის გმირები, ციხის ნაცვლად, პარლამენტში სხედან და მორალს გვიკითხავენ?!

ქოცებ-ნაცების დაპირისპირება პარლამენტში იმ აბსურდის თეატრის გაგრძელებაა, რომელსაც კოაბიტაცია ერქვა და ახლა ეს აფერა თვისებრივად ახალ ფორმაში გადავიდა, რასაც ალხანა-ჩალხანას, გნებავთ, პოლიტიკურად ერთნაირსქესიანი ნაცებ-ქოცების ქორწილი ჰქვია.

ერთი სიტყვით, უკვე მერამდენედ გაბითურებულ საქართველოს ქოცები ნაცებივით მართავენ, იმ განსხვავებით, რომ ცოცხებით არ (თუ იქნებ ჯერჯერობით ვერ?) გვაუპატიურებენ და ამისთვის მადლობა ივანიშვილს?

ერთადერთი, ვინც ნაცებისა და ქოცების სიამტკბილობას არღვევს, “პატრიოტთა ალიანსის” 6 დეპუტატია, რომელთაგან ერთის, ემზარ კვიციანის, კანდიდატურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მოადგილის პოსტზე “ქართულმა ოცნებამ” ნაცების კანდიდატის სასარგებლოდ ჩააგდო(?!). აი, კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ნაცებისა და ქოცების დაპირისპირება სინამდვილეში მირაჟია, ქიმერა… სად პოულობს, რომელი ნაგავსაყრელიდან მოათრია ქოცების ძველი თუ ახალი სახეები, უპრინციპო ნაძირალები ბიძინა ივანიშვილმა?

ევროინტეგრაციის მინისტრი?!

აი, კლასიკური სახე დღევანდელი ხელისუფლებისა – ჯერ კიდევ გუშინ საქვეყნოდ გაჰყვიროდა ვიქტორ დოლიძე ირაკლი ალასანიასთან დუეტში, კაბელების საქმე იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და დღეს ეს კაცი ევროინტეგრაციის მინისტრად დანიშნეს?!

როგორც ბიძინა ივანიშვილი უწოდებს მურუსიძეს, ადეიშვილსა და სხვა ჯალათებს სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის მსხვერპლს (თორემ ისე კაი ბიჭები არიანო), ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ ვიქტორ დოლიძესა და სხვა მინისტრ-დეპუტატებსაც სისტემის, ოღონდ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის, მსხვერპლი. ამ სისტემას კი ივანიშვილის ბაგაზე დაბმა ჰქვია. ბაგაზე, რომლიდანაც საკვების მიღება მწვავე ფორმის ამნეზიას იწვევს და გავიწყდება, რომ, საკუთარი სტომაქის გარდა, არსებობს “პატარა და უმნიშვნელო” რაღაცები _ მოყვასი, რომელსაც, შენგან განსხვავებით, შია, სცივა და სწყურია, და სამშობლო, რომელიც დაგლეჯილ-დაფლეთილია.

სიტყვამ მოიტანა და, ვიქტორ დოლიძე, ფრთიანი ანგელოზიც რომ იყოს, რომელი ევროინტეგრაციის მინისტრია, ევროკავშირის, რომელიც არსებობის (ყოველ შემთხვევაში ამ სახით) უკანასკნელ დღეებს ითვლის?

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას თავი რომ დავანებოთ, რომელსაც ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი უწოდეს სოლიდურმა ანალიტიკოს-პოლიტოლოგებმა, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ თავდაყირა დააყენა თანამედროვე გეოპოლიტიკა _ მსოფლიო ელვის სისწრაფით იცვლება და ამიტომაც ყველა, ვისაც ჭკუა აქვს, ამ ცვლილებების შესაფერისად მოქმედებს.

ან ავიღოთ ფილიპინების პრეზიდენტის _ როდრიგო დუტერტეს ანტიამერიკული, გნებავთ, ანტიდასავლური დემარში. ფილიპინები, რომელიც აშშ-ის ყურმოჭრილი მონა იყო რეგიონში, ახლა მკვეთრად შემობრუნდა რუსეთ-ჩინეთისკენ. საფრანგეთში კი მემარჯვენე ცენტრისტების პარტიის შიგა პრაიმერისში პრორუსმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მოლდოვაში, ბულგარეთსა და ლიტვაში პრორუსულად განწყობილი ძალების გამარჯვების შესახებ წინა სტატიაში ვწერდი და აღარ გავიმეორებ…

ეს სია, სავარაუდოდ, გაიზრდება. საქართველოს ხელისუფლება კი, ვითომ არაფერი მომხდარა, ისევ ნატოსა და ევროკავშირზე მღერის. არადა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორი სასწრაფოდ არის შესაბრუნებელი 180 გრადუსით _ რუსეთთან უნდა დავამყაროთ სტრატეგიული კავშირი, თორემ მალე გვიან იქნება თითზე კბენანი.

რუსეთმა რატიფიცირება მოახდინა კანონისა, რომლის ძალითაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის სამხედრო ძალები ერთიანდებიან და ამიერიდან მოსკოვიდან მიღებულ ბრძანებას დაემორჩილებიან. დიდი სამხედრო სტრატეგობა არ სჭირდება იმას, თუ რას ნიშნავს ყოველივე _ საკმარისია, რუკას დავხედოთ და ცხადი შეიქნება, რომ საქართველო გარშემორტყმულია რუსეთის სამხედრო ძალებით. ამას გარდა, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის განზრახვაზე გალში სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ, სადაც კრემლი 15-20 ათასი სამხედროს შეყვანას აპირებს. ეს ყველაფერი პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა და ხომ წარმოგიდგენიათ, რას მოუტანს საქართველოს მათი პირისპირ შეხვედრა…

ამის მიუხედავად, დღეს ვინც ნატოსა და ევროკავშირზე ლაპარაკობს, ვისაც ისევ ბრიუსელ-ვაშინგტონის იმედი აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, ან უვიცი ბრიყვი მოყვარეა, ან ჭკვიანი და შეგნებული მტერი.

ხელისუფლება კი იმის მაგივრად, რომ სასწრაფოდ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს მოლაპარაკებები, იმაზე მსჯელობით არის დაკავებული, რომელი ზღაპარია უფრო მავნე ჩვენი შვილებისთვის – “კომბლე” თუ “ხუთკუნჭულა”, “ნაცარქექია” თუ “ასფურცელა” და ა.შ.

მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებას, იმის მაგივრად, რომ განგაშის ზარები დაარისხოს, ერთ ხელში მახათი უჭირავს, მეორეში – სადგისი.

თუმცა არა, მთლად უსაქმოდაც არ არიან – დიდი ხანია, მესმოდა, დედა ენის ბაღში ირაკლი ჩარკვიანს, მეტსახელად მეფეს ძეგლი უნდა დაუდგანო, რაც, სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, მაგრამ ცოტა ხნის წინათ მართლაც დაუდგამთ.

ამ ფაქტმა, რომ იტყვიან, ააფეთქა “ფეისბუქი” ძირითადად უარყოფითი კომენტარებით, _ ნარკომანს დაუდგეს ძეგლიო, რაც, ვფიქრობ, არასწორია, რადგან უამრავი დიდი ხელოვანის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებიც ან ნარკომანი იყვნენ ან ლოთი. თუნდაც ნიკო ფიროსმანი და რუსი მიხეილ ბულგაკოვი კმარა ჩემი ნათქვამის დასტურად. ლოთია თუ მორფინისტი ვერ განვიკითხავ, რადგანაც ცოდვებისთვის მაშინ ვაგებთ პასუხს, როდესაც უზენაესის წინაშე წარვდგებით.

ჩემი აზრით, საკითხი ასე უნდა დასმულიყო – ნარკომანიც რომ არ ყოფილიყო, ძეგლი უნდა დაგვედგა “შენ აფრენ”-ის ავტორისთვის, თანაც დედა ენის ბაღში?!

აღსანიშნავია, რომ ეს ძეგლი დაიდგა არა თბილისის ბიუჯეტის, არამედ კერძო სახსრებით, მაგრამ ნებართვა ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის უფროს ია მაქაცარიას გაუცია. ეს ის მერიის კულტურის სამსახურია, რომელმაც 4 წელიწადია, ვერ მოახერხა ველოსიპედის ძეგლის აღება და დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნება, რაც ჯავრად ჩავაყოლეთ საფლავში დიდ მერაბ ბერძენიშვილს.

მივმართავ ქალბატონ ია მაქაცარიას: თუ გაფრენაა, ბოლომდე გავაფრინოთ და “გენიალური” ლექსის “შენ აფრენ” “გენიოსი ავტორის” ნეშტი მთაწმინდაზე ავასვენოთ და, პოეზიის მეფე “სულ ტყუილად” რომ ეგონა თავი, იმ გალაკტიონის გვერდით გავუთხაროთ საფლავი “ნამდვილ მეფე-პოეტს” და ის ძეგლიც ზედ დავადგათ…

ახლა კი ზემოთ შეპირებული პასაჟი – ქალბატონ ენძელა მაჭავარიანზე:

4 წელიწადი ისე გავა, რომ ეს ქალბატონი ერთხელაც არ მივა მიკროფონთან. არადა. რბილ ლ-ზე ეტყობა, კარგი ხაჭაპურის გამოცხობა ეცოდინება და ამიტომ ამ ქალბატონის 4 წლით მოცდენა პარლამენტშ, პურმარილის მოყვარული ქართველი ერის წინაშე ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადენილ კიდევ ერთი დანაშაულია… იმედია, იმერულ ტრადიციებზე აღზრდილ ქალბატონს ეს ხუმრობა არ ეწყინება, რადგან, თავგასიებული ვანო ჯავახიშვილისგან განსხვავებით, არც ქალბატონი ენძელას რბილ ლ-ს დავცინი და, მით უმეტეს, არც მის გამომცხვარ ხაჭაპურსა თუ ისრიმ-მაყვალში “ჩადობილ” წიწილას დავიწუნებდი…

საქართველო და მსოფლიო“, 30 ნოემბერი, 2016 წელი

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!

როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს პოლიტიკოსებს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება?

ჰამლეტ ჭიპაშვილი

ქართული მედიასაშუალებების უდიდესი უმრავლესობა, 25 წელია, იმ ანტირუსული ფსიქოზით ცხოვრობს, რომელსაც ე.წ. ეროვნული ხელისუფლების პერიოდში მიეცა ფართო გასაქანი. საკმარისია, რაღაც ითქვას საქართველოზე (კარგი თუ ცუდი), თუნდაც დადებითად ვიყოთ მოხსენიებული, ამას ქართული ჟურნალისტიკის მხრიდან მყისვე მოჰყვება ხოლმე რეაქცია, ცხადია, ნეგატიური. ამის მაგალითია ჟურნალისტ მანანა ნოზაძის სტატია “სადაც რუსი ცხოვრობს, იქ ყველგან არ არის ნოვორასია!”, რომელიც გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” 22 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

“რუსეთი კალაშნიკოვის ენით საუბარს განაგრძობს. ახლახან რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ მოლდოვას ტერიტორიული კონფლიქტის გადაწყვეტა შეიძლება მაგალითი გამოდგეს უკრაინისა და საქართველოსთვის”.

საკითხი ეხება მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. კალაშნიკოვის აზრით, თუ მოლდოვა გადაწყვეტს კონფედერაციული სახელმწიფო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მოლდოვას შემადგენლობაში დნესტრისპირეთის დაბრუნებას, ეს მაგალითი, შეიძლება იყოს უკრაინა-საქართველოს ტერიტორიული საკითხების მოსაგვარებლად.

უდავოდ ყურადსაღები განცხადებაა ხავსს მოჭიდებული წყალწაღებულებისთვის (უკრაინა-საქართველო), თუმცა, საკითხავია _ თვითონ მათ თუ სურთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება?!

კითხვას მოუფიქრებლად არ ვსვამ, ამას რეალობა და ჩემი გამოცდილება მკარნახობს. 2003 წლის “ვარდების რევოლუციამდე”, წლების განმავლობაში, ავსტრია-გერმანიაში რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს შორის. შეხვედრების ორგანიზატორები ინგლისელი და გერმანელი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. შეხვედრებში მონაწილე 7-7 წარმომადგენელი მშვიდ ვითარებაში ვარკვევდით, რა გზა აგვერჩია შესარიგებლად. 2003 წლის შეხვედრაზე კონკრეტული გეგმაც დაისახა, რომელსაც ხელისუფლებამ უდავოდ ზერელე ინტერესი, უფრო ზუსტად უინტერესობა შეაგება, რამაც მაფიქრებინა ის, რაც ზემოთ ვთქვი.

შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. რა მივიღეთ “ვარდების რევოლუციით”, ყველასთვის ცნობილია. ჩატყდა რის ვაივაგლახით შეკოწიწებული ნდობის ხიდი და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ადრინდელ ჩიხურ მდგომარეობას დაუბრუნდა. 2008 წლის აგვისტომ კი წერტილი დაუსვა ქართულ-აფხაზურ კავშირებს, მით უმეტეს_ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ცხადია, არა ყველას მიერ აღიარებული, მაგრამ განდგომილთათვის მთავარია რუსეთის აღიარება.

2008 წელმა ცივი წყალი გადაასხა 2003 წლის მოლაპარაკების შედეგებს და ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობას, ერთ ქვეყანაში თანაცხოვრებას – ფედერაციული თუ კონფედერაციული სახელმწიფო სისტემის ფარგლებში.

არის თუ არა მცირე შანსი მაინც, ვილაპარაკოთ ქართველთა და აფხაზთა ერთიანი სახელმწიფოს შექმნაზე, ანუ იმ ვითარების დაბრუნებაზე, რომელიც 2008 წლის ომამდე იყო? – პირდაპირ ვიტყვი – არა! და ამას ვერც კალაშნიკოვის ვარაუდი უშველის და ვერც პუტინის. როგორც ერთხელ პუტინმა განაცხადა, რუსეთი ამ საკითხს (აფხაზეთის დაბრუნებას) ვერ გადაწყვეტს, თუ აფხაზთა მხრიდან ამის სურვილი არ იქნება.

და მართლაც, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს პოლიტიკოსებს აფხაზეთის, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება? ალბათ, ასე: იტყვის პუტინი და მეორე დღესვე ფსოუზე აღდგება საქართველო-რუსეთის საზღვარი! მსგავსი რამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარშიც არ ხდებოდა, მით უმეტეს 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში. უმალ შემედავებიან და მაგალითად ყირიმს მოიყვანენ, რაც შეუფერებელი იქნება, ვინაიდან ყირიმმა რეფერენდუმი ჩაატარა და იქ მცხოვრებმა რუსმა უმრავლესობამ მხარი ჯერ დამოუკიდებლობას, ხოლო შემდეგ რუსეთთან შეერთებას დაუჭირა.

აფხაზეთში ერთ დროს უმრავლესობაში მყოფი ქართული მოსახლეობა, უმცირესობაშია. იქაურები დღეს აქ ცხოვრობენ, თავიანთი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებით, რომელთა გადაწყვეტილება “ნამდვილი” აფხაზეთისთვის ნულის ტოლფასია ისევე, როგორც იმ ყოფილი თუ დღევანდელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების, რომლებიც ქართველთა და აფხაზთა ერთიან სახელმწიფოზე ლაპარაკობენ.

ვეჭვობ, რომ კალაშნიკოვის განცხადებამ აღფრთოვანება გამოიწვიოს აფხაზეთში. აი, 2003 წლამდე რომ ჰქონოდა მსგავს რამეს ადგილი, უდავოდ გამოიწვევდა. მაშინ აფხაზები ფედერაცია-კონფედერაციას ითხოვდნენ და, რომ ყოფილიყო ცენტრალური ხელისუფლების აზრიანი მოქმედება, დღეს საქართველოს განდგომილი ყოფილი ავტონომიები არ ექნებოდა.

კალაშნიკოვის განცხადება არ არის ხელწამოსაკრავი, მაგრამ აფხაზეთის საკითხი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეროგატივაა და მას სურკოვი წარმართავს. ის ხშირად ჩადის აფხაზეთში და ღრმადაა ჩახედული ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს საქმეებში. კალაშნიკოვის ნაცვლად სურკოვს რომ განეცხადებინა ეს, სხვა იქნებოდა, მაგრამ, როგორც რუსები ამბობენ, “უთევზობის დროს, კიბორჩხალაც თევზია”. და ნაცვლად კრიტიკისა, დაფიქრების შემდეგ შეიძლება პასუხის გაცემა.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ტაშს ვუკრავთ ნოდარ ნათაძის მოსაზრებას, რომელიც გამორიცხავს ფედერაცია-კონფედერაციას. პატივცემულ ნოდარს მხარდამჭერებიც ჰყავს ყოფილი პარლამენტარების სახით, რომლებიც აცხადებენ, რომ “ფედერალური სახელმწიფოს მოწყობა, ანუ სახელმწიფოს იურიდიულად და პოლიტიკურად დაყოფა ორ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულად, რომლებსაც საკუთარი პოლიტიკური ნება და შესაბამისი უფლებამოსილებები გააჩნიათ, სახელმწიფოს ერთიანობის პარალიზებას ნიშნავს”. ვკითხულობ ამ “შედევრს” და თავი შუა საუკუნეებში მგონია, არადა, 2016 წლის მიწურულია. გერმანიაც და შვეიცარიაც დაშლილ-დაქუცმაცებული მეჩვენება ამის წაკითხვის შემდეგ და, თუ დღეს გადაურჩნენ დაშლას, ხვალ აღარაფერი ეშველებათ.

2008 წლის აგვისტოდან აფხაზეთი “დამოუკიდებელია” და მას არანაირი სურვილი არ აქვს, ქართველებთან ფედერაცია-კონფედერაციაზე ილაპარაკოს.

მეგობრებო, გამოფხიზლდით, 2016 წლის ბოლოა! აფხაზეთი კარგა ხნის წასულია და, თუ შემობრუნდა ფედერაცია-კონფედერაციით, ერთი ადგილი უნდა დავუკოცნოთ. ჩვენ კი რას ვაკეთებთ?

ისტორია გავიხსენოთ: “ქართველმა ერმა ჯერ კიდევ 2500 წლის წინათ შეგნებულად უარყო საკუთარი თავის დაქუცმაცება კუთხურობის პრინციპით. ქუჯი ერისთავმა თავისი დინასტიის ძალაუფლებაც დათმო და საკუთარი საბატონო მეფე ფარნავაზს დაუქვემდებარა”.

ვიმეორებ, 20016 წლის მიწურულია, შესაბამისი აზროვნებით, ხალხთა შორის ურთიერთობებით, გაეროთი, ევროკავშირით, ევროსაბჭოთი, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციით და, სამწუხაროდ, ყველაფერ ამასთან შეუფერებელი ჩვენი მენტალიტეტით. ასეთ აზროვნებით გაჭირდება ქვეყნისთვის უსერიოზულესი საკითხის დროის შესაბამისად გააზრება, ადეკვატური რეაქციის გამოვლინება.

ნათაძე ამბობს, რომ “კალაშნიკოვი ცრუობს, როცა მოლდოვას მაგალითს ადარებს საქართველოს. რეალურად კი, საქართველო არის უნიტარული, ერთიანი ქვეყანა, როგორც ისტორიულად, ისე დღესაც და საქართველოში შემოსულ სხვა ხალხებს (თათრებს, სომხებს, თურქული მოდგმის აზერბაიჯანლებს და სხვებს) ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნის უფლება არ აქვთ”.

ამაზე იტყვიან, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ვერაფრით დავარქმევთ უნიტარულს, გარდა ერთისა, თუ თვითონ არ ვაღიარებთ ყოფილი ავტონომიების საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებობას. მხოლოდ მაშინ შეიძლება დარჩენილი საქართველო უნიტარულად მოვიხსენიოთ… მაგრამ, რა ვუყოთ აჭარის ავტონომიას?

თუ თვალს გადავავლებთ საქართველოს ისტორიას, უნიტარულობა აგებდა სამთავროებად დაყოფასთან. თუნდაც საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოებრივი მოწყობა (სამი ავტონომიური ერთეული _ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკები და სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი) უფრო ფედერალურობას ნიშნავდა, ვიდრე უნიტარულობას.

ჟურნალისტის მასალიდან სხვა “მარგალიტების” მოყვანაც შეიძლება, მაგრამ აღნიშნულიც კმარა, თუმცა კიდევ ერთ ამონარიდს გთავაზობთ. “ჩეჩნეთის ომი იყო განმათავისუფლებელი ომი, აფხაზეთის ომი კი იყო რუსების მხრიდან დაპყრობითი ომი ავტოქტონური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ”, _ აცხადებს ნათაძე.

ჩეჩნეთის ომს, კარგა ხანია, “განმათავისუფლებელს” არვინ არქმევს. მხედველობაში მყავს არა რუსი, არამედ დასავლელი სპეციალისტები. რაც შეეხება “რუსეთის მხრიდან დაპყრობით ომს ავტოქტონური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ”, ესეც მსოფლიოს მიერ კარგა ხნის წინათ დადგენილი ფაქტია.

გავიმეორებ: 2008 წლის ომი საქართველოს გონგამოცლილმა ხელისუფლებამ წამოიწყო და, როგორც აგრესორმა, შესაბამისი დამარცხება იგემა. მოგვწონს თუ არა ეს, ფაქტია. რაც უფრო მალე ვაღიარებთ ამას და ომის გამჩაღებელს მივცემთ სამართალში, მით უკეთესი მისი წყალობით შეკვეცილი საქართველოსთვის.

მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველები სხვა მენტალიტეტისანი ვართ _ არაფრით გვინდა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მუდამ სხვას ვადანაშაულებთ, ამ შემთხვევაში რუსეთს, რომელმაც საკმაოდ ბევრი იღვაწა (ისტორიულად) რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

მისასალმებელია გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მეზობელ თურქეთთან დაკავშირებული მასალის გამოქვეყნების ინიციატივა, რომელსაც წინ უძღვის ისტორიული ფაქტი შემდეგი შინაარსისა: “მეთექვსმეტე საუკუნეში სამხრეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი, ტაო-კლარჯეთი და მესხეთ-ჯავახეთი, ასევე, აჭარაც ოსმალოებმა დაიპყრეს და “გურჯისტანის ვილაიეთი” უწოდეს.

ამ ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ რუსეთის იმპერიის დახმარებით შეიქნა შესაძლებელი: პირველად _ 1828 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და საქართველოს დაუბრუნდა ძველი მესხეთისა და ჯავახეთის ნაწილები: ქობლიანი, აბასთუმანი, ახალციხე, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი, აბოცი ანუ ძველი სამცხე, ჯავახეთი, პალაკაციო და ერუშეთი. 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, პარიზის ზავით, შემოერთებული იქნა მესხეთის მეორე ნაწილი: აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ოლთისი”.

ზემომოყვანილი ისტორიული ფაქტი, რომელსაც “გულმავიწყობის” გამო ნაკლებად იხსენებენ ქართველი “სპეციალისტები”, უმადურობის გამოხატულებაა, რაც შეეხება ნათაძის მოსაზრებას, ის ისტორიული ფაქტების დამახინჯების მცდელობაა. ასეთი ისტორიის მქონე ქვეყანას ვერაფრით დავარქმევთ “უნიტარულს”.

დავუბრუნდეთ დღევანდელობას და კალაშნიკოვის განცხადებას მოლდოვას მაგალითის (თუკი გამოვა) უკრაინა-საქართველოზე გავრცელების თაობაზე. რომ იტყვიან, ცდა ბედის მონახევრეაო, ვეცადოთ, ჩვენ ხომ მეტი არაფერი დაგვრჩენია _ იქნებ რაღაც გამოვიდეს. ბოლოს და ბოლოს, დიალოგი ხომ აღდგება? ესეც დიდი საქმეა წლების განმავლობაში ბუტიაობის შემდეგ.

დღეს მსოფლიოში დიდი ძვრებია, განსაკუთრებით _ რუსეთის მიმართულებით, რაც გასათვალისწინებელია. ამ ქვეყანასთან პოლიტიკური დიალოგი თუ დაკარგულს ვერ დაგვიბრუნებს, დაახლოებას მაინც შეძლებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ლამის მტრად ქცეული ქვეყნებისთვის. და თუ ამას მივაღწევთ, იქნებ სხვა რამესაც გამოვკრათ ხელი…

Comments are closed