globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 30th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: “შერბილებული” პრემიერი // გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში წინამორბედისგან განსხვავებული შემრიგებლური ტონით წარსდგა

რეზონანსი“: ექნება თუ არა პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებული პოლიტიკა?

რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი ალასანია ერთი და იგივე მიზეზით გადააყენეს – პრემიერის მოხსნის ინიციატივა, ალბათ, მოსკოვიდან მოდიოდა“

რეზონანსი“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: “2016 წელი უფრო რთული იქნება ვიდრე 2015 წელი… რეალურად ეკონომიკა შეიკუმშა და აქ ვერანაირი მანიპულირება ვერ გვიშველის”

რეზონანსი“: „შეიძლება დამნაშავეა, მაგრამ სასამართლომ ვერ დაასაბუთა მისი დანაშაული“ // რატომ ითხოვენ გიგი უგულავას გათავისუფლებას

რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ლევან მურუსიძის „ავტორიტეტს“ მთავრობა არჩევნებზე გამოიყენებს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ხელისუფლება გიგა ბოკერიას ტერმინებით გვესაუბრება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „რესპუბლიკელები „ოცნებას“ ნინო ბურჯანაძით აშანტაჟებენ“ // ვინ მოიშორა ირაკლი ღარიბაშვილი?

ახალი თაობა“: ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გაეშვათ“

ახალი თაობა“: სამაჩაბლოს ალანიას არქმევენ // რა იდეებმა შემოუტია საახალწლოდ ლეონიდ თიბილოვს

—————————-

რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2015 წელი

“შერბილებული” პრემიერი

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში წინამორბედისგან განსხვავებული შემრიგებლური ტონით წარდგა

სალომე სარიშვილი

პარლამენტის რიგგარეშე გამართულ პლენარულ სხდომაზე გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოპოზიციის შეკითხვებს მთელი დღის განმავლობაში პასუხობდა. დეპუტატების საპასუხოდ გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაახმოვანა, რომელიც პრემიერობის შემთხვევაში მის მიერ შერჩეულ მართვის პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებს ეხებოდა.

საგულისხმოა, რომ კვირიკაშვილი წინამორბედისგან არა მარტო რიტორიკითა და ტონით განსხვავდება, არამედ რიგ შემთხვევებში საწინააღმდეგო მოსაზრებებს ახმოვანებს. “ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რაღაცაში დაგეთანხმოთ,” – უთხრა კვირიკაშვილმა უმცირესობის დეპუტატებს.ზოგადად, კვირიკაშვილის გამოსვლა უფრო, ასე ვთქვათ, შემრიგებლური ტონალობით გამოირჩეოდა, და მხოლოდ ერთხელ გამოხატა აღშფოთება, როცა საკითხი “ქართუ” ბანკს შეეხო. “ენა როგორ გიბრუნდებათ პირში, როცა “ქართუ ბანკზე” საუბრობთ,” – უთხრა მან “ნაცმოძრაობის” დეპუტატ გიორგი კანდელაკს იმ რეპლიკაზე საპასუხოდ, რომ ივანიშვილის ბანკის მოგება 17-ჯერ გაიზარდა. “2011 წელს ვინ დახურა ეს ბანკი? ვინ ჩამოართვა აქტივები? ვინ იბარებდა მის კლიენტებს პროკურატურაში? თქვენ არ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი?” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გადაჭარბებული დაპირებები

გუშინ პრემიერობის კანდიდატის რანგში პარლამენტში რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება “ქართული ოცნების” დაპირებებს არ გამოუწვევია. კვირიკაშვილმა იქვე დასძინა, რომ დაპირებები გულწრფელი იყო, თუმცა ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებული. აღსანიშნავია, რომ გადაჭარბებულ დაპირებებზე რამდენჯერმე კოალიციის დამფუძნებელმა და ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, თუმცა ამ თემაზე დამატებითი განცხადებები საზოგადოებას ექსპრემიერ ღარიბაშვილისგან ნაკლებად ახსოვს.

კვირიკაშვილს ტარიფების განახევრებაზე კოალიციის მიერ გაკეთებული წინასაარჩევნო დაპირება გაახსენეს, რაზეც აღიარა, რომ დაპირებები ხშირად “გადაჭარბებული” იყო, “თუმცა ეს არ იყო ავანტიურა “ქართული ოცნების” მხრიდან”. მისი თქმით, ტარიფების კიდევ უფრო გაზრდა გარდაუვალია, რასაც ეროვნული ვალუტის დევალვაციას მიაწერს.

“წინასაარჩევნო დაპირებები არ ყოფილა ხელისუფლების ცვლილების მიზეზი, აქ გაცილებით უფრო ფუნდამენტური რამ იყო და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად გრძნობს. არავის არ მოუტყუებია, ჩვენ ვაჩვენეთ 3 წლის განმავლობაში მაგალითი, თუ როგორ უნდა მოუსმინო მოსახლეობას,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ქუთაისის სტატუსი და პარლამენტის ადგილმდებარეობა

ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ქუთაისში პარლამენტის ყოფნას კვირიკაშვილი უფრო მშვიდად უყურებს, თუმცა ისიც მიიჩნევს, რომ უმჯობესია საკანონმდებლო ორგანომ თბილისში გადაინაცვლოს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებდა მთავრობის მუშაობას. თუმცა იქვე დასძინა, რომ პატივს სცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის აზრს და თუ პარლამენტი დარჩება ქუთაისში, შენობის შემოგარენის კეთილმოწყობის მიზნით დამატებითი ღონისძიებები ჩატარდება.

ექსპრემიერი ღარიბაშვილი კი პარლამენტის ქუთაისში ყოფნას “ერთი ახირებული ადამიანის ხუშტურს” ეძახდა.

რაც შეეხება ქუთაისის სტატუსსა და მნიშვნელობას, კვირიკაშვილის აზრით, ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეიძლება, მათ შორის მისი საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა.

“აქ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება – ეს არის როგორც ქუთაისის ტურისტულ ჰაბად გადაქცევის პროექტი… კარგი პროექტი იქნა წამოწყებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სახით და მინდა ვთქვა, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო. შემდგომში კიდევ განვავითარეთ ეს პროექტი. მნიშვნელოვანი დამატებები მოხდა საერთაშორისო მიმართულებით. ეს არის ბუდაპეშტის, ვილნიუსის მიმართულება.

“უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, შემოვიყვანოთ “ვიზეარი” უფრო ფართო მასშტაბით და გავაკეთოთ “ვიზეარის” ბაზა. გარდა ამისა, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ირლანდიურ “რაინეართან.” იმედი გვაქვს, მეორე უფრო ცნობილი დაბალბიუჯეტიანი საერთაშორისო კომპანია ქუთაისის მიმართულებით იფრენს,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ინტერნეტ-კაზინოები მკაცრი რეგულაცია

კვირიკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ე.წ. ინტერნეტ-კაზინოების მიმართ მკაცრი რეგულაციების დაწესება მნიშვნელოვნად მიაჩნია. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის შესწავლას საფუძვლიანად გეგმავს. რაც შეეხება “ფიზიკურ კაზინოებს”, კვირიკაშვილის თქმით, თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამას შეისწავლის, თუმცა ამ ბიზნესს არაფერი უნდა დაემუქროს, სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

“უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის ამ ბიზნესს მოაქვს, თავიდან იქნას აცილებული,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საერთაშორისო ექსპერტები სს კოლეგიაში

“ზოგადად, სპეციალისტების მოწვევის კუთხით, უკრაინის მაგალითი ნამდვილად არ ვიცი, გამოგვადგება თუ არა,” – ასე გამოეხმაურა კვირიკაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმცირესობის წევრის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის ფუნქციის ლონდონის ან ვენის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

“ამ ტიპის პრეცედენტი არის რაღაც ქვეყნებში და, როგორც წესი, ეს არის უფრო დაბალგანვითარებული ქვეყნები. თუ თქვენ გაქვთ რაიმე კონკრეტული წინადადებები, შეგხვდებით და განვიხილავთ თქვენს მოსაზრებებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში დასრულდა საარბიტრაჟო სისტემის რეფორმა, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ალტერნატიული დავების გადაწყვეტის მექანიზმებს.

“არ ვიცნობ ინვესტორს, რომელმაც სასამართლო პრობლემების გამო საქართველოში შემოსვლა გადაიფიქრა. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საარბიტრაჟო სისტემის რეფორმირების პროექტი, რომლის პრეზენტაციაც განხორციელდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან იგი ამკვიდრებს საქართველოში ალტერნატიული დავების გადაწყვეტის მექანიზმებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ტურისტულ თუ ლოგისტიკურ ზონაში ექსპერიმენტის სახით ბრიტანული კანონმდებლობის პრეცედენტი დამკვიდრდეს,” – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა და ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2015 წელი

ექნება თუ არა პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებული პოლიტიკა?

ლიკა ამირაშვილი

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში თავისი რიტორიკით, ტონითა და პოლიტიკური გზავნილებით შესამჩნევად გამოირჩეოდა მისი წინამორბედის გამოსვლებისაგან. გიორგი კვირიკაშვილმა ბევრ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი მიმართებაშიც; აღიარა, რომ წინასაარჩევნო დაპირებები გადაჭარბებული იყო; ერთი-ორჯერ პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენია “ნაციონალური მოძრაობაც”, თქვა, რომ მართალია “ქართულ ოცნებას” მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, პოზიტიურიც ბევრი იყოო და სხვ.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვირიკაშვილის პოლიტიკა იქნება თუ არა ღარიბაშვილის პოლიტიკისგან განსხვავებული? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

ქეთი ბექაური (იურისტი): მე მგონი, ამაზე საუბარი ნაადრევია. კვირიკაშვილს პარლამენტი ამტკიცებს და მან უნდა გადაწვიტოს ეს საკითხი. ასეთი საკითხის წინასწარ პროგნოზირება რთულია. ამ კაცს ნდობა გამოუცხადეს და საქმის გაკეთება უნდა ვაცალოთ და როგორი იქნება, ესეც გამოჩნდება.

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ღმერთმა დაიფაროს, რომ ცოტათი განსხვავებული არ იყოს. ყოველი ახალი წინამორბედისგან უნდა განსხვავდებოდეს. ცოტათი უკეთესი უნდა იყოს. ღარიბაშვილი ძალიან კარგი იყო, მაგრამ უკეთესზე უკეთესი არ დაილევა. ღარიბაშვილს რამე შეცდომა თუ აქვს დაშვებული, ამან უნდა გამოასწოროს. ნათქვამია, სხვის შეცდომებზე სწავლობენო.

მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): რასაკვირველია, ადამიანს შეიძლება თავისი ხედვა ჰქონდეს. მას ამის უფლება აქვს. მას რაღაც განსხვავებული ექნება, მაგრამ საერთო პრინციპი მაინც რომ იგივე დარჩება, ორი აზრი არაა იმიტომ, რომ ის კოალიციის წევრია და ბიძინა ივანიშვილის აზრს ისიც პატივს სცემს. ამიტომ, გვინდა-არ გვინდა ის თავის ძირითად პარტიას და მის პრინციპებს ემსახურება. თუმცა, რასაკვირველია, მას თავისებური ხედვა ექნება გარკვეული საკადრო საკითხებისადმი. შესაძლოა, ღარიბაშვილს ამა თუ იმ თანამდებობაზე რომელიმე პოლიტიკური ფიგურა მოსწონდა, მაგრამ კვირიკაშვილს შესაძლოა განსხვავებული აზრი ჰქონდეს და ა.შ.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): გიორგი კვირიკაშვილი ძალიან დადებითი და დალაგებული ადამიანია ამ ჩვენს არეულ ქვეყანაში. მას ვუსმენდი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან გაწონასწორებული ადამიანია. აი, ესაა მთავარი.

რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი ალასანია ერთი და იგივე მიზეზით გადააყენეს – პრემიერის მოხსნის ინიციატივა, ალბათ, მოსკოვიდან მოდიოდა“

თაკო მათეშვილი

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავის შემაჯამებელ მოხსენებაში ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტჯერ რომ ეხსენებინა, მადლობა ადრინდელივით გადაეხადა და უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებულ პუტინის ინიციატივაზეც გაემახვილებინა ყურადღება, დღეს ისევ პრემიერი იქნებოდა. მისი თქმით, ღარიბაშვილი, ისევე როგორც ირაკლი ალასანია, რუსეთისა და ივანიშვილის გულისწყრომამ იმსხვერპლა. სწორედ ამით ხსნის იგი პრემიერ-მინისტრის ასე ნაჩქარევ გადაყენებასა და ახლის დანიშვნას, და ამბობს, რომ ეს ქვეყნის ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა. როგორც მინიმუმ, რამდენიმე დღით მოცდა, სანამ კვირიკაშვილი ოჯახურ პრობლემებს მოაგვარებდა, ნამდვილად შეიძლებოდა.

მიუხედავად ამისა, “რეზონანსთან” ინტერვიუში ცისკარიშვილი ახალ პრემიერზეც ამბობს, რომ მის მიმართ მხოლოდ დადებითი წარმოდგენა, შთაბეჭდილება და მოლოდინი აქვს.

„უპირველესი შთაბეჭდილება, რაც ბატონი კვირიკაშვილის გამოსვლებიდან რჩება, თვითდაჯერებულობაა, რომელიც ამბიციებს კი არა, მის გამოცდილებასა და გავლილ გზას ეფუძვნება. ზოგადად, შემიძლია მშვიდად ვიყო იმის გამო, რომ ქვეყანას ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება და არა შემთხვევით შერჩეული პირი, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი მინისტრობისას გახდა. კვირიკაშვილი თავისი გამოცდილებით, ცხოვრების წესითა და მოქალაქეობრივი თვისებებით იმაში გვარწმუნებს, რომ ის კრიტიკა, რაც უკანასკნელ წლებში მთავრობის მიმართ ისმოდა, შეიძლება წარსულში დარჩეს. არ გამოვრიცხავ, რომ გვიან, მაგრამ დაიწყოს ასრულება იმ ოცნებებისა, რასაც პროფესიონალი ხელისუფლება ჰქვია. პრემიერის თანამდებობაზე ასეთი ადამიანის დანიშვნა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი მუდმივი კრიტიკა “კადრებთუხუცესისადმი” (სოსო ცისკარიშვილი ინტერვიუს მთელი მსვლელობისას ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ამ და სხვა ეპითეტებით მოიხსენიებდა – “რ.”). ბოლოს და ბოლოს, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც ორი წლით ადრე რომ დამდგარიყო, შეიძლება აქამდე უკვე ოცნებებიც განხორციელებულიყო», – ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

- პარლამენტში კვირიკაშვილის ორდღიანი გამოსვლებიდან თუ გამოყოფდით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ან გაჟღერებულ გზავნილს, რომელიც, თქვენი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო?

- ყველა კითხვაზე, რომელიც მას ინტერესის გამო თუ შეურაცხყოფის მიყენების სურვილით დაუსვეს, თავდაჭერილად და დამაჯერებლად გასცა პასუხი. მგონი, მის მიმართ უარყოფითად განწყობილი დეპუტატებიც მიხვდნენ, რომ ეს არაა ის ადამიანი, რომელსაც რაიმეს უსაფუძვლოდ შესძახებენ და უკან ადეკვატურ პასუხს არ მიიღებენ. მოხარული ვარ, რომ ბატონი გიორგი პირველსავე გამოსვლებში აბსოლუტურად ადეკვატურია. ბოლოს და ბოლოს ამ თანამდებობაზე მივიღეთ ადამიანი, რომლის წარსულთან და გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს.

მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის თემა მთავრობის მიერ არ უნდა განიხილებოდეს. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად, ქართული სახელმწიფოებრიობის დაკნინების მუდმივი მცდელობა მასაც აწუხებს.

- ახალმა პრემიერმა მთავრობის კაბინეტი ჯერ-ჯერობით უცვლელი დატოვა. ეს რამდენად ჭკვიანურ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ?

- ეს იმ ადამიანს მოჰკითხეთ, ვინც პრემიერ-მინისტრების შეცვლა გადაწყვიტა. როცა ადამიანს გარდაცვლილი დედა უსვენია სახლში და შენ ეუბნები, რომ მაინცადამაინც იმ დღეს პრემიერი უნდა გახდეს, რა თქმა უნდა, არაა ნორალური. თითქოს ორი დღის მერე რომ ყოფილიყო ეს ცვლილება, ქვეყანა დაინგრეოდა. ასეთ სიტუაციაში, ასე უცებ, ბუნებრივია, ვერც კვირიკაშვილი გადაწყვეტდა რომელი მინისტრი უნდა დარჩეს და რომელი წავიდეს. ამ ცვლილების გამტარებელს რამდენიმე დღე მოეთმინა და ყველაფერი რიგზე იქნებოდა.

აცადონ ორი კვირა და ყველაფერი ნათელი გახდება. კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებას არც გამორიცხავს. რატომ უნდა გადაეწყვიტა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი დედის დაკრძალვის დღეს? არასერიოზული იქნებოდა ეს ასე ნაუცბათევად გაეკეთებინა. არსად არ ეჩქარება. არც ერთი სექტორი არაა ისე ჩამოქცეული, რომ არსებულმა მინისტრმა საქმიანობა რამდენიმე დღით ვერ გააგრძელონ.

- რომელი მინისტრის შეცვლას ურჩევდით ახალ პრემიერს?

- თუ მასთან პირადი საუბრის საშუალება მექნებოდა, ბუნებრივია, ჩემ აზრს გამოვთქვამდი, მაგრამ მედიის საშუალებით მასთან საუბარს არ ვაპირებ. გარშემო ისედაც ბევრი მრჩეველი ეყოლება. მის მსოფლმხედველობას ვენდობი და ახალი კანდიდატების მიწოდებისაგან თავს შევიკავებდი. მითუმეტეს, ძნელად დასაჯერებელია, რომ “კადრებთუხუცესი” ამ საკითხში აქტიურობაზე ხელს აიღებს.

- რომელი სამინისტროს საქმიანობაა, თქვენი აზრით, სხვებთან შედარებით ნაკლებად ეფექტური?

- დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, მუდმივი წარმატების შესახებ საუბრის მიუხედავად, ქართული მედიცინა და მკურნალობის ხარისხი ძირს დასცა. ეს მინისტრის ბრალი არ გახლავთ, ეს ინსტიტუციური ზიანია, რომელიც ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროების შეერთებით მოგვადგა. ჯანდაცვის მიმართ ყურადღება შემცირდა, რადგან მინისტრი საპენსიო, სადაზღვევო და სხვა ორგანიზაციული საკითხებითაა დაკავებული. მედიცინა კი განზე რჩება. რაც უფრო მალე გაიყოფა ეს სამინისტრო, ან ჯანდაცვა გამოეყოფა და დანარჩენი ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, მით უკეთესი იქნება. ეკონომიკის სამინისტროს ამ საკითხების გადაწყვეტა ბევრად მარტივადაც ხელეწიფება. სოციალური დაცვა არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ავადმყოფებს უნდა ეხებოდეთ. ეს პრაქტიკა წლების განმავლობაში იყო დანერგილი და წინა ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრებმა იგი წარმატებით დაამხეს.

- ჯანდაცვის სამინისტროს გარდა კიდევ რომელს გამოყოფდით?

- ჩვენი სამინისტროების უმეტესობა გასაძლიერებელია. თავის დანიშნულებას, ყველაზე უკეთ ჯერჯერობით კულტურის სამინისტრო ასრულებს. უფრო ძლიერი მხარდაჭერა უნდა დიასპორის სამინისტროს. ამ თემას გააქტიურება სჭირდება და არა სამინისტროს დახურვაზე ფიქრი მხოლოდ იმიტომ, რომ მინისტრმა გაზპრომთან დაკავშირებით თავისი აზრი გულწრფელად გამოთქვა. ამის მცდელობა ყოფილ პრემიერს ჰქონდა.

- ირაკლი ღარიბაშვილმა ისე დაგვტოვა, რომ არც მას და არც ვინმე სხვას მისი გადადგომისა თუ გადაყენების მიზეზები არ განუმარტავს. რამდენად ნორმალურია ეს?

- ის კი არ გადადგა, გადააყენეს. როგორც ჩანს, ამ გადაყენების ავტორს მოსახლეობა გონებასუსტი ჰგონია. ვინ დაიჯერებს, რომ ომახიანი შემაჯამებელი მოხსენების გაკეთების შემდეგ სახლში წასული კმაყოფილი პრემიერი, გაუგებარი მიზეზების შედეგად, მეორე დღეს გადადგომას მოინდომებდა? თან ამას ჯერ 12 საათზე გეგმავდა, მერე ორზე, მერე ექვსზე და ბოლოს რვაზე მოახერხა. ვინ დაიჯერებს, რომ ეს მისი სურვილი იყო? და თუ მისი სურვილი იყო, რატომ არავინ უთხრა, არ გადადგეო? პრინციპში, არავის არაფერი უთქვამს იმიტომ, რომ ყველა დარწმუნებული იყო – ეს გადაწყვეტილება ღარიბაშვილს არ მიუღია.

იმაზე მსჯელობა, თუ რატომ გადაწყვიტა ეს ჩვენმა “კადრებთუხუცესმა” და “არსთა გამრიგემ”, მოულოდნელად გადაყენებულ მინისტრებს შორის პარალელის გავლების საშუალებას გვაძლევს. ეს მინისტრები ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი არიან.

ალასანიას შემთხვევაში გადაყენება იმას გამოიწვია, რომ ჩვენი “დაუძინებელი მეგობარი” რუსეთისათვის საჰაერო თავდაცვის იმ ტექნოლოგიის საქართველოში შემოტანა, რომელზეც ალასანიას ხელი ჰქონდა მოწერილი, მიუღებელი იყო. ცხადია, რომ მოსკოვიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტელევიზიით დაბღვერილიც კი გამოვიდა და ბრძანა – “ვის წინააღმდეგ აპირებს საქართველო ამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენებასო”? ეს კითხვა უპასუხო დარჩა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – თურმე ალასანიას დაუქცევია ყველაფერი.

ეს ფაქტი ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს “კადრებთუხუცესს” რუსეთთან საურთიერთო ერთადერთ არხად აბაშიძე-კარასინის დუეტი არ აქვს. მას ამის ბევრი შესაძლებლობა გააჩნია. ჩემი მოსკოველი კოლეგებისაგან ისიც ვიცი, რომ კრემლში ჩვენი “არსთა გამრიგეთიც” უკმაყოფილოები არიან.

ახლა მოგახსენებთ, თუ რა მოხდა ღარიბაშვილთან დაკავშირებით – 17 დეკემბერს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შემოღებას აპირებდნენ. ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთხელ თქვა, რომ ეს ქვეყნისათვის კარგია. თავის საათნახევრიან გამოსვლაში ღარიბაშვილმა ევროკავშირსა და ნატო-ზე გაუთავებლად ისაუბრა, რუსეთი კი საერთოდ არ ახსენა. ზოგადად ახსენა, რომ ქართველებს ევროკავშირის გარდა სამეზობლოშიც შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება. მისი მხრიდან რუსეთის მიმართ არანაირი რევერანსი არ ყოფილა, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის მიმართ. არანაირი ხოტბა. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერი სწორედ ამ მიზეზით გადაეყენებინათ.

პარალელურად, პუტინი, რომელიც უვიზო მიმოსვლაზე საუბრობდა, შეღავათიან ვიზაზე ალაპარაკდა. აი, ასეთი მეტამორფოზის მოწმეები გავხდით. 18 დეკემბერს რეგიონალურ უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოსკოვიდან ჩამოსულმა კოლეგამაც დარწმუნებით გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით რუსეთთან უვიზო რეჟიმი იანვარში უნდა შემოღებულიყო. ახლა უკვე ეს რეალობა აღარაა და იქ ჩასასვლელად ვიზის სხვა ნაირსახეობა უნდა ვეძიოთ.

- ანუ, თქვენი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილს თავის შემაჯამებელ მოხსენებაში ბიძინა ივანიშვილი მეტჯერ რომ ეხსენებინა, მადლობა გადაეხადა და პუტინის ინიციატივაზეც ყურადღება გაემახვილებინა, დღეს ისევ პრემიერი იქნებოდა?

- ნამდვილად. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ადამიანთან მივარდნა, რომელსაც დედა ჰყავს დასასაფლავებელი – გინდა თუ არა პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეო, ქართული ცნობიერებისათვის წარმოუდგენელია. შეიძლება ჩემი ვარაუდი რეალობისაგან შორსაა, მაგრამ იმაზე შორსაც არა, რასაც საკუთარი დუმილით ჩვენი “კადრებთუხუცესი” გვთავაზობს. ერთი დღის მოცდით რა ფუჭდებოდა? ე.ი. მყისიერი ქმედება უნდა ყოფილიყო. ფაქტია, რომ ეს საქართველოს ინტერესებში არ შედიოდა.

- ანუ, პუტინისა და ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა?

- არ მგონია, სატელეფონო ხაზზე თავად პუტინი ყოფილიყო. მას ბევრად მეტი სადარდელი აქვს. თუმცა არხის მოძებნა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, რომლითაც საკუთარი განწყობის გადმოსაცემად ისარგებლებდა.

რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: “2016 წელი უფრო რთული იქნება ვიდრე 2015 წელირეალურად ეკონომიკა შეიკუმშა და აქ ვერანაირი მანიპულირება ვერ გვიშველის

ია აბულაშვილი

როგორი იყო 2015 წელი საქართველოს შიდა პოლიტიკაში და რა მიღწევებით ხვდება მთავრობა მომავალ წელს, ამ საკითხებზე “რეზონანსი” ექსპერტს და ანალიტიკოსს დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

„2015 წელს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ძირითადად აისახა ის პრობლემები, რომელიც წლებია არსებობს ქვეყანის შიდა პოლიტიკაში. რაც მთავარია, არ მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა ქვეყნის ეკონომიკაში; ისევ მაღალია უმუშევრობის დონე, რომელიც არ იცვლება და ვერც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. ასევე შენარჩუნებულია მძიმე სოციალ-ეკონომიკური ფონი, რომელსაც ვერ ფარავს ის ცალკეული კარგი ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა ატარებს. თითქოს ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა ლარში, მაგრამ ამ დროს გასული წლის 16-მილიარდიანი მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში წელს იქნება 14 მილიარდი. ანუ, რეალურად ეკონომიკა შეიკუმშა და აქ ვერანაირი მანიპულირება ვერ გვიშველის. მნიშვნელოვანი მოვლენა ამ წელს იყო ის, რომ პრემიერ-მინისტრმა დატოვა თანამდებობა და ეს ლოგიკურია. ასე რომ გაგრძელებულიყო, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგი 5%-იც არ იქნებოდა. პოზიტიური მოვლენა იყო ის, რომ დადებითად გადაწყდა ვიზალიბერალიზის საკითხი, რაც კარგია, მაგრამ იგი არანაირ პრობლემას ქვეყანაში არ წყვეტს და ასეთი დიდი პროპაგანდა, რაც ვიზალიბერალიზაციის საკითხს ჰქონდა, ნიღბავს უმოქმედობას და სუსტ გადაწყვეტილებებს», – ამბობს ექსპერტი.

- შეძლებს ახალი მთავრობა ამ პრობლემების მოგვარებას 2016 წელს?

- რა იქნება ახალი ძველი მთავრობის პირობებში, ეს სხვა თემაა. ჯერჯერობით რაც მესმის, არის ცალკეული ღონისძიებები, შეიძლება კარგი, მაგრამ იგი ვერ შეცვლის არსებულ მძიმე მდგომარეობას. განსაკუთრებული მოლოდინი ვერ იქნება, რომ 2016 წელს რადიკალური რეფორმები გატარდება, რადგან საარჩევნო წელს, როგორც წესი, რადიკალური რეფორმები არ ტარდება, არადა რეფორმების გარეშე ძნელია რაიმე რეალური შედეგის მიღება. ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი და შემაფერხებელია არაფორმალური მმრთველობა, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მმრათველობა სახელმწიფო ინსტიტუტების ფარგლებში და არა არაფორმალური მმართველობა.

- როგორ შეაფასებდით პოლიტიკური პარტიების საქმიანობას 2015 წელს, მათ თუ ჰქონდათ მიღწევები?

- განსაკუთრებული არც მათ საქმიანობაში ყოფილა. პოლიტიკური პარტიები არ ასრულებენ იმ მთავარი ოპონენტის ფუნქციას, რომელმაც მთავრობა უნდა აკონტროლოს და იგი ხისტი პრესინგის პირობებში ამყოფოს. პოლიტიკური პარტიები ძალიან სუსტები არიან, მთელი ყურადღება კონცენტრირებული აქვთ მაჟორიტატრული სისტემის გაუქმებაზე და არაფერს ამბობენ ქვეყნის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ მოწყობაზე და სხვა ფუნდამენტალურ პრობლემებეზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს. ვერც მახინჯი საარჩევენო სისტემის შეცვლას აპირებენ და ამის ნაცვლად ხელისუფლებისგან რაღაც დათმობებს ელიან, რომ ხელი მოითბონ, ეს კი არ არის ის პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

- 2016 წელი საპარლმენტო არჩევნების წელია. თქვენ აზრით, როგორც შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები?

- 2016 წელი იქნება უფრო რთული ვიდრე 2015 წელი. საგარეო ფაქტორები კიდევ უფრო გაუარესდება. საშინაო პოლიტიკა კი ჯერ გამოკვეთილი არ არის. ამას პლუს, ისეთ არშემდგარ სახელმწიფოში, როგორც საქართველოა, დემოკრატიული საარჩევნო პროცედურები გადაქცეულია დესტაბილიზაციის წყაროდ და ყოველთვის დაძაბულობა შეაქვს ქვეყნის ცხოვრებაში. განსხვავება არც 2015 წელს იქნება, რადგან პოლიტიკური ძალები არ არიან შეთანხმებული თამაშის წესებზე და საარჩევნო პროცეცდურების გაუყალბებლობაზე. მთელი ქართული რეალობა არის ცუდი პოლიტიკური ინტრიგა, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს და არა მგონია, 2016 წელს შეიცვალოს. “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ერთმანეთი სჭირდებათ. ახალი სახეები კი პოლიტიკაში ხელოვნურად ვერ გაჩნდება. ან რა მიზანი აქვს ამ ახალ სახეებს, არ მესმის. ახალი სახეები უნდა გააჩინოს ქართველმა ხალხმა და იგი მათი წიაღიდან უნდა წამოვიდეს და არა ბელადის მიერ დანიშნული.

როდის მოხდება ეს? როცა ხალხი ერთმანეთისკენ გაიხედავს და თავის წიაღიდან წესიერი, საქმის მცოდნე და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანზე გააკეთებს აქცენტს და არა ზემოდან დანიშულზე, რომელსაც ხალხი მხოლოდ არჩევნების დროს სჭირდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო ილუზორული არჩევნები ქართველი ხალხისთვის.

რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2015 წელი

შეიძლება დამნაშავეა, მაგრამ სასამართლომ ვერ დაასაბუთა მისი დანაშაული

რატომ ითხოვენ გიგი უგულავას გათავისუფლებას

თიკო ოსმანოვა

საზოგადოების 50-ზე მეტი წარმომადგენელი პრეზიდენტისგან თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლებას ითხოვდა, რაზეც მარგველაშვილმა უარი თქვა. მისი განცხადებით, შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს არც სამართალწარმოებას, არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, და არც ერთ მსჯავრდებულს პრივილეგიურ მდგომარეობაში არ აყენებს.

“ჩვენ, განსხავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, გვაერთიანებს მოსაზრება, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არასამართლიანი და ქვეყნისთვის საზიანოა. გვსურს, გაგაცნოთ რიგი მოსაზრებები, რაც კითხვებს გვიჩენს საქმის მიუკერძოებლობაზე და რის საფუძველზეც მისი პატიმრობაში ყოფნა სასჯელის გაუმართლებელ და არაპროპორციულ ზომად მიგვაჩნია.

“მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე არაერთგზის დაირღვა, როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული საერთაშირისო აქტებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

“ქალაქის მერად პირდაპირი წესით არჩეული გიორგი უგულავა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე მხოლოდ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე შუაღამისას თანამდებობიდან სასამართლომ გადააყენა, შემდეგ კი მთავრობის მიერ გამოცხადებული საარჩევნო მორატორიუმის პერიოდში დაკავებული იქნა,” – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს ჟურნალისტები, მომღერლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ.

ხელმომწერებს შორისაა ნანი ბრეგვაძე, გელა ჩარკვიანი, ნინო და ილიკო სუხიშვილები, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი, ნინია კაკაბაძე, ელენე ხოშტარია, გია ნოდია, ეკა მამალაძე, ნიკა მემანიშვილი, ინგა გრიგოლია, რეზი, არჩილ და შოთა არველაძეები და სხვ.

ნინო ჟიჟილაშვილი ამ მიმართვაზე ხელმოწერას ჰუმანური აქტით ხსნის.

“ეს არის მხოლოდ ჰუმანურ აქტში ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, მონაწილეობა. ეს არანაირად არ ნიშნავს ჩემს პოლიტიკურ ხმას რომელიმე კონკრეტული პერსონისთვის. ვფიქრობ, ამას რაღაც დამატებითი განმარტება აღარ სჭირდება,” – უთხრა “რეზონანსს” ჟიჟილაშვილმა.

ლაშა ბაქრაძის თქმით კი, უგულავა შეიძლება დამნაშავეა, თუმცა ამას სასამართლო ვერ ასაბუთებს და სწორედ ამის გამო მოაწერა ხელი ამ მიმართვას.

“გამომიგზავნეს და მითხრეს, მოვაწერდი თუ არა ხელს და მეც მოვაწერე. უბრალოდ, ვთვლი, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი არასწორად წარიმართა. სასამართლომ ვერ დაასაბუთა მისი დანაშაული. შეიძლება დამნაშავეა, მაგრამ იურდიულად ეს სწორად უნდა იყოს გაკეთებული. თორემ ასე სასამართლოს გარეშე შეგვიძლია ადამიანის ციხეში ჩასმა,” – გვითხრა ლაშა ბაქრაძემ.

ხელმომწერების პასუხად კი პრეზიდენტმა განმარტა შეწყალების აქტის მნიშვნელობა და დასძინა, რომ შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს არც სამართალწარმოებას, არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას.

“მივიღე თქვენ მიერ შედგენილი მიმართვა გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე. ჩემთვის ფასეულია მოქალაქე, რომელიც საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. განსაკუთრებით ღირებულია თქვენი პოზიცია, იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები ბრძანდებით. გასაგებია თქვენი ემოცია პატიმრობაში მყოფი ადამიანის მიმართ. მსგავსი ემოცია ბევრჯერ გვქონია ჩვენი მიმტევებლური ბუნებიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს არც სამართალწარმოებას, არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. შეწყალება კონსტიტუციური მოვალეობაა, რომელიც მაღალ მორალურ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მაკისრებს,” – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის აზრით კი, უგულავას საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ნების საკითხი.

“რასაკვირველია, საზოგადოების დამოკიდებულება შეიძლება იყოს ამგვარი, მაგრამ ვფიქრობ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების ნების. იმის შემდეგ, რაც დღეს ხდება სასამართლოში მურისიძის არჩევით, შეიძლება გარკვეული ეჭვი უჩნდება ხალხს, მაგრამ ვფიქრობ, სასამართლო ახლა გაცილებით უფრო სამრთლიანია, ვიდრე ის იყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. მე პირადად სასამართლოს მივანდობდი ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტას. უგულავას მმართველობას ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფით მხარეები. არ მომწონდა, რომ არსებობდა ერთი მმართველი, რომელიც ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს. გიგი უგულავა მისი მონა იყო,” – გვითხრა რეჟისორმა.

რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ლევან მურუსიძისავტორიტეტსმთავრობა არჩევნებზე გამოიყენებს

ელზა პაპოშვილი

“ახალი მემარჯვენეების” წევრი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მართალია, მურუსიძე სს სამართლის განხრის სპეციალისტია და სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციულ დავებს არ განიხილავს, მაგრამ არჩევნების პერიოდში ხელისუფლება მას გამოიყენებს იმისთვის, რომ სხვა მოსამართლეებზე ზეგავლენა მოახდინოს.

მამუკა კაციტაძე: მურუსიძეში განსხეულებულია როგორც ყოფილი ხელისუფლების დანაშაული, ასევე ამ ხელისუფლების დაპირებების ვერშესრულება და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ხელისუფლების ბოროტი განზრახვები. ეს არის პიროვნება რომელიც წინა ხელისუფლების წიაღში წარმოიშვა, როგორც ყველაფრის გამკეთებელი, ხელისმომწერი და მკადრებელი პიროვნება. ახლა ამ ხელისუფლებას სურს, რომ მურუსიძის ე.წ. გამოცდილება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოიყენოს. როგორც საარჩევნო დავებთან მიმართებაში, ასევე მედია- საშუალებების წინააღმდეგ (“რუსთავი 2″-თან დაკავებულ დავებს ვგულისხმობ).

ლევან მურუსიძე უვადოდ დანიშნული მოსამართლე არ უნდა გახდეს. ეს კი საზოგადოების ზეწოლით უნდა მოვახერხოთ. ყველაზე დიდი ძალა ასეთ დროს პროტესტის გამოხატვას აქვს. ზეწოლა უნდა მოვახდინოთ თავად მურუსიძეზე და მის მხარდამჭერ მოსამართლეებზე, რომლებიც მის გარშემო მაფიოზურ კასტად ჩამოყალიბდნენ.

მართალია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ როდესაც სასამართლო ხელისუფლება უსამართლოდ იქცევა, საკანონმდებლო ხელისუფლებას კანონის ძალით შესაძლებლობა აქვს ამ პროცესში ჩაერიოს და იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი შეცვალოს.

„რეზონანსი“: იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ მურუსიძის დანიშვნასთან დაკავშირებითს არაფრის გაკეთება არ შეეძლო. იგივეს აცხადებენ “ქართული ოცნების” დეპუტატები.

მამუკა კაციტაძე: ეგ ყველაფერი უბრალო ფარისევლობაა. მურუსიძეს “ქართული ოცნების” მიერ დანიშნულმა წევრებმა არ მისცეს ხმაა? ამიტომ წულუკიანმა ზღაპრების მოყოლას თავი დაანებოს. ეს ხალხი თავისი სურვილით არ მოქმედებდა. ზუსტად მსგავს რიტორიკას რამდენიმე წლის წინ გიგა ბოკერია იყენებდა, ამბობდა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში არ ერეოდა.

მურუსიძე თავისნაირების ლიდერია, რომლებიც ყველაფერზე ხელისმომწერები არიან. ის ყველაფერთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ავტორიტეტია, ამიტომაც ყველა მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მართალია, მას საარჩევნო დავებთან დაკავშიებულ საქმეებს არ მისცემენ, სამაგიეროდ, მის მეგობრებს მისცემენ, რომელზეც მურუსიძეს ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, რადგანაც ის თავისნაირებისთვის ავტორიტეტს წარმოადგენს. მან ამ ხალხს პირობა მისცა, რომ თუ უვადო მოსამართლე გახდება, მათი მფარველი იქნება.

ახალი თაობა“, 30 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ხელისუფლება გიგა ბოკერიას ტერმინებით გვესაუბრება

ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე „ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ყველა საშუალებას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადადგეს.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, გირგვლიანის საქმის გახსენება მოგვიწევდა და ისევ გაცოცხლდებოდა სამოქალაქო-პოლიტიკური პროტესტი ამ საქმის ირგვლივ. იუსტიციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მურუსიძეს პრაქტიკულად უვადო მოსამართლის მანტიით მოსავს. ეს არის ნაციონალური მოძრაობის დროს დაწყებული უბედურების გაგრძელება. ეს არის გირგვლიანის საქმის გაგრძელება“, – ამბობს მამუკა კაციტაძე.

- მის შესაჩერებლად სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ძალები ბრძოლას იწყებენ. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, რეალურია დაანონსებული პერმანენტული აქციები?

- რასაკვირველია, იქნება აქციები. გამოყენებული იქნება ყველაფერი, რაც პოლიტიკური ძალის არსენალშია. იუსტიციის საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით ირინა ენუქიძე ფაქტობრივად მეორედ მოკლა. ეს სხვა არაფერია, თუ არა სააკაშვილის პოზიციის გაგრძელება. ეს არის საშიში პრეცედენტის დაშვება. ეს არის გზავნილი ყველა მოსამართლისთვის.

- რა გზავნილია?

- რა კონფორმისტული და უკანონო გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინო, ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლების ნებით შეიძლება გეპატიოს. ეს არის საშიში გზავნილი მოსამართლეთა კორპუსისთვის. იმ კორპუსისთვის, რომელიც ურცხვად გამოვიდა და განაცხადა: დღეს ჩვენ ყველა მურუსიძეები ვართ. საზოგადოებამ მათ ამაზე პასუხი უნდა გასცეს: თუ ისინი მურუსიძეები არიან, საზოგადოება დღეს არის გირგვლიანი.

- რა მოხდა, როგორ ფიქრობთ? ხელისუფლებაში, საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხზე არ არის ერთგვაროვანი პოზიციები. ბევრი აკრიტიკებს ამ გადაწყვეტილებას...

- იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 კაციანი ორგანოა, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნაზე გადაწყვეტილებებს იღებს. ამ 15 მოსამართლიდან 9 მოსამართლეთა კოლეგიის მიერ არის არჩეული, 1 პრეზიდენტის კვოტით არის, დანარჩენი პარლამენტის მიერ არის არჩეული. ლევან მურუსიძის დანიშვნისთვის 10 ხმა იყო საჭირო. მურუსიძეს პარლამენტის  მიერ არჩეულმა წევრებმა დაუჭირეს მხარი. რომ არა ეს წევრები, ეს პრობლემა არ დადგებოდა.

- რატომ მოხდა ეს?

- წინ არის საარჩევნო წელი, სწორედ სააპელაციო სასამართლოში მოიყრის თავს მთელი საარჩევნო დავები. ხელისუფლებას ეოცნებება ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ყველაფერზე ხელს მოაწერენ, როგორც თავის დროზე აწერდა ხელს მურუსიძე ყველაფერს. რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ასრულებდა მურუსიძე, იგივე ვალდებულება აიღო ახალი ხელისუფლების პირობებშიც.

- მაგრამ ეს ხომ უარყოფითად აისახება თუნდაც არჩევნების შედეგებზე, ეს ხომ არ არის ხელისუფლებისთვის მომგებიანი გადაწყვეტილება?

- ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა და ხელი მოაწერა ისეთ განაჩენს, რომელმაც თავის დროზე შეიწირა სააკაშვილის ხელისუფლება.

- ამას ვერ აცნობიერებს დღევანდელი ხელისუფლება? ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად, რესპუბლიკელები პროტესტს ღიად აფიქსირებენ...

- ეს ყველაფერი, ვფიქრობ, პოლიტიკური კეკლუცობაა. ახლა უნდათ, რომ ამ პროცესს რაღაცნაირად გაემიჯნონ. ზოგი აპროტესტებს, ზოგი ამბობს, რომ არ მოსწონს, მაგრამ რა ქნას, ხომ ვერ ჩაერევა სასამართლოს საქმეებში. ზუსტად ეს ტერმინოლოგია ჰქონდა, მაგალითად, გიგა ბოკერიას გირგვლიანის საქმეზე, როდესაც ხელისუფლებაში იყო.

- დღეს ისინი გიგა ბოკერიას ტერმინებით საუბრობენ?

- დიახ, ასეა. არგუმენტები აბსოლუტურად იგივეა – არ მოგვწონს, მაგრამ რა ვქნათ, ვერ ჩავერევით. რიტორიკა მეორდება. ამით ვიღაც-ვიღაცები თავის გადარჩენას ცდილობენ.

- რას სთავაზობთ ხელისუფლებას?

- სამართლებრივ გზას. პარლამენტს სრული უფლება აქვს, რომ სათანადო სამართლებრივი ცვლილებები განახორციელოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. ის შემადგენლობა, რომელიც არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, დაშალოს კანონის საფუძველზე. სასამართლოს კანონმდებლობას პარლამენტი ქმნის და უკვე ვეღარ გვეტყვიან, ვერ ჩავერევითო. ეს იქნება მორალურად, სამართლებრივად და პოლიტიკურადაც სწორი ნაბიჯი, რისკენაც დღეს მე მათ მოვუწოდებ.

ახალი თაობა“, 29 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: რესპუბლიკელები ოცნებას|“ ნინო ბურჯანაძით აშანტაჟებენ“ // ვინ მოიშორა ირაკლი ღარიბაშვილი?

რას შეეწირა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობა, რა ინტრიგებს ხლართავს მარგველაშვილი, რატომ დაუტკბა უსუფაშბილი ბურჯანაძეს, რითი სჯობიან ნაციონალები რესპუბლიკელებს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრება. „ძალიან გამიკვირდა როცა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ განცხაება მოვისმინე. მარტო კი არ გამიკვირდა, ძალიან მეწყინა და გავბრაზდი როცა გავიგე რომ ის თანამდებობიდან გაუშვეს“, – ამბობს ჯაველიძე.

- გაუშვესო ამბობთ და ეტყობა არც თქვენ გჯერათ რომ საკუთარი სურვილით წავიდა?

- დანამდვილებით შემიძლოა იმის თქმა, რომ ის საკუთარი სურვილით არ წასულა. მისი გადაყენების ნამდვილი მიზეზები ჯერჯერობით ჩემთვის ცნობილი არ არის. ის მთავრობაში ერთადერთი ეროვნული კაცი იყო. ის არის ადამიანი, რომლემაც ამხილა ნაციონალები. ღარიბაშვილი იყო ერთადერთი კაცი მთავრობაში, რომლემაც გაბედა და ღიად გაილაშქრა ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ. მას არც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არ მოეწონა. წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მან პუტინის პოზიცია მოიწონა და ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით.

- თქვენ ფიქრობთ რომ შესაძლოა ეს იყოს იმის მიზეზი, რისთვისაც ღარიბაშვილი გაუშვეს?

- მისი ასეთი პოზიცია ბუნებრივია არ მოეწონებოდა ბიძინა იცცანიშვილის გარემოცვას.

- გარემოცვაში ვის გულისხმობთ?

- ივანიშვილის კარზე საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობენ რესპუბლიკელები. დიდი გავლენა აქვთ ასევე ოპოზიციაში წასულ ირაკლი ალასანიას. საკმაოდ მოიმაგრა პოზიციები გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტი ქარგვა-ქსოვაში ისე დახელოვნდა, ისეთ ჯბანძებს ხლართავს რომ ვერავინ ხვდება რა არის ტყუილი და რა მართალი. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ის შავი ჭირი, რომელიც ამერიკიდან მოდის. ამერიკა არის დამყაყებული სივრცე, საიდანაც ქართველების ეროვნული ცნობიერების მოსასპობად ათას უბედურებას აგზავნიან. ვაშინგტონს მხოლოდ საქართველოს ტერიტორია აინტერესებს. გეოგრაფიული თვალსაზრისით ეს ტერიტორია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ამერიკელების ხელდასმით არიან წინ წამოწეული ხიდაშელი და მისი ქმარი. რომელთა მთავარი დანიშნულება ნაციონალების გადარჩენა ყოფილა. ამერიკის გამო აჩერებენ ტანამდებობაზე იმ ტუტუც ზაქარეიშვილს. ამ კაცს თურმე დავით აღმაშენებელი არ აინტერესებს და თურმე აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არასდროს არ ყოფილა.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის მთავარი იყო საქართველოს ინტერესები, ამათთვის მთავარია რას იტყვის ამერიკა და მზად არიან მისი სურვილი მყისიერად შეასრულონ. ამ ვითარებაში ყველაფერი გააკეთეს რომ ეს ახალგაზრდა კაცი თანამდევობიდან გაეშვათ. არ შემიძლია არ გავიხსენო ლევან ბერძენიშვილის სიტყვები, რომელიც მან ღარიბაშვილზე წაისისინა. უსირცხვილოდ თქვა, არ მაინტერესებს ყოფილი პრემიერის ბედიო. მაგის აზრი ვის აინტერესებს და ვის დაჰკარგვია. ამ სუკის აგენტს რომ ჰკითხო, არც ილია ჭავჭავაძე იყო ღირსეული ქართველი.

- თქვენი აზრით, სად წავა ირაკლი ღარიბაშვილი? არის ვერსია რომ მას ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველ ნომრად დაასახელებენ. არის ამის ალბათობა?

- მაგაზე უკეთესი ვინ უნდა დაასახელა. იმედი მაქვს რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი ძალიან არის დაცემული და თუ მას სიის სათავეში ყოფილი პრემიერი ჩაუდგება ეს მხოლოდ წაადგება ხელისუფლებას. ოღონდ მარტო ღარიბაშვილის ჩასმა არ იქნება საკმარისი, სია უღირსი ხალხისგან უნდა გაიწმინდოს.

- ვისგან უნდა გაწიმინდოს?

- პირველ რიგში რესპუბლიკელებისგან. `ქართული ოცნების~ რეიტინგი სსორედ ამათ გამო დაეცა. იმ შემთხვევაში თუ ეს ხალხი `ოცნებაში~ დარჩა, მათთვის ხმის მიმცემი არა ვარ. მაშინაც არ მივცემ ხმას ზვიად გამსახურდია რომ ადგეს და მთხოვოს ესენი შემოხაზეო. იმედი მაქვს რომ ბიძინა ივანიშვილს ეყოფა გონიერება და ყველაზე ერთგულ ადამიანს გვერდიდან არ მოიშორებენ.

- ყველაზე ერთგულ ადამიანში ღარიბაშვილს გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა. ის ხალხი ვინც ახლა ივანიშვილს ხოტბას ასხამს, ხვალ ისე გაიმეტებს მას რომ თვალსაც არ დაახამხამებენ. სიმართლე თუ გინდათ უკვე გამეტებულიც ყავთ. ისეთი რამეები ხდება შუა რგოლებში რომ ადამიანი გადაირევი. ეს სიცუდე კი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება. მან აუცილებლად უნდა გააკეთოს არჩევანი და პირველ რიგში ეს საშინელი რესპუბლიკელები უნდა მოეცილოს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ ღარიბაშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება, რესპუბლიკელები კოალიციას დატოვებენო...

- დატოვებენო, სწორედაც რომ ეგ მინდა. `ქართულ ოცნებას~ გამარჯვების შანსი მხოლოდ მათი წასვლის შემთხვევაში აქვს. ეგენი თუ დარჩებიან, ჩათვალეთ რომ კოალიცია არჩევნებზე ჩაფლავდება. ხალხი აღარ შეცდება და ამ ბოროტ ძალას მხარს აღარ დაუჭერს. ადრეც არაერთხელ მიტქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეგენი ნაციონალებზე უარესბი არიან.

- რითი არიან ნაციონალებზე უარესები?

- ისინი ღიად მოქმედებდნენ და ვიცოდით, ვინც იყვნენ. ეს რესპუბლიკელები ისე არიან შეფუთული კაცმა არ იცის რა ბოროტებას მოიმოქმედებენ.

- რაკი რესპუბლიკელებზე გვიწევს საუბარი დავით უსუფაშვილის ერთი განცხადვბაც შეაფასეთ. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძეზე და მის გუნდზე თქვა, მნიშვნელოვანი მონაპოვარიაო.

- ძლივს ერთი სიმართლე არ თქვა ამ კაცმა. დღევანდელ ოპოზიციაში თუ ვინმეს მოიეკითხება პოლიტიკა, ეს არის ნინო ბურჯანაძე. ეს დაფასებულია როგორც რუსეთსა და ევროპაში, ასევე ამერიკაში. მის გუნდშიც ღირსეული ხალხია. ყველას ქებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ირაკლი ბათიაშვილი, გიგლა ბარამიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩემს პატივისცემას ნამდვილად იმსახურებენ. ძალიან მიკვირს აქამდე „ქართულმა ოცნებამ“ რატომ არ დაიყენა ეს გუნდი გვერდით.

- თქვენი აზრით, ეს განცხადება უსუფაშვილის პირადი მოსაზრებაა თუ კოალიცია ფიქრობს ასე?

- მგონია, რომ ეს რესპუბლიკელების ხრიკია. ეტყობა ამ ფორმით აპირებენ „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებას. ალბათ ეუბნებიან, თუ ცალკე მოგვიწია გასვლამ ბურჯანაძეს დავიყენებთ გვედითო. მივმართავ ივანიშვილს, მოიშოროს რესპუბლიკელები და ისინი ბურჯანაძის გუნდით ჩაანაცვლოს. ირაკლი ღარიბაშვილის გაშვების გამო ძალიან გაბრაზებული ვარ, მაფრამ არ ვარ უნადყრი კაცი რომ ივანიშვილის დიდი დამსახურება დავივიწყო. ამ კაცმა სააკაშვილის სახით დიდი უბედურება მოგვაშორა. მისი კუდების მოშორევაც იგეგმებოდა, მაგრამ გამოვარდა ამერიკა და კოაბიტაცია მოგვახვია თავს. ეს კოაბიტაცია რომ არა, მათ პოლიტიკურ კუბოზე უკვე ბოლო ლურსმანი იქნებოდა დაჭედებული.

ახალი თაობა“, 29 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გაეშვათ

თენგიზ დიხამინჯიას განცხადებით, პრემიერის შეცვლით არაფერი შეიცვლება და ჯობდა, ისევ ღარიბაშვილი დაეტოვებინათ. „ირაკლი ღარიბაშვილის ფიგურა უფრო აპრობირებული იყო. ღარიბაშვილს მეტი ქარიზმაც გააჩნდა, „ოცნების“ ლაბორატორიაში უფრო ჩახედული იყო და შეეძლო, არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც მიეღო. ღარიბაშვილის შეცვლით წამგებიანი ნაბიჯი გადადგეს. ერთადერთი, ასე თუ ისე, მისაღებია საგარეო პოლიტიკა“, – აცხადებს თენგიზ დიხამინჯია „ახალ თაობასთან” საუბარში.

- ბატონო თენგიზ, როგორი იყო გასული წელი?

- მიღწევა ძალიან ცოტაა. ძირითადად ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაზეა საუბარი. უპირველესი პრობლემა საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება, ინსტიტუტების შენარჩუნება იყო. განსაკუთრებით რეფორმები გახლდათ მნიშვნელოვანი კონსტიტუციაში, სამართალში, ეკონომიკაში. მდგომარეობა მძიმეა. ჯანდაცვაში მიღწევები ნამდვილად არის, მაგრამ წარმატება მაშინ იქნებოდა, თუ სხვადასხვა სფეროში რეფორმები გატარდებოდა.

- ანუ წარმატებები არ გვაქვს?

- თვალსაჩინო წარმატებები არ გაგვაჩნია. უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი სასამართლო სისტემაში. იუსტიციის საბჭოს მიერ მურუსიძის არჩევით დაშვებულმა დანაშაულებრივმა და ბოროტმოქმედურმა საქციელმა პრემიერის ცვლილებაც კი გადაფარა. მურუსიძე და მთელი გუნდი არის სააკაშვილ-ადეიშვილის სისტემის მძევალი. სისტემის მძევალია იუსტიციის სამინისტრო, მინისტრი და მთელი სისტემა. არ დაადგა საშველი რეფორმებს.

- სასამართლო სისტემა ვერ გაჯანსაღდა?

- სასამართლო სისტემა კი არ გაჯანსაღდა, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი სისტემის მძევალი აღმოჩნდა. ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა ნება, რომ რეფორმები ჩაატაროს და ქვეყანამ თავისი ნაციონალური და სახელმწიფოებრივი ინტერესები უზრუნველყოს.

- იუსტიციის მინისტრმა გარკვეული რეფორმები ჩაატარა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თუ გატარებულ რეფორმებს, უბრალოდ, არ ეთანხმებით?

- რა რეფორმები გაატარა? ხე ნაყოფით იცნობა. მოსახლეობამ მათ სამართლიანობის აღდგენა მოსთხოვა.

- ნაყოფი მურუსიძის არჩევაა?

- დიახ. იუსტიციის სამინისტროში „ოცნებას“ სამი წარმომადგენელი ჰყავდა დანიშნული. მათაც მხარი დაუჭირეს მურუსიძის მოსამართლედ გამწესებას. ეს იყო სამარცხვინო აქტი. ეს ფაქტი მკაცრად შეაფასეს პოლიტპატიმრებმა და ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ წარმომადგენლებმა (ამ ორგანიზაციას მეც წარმოვადგენ).  მათ განაცხადეს, რომ იუსტიციის საბჭომ, რომელმაც მურუსიძე მოსამართლედ აირჩია, ხელმეორედ მოუკლა შვილები. ეს ტრაგედიაა. თუ ხელისუფლებას არ სურს, ამას გადაჰყვეს, იპოვოს გამოსავალი.

- გამოსავალს ეძებენ არასამთავრობოები და პარტიები. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. იუსტიციის საბჭოს შეცვლა როგორ წარმოგიდგენიათ?

- თუ საზოგადოება გაერთიანდა, ხელისუფლება ამ ცვლილების გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე დადგება. ხელისუფლებამ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა, რითაც ოპოზიცია გააერთიანა.

- რას გულისხმობთ?

- იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებამ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი პოლიტიკური ძალები და პერსონები გააერთიანა. ამის დასტურია ზაზა ხატიაშვილთან მოწყობილი შეკრება. ირაკლი კაკაბაძემ განაცხადა და მეც ვეთანხმები, რომ უნდა მოიძებნოს ლეგიტიმური გზა სამოქალაქო დამოუკიდებლობის განსახორციელებლად.

- ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს?

- ითანამშრომლოს საზოგადოებასა და ხალხთან და არა – ვიღაც პერსონებთან.

- პრემიერის შეცვლას როგორ აფასებთ?

- არანაირი ცვლილება არ იქნება. პრემიერის შეცვლა შედეგს არ მოიტანს. იგივე პროცესი გაგრძელდება. „ოცნებამ“ შეიძლება საარჩევნოდ უფრო ცუდი შედეგი მიიღოს, ვიდრე ღარიბაშვილის შემთხვევაში მიიღებდა.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- ღარიბაშვილის ფიგურა უფრო აპრობირებული იყო. ღარიბაშვილს მეტი ქარიზმაც გააჩნდა, „ოცნების“ ლაბორატორიაში უფრო ჩახედული იყო და შეეძლო, არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც მიეღო. ღარიბაშვილის შეცვლით წამგებიანი ნაბიჯი გადადგეს.

- საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით 2015 წელს წარმატებული არ იყო?

- ხელისუფლებას ვეთანხმები იმ შტრიხებში, რომ საგარეო პოლიტიკა მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იყო. სააკაშვილივით არ ცდილობდნენ ომის იდეოლოგიის პროპაგანდას. 2008 წელს რაც მოხდა, მსგავსი ტენდენციები გამოირიცხა. ტექნოლოგიურ მხარეზე არ ვსაუბრობ. სტრატეგიულად საგარეო პოლიტიკა, ასე თუ ისე, მისაღებია.

- მომავალი წელი საარჩევნოა. რა შედეგებს ელოდებით? მაგალითად, ნაციონალები ელოდებიან ხელისუფლებაში დაბრუნებას...

- ნაციონალები ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდებიან. სანამ საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი ცოცხალია, ნაციონალებს ჩადენილ დანაშაულს არასოდეს აპატიებს. ვერანაირი სქემით ვერ გაიმარჯვებენ, გარედანაც რომ დაეხმარონ და შთამბეჭდავი სცენარებიც რომ დაიწეროს.

- ოცნება?

- „ოცნებაც“ გაბანკროტებულია. ადრე თუ გვიან ნებისმიერი ძალა ასრულებს თავის მოღვაწეობას.

- ოცნების შემცვლელ ახალ ძალას ხედავთ?

- არა. სამწუხაროდ, გაფანტულები არიან. ეროვნულ თანხმობასა და მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული ჯგუფები ჯერ არ არსებობს. ასეთი ჯგუფები გაფანტულია. მათ აკლიათ კონცენტრაცია და ფინანსური მხარდაჭერა, თუმცა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამ ძალებმა კონცენტრაცია მოახდინონ და ეროვნულ-მსოფლმხედველობრივი იდეალების განსხეულება მოხდეს განგების ნებით.

ახალი თაობა“, 30 დეკემბერი, 2015 წელი

სამაჩაბლოს ალანიას არქმევენ

რა იდეებმა შემოუტია საახალწლოდ ლეონიდ თიბილოვს

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რეიტინგის ამაღლების მიზნით უშნოდ არის ატეხილი. რამდენიმე დღის წინ მან თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი ვალერი იახნოვეცი გაათავისუფლა.

რუს გენერალს ეს პოსტი 2010 წლიდან ეკავა. ადგილობრივ მედიას დიდი ალიაქოთი რომ არ აეტეხა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა, ის კაცი საკუთარი სურვილით წავიდა პოსტიდანო. ის-ის იყო იახნოვეცი დაივიწყეს, რომ თიბილოვმა წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა, სადაც ისეთი რამეები თქვა, ადგილობრივ და არამარტო ადგილობრივ მედიას კარგა ხნის მანძილზე ეყოფა სალაპარაკოდ.

გუშინ, 29 დეკემბერს, ის ძალიან იყო აჟიტირებული, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ვ.ვ. პუტინმა მოულოცა ახალი წელი. მისი ბოლო იდეა კი ძალიან სასაცილო იქნებოდა, საქმე საქართველოს ისტორიული კუთხისთვის სახელის გადარქმევას რომ არ ეხებოდეს. თიბილოვი ითხოვს, რომ ცხინვალის რეგიონი ამიერიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიად მოიხსენიებოდეს.

პუტინის მიერ დალოცვილმა თიბილოვმა ამასთან დაკავშირებით უკვე მოამზადა განკარგულება და ახალი წლის ქეიფების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში გააგზავნის.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ისტორიული სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევა თიბილოვს ინგუშების გამო გადაუწყვეტია. ოსებსა და ინგუშებს კი ისეთი თბილი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, პალესტინა და ისრაელი მონაგონია.

ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ტერიტორიული დავაა. ვლადიკავკაზის ნაწილი ინგუშეთის კუთვნილებაა. რუსების წყალობით, ინგუშებს ეს ტერიტორია დაკარგული აქვთ, თუმცა, მისი დაბრუნების იმედს არ კარგავენ. მანამდე კი გადაწყვიტეს, ოსებს ნერვები დააწიწკნონ და რამდენიმე დღის წინ აღმართეს ალანიის ჭიშკარი.

როგორ შეხვდნენ ჩრდილოეთში ამ ჭიშკარს, ვერ გეტყვით, მაგრამ ცხინვალში ისეთი წიოკია, პროტესტის ნიშნად ლამისაა, საკუთარი ეზოს ჭიშკრები ჩამოხსნან.

- არსებობენ ერები, რომლებსაც საკუთარი ისტორიის ხელახლა დაწერა და სხვისი წარსულის მითვისება სურთ. სამხრეთ ოსეთში ყველა გაკვირვებული დარჩა, როცა შეიტყვეს, რომ ინგუშეთში ალანიის ჭიშკარი ააშენეს. ეს გასაოცარია იმიტომ, რომ მთელმა სამყარომ იცის, რომ სკვითების და ალანების ჩამომავლები ჩვენ ვართ. არავის მივცემთ ჩვენი ისტორიის მითვისების უფლებას, – განაცხადა გაცეცხლებულმა თიბილოვმა. მისი თქმით, მან ეს დღეები ბევრი იფიქრა, თუ როგორ უნდა დაეცვა ისტორია და ისტორიული იდეაც დაებადა.

- გადავწყვიტე, რომ კარგი იქნება, თუ ამიერიდან ჩვენი რესპუბლიკა მოხსენიებული იქნება, როგორც „ხუსარ ირისტონ = ალანია“.

მერე ისე შეიჭრა როლში, რომ უნებლიეთ გაამხილა, თუ რაში დასჭირდა ხუსარ ირისტონისთვის (სამხრეთ ოსეთი) ალანიის დამატება.

- დიახ, რესპუბლიკის დასახელებას უნდა დაემატოს ალანია. ეს ორი ოსეთის გასაერთიანებლად კიდევ ერთი მიზეზი იქნება და ეს გაერთიანება რუსეთის შემადგენლობაში უნდა მოხდეს, – აღნიშნა ეშმაკმა ლეონიდმა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ეს კაცი რეფერენდუმის ჩატარების იდეით გამოვიდა. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს. ადგილობრივმა და რუსმა ექსპერტებმა თიბილოვის სარეფერენდუმო ვნებანი წინასაარჩევნო პერიოდს დაუკავშირეს. ცხინვალში 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და თიბილოვს ახლა რეიტინგის აწევა ძალიან სჭირდება. მართალია, მან რამდენიმე არგუმენტი ააფრიალა, თუ რატომ უნდა იყოს სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი, მაგრამ მოსკოვიდან დაიბარეს, ჩვენს შემადგენლობაში ახალი სუბიექტის მიღებას არ ვაპირებთო.

არადა, რეფერენდუმის იდეით ეს კაცი ისე მწარედ არის შეპყრობილი, რომ რუსეთის უარის მიუხედავად, მის ჩატარებას მაინც აპირებს. წლის ბოლო პრესკონფერენციაზე მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე იურისტებს რეფერენდუმის ჩატარებისთვის საჭირო საკითხების მოგვარება დაავალა.

- ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, როგორ დაისმება საკითხი. ამის კონტურები ჯერ გამოკვეთილი არ არის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება, – ამბობს ლეონიდ თიბილოვი. და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც სამხრეთელთა ლიდერს სურს, რეფერენდუმი რამდენიმე თვეში გაიმართება.

—————–

რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევისა და რუსეთის შემადგენლობაში შეჭრის მცდელობის პარალელურად, ცხინვალში თბილისთან ურთიერთობების დარეგულირებაზეც ფიქრობენ. იმისთვის, რომ ცხინვალის ხელისუფლების წევრებთან ურთიერთობის პატივი გვქონდეს, თურმე გარკვეული პირობები უნდა შევასრულოთ.

- სამხრეთ ოსეთი მზადაა, საქართველოსთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დაამყაროს. ოფიციალურ თბილისთან კონტაქტი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, – განაცხადა სამხრეთელთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან კოჩიევმა.

Comments are closed