globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 30th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: გიორგი კვირიკაშვილისთვის „ძალიან მაგარი 2017 წელი“, ექსპერტების მიერ სადღეგრძელოდ ფასდება

„რეზონანსი“: გია ხუხაშვილი: „გიორგი კვირიკაშვილის სიტყვა სადღეგრძელოს ჰგავს“

„რეზონანსი“: ნიკა ჩიტაძე: „გაძვირებული ფასები მოსახლეობას კეთილდღეობას ვერ მოუტანს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „2016 წლის ყველაზე უარყოფითი მოვლენა საზოგადოების ნიჰილიზმია“ // პარლამენტის ორად გახლეჩვა უკვე გადაწყვეტილია

„რეზონანსი“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „2016 წელი კატასტროფული იყო, განხორციელდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ ერთობლივი ოპერაცია ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ“

—-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „დღეს ქარიზმატული ლიდერი არც ოპოზიციაშია და არც ხელისუფლებაში“

„ახალი თაობა“: „რევოლუცია აღარ იქნება“ // ინტერვიუ კარლო კოპალიანთან: „ნომინალური ფიგურის ასარჩევად რამდენიმე ათეული მილიონი არ უნდა დაიხარჯოს“

—-

ვერსია: „რეალობის სწორად აღქმა დაგვიცავს 2017 წელს მოსალოდნელი პოლიტიკური მიწისძვრისგან“ // ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური პროგნოზი და 2016 წლის შეფასება

ვერსია: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ოთხკომპონენტიანი ფორმულა ტერიტორიების დასაბრუნებლად // „რუსეთი ცდილობს, რეგიონშიახალ რეალობას შეგვაგუოს, რაც მიუღებელია

——————-

„რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2016 წელი

გიორგი კვირიკაშვილისთვის ძალიან მაგარი 2017 წელი, ექსპერტების მიერ სადღეგრძელოდ ფასდება

ეკატერინე ბასილაია

“დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი”, – 2016 წლის ანგარიშის ჩაბარებისას დააანონსა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, რაც ექსპერტების შეფასებით, დემაგოგიას და სადღეგრძელოს უფრო ჰგავს, რეალურად კი 2017 წელი უფრო რთული იქნება და ამ “ძალიან მაგარ წელს” მოსახლეობა ვერ დაინახავს ისე, როგორც ექსპრემიერ ივანიშვილის მიერ პროგნოზირებული “მეოთხე საოცნებო წელი” ვერ დაინახა ვერავინ და ვერც ჯიბეზე იგრძნო დადებითად.

ექსპერტების თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც 2016 წელს ეკონომიკური ზრდა იყო მხოლოდ 2,8% და 2017 წლის ბიუჯეტში პროგნოზია, რომ ეკონომიკა გაიზრდება მხოლოდ 4%-ით, ეს მაჩვენებლები სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას ვერანაირად ვერ მოიტანს. მით უფრო, რომ ამ ყველაფერს ლარის დევალვაცია და ფასების ზრდა ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლისთვის მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება, რაც “ძალიან მაგარ წელს” არ შეიძლება ნიშნავდეს.

„4%-ანი ეკონომიკური ზრდა, ასეთი დევალვაციის პირობებში, როდესაც ლარის კურსი დაქცეულია და გაზაფხულზე კიდევ რა იქნება, არ ვიცით, კლების ტოლფასია და ამ დროს არგუმენტების გარეშე ძალიან მაგარ წელზე საუბარი არ მომწონს”, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. იგი ამბობს იმასაც, რომ რაც უნდა თქვან პოლიტიკოსებმა, ის მაცივარს ვერ მოუგებს, რადგან ადამიანებისთვის მთავარ ინდიკატორად მაცივარი რჩება. „ადამიანებს რამდენიც უნდა უძახო, მაგარი წელი იქნებაო, თუ კონკრეტული არგუმენტები არ მოიყვანე, ეს კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. ან სწრაფ განვითარებაზე რომ გველაპარაკებიან, გვაჩვენონ, სად არის მუხლი, რომელიც ამას უზრუნველყოფს?!” – აცხადება გია ხუხაშვილი.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძის თქმით, პრობლემაა, როდესაც ლიდერებისგან მუდმივად გვესმის სამომავლო სიკეთეებზე საუბარი და წლის შეფასებისას არასდროს საუბრობენ იმაზე, რომ აი, მათი პროგნოზი გამართლდა და წლევანდელი წელი შარშანდელზე წარმატებული იყო. „როდესაც ლარის კურსი საგრძნობლად გაუფასურებულია, ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ 2016 წელი უფრო წარმატებული იყო, ვიდრე 2015. ამიტომაც ისინი ან მომავალის გეგმებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მომავალი წელი იქნება ძალიან კარგი, ან ლაპარაკობენ იმას, რომ 9-წლიანი მმართველობის ბრალია ყველაფერი. კომუნისტების დროს იყო მუდმივად ამგვარი დაპირება, რომ მომდევნო თაობა კომუნიზმში იცხოვრებდა. ეს არის დემაგოგი პოლიტიკოსების ტაქტიკა”, – დასძენს ნიკა ჩიტაძე.

——

გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა 2016 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების საარჩევნო სლოგანია – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, ხალხის კეთილდღეობა” და ამ სლოგანიდან “თავისუფლება” უკვე შესრულებულია, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, ეკონომიკური სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა კი 2017 წელს გველოდება. მისი თქმით, 2016 წლიდან მისმა მთავრობამ განვითარების ახალი ეტაპი გამოაცხადა და სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომელიც მოსახლეობას კეთილდღეობამდე მიიყვანს.

“დღეს უკვე, 2016 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ განვითარების ახალი ეტაპი და წარმოვადგინეთ სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელმაც საბოლოო ჯამში ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები, მათი ოჯახები კეთილდღეობამდე უნდა მიიყვანოს. ეს პროცესი 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელება 2017-დან დაიწყება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, აირჩიო არა მარტივი, მაგრამ მე ვიტყოდი ერთადერთი სწორი გზა, სწრაფი განვითარების მისაღწევად. ჩვენ წარმოვადგინეთ 4-პუნქტიანი გეგმის ყველა მიმართულების კონკრეტული ხედვა”, – აღნიშნა პრემიერმა, რომელმაც საკმაოდ ვრცელი მიმართვა იმით დაასრულა, რომ მიღწევები იყო წელს, თუმცა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა 2017-ისთვის უფრო დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და მომავალი წელი “დიახ, უმაგრესი იქნება”. ეს ოპტიმიზმი, ჩემო მეგობრებო, არის აბსოლუტურად მატერიალური, რომელიც პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საგულისხმოა ის, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მსგავსი პროგნოზი გააკეთა იმდროინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

“რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას და მის ტემპებს, პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი,” – განაცხადა ბიზინა ივანიშვილმა, მაგრამ სწორედ მეოთხე “ძალიან კარგ წელს” დაიწყო ლარის საგრძნობი დევალვაცია და ამ პროგნოზის შეხსენებისას ექსპრემიერმა ჯერ ჟურნალისტები დაადანაშაულა ტყუილში, მსგავსი არაფერი მითქვამსო, შემდეგ, როდესაც მისი განცხადების ჩანაწერი ბევრჯერ გავიდა ტელეეთერით, ივანიშვილმა პროგნოზის არგამართლება საგარეო ფაქტორებს გადააბრალა.

როგორც ბიზინა ივანიშვილმა თქვა, კარგი წელი იმიტომ ვერ დადგა, რომ ჩვენს სავაჭრო მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ვალუტა გაუფასურდა და ამან ლარის და შესაბამისად, ეკონიმიკის ბედზეც იქონია ნეგატიური გავლენა.

„რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2016 წელი

გია ხუხაშვილი: „გიორგი კვირიკაშვილის სიტყვა სადღეგრძელოს ჰგავს

ეკატერინე ბასილაია

საქართველოს განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კვირიკაშვილის სიტყვა სადღეგრძელოს ჰგავს და მის სიტყვებს არ უნდა დავუჯეროთ.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” საარჩევნო სლოგანიდან პირველი – თავისუფლება, ნაწილობრივ მართლაც შესრულებულია, თუმცა ეს კვირიკაშვილის დამსახურება არ არის და ამას აქტივში ნუ ჩაიწერს.

“ეს თავისუფლება ჩვენ, ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოვიპოვეთ და ის ამ პროცესში საერთოდ არც კი მონაწილეობდა. მას ჩვენ თავისუფლება ჩავაბარეთ და ახლა ევალება, რომ ამ თავისუფლებას სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა მიამატოს. უმცა ობიექტური კრიტერიუმებით ამ ყველაფერს საფუძველი არ აქვს. მით უფრო, ამბობს, რომ კეთილდღეობისთვის პროცესი 2016 წელს უკვე დაიწყოო, მაშინ როდესაც 2016 წელს კეთილდღეობის მხრივ არა თუ წინ წავიწიეთ, არამედ პირიქით – უკან დავიხიეთ.

ლარის დევალვაციის ფონზე საშუალო სტატისტიკური ქართველის სოციალური სტატუსი დაქვეითდა. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და შესაბამისად, ქართველს ცხოვრება გაუძვირდა. ამ წუთას სტარტი ნულოვანი კი არ არის, არამედ მინუსებიდან ვიწყებთ”, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი და აღნიშნავს, რომ 2017 წლის სტარტი ბევრად რთულია, ვიდრე იყო 2016 წლის იყო.

ბევრად უფრო მაღალი სოციალური რისკებით ვიწყებთ 2017 წელს და ჯერჯერობით არც ის ჩანს, რომ ხელისუფლებას რამე რეალური გეგმა ჰქონდეს.

“მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა ძალიან სუსტია და აბსოლუტურად არ არის ადეკვატური იმ ეკონომიკური პრობლემებისა, რის წინაშეც ქვეყანა განსაკუთრებით ამ თვეების განმავლობაში დადგა. თუ პრემიერის სიტყვები ახდება, ნამდვილად გამიხარდება, მაგრამ ჯერჯერობით მის ამ რიტორიკას უფრო სადღეგრძელოდ აღვიქვამ, ვიდრე სახელმწიფო მოღვაწის დამაჯერებელ ნათქვამად. მიტომ, რომ არგუმენტები ამ “ძალიან მაგარ წელთან” დაკავშირებით, მას არ აქვს. ძალიან სუსტი, არადამაჯერებელი არგუმენტები აქვს”, – დასძენს გია ხუხაშვილი.

„რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2016 წელი

ნიკა ჩიტაძე: „გაძვირებული ფასები მოსახლეობას კეთილდღეობას ვერ მოუტანს

ეკატერინე ბასილაია

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის თქმით, პრემიერი ამბობს, რომ 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი, მაგრამ რა პროექტები იგეგმება და როგორ მოხდება სწრაფი განვითარება, კონკრეტული გეგმა არ ჩანს.

„არ ჩანს, როგორ უნდა მოხდეს ლარის კურსის სტაბილიზაცია და ეკონომიკაში რომელი სფეროები უნდა იყოს პრიორიტეტები. უბრალოდ ლოზუნგების დონეზე არის რაღაც განცხადებები, რაც უფრო სადღეგრძელოს მაგონებს”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ექსპერტი არ ეთანხმება პრემიერს, რომ თავისუფლება უკვე მიღწეულია, რადგან თვლის, რომ მედიის გარშემო ძალიან ბევრი პრობლემები და კითხვებია. ასევე არარეალურად ეჩვენება სწრაფი განვითარებისა და კეთილდღეობის დაანონსებაც.

„პრობლემაა იგივე “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით. იგივე “ფრიდომ ჰაუსის” მონაცემებით საქართველო კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად და ბუნებრივია, ვერ ვიტყვით, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა დემოკრატიულ სტანდარტს, იმ დროს, როდესაც ჩვენ ევროპის ოჯახის შემადგენელ ნაწილად გახდომის პრეტენზია გვაქვს.

რაც შეეხება ეკონომიკას, დაანონსებულია მშპ-ს ყველაზე ოპტიმისტური ზრდა 4%-იანი და ეს სწრაფი განვითარება ვერ იქნება. ვერც კეთილდღეობა იქნება 2017 წელს, რადგან ფასები იმატებს და როდესაც საწვავის აქცისზე ფასების ზრდა აძვირებს ტრანსპორტირებას და შესაბამისად, გაიზრდება კონკრეტული საქონლისა და მომსახურეობის თვითღირებულება. გაძვირებული ფასები კი მოსახლეობას კეთილდღეობას ვერ მოუტანს. დიდი ალბათობით ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება და “ქართული ოცნების” ძირითადი ლოზუნგი, თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა ეწინააღმდეგება იმ პროცესებს, რომელიც დღეს საქართველოში უკვე მიმდინარეობს და განსაკუთრებით თავს 1-ელი იანვრიდან იჩენს”, – მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე.

მისი განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის ძალიან მაგარი წელი არ გამართლდება და ამას ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, საგარეო ფაქტორებს გადააბრალებს.

ნიკა ჩიტაძის თქმით, კვირიკაშვილის დაპირებული სწრაფი განვითარება რომ მოხდეს, ამისთვის 2017 და მომდევნო წლებში 7-8%-იანი ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს, რაც გამორიცხულია. “სინგაპურს ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰქონდა 7%-იანი ზრდა და დღეს “აზიელი ვეფხვების” რიგშია მოხსენიებული. ამიტომაც 7-8%-იან ზრდაზე უნდა უყოს საუბარი”, – აღნიშნავს ჩიტაძე.

„რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „2016 წლის ყველაზე უარყოფითი მოვლენა საზოგადოების ნიჰილიზმია“ // პარლამენტის ორად გახლეჩვა უკვე გადაწყვეტილია

ელზა პაპოშვილი

კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის 2017 წელი, გასულ 4 წელთან შედარებით საკმაოდ მძიმე და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების წელი იქნება. მისი აზრით, მთავრობა ქვეყნის მართვას აღებული კურსით ვეღარ შეძლებს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ მთავრობის ცვლილება მაისისთვის მოხდება, თუ კი მინისტრები ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ცოტათი გაუმჯობესებას მაინც ვერ შეძლებენ.

- 2016 წელი საქართველოსთვის და ხელისუფლებისთვის როგორი იყო?

- მართალია ხელისუფლებამ ძალაუფლება კვლავ შეინარჩუნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველეფარი ისე იქნება, როგორც ეს 4 წლის განმავლობაში იყო. ბუნებრივია, ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება მოუწევს ქვეყნის ყველა სფეროში და ის ძველი კურსით ქვეყნის მართვას ვეღარ შეძლებს. საზოგადოების მხრიდან მოლოდინი კიდევ უფრო დიდია, რომ ხელისუფლება წინა წლებთან შედარებით უფრო აქტიური გახდება. მთავრობაც კარგად ხედავს, რომ ქვეყანაში წინა წლებთან შედარებით, პრობლემები უფრო მომატებულია და მისი გადაჭრა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წარმატებები არის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სამწუხაროდ მოსახლეობაში ოპტიმისტურმა განწყობებმა იკლო და ყველაფრის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს. ყველაზე სახიფათო მოსახლეობის ეს განწყობა მიმაჩნია. ამიტომ 2016 წლის ყველაზე უარყოფით მოვლენად საზოგადოების ნიჰილიზმს დავასახელებდი. რა თქმა უნდა, ქვეყანას გარკვეული სახის წარმატებებიც ჰქონდა და ამის მაგალითად ვიზალიბერალიზაციის საკითხს დავასახელებდი. ასევე საყურადღებოა ლარის კურსის ვარდნა, რომელმაც რეკორდული დაცემა, სწორედ ამ წელს განიცადა. ფაქტია, რომ ეს ქვეყანას უკან ნეგატიური სახით მოუბრუნდება. აღარაფერს ვამბობ მოსახლეობაზე, რომელსაც ცხოვრება კიდევ უფრო გაუძვირდა.

- ქვეყნის შიდა პოლიტიკაში 2016 წელს ისეთი რა მოვლენა იყო, რომელმაც გაგაკვირვათ და თქვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა?

- ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი საპარლამენტო არჩევნები იყო. ყველა და მეც მათ შორის ვფიქრობდით, რომ მრავალპარტიული პარლამენტი გვექნებოდა. შედეგები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. ხოლო პარლამენტს იღმა დარჩენილი პარტიები კი პოლიტიკური ასპარეზიდან განიდევნენ. ამას კი ვნახეთ, რომ ძალთა გადანაწილება მოჰყვა, რასაც ოპოზიციური ძალის ფაქტობრივად ჩამოშლა ჰქვია. განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელსაც დასავლურ ღირებულებებზე პრეტენზიები ჰქონდა. ვნახეთ, რომ ერთიანობას მხოლოდ ხელისუფლება ინარჩუნებს და ყველა სხვა პოლიტიკურ სპექტრში რღვევა მიდის.

ვხედავთ, რომ ოპოზიციური ფლანგი სრულიად სხვა კონფიგურაციით წარმოჩინდება, თუმცა, საბოლოო ჯამში როგორი სახით მივიღებთ, ამას უკვე ახალი წლის შემდეგ ვნახავთ.

- ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ფონზე შესაძლოა მთავრობაში ცვლილებები მოხდეს?

- უახლოეს მომავალში არ ველოდები, რომ მთავრობის რადიკლაური ცვლილებები განხორციელდება. მთავრობა ჯერ სერიოზულად სავარძელსაც არ მორგებულა, ამიტომ, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ძალიან ადრე მგონია. თუკი ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელი გახდა, მაშინ ეს უფრო მაისში ან ივლისშია მოსალოდნელი, მანამდე არ მგონია რამე ცვლილებები მოხდეს. მთავრობაში თუ მანმადე ცვლილება მოხდება, მაშინ გამოდის, რომ მთავრობაში ვიღაცამ ძალიან დააშავა. ახლადარჩეული კაბინეტი ქვეყანას ვერც დაამხობს და ვერც ააყვავებს.

- როგორც ვხედავთ, “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირება სულ უფრო მძაფრი ხდება. შესაბამისად, დავით უსუფაშვილმა ახალი წლის შემდეგ, თავისი პოლიტიკური პარტიის შექმნა დაანონსა. როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში ბრძოლა ახლა მეორე პოლიტიკური ძალისთვის ხომ არ დაიწყება?

- ცოტა უცნაური სიტუაცია ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ, თანაპარტიელებს პარლამენტში არშესვლისკენ მოუწოდა. ვსვამ კითხვას, თუკი ნაციონალური მოძრაობა ორ ნაწილად გაიხლიჩება, მაშინ გამოდის, რომ ვინც სააკაშვილის მხარეს დარჩება, მან პარლამენტი უნდა დატოვოს. ამიტომ, მგონია, რომ პარლამენტის ორად გახლეჩვა უკვე გადაწყვეტილია. როდესაც საუბარი მეორე ძალაზეა, გამოდის რომ სააკაშვილის ყველა მოწინააღმდეგე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარლამენტის წევრიცაა. შესაბამისად, მეორე ძალად დარჩება არა სააკაშვილის მომხრეები, რომლებიც პარლამენტში შესვლის წინააღმდეგები იყვნენ, არამედ მეორე ჯგუფი, რომელიც პარლამენტში იქნება. რა თქმა უნდა, თუ ისინი სახელს არ გადაირქმევენ. ხოლო მეორე პოლიტიკურ ძალად მანამდე დარჩებიან, სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება.

- როგორც ცნობილი გახდა, იმედის ტელევიზიამ მაესტრო და ჯიდიესი იყიდა. მედიაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ამ შესყიდვის უკან ხელისუფლების ფარული ხელი ურევია. თქვენც ასეთი შთაბეჭდიება გრჩებათ?

- ყველა ხელისუფლება, ყველა დროს და ყველა ქვეყანაში, მედიის გაკონტროლებას ცდილობს, რადგანაც ის მათთვის ყველაზე უხერხული კონკურენტია. უბრალოდ, გაკონტროლების ფორმები სრულიად სხვადასხვაა. თუ ხელისუფლებას მედიის გაკონტროლება სურს, რა თქმა უნდა, რომ ამას ყოველთვის მოახერხებს. თუმცა, პრობლემა სრულიად სხვაგვარია, კომუნიკაციები რაც უფრო ვითარდება, ტელევიზია ვის ხელში იქნება, უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ინტერნეტს ხომ ვერაფერს უზამენ?

ინფორმაციის მიეღების და გავრცელების იმდენგვარი საშუალებაა, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიის კონტროლი უკვე ზედმეტი გარჯა და თავის ტკივილი მგონია. “ნაციონალური მოძრაობაც” აკონტროლებდა მედიას, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმი მაინც დაემხო. საზოგადოების მხრიდან, როდესაც ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება იცვლება, მედიის კონტროლი ვერ შველის. მედიასთან ბრძოლას შედეგი არცერთი ხელისუფლებისთვის არ მოუტანია. ადამიანი ყოველთვის ინფორმაციას თავის პრობლემებზე ეძებს. ის არასდროს არ უყურებს ტელევიზიას, რომლიც მისი გასაჭირის შესახებ არ საუბრობს.

- რუსეთის ბოლოდროინდელ განცხადებებზე მინდა გკითხოთ. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის აღდგენას არ გამორიცხავს. გუშინ იგივე განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა. როგორ ფიქრობთ, კრემლი რა სახის მესიჯებს უგზავნის ჩვენს ხელისუფლებას და როგორ უნდა იმოქმედოს?

- საქართველომ რუსეთთან მიმართებაში, ყველაფრის მიუხედავად, საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა. რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა უპრობლემოდ ხდება. რუსებისთვის ჩვენს ქვეყანას სავიზო რეჟიმი გაუქმებული აქვს. საწინააღმდეგო ვითარებაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში წასვლა სურთ.

ასეთი განცხადებები პუტინის მხრიდან ადრეც ყოფილა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არასდროს არ გადაუდგამთ. არ ვიცი, კრემლს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რა სახის მოლოდინი აქვს, თუმცა ერთი კი ცხადია, რომ პრობლემა ისევ თავად მათ აქვთ.

თუ ეს პუტინისთვის საქართველოსთან სავაჭრო თემაა, არ მგონია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ვაჭრობის საგანი გახდეს. ჩვენს ხელისუფლებას ამ თემით ვაჭრობა არაფერში სჭირდება.

„რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „2016 წელი კატასტროფული იყო, განხორციელდა „ნაციონალური მოძრაობისა და ოცნების ერთობლივი ოპერაცია ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ

ნინო ქეთელაური

“კატასტროფული წელი იყო, პოლიტიკურმა სისტემამ მიიღო ძალიან მძიმე დარტყმა. ეს იყო “ნაციონალური მოძრაობისა” და “ოცნების” ერთობლივი ოპერაცია, ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ”, – ასე აფასებს გასულ წელს “რესპულიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას. იგი იმედს გამოთქვამს, რომ მალე ხალხი გონს მოვა და მრავალპარტიული სისტემა ადგილობრივი არჩვენების საშულებით მაინც დაბრუნდება.

განათლების სამინისტროს დაანონსებული რეფორმა, დავით უსუფაშვილის მიერ ახალი პარტიის შექმნის იდეა და გასული 2016 წელის პოლიტიკური შეჯამება – ეს ის საკითხებია, რაზეც “რეზონანსი” ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.

ლევან ბერძენიშვილი: ის, რომ სტუდენტებს ყოველ წელს მოუწევთ გრანტის მოპოვება, საკმაოდ ლოგიკურია და ამ კონკრეტულ შეთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილება არ არის აზრს მოკლებული. იმიტომ, რომ ადამიანები გარანტს მთელი სწავლის პერიოდით იღებენ და მერე შეიძლება არ ისწავლონ ისე, რომ ეს დამსახურებული ჰქონდეთ.

“რესპუბლიკურ პარტიას” თავის დროზე ჰქონდა ანალოგიური ინიციატივა, ასე რომ, თუ გონივრულად გაკეთდება და შესაბამისი ბრძანებულება სწორად მომზადდება, მე მგონია, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და რაც მთავარია, სწავლის ხარისხს გაზრდის.

- ამ სისტემით სტუდენტებს შორის რამდენად იქნება ჯანსაღი კონკურენცია? სამინისტრო შეძლებს ამის უზრუნველყოფას?

- ეს სწორედ ის არის, რაზეც პასუხი არ მაქვს. იმიტომ, რომ იდეა კარგია, მაგრამ ეს როგორ განხორცილდება, კონტროლი რამდენად იქნება და ა.შ. სამინისტროზეა დამოკიდებული. ასე რომ, ვნახოთ რა იქნება.

- ოპოზიციას აქვს განათლების სამინისტროსთან ასეთი მოთხოვნა, რომ პედაგოგებს ანაზღაურება არა საათების მიხედვით, არამედ კვალიფიკაციის შესაბამისად ჰქონდეთ. რას ფიქრობთ ამ მოთხოვნაზე?

- ხელფასები იმდენად დაბალია, რომ მე ვფიქრობ, რის მიხედვითაც არ უნდა დანიშნო, საათების თუ კვალიფიკაციის მიხედვით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც არ იქნება საკმარისი. ჩემი აზით, ხელფასი სულ მცირე, სამჯერ უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე არის. აი, ამის მერე შეიძლება იმ პრინციპზე საუბარი, ვის უფრო მეტი უნდა ჰქონდეს, ვისაც მეტი საათი აქვს, თუ ვისაც მეტი კვალიფიკაცია. მე ვფიქრობ, ამ საქმეში მთავარი პრობლემა ხელფასების სიმცირეა.

- რას ფიქრობთ, დავით უსუფაშვილის მიერ ახალი პარტიის შექმნის იდეაზე?

- ჯერ კონკრეტული არაფერი ვიცით და იმ ინფორმაციით რაც გვაქვს, შესაფასებელი ჯერ არაფერია. ეს არის მხოლოდ წინადადება, რომ თებერვალში შეიძლება რამე მოხდეს. ჩვენ არ ვიცით, რა პარტიაა, ვინ არიან წევრები და აშ. ასე რომ, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.

- შემოთავაზების შემთხვევაში, ითანამშრომლებთ ამ პარტიასთან?

- დავით უსუფაშვილი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი იყო და ჩვენგან წავიდა, ამიტომ მე არამგონია, რომ ასეთი კითხვისთვის სწორი დრო იყოს.

- პოლიტიკური თალსაზრისით, როგორ შეაფასებთ 2016 წელს?

- კატასტროფული წელი იყო, პოლიტიკურმა სისტემამ მიიღო ძალიან მძიმე დარტყმა. ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა სახელისუფლებოსი, დამარცხდა. ეს იყო “ნაციონალური მოძრაობისა” და “ოცნების” ერთობლივი ოპერაცია ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ. იმედია, ხალხი მალე მოვა გონს და ყველა ამ პარტიას ექნება საშუალება, რომ ადგილობრივი არჩევნების გზით მაინც დაუბრუნდეს პოლიტიკურ სისტემას. ანუ ქვეყანაში იყოს მრავალპარტიული სისტემა, იმიტომ, რომ რაც 2016 წელს მოხდა, იყო კატასტროფა.

———————–

„ახალი თაობა“, 30 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „დღეს ქარიზმატული ლიდერი არც ოპოზიციაშია და არც ხელისუფლებაში

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში 2016 წლის პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.

- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ 2016 წელს პოლიტიკური თვალსაზრისით? რა იყო მთავარი გამოწვევა ხელისუფლებისთვის?

- ზოგადად რომ შევაფასოთ, არ იყო მარტივი წელი, რთული წელი იყო, თუმცა წლის ბოლო განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ეკონომიკური, სოციალური თვალსაზრისით. მთავარი გამოწვევა ეროვნული ვალუტა იყო. წლის მიწურული განსაკუთრებით მძიმე გამოდგა მოსახლეობისთვის, რადგან ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გაუფასურდა ლარი და რა მძიმე ტვირთი დააწვათ ადამიანებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები გააჩნიათ. ამ მოსახლეობის უმრავლესობას ოპტიმისტური განწყობები არ აქვს. მთავრობამ თითქოს ამას დაუპირისპირა თავისი 4-პუნქტიანი გეგმა თუ 10-პუნქტიანი, მაგრამ ამ გეგმას დეტალურად არავინ იცნობს, რადგან მისი საჯარო განხილვა და საზოგადოებისთვის მისი გაცნობა არ მომხდარა. გეგმით ოპტიმისტური განწყობები ნამდვილად ვერ შეიქმნება.

- თუმცა პრემიერმა განაცხადა, რომ 2017 წელი ძალიან მაგარი წელი იქნება. არ ეთანხმებით?

- ეს ძალიან უცნაური განცხადება იყო.

- რატომ?

- ეს არ არის ის ტერმინოლოგია, რომლითაც უნდა საუბრობდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩემი ასაკის ადამიანისთვის ცნება „მაგარი კაცი“, „მაგარი ქალი“ მიუღებელია, ყურს ჭრის. უფრო გასაგები იქნებოდა, პრემიერს რომ ეთქვა, უკეთესი წელი გველოდება და იქვე ამის არგუმენტები დაესახელებინა. ჩემს სტუდენტს რომ ეთქვა, „მაგარი წელი მოდის“ ან „მაგარი გოგოა“, ეს სხვაა, გავიღიმებდი, მაგრამ ამას ქვეყნის პრემიერი რომ მეტყვის, ცხადია, ეს ოპტიმისტურად ვერ განმაწყობს.

- საგარეო პოლიტიკაში მთავრობის მთავარ წარმატებად რა მიგაჩნიათ?

- ერთმნიშვნელოვნად ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ნამდვილად არის კარს მომდგარი და ეს დიდი წარმატებაა. ასევე მნიშვნელოვანი წარმატებაა ასოცირების ხელშეკრულება და მასზე ყურადღების არგამახვილება არ შეიძლება. ეს წელი ნამდვილად იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ. დღეს ევროპაში ლიბერალური დემოკრატია უკან იხევს და არალიბერალური დემოკრატია იმარჯვებს. აშკარაა, რომ იზოლაციონიზმი მოდის წინა პლანზე. ერთიანი ევროპა ანუ ევროკავშირი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საქართველო მაინც, ასე თუ ისე, ინარჩუნებს ევროკავშირის ყურადღებას.

- ლარის დევალვაცია რამდენად იქნება საპროტესტო მუხტის მაპროვოცირებელი?

- არანაირი პროტესტი არ იქნება, არავინ გამოვა ქუჩაში. სოციალური აფეთქება გამორიცხულია. მართალია, ქვეყანაში ტოტალური უკმაყოფილებაა, მაგრამ უკმაყოფილება ერთია და აქტიური პროტესტი – სულ სხვა. პროტესტს, უკმაყოფილებას რეალური პოლიტიკური პროცესები რომ მოჰყვეს, ამას ლიდერი სჭირდება, ქარიზმატული ლიდერი, რომელიც შეძლებს, ხალხი გაიყოლიოს. დღეს საქართველოში არ არის ლიდერი, რომელიც შეძლებს ხალხის აყოლიებას. 4 წლის წინ ასეთი ლიდერი გამოჩნდა და ეს იყო ბიძინა ივანიშვილი, ასევე 10-12 წლის წინ ასეთი ლიდერი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი. დღეს არ ჩანს.

დღეს ოპოზიციას არ ჰყავს ერთი აღიარებული ლიდერი, რომლის გარშემოც მოხდებოდა თუნდაც ოპოზიციური ძალების კონსოლიდირება და მის სიტყვას ფასი ექნებოდა. ასეთი ლიდერი არც ხელისუფლებას ჰყავს. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პროცესებიდან გადგა და ამბობს, რომ არ ერევა პოლიტიკაში, მაგრამ ამის არავის სჯერა. ბიძინა ივანიშვილის პიროვნებამ, ფიგურამ ისე გადაფარა მთელი სივრცე, რომ მის ჩრდილქვეშ, როგორც კაკლის ჩრდილქვეშ ხე ვერ იზრდება, ლიდერი ვერ გაიზარდა.

- ამბობენ, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ოპოზიციას სათავეში მარგველაშვილი ჩაუდგება.

- გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად არ არის ლიდერი. კარგი ადამიანია, წესიერი ადამიანია, მისი კარის მეზობლები – ყველა მის ქებაშია, ეს პირადად ვიცი, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ კარგი ადამიანობა პოლიტიკოსისთვის მთავარი საბრენდო თვისება არ არის.

„ახალი თაობა“, 30 დეკემბერი, 2016 წელი

რევოლუცია აღარ იქნება“ // ინტერვიუ კარლო კოპალიანთან: „ნომინალური ფიგურის ასარჩევად რამდენიმე ათეული მილიონი არ უნდა დაიხარჯოს

რისი იმედი აქვს ხელისუფლებას, რას უნდა ველოდოთ გაზაფხულზე, ვინ უნდა შემოიჭიროს ქამრები, რას უპირებენ პრეზიდენტს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კარლო კოპალიანი ესაუბრება.

- ბოლო დღეებში პრემიერმა კვირიკაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ 2017 წელს ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს განცხადება ცოტა არარეალურად ჟღერს. თქვენი პროგნოზი როგორია?

- დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი წარმატება ელოდება ჩვენს ქვეყანას. თამამად გავიმეორებ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებს, რომ 2017 წელს ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.

- ამის თქმის საფუძველს რას გაძლევთ? ახლანდელი გადმოსახედიდან ამის დაჯერება ცოტა ძნელია...

- ის, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს, აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო. ასეთი რამე 10 წლის წინ რომ გაკეთებულიყო, ჩვენ ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. მეც გული მტკივა, ადამიანებს სამსახურებიდან რომ უშვებენ, მაგრამ, როგორც ამბობენ, გამოსაშვები სისხლი უნდა გამოუშვა. იმისთვის, რომ ქვეყანა წელში გაიმართოს და ეკონომიკურად გაძლიერდეს, ხშირად მთავრობას არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა უწევს. ეს მტკივნეული პროცესია, მაგრამ, არც ის უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანა იქცევა.

- თქვენ ფიქრობთ, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ ვითარება გამოსწორდეს?

- ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო უკეთესი ქვეყანა გახდეს. ჩვენს ხელისუფლებას შეეძლო, სტაგნაციის პროცესი გაეგრძელებინა და მხოლოდ დღევანდელი დღით ეცხოვრა, მაგრამ ეს მომავლისთვის იქნებოდა ცუდი. ევროპული ქვეყანა და უკეთეს პირობებში ცხოვრება თუ გვინდა, მაშინ ეს არაპოპულარული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლებას ეს არაპოპულარული ნაბიჯები უნდა გადაედგა და ხალხი სამსახურებიდან გაეშვა. არ შეიძლებოდა, ამის მაგივრად ხელისუფლებას თავად შემოეჭირა ქამრები? ან რა საჭიროა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ორი პარლამენტი?

- ორი პარლამენტი ძალიან დიდი უაზრობა და ფუფუნებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ. ეს საკითხი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში და მას წერტილი დაესმება. ქვეყანას პარლამენტის ერთი შენობა უნდა ჰქონდეს და ან თბილისი უნდა დავთმოთ, ან ქუთაისი. თბილისის პარლამენტს თუ დავთმობთ, მაშინ მთავრობამ კეთილი უნდა ინებოს და ისიც ქუთაისში გადმოვიდეს. ასე ცალ-ცალკე მუშაობა ნაკლებპროდუქტიულია, ზედმეტ ხარჯებს რომ თავი დავანებოთ. ვიღაც ამბობდა, რატომ უნდა იხარჯებოდეს ფული თბილისიდან ქუთაისში 150 დეპუტატის წასვლაზეო. ამ ადამიანს ვეთანხმები, მაგრამ, მინდა დავაზუსტო, რომ მხოლოდ 150 დეპუტატი არ მივდივართ თბილისიდან ქუთაისში. ჩვენთან ერთად მოდიან იქ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, მთავრობის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. ჩვენ გარდა, კიდევ 300-400 კაცი დადის ყოველ მეორე კვირას ქუთაისში. ეს დამატებითი ხარჯია. წინა ხელისუფლებამ ბევრი პოლიტიკური სისულელე ჩაიდინა. ქუთაისში პარლამენტის აშენება მათი სისულელეების გვირგვინია. ამ შენობის აშენება, მინიმუმ, 350 მილიონი დაჯდა და ეს მაშინ, როცა ქუთაისში წყალი არ მოდის.

რაც შეეხება ქამრების შემოჭერის პოლიტიკას, მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ, ამან მხოლოდ ხალხის ხარჯზე გადაიაროს. მართლა არ მიხარია ხალხის სამსახურებიდან გაშვება, მაგრამ არ შეიძლება, სახელმწიფო სტრუქტურებში შტატები ასე იყოს გაბერილი.

- თუ არ შეიძლება შტატების ასე გაბერვა, მაშინ რატომ მიიღეთ ამდენი ხალხი?

- ჩვენ არ მიგვიღია, ასე დაგვხვდა წინა ხელისუფლებისგან. ხელისუფლებაში რომ მოვედით, მათი გაშვებისგან თავი შევიკავეთ, ამ ადამიანების მდგომარეობაში შევედით, რადგან კარგად გვესმოდა, რომ ისინი ამ ხელფასით არსებობდნენ. ადამიანურად ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პოლიტიკურად არასწორი იყო და ის მძიმე ტვირთად დააწვა ბიუჯეტს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება მაქსიმალურად შეიკავებს თავს ხალხის გაშვებისგან და ეკონომია იმ ხარჯებზე გაკეთდება, რომლებიც ყველა უწყებას აქვს. წინა მოწვევის პარლამენტში დეპუტატებს არც პრემია აგვიღია და არც – დანამატი. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი დაეცა, არც ჩვენი სარგო გაზრდილა, რა თანხასაც აქამდე ვიღებდით, ახლაც იმავეს ვიღებთ. ამის გარდა, პარლამენტი რაღაც თანხებსაც ზოგავდა და ყოველ წელს 2 ან 3 მილიონს ვუბრუნებდით ბიუჯეტს.

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, არაეკონომიური მანქანებით ირბინონ მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსებმა. ასევე მიმაჩნია, რომ მერიის ავტოპარკიც უნდა შემცირდეს. არ შეიძლება, ადამიანები სამსახურებიდან გავუშვათ, ხოლო იქ დარჩენილმა თანამდებობის პირებმა იმავე პრივილეგიებით ისარგებლონ.

ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, რომ ქვეყანაში ყველაფერი მაგრად იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები მთავრობამ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მიიღო. მერწმუნეთ, აქციზის გაზრდა არავის უხარია. თუ ამან არ გაამართლა, არ ვიცი, ამ ქვეყანას რა ეშველება.

- ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების პროგნოზი არ გამართლდება და წინ კრიზისი გველოდება. ზოგიერთი რევოლუციასაც კი არ გამორიცხავს...

- მინდა, ყველას ვუთხრა, რომ რევოლუცია აღარ იქნება. აქციები, შესაძლოა, იყოს, მაგრამ რევოლუცია გამორიცხულია.

- ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?

- იმიტომ, რომ ხელისუფლების სათავეში წურბელები და ხორცმეტები არ არიან. ისინი არც ხალხსა და არც ქვეყანას სისხლს არ სწოვენ. ჩვენ არც ძალადობრივი გზით მოვსულვართ ხელისუფლებაში. ვიღაცებს შეიძლება ძალიანაც კი უნდათ რევოლუცია, მაგრამ ვერ ეღირსებიან. ეს ქვეყანა რევოლუციებმა დაღუპა და, რაც დღეს გვჭირს, ყველაფერი ხელისუფლების არაკანონიერი გზებით შეცვლის ბრალია. ასეთი რამე ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ორჯერ მოხდა. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კანონის ჩარჩოებიდან არ გამოვიდეთ. ამ წლების განმავლობაში ხან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოგვეწონა, ხან უზენაესი სასამართლოსი, მაგრამ შევეხეთ რომელიმეს? ისინი თანამდებობებზე ვადის ამოწურვამდე იყვნენ. ხშირად არც პრეზიდენტის გადაწყვეტილებები და ვეტოები მოგვწონს, მაგრამ არც მისთვის დაგვიშავებია რამე.

- როგორც ამბობენ, საკონსტიტუციო ცვლილებები სწორედ გიორგი მარგველაშვილის შესასუსტებლად მზადდება...

- ამ მოსაზრებას ვერანაირად ვერ გავიზიარებ. დღევანდელი კონსტიტუცია 1995 წელს იქნა მიღებული. იქიდან მოყოლებული, ქვეყნის მთავარ კანონში 26 ფუნდამენტური ცვლილება შევიდა. აქედან 24 ცვლილება ნაციონალების დროს განხორციელდა. წინა ხელისუფლებამ კონსტიტუცია მთლიანად გააუპატიურა და ერთ კაცს მოარგო ტანზე ჩოხასავით. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიშა ჩამჯდარიყო პრემიერის სავარძელში, სადაც მუდმივად იჯდებოდა, პრემიერობა მობეზრდებოდა, კონსტიტუციას შეცვლიდა და ისევ პრეზიდენტი გახდებოდა. ასეთი რამეები წარსულს ჩაბარდა. ახლა „ქართული ოცნება“ ე.წ. ოპოზიციის დამახინჯებული კონსტიტუციის გაკეთილშობილებას ცდილობს. არც ნაციონალები და არც არასამთავრობოები არ უნდა გვაკრიტიკებდნენ იმ ცვლილებებისთვის, რომელთა მიღებასაც ვაპირებთ. მათ არც იმის თქმის უფლება აქვთ, რომ პრეზიდენტის უფლებებს ვკვეცთ.

- რასაც თქვენ აპირებთ, ეს პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა არ არის?

- ეს ცვლილებები იმ ცვლილებების გამოძახილია, რომლებიც თავის დროზე შეიტანეს კონსტიტუციაში. ამ ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი ნომინალური ფიგურაა. ნომინალური ფიგურის ასარჩევად კი 40 მილიონი ლარი არ უნდა იხარჯებოდეს. ამიტომაც შეგვაქვს ასეთი ცვლილება – პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. გერმანიასა და იტალიაშიც ასე ირჩევენ პრეზიდენტებს, მაგრამ მათზე არავის უთქვამს, რომ არადემოკრატიული ქვეყნები არიან და პრეზიდენტის უფლებებს ზღუდავენ.

———————–

ვერსია“, 29 დეკემბერი, 2016 წელი

რეალობის სწორად აღქმა დაგვიცავს 2017 წელს მოსალოდნელი პოლიტიკური მიწისძვრისგან“ // ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური პროგნოზი და 2016 წლის შეფასება

თათია გოჩაძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები წინასაახალწლოდ თითქოს მინელდა და შეფასებებისა და პროგნოზების დრო დადგა. როგორი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით 2016 წელი საქართველოში? რა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა დაუდო სათავე მომავალ წელს პროცესებს? რა მიღწევებსა და შეცდომებზე შეიძლება ყურადღების გამახვილება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან? რას უნდა ველოდით 2017 წელს ქართულ პოლიტიკაში? – „ვერსიასთან“ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე 2016 წლის პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და საინტერესო პროგნოზებსაც აკეთებს.

ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ბედს განსაზღვრავს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელიც ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის ფატალური შედეგით დამთავრდა. თუმცა საინტერესო სურათიც გამოკვეთა პარლამენტში და მის გარეთაც. ექსპერტის თქმით, ხელისუფლების მიღწევა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობაცაა ოპოზიციური ჯგუფებით. არჩევნებამდე „ქართული ოცნებისთვის“ ასეთი კომფორტული პარლამენტი ძნელად წარმოსადგენი იყო, რადგან ამ არჩევნებზე „ოცნებამ“ ნაციონალების განეიტრალების მოთხოვნა შეასრულა, რასაც ამომრჩეველი ჯერ კიდევ 2012 წელს სთხოვდა: ,,მიუხედავად იმისა, რომ ენმ-მ საკმაოდ დიდი მაჩვენებელი მიიღო ამ არჩევნებზე, დღეს ისეთი სუსტია, როგორიც 2012 წელსაც კი არ ყოფილა. მაშინ საერთო გაჭირვებამ ისინი შეადუღაბა, დღეს კი დაშლის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ენმ-მ რომც შეინარჩუნოს ერთიანობა, ისეთი წინააღმდეგობები ღრღნის შიგნიდან, ვეღარასდროს იქნება პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც ამომრჩევლის დიდი მასის მობილიზებასა და ხელისუფლებაზე პრეტენზიის გაცხადებას შეძლებს. პარტია თუ ორ ნაწილად გაიყო, არამიშისტებს ექნებათ ქარიზმატული ლიდერის პრობლემა და სხვაგვარად უახლოეს წლებში საზოგადოების დიდი ნაწილის მომხრობას ვერ შეძლებენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ ლიდერის ძიების პროცესში არიან ახლა და გიგი უგულავაზე აკეთებენ გათვლას, თუმცა არავინ იცის, როდის გამოვა ის ციხიდან, რადგან შეიძლება, შეწყალების მექანიზმი ამოქმედდეს ან საქმეებთან დაკავშირებით პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდეს. აქედან გამომდინარე, გიგი უგულავა ამ ფუნქციის შემსრულებლად ვერ გამოდგება, ამიტომ მათაც ის დეფიციტი აქვთ, რაც დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს. რაც შეეხება მიშისტებს, მათ ჰყავთ ქარიზმატული ლიდერი, მაგრამ დისტანცირებულია. ლიდერი შავი ზღვის გაღმაა, პარტია – გამოღმა. ენმ-ში არსებული პრობლემები გარეფაქტორების გარდა იმან გამოიწვია, რომ დისტანციის გამო შეუძლებელია, პარტია ისე მართო, გავლენა მაქსიმალურად შეინარჩუნო”.

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. იმ შემთხვევაში კი, თუ პოლიტიკაში ახალი ფიგურანტების შემოსვლის ყველა შანსი გაქრება, ენმ ისევ იტივტივებს ზედაპირზე, მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ისეთი მოცარიელებულია პოლიტიკური სპექტრი, რომ ეს ცარიელი სივრცე უნდა შეივსოს მომავალ წელს მაინც, თუმცა ხათუნა ლაგაზიძე დღეს ასეთ სუბიექტად ვერავის ხედავს.
ექსპერტი პატრიოტთა ალიანსზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს პარტია პარლამენტში ენმ-სთვის და „ოცნებისთვისაც“ კომფორტულია, რადგან ენმ-ს ყოველთვის ექნება შანსი, ინტელექტით გაიბრწყინოს პატრიოტთა ალიანსის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსის კონსერვატიული და სოციალისტური იდეების მქონე ამომრჩეველი ყველაზე მზარდია საქართველოში, მათ ამის ათვისების რესურსი არ გააჩნიათ: „ველოდები, რომ მათი წარმომადგენლობა გაიზრდება ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ მათი რეიტინგის ზრდას აქვს ზედა ზღვარი და ეს კონსერვატიულ-სოციალისტურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი პატრიოტთა ალიანსს არ გაყვება“.

რაც შეეხება არასაპარლამენტო სივრცეს, ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით, აქ ყამირია და ერთადერთი, ვინც პარტიული სტრუქტურა შეინარჩუნა, ნინო ბურჯანაძეა. ერთადერთი მიმზიდველი პოლიტიკური ფიგურა კი – დავით უსუფაშვილია პროდასავლურ ფლანგზე. ექსპერტის აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტი აუცილებლად იქნება გიორგი მარგველაშვილი. მისმა გარემოცვამ დააანონსა კიდეც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად მისი პოლიტიკური აქტივობა გაიზრდება, თუმცა მარგველაშვილი არ არის ისეთი ქარიზმატული ლიდერი, რომლის მოთხოვნაც საზოგადოებაში გაჩნდება. თუ კი ის იპოვის, გამოზრდის ასეთ ქარიზმატულ ლიდერებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი პოლიტიკური ბრძოლის რესურსი გაიზრდება.

იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და უშიშროების საბჭოს მდივანმა უარი განაცხადა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე, ხათუნა ლაგაზიძე უარყოფითად აფასებს: „მათ განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე პარალელურად შექმნიან საზოგადოებრივ აზრს. ანუ, ფაქტობრივად თქვეს, რომ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას დაიწყებენ საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამით კი ერთგვარი წინააღმდეგობის მოძრაობა დააანონსეს, თუმცა ამას, არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე, ფართო მასშტაბი არ ექნება თემის ნაკლებად აქტუალობიდან გამომდინარე. ანუ, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე საზოგადოების უკმაყოფილების მობილიზებას ვერ შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია. პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რომელიც უსაფრთხოების ჩარჩოა, სრულიად უპასუხისმგებლო საქციელი და ბრძოლის ველიდან გაქცევაა კომისიაში არმონაწილეობა. ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, მარგველაშვილის ღერძზე პოლიტიკურად აქტიური ფიგურების აკინძვას ემსახურება. ამას კი საფუძველი სწორედ ამ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებულ ცვლილებებით ჩაეყრება“.

ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ ალტერნატიულ კომისიებს თვითაგადარჩენისა და საზოგადოებისთვის თავის შეხსენების მცდელობად მიიჩნევს და დასძენს, რომ გიორგი მარგველაშვილი იქნება მიზიდულობის ცენტრი იმ ექსპერტებისა და პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის შედეგებით უკმაყოფილონი იქნებიან. „ეს კი შეიძლება იქცეს უფრო მყარი პოლიტიკური ძალის დასაბამად“, – აცხადებს ექსპერტი.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტად ლაგაზიძე სამოქალაქო სექტორის ,,მიძინებას” მიიჩნევს: „რჩება შთაბეჭდილება, რომ ან ღრმა დეპრესიაშია, ან ხელისუფლების თბილ უბეში გაირინდა სამოქალაქო სექტორი. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს პასიურობა რაღაც ახსნას მოითხოვს. ეს შეიძლება აშშ-ში ჩატარებული არჩევნების გამოძახილიც იყოს, ანუ თავად დამფინანსებლებმა არ იციან, რა პრიორიტეტები აქვთ და რა მიმართულებით გასცენ დაფინანსება“.

2016 წლის არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტად ხათუნა ლაგაზიძე საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს ასახელებს და განმარტავს, რომ არსებულ წინააღმდეგობებზე წლებია საუბრობენ, მაგრამ ეს არასდროს ზედაპირზე არ ამოსულა: „როცა ასეთი დაპირისპირების მოწმენი ვართ, წარმოვიდგინოთ, ამ ზედაპირის მიღმა რა ხდება. ფაქტობრივად შინაგანი წინააღმდეგობებით იხლიჩება საპატრიარქო და თუ ეს პროცესი გაღრმავდა, გამოდის, ქვეყანაში არ რჩება მონოლითური ინსტიტუცია, რომელიც თუნდაც საზოგადოებრივი ნდობის თვალსაზრისით, ხელისუფლებას კონკურენციას გაუწევს. ასე რომ, დღეს ხელისუფლებას ხელთ აქვს ყველა კარტბლანში, წარმატებული, მათ შორის რადიკალური რეფორმების გასატარებლად”.

როგორც ექსპერტი განმარტავს, ხელისუფლებას ამისთვის ორი წელი აქვს. მისი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნების თითქმის ანალოგიური შედეგი დაიდება: „2020 წლისთვის მზადება ხელისუფლებამ 2019 წლიდან უნდა დაიწყოს. მანამდე კი ეს ორი წელი, შეუძლია მტკივნეული რეფორმებისთვის გამოიყენოს და თავის რეიტინგს შეელიოს“.

საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიას, რომელიც სოციალური აფეთქებისგან გამოწვეულ ე.წ რევოლუციურ სცენარის განვითარებას გულისხმობს, ხათუნა ლაგაზიძე ფაქტობრივად, გამორიცხავს: „რა თქმა უნდა, არსებობს რეალურად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე პროცესებიც განსაზღვრავს. ტრამპის პოზიციების გაურკვევლობა წარმოშობს ბიზნესის სიფრთხილეს ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებასთან, რაც საქართველოს ეკონომიკაზე აისახება. ამას შიდა პროცესებიც ემატება. ასე რომ, მდგომარეობის განსაკუთრებულ გაუმჯობესებას 2017 წელს არ ველი, თუმცა ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელიც ამ სოციალურ მღელვარებას გამოიყენებს. ასეთი ძალა ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: საზოგადოება უნდა დაარწმუნოს, რომ უკეთესი ხედვა აქვს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და ასევე გააჩნია ხელისუფლების დამარცხების ან გაყოფის უნარი. არცერთი ამ კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელი პოლიტიკური ძალა ახლა საქართველოში არ არსებობს“.

ხათუნა ლაგაზიძე კვალიფიციური სუბიექტების გაერთიანებაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს პარტიები მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი ადამიანებით ამოიწურებიან. მათ არაფერი გააკეთეს საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად:

„არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრი, ფაქტობრივად, არ არსებობს, ერთადერთი ძალა, რომელსაც რღვევა არ შეხებია, ნინო ბურჯანაძის პარტიაა. პოლიტიკური ბრძოლის ველზე ყველა გარდაცვლილია ამ პარტიის გარდა. უსუფაშვილისა და მარგველაშვილის გაერთიანებას რაც შეეხება, ეს არ იქნება ის ალიანსი, რომელიც დიდ შედეგს დადებს. უსუფაშვილს გაცილებით მეტი შანსი აქვს აკრიფოს პოლიტიკური რეიტინგი, თუ ახალ სახეებს და ხალხს შემოიკრებს. მაგალითად, მარგველაშვილის გარემოცვა აანონსებს, რომ ის არსებულ პოლიტიკურ სპექტრს არ დაეყრდნობა და ემზადება ახალი სახეების შემოსაყვანად, რაც სწორი ტაქტიკაა“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტს „ვერსიამ“ ლევან ვასაძისა და გიორგი მარგველაშვილის მიერ პარტიის ჩამოყალიბების კულუარული ვერსიაც შეაფასებინა: „მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა ლევან ვასაძისა და გიორგი მარგველაშვილის დუეტს შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა. ვასაძე გზავნის მესიჯებს, რაც საპროტესტო ელექტორატს სჭირდება, მარგველაშვილს კი აქვს პოზიციურობა და სოლიდურობა, შესაბამისად შეიძლება ამ დუეტმა ერთმანეთი დააბალანსოს და თუ ისინი დაჯგუფებას აპირებენ, პერსპექტივა ექნებათ”.
ხათუნა ლაგაზიძემ არც ენმ-ს 20 იანვრის ყრილობა დატოვა შეფასების გარეშე: ,,ძალიან ცუდი, თუ შიდადაპირისპირება მოხდება. ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღოს, რადგან სწორედ მათ შეეხოცება ხელი“.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ხათუნა ლაგაზიძე მის პოლიტიკურ აქტიურობას ამგვარად აფასებს: „პაატა ბურჭულაძემ შეასრულა პოლიტიკური ცოცხის ფუნქცია, მისი მეშვეობით გადახვეტეს მთელი არასაპარლამენტო პოლიტიკური. აკრიფა საპროტესტო ელექტორატი, ანუ ის ვინც არც ნაციონალებს და არც „ოცნებას“ აძლევდა ხმას, ყველას წაართვა ამომრჩეველი. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი, როცა პარტიამ ჩამოშლის პროცესი დაიწყო, ეს ამომრჩეველი გზაში დაკარგა – იმდენად იმედგაცრუებული დარჩა ამომრჩეველი, რომ საკუთარ პარტიებსაც აღარ დაუბრუნდნენ, საერთოდ აღარ წავიდნენ არჩევნებზე. ვერც თვითონ მიიღო ეს ხმები და სრულიად გადარეცხა პოლიტიკური სპექტრი. მეეჭვება, ეს სცოდნოდა, უბრალოდ კარგად გამოიყენეს და ფინანსურადაც კარგად ისარგებლა ამით“.

ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით, გამოწვევების თვალსაზრისით გაცილებით მძიმე იქნება გარეპოლიტიკური ფრონტი, რადგან ასეთი ეგზოტიკური პრეზიდენტი აშშ-ს ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში არ ჰყოლია: „დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნად წარადგინა რუსეთთან და პუტინთან დიდი ხნის ურთიერთობის მქონე ადამიანი. ის რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი იყო და ელიან კიდეც აშშ-ს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების მოხსნას. ეს შეიძლება რუსეთმა მწვანე შუქად აღიქვას თავისი გავლენის გაფართოებისთვის ყოფილ საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის საქართველოზეც“. (…)

ექსპერტის აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებია. (…) იგი რუსეთზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ჩრდილო მეზობლისთვის 2017 წლის გამოწვევად შეიძლება სწორედ სირია იქცეს. ექსპერტის თქმით, ალეპოს აღებით ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგობა არ მთავრდება. დღეს მთელმა ტერორისტულმა ჯგუფებმა და რადიკალურმა ისლამმა თავი დაანება აშშ-ს და რუსეთისკენ გადმომისამართდა. ეს კი სერიოზული საფრთხეა ქვეყნისთვის, რომელსაც უზარმაზარი ისლამური ანკლავი აქვს ჩრდილოკავკასიის სახით: ,,ამ გამოწვევებისა და რადიკალური ცვლილებების პირობებში ყველაზე ფრთხილად საქართველო უნდა იყოს. შეცდომის დაშვება არ გვეპატიება. მუდმივად უნდა გვედოს პულსზე ხელი, ვაკვირდებოდეთ პროცესებს, რომ მოვახერხოთ გარკვეული პროცესების პრევენცია. ამავდროულად, უნდა გვქონდეს ინტენსიური ურთიერთობა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, რადგან წინააღმდეგობებით სავსე ფიგურა ტრამპი, ხვალ რას მოიმოქმედებს, არავინ იცის. სწორედ ეს რეალობის აღქმა დაგვიცავს იმ პოლიტიკური მიწისძვრისგან, რასაც 2017 წელს ელოდებიან“.

ვერსია“, 29 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ოთხკომპონენტიანი ფორმულა ტერიტორიების დასაბრუნებლად // „რუსეთი ცდილობს, რეგიონშიახალ რეალობას შეგვაგუოს, რაც მიუღებელია

მაკა ლომაძე

,,აბაშიძე-კარასინისფორმატთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს, ნაწილი კი, ფორმატს წარმატებულს უწოდებს. როგორ აფასებს ,,აბაშიძე-კარასინისფორმატის საქმიანობას თავად ზურაბ აბაშიძე? გამოცდილი დიპლომატი, პოლიტოლოგი, ყოფილი ელჩი ნატო-ში, ევროკავშირში, ბენილუქსის ქვეყნებსა და რუსეთში, ,,ვერსიასექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს, გულახდილად საუბრობს იმაზე, რა შედეგი გამოიღო რუსეთთან დიალოგმა და რა პერსპექტივები არსებობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირების კუთხით.

- ბატონო ზურაბ, „აბაშიძე-კარასინის ფორმატისოთხწლეულს როგორ შეაფასებთ, რა შედეგი დაიდო და რისი იმედი უნდა გვქონდეს მომავალში?

- ამ ფორმატის საქმიანობის შედეგების შეფასებას, როგორც წესი, საზოგადოებას, ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ვანდობ. პირდაპირი დიალოგის დაწყებისთანავე განვსაზღვრეთ მისი დღის წესრიგი და მანდატი. იგი უმთავრესად შემოიფარგლება კონკრეტული საკითხების განხილვით, რომლებიც დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, სატრანსპორტო კავშირებთან, ტურიზმთან, გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებთან. როცა დიალოგს ვიწყებდით, რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის დახურული იყო. ამ ფონზე, ჩვენი ამოცანა გახლდათ, გაგვეხსნა ეს ბაზარი და შექმნილი დისბალანსი ნაწილობრივ გამოგვესწორებინა.

- რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის უკვე გახსნილია. გამოდის, მიზანს მიაღწიეთ?

- დიახ, ყოველწლიურად, საქართველოში, შეზღუდვების გარეშე, 500 მილიონი დოლარის რუსული პროდუქცია შემოდიოდა. ექსპორტი კი, პრაქტიკულად, არ ხორციელდებოდა, რაც უარყოფითად აისახებოდა ჩვენს ეკონომიკაზე. ეს ვითარება გამოსწორდა – რუსეთის ბაზარი გახსნილია. ამ 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 850 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული ნაწარმი გავიდა რუსეთში. უმთავრესად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია: ღვინო, კონიაკი, მინერალური წყალი… ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერების, ბიზნესმენების, სატრანსპორტო კომპანიებისა და ბიუჯეტისათვის.

- დისბალანსი თუ გამოსწორდა სატრანსპორტო ურთიერთობებსა და ტურიზმში?

- რა თქმა უნდა. 2012 წლამდე, რუსული სატრანსპორტო კომპანიები საქართველოში მშვენივრად გრძნობდნენ თავს: ეზიდებოდნენ ტვირთებს. ქართულ კომპანიებს კი ამის საშუალება არ ჰქონდათ. ესეც გამოსწორდა და უკვე ასზე მეტი მცირე და საშუალო სატრანსპორტო კომპანია მონაწილეობს სავაჭრო ოპერაციებში. ეს სწრაფად მზარდი ბიზნესია. მხედველობაში მაქვს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვები, არა მხოლოდ საავიაციო მიმოსვლა, რაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, არამედ სახმელეთო მარშრუტები, თბილისი-მოსკოვის, ბათუმი-როსტოვისა და სხვა მიმართულებით. ასე რომ, ეს დისბალანსიც გამოსწორდა და უამრავმა ჩვენმა მოქალაქემ იხეირა. ამ ყველაფერმა ერთად, ხელი შეუწყო რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას საქართველოში. წელს რეკორდული ციფრი დაფიქსირდა _ მილიონამდე რუსი ტურისტი შემოვიდა და ტურისტულმა კომპანიებმაც და სახელმწიფომაც სარგებელი ნახა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის გრადუსი შემცირდა. ეს მნიშვნელოვანია როგორც შიდაპოლიტიკური პროცესებისთვის, ისე საგარეო ურთიერთობებისთვისაც. ისეთ მცირე ქვეყანას, როგორიც საქართველოა, თუ დანასისხლად გადამტერებული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, უცხოელი ინვესტორის მოზიდვა გაუჭირდება. ზოგადად, რუსეთთან დიალოგი ხელს უწყობს ჩვენი ევროპული პროექტების განხორციელებასაც. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გავაფორმეთ. რუსეთის მხრიდან კი, ამ თვალსაზრისით, არ ყოფილა ისეთი დიდი ზეწოლა, როგორიც იყო უკრაინასა და მოლდოვაში.

- ამ ფონზე, ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის პროცესიც უმტკივნეულოდ, რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და პროვოკაციის გარეშე ჩაივლის?

- ვერ ვხედავ ამ კუთხით რუსეთის მხრიდან კრიტიკულ ძალისხმევას.
სხვათაშორის, ჩვენი ფორმატის საქმიანობასთან დაკავშირებით, იმასაც მოგახსენებთ, რომ დღეისთვის, ჩვენი 7 მოქალაქე გავათავისუფლეთ, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ. ძალიან ბევრი სირთულის მიუხედავად, საბოლოოდ, ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. მათ შორის რამდენიმე ქალბატონია. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმიც გამარტივდა ჩვენი მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, გაცემული ვიზების რაოდენობა, დაახლოებით გაორმაგდა. ეს ინფორმაცია მოგაწოდეთ და ამ ფორმატის მუშაობის შეფასება, თქვენთვის მომინდია. ისე, იმასაც შეგახსენებთ, რ4ომ რუსეთთან ურთიერთობის ყველაზე რთული საკითხები, რომლებიც უმთავრესად ოკუპირებულ ტერიტორიებთანაა დაკავშირებული და ასე აღელვებს ჩვენს მოსახლეობას, ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფორმატში განიხილება. ეს განხილვისა და განსჯის ცალკე საკითხია.

- ამ მიმართულებით კი, რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა არ შეინიშნება

- სამწუხაროდ, კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, არანაირი პროგრესი არ გვაქვს. გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მათი მზარდი ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციაში, უხეშად ირღვევა ჩვენი მოსახლეობის უფლებები, საერთაშორისო სამართლის პრინციპები. რუსეთი ყოველნაირად ცდილობს, შეგვაგუოს ე.წ ახალ რეალობას რეგიონში, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. ასეთი პოლიტიკის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კვლავ კრიტიკული იქნება და ძალისხმევას არ შევამცირებთ. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო თანამეგობრობისა და დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა გვაქვს.

- განათლება რუსეთში გაქვთ მიღებული. პირადი კონტაქტები დღევანდელ საქმიანობაში გეხმარებათ?

- რუსეთი პრობლემური ქვეყანაა და უნდა იცოდე მისი სპეციფიკა. ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ რუსეთისა და რეგიონის ქვეყნების პრობლემების შესწავლას, სპეციალისტების მომზადებას. მათი სერიოზული დეფიციტია, რაც სირთულეებს წარმოქმნის. რუსეთთან ყველას უჭირს ურთიერთობა – მეზობლებს, აშშ-ს და ევროპასაც; ამიტომ, ამ ქვეყნის სიღრმისეული ცოდნაა საჭირო და არა მხოლოდ გაზეთების, ურთიერთობების დონეზეც.

- აშშ ახსენეთ. თქვენი აზრით, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ორ გიგანტ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა შეიცვლება?

- საქართველო-ამერიკის ურთიერთობების პერსპექტივებს ოპტიმიზმით შევცქერით, ამის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. ტრამპი არაორდინალური პოლიტიკოსია. ამბობს, რომ კარგი ურთიერთობები სურს რუსეთთან. თუ ამ სურვილის რეალიზებას მოახდენს, მხოლოდ მივესალმებით. თუმცა ჯერ ბევრი კითხვა არსებობს, რომლებზე პასუხებს მაშინ მივიღებთ, როცა აშშ-ს ახალი პრეზიდენტი პოლიტიკის პრაქტიკულ რეალიზებას დაიწყებს.

- პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით. ოკუპანტს რა ენაზე უნდა ესაუბროს თქვენნაირი გამოცდილი დიპლომატი, რომელსაც რუსეთში ელჩადაც უმსახურია?

- რუსეთთან მუშაობა იოლი არც ელჩობის პერიოდში იყო და არც ახლაა. თუმცა ჩემი აზრით, დიპლომატისათვის რაც უფრო რთულია საქმე, მით საინტერესოა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თქვენ ალბათ სასაუბრო ენის შინაარსობრივ მხარეს გულისხმობთ და არა გარეგნულ ეფექტებს. არ ვარ მომხრე, მუშტები ვუქნიოთ და ვაგინოთ რუსეთს, რეალური პოლიტიკით კი დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები. ის, რაც მოხდა 2008 წელს, კატასტროფა იყო – ქვეყანა ფაქტობრივად დაიშალა. ამაზე პასუხისმგებლობა იმ ხელისუფლებასაც აუცილებლად აკისრია, რომელსაც რუსეთის მიმართ ძალიან ხმამაღალი, მკვახე რიტორიკა ჰქონდა. მეორე მხრივ, მოსკოვმა ჩვენი ტერიტორიის 20% „გადაიფორმა“, ხოლო ჩვენი ენერგოსისტემის უდიდესი ნაწილი რუსულმა კომპანიებმა შეიძინეს და ყოველივე ამის გამო, ბოდიშიც არავის მოუხდია.

- ამ ფონზე, ტერიტორიების დაბრუნების იმედი გაქვთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დაიღუპა, რაც უმძიმესი შედეგია, ინფრასტრუქტურა დაინგრა და ეთნიკური წმენდა განხორციელდა, 2008 წლის აგვისტოს ყველაზე მძიმე შედეგი ისაა, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა და ამით სამართლებრივად მოჯადოებულ წრეში აღმოვჩნდით. აქედან გამოსავალი ჯერ არ ჩანს, რადგან რუსეთი ამ გადაწყვეტილების უკან წაღებას არ აპირებს, ჩვენ კი ამას ვერასდროს შევეგუებით. როდის და რამ შეიძლება ეს გამოასწოროს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩვენ, უნდა ვიზრუნოთ, რომ რაღაც ეტაპზე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჩემი ფორმულაც მაქვს. ნახევრად სერიოზულად, როგორც მანქანას სჭირდება ოთხი ბორბალი, ისე ამ ვითარების გამოსწორებასაც სჭირდება ოთხი აუცილებელი კომპონენტი: საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა; აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა; რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და მეოთხე – ჩვენ უნდა გავხდეთ იმდენად მომხიბვლელი ქვეყანა, რომ აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან ცხოვრება მოუნდეთ.

- მომხიბვლელი გავხდებით ვიზალიბერალიზაციის შემდეგ? უვიზო მიმოსვლით ხომ, მთელი საქართველო, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაც ისარგებლებს?

- აფხაზეთსა და ოსეთში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული ევროპული პროექტი ინტერესს გააჩენს, თუმცა ამ ეტაპზე, რაღაც კონკრეტულის დაბეჯითებით მტკიცება ალბათ რთულია.

- თქვენ ხართ ავტორი წიგნისანატო და საქართველო _ უტოპიიდან რეალობისკენ“. როგორ გაშიფრავთ ამ სათაურს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე?

- 1990-იან წლებში ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვის მართლაც უტოპია იყო, დღეს კი გაცილებით ახლოს ვართ ამ რეალობასთან. ალიანსში გაწევრიანება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტირების თვალსაზრისით.

- ანუ, ბოლოს და ბოლოს, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება?

- რაღაც სინათლეს ვხედავ, მთავარია, იქიდან მომავალი მატარებელი არ იყოს…

- იუმორი გეხმარებათ, ბატონო ზურაბ, დიპლომატიაში?

- დიახ, სხვათა შორის, თუ დამიჯერებთ, ბატონ კარასინს იუმორის მშვენიერი გრძნობა აქვს. მას თითქმის 40 წელია ვიცნობ. თუმცა როცა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ხარ, ბუნებრივია, გარკვეულ ჩარჩოებში მოქმედებ… მსოფლიო მართლაც იცვლება. ჩვენ ამ დიდი გლობალური სურათის მხოლოდ მცირე ნაწილი ვართ. მზად უნდა ვიყოთ, რთულ სამყაროში საცხოვრებლად, სადაც იქნება ძალიან დიდი კონკურენცია. ჩემს სტუდენტებსაც ვურჩევ, დღევანდელ სამყაროში დაივიწყონ სიტყვა „გარანტია“. ჩვენ, უბრალოდ, უნდა ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია და მოვუაროთ იმას, რაც ჩვენი მოსავლელია. პირადად მე მუდამ ოპტიმისტი ვიყავი და ვარ.

Comments are closed