globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 31 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 31st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: სად განლაგდება ნატოს საწრთვნელი ბაზა?

რეზონანსი: რუსეთის პასუხი ნატოს საწვრთნელ ცენტრზე // “რუსეთი ეცდება, ხელში ჩაიგდოს: ფოთის პორტი, ენგურჰესი, გორის მაგისტრალი…”

რეზონანსი: საქართველოს ტაქტიკური დისტანცირება რუსეთთან

რეზონანსი: უნდა შეჩერდეს თუ არა აბაშიძე-კარასინის დიალოგი?

„ახალი თაობა“: ნინო ბურჯანაძე: „ტერიტორიების დათმობას მე და ჩემი თანამებრძოლები არ შევეგუებით“

——————

„ახალი თაობა“, 31 იანვარი, 2015 წელი

სად განლაგდება ნატოს საწრთვნელი ბაზა?

ნათია ხურცილავა

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით, ნატოს გენმდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო  – სად განლაგდება ნატოს საწრთვნელი ბაზა?

ალექსანდრ ვერშბოუს ინფორმაციით, ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსების ადგილთან დაკავშირებით ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებით საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ თვეში იქნება მიღებული.

როგორც ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკვე წლის ბოლოსთვის ცენტრი “ოპერატიული გახდება”.

“ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საქართველოში წვრთნის და შეფასების ცენტრს. აქ უკვე იმყოფებიან სამხედრო მრჩევლების გარკვეული რაოდენობა და ისინი კიდევ ჩამოვლენ. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს, რომ გაძლიერდეს, დაჩქარდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესი. ეს ცენტრი, ალბათ, ოპერატიული გახდება წლის ბოლოსთვის. მე ვიმედოვნებ, რომ ქართველ პარტნიორებთან მომავალ თვეს მოხდება საბოლოო შეთანხმება, სად იქნება განლაგებული აღნიშნული საწვრთნელი ცენტრი. ასევე გვექნება დეტალური საუბარი ამ მისიის მასშტაბისა – რა მასშტაბის იქნება, რა ტიპის სამხედრო წვრთნების განხორციელება შეგვეძლება ჩვენ აქ, საქართველოში”, – განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ. მისივე განმარტებით, გეგმის აღსრულება სწორედ “ძირითადი გადაწყვეტილებების” მიღების შემდგომ დაიწყება.

როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენმდივნის მოადგილესთან  გამართული შეხვედრის დასრულებისას განაცხადა, საუბარი იმ დღის წესრიგს სეეხო, რომელსაც საქართველო უელსის სამიტის შემდეგ ახორციელებს.

პრეზიდენტის თქმით, ვერშბოუსთან შეხვედრაზე საუბარი ე.წ. ხელშეკრულებასაც სეეხო, რომელიც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან – აფხაზეთთან გააფორმა.

„მინდა გამოვხატო სრული მხარდაჭრა იმ ერთობლივი ხედვისა და კურსის მიმართ, რომელსაც საქართველო ახორციელებს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირე და მომავალი წევრი. ამასთან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ზე, უპირველესად, მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ ადამიანებს – ქართველებს, ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ერთად იცავენ გლობალურ უსაფრთხოებას. მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.

ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტული დღის წესრიგის შესახებ, რომელსაც საქართველო ახორციელებს უელსის სამიტის შემდეგ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ისტორიული არჩევანის შესახებ, იმ ევროპული და ევროატლანტიკური  არჩევანის შესახებ, რომელშიც, ბუნებრივია, მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარება. ამას გარდა, ვისაუბრეთ იმ ერთიანი დღის წესრიგის თაობაზე, რომელსაც საქართველო ავითარებს როგორც უელსის სამიტისა და ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების კონტექსტში, ისე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი იმპლემენტაციის თვალსაზრისით.

ბუნებრივია, საუბარი შეეხო რეგიონში სტაბილურობას, იმ სირთულეებს, რომლებსაც იწვევს დაძაბულობა და კონფლიქტი უკრაინაში; იმ სირთულეებს, რომლებიც გამოიწვია ხელშეკრულების დადებამ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში, როგორც ქვეყანას, რომელიც ავითარებს სტაბილურობის, თანამშრომლობისა და, გლობალურად, რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მხრივ. მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ ვერშბოუს ამ ვიზიტისთვის და იმ შინაარსობრივი დღის წესრიგისთვის, რომელიც განხილული იყო საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, ასევე იმ მომავალი ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ჩვენ ერთად გადავდგამთ.

რეზონანსი“, 31 იანვარი, 2015 წელი

რუსეთის პასუხი ნატოს საწვრთნელ ცენტრზე

რუსეთი ეცდება, ხელში ჩაიგდოს: ფოთის პორტი, ენგურჰესი, გორის მაგისტრალი…”

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

ნატოს გენმდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, რუსეთის რეაქციის მიუხედავად, საქართველოში საწრთვნელი ცენტრის გახსნის გადაწყვეტილებნა ბოლომდე იქნება მიყვანილი, რაც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, იმას ნიშნავს, რომ საქართველო ბეწვის ხიდზე გადის.

ექსპერტის თქმით, რუსეთი ამ ცენტრს ნებისმიერ შემთხვევაში აღიქვამს საფთხის შემცველად, თავის მცოცავ პოლიტიკას გააქტიურებს და ამის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებას შეეცდება.

———

როგორც ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა, „წვრთნის და შეფასების ცენტრი წელს ჩამოყალიბდება და ეს იქნება ყველაზე ხილვადი ნაწილი არსებითი პაკეტისა, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული. ვმუშაობთ ქართველ კოლეგებთან ერთად, რათა შევარჩიოთ ადგილი. ჩვენ ვიყავით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატია ამ ცენტრის განლაგებისთვის. არის სხვა ვარიანტებიც და შეფასების მიზნით სპეციალური ჯგუფი თებერვალში ჩამოვა და ცენტრის განლაგების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, აგრეთვე გვჭირდება კონკრეტულად ვიცოდეთ მიზნები, ამოცანები ამ ცენტრისა, რა ტიპის სამხედრო წვრთნები შეიძლება ჩატარდეს იქ, რა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტები და ა.შ. ძირითადად, იქნება სამხედრო წვრთნები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისი რესურსები ამ მიზნით მოძიებულია და ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე იქნება წელსაც და ყოველწლიურად მომავალში”, – განაცხადა ვერშბოუმ. მისივე თქმით, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ნატო-ს მრჩევლების ყოფნა საქართველოში.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნის თაობაზე რუსეთის რეაქციის შესახებ დასმულ კითხვას, ვერშბოუმ აღნიშნა, ეს საქართველოს, როგორც სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებაა და რუსეთს ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს.

“ჩვენ უკვე გავიგეთ და მოვისმინეთ, რომ რუსეთის მიდგომა ამ ცენტრთან დაკავშირებით ძალიან ნეგატიურია და რაღაც მუქარასაც შეიცავდა, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ძალიან ნათელი გავხადეთ, რომ ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი, რომ ასეთი ცენტრი იყოს ჩამოყალიბებული და ჩვენი უფლებაა, რომ დავეხმაროთ სუვერენულ სახელმწიფოს, კიდევ უფრო გააძლიეროს თავის უსაფრთხოება. მართალია, პოტენციური სცენარები არ შეგვიმუშავებია, როგორი შეიძლება იყოს მომავლის პერსპექტივები, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი გადაწყვეტილება. რუსეთის რეაქციას ვნახავთ, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ ვეტოს უფლება”, – განაცხადა ალექსანდერ ვერშბოუმ და იქვე დასძინა, რომ საქართველო უახლოვდება ნატოს, მაგრამ გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით სპეკულაციას არ დაიწყებს.

ნატოს გენმდივნის განმარტებით, მათ არასდროს უთქვამთ “დედლაინის” შესახებ. “უელსში მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფოკუსირებულს ხდის საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, გავაკეთებთ. საქართველო თავის გასავლელ გზას გაივლის. ქვეყანა უახლოვდება ნატო-ს, მაგრამ არ დავიწყებ სპეკულაციას გაწევრიანების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით.ჩვენ არასდროს გვითქვამს “დედლაინის” – საბოლოო ვადის შესახებ”, – განაცხადა მან. ამასთან, ვერშბოუს თქმით, ალიანსი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს გაუჩნდეს დამატებითი შესაძლებლობა, მიაღწიოს საკუთარ დასახულ მიზანს.

მიაღწევს თუ არა დასახულ მიზანს საქართველო, ეს მომავალში გამოჩნდება, ამ ეტაპზე კი საქართველოს იმ ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს, რასაც „რუსეთის საფრთხე“ ჰქვია.

ვახტანგ მაისაიას თქმით, ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნას რუსეთი მცოცავი აგრესიით უპასუხებს და საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს ხელში ჩაიგდებს:

„ეს ცენტრი ნატოსა და მისი პარტნიორი სახელმწიფოების ეგიდით არის შექმნილი, სადაც წრთვნებს გაივლიან სამხედრო მოსამსახურეები. ამაში უჩვეულო არაფერია, იგივე ხდება ყველა პარტნიორ სახელმწიფოში..

რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინაში, სამხედრო საფრთხეებში პირდაპირ წერია, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა და რუსეთის მეზობელ და მოსაზღვრე ქვეყნებთან მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა არის სამხედრო საფრთხე აქედან გამომდინარე, საქართველოს ბეწვის ხიდზე უწევს გასვლა. რუსეთი თავის მცოცავ პოლიტიკას გააგრძელებს და მაქსიმალურად ეცდება საქართველოს სტრატეგიული ობიექტები ხელში ჩაიგდოს. ამის მაგალითია ფოთის პორტი, ესეც გარკვეული სამხედრო საფრთხეა“, – უთხრა „რეზონანსს“ ვახტანგ მაისაიამ. მისივე თქმით, იგი აღნიშნული საფრთხეების სესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს საუბრობდა და ხელისუფლებას ეს უნდა გაეთვალისწინებინა. „რუსეთის სამხერდრო დოქტრინაში ასევე წერია, რომ შეიარაღებული ძალების ამოცანა არის სტრატეგიული კომუნიკაციურ-ეკონომიკური ობიექტების დაცვა, რაშიც განიხილება ფოთის პორტი. ასევე გორი-თბილისის მაგისტრალთან თანდათან მიჩოჩება, სუფსის ნავთობსადენზე გარკვეული კონტროლის დაწესება და ენგურჰესი, რომელზედაც პრეტენზია აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ გამოთქვა. მე ამას თავიდანვე ვამბობდი და ეს საფრთხეები დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ გათვალა“, – გვითხრა ვახტანგ მაისაიამ.

რეზონანსი“, 31 იანვარი, 2015 წელი

საქართველოს ტაქტიკური დისტანცირება რუსეთთან

მაია აბაიაძე

“თუ შეჩერება იყო აუცილებელი, ამისთვის ობიექტური მიზეზი არსებობდა აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულების სახით – ამაზე კარგი და ლეგიტიმური საბაბი რა უნდა იყოს, რაც რუსეთსაც გამოაცლიდა უფლებას, რომ ბრალი დაედო საქართველოსთვის – აი, ქართველებს არ უნდათ კონტაქტიო,” – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე, რომ მთავრობამ აბაშიძე-კარასინის ფორმატი დროებით შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ მინისტრის ამ განცხადებამდე „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც ბერუჩაშვილი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეჩერებაზე საუბრობდა, თუმცა მალევე საქართველოს პირველმა დიპლომატმა დამატებითი განმარტება გააკეთა, რომ ის აბაშიძე-კარასინის დიალოგის შეჩერებს გულისხმობდა და ჟურნალისტმა არასწორი ინტეპრეტაცია გააკეთა.

———-

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ასეთი ნაბიჯი უპრინციპო საგარეო პოლიტიკის შედეგი და დიპლომატიური შეცდომაა, რადგან აბაშიძე-კარასინის დიალოგი მაშინ უნდა შეჩერებულიყ, როცა ამისათვის უფრო ლეგიტიმური საბაბი არსებობდა.

„ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის არათანმიმდევრული და არაპრინციპული პოზიციის კიდევ ერთი ილუსტრაცია. ჯერ ერთი, არ გიკვირთ, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დაწყებული მოლაპარაკებების შეჩერების რა იურიდიული უფლება აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს?! თუ აჩერებს დროებით, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პრემიერმა და მან უნდა განაცხადოს, რადგან მას ემორჩილება აბაშიძე.

„აბაშიძეს ახლა სრული უფლება აქვს, გააგრძელოს კონტაქტები კარასინთან, თუმცა, რასაკვირველია, ზურა ამას არ იზამს, მაგრამ ამის უფლება აქვს, რადგან აბაშიძე არაა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. მათ არანაირი შეხება არ აქვთ, ის სხვა უწყება – ერთ-ერთი სამინისტროა, ხოლო აბაშიძე უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. ის პრემიერის დანიშნულია და მის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს, რომელიც დაუწესა პრემიერმა და არა – ბერუჩაშვილმა. მას საერთოდ არ ეკითხება პრემიერის მიერ დაწესებული ფორმატის შეჩერება-გაგრძელება თუ შეცვლა, უკვე აქედან ჩანს, რა ბარდაგია ჩვენს ხელისუფლებაში“, – ამბობს ცინცაძე და აცხადებს, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგის შეჩერების ლეგიტიმური საბაბი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება იყო. თუ შეჩერება იყო საჭირო და აუცილებელი, ამისთვის ობიექტური მიზეზი იყო აფხაზეთთან იმ ხელშეკრულების გაფორმება – ამაზე კარგი და ლეგიტიმური საბაბი, რომელიც რუსეთსაც გამოაცლიდა იმის უფლებას, რომ შემდეგ ბრალი დაედო საქართველოსთვის – აი, ქართველებს არ უნდათ კონტაქტი რუსეთთანო, არ არსებობდა.

ჩვენ მაშინ გვქონდა საბაბი და მთელი მსოფლიო გაგვიგებდა, დღეს კი კითხვის ნიშანი იბადება – რატომ მაშინ არ გაუქმდა, როცა კლასიკურ ანექსიაზე იყო საუბარი და მთელი ევროპა ამაზე ლაპარაკობდა? ამას ვგულისხმობ, როდესაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის არათანმიმდევრობაზე ვსაუბრობ, არაპრინციპულობაზე და გაუგებარ მოტივაციაზე. ეს არის დიპლომატიური შეცდომა და პრიმიტივიზმი, როდესაც შენს მოწინააღმდეგეს ასეთ კოზირის კარტს აძლევ ხელში. დღეს სრული უფლება აქვს  კარასინს ან ლავროვს, რომ გამოვიდეს და თქვას – ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან, თვითონ გაწყვიტეს და თვითონვე აღადგინონო. ახლაც გამოვლენ და იტყვიან – ჩვენ არ გაგვიწყვეტია ეკონომიკური ურთიერთობა და შეუძლიათ, ის პატარა სარკმელიც გადაკეტონ, რომელიც რუსეთის ბაზარზე გაჩნდა. მე არ ვარ ამ ფორმატის გაუქმების წინააღმდეგი, რადგან მან ამოწურა თავისი მიზანი და არაერთხელ მითქვამს, რომ ან უნდა გაუქმდეს, ან სხვა სიბრტყეში გადავიდეს. მაგრამ რატომ ვაძლევთ მოწინააღმდეგეს საბაბს, რომ მან დიპლომატიური ქულები ჩაიწეროს ჩვენი სისულელეების ხარჯზე?! ეს მიკვირს, მეტი არაფერი“, – ამბობს ცინცაძე.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშიძის აზრით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეჩერება ახლა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტსა და საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნას უკავუშირდება.

„ამის პასუხი მგონი ამაში უნდა ვეძებოთ, რომ ეს ვერშბოუს ვიზიტთან არის დაკავშირებული და იმასთან, რომ აშკარად შეინიშნება ამ ბოლო დროს სასიკეთო მოძრაობა, საქართველოში ბოლოს და ბოლოს გაიხსნას ნატოს საწვრთნელი ბაზა.

როგორც ჩანს, რაღაც დონეზე ამ მხრივ სიტუაცია დაიძრა და იმედი მაქვს, რომ ამის დამსახურებაა. ვფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს საქმით მტკიცდება მოძრაობა ნატოსკენ და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს დროებითია და გაგრძელდება. აბაშიძე-კარასინის ფორმატმა იმ მიზნებს მიაღწია, რაც მისი ფუნქცია იყო – აღდგა ვაჭრობა, საჰაერო მიმოსვლა და ა.შ. ამის იქით ამ ფორმატს მანდატი არ აქვს, ასე, რომ ამ ეტაპზე ალბათ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ მათ თავისი თავი ამოწურეს, მე ამით ავხსნიდი. პრინციპში, რაც ჰქონდათ ჩაბარებული, ის თემები ამოიწურა.

ვფიქრობ, ეს დროებითია, ალბათ ამის შემდეგ ლაპარაკი დაიწყება იმაზე – ხომ არ გააფართოვონ ფორმატი, რადგან ის საკითხები, რაც მათ თავიდან ჰქონდათ ჩაბარებული, უკვე ამოწურეს“, – ამბობს შარაშენიძე.

რეზონანსი“, 31 იანვარი, 2015 წელი

უნდა შეჩერდეს თუ არა აბაშიძე-კარასინის დიალოგი?

ლიკა ამირაშვილი

“აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში შეხვედრები ახლო მომავალში დაგეგმილი არ არის,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა. მინისტრი მიზეზად რუსეთის მიერ ოპუკირებულ ტერიტორიებზე ბოლო დრო განხორციელებულ ქმედებებს ასახელებს. “ეს დიალოგი დროებით არის შეჩერებული იმ ქმედებების გამო, რაც რუსეთმა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა სავაჭრო ურთიერთობები ამ კონტექსტში არანაირად განხილული არ ყოფილა. სავაჭრო უერთიერთობები გრძელდება, რადგან ეს იყო პრაგმატული პოლიტიკის ნაწილი,” – განაცხადა ბერუჩაშვილმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გასული წლის შემოდგომიდან აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში არანაირი შეხვედრა არ დაგეგმილა.

————

„თქვენი აზრით, უნდა შეჩერდეს, თუ არა აბაშიძე-კარასინის დიალოგი?“ – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): პირადად მე ამ შეხვედრების არსს ვერ ვიგებ, მითუმეტეს, რომ ყოველდღიურად რუსეთი უფრო და უფრო ამტკიცებს, რომ მათთან ურთიერთობა შეუძლებელია. ერთადერთ შემთხვევაში, რა დროსაც შეიძლება ამ ფორმატის შენარჩუნება, შეიძლება არის ის, თუ ამით საქართველო საერთაშორისო საზოგადოებაში უკეთ გამოჩნდება. როგორც ქვეყნად, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ ყველა ძალისხმევას მიმართავს. თუ ეს ნიშა არ შენარჩუნდა, ამას არცერთ ეტაპზე არ ექნება მიზეზი ფორმატის შესანარჩუნებლად.

გოგი თორაძე (რეჟისორი): ძირითადი, რაც ამ შეხვედრებმა მოგვცა, არის ის, რომ პირდაპირი ავიარეისები აღდგა. ეს არის ამის შედეგი და მეტი არაფერი. დღევანდელ დროში ამ ფორმატს შედეგები ნაკლებად მოაქვს. მე ვერაფერს წინ გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავ. ის, რომ ხელშეკრულება იდება აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, ამ დროს პარალელურად მიმდინარეობს ჩვენი მოლაპარაკება, ისინი კიდევ ასეთ მზაკვრობებს ამზადებენ. ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა.

გიგლა გობეჩია (ჟურნალ “ფენომენის” რედაქტორი, ასოცირებული პროფესორი): ვფიქრობ, არ უნდა შეჩერდეს. დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი. მესმის, რომ ეს არის ძალიან მძიმე დიალოგი, მაგრამ სამწუხაროდ დიალოგის გაგრძელება მოგვიწევს. კარის გამოჯახუნება ყოველთვის შეიძლება და ძალიან ხმაურიანადაც. მიმაჩნია, რომ რაღაც რესურსი უნდა იყოს, იმიტომ, რომ მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ჩვენი მეზობლები ესენი არიან. მართალია ძალიან ცუდი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამთ, ჩვენ ტერიტორიებს ვერ შევიცვლით. მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეთიკის, პრინციპულობის და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ მაინცდამაინც კარი ბოლომდეა გამოსაჯახუნებელი და ყველა ურთიერთობის ხიდია დასაწვავი, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. ალბათ რეფერანდუმის გზით. ეს საკითხი ორი პოლიტიკოსის დონეზე არ უნდა გადაწყდეს.

„ახალი თაობა“, 31 იანვარი, 2015 წელი

ნინო ბურჯანაძე: ტერიტორიების დათმობამე და ჩემი თანამებრძოლები არ შევეგუებით

შორენა მარსაგიშვილი

პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ვაშინგტონიდან გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში შესაძლოა გამეორებულ იქნას ყირიმის მსგავსი სცენარი და აქედან გამომდინარე დიალოგი რუსეთთან უნდა შეჩერდეს და მოლაპარაკებების ყველანაირი პროცესი უნდა გაიყინოს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მას არაერთგზის განუცხადებია, რომ ხელისუფლებას, სამწუხაროდ არ აქვს არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა და ქვეყანა პრაქტიკულად კატასტროფისაკენ მიექანება და ამის დასტური, ვისაც დანახვა უნდა არაერთხელ გამოჩნდა.

„დღეს მართლაც საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებით: მხედველობაში მაქვს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც მართლა, ვისაც ელემენტარულად ესმის საგარეო პოლიტიკა, მისთვის განგაშის ზარის ნიშანი უნდა იყოს. ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი თავის განცხადებაში ადასტურებს იმას, რაზეც მე არაერთგზის ვსაუბრობდი, რომ რუსეთთან ბაზრის გახსნა, თუნდაც იმ მცირე მოცულობით, რა მოცულობითაც გაიხსნა, იყო დროებითი მოვლენა. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ყველა ადამიანს ვინც „ქართულ ოცნებას“ იმედის თვალით შესცქეროდა, რომ მე მათ ვაფრთხილებდი, რომ ეს ბაზარი ძალიან მალე დაიკეტებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ დაიწყებოდა სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები რუსეთთან. დღეს კი, საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე აცხადებს, რომ საქართველო დროებით აჩერებს რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს, მას აზრი არ აქვს, რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისევ აამოქმედოს ემბარგო“-განაცხადა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით ეს ნაკლები უბედურებაა იმასთან შედარებით, რასაც თამარ ბერუჩაშვილი შემდეგ ამბობს. მისი თქმით ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ განცხადებებს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-დან აკეთებს.

„მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში, სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან ძალების გაძლიერება ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც ადვილი შესაძლებელია ასე იყოს და ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი ოსეთი იქნება. არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა გამეორებულ იქნას ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია. აქედან გამომდინარე მას მიაჩნია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, დიალოგი რუსეთთან უნდა შეჩერდეს და მოლაპარაკებების ყველანაირი პროცესი უნდა გაიყინოს.

ეს განცხადებები, არის ფაქტიურად ოფიციალური გამოცხადება იმისა, რომ ჩვენ ვეგუებით შესაძლო განვითარებას სცენარებისა, ვხურავთ მოლაპარაკებების ბოლო იმედს და ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის შესაძლო განადგურების – რეალური განადგურების პროცესს“- აცხადებს ნინო ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე წუთის წინ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ის არ აპირებს რუსეთისათვის რაიმე იარლიყების მიკერებას რთული ურთიერთობის მიუხედავად და აშშ განაგრძობს რუსეთთან თანამშრომლობას იმ საკითხებში, რაც შედის ამერიკის ინტერესებში, მაგალითად ირანის ბირთვული პროცესი და პროგრამა. როდესაც ევროკავშირმა რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მხოლოდ პირველი პაკეტი გააგრძელა და ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის სიმბოლური სანქცია, ის ითვალისწინებს კონკრეტული თანამდებობის პირებისათვის ევროპაში შესვლის აკრძალვას და მეტს არაფერს, ხოლო რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს ევოკავშირს მოლაპარაკებები რუსეთთან ამ საკითხზე არ შეუწყვეტია, მისი განახლება არ განუხილავს, ვინაიდან ევროკავშირის ლიდერები თვლიან, რომ ეს სანქციები აზარალებს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ თავად ევროკავშირსაც.

ყველა საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს, ყველა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან იღებს გადაწყვეტილებებს და მაშინ, როდესაც ჩვენთვის მოლაპარაკებების პროცესი ერთადერთი, ძალიან მცირე, მაგრამ ერთადერთი გარანტიაა იმისა, რომ იქნებ არ გაგრძელდეს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის პროცესი ამ მოლაპარაკებებზეც უარს ვაცხადებთ. ეს უკვე არ არის არაკომპეტენტურობა!“ – აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება პრემიერმა ღარიბაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს.

„თუ ჩვენი ხელისუფლება ოფიციალურად ამბობს ჩვენს ტერიტორიებზე უარს, მაშინ ამის თაობაზე საქართველოს მოსახლეობას უნდა განუცხადოს პირდაპირ და საქართველოს მოსახლეობამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ეგუება 21-ე საუკუნეში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას, თუ აპირებს ბრძოლას იმისათვის, რომ მინიმალური შანსებიც კი ჩვენი ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივისა, გამოყენებული იქნას. ვფიქრობ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა და ვისაც ესმის რას ნიშნავს ეს პროცესი უნდა ჰქონდეს მართლაც უმძიმესი რეაქცია აღნიშნულთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის განმარტებით, მოხდა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:

„რას ნიშნავს არასწორი ინტერპრეტაცია? თუ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი აზრს ვერ აყალიბებს ეს კიდევ მეორე პრობლემაა, თუმცა მე ვიცნობ დიდი ხანია ქალბატონ თამარს და მას ნამდვილად არ აქვს აზრის ჩამოყალიბების პრობლემა.

ეს ის საკითხია, რომელზეც ბატონმა ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს კომენტარი და უნდა გვითხრან რა ხდება ამ საკითხთან მიმართებაში! როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ სახელმწიფოს შეიძლება ხვალ კიდევ უფრო მეტი საფრთხე დაემუქროს და ანექსია დაემუქროს, ამ დროს გაწყვიტო დიალოგი, მაშინ როდესაც პოროშენკოც კი პირდაპირი დიალოგის რეჟიმშია რუსეთთან, ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება! მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ამ ტიპის განცხადებები ჯერ საერთოდ არ უნდა კეთდებოდეს და თუ კეთდება უნდა კეთდებოდეს საქართველოს დედაქალაქიდან და არა რომელიმე უცხო სახელმწიფოს დედაქალაქიდან, იმიტომ, რომ კითხვები ამასთან დაკავშირებით ჩნდება. თუ ჩვენ ნატოს ბაზის სანაცვლოდ მზად ვართ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავთმოთ მაშინ ეს ვთქვათ ხმამაღლა, ოღონდ მე პირადად, ჩემი თანამებრძოლები, ჩემი შვილები ჩემი პარტიის წევრები და ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში ამას არასოდეს არ შევეგუებით და ვიბრძოლებ, ნამდვილად ვიბრძოლებ იმისათვის რომ ეს არ მოხდეს“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Comments are closed