globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 31 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 31st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: იღებს თუ არა საიდუმლო დახმარებას საქართველო ნატოსგან

„რეზონანსი“: რაში გამოიხატება ნატოსგან მიღებული დახმარება?

„რეზონანსი“: ქართველი ინსტრუქტორები უკრაინაში სპეციალური დანიშნულების რაზმებს წვრთნიან

„არსენალი“: ენერგოუსაფრთხოება ნატოსთან ერთად

———————-

„რეზონანსი“, 31 მარტი, 2015 წელი

იღებს თუ არა საიდუმლო დახმარებას საქართველო ნატოსგან

თაკო მათეშვილი

საჰაერო თავდაცვის სისტემები, მხარდაჭერა კიბერუსაფრთხოების კუთხით, ნატო-საქართველოს მუდმივოქმედი კომისია, ფულადი დახმარება, საწვრთნელი ბაზა – ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, რასაც საქართველო ნატოსგან იღებს.

სწორედ ამ ყველაფერს გულისხმობდა, სპეციალისტების აზრით, აპატურაი თავის განცხადებაში, სადაც აღნიშნა, რომ საქართველო თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების კუთხით ევროატლანტიკური სტრუქტურიდან იმაზე მეტს იღებს, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა.

სამხედრო ექსპერტები აპატურაის ნათქვამს აანალიზებენ და ამბობენ, რომ გასაკვირი არცაა, საქართველო უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობდეს, კიდრე უკრაინა და მოლდოვა, ვინაიდან ნატო-საქართველოს ურთიერთობას ბევრად ღრმა წარსული აქვს და წევრობისთვისაც საქართველო უფრო მონდომებით იბრძვის.

ზემოხსენებული განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში გამართული ონლაინ კითხვა-პასუხის ფარგლებში გააკეთა. მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდიან იმისათვის, რომ ამ ქვეყნებმა პოლიტიური კურსი შეცვალონ.

„ნატოში მიგვაჩნია,რომ სამივე ქვეყანა უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით. შ ემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ამ დროისათვის ყველაზე მეტ დახმარებას იღებს ნატო-სგან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა აპატურაიმ. მისივე თქმით, თუ ცალკეული ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ საქართველოს დახმარება შესთავაზონ აღჭურვილობის ან ტრენინგების კუთხით, ეს ნატოს მცდელობებს შეავსებს.

სამხედრო ექსპერტები დაწვრილებით საუბრობენ ყველა იმ დახმარებაზე, რომელსაც საქართველო ნატოსგან იღებს და ასევე, არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, არსებობდე სხვა ტიპის დახმარებაც, რომელზეც ინფორმაცია არ გვაქვს და გასაიდუმლოებულია.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ამბობს,რომ ყველაზე დიდი დახმარება მაპ-ის მიღება და მერე კი ნატოს სრულუფლებიანი წევრობა იქნებოდა. ეს, მისი თქმით, პასუხს მსოფლიო დონეზე ბევრ კითხვას გსცემდა.

„საწვრთნელი ბაზის გარდა, შესაძლოა, აპატურაი საქართველოს აისაფის მისიაში მონაწილეორბას გულისხმობდეს, ან ერთობლივ წვრთნებს. ნატოს-თან თანამშრომლობაში საქართველო, რა თქმა უნდა, უფრო წინ იყო, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა. ეს დიდი ხანა ასეა, მაგრამ რეალური შედეგი დღემდე არ გვაქვს. შედეგში წევრობას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, დასავლეთში რუსეთის აზრს ისევ თვალისწინებენ და ამის გამოა, რომ საქართველომ დღემდე არათუ წევრობა, მაპტიც კი ვერ მიიღო“, – აღნიშნავს ირაკლი ალადაშვილი.

მოსაზრებას იზიარებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაიაც და აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა უფრო მეტ პერიოდს მოიცავს, ვიდრე ნატო-მოლდოვას, ან ნატო-უკრაინის ურთიერთობები. მოლდოვას, მისი თქმის, საერთოდ არც აქვს ნატოში გაწევრიანების სურვილი და პრეტენზია. მას ნეიტრალური კურსი აქვს აღებული და მხოლოდ ევროინტეგრაცია უნდა.

რაც შეეხება უკრაინას, მაისაიას თქმით, მას ნატოსთან მიმართებაში ნეიტრალური პოზიცია ჰქლონდა და ეს პოზიცია ქვეყანაში სულ რამდენიმე თვის უკან შეიცვალა.

საქართველოს კი უელსის სამიტის შემდეგ უკვე წევრობის კანდიდატია. ასეთი სტატუსი კი ჩვენ გარდა კიდევ ორ ქვეყანას აქვს – მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინას. ეს, მაისაიას განცხადებით, იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს ნატოში ინტეგრაციის რეალური პერსპექტივა გააჩნიათ.

„გარდა ამისა, საქართველო იასაფისა და სხვა მისიებში მონაწილეობს. ევროატლანტიკური სტრუქტურა კიბერუსაფრთხოების კუთხითაც გვეხმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს საწვრთნელი ცენტრიც, რომლის გახსნაც საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება და იგი რეგიონული მასშტაბის იქნება. ანუ, აქ წვრთნებში მონაწილეობა არა მხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოების, არამედ პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმაც შეიძლება მიიღონ.

„გარდა ამისა, ნატომ საქართველოში თავის დროზე შექმნა ჰაერსაწინააღმდეგო პასიური თავდაცვის სისტემის ელემენტები, რომელიც მახათას მთაზე იყო განლაგებული და საქართველოს საჰაერო სივრცეს აკონტროლებდა. მოგეხსენებათ, 2008 წელს, ომის პერიოდში რუსულმა ჯარმა დარტყმა სწორედ მასზე მიიტანა და მახათას მთა დაბომბა. ასევე, ფუნქციონირებს ნატო-საქართველოს მუდმივმოქმედი კომისიაც. ჩემი აზრით, აპატურაიმ სწორედ ეს ყველაფერი იგულისხმება“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში მამუკა არეშიძე კი „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მოლდოვას „პატრონობა“ ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან რუმინეს აქვს გადაბარებული. ამ ფუნქციებს კონკრეტული ქვეყანა ასრულებს. რაც შეეხება უკრაინას, მისი თქმით, ამ ქვეყნს ძირითადი დამხმარე ევროკავშირი იყო, ახლა კი აშშ-ც დაემატა.

„საქართველოს კი, რაც უნდა პარადოქსული იყოს, ამ თვალსაზრისით ბევრად მშვიდი ვითარება აქვს. ნატოსა და საქართველოს შორის მუშაობა და საქმიანი ურთიერთობა ყოველგვარი შუამავლის გარეშე მიმდინარეობს. სხვადასხვა ტიპის დახმარებასაც ვიღებთ. ესაა, მაგალითად, საწვრთნელი ბაზების მოწყობაში ხელის შეწყობა, თანხით დახმარება და ა.შ.“, – აღნიშნავს მამუკა არეშიძე და აქვე იმასაც დასძენს, რომ შესაძლოა, არსებობდეს სხვა ტიპის დახმარებაც, რომელსაც საქართველო სამხედრო ალიანსისგან იღებს და რომელიც გასაიდუმლოებულია.

„რეზონანსი“, 31 მარტი, 2015 წელი

რაში გამოიხატება ნატოსგან მიღებული დახმარება?

ლიკა ამირაშვილი

საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით ყველაზე მეტ მხარდაჭერას იღებს ნატოსგან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, – ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში გამართული ონლაინ კითხვა-პასუხის ფარგლებში გააკეთა. მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდიან იმისათვის, რომ ამ ქვეყნებმა პოლიტიკური კურსი შეიცვალონ. “ნატოში მიგვაჩნია, რომ სამივე ქვეყანა უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ამ დროისათვის ყველაზე მეტ დახმარებას იღებს ნატოსგან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. ჩვენ ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს საქართველოში, ასევე თავდაცვისუნარიანობის გაზრდის სკოლას”, – განაცხადა აპატურაიმ. მისივე თქმით, თუ ცალკეული ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ საქართველოს დახმარება შესთავაზონ აღჭურვილობის ან ტრენინგების კუთხით, ეს ნატოს მცდელობებს შეავსებს.

თქვენი აზრით, რაში გამოიხატება ნატოსგან მიღებული დახმარება? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

—————-

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): აპუტურაის განცხადება, რომ საქართველო ფინანსდება, ეს მართალია – ფინანსდება, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთაც ნატო აფინანსებს. ასევე უამრავი პოლიტიკური ორგანიზაცია ნატოს მიერ ფინანსდება, რადგან ნატოს უჭერენ მხარს. კი ფინანსდება, მაგრამ ზუსტად ჩვენ არ ვიცით ამ თანხების გამჭვირვალობა. ვინ როგორ და რამდენით ფინანსდება. ასევე ეს განცხადება არ უნდა მივიღოთ იმის ნიშნად, რომ საქართველო ნატოში შევა. ჩვენ ვიცით აპატურაის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატოში უახლოეს პერიოდში ვერ შევალთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი აზრით, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა ქვეყნები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არ დაუშვებენ. თუ აშშ ნატოს რეორგანიზაციას გააკეთებს და ამ ქვეყნებს არ შეეკითხებიან, მაშინ შესაძლებელია საქართველო ნატოში შევიდეს. საკითხავია, საქართველო ნატოში აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე თუ მოხვდება. ისიც საკითხავია, საქართველო ნატოში თუ შევა, რუსეთიდან ჩვენი უსაფრთხოება დაცული იქნება?

მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): ამ მიმართულებით ჩვენი თავდაცვის სამინისტრო ნატოსგან დიდ დახმარებას იღებს. პირველ რიგში ეს არის სწავლებისა და ცოდნის მიღება, რომელსაც ჩვენ სამხედრო საქმეში ვიღებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ცოდნა ალბათ გარკვეული საფასური უჯდება. შესაძლოა, ამ თვალსაზრისით ვიღებთ მეტ დახმარებას, თორემ ნატო იარაღს არც ჩვენ მოგვცემს და არც უკრაინასა და მოლდოვას. ამ შემთხვევაში გამოცდილების გაზიარებასა და ფინანსურ დახარებაზეა საუბარი. როგორც ჩანს, საქართველო ნატოსთან სიახლოვით მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით ყოველთვის ლიდერი იყო. აქედანაც არის განპირობებული ის, რომ ნატო უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ჩვენს ინტეგრაციაზე უფრო მეტს ხარჯავს. მოსახლეობამ აირჩია, რომ ნატოში შესვლა სურს. ასეთი რამ უკრაინაში და მოლდოვაში არ ყოფილა, შესაბამისად, რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩვენ ნატოსთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე ისინი.

თედო დონდუა (ისტორიკოსი): ამ ზღაპრების აბსოლუტურად არ მჯერა. იმიტომ, რომ მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. ჩვენ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით არავითარ დახმარებას არ ვიღებთ. ასეთი ქცევით ეს ორგანიზაცია თავის პოტენციურ მოკავშირეებს კარგავს.

მიშა თავხელიძე (პოლიტოლოგი): მე როგორც მგონია, ალბათ მისი განცხადება იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლობა და კონტაქტები ნატოსთან უფრო ინტენსიურია, ვიდრე სხვა ქვეყნების. სხვა რას უნდა ნიშნავდეს.

„რეზონანსი“, 31 მარტი, 2015 წელი

ქართველი ინსტრუქტორები უკრაინაში სპეცდანიშნულების რაზმებს წვრთნიან

თეა ბეჟიტაშვილი

ქართველ ინსტრუქტორებზე უკრაინაში დიდი მოთხოვნაა, გამოცდილი სამხედრო სპეციალისტები საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმებს წვრთნიან – ქართველებს უშუალო შეხება ჰქონდათ რუსეთთან და მათ ტაქტიკასა და საბრძოლო პოტენციალზე წარმოდგენა აქვთ, რაც უდავოდ წაადგება უკრაინის არმიას”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.

ამის მაგალითია ქართველი და ებრაელი ინსტრუქტორების მუშაობა ლუგანსკის რაიონში, სადაც ისინი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს წრთვნიან ქალაქის პირობებში ბრძოლების საწარმოებლად, – ამ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

ალეკო კვახაძის თქმით ქართველი ინსტრუქტორების მიერ აგვისტოს ომში მიღებულოი გამოცდილება უკრაინის რაზმებს საკმაოდ წაადგება: „ქარტველებს ზალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული როგორც რუსეთთან ომში, ასევე ავრანეთისა და ერაყის სამხედრო კამპანიებში. მათ ასევე გავლილი აქვთ სპეციალური „წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა“, რომელშიც ნატოს წამყვანი სახელმწიფოები მონაწილეობდნენ, მათ შორის აშშ, თურქეთი და სხვები.

რაც შეეხებათ ებრაელ ისტრუქტორებს, მათ კომპეტენციაში ეჭვი არავის ეპარება, რადგან ისრაელი, სამხედრო თვალსაზრისით, ერთ-ერთი ძლიერია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რაც მან არაერთ კონფლიქტში დაამტკიცა“, – ამბობს ექსპერტი.

პოლიტოლოგ ირაკლი კიკიანის თქმით, საქართველო რეფორმების თვალსაზრისით უსწრებს უკრაინას, აქედან გამომდინარე, საქართველოს გამოცდიულება, რომელმაც თავის დროზე დასავლეთს, მათ შორის ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმების გამოცდილება გაითვალისწინა, ფასეულია და ჩვენს ქვეყანას საერთო დასავლურ მხარდაჭერაში თავისი წვლილი შეაქვს.

საქართველო არის არა უბრალო მომხმარებელი, ის გარკვეულ გამოცდილებას უზიარებს სხვა ქვეყნებს, გარკვეულწილად პოზიტიურ გარდაქმნაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. როგორც ვიცით, მსგავსი ინსტრუქტორები უკრაინის სხვა რეგიონებშიც არიან, მათ შორის აშშ-დან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულნი. ამ შემთხვევაში საქართველო უკრაინისთვის ერთგვარი მაგალითია და ჩვენი ქვეყნის მიერ თავისი განვითარების გზაზე დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ხდება“, – ამბობს ირაკლი კიკიანი.

პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორის კორნელი კაკაჩიას თქმით, უკრაინას, შესაძლოა, დიდი არჩევანი არ ჰქონდა და ქართველ ინსტრუქტორებზე არჩევანი არსებული რესურსიდან გამომდნიარე შეაჩერა.

„როდესაც დასავლეთი თავს არ იკლავს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რეალური დახმარების გასაწევად, ამ შემთხვევაში მათ დიდი არჩევანი არ ჰქონიათ.

ჩემთვის უცნობია ისრაელის რომელი სტრქუტურებია ჩართული წრთვნებში – სახელმწიფო თუ კერძო. მე მგონია, რომ ეს არისკერძო კომპანია და არა სამთავრობო უწყება, როგორც ჩვენს შემთხვევაში იყო, როცა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში ისრაელის კერძო კომპანია მონაწილეობდა.

რაც შეეხება ქართველების შემთხვევას, გამომდინარე იმ პერიოდიდან, როცა ჩვენთან პოლიციის რეფორმა ჩატარდა, ქართველებს მეტ-ნაკლები ცოდნა დაუგროვდათ და ამ ცოდნას უკრაინელთა სპეცდანიშნულების რაზმების გაწრთვნას ახმარენ.

ამას დავუმატოთ ის, რომ უკრაინაში ბევრი ქართველია სხვადასხვა ტანამდებობაზე, რომელბმაც ასე თუ ისე იციან, რა შეუძლიათ ამ ქართველ ინსტრუქტორებს და ალბათ, მათი წვლილიცაა შეტანილი იმაში, რომ ქართველები ასეთი ტიპის წრთვნებში მონაწილეობენ“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

არსენალი“,№ 4 (206), აპრილი, 2015

ენერგოუსაფრთხოება ნატოსთან ერთად

(შემოკლებით)

“მიმდინარე წლის 17 მარტს თბილისში ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრისა და სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტას“ თანაორგანიზებით, თბილისში ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის მმართველი კომიტეტის რიგით მე-6 სხდომა გაიმართა. ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის (NATO ENSEC COE) კონტრიბუტორი წევრი საქართველო გახდა 2014 წლის 16 ოქტომბერს. ვილნიუსში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზა სოლეკასმა და ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა. ქართული მხრიდან ცენტრის საქმიანობაში, რომელიც სამხედრო დანიშნულების პროექტებზე მუშაობს, “დელტა” ჩაერთო”, – წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი”, სტატიაში სათაურით ენერგოუსაფრთხოება ნატოსთან ერთად.

“აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ჩამოყალიბებული და მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნებისგან (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საფრანგეთი, იტალია, თურქეთი) შემდგარი ცენტრის პირველი გაფართოება მასში სწორედ საქართველოს – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაწევრი სახელმწიფოს – გაწევრებით მოხდა. ცენტრის წევრობა ნატოს წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სხვადასხვა პროექტში ერთობლივი მუშაობის საშუალებას იძლევა. ყოველივე ეს ქართულ მხარეს და კერძოდ, „დელტას“ გამოცდილებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების შესაძლებლობას შესძენს”, – აღნიშნავს „არსენალი“.

“ცენტრის მიზანი წევრი სახელმწიფოების ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნატოს ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტექნიკური პროექტის შემუშავებაა. განიხილება როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული ენერგიის წყაროები. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სამხედრო მიზნით ალტერნატიული- მზის ენერგიის გამოყენებაზე. 17 მარტს გამართულ სხდომას საქართველოდან სხდომას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის, ეკონომიკის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრების მოადგილეები. სამუშაო ჯგუფები სწავლობენ პრობლემებს, ატარებენ კვლევებს შემუშავებული დოკუმენტების პაკეტი ნატოს გადაეცემა – პრაქტიკულად განხორციელება მისი საქმეა. უკრაინის მოვლენებმა ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს მოქმედების კონცეფცია შეაცვლევინა. ყირიმის ოკუპაციამ, აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხებულთა წაქეზებამ და სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრამ ევროპაში ენერგოსაშიშროება შექმნა. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მიმწოდებელია, NATO ENSEC COE-მ საკუთარი და მეზობელი სახელმწიფოების ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მუშაობა უფრო აქტიურად დაიწყო”, – წერს სტატიის ავტორი.

“ორგანიზაციის წევრები შიშობენ, რომ ენერგომატარებლებით და ბუნებრივი ენერგორესურსებით მდიდარი რუსეთი ამ გარემოებას პოლიტიკური ან სამხედრო ბერკეტის სახით ალიანსთან ან მის პარტნიორებთან დაპირისპირებაში გამოიყენებს. ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ლიტვამ – 2015 წლის 1-ელ იანვარს საპორტო ქალაქ კლაიპედაში ბუნებრივი აირის გათხევადების ტერმინალი გაიხსნა. ბალტიისპირეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სურვილი უკვე გამოთქვა სამხრეთ კორეამ, რომელიც ევროპაში ნედლეულს გემებით ჩაიტანს. ტერმინალის გახსნა ბალტიისპირეთის და ნაწილობრივ ჩრდილო-დასავლეთ ევროპის “გაზპრომზე” დამოკიდებულებას შეამცირებს. კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს მომავალი სხდომის გრაფიკი და შემდეგი გამოფენის ჩატარების დეტალები, რომელიც 2016 წლის 16-19 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართება”, – დასძენს სტატიის ავტორი.

“ახალი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება ყოველი წლის დააწყისში ხდება. განვლილი წლების მსგავსად, ამჯერადაც ძირითად მიმართულებად ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების განხილვა, ახალი პროექტების მოძიება და მათი განხორციელება რჩება. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ცენტრის წევრი სახელმწიფოების არსებულ ენერგოსისტემებში სუსტი წერტილების გამოვლენას და მათ შემდგომ გაუმჯობესებას. ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული ახალი ტექნოლოგიების შესწავლაში. ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ენერგეტიკული უსაფრთხოების თანამედროვე კონცეფციას ვაყალიბებთ. სამომავლო გეგმების კორექტირება პერიოდულად გამართულ სამუშაო შეხვედრებზე ხდება. ხშირად ეწყობა სწავლებები, ტრენინგები, მეცადინეობები სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. აქტიურად გვეხმარებიან ლიტვის სამხედრო აკადემია და ლიტვის უნივერსიტეტი”, – აცხადებს „არსენალის“ კორესპონდენტთან საუბრისას ცენტრის დირექტორი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი.

Comments are closed