globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 31 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 31st, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებისთვის ემზადება

რეზონანსი: ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „თბილისის მერობის ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი ალეკო ელისაშვილია“ // „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელთა“ კოალიცია მოლაპარაკებას ინკოგნიტო კანდიდატთან აწარმოებს

რეზონანსი: უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი პარლამენტარები მოსკოვში, რუს დეპუტატებთან დიალოგისთვის?

რეზონანსი: ქართული არმია ნატო-ს შეიარაღების მიღებას იწყებს // აშშ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეკავებაში დაეხმარება

საქართველო და მსოფლიო: რისთვის სჭირდება საქართველოს ახალი ამერიკული იარაღი, ვის უნდა ეომოს? // ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ნატოში მიგვიღებენ, მაგრამ არავინ ამბობს, ამ შემთხვევაში რა ბედი ეწევა ოკუპირებულ ტერიტორიებს

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ნატოს წევრობისთვის მზად ვართ, მაგრამ რუსეთის გამო არ გვიღებენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „ბიძინა ივანიშვილის აქტიურობა ადგილობრივი არჩევნების წინ ხალხს უარესად გააღიზიანებს“ // „ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს აფინანსებდნენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „მიხეილ ჩინჩალაძე ციხეში უნდა ჩაესვათ, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს“ // „სწორედ ჩინჩალაძეებმა და მურუსიძეებმა მოუტანეს მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა“

———————

რეზონანსი“, 31 მაისი, 2017 წელი

http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=36396

ქართული ოცნება მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებისთვის ემზადება

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

შესაძლოა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ გაუქმდეს. ამ საკითხზე “ქართული ოცნება” ოპოზიციის ერთგვარ შანტაჟს იწყებს. უფრო კონკრეტულად კი, მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ გუნდში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დატოვება განიხილება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემაში თუნდაც ერთი საკითხი იქნება ვენეციის კომისიის კრიტიკის საგანი.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ, მათი ინფორმაციით, ვენეციის კომისიის წევრებმა ბერლინის კონფერენციაზე საარჩევნო სისტემაში ე.წ. ბონუსების სისტემა უარყოფითად შეაფასეს და ამიტომაც “ოცნებამ” გაააქტიურა საუბარი იმაზე, რომ მაჟორიტარებს არ სურთ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ შეიძლება დადგეს.

(…)

ახლა კი, როდესაც ბერლინის კონფერენციაზეც დააფიქსირეს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა ბონუსების სისტემაზე უარყოფითი მოსაზრებები, მოქმედი საარჩევნო სისტემის დატოვების ალბათობა ძალიან დიდია.

„ასეთი სცენარი გამორიცხული არ არის”, – ამბობს “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი. მისი თქმით, თუ ეს სცენარი მართლაც შედგა, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ “ქართული ოცნება” არის არა პოლიტიკური პარტია, არამედ შპს, რომელიც მხოლოდ პირადი ინტერესებით იმართება და პასუხისმგებლობისგან საერთოდ დაცლილია. ეს არის “შპს “ქართული ოცნების” სახე და საქმიანობის სრულიად მკაფიო მიმართულება. ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ზოგჯერ შესაბრალებელიც კია, რადგან ამბობენ იმას, რასაც თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქე არასდროს იკადრებდა”, – აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

რეზონანსი“, 31 მაისი, 2017 წელი

http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=36389

ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „თბილისის მერობის ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი ალეკო ელისაშვილია“ // „თავისუფალ დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელთა კოალიცია მოლაპარაკებას ინკოგნიტო კანდიდატთან აწარმოებს

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

“თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკური პარტია” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ბლოკით წარსდგებიან. ამასთან დაკავშირებით პარტიებმა ოფიციალური განცხადება გუშინ გააკეთეს. როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, გაერთიანების საფუძველი იდეოლოგიური თანხვედრაა, რომელიც ორივე პროდასავლურ ძალას აერთიანებს. მისი თქმით, კოალიაციის გაფართოება არ იგეგმება. ახლად შექმნილი კოალიაციის გეგმებზე “რეზონანსი” შალვა შავგულიძეს გაესაუბრა.

(…)

-რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2010 წელსაც გაერთიანდა, თუმცა შედეგი არცთუ ისე კარგი აჩვენეთ მაშინ და ახლა რა მოლოდინი გაქვთ?

- 2010 წელს ახალშექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ, “თავისუფალმა დემოკრატებმა” ვაჩვენეთ საკმაოდ შთამბეჭდავი და დამაკმაყოფილებელი შედეგი. იმ დროისათვის სულ ერთი წლის პარტიაზე იყო საუბარი. მე პირადად მთაწმინდაზე ვიყრიდი კენჭს და მიმაჩნია, რომ ნორლამური შედეგი ვაჩვენე. შემდეგ უკვე “ქართული ოცნების” კოალიაციაში ჩვენმა ორმა პოლიტიკურმა ძალამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კოალიაციის გამარჯვებაში.

მოვედით კიდეც სათავეში კოალიციის სხვა სუბიექტებთან ერთად და საკმაოდ სოლიდურად ვიყავით წარმოდგენილი ხელისუფლებაში, როგორც “თავისუფალი დემოკრატები” ისე – “რესპუბლიკელები”. სამინისტროები და საპარლამენტო კომისიები გვებარა, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, მაგრამ მოხდა ჩვენი გზების გაყრა და ეს გამოიწვია იმან, რომ “ქართულმა ოცნებამ” უღალატა წინასაარჩევნო ერთობლივ დანაპირებს.

- თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით არსებობს თუ არა შეთანხმება?

- ალეკო ელისაშვილი ყველაზე პერსპექტიული კანდიდატია თბილისის მერობისა. მან თავისი განვლილი საქმიანობით, ეს უკვე დაადასტურა და ჩვენი კოალიაციისთვის ის იქნებოდა სასურველი კანდიდატი. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შორის მოხდეს გარკვეული შეთანხმება. საერთოდ, ჩვენ ამომრჩევლებს ვთავაზობთ გარკვეულ თვისობრივ სიახლეებს თვითმმართველობის არჩევნებში. ვქმნით თავისუფალ სივრცეს იმისთვის, რომ აქტიურმა მოქალაქეებმა, საზოგადოების წევრებმა მათთან ერთად მიიღონ მონაწილეობა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. მათ ვთავაზობთ ადგილებს, როგორც მაჟორიტარისას, ისე ბლოკის სიაში წარდგენის სახით.

რეზონანსი“, 31 მაისი, 2017 წელი

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/435475-qarthuli-presis-mimokhilva-31052017.html

უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი პარლამენტარები მოსკოვში რუს დეპუტატებთან დიალოგისთვის?

“პატრიოტთა ალიანსი” მზად არის, მოსკოვში წავიდეს და რუს დეპუტატებს შეხვდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ადა მარშანიამ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა. “ხალხნო, ნატო-ს თავად უნდა დიალოგი და ჩვენ, რომლებმაც უბედურება გადავიტანეთ, სად ვართ, რატომ არ ვეძებთ რუსეთთან რეალური დიალოგის საშუალებას და რეალური ურთიერთობების დამყარების მცდელობა რატომ არ გვაქვს? კმარა განცხადებები და გამოსვლები ამ თემაზე, დრო ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს. მე ვიცი, როგორი ტრაგიკული პრობლემებია ოკუპირებულ რეგიონებში. ვაცხადებ, რომ მზად ვართ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გადადგას პირველი ნაბიჯი, მზად ვართ, წავიდეთ მოსკოვში და შევხვდეთ რუს დეპუტატებს”, – განაცხადა ადა მარშანიამ… “თუ ადა მარშანია რუსეთში წასვლაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი პიროვნებიდან გამომდინარე შეიძლება შევთავაზო, წამოგყვები-მეთქი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვისას განაცხადა. უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი პარლამენტარები მოსკოვში, რუს დეპუტატებთან დიალოგისთვის? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” ტრადიციულ რუბრიკაში „მოსაზრებები“ (ავტორიგვანცა ღვედაშვილი).

“არა, მესამე მხარის გარეშე ვთვლი, რომ არ უნდა წავიდნენ. ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების გარეშე არ უნდა მოხდეს დიალოგის დაწყება, რადგან ეს ისევ და ისევ იქნება კაპიტულანტური პოზიციის გამოხატულება. რუსი პოლიტიკოსები და კულტურის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, რომ საქართველო მათი პროვინციაა. ეს უსაზღვროდ გაუმართლებელი და უაზრო დათმობის პოლიტიკის შედეგია. ამიტომ არავითარი პირდაპირი კონტაქტები რუსეთთან არ შეიძლება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფერმწერი გია ბუღაძე.

“იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება კარგად ორგანიზებული შეხვედრა, თუნდაც მცირეოდენი შედეგის მოტანისთვის. თუმცა შესაძლოა, ესეც კარგი იყოს, რადგან მახსოვს, როგორ ნელ-ნელა დაიწყეს ევროპაში იმის დანახვა, რომ ჩვენ აფხაზების დახოცვა კი არ გვინდოდა, არამედ აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა. ევროპელებსაც უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს. წავიდნენ და დაელაპარაკონ, თუმცა ეს საუბარი არაფრით დამთავრდება. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან იმ ადამიანებს ჩვენთან მეგობრობა კი არა, ჩვენი ტერიტორიები უნდათ”, – თვლის ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა.

„ადრე თუ გვიან დიალოგის დაწყება მოგვიწევს. თუმცა, ეს საერთო კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს და მე ვერ გეტყვით, ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს რა კონცეფცია აქვს იმისთვის, რომ მოაწესრიგოს ეს ურთიერთობა”, – ამბობს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

“ასეთი პასიური პოლიტიკა, როგორიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, სიგიჟისა და ღალატის ტოლფასია. გააჩნია რაზე წავლენ, თუ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით დაიწყება საუბარი, ეს დიალოგი ნებისმიერ დროს უნდა დაიწყოს”, – დასძენს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

რეზონანსი“, 31 მაისი, 2017 წელი

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/435475-qarthuli-presis-mimokhilva-31052017.html

ქართული არმია ნატო- შეიარაღების მიღებას იწყებს

„ქართულ შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატო-ს სტანდარტების ამერიკული ანალოგი ემ-240 ჩაანაცვლებს. ანალიტიკოსების აზრით კი, აშშ-სთან ბოლო შეთანხმების საფუძველზე, კიდევ მეტ დახმარებას უნდა ველოდოთ. აღნიშნული იარაღის სადემონსტრაციო გამოცდა კრწანისის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრში გაიმართა. საქარველოში აშშ-ის ელჩ იან კელის განცხადებით, ეს არის სიმბოლო იმ მტკიცე გადაწყვეტილებისა, რომ აშშ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეკავებაში დაეხმარება… “მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, აღვჭურვოთ საქართველოს ჯარი ემ-240 ტიპის იარაღით. ეს არის სტანდარტული იარაღი, რომელსაც იყენებს ნატო-ს შეიარაღება. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს. გარდა ამისა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი და სიმბოლო იმ ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე გადაწყვეტილებისა, რათა დავეხმაროთ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეკავებაში”, – წერს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართული არმია ნატო-ს შეიარაღების მიღებას იწყებს / აშშ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეკავებაში დაეხმარება“ (ავტორი – ნინო ქეთელაური).

“საბოლოო მიზანია, დავუახლოვდეთ ნატო-ს და გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი. ამ გზაზე უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ ნატო-ს მხრიდან. მინდა გამოვყო ნატო-ს ძირითადი ჯგუფის მხარდაჭერა და მადლობას ვუხდი ამისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს ამ გზაზე მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა იზორიამ… მისივე თქმით, აღნიშნული ცენტრი არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველაზე ამბიციური პროექტი, რომლის მიზანია ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება…. განაცხადა იზორიამ , რომლის თქმით, ის სტანდარტები, რა სტანდარტებითაც ტარდება წვრთნები, არის აბსოლუტურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. რეგიონში ასეთი ცენტრი არის უპრეცედენტო. ასეთი წვრთნების შედეგად ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა და უფრო მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს, ვიდრე თუნდაც 2 წლის წინ”, – აღნიშნავს გამოცემა.

“რა ხდება წარმოების კუთხით? შეგვიძლია თუ არა, ვაწარმოოთ “დელტას” ბაზაზე ან ტყვიამფრქვევები, ან ვაზნები? რა მარაგის შექმნა დაგვჭირდება რეზერვისთვის და ა.შ. თვითონ ტყვიამფრქვევებს რაც შეეხება, მათ შორის დიდი სხვაობა არაა, მათ თითქმის ერთი და იგივე მონაცემები აქვთ. ტექნიკურ მონაცემებში განსხვავდება სამზინე მანძილი, მეტი აქვს რუსულ პკპ-ს. სხვაობა არის ვაზნებშიც. ნატო-ს სტანდარტია 7,62ხ51, ხოლო რუსული – 7,62ხ54″, – აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე. რა არის კიდევ იმისთვის საჭირო, რომ საქართველო შეიარღების კუთხით ნატო-ს სტანდარტებს ბოლომდე მიუახლოვდეს, ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ საქართველო მთლიანობაში შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც წევრობისთვისაა საჭირო, მაგრამ არსებობს პრობლემებიც”, – განაგრძობს გამოცემა.

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სახელმწიფო მთლიანობაში შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებიც წევრობისთვისაა საჭირო, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ხაზით უამრავი პრობლემაა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. სალუქვაძის თქმით, ეს პრობლემები წლებია გროვდება და მათ გადაწყვეტას სამთავრობო დონეზე ესაჭიროება გადაწყვეტა. აქვე დავძენ, რომ ეს პრობლემები სულაც არ წარმოადგენს წინააღმდეგობას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით”, – წერს სტატიის ავტორი.

საქართველო და მსოფლიო“, 31 მაისი – 5 ივნისი, 2017 წელი

რისთვის სჭირდება საქართველოს ახალი ამერიკული იარაღი, ვის უნდა ეომოს?

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ნატოში მიგვიღებენ, მაგრამ არავინ ამბობს, ამ შემთხვევაში რა ბედი ეწევა ოკუპირებულ ტერიტორიებს

ბესო ბარბაქაძე

ნამდვილად ვერ გეტყვით, დღეს ზუსტად რამდენია საქართველოს საგარეო ვალი, მაგრამ, ნელ–ნელა 20 მილიარდს რომ უახლოვდება, ფაქტია. ამ პირობებში ახალი ვალის აღება, წესითა და რიგით, დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს და, რაც მთავარია, უნდა დაგვისაბუთონ, რომ ახალი ვალი აუცილებლობით არის გამოწვეული. არადა, ახლა ირკვევა, რომ ახალი ვალის აღება გადაწყვიტა ხელისუფლებამ და ამ ფულით იარაღის შეძენას აპირებს.

მოდი, რეალურად შევხედოთ მოვლენებს _ ვის შეიძლება ეომოს საქართველო რეგიონში? პირველ რიგში, რუსეთს, რომელთანაც განწირულები ვართ; მეორეა თურქეთი, რომელთანაც ასევე განწირულები ვართ. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, პირველის შემთხვევაში სამხედრო კონფლიქტი ისევ რუსეთთან ომის ტოლფასია, მეორის შემთხვევაში კი _ თურქეთთან. რჩება ირანი, თუ, რა თქმა უნდა, მოვახერხებთ და არაპირდაპირ მეზობელს ომს გამოვუცხადებთ (ასეთები მოგვიხერხებია?!). ანუ, რა გამოდის: ნებისმიერ შემთხვევაში, ვისთანაც უნდა მოგვიხდეს სამხედრო კონფლიქტი, მარცხისთვის ვართ განწირულნი.

სწორედ ამ ყველაფრის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები გვეუბნება, ახალი იარაღი გჭირდებათო, და ეს იმის მიუხედავად, რომ ფული არ გვაქვს. მაგრამ შტატებმა აქაც გამონახა გამოსავალი _ ფულს გვასესხებს და ამ ფულით თავისივე იარაღს მოგვყიდის. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამერიკას ყოველთვის ეგულება ისეთი ქვეყანა, რომელსაც ფულს ასესხებს, შემდეგ კი თავის პროდუქციას მიჰყიდის.

“2008 წელს საბოლოოდ ჩვენ დავინახეთ ყველა ის სისუსტე, რომელთა გამოსწორებასაც გარკვეული წლების განმავლობაში ვცდილობდით. მთავარი სიახლე შეიარაღებულ ძალებში რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ არა მარტო სტრუქტურულად შევიცვალეთ, არამედ ვცდილობთ, შევცვალოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების ომის წარმოების პრინციპები. ომის წარმოების პრინციპი, რომელიც მისაღებია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადება პირდაპირ მიმართული იქნება იმ საფრთხეების გამკლავებისთვის, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს.” _ განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატოს საპარლამენტოს ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ერთი შეხედვით, ძალიან უცნაურია ნატოს საპარლამენტო ანსამბლეაზე 2008 წლის ომის გახსენება, მაგრამ რეალურად დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს იმ პერიოდს, როცა 2008 წელს, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის საბაბით, მიხეილ სააკაშვილმა სამაჩაბლოში ომი დაიწყო და ტორტის მსუყე ნაჭერივით ჩამოგვაჭრეს ის 150-ზე მეტი სოფელი, რომელიც ახლა ქართველებისგან არის დაცლილი და მავთულხლართის მეორე მხარესაა. მაშინაც, ისევე, როგორც ახლა, გვიკიჟინებდნენ, რომ ნატოსთან, როგორც არასდროს, ახლოს ვართ, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი არმია უძლეველი რომ გახდეს, დამატებითი შეიარაღება არ გვაწყენდა, ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები ამბობდნენ, სულ ცოტა გაკლიათო და…

“მე რამდენჯერმე ვისაუბრე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ საქართველო მზად არის ნატოს წევრობისთვის და რიგ შემთხვევებში, უფრო მზად არის, ვიდრე ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა, მაგრამ რუსეთის ფაქტორი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სამწუხაროდ, ჩვენ მიმართაც მსგავს არგუმენტებს იყენებდნენ, როდესაც ნატოში 1999 წელს არ მიგვიღეს. იმ დროს ბევრი ექსპერტი დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ მზად ვიყავით ნატოს წევრობისთვის, თუმცა მხოლოდ 5 წლის შემდეგ მიგვიღეს. ნატოს წევრ რიგ ქვეყნებში, რომლებსაც არ დავასახელებ, აწუხებთ ის, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოახდინონ. მე მათ ვუპასუხებდი, რომ რუსეთის ირგვლივ მყოფ ქვეყნებში უსაფრთხოების ნაკლებობა და ვაკუუმი წარმოადგენს ყველაზე დიდ პროვოკაციას”, _ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუკნევიჩენემ.

საქართველოსთვის იარაღის შეძენის პარალელურად, ამერიკა ქურთების შეიარაღებასაც გეგმავს. მოგეხსენებათ, ქურთების მუშათა პარტია თურქეთში ავტონომიას ითხოვს, თურქეთი ნატოს წევრია და გააფთრებით ცდილობს ქურთების ინტერესების უგულვებელყოფას. ამ დროს კი ამერიკა მათ შეიარაღებას აპირებს და აცხადებს, რომ ქურთები სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ იბრძოლებენ. საინტერესოა, ვინ არის იმის გარანტორი, რომ 18 მილიონი ქურთი, რომლებიც ამჟამად თურქეთ–სირიის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ამერიკულ იარაღს თურქეთს არ მიუტრიალებს?! თუმცა, სჯობს, ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ…

ნატოს საპარლამენტო ანსამბლეას მმართველ გუნდში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ შორს არ არის დრო, როცა ნატო თავის რიგებში მიგვიღებს, მაგრამ იმას არავინ ამბობს, ამ შემთხვევაში რა ბედი ეწევა იმ ტერიტორიებს, რომლებიც ოკუპირებულია?! ახალი შეიარაღების შესყიდვა ხომ არ არის იმის მცდელობა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლებამ აფხაზეთში მოინდომოს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, დაგვემართოს ის, რაც 2008 წელს დაგვემართა და შემდეგ უკვე ევროპელმა თუ ამერიკელმა პარტნიორებმა გვითხრან, რომ, რაც მოხდა _ მოხდა და ნატოში გვიღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც დაგვრჩა და დავივიწყოთ ის, რაც გვქონდა?! ხომ არ მოხდება იმასთან შეგუება, რომ დაკარგულს ვეღარ დავიბრუნებთ და აჯობებს, ევროპელებსა და ამერიკელებს დავუჯეროთ? ბოლო წლებია, სულ ასე ვიქცევით _ მათი გვჯერა იმიტომ, რომ თურმე ძალა ევროპაშია, ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი ამერიკაა და მათ უნდა ვენდოთ, რადგან ჩვენზე ფიქრით თურმე ვაშინგტონში ტრამპს არ სძინავს, გერმანიაში _ მერკელს და საფრანგეთში _ მაკრონს… მაგრამ, მაკრონის უძილობას მაინდამაინც ჩვენზე ფიქრს ნუ დავაბრალებთ, 63 წლის ცოლი 39 წლის ქმარს რომ არ აძინებდეს, ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს.

და კიდევ ერთი ჩვეულებრივი ამბავი, რომელსაც გვაგუებენ და გვიხსნიან, რომ ეს კარგია; ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი, ქსავიე ბეტელი მისივე სქესის წარმომადგენელზე, 38 წლის ბელგიელ არქიტეტქორ გოტიე დესტენეზე 2015 წელს დაქორწინდა, მას შემდეგ, რაც ლუქსემბურგში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ჰოდა, ნატოს მინისტერიალზე ბეტელი “ცოლთან” ერთად იყო ჩამოსული და… ევროპელები და ამერიკელები ამაზეც გვეუბნებიან, კარგიაო და ევროკავშირისკენ თუ ნატოსკენ სავალ გზაზე ერთ-ერთ ბარიერად ასეთ მოვლენებთან შეგუებაც გვაქვს, თუმცა, როგორც გვიხსნიან “პრადვინუტები”, თუ გვინდა, ევროპელობა, ეს უნდა ვაღიაროთ. ვაღიაროთ, ბატონებო, მაგრამ ახლა, როცა რუსთაველის წლად გვაქვს გამოცხადებული მიმდინარე წელი, გენიალურ შოთას ეს აფორიზმი გადაგვიკეთეთ: “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია…”

„ახალი თაობა“, 31 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ნატოს წევრობისთვის მზად ვართ, მაგრამ რუსეთის გამო არ გვიღებენ

ნატოს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაზე საუბრობს.

- ბატონო თორნიკე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი მაპის მეშვეობით. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თალაკვაძე არ გამორიცხავდა, რომ საქართველო ნატოს წევრი მაპ“-ის გარეშე გამხდარიყო. როგორ აფასებთ მიღებულ დეკლარაციას?

- ნატოს საპარლამენტო ასამბლეა რომ ჩატარდა თბილისში, ეს უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპისთვის. ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი სახელმწიფო, მაგრამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ნატოსთვის მეორეხარისხოვანი არ არის საქართველო.

- ეს ერთგვარი გზავნილია?

- რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი, გზავნილია პირველ რიგში რუსეთისთვის, რომ საქართველო არ არის მეორეხარისხოვანი ნატოსთვის. ჩვენ ვართ ასპირანტი ქვეყანა, მაგრამ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს და ეს არა მხოლოდ რიტორიკის დონეზეა, არამედ საქმითაც. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის უფრო გაბედული და რადიკალურია. უფრო გახსნილები არიან, ვიდრე ნატოს წევრი სახელმწიფოები. კონკრეტულად რაც შეეხება დეკლარაციას, სასიამოვნოა, კარგი დეკლარაციაა, მაგრამ ახალი არაფერი არ თქმულა. ჩვენ ნატო ყოველთვის გვიჭერს მხარს. უფრო მნიშვნელოვანი მაინც იყო ის, რომ ასამბლეა ჩატარდა საქართველოში.

- როგორც ჩანს, კვლავ არის მოლოდინი გარკვეულ დონეზე ხელისუფლებაში, რომ მაპის გარეშე მიგვიღებენ. თუმცა, ვარშავის სამიტზე ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა თქვეს, რომ საქართველოს დასჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა, რომ ალიანსის წევრი გახდეს. რატომ არის ხელისუფლებაში ასეთი მოლოდინები?

- რაც შეეხება მაპის გარეშე წევრობას, ამის შესახებ ძალიან ბევრჯერ მაქვს განმარტება გაკეთებული, ნატოში მაპის გარეშე არ მიგვიღებენ. ამის დასტური იყო ნატოს ბოლო სამიტი, სადაც მოხდა პირდაპირ დაფიქსირება, რომ საქართველოს დასჭირდება სამოქმედო გეგმა. შეიძლება ქართველმა პოლიტიკოსებმა ეს არ იციან, თუნდაც იმ კონკრეტულმა დეპუტატმა, რომელზეც მკითხეთ.

- ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ საბოლოო წევრობისთვის მოემზადოს. თუ ასეა, რატომ არ იღებს გადაწყვეტილებას ნატო, რომ მიგვიღოს?

- საქართველომ ტექნიკურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნატოს სტანდარტებს მიახლოებოდა. ტექნიკურად ჩვენ უკვე მზად ვართ წევრობისთვის.

- რატომ ყოვნდება მიღება?

- პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღიათ ლიდერებს, სწორედ ეს გვაყოვნებს.

- რა უშლის ხელს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას?

- რუსეთის ფაქტორი. ეს არის ძალიან რთული გადაწყვეტილება, ასე მარტივად არ დგას საქმე.

- ნატოს სახელმწიფოები ფიქრობენ, რომ რუსეთს წითელი ნაჭერი არ აუფრიალონ?

- დიახ, ნამდვილად ასეა. ამიტომ ვამბობ, რომ რთული გადაწყვეტილების წინაშე დგანან ნატოს ლიდერები. ნატოს ასამბლეის გამომსვლელები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ საქართველოს დიდი ხნის წინ უნდა მიეღო მაპი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე არ არის. არ არის იმიტომ, რომ რთული გადასაწყვეტია.

- კვლავ გერმანია, საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც აყოვნებენ ჩვენთვის ნატოში მიღებას?

- დიახ, სამწუხაროდ, ასეა.

- რა მიმართულებით არის სამუშაო ამ ქვეყნებთან?

- ასე მარტივი არ იქნება. თუ არ შეიცვლება რუსული ფაქტორი, ჩვენ რაც არ უნდა ვიმუშაოთ. ძალიან ძნელი იქნება გერმანიის, საფრანგეთის და სხვების გადარწმუნება. რუსეთი ძალიან აგრესიულია და ევროპას ეშინია ახალი კონფლიქტის. ეშინია, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გახდეს მიზეზი ახალი კონფლიქტის. რუსეთს ღიად აქვს ნათქვამი, რომ მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს არ დაუშვებს. ამიტომ ხშირად ეს ქვეყნები გვეუბნებიან, რომ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატია, კარგად ჩავატაროთ არჩევნები და ა.შ. ეს ყველაფერი ასეც უნდა იყოს, რომ შემდეგ, მაგალითად, გერმანიის კანცლერმა და სხვებმა არ მიგვითითონ, რომ დემოკრატიას აქვს ჩვენთან პრობლემები. შემდეგ ჩვენ უფრო ძლიერი პოზიცია გვექნება და პირდაპირ შეგვეძლება, რომ მოვთხოვოთ მაპი, წევრობა. ეს ამოცანა უნდა ჰქონდეს დღეს ჩვენს ხელისუფლებას.

- მაკრონისა და პუტინის შეხვედრაზეც მინდა გკითხოთ. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთთან ითანამშრომლებენ, ეს რა გზავნილი იყო?

- პუტინთან გამართული შეხვედრით, მე ვფიქრობ, რომ მაკრონმა დაასკვნა, უფრო გაუმყარდა აზრი, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს გერმანიას და უნდა გააძლიეროს ევროკავშირი. ახლა არ არის ევროკავშირის მორყევის დრო, პირიქით, ახლა არის, როგორც არასდროს, ევროკავშირის გაძლიერების დრო, რადგან რუსეთთან ურთიერთობა ძალიან რთულია და კიდევ უფრო რთული გახდება. რაც შეეხება მაკრონის განცხადებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლასთან დაკავშირებით, ეს უფრო დიპლომატიური ჟესტი იყო.

- რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდება?

- რა თქმა უნდა, და ეს დაადასტურა დიდი შვიდეულის შეხვედრამ.

„ახალი თაობა“, 31 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „ბიძინა ივანიშვილის აქტიურობა ადგილობრივი არჩევნების წინ ხალხს უარესად გააღიზიანებს“ // „ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს აფინანსებდნენ

რამდენიმე აქტუალურ პრობლემაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას.

- საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო-სახალხო განხილვაზე თბილისში ერთ-ერთმა მოქალაქემ ქართულ ოცნებას ნაცმოძრაობასთან დამყარებული კოაბიტაცია გაუხსენა და უთხრა, მისთვის ხმა იმიტომ არ მიუცია, რომ ნაციონალური მოძრაობა გაეძლიერებინა. კოაბიტაციის თემა ისევ აქტუალურია?

_ ეს თემა ისევ აქტუალურია. ასეთი საყვედურები „ქართული ოცნების“ დეპუტატებს რეგიონებშიც უთხრეს. ეს იმას ადასტურებს, რომ ჩვენში ადამიანები, რომლებსაც მძიმე ყოფაში უწევთ ცხოვრება, არსებითად მიიჩნევენ სხვა საკითხებს. საქართველოში არასდროს ყოფილა საპროტესტო გამოსვლები უფასო სასადილოების გახსნის, ან სამუშაო დროის შემცირების მოთხოვნით. ამგვარი მოთხოვნების გამო სხვა ქვეყნებში მანქანებს წვავენ და ვიტრინებს ამსხვრევენ. ვამაყობ, რომ საქართველოში ადამიანებს, პირველ რიგში, აღელვებთ სახელმწიფოებრივი და სულიერი პრობლემები და არა _ სოციალური საკითხები. კოაბიტაცია ერთ-ერთი არსებითი საკითხია.

- კერძოდ?

- ხალხისთვის ის მიბმულია ღირსებასთან და სამართლიანობასთან. კოაბიტაციის გამოცხადებით მმართველმა პარტიამ ფეხქვეშ გათელა იმ მოქალაქეების ღირსება, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა დააზარალა. რამდენი წელია, უნდათ თავიანთი უფლებების აღდგენა. საუბარი არაა მხოლოდ ქონების დაბრუნებაზე. საზოგადოებისთვის გულსატკენია ის, რომ „ქართული ოცნება“ გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ლამის 10 წლის განმავლობაში დამპყრობელივით იქცეოდა საკუთარ ქვეყანაში და არ შეასრულა დაპირებები. ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალები და მათი განაყოფები მთავარ ოპოზიციად დაგვისვა პარლამენტში, შუა კი გაკრიფა. პოლიტიკაში დატოვა ორი ოდიოზური ძალა თავისი განაყოფებით.

- აღნიშნეთ, რომ სოციალური პრობლემები საზოგადოებისთვის არაარსებითია. სოციოლოგიური გამოკითხვები სხვა სურათს იძლევა...

- არ მჯერა იმ სოციოლოგიური კვლევებისა, რომლებშიც მთავარი კუჭის პრობლემებია. ადამიანებს უჭირთ, მაგრამ საქართველოში პირველ ადგილზე სხვა პრობლემებს აყენებენ. საპროტესტო აქციებიც განსხვავებული და მშვიდობიანი გვაქვს. საჯარო შეხვედრებზეც გამოჩნდა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეულია ის, რაც ქვეყანას და მომავალ თაობას სჭირდება. საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველო უნდა გაიწმინდოს როგორც „ქართული ოცნებისაგან“, ისე გაშლილი ნაციონალური მოძრაობისგან. ეს ორი ოდიოზური ძალა მედლის ორი მხარეა.

- ეს როგორ უნდა მოხდეს? ორივე ძალა დიდი ბერკეტების მფლობელია...

- არც ერთს არ გააჩნია ხალხის მხარდაჭერა. როცა საამისოდ სიტუაცია მომწიფდება, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოვითხოვთ. მორიგებაზე წასვლას არ ვაპირებთ. იმას ვერ ვიზამთ, რომ მიწის საკითხზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას დავჯერდეთ, სხვა საკითხები კი გადავწიოთ. ამ ვითომ ძლევამოსილი ძალების ბერკეტებს ხალხი გააბათილებს. ჩვენ იმაზე მზარდი და პერსპექტიული მოძრაობა ვართ, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

- წინ ადგილობრივი არჩევნებია. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ოპოზიციას მხოლოდ მაშინ აქვს შანსი ამ არჩევნებზე, თუ გაერთიანდება...

- ჩვენ ხალხისგან ამგვარი დაკვეთა არ მიგვიღია. ოპოზიციამ მოლოდინი გაამტყუნა. ბიძინა ივანიშვილმა ერთი კარგი საქმე გააკეთა – მისი შემწეობით ოპოზიციონერებმა თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ნათელი მოეფინა, ვინ ვის გაურიგდა, ვინ გაიყიდა. ყველა გაიშიფრა. ჩვენი დაკვირვებული საზოგადოება ამაში ერკვევა. ადამიანებს ახალი ეროვნული მოძრაობის მოთხოვნა აქვთ. ისინი არ ენდობიან დისკრედიტირებულ პოლიტიკურ პარტიებს. „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა ერთ ოდიოზურ ძალად აღიქმება. ეგენი თუ არ მოვაცილეთ ქვეყანას, იმ ჭაობში დავიხრჩობით, რომელიც უკვე 26 წელიწადია დაგუბდა. თუ არაფერი შეიცვალა, რწმენის წინააღმდეგ ბრძოლაც გაძლიერდება.

- რას გულისხმობთ?

- მართლმადიდებელ ეკლესიას სხვადასხვა მეთოდით გააფთრებით ებრძვიან. შევჩერდები 17 მაისის მოვლენებზე…

- წლევანდელ 17 მაისს რა მოხდა?

- იმ დროს, როცა რუსთაველზე უამრავი ადამიანი გამოსული იყო ოჯახის დღის აღსანიშნავად, ზოგი კი ამ დღესასწაულს სახლებში ხვდებოდა, სახელმწიფო კანცელარიასთან ლესბოსელები და მამათმავლები გაძლიერებული დაცვის თანხლებით პერფორმანსებს აწყობდნენ. ხელისუფლებამ ასეთი წარმოდგენები მოაწყო საკუთარი ოფისების ფანჯრებთან.

- ხელისუფლება მათ ვერ დაშლიდა...

- შეკრებილების დაშლაზე არც ვსაუბრობ. იცით, როგორ მოხვდნენ ლგბტ-პირები მთავრობის ადმინისტრაციასთან? ისინი იქ ხელისუფლებამ ქალაქის სხვადასხვა უბნის მეტროსადგურებიდან მიკროავტობუსებით მიიყვანა, შემდეგ კი იქ პოლიციის კორდონი ჩააყენა. მათთან მხოლოდ ტელევიზიები მიუშვეს. შეკრებილები შეურაცხყოფდნენ ეკლესიას. ეს წარმოდგენა მოგვიწყო ხელისუფლებამ.

- ადგილობრივი არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი გამოვა ქართული ოცნების მხარდასაჭერად, როგორც ეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას გააკეთა?

- შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ ამით მმართველ პარტიას დივიდენდები არ შეემატება. ხალხს ეს უფრო გააღიზიანებს. ვინც ხალხს ხვდება, იცის, რომ ივანიშვილის ავტორიტეტი დღითიდღე ეცემა. ხალხმა შეიგნო, რომ ივანიშვილმა მათ ტყუილი დაპირებები მისცა და `გადააგდო~, მის მიერ დასმულ ხელისუფლებას კი მარტო პრემია-დანამატები და საკუთარი კეთილდღეობა ადარდებს.

ბიძინა ივანიშვილი კარგა ხანია საზოგადოებაში არ გამოჩენილა. ამის მიზეზი დონალდ ტრამპის გამარჯვებაა. ცნობილია, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი მარტო სიტყვით კი არ უჭერდნენ მხარს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს, არამედ, აფინანსებდნენ კიდეც. დონალდ ტრამპის გამარჯვება ორივესთვის ცივი შხაპი აღმოჩნდა. ამიტომ, ამერიკაში ხანმოკლე ვიზიტებით ჩასულ ჩვენს მაღალჩინოსნებს საყვედურებსაც ეუბნებიან.

„ახალი თაობა“, 31 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „მიხეილ ჩინჩალაძე ციხეში უნდა ჩაესვათ, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს“ // „სწორედ ჩინჩალაძეებმა და მურუსიძეებმა მოუტანეს მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა“

დიდი ხმაურის და საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც რამდენიმე სასამართლოს და კოლეგიის თავმჯდომარის არჩევის წესზე მსჯელობდნენ. არასამთავრობო სექტორი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესს აპროტესტებდა. ასევე სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას.

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ვალერი ცერცვაძის სისტემიდან წასვლა სწორედ ამ საერთო გეგმის ნაწილი იყო და არავის სჯერა, რომ იგი სასამართლოს რეპუტაციაზე ფიქრობდა. მის ნაცვლად კი დაინიშნა მიხეილ ჩინჩალაძე და ის კლანი, რომელიც ძლიერდება სასამართლო სისტემაში, ამით კიდევ უფრო გაძლიერდა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორიოდე კვირის წინ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გაამწესა, 29 მაისს კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის სრული მურუსიძიზაცია და ჩინჩალაძიზაცია.

„მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ციხეში უნდა მჯდარიყო, ჯერ უვადოდ გაამწესეს სასამართლოში და ახლა ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს. სასამართლო სისტემა ჩინჩალაძის ხელში გადავიდა, რომელიც მოსპობს სამართლიან სასამართლოზე ოცნებას“, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი, რომელიც „ახალი თაობის“ კითხვებს პასუხობს.

- ბატონო ზაზა, რა პროცესები მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში? მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეებს ჩაუგდეს სასამართლო სისტემა ხელშიო. ასეა?

- მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი იდგა მურუსიძეებზე, ჩინჩალაძეებზე, მეიშვილებზე, ცერცვაძეებსა და კუბლაშვილებზე. ეს ხუთი ადამიანი იყო, რომელიც მართავდა სააკაშვილის დროს სასამართლო სისტემას. ადეიშვილის და მერაბიშვილის იდეების გამტარებელი კი იმდროინდელ სასამართლოში იყო სწორედ ჩინჩალაძე. ჩინჩალაძე იყო ერთ-ერთი დიდი სირცხვილი სასამართლო სისტემის.

- ის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა...

- დიახ. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების შეურაცხყოფა და ეს არის საარჩევნო აფიორა ივანიშვილის მხრიდან. ამას ეკონომიკური რეფორმები ხომ არ სჭირდებოდა, ან დენის ტარიფის შემცირება?! ეს ხომ არ იყო ასი ქარხანა?! აქ საჭირო იყო პოლიტიკური ნება!

- ვერ თქვეს უარი მიხეილ სააკაშვილის კადრებზე?

- ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე რომ ეთქვა, რომ მურუსიძეზე და ჩინჩალაძეზე ააგებდა სასამართლო სისტემას, ის ხელისუფლებაში საერთოდ ვერ მოვიდოდა! ივანიშვილი მატყუარაა, მან უღირსად მოატყუა სამოქალაქო საზოგადოება! სწორედ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც ივანიშვილს დაუპირისპირდა. თავიდანვე გამოვედი და განვაცხადე, რომ ამ ადამიანს ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავდა და სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე ოდიოზური ფიგურები გახდებოდნენ ივანიშვილის საყრდენები. მაშინ ბევრი მლანძღავდა, იგონებს ხატიაშვილიო, მაგრამ რაც მე ვთქვი, ერთი ერთში დადასტურდა. თავიდანვე განვაცხადე, რომ მურუსიძესთან გარიგებული იყო ივანიშვილის რეჟიმი. სამოქალაქო საზოგადოება დღესაც ვერ გამოფხიზლდა.

- არ სჯერა მოსახლეობას იმის, რომ ივანიშვილი სააკაშვილის რეჟიმს გაურიგდა?

- ხალხი ნიჰილიზმშია ჩავარდნილი. გაოგნებულია საზოგადოება იმით, თუ რა სპეცოპერაცია ჩაატარა ივანიშვილმა და როგორ მოექცა ხელისუფლების სათავეში. ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის საყრდენების დაცვა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან. იმ ხალხს, ვინც უსამართლობა დათესა ქვეყანაში, მისცეს ხელშეუხებლობის გარანტია და დანიშნეს უმაღლეს თანამდებობებზე. ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლით ეს ხალხი გადაარჩინა და ეს იყო საარჩევნო აფიორა. ხალხს ძალიან უჭირს იმის დაჯერება, რომ საკუთარი ძალისხმევით ხელისუფლებაში მოიყვანეს სააკაშვილი-2, რომელმაც ქვეყანა წაიყვანა ჭაობისკენ. როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად და ეკონომიკურად.

- დღესაც სააკაშვილის რეჟიმის ინტერესები ტარდება?

- მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ერთნაირი ჩამოსხმაა. ძალიან მიჭირს მათი განსხვავება, არც ვთვლი, რომ ერთმანეთისგან რამით განსხვავდებიან.

- საპროტესტო აქციაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გაიმართა, მონაწილეობას თქვენც იღებდით. მოთხოვნა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესის შეცვლა იყო. უფრო კონკრეტულად, რის შეცვლას ითხოვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან?

- როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, იუსტიციის საბჭომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ითქვა, რომ ისეთი რეფორმა უნდა განვახორციელოთ, რომ სასამართლოს თავმჯდომარე გახდება არჩევითი თანამდებობაო. მესამე ტალღა განვახორციელეთო და რა მოხდა ამ მესამე ტალღით? სასამართლოს თავმჯდომარეს ნიშნავს იუსტიციის საბჭო. მურუსიძეებმა იძალეს ამ მესამე ტალღაში და მათ ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე შეუძლიათ, აირჩიონ სასამართლოს თავმჯდომარე და კოლეგიის თავმჯდომარე. შემდეგ კი ამ სასამართლოს თავმჯდომარეებით აკომპლექტებენ იუსტიციის საბჭოს. ორმაგი წნეხის ქვეშ აყენებენ მოსამართლეებს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს დაემორჩილონ!

- ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ დიდი გეგმის ნაწილია ცერცვაძის გადადგომა და ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს. რა გეგმაზეა საუბარი, რომ ჩინჩალაძეს ჩაუგდონ ხელში სასამართლო სისტემა?

- დიახ, ასეა. ჩინჩალაძეებმა და მურუსიძეებმა მმართველ გუნდს მოუტანეს საკონსტიტუციო უმრავლესობა!

- და ეს არის დამსახურებული ჯილდო?

- დიახ, ეს არის ჯილდო ივანიშვილისგან. არჩევნების შემდეგ ეუთოს მისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ დიდი დარღვევებით წარიმართა თვლის პროცედურა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ 2016 წლის არჩევნები გაყალბდა. როდესაც პოლიტიკური სუბიექტები ითხოვდნენ საარჩევნო ხმების გადათვლას, მურუსიძემ ეს არ დაუშვა. საკონსტიტუციო უმრავლესობა აღმოჩნდა ხელისუფლების ხელში. ისმის კითხვა, თუ „ოცნებამ“ არჩევნები პატიოსნად მოიგო, რატომ არ გადაითვალა ხმები?!

- რატომ?

- იმიტომ არ გადაითვალა, რომ მაშინ ერთი უბანიც რომ გახსნილიყო, ეს ბევრ კითხვას გააჩენდა. ამიტომ არ დაუშვა სასამართლომ, რომ ხმები გადათვლილიყო. ივანიშვილმა მურუსიძეს ჩააბარა სასამართლო. ერთადერთი, უზენაეს სასამართლოში იყო შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტს წარედგინა კანდიდატები და ახლა ესეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაულოცეს. ლევან მურუსიძე უზენაეს სასამართლოსაც ხელში აიღებს. მთლიან კონტროლს ამყარებს სასამართლო სისტემაზე.

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა გათვლა აქვს ოცნებას“?

- ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ არჩევნებში `ქართულ ოცნებას~ ძალიან გაუჭირდება, მაგრამ იმ ქულას დაიწერს, რაც მოუნდება. ხოლო შემდეგ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე არ დაუშვებენ ხმების გადათვლას. სასამართლო სისტემაში მურუსიძის და ჩინჩალაძის გაძლიერება იმაზე დიდი უბედურებაა, რაც 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილმა დაატრიალა!

- წარსულს ჩაბარდა ოცნება დამოუკიდებელ სასამართლოზე?

- დამოუკიდებელი სასამართლო კი არა, ქვეყანა იქნება თუ არა დამოუკიდებელი, ესეც საკითხავია!

- ბატონო ზაზა, არასამთავრობო სექტორი ასევე სერიოზულ პროტესტს გამოთქვამს სტრასბურის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის წესზე. შეირჩა ხუთეული, თუმცა გაკეთდა განცხადებები, რომ არ მოხდა სამართლიანი შერჩევა. რას იტყვით თქვენ?

- ამ კომისიაში მეც ვიყავი. ლადო ჭანტურიას და სოფო ჯაფარიძეს უმაღლესი შეფასებები დავუწერე. ჩვენ კითხვის ნიშნები გვქონდა დანარჩენ სამ კანდიდატზე. ამ სამი კანდიდატის ამ ხუთეულში მოხვედრა იყო წარმოუდგენელი.

- სავარაუდოდ, ლადო ჭანტურიაზე შეჩერდება არჩევანიო, რას იტყვით მის კანდიდატურაზე?

- მე მის კანდიდატურასთან პრეტენზია არ მაქვს, უმაღლესი შეფასება დავუწერე. კარგია, რომ პირველი ადგილი სწორედ მან დაიკავა. ეს ობიექტური იყო. დანარჩენ სამზე გაჩნდა კითხვის ნიშნები. ალანია სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ცნობილი მოსამართლე იყო. ამ სიაში როგორ უნდა მოხვედრილიყო?! იყვნენ მასზე ბევრად ღირსეული მოსამართლეები, რომლებიც არ შეეგუვნენ სააკაშვილის რეჟიმს, განცხადება დაწერეს და წამოვიდნენ სასამართლო სისტემიდან, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მათ სააკაშვილის სახე – ალანია ამჯობინა! ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“?!

Comments are closed