globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 31 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 31st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ან „მაპ“-ი, ან არაფერი

რეზონანსი“: “ჩუმი” სანქციების მეორე წელიწადი // ყირიმში წარმოებული საქონლის ექსპორტის აკრძალვის გამო რუსეთი საქართველოს საპასუხო სანქციებით ემუქრება

რეზონანსი: გამართლებულია თუ არა ევროკავშირის სანქციებთან მიერთება?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ისლამური სახელმწიფოსგან“ საქართველომ გაფრთხილება მიიღო… აჭარასა და ქვემო ქართლში საფრთხეებია მოსალოდნელი“

———————

რეზონანსი“, 31 ივლისი, 2015 წელი

ან მაპ-ი, ან არაფერი

თაკო მათეშვილი

აგრესიული, თუმცა სწორი ტონი – ასე აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები თავდაცვის მინისტრის მიერ საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (მაპ) მიცემის კატეგორიულ მოთხოვნას და ამბობენ, რომ ეს შედეგს თუ არ გამოიღებს, დაშავებით მაინც არაფერს დააშავებს. თუმცა პოლიტოლოგთა მეორე ნაწილი ხიდაშელის ტონს მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ასე არ უნდა ელაპარაკებოდნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მკაცრი განცხადებებისა და აქტიურობის მიუხედავად, ნატოს მომავალ სამიტზე საქართველომ მაპ-ი ვერ მიიღშო, მათი აზრით, ეს მოსახლეობაში იმედგაცრუებას გაზრდის და პრორუსულ ძალებს სტიმულს მისცემს, მთელი თავიანთი წინასაარჩევნო კომპანია ამაზე ააგონ. საბოლოოდ კი, არ გამორიცხავენ, რომ მან არჩევნების შედეგებზეც იქონიოს გავლენა.

განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-მ ვარშავის 2016 წლის სამიტზე მაპთან დაკავშირებით საქართველოს კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს, თავდაცვის მინისტრმა გერმანულ გაზეთ „კურიერთან“ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მოთმინების რეჟიმში ყოფნა აღარ შეუძლია.

„თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაშინ უკრაინით აღარ დაკმაყოფილდება. არ შეიძლება ნატო-მ ან ევროკავშირმა მომავალშიც ისე იმოქმედონ, როგორც ამას დღეს აკეთებენ მხოლოდ რეაქციის სახით. ბევრი საშუალება არსებობს, აქ დედაქალაქებში ბევრი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. სამწუხაროდ, თბილისში ჩვენი შესაძლებლობა შეზღუდულია. ჩვენ საკუთარი არჩევანი გავაკეთეთ. 2018 წელს ნატოს ვარშავის სამიტმა კონკრეტული პასუხი უნდა გაგვცეს, დადა მომენტი, როდესაც ჩვენ კიდევ მოთმინების რეჟიმში ყოფნა აღარ შეგვიძლია. მაპ-ს თუ ვერ მივიღებთ, ეს არ იქნება საქართველოს დასასრული, მაგრამ იქნება ტრაგედია“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ინტერვიუში, რომლის თარგმანიც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ხიდაშელი იმაზეც საუბრობს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული შენაერთების არსებობა შესაძლოა ალიანსში გაწევრიანებისას დაბრკოლებად განგვეხილა, მაგრამ მაპ-ის მიღებისას – არა.

ჟურნალისტის კითხვაზე – გაწევრიანდება თუ არა საქართველო ნატო-ში მომდევნო 10 წელში – ხიდაშელმა აღნიშნა, რომ რეალურად ეს შესაძლოა 10 წელიწადში, ერთ წელიწადში, ან ნებისმიერ დროს მოხდეს. „მზად უნდა ვიყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ჩვენი მხრიდან ყველა ტექნიკური სამუშაო შევასრულეთ. ახლა რაც გვაკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მაპ-ის მისაღებად და საბოოოდ, გაწევრიანება, რასაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდნენ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის კატეგორიულ ტონს ბუნებრივს უწოდებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი და ამბობს, რომ ეს ხიდაშელის მოთხოვნა და პოლიტიკაა. ამაში დარწმუნებულია, ამიტომ საკითხს მკაფიოდ აყენებს. მისი თქმით, დიპლომატები სხვა ენაზე ლაპარაკობენ, მინისტრები და მით უფრო სამხედრო მინისტრები კი – სხვაზე. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ საქმისათვის ხიდაშელმა სწორი ტონი აარჩია. მეტიც, ლევან ბერძენიშვილის თქმით, არ იქნებოდა მოსაწონი თავდაცვის მინისტრი ისეთ დიპლომატიურ ენაზე საუბრობდეს, რომ იქიდან აზრი ვერ გამოგვეტანა.

„მან სამხედრო პირდაპირობით თქვა, რომ საქართველოს მაპ-ი უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, თუ რა და როგორ გვინდა, კეთდება ხოლმე განცხადებები იმის თაობაზე, რომ იქნებ ნეიტრალიტეტი სჯობდეს და იქნებ რუსეთმა ასეთ უფრო დაგვანებოს თავი. თუმცა მოლდოვა ნეიტრალურია, მაგრამ რუსეთმა მას თავი არ დაანება. ასევე უკრაინასაც ამდენი ხნის განმავლობაში ნეიტრალური პოზიცია ეჭირა და ნატო-ში შესვლას არ აპირებდა, მაგრამ რუსეთმა პრობლემები მასაც შეუქმნა, ანექსია იქაც მოხდა. „ასე რომ, ხიდაშელის არც ტონი და არც მიმართულება არ მაკვირვებს, ვფიქრობ, რომ მინისტრის პოზიციიდან იგი ძალიან სწორად მოქმედებს“, – ამბობს ბერძენიშვილი.

რაც შეეხება ხიდაშელის მიერ გამოთქმულ მოლოდინს, პარლამენტარი ამბობს, რომ იგი რეალისტურია, მაგრამ ამავე დროს, მისი კარიერისათვის, პარტიისა და კოალიციისთვის რისკის შემცველი. თუმცა, ბერძენიშვილის თქმით, ეს ის შემთხვევა და ის საკითხია, როცა საქართველო რისკზე მიდის.

„იმის საფრთხე, რომ რადგან თინა რაღაცას ასე კატეგორიულად მოითხოვს, ამის გამო რაიმე ცუდი მოხდება, არ არსებობს. საქართველოს მაპ-ი და ნატო-ს წევრობა ჰაერივით სჭირდება. თუ ისე მოხდა, რომ მაპ-ის გარეშე მიგვიღებენ ალიანსში, ეს კიდევ უფრო სასარგებლო და სასიამოვნო იქნება. საქმე ისაა, რომ ნატო გაფართოებას განაგრძობს. ახლა წევრობას მონტენეგროს შესთავაზებქენ. შესაბამისად, ჩვენი მზადყოფნაც მაღალია და ჩვენი პატარა ქვეყნის წვლილიც ავღანეთსა თუ აფრიკაში უზარმაზარია. ამიტომ არ მიკვირს, რომ მაპ-ის მხრივ თავდაცვის სამინისტრო ასეთ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს“, – აღნიშნავს ბერძენიშვილი. იგი თანაპარტიულ მინისტრს იმაშიც ეთანხმება, რომ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველო ამისათვის სრულიად მზადაა და მან თავისი გასაკეთებელი დიდი ხანია გააკეთა.

საქართველო რომ ნატოს წევრი გახდება, ამის შესახებ, ბერძენიშვილის თქმით, ალიანსს თავისი მოსაზრება, ევროკავშირისაგან განსხვავებით, გმოთქმული აქვს. ასე რომ, დეპუტატის აზრით, იმედგაცრუება არ გვემუქრება: „წელს თუ არ მოგვცემენ მაპ-ს, გაისად მივიღებთ“, – აღნიშნავს იგი.

პრორუსული ძალების გასაგონად კი ამბობს, რომ საქართველოს მხოლოდ ეს პერსპექტივა აქვს და სწორედ ასე უნდა ველაპარაკოთ პარტნიორებს, რათა მათ იცოდნენ, რომ საკითხს ძალიან სერიოზულადვუდგებით.

„თავის დროზე საქართველომ ისეთი მოთხოვნები დააყენა, რომ ევროპა პირდაღებული გვისმენდა. ლამის პირველსავე წელს ევროკავშირში შესვლას ვთხოვდით, სანამ კარგად არ აგვიხსნეს, რომ კანონების ჰარმონიზაცია და სხვა ბევრი რამ იყო საჭირო, თუმცა იმ ხელისუფლებისაგან არავის არაფერი გაკვირვებია. არც ტონი და არც ლაპარაკი. მაშინ არ იყო იმდენი თავისუფლება, რომ გვემსჯელა, რამდენად სწორად ითხოვდა მიხეილ სააკაშვილი ან მისი რომელიმე მინისტრი ამას. ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომლის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრი  ახალი წლის შეხვედრას ხან ცხინვალში გვპირდებოდა, ხან სოხუმში და ლამის სოჭის დაბრუნებაც მოინდომეს. თუმცა ამით არაფერი მოხდა, საქართველო გადარჩა.

„ამიტომ ნურავის შეაშინებს ის, რომ თინა ხიდაშელი მაპ-ს ასე მტკიცედ და აგრესიულად ითხოვს. რასაც ვითხოვთ, იმას მივიღებთ კიდეც. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენი თაობა ისე არ წავა არც პოლიტიკიდან და არც ცხოვრებიდან, რომ საქართველო ნატო0ს წევრი არ გახდეს“ – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

მინისტრის ტონს კატეგორიულს უწოდებს „ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი“ კახა გოგოლაშვილიც,თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ ნატო-სთან ურთიერთობაში წინ წაწევის ხიდაშელისეულ აგრესიულ მცდზელობას მიესალმება. ამბობს, რომ მინისტრის მოლოდინი მისთვის აქამდეც ცნობილი იყო, რადგან სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას ხიდაშელმა განაცხადა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ს მოელის და ნაკლები ამბიცია არ აქვს.

„კატეგორიულად საკითხის დაყენებაცდიპლომატიური ხერხია. ასე რომ, ამას მივესალმები. ეს არ ნიშნავს იმას, მაპ-ის მიღება გარანტირებული გვაქვს, მაგრამ ტაქტიკის შეცვლამ და საკითხისადმი აგრესიულმა მიდგომამ, შესაძლოა, გაამართლოს კიდეც“, – ამბობს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ საქართველო ამისათვის მზად იმაზე მეტადაა, ვიდრე თავის დროზე ნატოს ბევრი ახლანდელი წევრი იყო.

ამბობს, რომ სამიტზე უარის მიღების შემთხვევაში საკითხთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გაჩნდება. პრორუსული ძალებისაგან ჩვენ ხშირად გვესმის განცხადებები, რომ ნატო-სა და ევროკავშირში მაინც არ მიგვიღებენ და მცდელობას თავი უნდა დავანებოთ. შესაბამისად, ვარაუდობს, რომ 2016 წლის მათი საარჩევნო პროგრამაც იგივეზე იქნება აგებული და ეს ზემოქმედებას მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე აუცილებლად იქონიებს. იმდენად, რომ შესაძლოა არჩევნების შედეგებიცკი შეცვალოს.

წინა რესპონდენტებისაგან განსხვავებით ხიდაშელის ტონს უარყოფითად აფასებს „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი და აღნიშნავს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი პოლიტიკასა და დიპლომატიაში კატეგორილად მიუღებელია.

„არ ვიცი, გამოუცდელობით მოუვიდა ეს ხიდაშელს თუ შეგნებულად გააკეთა, მაგრამ ასე არ უნდა ესაუბრა“ – აცხადებს იგი.

აქვე იმასაც დასძენს, რომ საქართველო თავის პრობლემებს მხოლოდ მაპ-ის მიღებით მაინც ვერ გადაწყვეს. მთავარი უსაფრთხოების მეტი გარანტიაა და ეს რა ფორმით მოხდება – მაპ-ის მინიჭებით უ აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებით, ამას, კიკიანის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს.

„ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, მართალია, რომ აქ საქმე უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს, რადგან თავის დროზე ბევრმა ქვეყანამ მიიღო მაპ-იცა და წევრობაც ისე, რომ საქართველოზე ბევრად ნაკლებად იყვნენ მომზადებულნი. მაგალითად, ბალტიის ქვეყნები. მათ შემთხვევაში სწორედაც რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. ასე რომ, იმით თქმა,თითქოს საქართველო მზად არაა, ნაკლებადარგუმენტირებული იქნება“, – აცხადებს პოლიტოლოგი.

რეზონანსი“, 31 ივლისი, 2015 წელი

ჩუმი” სანქციების მეორე წელიწადი

ყირიმში წარმოებული საქონლის ექსპორტის აკრძალვის გამო რუსეთი საქართველოს საპასუხო სანქციებით ემუქრება

„ერთწლიანი “საიდუმლო” გამჟღავნებულია – დასავლეთის მიერ დაწესებული 12 სანქციიდან საქართველო მხოლოდ ერთს შეერთებია. საუბარია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოეუბული პროდუქციის შემოტანის აკრძალვაზე, რასაც საქართველო ჯერ კიდევ შარიან შეუერთდა და ახლა ეს აკრძალვა უბრალოდ კიდევ ერთი წლით გაგრძელდა. ამის შესახებ ევროკავშირის ევროპული საბჭოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაშია, რომელმაც რუსეთის აღშფოთება უკვე გამოიწვია – ოფიციალური მოსკოვი საქართველოსთვის საპასუხო სანქციების დაწესებსაც აპირებს“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – თიკო ოსმანოვა).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ევროკავშირის 2015 წლის 19 ივლისის რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიმართ გამოცხადებული სანქციების კიდევ ერთი წლით გაგრძელებას ითვალისწინებს. ამ დადგენილებას შარშან საქართველოც მიუერთდა და შესაბამისად, 19 ივლისს მისი გაგრძელება საქართველოზეც ავტომატურად გავრცელდა. რეზოლუციას შეუერთდა აგრეთვე შვიდი სახელმწიფო (ნორვეგია, ისლანდია, ალბანეთი, უკრაინა…). რაც შეეხება საქართველოს, თავის დროზე თბილისი სანქციებს მიუერთდა მხოლოდ ყირიმიდან პროდუქციის იმპორტის აკრძალვის საკითხში. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საპასუხო სანქციებს დაუწესებს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, „ჩვენ, უბრალოდ, არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ევროკაქვშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ მივერთებოდით – ეს იმიტომ, რომ ზუსტად იგივეს ვითხოვთ ჩვენს პარტნიორებისაგან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში. უბრალოდ, ჩვენ არ ვიქნებოდით თანმიმდევრულები, რომ ასეთი რამ არ გაგვეკეთებინა. კიდევ ერთხელ ვამბობ – ახალი არაფერი მომხდარა. უბრალოდ, ვიღაცას ეტყობა მხოლოდ ახლა გაახსენდა და ატყდა აჟიოტაჟი“. შეკითხვაზე, შეუერთდება თუ არა საქართველოს იმ სანქციებს, რომლებსაც ევროკავშირი გაამკაცრებს, დავით დონდუამ უპასუხა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

სტატიაში ციტირებულია აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრის ანი მიროტაძის განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთისაგან საპასუხო სანქციების ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგანაც მოსკოვს ამის გამოცდილება საქართველოს მიმართ უკვე აქვს. თუმცა, მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ რუსეთი „ვენებს არ გადაიჭრის“ და ალბათ, მცოცავ აგრესიას გააგრძელებს: „არა მგონია,, რუსეთმა ჩვენს რომელიმე პროდუქციაზე ემბარგო დაგვიწესოს. იმიტომ, რომ რუსეთმა ამ უნიჭო ნაბიჯის გადადგმა ერთხელ უკვე სცადა და დიდი შედეგი ვერ მიიღო. პირიქით, მან მოახდინა ჩვენი ინტეგრირების დაჩქარება ევროპულ ბაზართან, რუსეთის ბაზრის ნაცვლად. რუსეთს ახლა ეს სიტუაცია არ აწყობს. აბათ, სხვა მეთოდებით იბრძოლებს და ამ შემთხვევაში ყველაზე კონკრეტრულია ის, რაც უკვე გააკეთა – ბანერების გადააგილება. ანუ რუსეთი ე.წ. საზღვრის გადმოწევას გააგრძელებს“, – ამბობს ემზარ ჯგერენაია.

განსხვავებული მოსაზრება აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ღაღანიძეს და ამბობს, რომ გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა საქართველოს სასაოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე სანქციები დააწესოს. „ალბათ, მოსკოვი ჩვენი პროდუქციის ზოგიერთი სახეობის იმპორტს აკრძალავს. ეს არის ყველაზე რეალური ნაბიჯი, თორემ აბა, საკუთარი პროდუქციის იმპორტზე ხომ დააწესებს სანქციებს? მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მხოლოდ აღშფოთება გამოხატონ და არაფერიც არ აკრძალონ. რუსეთზე საუბარი რთულია, რადგან რეალურად მასაც რთული მდგომარეობა აქვს“, – განაცხადა გიორგი ღაღანიძემ და იქვე დაუმატა, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯი  – ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთაგან ერთ-ერთზე მიერთება (ყირიმიდან პროდუქციის იმპორტის აკრძალვა) სწორი და გამართლებულია.

რეზონანსი“, 31 ივლისი, 2015 წელი

გამართლებულია თუ არა ევროკავშირის სანქციებთან მიერთება?

იაგო ნაცვლიშვილი

რუსეთი საქართველოსა და უკრაინას საპასუხო სანქციებით ემუქრება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. საქმე ეხება ევროკავშირის იმ სანქციებს, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია აღნიშნულია, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას საქართველოც უერთდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ტერიტორიებზე წარმოებულ პროდუქციაზე ექსპორტი აკრძალულია.

საქართველო ამ სანქციებს ერთი წლის წინ შეუერთდა, თუმცა ეს ოფიციალურად გუშინ დადასტურდა.

გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან საქართველოს შეერთება? – ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

გივი ხიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): “ჩემი აზრით, საერთოდ ნებისმიერ ქვეყანას საკუთარი აზროვნებით უნდა შეეძლოს ცხოვრება და არა სხვისი კარნახით. ყველაფერი დავკარგეთ ჩვენი და ვცხოვრობთ სხვისი აზრით. ასე დიდ გზას ვერ გავივლით. ვფიქრობ, რომ არასოდეს არ უნდა შევუერთდეთ იმას, რისიც არ გვესმის. არ ვიცი, რას ვაკეთებთ. თუმცა უკრაინას მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს. მაგრამ ჩვენ პატარა, სკლინტი ქვეყანა, რომელიც ძვლის ვჩანვართ რუკაზე, რას ვიჭიმებით?! რეებს ვაკეთებთ?!”.

ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი): “მე რომ მკითხო, ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი გამართლებულია. ამიტომ ახლა რუსეთი რასაც მოინდომებს, იმას გაკეთებს. “დასავლეთი და ამერიკა ტყუილად ბაქი-ბუქობს. მცირერიცხოვანი ერი ვართ და გვერდში არავინ დაგვიდგება, რუსეთის წინააღმდეგ არავინ წავა”.

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): “ამ საკითხის განხილვისას მე ყოველთვის კატეგორიული ვარ ხოლმე. ვიცით, რომ ურჩხულია და შესაძლოა ამის შემდეგ ახალი პროვოკაციები მოგვიწყოს, მაგრამ მაინც იგივეს გვიკეთებს. რაღა უნდა გააკეთოს ისეთი, რაც არ ჩაუდენია?! ჩვენი ტერიტორიები მიითვისა! არ შეიძლება ისეთი პოზიცია დავიკავოთ, რომ თითქოს არაფერი ხდება. ცოტა უნდა გავიბრძოლოთ. “ლოიალურობის დრო აღარ არის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა შეაჩეროს რაღაცნაირად. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას დააჩოქებს. ეს ჯოჯოხეთური სისტემა ყველასთან მივა.

“გამართლებულად არ მიმაჩნია ის, რომ აქამდე ოფიციალურ ქართულ წყაროებს არ უთქვამთ, რომ ჩვენ ევროკავშირის სანქციებს შევუერთდით. არ მომწონს, როდესაც შენ იწვევ მას ომის თუ სხვა აგრესიული ქმედებების განსახორციელებლად, მაგრამ თუ უერთდები სანქციებს, მაშინ ეს ხმამაღლა უნდა თქვა. ეს აუცილებლად უნდა გაეჟღერებინათ მაშინვე, როცა კი სანქციებს მივუერთიდით. არსებობს დიპლომატია და ამ მეთოდებით შეიძლებოდა ამისი თქმა”.

დოდო ხურცილავა თეატრმცოდნე): “საქართველო სანქციებს საერთოდ რომ არ შეერთებოდა, არ იქნებოდა სწორი, რადგან დამოკიდებულება ჩვენც უნდა გამოგვეხატა. რა ნაწილსაც შევუერთდით, ეს სრულებით საკმარისია, მეტი საჭირო არ იყო. არსებობს რაღაც რესურსი და იმის მიხედვით უნდა განსაზღვრო შენი მოქმედება. “ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით, მაგრამ ვთქვით ფრთხილად და მოზომილად. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ ერთხელ დავდგეთ რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ. მითუმეტეს, რომ უკვე გაისმა მუქარა მოსკოვში, რომ პასუხს გავცემთ საქართველოს და უკრაინასო. “რაც შეეხება იმას, რომ ეს სანქციები ერთი წლის წინ განხორციელდა, მაგრამ ცნობილი დღეს გახდა, ესეც სწორია. არ არის ხმაურის ატეხვა საჭირო, რომ აი, ამ სანქციას შევუერთდითო. ზედმეტი არაფერი არ ვარგა, რისი დადასტურებაც 2008 წელი იყო. კარგია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს გაითვალისწინა და თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ გააკეთა ტაქტიანად”.

„ახალი თაობა“, 31 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ისლამური სახელმწიფოსგან საქართველომ გაფრთხილება მიიღოაჭარასა და ქვემო ქართლში საფრთხეებია მოსალოდნელი

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

რა გავლენას იქონიებს საქართველოზე თურქეთში მიმდინარე პროცესები, გვემუქრება თუ არა ისლამური სახელმწიფოსგან საფრთხე, საქართველოს რომელ რეგიონში გამწვავდება ვითარება, რა უნდა მოსთხოვოს ხიდაშელმა ნატოს? – ამ საკითხებზე „ახალ თაობას“ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

ზაალ კასრელიშვილი: რამდენიმე თვის წინ სწორედ „ახალი თაობაში“ გავაკეთეთ განცხადება, რომ რადიკალური ისლამი თურქეთშია და ის მალე საქართველოს საზღვრებს მოუახლოვდება. ისლამური სახელმწიფოს ემისრები ჩვენს მეზობელ ქვეყანაში თავიანთი წესრიგის დამყარებას ცდილობენ.

- მათ წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთს ნატო არ დაეხმარება? ეს ქვეყანა ალიანსის წევრია.

- პასუხს მოკლედ გეტყვით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თურქეთს არ დაეხმარება.

- რატომ, ნატოს არ მოსწონს, თურქეთი ისლამურ ხალიფატს რომ ებრძვის?

- მიზეზი სხვაა. ისლამური ხალიფატის პარალელურად თურქეთი თავს დაესხა ქურთებს და დაარღვია თავდაუსხმელობის შეთანხმება. აი, ამ მიზეზით არ დაეხმარება ნატო თურქეთს. ამ ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩატარდა არჩევნები, სადაც მმართველმა გუნდმა უმრავლესობა ვერ მიიღო. კოალიციის გარეშე ისინი ქვეყანას ვეღარ მართავენ. ამას მოჰყვა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები. (…) ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოცემულ სიტუაციაში ანკარა ნატოსაგან დახმარებას ვერ მიიღებს. აქ რელიგიური, პოლიტიკური და შიდაკონკურენციული დაპირისპირებებია გადახლართული. ამიტომაც არ დაეხმარება ნატო თურქეთს. ეს მკვეთრად გამოხატული საფრთხე არ არის.

- მაინც რამდენ ხანს გასტანს ეს ომი, რომელიც ჯერ დაწყებული არ არის?

- ეს ომი მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მთავარი იყო მისი დაწყება. ეს ომი ჩვენთვისაც ძალიან სახიფათოა. ის პრობლემებს შეუქმნის როგორც ქართულ ეკონომიკას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას. ჩვენი პროგნოზით, შემოდგომისთვის ლარი 30%-ით გაუფასურდება. საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს თურქეთთან. ყველა ის პროდუქცია, რომლებიც თურქეთიდან შემოდის, ასევე 30%-ით გაძვირდება. ყველა ის ქვეყანა, სადაც ქართული დიასპორები ცხოვრობენ და საქართველოში ინტენსიურად აგზავნიდნენ თანხებს, ფაქტობრივად, დაიქცა. პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორეზე საბერძნეთი, მესამეზე თურქეთი და მეოთხეზე _ უკრაინა. ოთხივე ქვეყანაში ომია.

- ახლა ისე არ გამოვიდეს, რომ ამ ქვეყნებში ომების დაწყება ჩვენ დაგვბრალდეს.

- ეგ არ დაგვბრალდება, ჩვენ ჩვენი უჭკუობა და უბედურებაც გვეყოფა. როცა ვიცით, რომ პროცესები ამ მიმართულებით მიდის და პრევენციულ ზომებს არ მივმართავთ, უბედურები ვართ, აბა, რა.

- აღნიშნეთ, რომ თურქეთში დაწყებული პროცესები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებასაც უქმნის პრობლემებს. რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ და რამდენად ვართ დაცული?

- ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეს ახლად შექმნილი უსაფრთხოების სამსახური მიხედავს. დიდ იმედებს ვამყარებთ ამ სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურზე. მცოდნე კაცია და საქმის არსი იცის. (…) სხვა სტრუქტურებზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ თავადაც არ იციან, რა უნდათ. რადგან თურქეთმა ოფიციალურად მიიტანა იერიში ისლამისტების პოზიციებზე, ისინი ყველა მეთოდს გამოიყენებენ, რათა ანკარას სამაგიერო გადაუხადონ. ეს იქნება ტერაქტები და შეიარაღებული თავდასხმები, რელიგიური მიმდინარეობის აქტივისტთა პოლიტიკური გამოსვლები. საქართველო ვაჰაბიტებისთვის თურქეთის ზურგს წარმოადგენს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აჭარის რეგიონზე თურქეთს დიდი გავლენა აქვს. ვაჰაბიტები საქართველოში თურქეთის გავლენებს აუცილებლად აურ-დაურევენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე რეალური საფრთხეები აჭარასა და ქვემო ქართლშია. პანკისში, არა მგონია, რაიმე მოხდეს.

- პანკისში არაფერი მოხდება? ამის თქმის საბაბს რა გაძლევთ? სხვა თუ არაფერი, ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი გავლენიანი სარდალი წარმოშობით აქედან არის.

- პანკისის მოსახლეობა ზომაზე მეტად ჩახედულია პოლიტიკურ პროცესებში. მათ ძალიან კარგად აქვთ გათავისებული, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ წავლენ. ისინი არაფერს მოიმოქმედებენ, იმის მიუხედავად, რომ ხალიფატის წარმომადგენლებმა საქართველოს თითი დაუქნიეს და დაკავებულების გათავისუფლება მოსთხოვეს.

- ამბობთ, რომ აჭარასა და ქვემო ქართლში იქნება რეალური საფრთხეები. ისლამური სახელმწიფოს მხარეს აჭარიდანაც არიან საომრად წასული. თურქეთი აჭარასაც ხომ არ დაბომბავს?

- ეგ ამბავი გამორიცხულია. თურქეთი ისეთ ომში ჩაება და ისეთ შარში გაყო თავი, რომ მეეჭვება, საქართველოც გადაიკიდოს. დაბომბვა არ იქნება, მაგრამ თურქეთის სპეცსამსახურები ჩვენს ტერიტორიაზე აუცილებლად გააქტიურდებიან. ისინი საქართველოს სპეცსამსახურებთან ერთად მოითხოვენ რეიდების ჩატარებას და ამას არა მარტო აჭარაში, არამედ ქვემო ქართლშიც. ისინი მოითხოვენ აგრეთვე საქართველოში მყოფ ვაჰაბიტებზე თვალთვალის დაწესებას.

- საქართველოში ვაჰაბიტების ზუსტი რაოდენობა თუ არის ცნობილი, ან ის მაინც თუ ვიცით, საქართველოს რამდენი მოქალაქე იბრძვის ისლამური სახელმწიფოს მხარეს?

- ზუსტი ციფრი არავინ იცის. ყველა მინუს-პლუს საუბრობს. სამწუხაროდ, სრული მონაცემები არც ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ. ვაჰაბიტები ჩვენთან არეულობის მოსაწყობად საკმარისად არიან. თუ რამე მოხდა, ხელისუფლებას თავს ხალხის რისხვა დაატყდება.

- რატომ დაატყდება ხალხის რისხვა? ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ უმკლავდებიან ვაჰაბიტებს.

- მოსახლეობის რისხვა სხვა მიზეზებით იქნება განპირობებული. ისეა პროდუქტები გაძვირებული, რომ შემოდგომაზე აქ დიდი გამოსვლები დაიწყება. ღმერთმა არ ქნას და, რაიმე ტერაქტი რომ მოხდეს, ამას ძალიან დიდი მღელვარება მოჰყვება, რასაც, ჩვენის აზრით, ეს ხელისუფლება შეეწირება.

- ამით ვინ იხეირებს, რუსეთი? საქართველოში მომხდარი ყველა ცვლილება მათ წისქვილზე ასხამდა წყალს.

- რადიკალური ისლამის საფრთხე პრორუსულ ადამიანებს მოსკოვისკენ პირით შებრუნების მოტივაციას აძლევს. ამას თუ დავამატებთ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, პრორუსული ძალები ძალიან გააქტიურდებიან და საპროტესტო აქციების დონეზე დასავლეთთან ურთიერთობების გადახედვასა და ევრაზიულ კავშირში შესვლას მოითხოვენ.

- ხალიფატისგან რუსეთმა რანაირად უნდა დაგვიცვას, ან ეკონომიკა რანაირად უნდა გაგვიუმჯობესოს?

- ვერც დაგვიცავს და ვერც ეკონომიკას დაგვიყენებს ფეხზე. პრორუსული ძალების ქუჩაში გამოსვლით საქართველოში მოსკოვისთვის ხელსაყრელი ქაოსი დაიწყება. ამ ქაოსში რუსეთს ბევრად მეტი გავლენა ექნება, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ხელისუფლებაში პრორუსული ძალები უფრო მრავლად იქნებიან წარმოდგენილი. დაცვით კი რუსეთი არავისგან დაგვიცავს. ვიღაცებს ეს არ ესმით, აცანცარდნენ და ითხოვენ, 25-წლიანი ბრძოლა დავივიწყოთ, დასავლეთზე უარი ვთქვათ და რაღაც გაურკვეველ კავშირში შევიდეთ. ასე გამწარებით რომ ითხოვენ იქ შესვლას, პასუხისმგებლობაც აიღონ.

- რაზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა?

- გვეუბნებიან, რომ ევრაზიულ კავშირში თუ შევალთ, კარგად ვიქნებით. ამას რომ ამბობენ, იქვე ისიც დაამატონ, ასე თუ არ მოხდა, დაგვხვრიტეთო, მაგრამ ამას როგორ იტყვიან. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იქ უბედურების მეტი არაფერი გველოდება.

- აბა, რა ჯანდაბა უნდათ იმ კავშირში?

- კრემლიდან მიიღეს დავალება, რომ ამ ლოზუნგებით გამოვიდნენ. სანაცვლოდ მათ ხელისუფლებაში მოყვანას დაჰპირდნენ და ფულიც ბლომად გადაუხადეს. იმ ხალხს, ვინც სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისგან ფულს იღებს, კითხვით მინდა მივმართო: ბატონებო, სამშობლოს რომ ყიდით, თქვენს ცოლებს, ქალიშვილებსა და დედებს რატომ არ აქირავებთ? სამშობლო ყველაზე და ყველაფერზე დგას.

- რუსეთი ისლამური სახელმწიფოსგან რომ არ დაგვიცავს, ეს გასაგებია, მაგრამ დასავლეთისგან რა დახმარებას უნდა ველოდოთ? თუ ისინი ნატოს წევრ ქვეყანას, თურქეთს, არ ეხმარებიან, ჩვენ რისი ან ვისი იმედი უნდა გვქონდეს?

- სწორედ ახლა გაირკვევა ნატოს ქმედებაუნარიანობა. სწორედ ახლა ნახავს მსოფლიო, რა მდგომარეობაშია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს ორგანიზაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავადაც დაიშალა და რუსეთის აგრესიამ გააცოცხლა. სწორედ ახლა გაირკვევა, რა დამოკიდებულება აქვს ალიანსს საქართველოსთან და როგორ აფასებენ ჩვენს 25-წლიან ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. ამ პროცესების დაჩქარება თინა ხიდაშელზეა დამოკიდებული.

- თინა ხიდაშელს რა ევალება, ნატოს უნდა შემოუძახოს?

- სწორედაც რომ უნდა შემოუძახოს. დადგა დრო, ნატომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას როგორც თავის წევრ, ასევე ალიანსის მეგობარ ქვეყნებთან მიმართებით. ნატო ჩვენკენ ნაბიჯს თუ არ გადმოდგამს, აქ ბევრი რამე შეიცვლება.

- რა შეიცვლება, რუსეთისკენ წავალთ?

- რუსეთისკენ ნამდვილად არ წავალთ და ისევ დამოუკიდებლები ვიქნებით. არც ნატო იყო, არც კატო, არც რუსეთი და არც ამერიკა, საქართველო საუკუნეების განმავლობაში მარტო რომ ართმევდა თავს რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღევანდელ სუპერსახელმწიფოებზე სუპერი არ იყვნენ თავის დროზე სპარსეთი და ოსმალეთი, ძალიან შემცდარა. მათთან დაპირისპირებას რაღაცნაირად ვართმევდით თავს, ამასაც მოვერევით როგორმე. ეს ხელისუფლება რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია. ხალხი გამოფხიზლებულია და არჩევნებში შეცდომებს აღარ დაუშვებს. პრორუსულ ძალებს ტყუილად აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის იმედი. ამას არავინ დაუშვებს. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გამოვალთ გარეთ. ყველამ იცოდეს, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დროშა ჩვენთან არის. ამ დროშას აუცილებლად გავშლით.

Comments are closed