globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 31 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 31st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ნატოსგან უსაფრთხოების გარანტია გვჭირდება და არა გარანტიის დეკორაცია”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ნატოს სასწავლო ცენტრის თაობაზე რუსეთის შეშფოთება ვლადიმირ პუტინის პროპაგანდის ნაწილია“

„კვირის ქრონიკა“: რას მოგვიტანს ჩვენ, რიგით მოკვდავებს, ნატოს მიერ გახსნილი ცენტრი და საქართველოს პოლიგონად გადაქცევა?

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ თინა ხიდაშელთან: საქართველოს ხელისუფლება მის პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე არცერთ ნაბიჯს არ დგამს

რეზონანსი//მთელი კვირა: როგორ ჩადიან რუსი მღვდლები აფხაზეთში

რუსული ეკლესიის რელიგიური ექსპანსიის უცნობი დეტალები

———————

„კვირის პალიტრა“, 31 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ნატოსგან უსაფრთხოების გარანტია გვჭირდება და არა გარანტიის დეკორაცია

ნათია დოლიძე

(შემოკლებით)

საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი უკვე გახსნილია, მოვისმინეთ როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ნატოს გენერალური მდივნისა და რუსეთის ხელისუფლების შეფასებებიც. ყველა დასავლელი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის სასწავლო ცენტრის ნატოს არაწევრ ქვეყანაში გახსნა მნიშვნელოვანია, თუმცა იქვე მიანიშნებენ, რომ ამ ეტაპზე ნატო საქართველოს გაწევრების სამოქმედო გეგმას არ მისცემს და ამის მთავარი მიზეზი რუსეთია. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- მიუხედავად საქართველოსადმი არაერთი კეთილგანწყობილი განცხადებისა, ნატოს გენერალური მდივანი ისე წავიდა საქართველოდან, ქვეყნის ალიანსში გაწევრების რეალურ შესაძლებლობაზე არაფერი უთქვამს

-ამას არც არავინ ელოდა. სიმართლე გითხრათ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სტოლტენბერგის ვიზიტისას სტუმარიც და მასპინძელიც დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა სულ უფრო მჭიდრო ხდება, თუმცა MAP-ის მოცემაზე არც მომავალ სამიტზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ცოტა არ იყოს, მომაბეზრებელია ყოველი მორიგი ვიზიტისა თუ სამიტის დროს ამ თემაზე ვარაუდების გამოთქმა. სტოლტენბერგს რას ვერჩი, ნატოს წამყვანი ქვეყნების, განსაკუთრებით, საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციაა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება რუსეთთან კონფრონტაციას ნიშნავს. შესაბამისად, ჩვენს გაწევრებას ყველანაირად აფერხებენ.
სტოლტენბერგმა რა დაპირებაც უნდა მოგვცეს, საბოლოოდ გადაწყვეტილება მაინც იმ დიდმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. იმავდროულად, ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკოსები -ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები – განცხადებებს უფრო საგარეო მოხმარებისთვის აკეთებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ, ერთი მხრივ, ხაზი ესმება დასავლური კურსის ერთგულებას, მეორე მხრივ კი, მცდელობაა იმისა, როგორმე შეჩერდეს რუსეთის სავარაუდო აგრესია. ქართული პოლიტიკური ელიტა ცდილობს, მოცემულ ვითარებაში შეინარჩუნოს პოზიციები და დასავლეთის მიმართულებასაც არ ასცდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ გეოპოლიტიკური ვითარების ტყვეობაში, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის შემდგომ. მოქმედების არეალი, პრაქტიკულად, უაღრესად შეზღუდული გვაქვს. ერთი მხრივ, დასავლურ კურსს ვერ გადავუხვევთ იმიტომ, რომ იქ არის ჩვენი განვითარების პერსპექტივა და გარდა ამისა, დასავლეთის მიმართაც გვაქვს ვალდებულებები. მეორე მხრივ, რუსეთი ვერაფრით შეეგუება საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზის განვითარებას. ამ ცენტრის შექმნაზე შეიძლება კიდევ თვალი დახუჭოს, მაგრამ მის სამხედრო ბაზად ჩამოყალიბებას ყველანაირად შეეწინააღმდეგება. რაც შეეხება „მაპ“-ს, ვფიქრობ, საქართველოს მოსახ-ლეობისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რა ერქმევა, MAP-ი თუ სხვა რამ, მთავარია, ბოლოს და ბოლოს, დაცულად იგრძნოს თავი.

ხალხს უსაფრთხოდ ყოფნა სურს, ამიტომ პოლიტიკური განცხადებები კი არ აინტერესებს, არამედ რეალური ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრება დაცვის მაღალი ხარისხის გარანტიაა, მაგრამ, ფაქტია, ნატოში ჩვენი ქვეყნის მიღება უაღრესად გაჭიანურდა. მოკლედ, სერიოზული დილემის წინაშე ვართ, გამოსავალი არის მაქსიმალური სიფრთხილე და მოზომილი ნაბიჯები.

(…)

- ექსპერტთა ნაწილი რუსეთისგან პროვოკაციების გახშირებას არ გამორიცხავს

- არც მე გამოვრიცხავ. პროვოკაცია შეიძლება იყოს მრავალნაირი, მაგალითად, ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა, ბანერების დადგმა, საჰაერო სივრცის პერმანენტული დარღვევა, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის შევიწროება და ა.შ. სხვათა შორის, პროვოკაცია შესაძლოა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დაგეგმონ. შეგახსენებთ, ამ რამდენიმე დღის წინ თურქეთში შაჰ-დენიზის გაზსადენი ააფეთქეს და ეს შეფასდა ოფიციალური ანკარის წინააღმდეგ ქურთების ქმედებად, მაგრამ რუსეთს დიდი გავლენა აქვს ქურთებზე და შესაძლოა, ამგვარ ქმედებებს სხვა მიზანიც ჰქონდეს. სიმართლე გითხრათ, სამხედრო ინტერვენციასა და ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთას მე არ ველი. ამ ეტაპზე არც ეკონომიკური სანქციების შემოღებას ვვარაუდობ, რადგან ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის, განსაკუთრებით სავაჭრო სფეროში, არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც ზოგიერთს წარმოუდგენია. ცოტა სასაცილოა, მაგრამ აფხაზური ღვინის ოდენობამ რუსულ ბაზარზე დანარჩენი საქართველოდან შეტანილ ღვინოს კარგა ხანია გაუსწრო. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ აფხაზური ღვინის ნაწილი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან შეტანილი ყურძნისგანაა დაყენებული. რომც დაგვიწესონ ეკონომიკური სანქციები, ეს არ იქნება იმ მასშტაბის ტრაგედია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე მიმართულებით პოზიცია შეცვალოს.

- აფხაზეთის სარკინიგზო ხაზზე მუშაობას რუსი სამხედროები კვლავაც განაგრძობენ. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი და თუ უშვებთ, რომ ამ თემაზე საქართველო კულუარულად შეიძლება მართლაც ლაპარაკობდეს რუსეთთან?

- მეეჭვება. ეს ამბავიც სწორედ ზეწოლისა და პროვოკაციის ერთ-ერთი ფორმა მგონია. ამ რკინიგზის აღდგენას იმდენი ფული სჭირდება, რუსეთმა შეიძლება ორი აფხაზეთი იყიდოს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთისთვის გამოყოფილი 3, 5 მილიარდი რუბლიდან რუსეთიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ 176 მილიონია გადმორიცხული, რის გამოც აფხაზეთში დიდი უკმაყოფილებაა. ამის გათვალისწინებით ადვილი სავარაუდოა, რომ რუსეთს ახლა ამ რკინიგზის მშენებლობის სახსრები არა აქვს. ახლა იქ მხოლოდ გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს. ეს ყველაფერი უფრო დემონსტრაციას ჰგავს, ვიდრე საქმის კეთებას.

-კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ მივიდა, თუმცა მივიდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ბევრმა ეს მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის დაპირისპირების დასასრულად მიიჩნია, თუმცა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნისას ბევრმა შეამჩნია, რომ პრემიერს სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტისადმი მიმართვა დაავიწყდა.

- მერწმუნეთ, ქართველ საზოგადოებას, რომლის უმეტესი ნაწილი მოწადინებული იყო, რომ მმართველ ძალებში შემდგარიყო კონსენსუსი, ახლა კი ხედავს, რომ ეს ყველაფერი პირად დავად იქცა, ეს თემა აღარ აინტერესებს.  ხალხი დაიღალა ამ უაზრო ჭიდილის შემყურე და ვერაფრით გაიგო, რატომ არ შეიძლება ქვეყანას, რომელსაც აქვს დასავლურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პრეტენზია, ისეთი კონსტიტუცია ჰქონდეს, სადაც გარკვევით ეწერება, ქვეყანაში ვინ არის პირველი და ვინ -მეორე, ვის რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს და ვინ სად უნდა მიდიოდეს ვიზიტად. მოსაბეზრებელია გაუთავებლად ლაპარაკი, ვინ წავა გაეროში, ვინ -ევროკავშირში, ვინ რას მოაწერს ხელს და სად გამოვა სიტყვით. ეს ყველაფერი საზოგადოებაში ირონიის მეტს აღარაფერს იწვევს. (…)

„ახალი თაობა“, 31 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ნატოს სასწავლო ცენტრის თაობაზე რუსეთის შეშფოთება ვლადიმირ პუტინის პროპაგანდის ნაწილია“

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს ნატოს სასწავლო-საწრთვნელი ცენტრის გახსნისა და ამასთან დაკავშირებით რუსეთის რეაგირებაზე, მოსალოდნელ საფრთხეებზე და სხვა საკითხებზე. გთვაზობთ შემოკლებული სახით:

„რუსეთმა უკვე გააკეთა უკმაყოფილო განცხადება თბილისში ნატოს ცენტრის გახსნის ტაობაზე.. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, მოსკოვის ასეთი პოზიცია ვლადიმირ პუტინის პროპაგანდის ნაწილია. ნატოს სასწავლო ცენტრი, რასაკვირველია, რუსეთისთვუის საჩუქარი არ არის, თუმცა იმავდროულად არც კატასტროფის მომტანია. რუსეთის განცხადება ერთჯერადია, რადგან კრემლში მშვენივრად იციან: სასწავლო ცენტრი მოსკოვისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხეს არ წამოოადგენს“, – ამბობს სოსო ცინცაძე.

რუსეთის მოსალოდნელ საპასუხო ნაბიჯებზე საქართველოში ბევრი საუბრობს, მაგრამ სოსო ცინცაძე არ ფიქრობს, რომ მოსკოვი მყისიერ საპასუხო აგრესიას განახორციელებს: „არა მგონია, რომ ახლა რუსეთი საწვავს ასხამს ტანკებსა და ავიაბომბდამშენებში და საქართველოს დასასჯელად ემზადება.. ვინც ასეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, არა მგონია ზუსტად იცოდნენ, თუ რა ფუქნციებს შეიძენს ეს სასწავლო ცენტრი. დიახ, სასწავლო-საწრთვნელი ცენტრი კი ჰქვია, მაგრამ არა მგონია, ეს იმის მსგავსი იყოს, რომელიც მე დასავლეთ გერმანიაში მინახავს 1970-იანი წლების ბოლოს: ეს იყო 20 ჰექტრამდე ტერიტორია, რომელსაც განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა ჰქონდა და სადაც აქტიური წრთვნები ტარდებოდა. რუსეთი გაღიზიანებით ხვდება ნებისმიერი მეზობლის მსგავს მცდელობებს, გახდეს ნატოს წევრი. ეს, პრინციპში ჩვეულებრივი ამბავია. როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ძნელად ეგუება ამ რეალობას.

სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ასეთი ცენტრის გახსნა მისასალმებელია. დღეს საქართველო ნატოსათვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს, ვინაიდან თბილისი ბრიუსელის ერთაერთი ქრისტიანული მოკავშირეა სამხრეთ კავკასიაში. ამასთან, როგორც იგი აზუსტებს, ამ თემაზე საუბარი 21-ე საუკუნის ნორმებში არ ჯდება, მაგრამ ვითარება ყოველ წუთს იცვლება.: „ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როცა ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფო [უნგრეთი] ოფიციალურად აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლელ მუსულმან ლტოლვილების მიღებაზე უარს აცხადებს და მიიღებს მხოლოდ ქრისტიანებს და ათეისტებს. ჩვენ ვცხოვრობთა ისეთ რეალობაში, როცა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა კედელს აშენებს  ტავის მეზობელტან მუსულმანებისაგან თავის დასაცავად. ჩვენ ვხედავთ რელიგიურ დაპირისპირებას.

შეკითხვაზე, „შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთმა მაინც გადადგას რაიმე ნაბიჯები საქართველოს წინააღმდეგ?“, სოსო ცინცაძე ასე პასუხობს: „როცა საქმე გვაქვს ისეთ პრობლემურ მეზობელთან, როგორიც რუსეთია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ რუსეთმა, ვთქვათ, გადაწყვიტა, რომ სასწავლო ცენტრის გახსნას ტანკების სემოყვანით უპასუხოს, ნატო უკვე ამ დროს ვალდებულებას საკუთარ თავზე ირებს. ეს არ იქნება 2008 წლის ომის მსგავსი შედეგი, სადაც იყო ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც იწყებოდა წინადადებით, რომ ომი დაიწყო საქართველომ. რუსეთისათვის ეს იყო ალიბი, მაგრამ დღეს ასე აღარ მოხდება.

„კვირის ქრონიკა“, 31 აგვისტო, 2015 წელი

რას მოგვიტანს ჩვენ, რიგით მოკვდავებს, ნატოს მიერ გახსნილი ცენტრი და საქართველოს პოლიგონად გადაქცევა?

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

წინა კვირას ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თბილისში ჩამობრძანდა და კრწანისში სასწავლო, საწვრთნელი თუ შეფასებითი ცენტრიც გაგვიხსნა. ესე იგი, ჯერ გვასწავლიან, მერე გაგვრწვრთნიან, ბოლოს შეგვაფასებენ და საქმე საქმეზე რომ მიდგება (თუ რუსეთმა ყოფა გვიტირა), ავღანეთში, აფრიკასა და ერაყში წაგვასხამენ.

როგორ აფასებენ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები სტოლტენბერგის ვიზიტს? პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული ცენტრი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში…

(…)

ჩვენი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, ნატოს გენმდივანმა რამდენიმე საყურადღებო აქცენტი გააკეთა: „ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის და გააუმჯობესებს თანამშრომლობას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის“.

მოკავშირეებში რომელ ქვეყნებს გულისხმობს პატივცემული გენმდივანი? რასაკვირველია, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებსა და უპირველესად უკრაინას. სხვა ქვეყნების ჯარების გაწვრთნა ნაკლებად სავარაუდოა, ნატო ამ ცენტრს გამოიყენებს უკრაინისთვისაც. კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი სტოლტენბერგის გამოსვლიდან: „ცენტრი არ არის მხოლოდ შენობა და მხოლოდ ოფისები. მასში შედის პოლიგონები, სხვადასხვა ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა უფრო ამაღლდება ქვეყანაში“. დიახ, პოლიგონები და ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. ამოცანა გვეკითხება: რა გამოდის ჩვენი ქვეყანა? რა თქმა უნდა, პოლიგონი!

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აშკარად „დაზადნა“, ცოტა ხნის წინ ამბობდა, მომავალ წელს პოლონეთის სამიტზე „მაპ“-ი აუცილებლად უნდა მოგვცენ, თორემ ჩვენთვის ეს დიდი ტრაგედია იქნებაო. ახლა ამბობს, აუცილებელი პირობა ნატოში გაწევრიანების გზაზე არის არა „მაპ“-ის მიღება, არამედ საქართველოს გაწევრიანების გზაზე დაყენება. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სრულად ეთანხმება ნატოს გენერალურ მდივანს, როდესაც მან ბრძანა, რომ დღეიდან ნატო მეტად არის საქართველოში და საქართველო მეტად არის ნატოშიო. იცით, ეს რას ნიშნავს? დღეიდან ვისი ვიოლინო ვის როიალშია, ვეღარ გავიგებთ. ამის შემდეგ სტოლტენბერგმა „დაგვამშვიდა“, კი შემოვედით, ცენტრიც გაგიხსენით, ბევრი დავალებაც შეასრულეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი შესასრულებელი დაგრჩათო.

რას მოგვიტანს ჩვენ, რიგით მოკვდავებს, ნატოს მიერ გახსნილი ცენტრი და საქართველოს პოლიგონად გადაქცევა? რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ, მაგრამ საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა უკვე აფიქსირებს თავისი ქვეყნის განწყობას: „ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებსაც თბილისი ნატოსკენ მიჰყავთ, უნდა აცნობიერებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას. მოსკოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა პროვოკაციული ნაბიჯია და მიზნად ისახავს გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებას. დასავლეთის ქვეყნებსა და თბილისს შორის კავშირების გაღრმავება რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების დაძაბვას გამოიწვევს. რუსეთი თავის მოვალეობას შეასრულებს და უზრუნველყოფს მოკავშირეების უსაფრთხოებას“.

ქართველი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასე უცებ არა, მაგრამ ვარშავის სამიტამდე, ანუ 2016 წლის ივლისამდე რუსეთის მხრიდან საქართველოზე დიდი შეტევა განხორციელდება, როგორც გარე, ასევე შიდა პრორუსული ძალების მეშვეობით.

რაღა დაგიმალოთ და რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, მრავალფეროვანი პროვოკაციები მოგვიწყოს და მერე ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალოს. რას იზამს ამ შემთხვევაში ნატო, დადგება საქართველოს თავდაცვის სადარაჯოზე და გაავებულ დათვს ომს გამოუცხადებს, თუ 2008 წლის მსგავსად წყალსა და პამპერსებს გამოგვიგზავნის? როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, მეორე ვერსია უფრო სარწმუნოა. უკეთეს შემთხვევაში კიდევ ერთი რამის იმედი უნდა გვქონდეს – თუ რუსეთმა ბაზარი საერთოდ გადაგვიკეტა?

როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, ჩვენი ჩინოვნიკების გამოსვლები და სიმბოლური შეფასებები ამ ეტაპზე მხოლოდ ლირიკა და სიტყვების თამაშია:

„ჩვენ გვინდა შესვლა ნატოში, რომელიც დაგვიცავს. შეიძლება ზოგს ჰგონია, რომ პოკერ-კლუბში შევდივართ, სადაც ითამაშებ, მოგბეზრდება და გამოხვალ. მთავარია, ჩვენ რა ხეირს ვნახავთ ამ ყველაფრიდან? ნატო ვერც ყურძენს გაგვიყიდის და ვერც ქუჩაში გადასვლას გვასწავლის. ამ ცენტრის გახსნა მაინც ნიშნავს იმას, რომ რაღაც ფორმით ნატო მაინც შემოდის საქართველოში. კლასიკური გაგებით ეს არ არის სამხედრო ბაზა, შეიძლება უფრო ვუწოდოთ ინტელექტუალური ბაზა. მოდი, განვიხილოთ ყველაზე ცუდი ვარიანტი, რასაც ბევრი ელოდება – ანუ რუსეთი გაღიზიანდება და მარტო მავთულხლართებით კი არა, ტანკებითაც წამოვა. ამ შემთხვევაში ნატოს აღარ ექნება არანაირი არგუმენტი, რომ აღარ უნდა დაგვიცვას“.

დავუშვათ, რუსეთი მართლაც წამოვიდა ტანკებით, როგორ, რა ფორმით უნდა დაგვიცვას ნატომ? სოსო ცინცაძის თქმით, უნდა დაგვიცვას ისევე, როგორც იცავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სადაც ატარებს ფართომასშტაბიან წვრთნებს: „ამას დიპლომატიურ ენაზე ჰქვია: აქ ვარ, თუ გინდა, მოდი. თუ ამ ცენტრის გახსნას რუსეთის მხრიდან მოჰყვა შეიარაღებული აგრესია და დასავლეთმა არაფერი გააკეთა, მაშინ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდებით, რომ ნატოს აინტერესებს მხოლოდ ჩვენი ტერიტორია და არა ხალხის ბედი“.

ანუ რა გამოდის? ჩვენ კიდევ ერთხელ ნებაყოფლობით მივდივართ იმაზე, რომ მსხვერპლი გავიღოთ? ჩვენ კიდევ ერთხელ ვატარებთ ექსპერიმენტს იმის გასაგებად, ვჭირდებით თუ არა დასავლეთს? პრინციპში, ჯერ რუსეთის მხრიდან რეალური მუქარა არ ჩანს, რას იზამს რაღაც დროის გასვლის შემდეგ, ეს სხვა საკითხია.

ამას სოსო ცინცაძეც ადასტურებს და ამბობს:

„თუ რუსეთმა ტანკები შემოუშვა საქართველოში, გამოვა, რომ ეს იქნება ნატოს გამო. 2008 წელს დასავლეთმა თქვა, ეს ომი საქართველოს ბრალი იყოო, ტალიავინის მოხსენება ამას ადასტურებს. ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ რუსეთს ეს სასწავლო ცენტრი არაფრად მიაჩნდეს. საერთოდ, მსგავს ცენტრებს, მაგალითად, გერმანიაში იმხელა ტერიტორიები უკავია, იმხელა ინფრასტრუქტურაა აშენებული, ეს შედარებით პატარა კაფეა. კი, ცოტა უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“.

რა დაგვრჩა კიდევ გასაკეთებელი, რომ მაპ-ი მივიღოთ, რას გულისხმობს ნატოს გენმდივანი სიტყვა „ბევრია გასაკეთებელში“? იქნებ ეს სიტყვა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხანს უნდა დავოკდეთ? ბოლო დეკლარაციის თანახმად, საქართველოში უნდა იყოს დემოკრატიული საარჩევნო და სასამართლო სისტემა.

ასევე, რეფორმებია ჩასატარებელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. თითქოს ნატოს არ უნდა აინტერესებდეს ჩვენი საარჩევნო კოდექსი და სასამართლო სისტემა, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. მოკლედ, ჩავალთ 2016 წელს ვარშავაში და გვეტყვიან: ნატოს ცენტრი გაგიხსენით? მეტი რა გინდათ, ახლა რაღას ითხოვთო? იქნებ ეს იცის რუსეთმაც და ამიტომაც არ ნერვიულობს? სოსო ცინცაძის თქმით, ჩვენ დღეს ნატოს ვჭირდებით ისეთ რეგიონში სტაბილიზაციისთვის, სადაც ქრისტიანობა არ დომინირებს…

(…)

დაბოლოს, რა იქნება ვარშავის მომავალ სამიტზე? ალბათ, ის, რაც იყო ბუქარესტის, ჩიკაგოსა და ლისაბონის სამიტებზე – მხოლოდ რეზოლუციები. მაგალითად, 2010 წელს ლისაბონის სამიტზე სიტყვასიტყვით გაიმეორეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის რეზოლუცია: „საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილების და ასევე მომდევნო გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს”.

2009 წელს სტრასბურგში ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს რეფორმების წინ წაწევაში. მაგალითად, ჩიკაგოს სამიტზე მხოლოდ მადლიერება გამოხატეს და ისე გამოგვიშვეს…

(…)

რაც მთავარია, ყველა სამიტზე რუსეთს მოუწოდებენ, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების აღიარება, მაგრამ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, რუსეთს სულ ქინძზე ჰკიდია ნატოს მოწოდებები.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 31 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ თინა ხიდაშელთან: საქართველოს ხელისუფლება მის პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე არცერთ ნაბიჯს არ დგამს

“მთელ კვირასთან” საუბრისას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საუბრობს საქართველოს სამხედრო პოლიტიკაზე, ქვეყნის თვადაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტზე, ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე, უცხოეთის სახელმწიფოებთან დადებულ სამხედრო ხელშეკრულებაზე და სხვა საკითხებზე.

გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტს შემოკლებული სახით:

- ნატოს გენმდივნის ვიზიტსა და საწვრთნელი ცენტრის გახსნას რუსეთის დაუყოვნებლივი მუქარა მოჰყვა. რას ნიშნავს ეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის? ვგულისხმობ ნატოსთან ურთიერთობასაც და რუსეთის მუქარასაც.

- ასეთი ტიპის ვიზიტები საქართველოსთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ცხადია, ამ ვიზიტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს დამატებითი მიზეზია, რომ ყურადღების ცენტრში ვიყოთ, ხაზი გავუსვათ ჩვენს მნიშვნელობას, იმ წვლილს, რომელიც შეგვაქვს ნატოს ძალების მხარდაჭერის მისიაში ამ კონკრეტულ ვითარებაში. ეს არის პარტნიორობის მაგალითი და ასევე იმის დასტური, რომ ქვეყანას განვითარების სტაბილური მომავალი აქვს და ქვეყანა წინ იყურება. ქვეყანაში, სადაც ურთიერთობის პერსპექტივას ვერ ხედავენ, ცხადია, ასეთი დონის ვიზიტები არ ხორციელდება.

თავად საწვრთნელ ცენტრს რაც შეეხება, ამაზე ბევრი ითქვა და ახლა ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი, მარტო ჩემი მოსაზრება კი არ არის, ეს გამყარებულია ნატოს არსებობის ისტორიით, რომ ნატოს მოაქვს მხოლოდ მშვიდობის ძალა. ყველგან, სადაც მივიდა ნატო, სადაც შევიდა ნატო, სადაც გაფართოვდა ნატო, მშვიდობა დამკვიდრდა. ნატოს წევრები იქცნენ არა უბრალოდ მშვიდობიანი ცხოვრების წესის მატარებელ ქვეყნებად, არამედ მშვიდობის კვალობაზე განვითარების და პროგრესის მატარებელ ქვეყნებად.

ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში ნატოსთან ერთად რაღაც კეთდება და ეს ვინმესთვის პოტენციურად მაინც საფრთხის მატარებელია, ეს უბრალოდ ღრმად არასერიოზულია.

ასეთი ცენტრები ემსახურება ძალიან მარტივ მიზეზებს, პირველ რიგში იმას, რომ იმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებას და თავდაცვისუნარიანობას დაეხმარონ, სადაც იხსნება ასეთი ცენტრები და მეორე, შერჩევა ყოველთვის ხდება იმ პრინციპითაც, რომ რეგიონალური ფუნქციის და მასშტაბის მატარებელი გახდეს. სიახლე და სიურპრიზი არ არის ის, რომ საქართველო წლების განმავლობაში ამ მხრივ ასეთ რეგიონალურ ცენტრად ბევრი სხვა ამბებისთვისაც განხილულა.

- ნატოს წევრობასთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. ამ განცხადებების უკან არის რაიმე კონკრეტული დაპირება ან სხვა სახის მოლოდინი, რომ საქართველო მორიგ სამიტზე ნატოს წევრი გახდება?

- ამაზე საუბარი დღეს ადრეა. წინ ერთი წელია. ევროპის შუაგულში ომია და, სამწუხაროდ, არა გვაქვს არანაირი საშუალება ვიფიქროთ, რომ ეს ომი ხვალ დილით დასრულდება. შესაბამისად, ყველაზე ნეიტრალური სიტყვა რომ გამოვიყენოთ, არის მოვლენების დინამიური განვითარების მოლოდინი. ჩვენ ყველას ჩვენ ჩვენი ამოცანები გვაქვს. ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია – მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი პრიორიტეტი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება და ჩვენი ქვეყნის ინტერესებია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებია. შესაბამისად, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოების ინტერესები სრულად იყოს გატარებული და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი.

ამის მოსახერხებლად რომელ ჭკვიან თავში რა აზრი გაჩნდება და ბოლოში რაზე შევთანხმდებით, ეს რა თქმა უნდა, სწორედ ამ ერთწლიანი დიალოგის და მოლაპარაკებების შედეგი იქნება. მაგრამ, ჩემი მოლოდინი ნამდვილად არის ის, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, ვიდრე ეს არის დღეს.

- მხარდამჭერი განცხადებები პერიოდულობით აქტიურდება, მერე თითქოს ისეთი აქტიური აღარ არის. ახლა ეს აქტიურობა რამ განაპირობა? არის მოსაზრება, რომ ეს რუსეთის აგრესიამ განაპირობა, მეორე მოსაზრებით – თავად ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებმა. თქვენ რას უკავშირებთ?

- ასეთ საკითხებს ამ ტიპის ახსნა არ აქვს. ვინმემ რომ დაიჩემოს, რომ ზუსტად იცის, ყველა პოლიტიკოსის თავში რა ხდება ან სამუშაო ოთახებში რა დისკუსიები მიმდინარეობს, ან რისი შედეგია ის განცხადებები, რომლებიც გვესმის, ძალიან არადამაჯერებელი იქნება.

ეს რა თქმა უნდა, არის ფაქტორების ერთობლიობა. რუსეთის გააქტიურება უკრაინაში, ყოველდღიური დაძაბულობის მატება და ა.შ., რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და თამაშობს იმ თვალსაზრისითაც, რომ მათი რიცხვი, ვისაც იმედი აქვს, რომ რუსეთის სახით შეიძლება საყრდენი პარტნიორი ჰყავდეთ, მცირდება სწორედ ამის გამო და ამ ფონზე. უფრო მეტად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უკვე არა მხოლოდ შეშფოთებულები და შეწუხებულები არიან კრემლის პოლიტიკით, არამედ აქტიურად და ქმედითად ფიქრობენ კონკრეტულ ღონისძიებებზე, მოქმედებებზე, როგორ გააჩერონ რუსეთი.

ტერმინი “გავაჩეროთ რუსეთი” სულ უფრო მეტა მკვიდრდება საერთაშორისო პოლიტიკურ დისკურსში, თუნდაც 6 თვის წინ კი ასე არ იყო. ტერმინი “რუსეთი არის ეგზისტენციალური საფრთხე” სულ უფრო ხშირად და ხშირად გვესმის დასავლელი პოლიტიკოსებისგან და ამ პოლიტიკოსების წრე იზრდება. ეს აღარ არის მხოლოდ პოლონეთი, ბალტიისპირეთი ან იმ ქვეყნებით შემოფარგლული, სადაც რუსული აგრესია გუშინ იყო და ახსოვს იმ თაობას, რომელიც ცოცხალია. ეს გასცდა ამ წრეს და ესეც, რა თქმა უნდა, ფაქტორია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო მტკიცედ ადასტურებს, რომ იმ ოჯახის წევრობის ღირსია, საითაც მივისწრაფვით. როგორი აგრესიულიც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე, თუ საშინაო დავალებებს არ ასრულებ და არ აძლევ შანსს პარტნიორობის, არავინ კარს არ გაგიღებს, განსაკუთრებით ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელშიც დღეს ევროპა აღმოჩნდა. ამიტომ ის, თუ საქართველო დღეს რას აკეთებს, როგორ იქცევა, როგორი პარტნიორი და როგორი დასაყრდენია, ძალიან მნიშვნელოვანი, გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევი ფაქტორია.

- როგორი პარტნიორია საქართველო?

- რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს იდეალური ქვეყანა არ ვართ. ჩვენ შვეიცარია არ ვართ, მაგრამ საქართველო დღეს არის ყველაზე უფრო კარგი, რაც კი ის ოდესმე ყოფილა ამ ოცი წლის განმავლობაში.

- ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით ამბობთ?

- არა მხოლოდ. ჩვენ ყველა ვალდებულება ფურცელზე არ გვიწერია და სანდოობა ამ ვალდებულებებით არ განისაზღვრება. საქართველო გახდა სანდო პარტნიორი. საქართველოზე დაყრდნობა შეიძლება და ეს ყველაზე კარგად ფრანგულ მხარესთან ხელშეკრულების ხელმოწერაში გამოიხატა, როდესაც გაგვიხსნეს ის კარი, რომელიც შვიდი წელი ჩაკეტილი იყო.

- როდესაც სანდოობაზე საუბრობთ, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, იგივე პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი ბოლო განცხადება, სადაც თქვა, რომ რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას მხარს არ უჭერს, ეს განცხადებები აღიქმება როგორც სანდო პარტნიორის განცხადებები?

- რა თქმა უნდა. ეს ერთ-ერთი კომპონენტია მთელი ამ ისტორიის და ამ სურათის, რადგან დღეს არავის არ სჭირდება მეორე ფრონტი კავკასიაში და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოს ხელისუფლება მის პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე არცერთ ნაბიჯს არ დგამს.

- ანუ, საქართველომ რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას მხარი რომ დაუჭიროს, ეს იმას ნიშნავს, რომ კავკასიაში მეორე ფრონტი იხსნება?

- შესაძლოა, არ ვიცით. საქართველოს ამოცანა დღეს არის ის, რომ ომის გარეშე, ფიზიკური კონფრონტაციის გარეშე მოახერხოს ურთიერთობა. მართალია, ადამიანებს დღესაც იტაცებენ და პროვოკაციებზე მოდიან, მაგრამ ეს არ არის ფიზიკური დაპირისპირება და ფართომასშტაბიანი ომი. საქართველოს ამოცანა არის ის, რომ იმ დღემდე, როდესაც ჩვენ ამ ქოლგის ქვეშ ვიქნებით, მშვიდობით, ომის და ფიზიკური კონფრონტაციის გარეშე მივიდეთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და ნებისმიერი მცირე თუ ფართომასშტაბიანი ომი საქართველოში ნიშნავს ქვეყნის კიდევ მრავალი წლით დამუხრუჭებას, იმას, რაც 2008-ში მოხდა. სინამდვილეში, 2008 წლის ომის მთავარი შედეგი, რასაც რუსეთმა მიაღწია, იყო ის, რომ ჩვენ, საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან აღმავალ გზაზე მყოფი ქვეყანა, რომელსაც ნატოსთან დაახლოების ძალიან რეალური პერსპექტივა უჩანდა, გაგვაჩერა. დღესაც ამ მიჯნაზე ვდგავართ. დღესაც, როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან, თვისობრივად ახალი ტიპის ურთიერთობებზე გადასვლის რეალური პერსპექტივა გვაქვს. “დისიეფტიაი” ხელმოწერილია, უვიზო მიმოსვლა კართან დგას და ერთ წელში ნატოს სამიტი – ეს არის ის სამი თარიღი, რომლის გამოც შესაძლოა, რუსეთმა ჩვენი პროვოცირება სცადოს. ამიტომ არის ასეთი გააქტიურებული.

- ომის დაწყებას გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა.

- ომის დაწყების საფრთხე რეალურად მუშავდება?

- ამას ჩვენ არ ვამუშავებთ იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა არის ეს არ დავუშვათ.

- ვგულისხმობ იმას, თუ რამდენად განიხილება ომის შესაძლო დაწყების საფრთხე და საპასუხო ქმედებების, ან თუნდაც პრევენციული ღონისძიებების სტრატეგია თუ მუშავდება…

- ჩვენი საპასუხო ქმედებები ის არის, რომ არ დავუშვათ არც მცირემასშტაბიანი და არც ფართომასშტაბიანი აგრესია და ომი საქართველოში. მთავარი ამოცანა ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის, ასევე ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის, ამაში მდგომარეობს. ამიტომ ჩვენი ნებისმიერი საპასუხო ნაბიჯი არის სისტემური და ხაზგგასმულად პროვოკაციის თავიდან ამცილებელი.

- რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებაზე მხარდაჭერა ომის მიჯნად განიხილება?

- სანქციებზე მიერთება შეიძლება გახდეს თუ არა ეს მიჯნა, არ ვიცი. მაგრამ თუ არის ამის თეორიული ალბათობა, ეს არ უნდა გავაკეთოთ და ამისთვის გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან.

- ზღვარი სად გადის? დღევანდელი გადასახედიდან, უკვე როგორც თავდაცვის მინისტრი და არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რას ფიქრობთ, აგვისტოს ომის დროს იყო თუ არა ეს ზღვარი?

- ამ კითხვაზე თავდაცვის მინისტრები არ პასუხობენ, იმიტომ, რომ, როდესაც ზღვარი აღარ არის, მერე თავდაცვის მინისტრები მოქმედებენ. მე შემიძლია ვილაპარაკო როგორც პოლიტოლოგმა, პოლიტიკოსმა, მაგრამ როგორც მინისტრი მე ამ კითხვას პასუხს ვერ გავცემ. ნებისმიერი ჩემი პასუხი იქნება სპეკულაცია იმიტომ, რომ ეს იქნება ამ კაბინეტიდან დღეს, 7 წლის თავზე, ჩემი თვალით დანახული ომი და ამას ვერ ექნება ჭეშმარიტების პრეტენზია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საიდუმლო დოკუმენტი, რაც მაშინ იქმნებოდა, ახლა ჩემთვის ხელმისაწვდომია, ის მაინც არ ქმნის სრულ სურათს.

- 2008 წლამდე, როდესაც საჰაერო სივრცის დარღვევა ან სხვა პროვოკაცია ხდებოდა, პირადად თქვენ ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებდით, რომ ამ ქმედებას სათანადო პასუხს არ სცემდა. ახლაც ასე ფიქრობთ და არ თვლით, რომ მაშინ საპასუხო რეაქცია ასევე ომს გამოიწვევდა? ან დღეს რომ ხდება საჰაერო სივრცის დარღვევა, რატომ არ სცემთ სათანადო პასუხს?

- დიახ, ახლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ ამის შედარება არასწორია, რადგან ეს არის ორი თავისი არსით განსხვავებული ხელისუფლება. ის იყო ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ამის რიტორიკაზე იყო ორიენტირებული, მუდმივად გულში მჯიღის ცემაზე იყო აწყობილი და რომელიც მუდმივად ამბობდა, რომ ჯარს სისხლი სწყურია. როდესაც ასეთი რიტორიკა გაქვს, ასეთ მოლოდინს აჩენ საზოგადოებაში, შემდეგ საზოგადოებისგანაც შესაბამისი რეაქცია გაქვს ყველაფერზე, რაც ხდება. ჩვენი ხელისუფლება პრინციპულად განსხვავებული ხელისუფლებაა. ამიტომ კითხვაზე, რომ მაშინ ასე ვიქცეოდით და დღეს როგორ უნდა ვიქცეოდეთ, ამაზე პასუხი არის ის, რაც არის ჩვენი ხელისუფლების ბუნება და გაცხადებული მიზანი. ჩვენ რაიმე საიდუმლოს ხომ არ ვაკეთებთ? ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ვთქვით, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებით მოსული ხელისუფლება “სტრატეგიული თავშეკავების” პოლიტიკას ახორციელებს. ამიტომ, როდესაც ასეთი არსობრივად განსხვავებული ხელისუფლების პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მოლოდინებიც განსხვავებულია.

- საქართველოს ხელისუფლების ამ სტრატეგიას აქვს შედეგი? თავი რომ დავანებოთ ეკონომიკას და ჰუმანიტარულ საკითხებს, შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება უსაფრთხოების თვალსაზრისით?

- ჩვენ ამას ვერ დავთვლით. ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ისევ ოკუპირებულია ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოში გაფორმდა. აგრესია სახეზეა პრაქტიკულად ყოველდღიურად, გამოიხატება ერთეულ შემთხვევებში, მაგრამ სახეზეა ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და მოქმედებს ყველაფერზე, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია და ჩვენ არ უნდა დავუშვათ სახელმწიფოებრივი მასშტაბის ტრაგედია, რომელიც, კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენიმე წლით კიდევ ერთხელ გააჩერებს ჩვენს ქვეყანას ისევე, როგორც ამ 7 წლის განმავლობაში იყო გაჩერებული.

- ხელისუფლებას მოლოდინი მაინც თუ აქვს, რომ ამ პოლიტიკით რუსეთის დამოკიდებულება შეიცვლება?

- არა. ჩვენმა პოლიტიკამ იმის მოლოდინი გააჩინა, რომ შეიძლება, საერთაშორისო თანამეგობრობა რადიკალურად შემოვაბრუნოთ. ჩვენ მარტოები ვერ მოვახდენთ გავლენას რუსეთის პოლიტიკაზე და ამიტომ გვინდა ქოლგის ქვეშ ყოფნა და ამიტომ ვართ ჩართული ფართომასშტაბიანი ინტეგრაციის პროცესზე და ეს არის რუსეთის პოლიტიკაზე პასუხი.

- თუმცა, თქვენი ოპონენტების მთავარი საყვედური ის არის, რომ საქართველომ სწორედ ეს მხარდაჭერა დაკარგა.

- უკაცრავად ჟარგონისთვის, მაგრამ შარზე როდესაც ხარ, ყველაფრის საფუძველი არსებობს. მე არ ვაპირებ ამ ბრალდებაზე რაიმე სერიოზული პასუხის გაცემას, რადგან მაშინვე თავის მართლების პოზიციაში უნდა ჩავდგე.

ნებისმიერ ნეიტრალურ ადამიანს, გულშემატკივარს, არაგულშემატკივარს, ვისაც ეს კითხვა აქვს და აინტერესებს როგორია დღევანდელი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი და ორიენტირი, მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა, რომ ჩემი გასული კვირის ამერიკაში გამოსვლების ტექსტები მოისმინოს. მე სხვა მეტს ვერაფერს ვიტყვი.

ჩემი ამოცანა არ არის ახირებული ადამიანების გადარწმუნება. ჩემი ამოცანაა ველაპარაკოთ ამომრჩეველს და დავარწმუნოთ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც, რადგან ამ სავარძლიდან ძალიან ძნელია ამ ტონით იმის ყურება, რაც ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან ხდება, მაგრამ იმიტომ გქვია პოლიტიკოსი, რომ ხანდახან შეუძლებელიც უნდა მოითმინო.

- ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე პირად საუბრებში მაინც რა პრობლემები დაასახელეს, რაც საქართველოში არსებობს?

- მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ შეხვედრაზე არცერთი სიტყვა არ თქმულა არაფერზე, რაც სუბიექტური მიზეზებით შექმნილ პრობლემებს შეეხებოდა. რაც შეეხება ობიექტურ მიზეზებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა პარტნიორი გველაპარაკება ეკონომიკაზე, რა სჯობს უკეთესად გაკეთდეს. თუმცა, სათქმელი ჩვენც ბევრი გვაქვს და მათ შორის ეს არის საინვესტიციო აქტიურობა, რომელსაც, ბუნებრივია, ჩვენც ვითხოვთ ჩვენი პარტნიორებისგან.

ქვეყნის დახმარება არ არის მხოლოდ, ვთქვათ, სამხედრო სწავლებაში დახმარება ან ბიუროკრატიის მომზადებისთვის ტრენინგები, ქვეყნის დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა არის, რა თქმა უნდა, არის საინვესტიციო მდგომარეობის გაუმჯობესება და გარედან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მომრავლება ქვეყანაში. სწორედ ჩვენი წარმატების ნიშანია ის, რომ ასეთი კარგი საინვესტიციო მდგომარეობა არასოდეს არ ყოფილა. ეს არის რიცხვები და ამას ვერავინ უარყოფს.

- მაგრამ ეს ადამიანების მდგომარეობაზე არ აისახება და მაშინ წარმატება რითი ითვლება?

- ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ამას ჩემი კოლეგები, ვინც ფინანსები და ეკონომიკა იცის, უკეთესად ახსნიან. მაგრამ ვიტყვი, რომ მე თუ ფულს ძალით გახარჯინებთ, ცხადია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს არის ძალით გაკეთებული და ჩვენს ხელისუფლებას ორი არჩევანი ჰქონდა – ან ასე უნდა გაეგრძელებინა, ან ასე არ გაეკეთებინა და ჩვენ ეს მეორე ავირჩიეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის უფრო მნიშვნელოვანი და მყარი დასაყრდენია მიუხედავად ამ ეტაპზე შექმნილი პრობლემებისა და მეც გავიმეორებ იმ ფრაზას, რომ ბიზნესი აუცილებლად გადაწყვეტს მუთაქებიდან ფული ამოიღოს.

- საფრანგეთთან ხელშეკრულება ახსენეთ, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში დავის საგანი იყო. ალასანია იყო მართალი თუ ჯანელიძე?

- მართალი არის ის, რომ დღეს ხელშეკრულება არის ხელმოწერილი. საქართველოში ხელისუფლება არ შეცვლილა და შესაბამისად, ყველა სპეკულაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდოდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერა, არ იყო სიმართლე და ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. ალასანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც არის სურვილების კრებული და მთავარი ამის შემდეგ იწყება – ანუ, თქვენ რისთვის ხართ მზად, რომ გამიხსნათ შვიდი წლის წინ დაგმანული კარები და მე რისთვის ვარ მზად, ამის სანაცვლოდ რა გადავიხადო იმიტომ, რომ ეს არ არის საჩუქარი და საქართველოს არ აქვს ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი. მინდა, გითხრათ, მე რაც მოვედი აქ, იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა ამ ხელშეკრულებაში.

- ანუ, ჯანელიძის მიმართ ალასანიას საყვედური მაინც რეალისტურია?

- არა, არ არის რეალისტური. ჩემს და მინდიას შორის სხვაობა ის იყო, რომ ის არ არის პოლიტიკოსი საჯარო პოლიტიკის გაგებით და არ აქცევდა ისეთ საკითხებს ყურადღებას, რაც მე ჩავთვალე, რომ სუპერმნიშვნელოვანი იყო სპეკულაციების დამთავრებისთვის და ხელისუფლების წარმატებისთვის. ჯანელიძის დროს ეს პროცესი ძალიან ჯანსაღად წავიდა და იმის გამო, რომ მე პოლიტიკოსი ვარ და ამ პროცესს პოლიტიკურად შევხედე, ძალიან დავაჩქარე. სულ ეს იყო განსხვავება. ჩემთვის მთავარი სიმართლეა და სიმართლე ის არის, რომ ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა მინდია ჯანელიძემ დაიწყო.

(…)

რეზონანსი//მთელი კვირა“, 31 აგვისტო, 2015 წელი

როგორ ჩადიან რუსი მღვდლები აფხაზეთში

რუსული ეკლესიის რელიგიური ექსპანსიის უცნობი დეტალები

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

ოკუპირებული აფხაზეთის სასულიერო ფლანგზე დიდი ომია გამოცხადებული – ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის სასულიერო ჯგუფი რუსეთის ეკლესიას თვითგამოცხადებულ აფხაზეთის ეკლესიაში არსებულ განუკითხაობასა და კანონიკის დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია იმაზე, საქართველოს საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად “აფხაზეთის ეკლესიის” მღვდლებად ირიცხებიან სასულიერო პირები, რომლებიც რეალურად რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არიან, ეს კი საეკლესიო კანონის უხეში დარღვევაა. სახელდება რუსეთის ეპარქიის მაღალი სასულიერო წოდების მქონე პირები – კონკრეტული იღუმენები და იერომონაზვნები, ვინც აფხაზეთის ეკლესიის სახელით სხვადასხვა დღეებში წირვა-ლოცვას ატარებენ.

რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო სტუდია “მედია-ასპექტში” ახალი ათონის იეროდიაკვანმა დავით სარსანიამ განაცხადა, რომ რუსები “აფხაზურ ეკლესიას” მიზანმიმართულად ანგრევენ ისე, რომ მათ ამაში ქართველები ხელს არ უშლიან. მისი თქმით, რუსი მღვდლების საქმიანობაზე ინფორმაცია საქართველოს ეკლესიასაც აქვს, თუმცა ამაზე რატომღაც პროტესტს არ აცხადებს.

პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ ის, რაც აფხაზეთში ხდება, არ არის შეთანხმებული საქართველოს ეკლესიასთან და საპატრიაქო ამ ფაქტს ყოველთვის აპროტესტებს, მაგრამ შედეგი არაფერია. “ვიცით, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები შედიან აფხაზეთში, აცხადებენ, რომ ისინი შვებულებაში იმყოფებიან, ან მოსალოცად დადიან. სინამდვილეში ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რასაც აფხაზური მხარე რამდენი წელია აკეთებს. ანუ ხდება გამიჯვნა. ამ ფაქტებს ვაპროტესტებთ კიდეც, მაგრამ რა შედეგი მოჰყოლია ამას ან მოჰყვება?! შევალთ აფხაზეთში, აღვკვეთავთ ამას, თუ რას მივიღებთ?!” – ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი. მისი თქმით, აფხაზეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი სასულიერო პირები ვერ შედიან და ვინც იქ მოღვაწეობს, არაკანონიკურია. “საპატრიარქოს მიერ ხელდასმულია თავის დროზე ბესარიონ აპლია. ასევე თბილისში სწავლობდა და ჩვენს ეკლესიაში ეკურთხა დავით სარსანია, მაგრამ ისინი ჩვენ გვებრძვიან. თავის დროზე კანონიკურად ხელდასმულები არიან, მაგრამ ახლა საქართველოს ეკლესიას იურისდიქციიდან გასულები არიან და ჩვენს ეკლესიას არ ემორჩილებიან,” – დასძენს ბოტკოველი.

დავით სარსანიას მხრიდან რუსი მღვდლების ე.წ. მხილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ რამდენიმე კვირის წინ არქიმანდრიტ დოროთე დბარსა და მღვდელმონაზონ ანდრია ამპარს რუსეთის ეკლესიის მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის ხელმძღვანელობამ, ეპისკოპოსმა ტიხონმა სასულიერო მოღვაწეობა აუკრძალა და აკრძალვის სპეციალური განკარგულებაც გამოსცა.

ცნობისათვის: აფხაზეთის თვითგამოცხადებულ ეკლესიაში სასულიერო პირები ორ ბანაკად არიან გაყოფილი. ერთი ბანაკი პრორუსულია, მეორე უფრო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობისაკენ იხრება, რუსეთის საპატრიარქოს აფხაზეთის საეკლესიო საქმეებში ჩაურევლობას ითხოვს და რუსეთთან კავშირს ისევ ბერძნულ ეკლესიასთან დაახლოება ურჩევნია. პრორუსულ ბანაკის ხელმძღვანელია ბესარიონ აპლია, რომელიც თავს აფხაზეთის ეკლესიის ხელმძღვანელად აცხადებს. მეორე დაჯგუფებაში კი უფრო ახალი თაობაა – დოროთე დბარი, ანდრია ამპარი და დავით სარსანია. ამ ჯგუფმა 2011 წელს ახალ ათონში აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია დაარსა, თუმცა, მათ მოღვაწეობას რუსეთის საპატრიარქო ყველანაირად ზღუდავს და მაიკოპისა და ადიღეს ეპისკოპოსი სწორედ რუსულ ეკლესიასთან დაპირისპირების გამო აიძულებს ამპარსა და დბარს შეწყვიტონ სასულიერო მოღვაწეობა.

როგორც დავით სარსანია ამბობს, დოროთე დბარისა და ანდრეა ამპარისათვის ღვისმსახურების არაერთხელ “უსაფუძვლო შეზღუდვა” იმას აჩვენებს, თუ რა კანონიკური განუკითხაობაა დღეს აფხაზეთში. რადგანაც, 10 წელზე მეტი ხნის წინ ეს ორი ადამიანი მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის ეპისკოპოსებმა აკურთხეს, ისე რომ ამით საეკლესიო კანონი დაარღვიეს. (…) სარსანია იქვე აღნიშნავს, რომ აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის ნაწილად ყოფნა არავის სურს, ეს ერთხმად და კატეგორიულად გადაწყვეტილია. მათი მიზანია დამოუკიდებელი აფხაზური ეკლესია, მაგრამ ამ დამოუკიდებლობის გზაზე ერთიანი და აქტიურები არ არიან და ამაზე წუხს. ის იმ რუსეთის ეკლესიის მღვდლების ვინაობასაც ასახელებს, ვინც ვითომ შვებულებაში იმყოფება და ამ დროს აფხაზეთის ეკლესიის სახელით მოღვაწეობს აფხაზეთში. იგი ამბობს, რომ რუსული მართლამდიდებელი ეკლესიის იმ სასულიერო პირებს, რომლებმაც აფხაზეთში მოღვაწეობენ, მიღებული აქვთ დოკუმენტი, რომ ისინი ან შვებულებაში არიან გასულები, ან შტატგარეშე არიან. ანუ, ისინი დღესაც რუსული ეკლესიის წარმომადგენლებად მიიჩნევიან, მაგრამ აფხაზეთში მოღვაწეობენ. “მაგალითად, ასეთია ათანასე კოვალჩუკი, ასევე ჩრდილოეთ დონეცკის ეპარქიის სასულიერო პირი დავით გვაზავა, რომლებიც ოფიციალურად შვებულებაში იმყოფებიან, მაგრამ ამ შვებულების დროს ისინი საბუთებს ხელს აწერენ, როგორც აფხაზეთის ეკლესიის სასულიერო პირები. ეს რას ნიშნავს? ადამიანები არიან რუსული ეკლესიის სასულიერო პირები და მოქმედებენ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ეკლესია საქართველოს კანონიკურ ნაწილად აცხადებს?!

“ასეთ დამოკიდებულებაზე მინდა ქართული ეკლესიის სინოდის განსაკუთრებული როლს გავუსვა ხაზი. პირველ რიგში სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უნდა ლაპარაკობდეს კანონიკურ შეუთავსებლობაზე, რომელიც აფხაზეთში ხდება. ისინი კი ამაზე არ ლაპარაკობენ. “ისინი არ ასახელებენ იმ პირებსაც, რომლებიც დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობენ. იმიტომ, რომ მათ არ უნდათ აფხაზური წარმომავლობის სასულიერო მოღვაწეებისაგან, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს წარმოადგენენ, მათ შორის ვარ მეც, წამებულები შექმნან. იმიტომ რომ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე საუბარი კანონიკური განხილვიდან პილიტიკურში გადავიდა. ამაზე რამდენჯერმე თავად საქართველოს პატრიარქმაც ისაუბრა,” – ამბობს სარსანია და დასძენს, რომ 2016 წელს გასამართ მართლმადიდებელ მსოფლიო კრებაზე წესით აფხაზეთის ეკლესიის საკითხის წამოჭრა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს არც საქართველოს და არც რუსეთის საპატრიარქოს ხელს არ აძლევს, “ორივე მხარეს სურს აფხაზეთის ეკლესიის საკითხი, ვაკუუმში იყოს მოქცეული”.

თეოლოგ-რელიგიათმცოდნე ლევან აბაშიძის თქმით, მომავალი წლის საეკლესიო კრებაზე ეკლესიების საზღვრების საკითხი დასმული არ იქნება. ეს არცერთ ეკლესიას არ აძლევს ხელს. მისი თქმით, საქართველოს ეკლესიამ შეიძლება აფხაზეთის საკითხი დასვას და მსოფლიო საზოგადოებამ მიაქცევინოს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ აფხაზეთის ტერიტორია დროებით ოკუპირებულია. თუმცა, იმ კუთხით საკითხის დასმა – რა ვუყოთ აფხაზეთის ეკლესიას – ეს წამგებიანია და ამ თემის წამოწევა არ მოხდება.

აბაშიძის განცხადებით, თავად აფხაზეთში მიმდინარე პროცესები უკანონობაა და ამ უკანონობას რუსეთი ჩუმად ახორციელებს.

“კანონის მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთმა მღვდლები არ უნდა გამოუშვას. თუმცა, ეს კეთდება არაოფიციალურად, ჩუმად. აფხაზეთში, ოფიციალურად არა, მაგრამ რეალურად რუსეთის ეკლესიის მიერ ხელდასმული მღვდლები მიდიან და ატარებენ წირვა-ლოცვას. საქართველოს ეკლესიას შეუძლია, რომ რუსეთის ეკლესიას მიუთითოს ამ ფაქტებზე და შესაბამისად, რუსეთის ეკლესიამ თქვას, რომ სასულიერო პირები მათი ლოცვა-კურთხევის გარეშე არიან აფხაზეთში და შესაბამისი ზომებიც მიიღოს. რატომ არ ეუბნება ამას საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიას – არ ვიცით. შეიძლება ეუბნება კიდეც დიპლომატიური არხებით, შეიძლება – არ ეუბნება, რადგან არ სურს რუსეთის ეკლესიასთან საქმე გაიფუჭოს. ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ რუსეთის ეკლესიასთან აშკარად და ღიად ამ საკითხზე პროტესტი და კონფლიქტი საქართველოს ეკლესიას ალბათ ამჟამად არ უნდა. თუმცა, დავუშვათ, რომ საქართველოს ეკლესიამ საჯაროდ ატეხა ერთი ამბავი და ოფიციალურად განაცხადა პროტესტი – მერე რა? ამ ამბავს რუსეთი მაინც იგნორირებას გაუკეთებს. ეს საქართველოს ეკელსიას ხელს არ აძლევს, ამით კიდევ ერთხელ და ნათლად გამოჩნდება, რომ საქართველოს ეკლესიას აფხაზეთზე არანაირი გავლენა არ აქვს”.

ლევან აბაშიძის თვალსაზრისით, რადგანაც დღეს აფხაზეთში საქართველოს საპატრიარქოს მიერ ხელდასმულ მღვდლებს არ უშვებენ, საქართველოს ეკლესიამ სხვა გზა უნდა იპოვოს.

“საქართველოს ეკლესიამ აფხაზეთის პრობლემის დროებითი გადაწყვეტისათვის სხვა გზა უნდა მონახოს. ფაქტობრივად, აფხაზეთის ტერიტორიას ვერც საქართველოს სახელმწიფო აკონტროლებს და ვერც მართლმადიდებელი ეკლესია. ამიტომ, ჩემი აზრით, საქართველოს ეკლესიამ შუალედური გამოსავალი უნდა მონახოს და რომელიმე სხვა ეკლესიას დართოს ნება, რომ მათ შეუშვან მათივე ხელდასმული მღვდლები. ეს შეიძლება იყოს ან რუსეთის ან საბერძნეთის ეკლესია. სწორი გადაწყვეტილება იქნება დროებით საბერძნეთის ეკლესიას მოეხდინა მღვდლების ხელდასმა. საბერძნეთი უფრო შორს არის, თანაც რუსეთის გავლენას დააბალანსებდა. დავით სარსანიაც იმ სასულიერო ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც სწორედ საბერძნეთისკენ იხრება. ეს აუცილებელია, რადგან აფხაზეთის მართლმადიდებელი მოსახლეობა ჩვენი ეკლესიის მრევლია. თუ საქართველოს საპატრიარქო მარტო პროტესტებით შემოიფარგლება – არავინ არ შევიდესო – გამოდის, ჩვენ ამ ხალხს კანონიკური მღვდელმსახურების გარეშე დატოვებისათვის ვწირავთ. ეს აკრძალვა, რომ არავინ შევიდეს, ქრისტიანული მიდგომა არ არის. რაღაც გზა უნდა გამოინახოს და ვინაიდან ჩვენ აფხაზეთში მღვდელს ვერ ვაგზავნით, საქართველოს ეკლესიის თანხმობით ოფიციალურად და დროებით რომელიმე ეკლესიას ნება დავრთოთ მათი ხელდასმული მღვდელი შეუშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღაც არაოფიციალურად მივა. მრევლს სჭირდება მოძღვარი, წირვა-ლოცვა და ზიარება. შეიძლება 50 წლის შემდეგ აღსდგეს საქართველოს იურისდიქცია, მანამდე იმ ხალხს რა ვუყოთ, ვინც ამ 50 წლის განმავლობაში დატოვებს ამ სოფელს და სხვა სოფელში გადასახლდება? ზიარების გარეშე უნდა გავუშვათ ეს ხალხი?” – მიიჩნევს აბაშიძე.

Comments are closed