globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 31 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 31st, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ფინალური ტესტი საქართველოსთვის // უპრეცედენტოდ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი საარჩევნოდ – „ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩვენ ევროპის კარებს ძალიან მივუახლოვდით“

„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „არჩევნებზე მოსახლეობა ხმას იმ პარტიას მისცემს, სადაც მისი მეზობელი, კლასელი, ან ნათესავი იქნება“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ოცნება“ უნდა შეეგუოს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს”

ვერსია: ცილისწამება, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი // „შავი პიარის“ აკრძალული მეთოდები

ვერსია: დიდი წინაასარჩევნო ვაჭრობა – პოლიტიკოსები სოციალურად დაუცველთა გულისმოგებას ცდილობენ!

„თბილისელები“: რატომ დაზავდნენ რუსეთი, ირანი და თურქეთი, როგორ შეასრულა „ტროას ცხენის“ როლი თურქეთმა და რატომ დარჩა საქართველოს ხურდის ფუნქცია

—————————

„რეზონანსი“, 31 აგვისტო, 2016 წელი

ფინალური ტესტი საქართველოსთვის

უპრეცედენტოდ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი საარჩევნოდ – “ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩვენ ევროპის კარებს ძალიან მივუახლოვდით”

თაკო მათეშვილი

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის უპრეცედენტოდ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსვლას პოლიტოლოგები არჩევნების მნიშვნელობით ხსნიან და ამბობენ, რომ რეალურად საქართველო ამ არჩევნებით დემოკრატიის ტესტს აბარებს, რომლის შედეგზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. შესაბამისად, მათივე თქმით, ასევე ბევრია დამოკიდებული სადამკვირვებლო მისიების დასკვნებზეც, რომლებმაც არჩევნები დადებითად ან უარყოფოთად უნდა შეაფასონ.

იმ შემთხვევაში, თუ შეფასება უარყოფითი იქნება, პოლიტოლოგების თქმით, ქვეყანა ბევრ საკითხში დაზარალდება. პირველ რიგში კი საგარეო ურთიერთობების კუთხით და საფრთხე ქვეყნის ევროპულ მომავალსაც აშკარად დაემუქრება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაავრცელა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ეს არის გრძელვადიანი მისია, რომელიც დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას.

“ჩვენ ეუთოსთან ამ მიმართულებით 1999 წლიდან ვთანამშრომლობთ. წელს ამ არჩევნებს ეუთოს მისიის ფარგლებში რეკორდული რაოდენობის მონიტორი დააკვირდება. ეს მისია მოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენი მიზანია წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, რათა, პირველ რიგში, იყოს ჩვენი საზოგადოების ნდობა და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების ნდობა”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე თქმით, ეუთოს გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ საქმიანობაში ხელი შეუწყონ.

“ჩვენ არსებული მდგომარეობა განვიხილეთ, ის მშვიდი გარემო, რომელიც დღეს არის წინასაარჩევნოდ. ასევე ყველა შესაძლებლობა, რომელიც არის პოლიტიკური პარტიებისთვის შექმნილი, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ, როგორც მედიასივრცით, ასევე ყველა იმ ბერკეტით, რომელიც საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდებათ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარების კუთხით და იქნება კიდევ ერთი არჩევნები, რომელსაც ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრის განმარტებით, ეუთოს მისიასთან ერთად საქართველოში მოწვეულია ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის პარლამენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, გუამი, აფრიკის გაერთიანება და ასე შემდეგ. სულ, ოფიციალური სადამკვირვებლო მისიით 80-მდე სახელმწიფოა მოწვეული.

წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ განცხადება არჩევნების მომდევნო დღეს გაკეთდება, საბოლოო ანგარიშს კი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (წვშრკ) არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით ორი თვის თავზე გამოაქვეყნებს.

მისიის ხელმძღვანელ ალექსანდრე კელთჩევსკის თქმით, მისია 12 საერთაშორისო ექსპერტისგან და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც ჯგუფებად გაიყოფიან და დაკვირვებას მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებენ.

“ჩვენ ასევე მოვითხოვეთ 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა ეუთოს წევრი ქვეყნებიდან და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელიც დააკვირდება კონკრეტულად საარჩევნო დღის მიმდინარეობას. მისია შეაფასებს საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს ვალდებულებებსა და და დემოკრატიული არჩევნებისთვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, ასევე, მის შესაბამისობას ქვეყნის კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, სააარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას. გარდა ამისა, მისია, სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებას”, – განაცხადა ალექსანდრე კელთჩევსკიმ.

მუშაობის პერიოდში მისია შეხვდება ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების კანდიდატებს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.

უპრეცენდენტოთ ბევრი საერთაშორისო მონიტორის ჩამოსვლა პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩვენ ევროპის კარებს ძალიან მივუახლოვდით და უახლოეს დღის წესრიგში უკვე ვიზალიბერალიზაციაც დგას. ეს ყველაფერი კი, მისი თქმით, ევროპისათვის დამახასიათებელ სტანდარტებთანაა დაკავშირებული. იგი ამბობს, რომ ეს არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ევროპამ გაარკვიოს, თუ რამდენად ინტენსიურად გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოსთან. შესაბამისად, სპეციალისტი აბსოლუტურად კანონზომიერად მიიჩნევს იმას, რაც ახლა ხდება. აცხადებს, რომ ეს ერთ-ერთი ფინალური ტესტია, რის შემდეგაც ჩვენ ევროპისაკენ უფრო სწრაფად სვლა შეგვეძლება.

“საერთოდ, დემოკრატიაზე ტესტი ჩაბარებულია არა მაშინ, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება (რაც 2012 წელს მოხდა), არამედ როცა ეს განმეორებითაც ხდება. ერთხელ შეცვლა საკმარისი არაა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ახლა კრიტიკული წერტილია, რათა ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი შეიძინოს. მითუმეტეს, რომ უახლოეს დღის წესრიგში ვიზალიბერალიზაციის საკითხი დგას. შესაბამისად, ამ არჩევნების ისე ჩატარება, რომ კრიზისი თავიდან ავიცილოთ, ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ დამკვირვებლად 80-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელი მოიწვია, გია ხუხაშვილი ჩვეულებრივს უწოდებს და ამბობს, რომ ყოველი ხელისუფლება ასე იქცევა და რომ “ეს სასიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ ბევრს არაფერს ნიშნავს”. “რომელ ხელისიფლებას აწყობს გართულებები? ეს არავის უნდა. მოწვევა ერთია, მაგრამ გააჩნია, ვინ ჩამოვა”, – დასძენს იგი.

არჩევნები რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც ეთანხმება. მისი აზრით, “ოცნებამ” ამით უნდა დაამტკიცოს, რომ ყველა წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული არჩევნები და მასთან დაკავშირებული დარღვევები – კარუსელები, ბიულეტინების სანაგვეში პოვნის ისტორიები, ცემა-ტყეპა, ურნების გატაცება და ა.შ. ეს წარსულს ჩაბარდა. რომ ახლა სულ ახალი ტიპის არჩევნები და რაც მთავარია, მის შემდეგ კითხვის ნიშნები აღარ უნდა დარჩეს.

სოსო ცინცაძის თქმით, ისე არ უნდა მოხდეს, რომ დამარცხებულმა პარტიებმა პროტესტის უკანასკნელ ფორმებს მიმართონ, ან საზოგადოებაში უსამართლობის შეგრძნება გაჩნდეს. ასე რომ, მისი აზრით, რაც მეტი უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვა, ლეგიტიმაციისათვის მით უკეთესია.

თუმცა, ხელისუფლება, სოსო ცინცაძის თქმით, ბევრს არაფერს რისკავს, რადგან უცხოელი მონიტორები ძირითად რაღაცეებს აკვირდებიან – უბნებზე ადგილი ხომ არ აქვს ზეწოლას, სადმე ძალადობა ხომ არ შეიმჩნევა და ა.შ. “მითუმეტეს, რომ ხელისუფლებამ ისედაც მოინთავისუფლა საარჩევნო ველი. თუნდაც იმით, რომ 5 პარტიისათვის გამოყოფილი სატელევიზიო დრო ბევრს გადაუნაწილა და იმითაც, რომ მაჟორიტარული სისტემა არ გააუქმა. ამ არჩევნების ბედს ისევ მაჟორიტარები გადაწყვეტენ. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გადაწყვეტილება რომ მიეღოთ, “ოცნება” ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდებოდა”, – დასძენს სოსო ცინცაძე.

უცხოელი დამკვირვებლების დადებულ დასკვნაზე კი, მისი თქმით ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მათ შორის ქვეყნის ევროპული მომავალიც. თუმცა აქვე იმასაც დასენს, რომ ხელისუფლებები მათ დასკვნებს ყურადღებას, როგორც წესი, ნაკლებად აქცევენ. იგი იხსენებს, რომ საქართველოშო ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა დამკვირვებლების უარყოფითი დასკვნის შედეგად არჩევნების შედეგები შეცვლილიყო. მაქსიმუმი, რაც ცინცაძის აზრით ამას შეიძლება მოჰყვეს, ისაა, რომ ეუთო კიდევ ერთ საყვედურს დააფიქსირებს. ეს კი, მისივე თქმით, ცოტა ხანში არავის ემახსოვრება.

“რეალურად კი, არც ერთი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ მათ მართლაც ჰქონდათ დარღვევები. ასეთი რამ არც მომხდარა და არც მოხდება. მიუხედავად ამისა, მაინც კარგია თუ ბევრი დამკვირვებელი ჩამოვა. ხელისუფლება დაინტერესებულია სათქმელი ჰქონდეს, რომ მან პირველად ჩაატარა არჩევნები, სადაც ხალხი უკმაყოფილო არაა და პროტესტი ნაკლებია. ასე რომ, ამდენი დამკვირვებლის მოწვევაში გასაკვირი არაფერია”, – დასძენს პოლიტოლოგი.

„რეზონანსი“, 31 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „არჩევნებზე მოსახლეობა ხმას იმ პარტიას მისცემს, სადაც მისი მეზობელი, კლასელი, ან ნათესავი იქნება

ელზა პაპოშვილი

“ექსპერტთა კლუბის” ხელმძღვანელი და პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პრორუსული პარტიების გაძლიერება ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ბრალია. მისი აზრით, საქართველოში არსებობს 100-მდე დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც რუსეთის მხრიდან ფინანსდება და ისინი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში ნელ-ნელა ადგილს იკავებენ.

- როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესობას საარჩევნო პროგრამები ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ. ასევე რეგიონებში მოსახლეობასთან, წინასაარჩევნო შეხვედრები ნაკლებად ხდება?

- ამის მიზეზი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს. უპირველეს ყოვლისა, ამაში პარტიულ მრავალფეროვნებას ვგულისხმობ, როდესაც 40-ზე მეტი პოლიტიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, აქედან ფატია, რომ უმეტესობა პარლამენტში ვერ მოხვდება. ვფიქრობ, კვლევებიდან გამომდინარე ამ პარტიებიდან უმრავლესობა მიხვდა, რომ მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი არ გააჩნიათ და შესაბამისად წინასაარჩევნო პროგრამის წარმოდგენასა და დაწერაზე თავი აღარ შეიწუხეს.

ფაქტი ერთია, რომ 4-5 პარტია რამე პროცენტს მაინც თუ აიღებს, ჯერ კიდევ საკითხავია. როდესაც ხედავენ, რომ მთელი ერთი თვის განმავლობაში მათ პარტიაზე, მედიაში არაფერს ამბობენ და საზოგადოების დიდი ნაწილი ვერც კი ცნობს, ისინი ხვდებიან, რომ ოცნების მიუხედავად პარლამენტში ვერ მოხვდებიან. ზოგიერთმა პარტიამ ამაზე კიდევ უფრო ადრე იფიქრა და თავი განსხვავებულ კოალიციებს შეაფარა, რაც ჩვენი პოლიტიკური გამოცდილებისთვის საინტერესო სიახლე იყო.

- როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე ის 60%, რომელიც კვლევების მიხედვით ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს ხმას არ აძლევს, რომელიმე პარტიას შეიძლება რომ დაეინტერესებინა?

- აქამდე რეალობაში გაურკვეველი ადამიანი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ისინი კიდევ ფიქრობენ, არჩევნებში ვინ არის ღირსეული პარტია, რომელიც მათ პატრონად შეიძლება იქცეს. ჩვენი ამომრჩეველი დაბნეულია იმიტომ, რომ ვერ ხედავს პარტიებს შორის განსხვავებას. ისინი იმდენად ერთნაირები არიან, რომ ადამიანები მათ საარჩევნო პროგრამასაც კი აღარ ეცნობიან.  სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე ასე იქნება, რომ მოსახლეობა ხმას იმ პარტიას მისცემს, რომლშიც მისი მეზობელი, კლასელი, ან ნათესავი იქნება. სხვა კრიტერიუმი, სამწუხაროდ, ამ რაოდენობის ამომრჩეველს, რომლიც თქვენ ახსენეთ, არ გააჩნია.

- რას იტყვით პარტიების იმ გადაადგილებაზე, რაც ბოლო დროს მოხდა. წინასაარჩევნოდ ამ პოლიტიკურმა გადაჯგუფებებმა რა შეცვალა?

- ასეთ გაერთიანებებს რამე მყარი საფუძველი არ გააჩნია. როდესაც ნებისმიერი სუბიექტი საარჩევნო სივრცეში ინდივიდუალურად გამოდის და შემდეგ, კოალიციის ხელმძღვანელი ან წევრი ხდება, ეს მისი ნებით არ ხდება და მას ამას არსებული რეალობა აიძულებს. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის ვაპელირებთ არა იმაზე, რა იქნება მომავალში, არამედ იმაზე, რა იყო წარსულში. ამიტომაც არის, რომ პაატა ბურჭულაძის “გირჩთან” გაერთიანების შემდეგ, საზოგადოებას მხოლოდ, მათი წარსული საქმიანობა ანაღვლებთ და არა ის, ეს ხალხი რას და როგორ გააკეთებს.

თუ ამ ადამიანებს, წარსულში ინდივიდუალურად რამე სახის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მათთვის მხოლოდ იმის ძახება, რომ ისინი ადრე დამნაშავე რეჟიმის ხელისუფლების გუნდს წარმოადგენს, ცოტა მოძველებული ბრალდება მგონია. ჩემთვისაც მიუღებელი იყო ასეთი პოლიტიკური კვარტეტის შექმნა, რომელსაც პაატა ბურჭულაძე თავკაცობს. პაატა ბურჭულაძე ჩვენს პოლიტიკურ გაზაფხულზე ნამდვილად ელავდა, თუმცა ეს იმისთვის საკმარისი არ არის, რომ ამ ელვას ქუხილიც მოჰყვეს. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ასეთი ჭექა-ქუხილისთვის აღმოჩნდა აუცილებელი, რომ მას ოპოზიციური ალიანსი შეექმნა.

- როგორ ფიქრობთ, ამ საპარლამენტო არჩევნებში, პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, მთავარ მოთამაშე ფიგურებს კვლავ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენენ?

- დამოუკიდებლად არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა” არაფერს წარმოადგენენ. აქ მთავარი ფიგურები, მხოლოდ მათი დამფუძნებლები არიან, რომლებმაც პარტიის თითოეული წევრი იმისთვის შეარჩია, რომ მათი ყურმოჭრილი მონები იყვნენ. ეს მონამორჩილება მათ იმდენად აქვთ გამჯდარი, რომ ისინი საკუთარი ნებასურვილით გადაწყვეტილებებს დღემდე ვერ იღებენ. რა თქმა უნდა, ამ ორ ადამიანს თავის პირმშოებზე დიდი გავლენა აქვთ და მათ მიმართ ავი დედინაცვლის როლს ასრულებენ. იმედია, რომ კარსმომდგარი არჩევნები მათ ასეთი ფუნქციისგან გაათავისუფლებს.

- რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის ეკრანზე გამოჩენის შესახებ, “ქართულ ოცნებას” ისე გაუჭირდა, რომ მათ ივანიშვილის ამ ფორმით დახმარება სჭირდებათ?

- ჩემი აზრით, ივანიშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი უკვე დაგვიანებულია. გვახსოვს მისი განცხადება, რომ წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერეოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის თავს კომფორტულად გრძნობს მაშინ, როდესაც პერიოდულად ჩნდება და თან პრემიერ-მინისტრის ფუნქციებსაც ითავსებს. მაგრამ საქმე ისაა, რომ მან, როგორც კი “ოცნება” თავის ნებაზე მიუშვა, აღმოჩნდა რომ მის სიაში ის ადამიანები მოხდნენ, რომლებსაც სტადიონზე ფეხბურთი ერთხელ მაინც უთამაშიათ. ამიტომ, ივანიშვილის გამოსვლა ლოგიკურია, მაგრამ ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, რომ ეს გამოსვლა შედეგით დასრულდეს.

მისი სურვილი საზოგადოებასთან სისტემატური ურთიერთობისა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მის გუნდს კარგად წაადგეს.

- 2012 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, ვხედავთ, რომ პრორუსული პარტიები უფრო აქტიურობენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, ამ ხალხზე საზოგადოებაში მოთხოვნა მართლაც არსებობს?

- ეს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების და ქართველი საზოგადოების კიდევ ერთი შეცდომაა. რადგანაც წლიდან-წლამდე, გულზე ხელდაკრეფილი ვუყურებთ, როგორ იზრდება რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც რბილი რუსული ძალის პროპაგანდას ეწევიან. მხოლოდ ერთი ქოლგის ქვეშ შეყრილ ნაცისტურ არასამთავრობო ორგანიზაციაში ასზე მეტი პატარ-პატარა ჯგუფებია გაერთიანებული.

სრულიად გაუგებარია, როგორც ხელისუფლებას, ასევე ჩვენს საზოგადოებას, რატომ დარჩა უყურადღებოდ ის მნიშვნელოვანი კვლევა, რომლიც 2016 წლის დასაწყისში “ლიბერალურმა აკადემიამ” და მისმა ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა გამოაქვეყნეს. მან თავისი კოლეგების დახმარებით, უნიკალური ინფორმაცია მოიპოვა, რომლის სათაურია “რუსეთის ხისტი და რბილი ძალის გავლენა საქართველოზე”. მაგრამ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

„რეზონანსი“, 31 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ოცნება უნდა შეეგუოს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს”

ელზა პაპოშვილი

“ეროვნული ფორუმის” წევრი და დეპუტატი ანი მიროტაძე ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში ბევრი პარტია მოხვდება და ვერც ერთი პოლიტიკური სუბიექტი უმრავლესობას ვერ შექმნის. ამიტომაც მიროტაძე ხელისუფლებას ურჩევს, ახლავე შეეგუოს ფაქტს, რომ მთავრობა კოალიციური იქნება. დეპუტატი ამბობს, რომ “ეროვნული ფორუმი” პარლამენტში იმ პარტიასთან ითანამშრომლებს, რომლებსაც მათი მსგავსი ინეტერესები და ხედვა ექნება. თუმცა მიროტაძე არ აკონკრეტებს, მისი პარტია უმრავლესობის შექმნის მიზნით, “ოცნებასთან” კვლავ ითანამშრომლებს თუ არა.

- რა არის თქვენი პარტიის მთავარი დაპირება, რის გამოც ამომრჩეველმა ხმა უნდა მოგცეთ?

- ვინც ნახა ჩვენი საარჩევნო პროგრამა, იქ კარგად ჩანს, რომ საკმაოდ კარგად მოვემზადეთ ყველა იმ პრობლემური და მნიშვნელოვანი საკითხების წამოჭრაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას აწუხებს. პარტიის საარჩევნო პროგრამა 7 პუნქტისგან შედგება. მთავარ პრიორიტეტს სახელმწიფოს უსაფრთხოება და ფუნქცია წარმოადგენს.

როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ფუნქციაზე და სახელმწიფოს იდეაზე, ამაში ვგულისხმობთ, როგორც მეზობლებთან ურთიერთობას, ასევე ქვეყნის მთლიანობის აღდგენის სტრატეგიას. ცალსახად ვამბობთ, რომ საგარეო ვექტორის მიმართულებით ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ ევროპული მიმართულება აქვს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ასევე მთავარ გამოწვევას ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა და განათლების სფეროში, აუცილებელად გასახორციელებელი ძირეული რეფორმები წარმოადგენს. ჩვენი პარტია ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დიფერენცირებული საგადასახადო სისტემის შექმნა მოხდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ რეგიონებში გარკვეული შეღავათიანი პირობები უნდა არსებობდეს, რათა ბიზნესი დაინტერესდეს და ქალაქში არსებული საწარმო რეგიონში გადაიტანოს, რათა ბიზნესმა დიდი ქალაქებიდან, რაიონებში და სოფლებში გადაინაცვლოს.

- თქვენს საარჩევნო პროგრამაში ამომრჩეველს, რა სახის ჯანდაცვის რეფორმას სთავაზობთ. ფაქტია, რომ საყოველთაო დაზღვევა არსებობს, თუმცა მას ძალიან ბევრი ექსპერტი კრიტიკულად აფასებს. მითუმეტეს მისი ავტორი თქვენი პარტიის წევრი გია ხეჩინაშვილიც იყო?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ საყოველთავო ჯანდაცვა ნამდვილად წარმატებული იყო, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ ჯანდაცვის სფეროში ახალი რეფორმებია ჩასატარებელი, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ პროგრამამ ვეღარ იმუშავოს და პრობლემები შეექმნას. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება აუცილებელია. ამ რეფორმაში იმას ვგულისხმობთ, რომ ვიდრე ადამიანი საოპერაციო გახდება, ამ ჯანდაცვის პროგრამით მას უნდა შეეძლოს, რომ ექიმთან უფასო კონსულტაციები მანამდე მიიღოს. ანუ პირველადი ჯანდაცვა უფრო წახალისებული იყოს.

ჩვენი პარტიისთვის ასევე პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან საკითხს ეკოლოგიური პრობლემები წარმოადგენს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ შენს ბუნებას არ უფრთხილდები და ჯანსაღ გარემოში არ ცხოვრობ, მაშინ ჯანდაცვის რეფორმას აზრი არ აქვს, რადგანაც მთავარი მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაა და მერე დანარჩენი ყველაფერი. ჩვენთან ერთად ეკოლოგიის პრობლემის მოგვარების საკითხებზე, ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ იმუშავა. შესაბამისად, ამ კუთხით სერიოზული გეგმები გვაქვს.

- თქვენ ახსენეთ, რომ პარტიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, ქვეყნის მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. როგორ ფიქრობთ, ამ პრობლემის მოგვარებას რუსეთთან დიალოგით, თუ მის გარეშე მოახერხებთ? როგორ აპირებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას?

- ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემა მხოლოდ რუსეთთან დიალოგით არ წყდება. ვნახეთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მათთან მოლაპარაკების ფორმატში საუბარი ამ პრობლემას ვერ აგვარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, თავისი ფუნქცია უნდა ჰქონდეს, რომლის მეშვეობითაც, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს.

“ბორჯომსა” და მწვანილს რუსეთში გავიტანთ თუ არა, ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტორი ვერ იქნება. ჩვენ ეს პრობლემა ცოტა უფრო ფართო მასშტაბით უნდა დავინახოთ, რა უნდა გააკეთოს თავად საქართველომ იმისთვის, რომ მან საკუთარი ტერიტორიები თავისივე ავტორიტეტით და ფუნქციით დაიბრუნოს.

საქართევლოს ამის შანსი ნამდვილად აქვს, რომ მსოფლიოსთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოების თვალში, არა მხოლოდ ხელგამოწვდილი უნდა იყოს, არამედ მან უნდა შეძლოს, რომ უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდეს.

- თქვენი პროგრამის წაკითხვის შემდეგ, ალბათ საზოგადოებას გაუჩნდება კითხვა, მთელი ამ ოთხი წლის მანძილზე რამ შეგიშალათ ხელი, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი პუნქტები შეგესრულებინათ. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას განვლილ 4 წელზე?

- ხელი იმან შეგვიშალა, რომ “ეროვნული ფოუმის” არც ერთი წევრი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე არ იმყოფებოდა. ჩვენ ხელისუფლებაში მხოლოდ 4 კაცის შემადგენლობით ვიმყოფებოდით და ისიც საპარლამენტო დონეზე, ამიტომაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩვენი კაცი არ ყოფილა, რომლიც ჩვენს მიერ შეთავაზებულ ინიციატივებს სისრულეში მოიყვანადა. პარლამენტს, იცით, რომ მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს, რომელიც ასევე პოლიტიკის ფუნქციასაც განსაზღვრავს, ამიტომ ჩვენ არ გვქონდა იმის ბერკეტი, რომ საკუთარი იდეები განგვეხორციელებინა.

- მაშინ, საზოგადოებას ალბათ ასევე კითხვა გაუჩნდება, ენდობოდით თუ არა იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობები ჩაიბარეს?

- თავდაპირველად, რა თქმა უნდა, რომ ვენდობოდით, თუმცა კოალიციაში ყოფნა მოითხოვს, რომ მისი წესებით ითამაშო. თუ რომლიმე მათი გადაწყვეტილება არ მოგეწონება, შეუძლებელია გამოხვიდე და თუნდაც მედიის საშუალებით ამაზე ისაუბრო. ამიტომაც ხშირად უმცირესობაში ვრჩებოდით. ამის ერთ მაგალითს გეტყვით, “ეროვნული ფორუმი” მომხრე იყო, რომ 2016 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარებულიყო. თუმცა მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, ეს სურვილი წარუმატებლად დამთავრდა, რადგანაც უმრავლსობაში არ ვიმყოფებოდით. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ამომრჩეველს საკუთარი ხედვა მარტომ შევთავაზოთ და კოალიცია დავტოვოთ.

- პოლიტოლოგების პროგნოზით, 2016 წლის არჩევნებზე, პარლამენტში ბევრი პარტია მოხვდება, რის გამოც კოალიციური მთავრობის შექმნა გახდება აუცილებელი. როგორ ფიქრობთ, თუ “ეროვნული ფორუმი” პარლამენტში მოხვდა და “ოცნებას” უმრავლესობის შესაქმნელად მისი დახმარება დასჭირდება, თქვენ მათთან კვალავაც ითანამშრომლებთ?

- ზოგადად ძალიან რთულია გარკვეულ მოცემულობაზე წინასწარ ვიმსჯელოთ, როცა არჩევნებამდე 40 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია დაშვების დონეზე განიხილავს, რომელი პოლიტიკური სუბიექტი შეიძლება იყოს ჩვენთვის სასურველი მოკავშირე, მაგრამ დღეს ძალიან რთულია ვივარაუდოთ, რომელი პარტიები შეიძლება პარლამენტში მოხვდნენ. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება საუბარი იმაზე, 8 ოქტომბერს რა იქნება. თუმცა აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ როგორც “ქართული ოცნება”, ასევე რომელიმე პოლიტიკური პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ოცნება” მზად უნდა იყოს, რათა კოალიციური მთავრობა შექმნას.

- საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უნდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების და სასამართლოს ამგვარი ურთიერთობა წინასაარჩევნოდ ქვეყანას რა სახის ზიანს მოუტანს?

- ამ ერთი თვის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რაც ქვეყანაში სიტუაციას დაამძიმებს. საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური გავლენის მოპოვების მთავარ პოლიგინად იქცა. ამას აკეთებს, როგორც ყოფილი ასევე მოქმედი ხელისუფლება. ამის მიზეზი კი გავლენების სრული მოპოვებაა, რათა საკონსტიტუციო სასამართლოში ის რეალობა და მოცემულობა იყოს, რომლითაც პროცესების მართვის საშუალება მიეცემათ. სამწუხაროდ, გიორგი პაპუაშვილი, ჩვეულებრივი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების შესაბამისად იქცევა. თუმცა არც “ოცნება” აკლებს, რომელიც ვფიქრობ, რომ სიტუაციის გამწვავებას არ მოერიდება.

- გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებული განცხადებას, რომ მან არაბული ქვეყნების მხრიდან აფხაზეთის აღიარების პროცესი შეაჩერა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სიცრუე და წინასაარჩევნო პიარი უწოდა…

- “ეროვნულ ფორუმს” ასეთი იაფფასიანი პოპულიზმი არაფერში სჭირდება, ამიტომაც გამორიცხულია, რომ ეს ტყუილი იყოს. რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, ვფიქრობ რომ ის უკეთესად უნდა ერკვეოდეს იმ პროცესებში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. მისთვისაც და ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნებოდა, რომ ის ფლობდეს ყველა ინფორმაციას, რაც საქართველოში და მის სამეზობლოში ხდება.

ვერსია“, 31 აგვისტო, 2016 წელი

ცილისწამება, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი // „შავი პიარის აკრძალული მეთოდები

ნინო დოლიძე

ასე და ამგვარად: საარჩევნო კამპანია „გახურდა“ და ე.წ. კომპრომატების ომიც ისეთ აქტიურ ფაზაში გადავიდა, ცეცხლის ნამდვილი წინა ხაზი მიგვიქარავს, თუმცა ახლა, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ის, რაც ხდება, „კომპრომატების ომი“ კი არა, უფრო ჭორაობაა, თან აი, ისეთი, ყველაზე ენამყრალი ადამიანები რომ ჭორაობენ ხოლმე.

ზოგადად, თუ უკანასკნელი ქართული პოლიტიკის, უფრო სწორად, არჩევნების ისტორიას თვალს გადავავლებთ, მამხილებელი მასალების გამოქვეყნება ყოველთვის მოდური და აქტუალური იყო, თუმცა ადრე, ანუ შორეულ 90-იანებში თუნდაც „შავი პიარი“ გარკვეულ ლოგიკაში ჯდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანები როცა ვინმეზე რამეს ამბობდნენ, ცდილობდნენ, ამ ნათქვამის გასამყარებლად რამე ფაქტი მოეშველიებინათ. დღეს კი პოლიტიკური „ფეისები“ ერთმანეთს „მეზობლის ბავშვის შეჭმას“ ისეთი უდრტვინველი სახით აბრალებენ, გეგონება, კონკურენტზე რამე საამაყოს ჰყვებიან.

მათ, ვინც პიარში ერკვევა, გაგონილი ექნებათ ფრაზა, პოპულარობისთვის ყველაფერი კარგია, ნეკროლოგის გარდაო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ბოლო დროს ის ურთიერთბრალდებები, რასაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ, უბრალოდ, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები ერთმანეთს უყენებენ, „შავი პიარის“ წესებშიც კი აღარ ჯდება. უფრო მეტიც, ეს ჩვეულებრივი ცილისწამებაა და მეტი არაფერი.

ახლა, სამართლიანები თუ ვიქნებით და გულწრფელად ვიტყვით, ქართულ პოლიტიკაში აღვირახსნილ ცილისწამებას სათავე – არც მეტი, არც ნაკლები – ნაციონალებმა დაუდეს, თუმცა დღეს ძალიან უკვირთ, ასე როგორ შეიძლება, ვისაც პირზე რა მოადგება, იმას გვაბრალებს და ამის გამო პასუხს არ აგებსო.

დაბრალება ისეთი უნდოდა, ნაციონალები რომ აბრალებდნენ, თან მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს კი არა, რიგით მოქალაქეებსაც. ყოველ შემთხვევაში, ყველას კარგად გვახსოვს, იგივე 2007 წლის 7 ნოემბრის მერე ერთი ამბავი რომ ატეხა მიშას „სადაქალო-საძმაკაცომ“, ოპოზიცია კრემლთან არის შეკრულიო; მერე იყო და, ჯაშუშობის ბრალდებით არაერთი ადამიანი დაიჭირეს, მათ შორის, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ფოტოგრაფები, თუმცა მაშინაც ყველამ იცოდა და მერე, დრომაც დაადასტურა, რომ ყველაფერი ეს, უბრალოდ, ცილისწამება იყო და მეტი არაფერი.

რაც შეეხება თავად აღვირახსნილი ცილისწამების დაკანონებას, ეს გიგა ბოკერიასა და თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით მოხდა ანუ ადრე კანონში არსებობდა მუხლი, რომლის თანახმადაც, ის, ვინც ადამიანს ცილს დასწამებდა, ისჯებოდა, მაგრამ ქართული პოლიტიკის „პრივატიზება“ რეფორმატორებმა რომ მოახდინეს, აქაოდა, დემოკრატიის შუქურები ვართო, სისხლის სამართლის კოდექსიდან ის მუხლი ამოიღეს, რომელიც ცილისმწამებელს პასუხისმგებლობას აკისრებდა. ჰოდა, ასე მივიღეთ „საკანონმდებლო ხვრელი“, რომლის თანახმადაც, შეგიძლია, ადამიანს დააბრალო, რომ აქლემია.

ეს აქლემადმონათლული ადამიანი კი წავა სასამართლოში და საკუთარი ღირსების დაცვას შეეცდება, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ მტკიცების ტვირთი „თემიდას სახლშიც“ „ბრალდებულზე“ მოდის ანუ „ბრალმდებელმა“ კი არ უნდა მოიტანოს იმის დამადასტურებელი მასალები, რომ მის მიერ აქლემობაში მხილებული პიროვნება მართლაც, აქლემია, არამედ, აქლემობაში ეჭვმიტანილმა თავად უნდა ამტკიცოს, რომ აქლემი კი არა, ჩვეულებრივი, ორფეხა ადამიანია.

ყველაფერი ეს აბსურდული უფრო იმიტომაა, რომ ჩვენში ცილისწამების მსხვერპლნი, როგორც წესი, თანამდებობის პირები ხდებიან ხოლმე, მაგრამ ვინაიდან ისინი საჯარო მოხელეები არიან, თმენის ვალდებულება აქვთ და არ შეუძლიათ, „ბრალმდებელს“ პასუხი გასცენ.

თმენის ვალდებულება გასაგებია, მაგრამ როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ასეთ დროს საჯარო მოხელის ღირსებას კანონი უნდა იცავდეს და თმენის ვალდებულებაც გამართლებული იქნებოდა, მაგრამ ახლა ისე გამოდის, რომ აქლემობაში, ან სულაც მეზობლის ბავშვის შეჭმაში ეჭვმიტანილი მხოლოდ თმენის ვალდებულების ამარა რჩება და თუ მოუნდება, მთელმა ქვეყანამ შეიძლება, ნაგავში ამოთხვაროს.

მთელ ამ ბაკქანალიაში კი საინტერესო ისაა, რომ ადამიანები ამ პრობლემაზე მაშინ ლაპარაკობენ, როცა ოპოზიციაში არიან, მაგრამ მერე, თუ ბედმა გაუღიმა და ხელისუფლებაში მოხვდნენ, ეს საკითხი აღარ ახსენდებათ ან ახსენდებათ, მაგრამ მის წინა პლანზე წამოწევას, შეიძლება, იმიტომ არ ჩქარობენ, რომ იგივე დაუსჯელი ცილისწამების წყალობით, ოპონენტზე შურს ადვილად იძიებენ

სხვათა შორის, ბოლო დღეებში ამ ცილისწამების კამპანიამ, როგორც იტყვიან, აღვირახსნილი სახე მიიღო, თან რაც ყველაზე საინტერესოა, ცალკეული ადამიანები გამოდიან და ამტკიცებენ, რომ იმის შესახებ, რასაც ოპონენტებს აბრალებენ, ძალოვან უწყებებში მასალები დიდი ხანია დევს. აი, აქ კი, ახალი პრობლემა იჩენს თავს – თუ კონკრეტულ პიროვნებაზე სისხლის სამართლებრივი ფაქტები არსებობს და ამის შესახებ, ვთქვათ, პროკურატურისთვის კარგა ხანია, ცნობილია, მაგრამ გამოძიებას ზრდილობისთვის მაინც არ იწყებს, ესე იგი, გამოდის, საქმე, მინიმუმ, დანაშაულის დაფარვასთან გვაქვს?
თუმცა, აქ შეიძლება, ისიც ითქვას, რომ ენაგრძელთა ცილისწამების მსხვერპლი თავად საგამოძიებო უწყებაცაა ანუ თითიდან გამოწოვილი ამბით ორი კურდღლის დაჭერა ხდება – ოპონენტის იმიჯი და რენომე სამარადჟამოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ამასთან ერთად, სახელმწიფო უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხიც ქვეითდება.

სხვათა შორის, ქართულ პოლიტბაზარზე, ალბათ, არ არსებობს სუბიექტი, რომელიც ცილისწამების მსხვერპლი არ გამხდარა. ყველაფერი ეს უფრო მასშტაბური მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურმა ქსელებმა ჩვენშიც მძლავრად მოიკიდეს ფეხი.

ასე, მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის სახელით, ცოტა არ იყოს, კურიოზული განცხადება გავრცელდა, თან მეტი დამაჯერებლობისთვის, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ამ ამბის შესახებ ამ ცნობილმა ადამიანმა თითქოს კონკრეტულ საინფორმაციო საშუალებას განუცხადა.

მოკლედ, ატყდა ერთი ამბავი და ,,გამიშვი-დამიჭი”. საბოლოოდ, გაირკვა, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტული საინფორმაციო საშუალების ,,ფეიკი” ანუ ყალბი გვერდი იყო გაკეთებული და სწორედ ამ ყალბი გვერდის საშუალებით მოხდა იმის ტირაჟირება, რაც ცნობილ ადამიანს არ უთქვამს.

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ ხაზი გამესვა, სოციალურ ქსელში ცილისწამების გავრცელება 21-ე საუკუნის პოლიტიკური ,,ტრენდია”. შეიძლება, დაზარალებულმა სამართალდამცავ უწყებებსაც მიმართოს. შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ,,ფეიკის” ავტორიც დადგინდეს, მაგრამ მერე, რა? – ,,ფეიკისტი” იტყვის, რომ უბრალოდ, იხუმრა და ყველაფერი ამით დამთავრდება. არადა, ცილისწამება რომ ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორია, ამას ყველაზე დაბალი დონის ფსიქოლოგიც აღიარებს.

შეიძლება, თვითონ ცილისწამების ობიექტი ,,ბრალდებას” სერიოზულად არ უდგება, მაგრამ მას ჰყავს შვილები, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები, მეზობლები და ვიღაც აუცილებლად დაიჯერებს იმას, რაც სინამდვილესთან ახლოსაც არაა.

ფსიქოლოგიური ტერორის კლასიკურ მაგალითად, ასევე შეიძლება, ჩაითვალოს ფარული ინტიმური კადრები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. მართალია, ვიდეო ერთგვარი სამხილია, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ამ ვიდეოზე ადამიანების სახეების გარჩევა არ შეიძლება, სამაგიეროდ, შეიძლება, ვიდეოს ,,პერსონაჟი” იმას მიამსგავსო, ვისაც გინდა. ჰოდა, ესეც ცილისწამება, საბოლოო ჯამში კი, ფსიქოლოგიური ტერორია, რომლის გამოც ადამიანი შეიძლება, თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს.

ვერსია“, 31 აგვისტო, 2016 წელი

დიდი წინაასარჩევნო ვაჭრობაპოლიტიკოსები სოციალურად დაუცველთა გულისმოგებას ცდილობენ!

ბაჩო ტურაშვილი

ზოგიერთი პარტია, როგორც ჩანს, ამომრჩევლის გულისმოგებას იმით ცდილობს, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობის გაზრდის პირობას დებს. აღნიშნულ დაპირება-ინიციატივას ექსპერტები თუ საზოგადო მოღვაწეები ეხმაურებიან და სოციალურად დაუცველთა სიის გაზრდას აბსურდულს უწოდებენ. იგივე აზრისაა საზოგადოების გარკვეული ნაწილიც, რომელიც ხელისუფლებისაგან არა გაჭირვებულთა რაოდენობის გაზრდას, არამედ, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელის. შესაძლოა, მსგავსმა ინიციატივამ ბევრი ადამიანის გადაწყვეტილებაზეც იმოქმედოს და საარჩევნო ყუთთან მისულმა გადაწყვეტილება მსგავსი დაპირებიდან გამომდინარე მიიღოს. ეკონომიკის ექსპერტები ცალსახად აღნიშნავენ, რომ მსგავსი საარჩევნო დაპირება სრულიად არაადეკვატურია და მოსახლეობა მსგავს ბლეფზე არ უნდა წამოეგოს, მით უმეტეს, საქართველოს ბიუჯეტს იმხელა შემოსავალი არ აქვს, გაჭირვებულთა მილიონიან არმიას გასწვდეს და სოციალურად დაუცველებისთვის გათვალისწინებული დახმარებით ყველა დააკმაყოფილოს. ანალიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი ტიპის დაპირება მხოლოდ გაჭირვებული ხალხის გულისმოსაგებადაა მოფიქრებული.

საზოგადოებაში ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებამ გამოიწვია: „ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ერთ მილიონ ადამიანს, რომელიც სოციალურად დაუცველი იქნება, 4 წლის განმავლობაში, სადაც უნდა იმუშაოს, არ მოვუხსნით ამ სტატუსს“.

ბურჭულაძის განმარტებით, დღეს სოციალური დახმარება 500 000 ადამიანს ეძლევა. მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობა მილიონამდე გაიზრდება. გარდა ამისა, როგორც პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, ყველა სოციალურად გაჭირვებული ისარგებლებს უფასო ჯანდაცვით, მედიკამენტებითა და სწავლა-განათლებასაც უფასოდ მიიღებს. ბურჭულაძის თქმითვე, დამთავრდა დრო, როცა ხალხი უნდა ემსახუროს ჩინოვნიკებს.

ბურჭულაძის ამ განცხადებებს „პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლების სოციალური დახმარების საკითხზე გამართული ბრიფინგი უძღვოდა, სადაც ითქვა, რომ „ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 156 946 ადამიანითაა გაზრდილი. ეს ტენდენცია გაგრძელდა წინასაარჩევნოდ, ბოლო ორი თვის განმავლობაში და დამატებით საარსებო შემწეობა დაენიშნა 17 125 ადამიანს. სამწუხაროდ, წინასაარჩევნოდ სოციალურად დაუცველი ადამიანებით მანიპულირება გრძელდება”.

წინასაარჩევნოდ, სოციალურად დაუცველთა სიის გაზრდას ეწინააღმდეგება 54 წლის მზია აბულაშვილი, რომელიც სოციალურად დაუცველთა სიაშია რეგისტრირებული და ორი წელია, სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს. როგორც ქალბატონი მზია აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ ზემოხსენებული გეგმის განხორციელება აბსოლუტურად დაუშვებელია, ასევე მიუღებელია წინასაარჩევნოდ სოციალურად დაუცველებით ვაჭრობა: „ორი წელია, სოციალურ დახმარებას ვიღებ, მარტოხელა ვარ და ამიტომ სახელმწიფომ ჩათვალა საჭიროდ, შევენახე. გარდა ამისა, ინვალიდიც ვარ და დახმარება მართლა, ძალიან მჭირდება, თუმცა ახალგაზრდობა და შრომისუნარიანი ხალხი სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას კი არა, დასაქმებას ელის და ის გეგმა, რომელიც პოლიტიკოსთა გარკვეულ ნაწილს აქვს, ნამდვილად ალოგიკური და არაფრისმომცემია. ამის მაგივრად, უმჯობესი იქნება, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ხალხიც გაჭირვებას თავს დააღწევს. პარტიებმა ხალხით არ უნდა ივაჭრონ“.

სოციალურად დაუცველთა სიის გაზრდაზე საუბარს სპეკულირებად მიიჩნევს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და აცხადებს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცდილობს, სიდუხჭირეს თავი დააღწიოს, იმ შეთავაზებაზე წასვლა, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა არათუ შემცირდება, არამედ გაიზრდება, ნამდვილად ალოგიკური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებაა: „ვისთვის და რატომაა სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ამ თემით სპეკულირება მომგებიანი, სრულიად გაუგებარია. პოლიტიკოსები ელექტორატის გულისმოსაგებად არასწორ გზას ირჩევენ და იმის მაგივრად, საზოგადოებას გაჭირვებისგან დახსნის გზა დაანახონ, პირიქით ხდება – სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, გაჭირვებული ხალხის რაოდენობას ზრდიან და ამით ამომრჩეველს აფრთხობენ, რადგან ქვეყანას მხოლოდ სოციალურად დაუცველები, პენსიონერები და სტუდენტები კი არა, შრომისუნარიანი ადამიანებიც ჰყავს, რომელთაც სამუშაო ადგილები ესაჭიროებათ და არა შემწეობა“.

რამაზ საყვარელიძე „ვერსიასთან“ საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ მოქალაქეები პოლიტიკოსების მიერ დაგებულ მახეში არ გაებმებიან და საარჩევნო ყუთთან სრულიად რაციონალურ ანუ იმ არჩევანს გააკეთებენ, რომელიც ქვეყანის მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას კი არა, საზოგადოების განვითარებასაც წაადგება.

„თბილისელები“, 30 აგვისტო, 2016 წელი

რატომ დაზავდნენ რუსეთი, ირანი და თურქეთი, როგორ შეასრულა „ტროას ცხენის“ როლი თურქეთმა და რატომ დარჩა საქართველოს ხურდის ფუნქცია

ნინო ხაჩიძე

ისე მოხდა, რომ ჩვენს თვალწინ საერო თურთქეთმა ოსმალეთის იმპერიისკენ დაიწყო შეტრიალება, იმის პარალელურად, რომ რუსეთთ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის მეხუთედი და ამასობაში პოლიტიკურ ავანსცენაზე ირანიც გამოჩნდა, თავისი ინტერესებითა და გავლენის მოპოვების სურვილით, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაზე. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჯერჯერობით ამ სამ ისტორიულად დაუძინებელ მტერს შორის დიდი მეგობრობაა, იმ დონეზეც კი, რომ ირანმა რუსეთს თავისი სამხედრო ბაზაც შესთავაზა ისლამისტების დასაბომბად, თურქეთმა კი ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის შექმნა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც ირანიც მიესალმა და მესამე კაცად შეერთების სურვილიც გამოთქვა.

გამომდინარე იქიდან, რომ მეთექვმეტე საუკუნიდან მოყოლებული ვიჭყლიტებოდით სპარსეთსა და ოსმალეთს შორის, რომლებსაც მეთვრამეტეში რუსეთის იმპერიაც დაემატა, უსიამოვნო დეჟავუს შეგრძნება ბუნებრივად გვეუფლება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისგან განსხვავებით ამ ეტაპზე თურქეთიც და ირანიც კეთილად გვეპყრობიან. არის თუ არა კვლავ სამხრეთ კავკასიისა და, ცხადია, საქართველოს დანაწილების საფრთხე ამ სამ შორის თუ ვითარებას ცვლის ამ ტრადიციულ კონფიგურაციაში დასავლეთის არსებობაც? – ამ არც თუ სასიამოვნო პერსპექტივას პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ.

- ამ სამთა შორის კონკურენცია საუკუნეებს ითვლის, ჩვენთვის რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის, თურქეთისა და ირანის ერთობლივი გააქტიურება რეგიონში?

- რეგიონში შექმნილი ვითარება ახალია და ჯერ არნახული და არსმენილი. ის გეოპოლიტიკური რეალობა, რაც მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებიდან მოყოლებული არსებობს, იცვლება და პირველად ისტორიის განმავლობაში ერთ ღერძად შეკრული ამოჩნდნენ რუსეთი, თურქეთი და ირანი. არადა გვახსოვს, რომ მეჩვიდმეტე-მეცხარმეტე საუკუნეები იყო ამ სამ იმპერიას შორის ბრძოლების პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში რუსეთსა და თურქეთს თერთმეტი ომი ჰქონდა ერთმანეთთან, ასევე, 1914-1917 წლეებშიც მიმდინარეობდა მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები რუსეთ-თურქეთის ფრონტზე; რუსეთ-ირანს კი მხოლოდ ოთხი ომი ჰქონდათ და ამ მუდმივი ომების შედეგად რეგიონში შეიქმნა სიტუაცია, რის შედეგადაც ამ სამმა იმპერიამ გაინაწილეს ტერიტორიებიც და გავლენის სფეროებიც მონიშნეს.

- სანამ ეს სამი დაერეოდა, ოსმალეთ-სპარსეთი უპირისპირდებოდა ერთმანეთს, რაც დაგვირგვინდა ამასიის ზავით, თუმცა მათ შორის ომები ამით არ დასრულებულა, მაგრამ მოინიშნა გავლენების სფეროები.

- სწორადაა დასმული აქცენტი: ამასიის ზავმა სათავე დაუდო ჩვენ სამხრეთით მდებარე ორ ვეშაპს შორის საქართველოს დანაწილებას. ამანაც გამოიწვია ქართული სამეფო-სამთავროების უმძიმესი მდგომარეობა, რის გამოც სხვა გზა არ ჰქონდა ქართლ-კახეთის მეფეს, რომ უფრო გადახრილიყო რუსეთსიკენ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც გარკვეულწილად გასაღებსაც გვაძლევს დღევანდელი ხედვების ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ უნდა მოვნიშნოთ მთავარი: პირველად რეგიონის სამ ვეშაპს ერთი პოზიცია აქვთ რეგიონულ პრობლემებთან მიმართებაში. კერძოდ, სირიასთან მიმართებაში. ახლა მთავარია, ვინ განახორციელებს სირიის ოკუპაციას. როგორც ჩანს, სირიის სამთავრობო ჯარებს სირიის მთელი ტერიტორიის კონტროლი არ შეუძლიათ და დანგრეული სირიის ოკუპაციის ერთ ერთი კანდიდატია თურქეთი და, მეორე მხრივ, დასავლეთი, კერძოდ, შეერთებული შტატები. თუმცა შესვლა ადვილია, მაგრამ გამოსვლაა ძალიან ძნელი, მაგრამ, ვინც შედის ასეთ კონფლიქტურ ზონაში, შემდეგ პოლიტიკურ მოწესრიგებასაც ის ხელმძღვანელობს. არადა ზოგადი სურათი ასეთია, შორიან თუ შევხედავთ: პირველად, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, მნიშვნელოვნადაა შესუსტებული შეერთებული შტატების გავლენა რეგიონში და ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთიდანაც, ფაქტობრივად, გაძევება ემუქრება შეერთებულ შტატებს, რაც მის მთავარ მოკავშირეს რეგიონში – ისრაელს – ბედის ანაბარად ტოვებს.

- და ამ პროცესში ტროას ცხენის როლი, ალბათ, შეასრულა თურქეთმა.

- ამ შემთხვევაში თურქეთმა შეასრულა განსაკუთრებული როლი, რადგან ის აქამდე „ნატოსა“ და შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო ახლო აღმოსავლეთში და დღეს, ფაქტობრივად, დაპირისპირებულია მათთან. მაგრამ არც ის მოცემულობაა მარადიული, რაც დღეს გვაქვს და შეიძლება, შეიცვალოს; იმდენად, რამდენადაც, მართალია, შეერთებული შტატების გავლენა შესუსტებულია, დასავლეთს კი დევნილების პრობლემა აქვს, მაგრამ არც იმდენად, რომ კონტრზომები ვერ მიიღონ. ეჭვი მაქვს, რაღაც ამგვარს შეეცდება დასავლეთი. დავაკვირდეთ, რა მოჰყვა ჰამადანის სამხედრო ბაზის გამომოყენებას რუსული მოიერიშეების მიერ. ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა ამ ამბავს და შეერთებული შტატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამით დაირღვა საერთაწორისო კანონმდებლობა, რომელიც ირანს არ აძლევს გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე თავისი სამხედრო ბაზის უცხო ქვეყნის თვითმფრინავებისთვის დათმობის უფლებას. რამდენიმე დღის წინათ კი ირანის პარლამენტის სპიკერმა დააზუსტა, რომ უარი არ უთქვამთ რუსეთისთვის ამ სამხედრო ბაზის გამოყენებაზე, თუმცა მანამდე თქვეს, რომ არ მიუციათ უფლება, რომ სირიაში გამფრენი თვითმფრინავები მიეღო ჰამადანის სამხედრო აეროდრომს, რაც მივიჩნიე შეერთებული შტატების დიპლომატიური არხებით ზეწოლის შედეგად, მაგრამ სპიკერის განცხადება უკვე ნიშნავს, რომ ირანს არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია და დასავლეთიც არ ელოდება გულხელდაკრეფილი, ეს თანამშრომლობა როდის მიიღებს აშკარად გაცხადებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ფორმას.

- ირანი-თურეთ-რუსეთს გულისხმობთ?

- დიახ, თუ ეს ღერძი მიიღებს სამხედრო-პოლიტიკირი ალიანსის ფორმას, მაშინ მას წინ ვერავინ დაუდგება და დასავლეთსაც არ რჩება მათზე ზემოქმედების ბერკეტი. ძალიან სიმპტომატური ვითარება შეიქმნება, იმდენად, რამდენადაც შტატების მოკავშირეები პირისპირ რჩებიან ამ უძლიერეს ღერძთან.

- ჩამოვთალოთ მოკავშირეები: ისრაელი, საქართველო

- საუდის არაბეთი, ისრაელი, საქართველო. საქართველოსთვის ჯერჯერობით არ არის გაჩაღებული დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის და ჯერ კიდევ წინ გვაქვს ეს ეტაპი, როდესაც რუსული ფაქტრები ქვეყნის შიგნითა და გარეთ უფრო აქტიურად ამუშავდება. არადა ამ დროს თითქოს შეერთებულ შტატებს ყურთბალიშზე სძინავს და არაფერს აკეთებს, რომ ქართული პრობლემები საერთაშორისო აპარეზზე წინ წამოსწიოს. ჩვენთვის მთავარი და უპირველესი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გააქტიურდეს და უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ქვეყნის სატიბლური და მდგრადი განვითარება. ამისთვის დასავლეთი არაფერს აკეთებს და ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ფორპოსტი თურქეთი სერიოზულადაა დასავლეთზე გამწყრალი და გაღიზიანებული: ჯერ ევროკავშირთან შეერთებისა და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის განუსაზღვრელი ვადით გადადების გამო; მეორეც – გერმანიის პარლამენტის მიერ სომხების გენოციდის აღიარებით ოსმალეთის იმპერიაში.

- მაგრამ თურქეთის ქმედება ხომ ხრდის საქართველოს მნიშვნელობას დასავლეთისთვის?

- ასეთ ვითარებაში თითქოსდა უნდა გაიზარდოს საქართველოს, როგორც დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირის, როგორც ფორფოსტის და პლაცდარმის, როლი, მაგრამ საარჩევნო კამპანიით გართულ ამერიკასა და ლტოლვილებისგან დაშინებულ ევროპას ამისთვის არ სცალიათ და ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევნ, რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორი უნდა შევცვალოთ, განწყობილები არიან უფრო აგრესიულად. დასავლეთს ახლა ურთულესი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი საქართველოში: ვის დაეყრდნონ, „ნაციონალებსა“ და მათ სატელიტ არასამთავრობოებს ვერ დაეყრდნობიან, მოსახლეობა მათ არასერიოზულად უყურებს; სხვა ფრთა კი, ფაქტობრივად და არსებითად, პრორუსულია; ის ძალა, რომელიც ამ ეტაპზე მართავს საქართველოს, პოლიტიკურად სტუქტურირებული, და შეკრული და ინტელექტუალურად ძლიერი არ არის. ამ დიდი დილემის წინაშე დგას დასავლეთი, ისედაც თავისი პრობლემებით შეჭირვებული და დაშინებული. ასეთ სიტუაციაში ჩვენი მნიშვნელობა უფრო იზრდება დასავლეთისთვის და ეს კარგია, მაგრამ ვეჭვობ, 1921 წლის სიტუაცია არ განმეორდეს და სადღაც ახლომახლო მეთერთმეტე არმია არ გამოჩნდეს, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და პროდასავლურად მიჩნეული აზერბაიჯანი გახდა ცენტრი რუსეთ-ირანის მაგისტრალის და მათი ლიდერების თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირება მოხდა ბაქოში. ვშიშობ, ჩვენთვის ვეღარ მოიცალოს დასავლეთმა, ჩვენი ბედი ისევ სადღაც შორს არ გადაწყდეს და ჩვენი ეს ნალოლიავები და სიმწრით მოტანილი დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არ დაგვიდგეს. ამიტომ უნდა დავაკვირდეთ ყველა დეტალს, რომლებიც თან ახლავს ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას. აქ უნდა მუშაობდნენ ქართული ტვინის ტრესტები, რომლებიც არ გვაქვს, პოლიტიკური ისტებლიშმენტი…

- მათ ახლა არ სცალიათ, სკაამებია მოსაპოვებელი. თუმცა ვეჭვობ, ოხრად არ დარჩეთ ის სკამები თუ, პირობითად, მეთრთმეტე არმია არ გამოჩნდა ჩვენს საზღვრებთან.

- მთავარია, მათ ჰქონდეთ ხედვები… ახლახან სხვა ანალიტიკოსებთან ერთად მიწვეული ვიყავი თურქეთის საელჩოში და იქ გამოჩნდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა არის ინერციის დონეზე. ჩვენ ვართ სტატისტები იმ დიდ მანევრებში, რომლებიც ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს. არადა თითქოს გამოვიყენეთ თურქეთის კეთილგანწყობა, რომელიც მომდინარეობს სულეიმან დემირელის „ანდერძიდან“, პირობითად ვამბობ, რადგან მან, როდესაც ქვეყნის პირველი პირი იყო, გააფრთხილა თავისი თანამოძმეები, საქართველოს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ის არის თურქული სამყაროს ცენტრი და თუ ის არ იქნება ჩვენი მეგობარი, თურქული ხალხების ერთობას დიდი სათრფხე დაემუქრებაო და, მართლაც, თურქეთმა უერთგულა ამ „ანდერძს“. ერდოღანაც, რომელსაც 14 წელია, ხელისუფლება უპყრია თურქეთში. მათ არც ერთხელ არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ საქართველოს ტერიტორული მთლიანობა, თუ ცალკეულ, უმნიშვნელო ექსცესებს არ ჩავთვლით. დიდებული იყო, რომ კვირიკაშვილი ჩავიდა პირველი და გვერდით დაუდგა ერღდოღანს, მაგრამ ჩვენ ამავე დროს უნდა ვიმეგობროთ თურქ ხალხთან, თურქ სამეცნიერო წრეებთან, თურქეთის ტვინის ტრესტებთან, რადგან საზოგადოება იყოს მზად იმისთვის, რომ ჩვენ ამ დიდი სახელმწიფოების გვერდით ვიყოთ დამოუკიდებლები, არადა ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს.

- ახსენეთ მეთერთმეტე არმია და მეც ვიგულისხმე რუსეთის სამხედრო შემოჭრის ალბათობა. ჯერჯერობით თურქეთის კეთილგონიერების იმედი გვაქვს, თუმცა ჩერჩილი გვასწავლის, მეგობრობა არ არის მუდმივიო. ასევე, მეგობრულ განცხადებებს აკეთებს ირანიც, მაგრამ ისევ თუ არის აქტუალური ამ სამთ შორის ჩვენი განაწილების საფრთხე თუ ისევ რუსეთი არ შემოუშვებს მათ სამხრეთ კავკასიაში და მთლიანად მას შევხვდებით? ცხადია, უტრირებულად ვამბობ.

- თუ ვიქნებით რეალისტები და გულახდილები, უნდა აღვნიშნოთ, რომ კავკასიაში დომინირება სურს თურქეთსაც, ირანსაც, რუსეთსაც და დასავლეთსაც და ოთხივეს აქვს თავისი კოზირები. მეტიც, ამ ოთხეულს ახლა ემატება ჩინეთიც, რმოელსაც უნდა, რომ ევროპისკენ უმოკლესი გზა გადიოდეს საქართველოზე. ჩვენ ამაზე ზემოქმედების არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია, ჩვენ უბრალოდ იმდენად გახსნილები უნდა ვიყოთ, რომ ყველას მივცეთ იმაში დარწმუნების შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი კავკასია არის თითოეული მათგანის ინტერესი და კავკასია უნდა გახდეს ამ ძალებისთვის მშვიდობის ზონა. ამის გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ. მშვიდობიანი და მიუკერძოებელი კავკასიის მიღწევა უბლოკო სტატუსით არ შეიძლება. უბლოკო სტატუსი შენი კეთილი ნებაა და ეს ვერ ჩაანაცვლებს ამ ვეშაპების თანხმობას.

- ეს ოთხი ვერ დააბალანსებს ერთმანეთს, ანუ მათი ინტეესები, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო დაცული იყოს?

- არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენნაირი რეგიონები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, კონფლიქტებით დატვირთული და ეკონომიკურად ჩამორჩენილი, ყოველთვის არის ხურდა ფული დიდ პოლიტიკურ თამაშებში და ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა გვიჭირავს, ხურდა ფულის დანიშნულების ზემოთ ვერ ავალთ, ამიტომ, როდესაც ასეთი გლობალური დაპირისპირებაა ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია მასზე რამე ზეგავლენის მოხდენა. ასე იყო წარსულში, ასეა დღესაც. თავის ცნობილ წერილში, როდესაც ილია ჭავჭავაძე მიმოიხილავს გეორგიევსკის ტრაქტატის თემას და იმ დროს შექმნილ ვითარებას, ლოგიკურად მიიჩნევს რუსეთნ მიერთებას და და ქვეყნისთვის გარკვეულ გამოსავლად. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მცირე დაპირისპირებისა და ვაჭრობის საგანი, ადრე, როდესაც ირანი და ოსმალეთი მძლავრობდნენ, შემდეგ როდესაც იმძლავრა რუსეთმა, რა დროსაც ჩვენ გამოვიზამთრეთ და დამოუკიდებლობასაუ მივაღწიეთ. მაგრამ რამდენი ხნით და როგორ?! აქ უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა მთავარი და მიუღებელია პოლიტიკური პარტიების კინკლაობა და რომელიმე სხვა ქვეყნის სახელმწიფოების მარიონეტობა. ყველა, ვისაც პასუხისგებლობა აქვს ერისა და საზოგადოების წინაშე და ვინც ჩვენ ახლა ეკრანებიდან გვეჟღურტულება, ამაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს.

Comments are closed