globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 31 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 31st, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ვერსია: 21 ოქტომბრის არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს თითქმის 82 მილიონი ლარი დაუჯდება // როდის გამოყოფს ფინანსთა სამინისტრო კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს

ვერსია: ზალიკო-ზორო, ალეკო, კახაბერი და ხანუმები ანუ დიდი პოლიტიკური აჯაფსანდალი // „სხვის ნაცობაზე რა გალაპარაკებთ… თქვენი ნაცები ფუმფულები და კოხტები არიან?“ // მართლა ეხმარებიან თუ არა ნაციონალები ალეკო ელისაშვილს?

„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხვდით და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი»

ახალი თაობა: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რუსეთისთვის დახმარების თხოვნა ამორალური იყო“ // „ეს ხანძრები დივერსიის შედეგია“

ახალი თაობა: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილზე ზეწოლა ხორციელდება“ // „ნაცები სადაც ორსული ქალის მოკვლას გეგმავდნენ, იქ ხანძარს რატომ ვერ გააჩენდნენ“

ახალი თაობა: ცხინვალში რუს სამხედროებს ეკლესიას უშენებენ

——————-

ვერსია“, 30 აგვისტო – 01 სექტემბერი, 2017 წელი

21 ოქტომბრის არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს თითქმის 82 მილიონი ლარი დაუჯდება

როდის გამოყოფს ფინანსთა სამინისტრო კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს

მაია მიშელაძე

2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზუსტად 81 682 500 ლარია გამოყოფილი. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სახელმწიფოს დაახლოებით, 82 მილიონი ლარი დაუჯდება. თუმცა აქ არ შედის ის თანხა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები შემოწირულობების სახით იღებენ. ამ ტიპის ინფორმაციას პარტიები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოგვიანებით წარადგენენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია – ცესკო, 2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 500 000 ლარს მიიღებს. აქედან საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის – 11 197 400 ლარი, ხოლო არჩევნების ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის – 35 321 700 ლარია გათვალისწინებული. სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საარჩევნო ღონისძიებებში იგულისხმება: არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება – ამისთვის ბიუჯეტიდან 1 030 000 ლარია გამოყოფილი; საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი – ბიუჯეტიდან 1 981 100 ლარია გამოყოფილი და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსება – 4 190 500 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო ინსტიტუციის განვითარებისა და სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი ღონისძიებებიც დაფინანსდება. ამისთვის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 1 195 900 ლარი უნდა დაიხარჯოს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათი დაფინანსება 12 785 000 ლარითაა განსაზღვრული. აქედან უშუალოდ პარტიებისთვის – 8 523 000 ლარი, ხოლო პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისთვის – 4 262 000 ლარია გამოყოფილი.

2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ცესკო-ში რეგისტრაცია უკვე 26-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გაიარა:

საქართველოს ევროპელი დემოკრატები – თავმჯდომარე პაატა დავითაია;

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა;

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – შოთა მალაშხია;

ხალხის პარტია – ალექსანდრე კობაიძე;

„მამულიშვილთა ორდენი ,,სამშობლო” – გრიგოლ სოხაძე;

„ახალი მემარჯვენეები“ – მამუკა კაციტაძე;

საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია – ჯონდო ჯავახიშვილი;

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გ.კვირიკაშვილი, კახა კალაძე;

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“ – ,,უფალია ჩვენი სიმართლე” – მიხეილ (გელა) სალუაშვილი;

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – ნიკა მაჭუტაძე;

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი;

საქართველოს ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი;

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი – აკაკი ასათიანი;

ახალი ქრისტიან-დემოკრატები – ნიკოლოზ გოგლიძე;

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა – ლაშა სტურუა;

ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის – დავით ბაქრაძე, გიორგი უგულავა, გიორგი ბოკერია;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ – ნიკანორ მელია;

„სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ – გიორგი ვაშაძე;

პარტია საქართველო – გიორგი ლილუაშვილი;

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა – ნინო ბურჯანაძე;

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – დავით ასპანიძე;

სახალხო პარტია – მამუკა გიორგაძე;

„მემარცხენე ალიანსი“ – კახა ძაგანია, იოსებ შატბერაშვილი;

მშრომელთა სოციალისტური პარტია – თამაზ ჯაფოშვილი;

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია – თემურ ფიფია;

„თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა.

რაც შეეხება კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების საბიუჯეტო სახსრებსა და სატელევიზიო სივრცეში უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის განსაზღვრული საეთერო დროის დაფინანსებას, ცესკო-ს ეს ყველაფერი საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკში აქვს გაწერილი. ამ გრაფიკის მიხედვით, 2017 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცესკო-ს მიერ, მისთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკო-ს შესაბამის საბიუჯეტო კოდზე.
ამავე გრაფიკის თანახმად, 2017 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით, საარჩევნო სუბიექტმა ცესკო-ს წერილობით უნდა მიმართოს. ეს ნიშნავს, რომ კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები მხოლოდ 13 სექტემბრის შემდეგ მიიღებენ კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს.
იმისთვის, რომ კვალიფიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა სხვადასხვა მაუწყებელში უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსონ, გარკვეული პროცედურები მაუწყებლებმაც უნდა გაიარონ. ეს ყველაფერი ცესკო-ს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში დეტალურადაა გაწერილი:

2017 წლის 13 სექტემბერს, მაუწყებელმა, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა სარეკლამო დრო შეიძინა, ცესკო-სა და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უნდა გადასცეს ინფორმაცია რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ; აგრეთვე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყოფილ სარეკლამო დროში, თითოეული სუბიექტის საარჩევნო რეკლამის განთავსების გრაფიკის შესახებ. ამ ინფორმაციას ცესკო ერთი დღის ვადაში, არაუგვიანეს 14 სექტემბრისა, თავის ოფიციალურ გვერდზე განათავსებს. შესაბამისად, ზუსტი ინფორმაცია უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესახებ ამა თუ იმ მაუწყებელში, მხოლოდ 14 სექტემბრიდან გვეცოდინება.

ვერსია“, 30 აგვისტო – 01 სექტემბერი, 2017 წელი

ზალიკო-ზორო, ალეკო, კახაბერი და ხანუმები ანუ დიდი პოლიტიკური აჯაფსანდალი // სხვის ნაცობაზე რა გალაპარაკებთთქვენი ნაცები ფუმფულები და კოხტები არიან?“ // მართლა ეხმარებიან თუ არა ნაციონალები ალეკო ელისაშვილს?

ნინო დოლიძე

მართალია, ქართული პოლიტიკა მსახიობების, მომღერლების, მოცეკვავეებისა თუ მუსიკოსების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა, მაგრამ ამჯერად საქმე უფრო დრამატულადაა. დიახ, დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, თუ ტაშ-ფანდურისა და ცეკვა-თამაშისკენ გაქვთ მიდრეკილება, შესაძლოა, ბედმა გაგიღიმოთ და ამიერიდან, ბათუმში ჩასულებს სახელმწიფო უწყებები, კერძოდ, ქალაქის ადმინისტრაცია უფასო დაფა-ზურნით მოგემსახუროთ!
გგონიათ, ვხუმრობ? სულაც არა! ისე, ბედმა თქვენ კი არა, კახაბერს უნდა გაუღიმოს, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვოს.

ერთი სიტყვით, იმ შემთხვევაში, თუ ხანუმები ლოცვებს გააძლიერებენ, ქართული შოუბიზნესის ერთ დროს კაშკაშა „ვარსკვლავი“ კახაბერ ცისკარიძე, შესაძლოა, ქათქათა ბათუმის პირველი პირი გახდეს!

„პოპულარული ბათუმმა გამხადა და არჩევნებში მონაწილეობა სწორედ ბათუმის უკეთესი მომავლისთვის გადავწყვიტე“, – განაცხადა კახაბერმა და დასძინა, ფართო საზოგადოებას საარჩევნო პროგრამას მას შემდეგ გავაცნობ, რაც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ხელმოწერებს შევაგროვებო. ცესკო-ს ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის მიერ, წესითა და კანონით, კახაბერის კანდიდატურის წარდგენა დაგვიანდა, ახლა მან რომელიმე პარტიასთან ან ბლოკთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკება, რათა კანდიდატურა დააყენოს. ჩანს, მას ხანუმების გაძლიერებული ლოცვა დასჭირდება, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ან გაერთიანებამ, კანდიდატად დაასახელოს. სხვაგვარად, ბათუმელებისთვის ვალის დაბრუნებას ვერ შეძლებს.

,,ვალი” შემთხვევით არ მიხსენებია, რამეთუ კახაბერი ამბობს: „კახაბერი „კახა მერი“ უნდა გახდეს. სამი დღის განმავლობაში 2000-მდე ხელმოწერა გვჭირდება. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ბათუმის მერობის კანდიდატი დავფიქსირდები. რაც შეეხება იმას, რატომ გადავწყვიტე მერობა, მე ვარ ბათუმელი და 6 მაისის პარკში იმიტომ შევიკრიბეთ, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე. ვთვლი, რომ ბათუმმა და ბათუმელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარული გამხადა. ასე ვთქვათ, ბათუმელებისთვის ვალი მაქვს; ამიტომ მინდა, რომ ჩემი ენერგიით, ჩემი იდეებითა და ჩემი გამოცდილებით ქალაქი უკეთესობისკენ შევცვალო“.

ისე, ხანუმების გაძლიერებული ლოცვა არც ალეკო ელისაშვილს აწყენდა. ყოველ შემთხვევაში, ეს ახალგაზრდა კაცი, რომლის თბილისისადმი სიყვარულში ეჭვი არავის ან თითქმის არავის ეპარება, ბოლო დროს თვალშისაცემად ბევრ ე.წ. ნაციონალურ სკანდალში გაეხვია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ზორომ“ ანუ ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატმა „ელისას“ დახმარება შესთავაზა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ ცესკო-მ მერობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება მომთხოვაო.
„ელისას“ ამ განცხადებას ნაცმოძრაობა არათუ უმალ გამოეხმაურა, არამედ დახმარების ხელიც გაუწოდა.

„გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს, არჩევნებში მის მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. საუბარია ანონსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, ალეკო ელისაშვილი ვალდებულია, ერთი კვირის განმავლობაში 10 000 ხელმოწერა წარადგინოს. ვაცხადებ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა, ოქტომბერში დავასრულოთ თბილისში „ქართული ოცნება“. ამისთვის კი აუცილებელია ქვეყანაში ჩავატაროთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. შესაბამისად, მე ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს მთელი რესურსით სრულ დახმარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ, უმოკლეს ვადაში შევაგროვოთ 10 000 ხელმოწერა და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩვენი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას. იგივეს მოვუწოდებ ყველა პროდასავლურ კანდიდატს. შეგახსენებთ, ამ არჩევნებში ჩვენი მთავარი მიზანია ერთად გავისტუმროთ თბილისიდან „ქართული ოცნება“, – განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე ზაალ უდუმაშვილმა.

„უდუმას“ პრესკონფერენცია „ანდეგრაუნდში“ არ ჩაუტარებია, შესაბამისი „ელისასთვის“ გაწვდილი „დახმარების ხელი“ ყველამ დაინახა, თუმცა მიუხედავად ამისა, თბილისის საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედმა დამოუკიდებელმა წევრმა, ესე იგი, ალექსანდრე ელისაშვილმა, როგორც იტყვიან, არც აცია, არც აცხელა და ზალიკო -„ზოროს“ ზემოხსენებული ინიციატივა „ოცნების“ პროვოკაციად მონათლა.

„უკვე ყველანაირ ზღვარს გადაცდნენ. გავრცელდა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ვითომ ნაციონალური მოძრაობის მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები ვითომ ჩემ მხარდასაჭერად აგროვებენ ხელმოწერებს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, გულდასაწყვეტად უნიჭოდ დადგმული ტყუილი. ხელმოწერებს მეტროსადგურებთან აგროვებენ მხოლოდ ჩემი მაისურიანი მოხალისეები, შტაბის წევრები და სხვა არავინ“, _ აღნიშნა ელისაშვილმა და იქვე, არც იმის თქმა დავიწყებია, Fაცებოოკ-ში ყალბი გვერდები შეიქმნა, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ხელმოწერების შეგროვებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეხმარებაო.

ისე, საინტერესოა, ელისაშვილს ნაცები „ფეიკებად“ მას მერე ხომ არ ეჩვენება, რაც ინტერნეტსივრცე უდუმაშვილის ანიმაციურმა კლიპმა ააფეთქა, რომელშიც ექსჟურნალისტი ზოროს როლს ასრულებს?!

კლიპის ანოტაცია ასეთია: თბილისში მხოლოდ ადამიანები კი არა, ფრინველებიც აირწინაღებით დადიან, რადგან სუნთქვა არ შეიძლება. ჰოდა, ამ დროს, საიდანღაც „ზორო“- ზალიკო „გაიჩითება“, ჯადოსნურ ჯოხს აიქნევს და მთელ თბილისს გაამწვანებს.

მართალია, ეს კლიპი ნაცებს სიგიჟემდე მოსწონთ, მაგრამ ექსნაცები უდუმაშვილს ბევრს „აღადავებენ“ და ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოირჩევა.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც იგივე სოციალურ ქსელში განსჯა-განხილვის საგანია: არავინ იცის, სად და როდისაა გადაღებული, მაგრამ ხელისუფლების ლამის ყველა მხარდამჭერის Facebook-კედელი მოიარა ფოტომ, რომელზეც „ტკბილადმოუბარი“ ალექსანდე ელისაშვილი და ნიკა მელია არიან ასახულნი.

ფოტოსურათის დედანში, როგორც ირკვევა, კიდევ ერთი ადამიანი ჩანს, თუმცა ეს ადამიანი „მოჭრილია“ და, შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ელისაშვილი და მელია საიდუმლოდ მსჯელობენ.

ყველაფერი ეს კომპრომატად არ გამოდგება, მაგრამ ამის გარეშეც ნათელია, რომ ელისაშვილი, ნაციონალებისა არ იყოს, „ოცნებას“ ებრძვის. რასაკვირველია, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ამ ორ საარჩევნო სუბიექტს შორის რაიმე სახის კავშირი არსებობს, მაგრამ ნათქვამია, კვამლი უცეცხლო არ ჩნდებაო.

სხვათა შორის, ევროპაში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა, გიორგი ფოფხაძემ ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი „დადო“: „ამ ალეკო ელისაშვილს რომ დასდევთ და არიქა, ნაცებთან არის შეკრული და ნაცების აგენტიაო, გაჰკივიხართ, გარშემო რომ მიმოიხედოთ, ვერაა? ყველა, ვინც კი ბინძური და საზიზღარი ნაცი იყო, თქვენს გარშემო და თქვენს გვერდით დგას და სხვის ნაცობაზე რა გალაპარაკებთ, ვერ გავიგე? თუ თქვენი ნაცები ფუმფულები და კოხტები არიან?..“

ძნელი სათქმელია, რით განსხვავდებიან ფუმფულა ნაცები მჭლე ნაცებისგან, მაგრამ ახლა ამის გარკვევას აზრიც არ აქვს. მთავარი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია „გახურდება“, ვითარება უფრო დაიძაბება და, როგორც იტყვიან, სეირ-სანახობა არ მოგვაკლდება. ისე, ჩვენ, რიგით მოკვდავებს ყველაზე მეტად ხომ სწორედ პური და სანახაობა გვინდა!..

„ინტერპრესნიუსი“, 30 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხვდით და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი»

კობა ბენდელიანი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება იმაზე მეტადაა კმაყოფილი კრიზისულ ვითარებაში თავისი მოქმედებით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. და ეს მაშინ, როცა კრიზისის გაჩენამდე ხელისუფლებას მეტი დრო რომ დაეთმო, მეტი ფინანსები გაეღო მთა-გორიან და ტყის მასივების მქონე ქვეყანაში ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში თუ რას გააკეთებდა და პრევენციული ზომებიც მიეღო, ხანძრით გამოწვეული ზარალი ასეთი დიდი არ იქნებოდა.

შესაძლოა, არ დამეთანხმოთ, მაგრამ შემდეგ რაც ვიხილეთ, უფრო ჩვეულებრივ ქართულ დოყლაპიობა-უთავბოლობას ჰგავდა. თქვენ როგორ შეაფასებდით კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების მოქმედებას?

და კიდევ, ახლა როცა მთელ მსოფლიოში გაზრდილია ხანძრების, წყალდიდობებისა და სხვა კატაკლიზმების ალბათობა, თქვენი დაკვირვებით, აქვს თუ არა ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ მომხდარის შემდეგ, 2015 წლის წყალდიდობისაგან განსახავებით, რეალურად აითვისოსხანძრის გაკვეთილები?

- თქვენ პარალელი გაავლეთ დღევანდელ ხანძარსა და 2015 წლის წყალდიდობას შორის. ამ ორ დრამატულ მოვლენაში, მართლაც, ბევრი რამ არის საერთო. ორივე შემთხვევაში იყო ადამიანების თავგანწირვა, ყველას თავგანწირვა – სტუდენტებიდან დაწყებული და მინისტრებით დამთავრებული. მუხლებამდე ტალახში ჩამდგარი კალაძე მახსენდება, მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი. ახლა ხანძართან თავგანწირვით იბრძოდნენ მოხალისეები და პროფესიონალი მეხანძრეები. თავგანწირულები იყვნენ ჩვენ დასახმარებლად ჩამოსული აზერბაიჯანელი, თურქი და ბელორუსელი პილოტები და აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეები. მგონია, რომ არც მინისტრები იყვნენ ნებიერად. ყველას მადლობა ეკუთვნის. საერთოა ისიც, რომ ორივე სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხვდით და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი, მაგრამ, მოდით, ჯერ მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც მადლობას იმსახურებს.

ხშირად კრიზისულ მოვლენაზე ისე ვლაპარაკობთ, თითქოს იგი მხოლოდ ხელისუფლების ტესტი იყოს, თავად მოვლენა გვავიწყდება ხოლმე. ამ ტენდენციით თავმობეზრებულმა ელენე ხოშტარიამ თქვა კიდეც – ჯერ მთავარია ხანძარი ჩავაქროთო. თუ ხანძარი ჩაქრა, დავაფიქსიროთ, რომ გავიმარჯვეთ. გამარჯვება სულ გვაკლია და როცა გვეღირსება ხოლმე, იქაც იმას ვეძებთ, თუ რაში დავმარცხდით. მარცხის მძებნელს ყოველთვის მარცხის განცდა ექნება და მივიღებთ უარყოფითი ემოციებით დატვირთულ საზოგადოებას. ეს არაა საშური ქვეყნისთვის. ამიტომ ისიც სათქმელია, რომ იმ დროს, როცა ბევრ ქვეყანაში უშედეგოდ ებრძვიან ხანძარს, ჩვენ დაძლიეთ ხანძარი ბორჯომის ტყეში.
რაც შეეხება ხელისუფლების შეცდომებს, სასურველია მოვისმინოთ საგანგებო სიტუაციების მართვის მცოდნე ადამიანების აზრი განვლილ მოვლენებზე. ამ პირობებში გაკეთდა თუ არა ყველაფერი, უნდა თქვან სპეციალისტებმა. სპეციალისტების შეფასების შემდეგ ვიმსჯელოთ იმაზე, უნდა იყოს მთავრობა თავისი მოქმედებებით კმაყოფილი თუ არა.

მოუმზადებლობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს იმით, რომ მარტო ერთი ვერტმფრენი გვყავს. მოუმზადებლობა, სამწუხაროდ, არ მაკვირვებს. „ბედნიერი ერი“ ვართ, მომავალზე ფიქრი არ გვჩვევია, დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს.

მოუმზადებლობა ყველა ხელისუფლებას ახასიათებდა. მოუმზადებელი აღმოვჩნდით დამოუკიდებლობისთვის, რუსეთის აგრესიისთვის, დემოკრატიული არჩევნებისთვის. ახალი ისტორიის არც ერთ ეტაპს არ შევხვდით მომზადებული და სტიქიისთვის რომ არ ვყოფილიყავით მზად, რა გასაკვირია. გასაკვირი არაა, მაგრამ დასანანი კი არის, ძალიან დასანანი. იმედი ვიქონიოთ, რომ მოუმზადებლობის ამ სინდრომს დროთა განმავლობაში დავძლევთ ყველანი.

- ხანძრების თემამ ჩვენში არსებული არაერთი პრობლემა გააშიშვლა. საგარეო უწყება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ თბილისმა მოსკოვს დახმარებისთვის დიპლომატიური არხებით მიმართა. უნდა მიემართა თუ არა თბილისს მოსკოვისათვის დახმარებისთვის, ახლა აქტიურად განიხილვადი თემაა. თქვენ როგორ აღიქვით ხელისუფლების მიერ მოსკოვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, შემდეგ ამის მიჩუმათების მცდელობა და ბოლოს დაგვიანებულიაღიარება”?

- მგონია, რომ მოვლენა გაზვიადებულია. პოლიტიკაში შესაფასებელია პოლიტიკა. პოლიტიკა გამოჩნდა იმაში, რომ არ მიიღეს რუსეთის დახმარება. დასაწყისში რომც მიემართათ რუსეთისთვის, ეს პანიკისგან გაჩენილი ემოციაა, რომელიც დაწყნარების შემდეგ გასწორდა პოლიტიკის მიხედვით. პოლიტიკოსების ემოციები გვინახავს. “ნაცმოძრაობის” ლიდერი მანქანის ქვეშ ძვრებოდა შიშისგან. ამჟამინდელი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი პანიკაში ხალხს მოუწოდებდა ჩანგლებით ებრძოლათ. ამ ფრაგმენტების პოლიტიზირება არ მომხდარა, რადგან მათში ემოციები იყო და არა პოლიტიკა.

ანალოგიურად, თუ იყო თქვენს მიერ ნახსენები მიმართვა დასაწყისში, ეს ნაბიჯი ემოციათა სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე პოლიტიკისას, რადგან შემდგომი ნაბიჯებით მიმართვა გაბათილდა. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნებას“ არ გამოუდის საზოგადოებასთან სწორი ურთიერთობა, ანუ პიარი.

- საზოგადოებისა და დამკვირვებელთა ნაწილმა გამოთქვა წუხილი იმაზე, რომ ქართული საზოგადოებავერ ახერხებს რუსეთთან დამოკიდებულების რაციონალიზაციას”.
ვითარებაში, როცა კრემლი გვეუბნება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში კორექტივების შეტანას არ აპირებს, რუსეთთან ურთიერთობების რა რაციონალზიაციაზეა საუბარი და რის ხარჯზე, გაუგებარია. ხელისუფლებიდან კი არც არავინ თვლის თავს ვალდებულად დააზუსტოს. არსებულ ვითარებაში რუსული პოლიტიკის თავისებურებების გათვალისწინებით ,თქვენი აზრით, რამდენად ლოგიკურად და პრაგმატულად გამოიყურება რუსეთთან ურთიერთობების რაციონალიზაციის იდეა?

- რაციონალიზმი კარგია, როცა ორივე მხარე თანხმდება რაციონალური გამოსავლის პოვნაზე. როცა ერთი მხარე მოძალადეა და აგრძელებს ძალადობის პოლიტიკას, რას ნიშნავს მასთან რაციონალურობა, გაუგებარია. კიდევ უფრო გაუგებარია, რომ მსხვერპლს უსაყვედურო, სახლში შემოჭრილ მოძალადესთან რაციონალურობას რატომ ვერ ახერხებო.
ამ ხნის განმავლობაში რუსეთის წარმომადგენლებს არც კი დასცდენიათ სიტყვა იმაზე, რომ რაიმეს დათმობას აპირებენ. ამ ჯიუტი აგრესიულობის რაციონალობით გადატეხვა, როგორც ჩანს, შეუძლებელია.

აგერ, ცდილობს მთელი მსოფლიო დამოკიდებულების რაციონალიზაციას რუსეთთან, ისლამურ სახელმწიფოსთან, ჩრდილოეთ კორეასთან. სანქციებს და სამხედრო ოპერაციებს ამატებენ ზედ, რომ უფრო რაციონალური გახდეს ეს ქვეყნები, მაგრამ უშედეგოდ. ამ ფონზე გაუგებარია, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას რაციონალობით საქართველომ, რომელსაც არც სანქციები შეუძლია და არც ომი.

- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობები კარგა ხანია აღარ ჰგავს დიალოგს, რომელმაც პოლიტიკური ძალები კონსენსუსამდე უნდა მიიყვანოს. მმართველ გუნდს არ უნდა დათმოს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის გარეშე ჩატარება, რაც მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის შანსია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას კონსენსუსის ილუზიის შექმნაზეც აქვს უარი ნათქვამი და ის აიმედებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო ხალხი ქუჩაში არ გამოვა. თქვენი აზრით, რა საფრთხეების შემცველია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა? თუ საფრთხეები ბევრად იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს მიზეზი , რომ ამ საფრთხეებს ხელისუფლება არ თუ ვერ აცნობიერებს?

- შევეკამათები იმ პოზიციას, რომ მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლებაში დარჩენის შანსია „ოცნებისთვის“. რომელი პარტია ემუქრება ხელისუფლებაში მის ყოფნას? გამოკვლევები აჩვენებს, რომ „ოცნებას“ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, მასზე საგრძნობლად ნაკლები აქვს „ნაციონალებს“, სხვების რეიტინგი ბარიერთანაა. პრობლემა სწორედ ისაა, რომ კონკურეტნუნარიანი ოპოზიცია არაა დღეს ქვეყანაში. ამ ფონზე მმართველი გუნდის მოქმედების ახსნა „ხელისუფლებაში დარჩენის“ მოტივით დამაჯერებელი არაა.

ჩემთვის უფრო დამაჯერებელია, რომ „ოცნებას“ არ სურდეს მაჟორიტარების გადამტერება. სავარაუდოა, რომ ამავე წერტილს უმიზნებს ოპოზიციაც, რომელსაც ხელს აძლევს განხეთქილება „ოცნებასა“ და მის მაჟორიტარებს შორის, რადგან ვარაუდობენ, რომ ეს განხეთქილება ხმებს დააკლებს „ოცნებას“.

ალბათ ამიტომაა, რომ ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უახლოეს არჩევნებში მოითხოვს, რომ დღევანდელი მაჟორიტარები გამოაცალოს დღევანდელ ხელისუფლებას. სხვა მხრივ გაუგებარია რატომ ითხოვს პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ყველა პარტია, ამ სისტემით ხომ ოპოზიციიდან მხოლოდ “ნაციონალები” მიიღებენ ხმებს. ამდენად, ჩვეულებრივ პოლიტიკურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე, რომლის მიზანია კონკურენტის დასუსტება. ეს ბრძოლა დემოკრატიის ერთგულების სახელით ხდება. დემოკრატიულ ქვეყნებში კი არის როგორც პროპორციული სისტემა, ასევე მაჟორიტარული სისტემა და ასევე შერეულიც – ბუკიკიოს იტალიაში შერეული სისტემაა. ამიტომ, არა მგონია საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანის დემოკრატიულ განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს.

- საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. ცნობილი ფაქტია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველი აქტიურობით არ გამოირჩევა. პოლიტიკურ პარტიებს კარგა ხანია დაწყებული აქვთ საარჩევნო კამპანია. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასა და არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების აქტიურობას?

- სამწუხაროა, რომ ადგილობრივი არჩევნების სიმძიმის წერტილი თბილისზეა გადატანილი, როცა რეგიონებშიც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიები ხშირად ვერ ხედავენ რეგიონების მნიშვნელობას. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ რეგიონები დაუთმო მმართველ პარტიას. რაც შეეხება თბილისს, აქაც კახი კალაძე უფრო აქტიურია, ვიდრე მისი ბევრი კონკურენტი.

- ”დემოკრატიული მოძრაობისადა პარტიათავისუფლებისმერობის კანდიდატმა კახა კუკავამ განაცხადა, რომდემოკრატიული მოძრაობადა პარტიათავისუფლებაიბრძოლებენ იმისათვის, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტის სტატუსი მოიპოვოს.
ამ განცხადების გაკეთებისას თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ გარკვევით მიანიშნა, რომ საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოსლიბერალებსადაპატრიოტებსშორის. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პოლიტიკური ძალებს შორის აქამდე არსებული ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვლება?

- მე ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენთან პოლიტიკური პარტიის იარლიყი შინაარსს არ შეესაბამება ხოლმე. მაგალითად, ლიბერალი „ნაციონალები“ კერძო საკუთრებას ხელყოფდნენ. პატრიოტები კი იმის მომხრეები არიან, რომ ქვეყანამ უარი თქვას ეროვნულ თავმოყვარეობაზე. ამიტომ იდეოლოგიებზე ლაპარაკი ნაადრევი მეჩვენება.

პარტიები იდეოლოგიად გეოპოლიტიკურ არჩევანს სთავაზობენ ხოლმე მოსახლეობას – დასავლეთთან ან დასავლეთის გარეშე, ანუ რუსეთთან. ამ პოლუსებს შორის არის ცენტრისტული პოზიცია – დასავლეთთან ერთად რუსეთთან აქტიური კონფრონტაციის გარეშე. ცენტრისტული პოზიცია აქვს მმართველ პარტიას. ცენტრისტულ პოზიციას ყოველთვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე რადიკალურ პოლუსებს. ამიტომ არა მგონია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომქართული ოცნებათბილისშიც და რეგიონებში არჩევნებს პირწმინდად მოიგებს. თუ სოციოლოგიას დავუჯერებთ, ჯერჯერობით ამომრჩეველი არცქართულ ოცნებასემატება და არცნაციონალებსადაევროპელ დემოკრატებს”. შეიძლება ითქვას, პირიქითაც კი იყოს. ელისაშვილის შანსებს არჩევნები დაადგენს, მაგრამ დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ თუ თბილისში მეორე ტური გაიმართა, ”ქართული ოცნებისინტერესებში არ უნდა იყოს მეორე ტურში ელისაშვილის გასვლა. მაშინ როცა ჩვენში პარტიები მრავლადაა, რას შეიძლება ნიშნავდეს თბილისელთა საკმაო ნაწილში ყველას კონკურენტად ელისაშვილის მოაზრება? და კიდევ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მეორე ტურში კალაძე და ელისაშვილი აღმოჩდნენ?

- მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მოსახლეობის ერთ მესამედს არც ერთი პარტია არ მოსწონს. ამ ფონზე უპარტიო კანადიდატს, ელისაშვილს ამ ხმების მიზიდვის შანსი აქვს, ოღონდ აქ პოლიტიკის ერთი მარტივი წესი იწყებს მოქმედებას მის წინააღმდეგ.

პოლიტიკაში „ყველას კონკურენტობა“, მარტო კაცად ყოფნა არის უტოპია. პოლიტიკის მაღალ სართულებზე „ერთი მერცხალი“ არათუ გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვერც კი იფრენს. თუ თავისი გუნდი, ანუ პარტია არა ჰყავს ადამიანს, იგი ვერ შეძლებს პოლიტიკურ ბრძოლას ვერც არჩევნებში და, მით უმეტეს, ვერც შემდეგ. არჩევნებში და შემდეგ მუშაობაში მას დასჭირდება პარტიების მხარდაჭერა და იძულებული იქნება დაკარგოს დამოუკიდებლობა.

„ნაციონალებმა“ უკვე გამოავლინეს ელისაშვილისთვის მხარდაჭერის მზაობა. ელისაშვილმა მათ შეთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ უკვე ცხადი გახდა, რომ ელისაშვილი აწყობთ “ნაციონალებს,” რომ იგი “ნაციონალების” წისქვილზე ასხამს წყალს. ისინი, ვისთვისაც მიუღებელია “ნაციონალების” გაძლიერება, ელისაშვილს ხმას აღარ მისცემენ. ჯერ საარჩევნო კამპანიის მხოლოდ დასაწყისია და მოსახლეობის აღქმაში ელისაშვილმა უკვე დაკარგა დამოუკიდებლობის რაღაც ხარისხი. წინ კიდევ ბევრი რაუნდი იქნება, სადაც ელისაშვილი რომელიღაც არაპოპულარულ ჯგუფში აღმოჩნდება, უნებურადაც კი. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ელისაშვილის რეიტინგი ბრძოლის გამძაფრებასთან ერთად დაღმა სვლას დაიწყებს.

ელისაშვილს პიროვნული რეიტინგი აქვს, მაგრამ ასევე მაღალი პიროვნული რეიტინგი აქვს კალაძესაც. ამასთანავე, კალაძე იმ გუნდის წევრია, რომელიც წამყვანია საკრებულოში, პარლამენტში და მთავრობაში. კალაძე საქმიან და ენერგიულ ადამიანად ითვლება, ამიტომ მერობის კანდიდატად მისი დასახელება „მძიმე არტილერიის“ გამოჩენად შეაფასა ყველამ.

ენერგიის დეფიციტს უჩივიან „ოცნებას“ და კალაძის ენერგიულობა ამ დეფიციტის კომპენსაციად შეიძლება ჩათვალოს. ამ თვისებების გამოა, ალბათ, რომ კონკურენტებთან შედარებით მას მაღალი რეიტინგი აქვს. ამავე თვისებების გამო მისთვის რთული არ უნდა იყოს, რომ დაძლიოს ის 20%, რომლითაც დაშორებულია ორმოცდაათპროცენტიანი ბარიერისგან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში მეორე ტური არ იქნება.

- ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის აზრით, ”რაც უფრო ახლოსაა მომენტი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გავხდებით, მით უფრო აქტიურდებიან პრორუსული ძალები”. მეტიც, მისივე განმარტებით, ”ყველაფრიდან ჩანს, რომ პუტინისტური ძალები სექტემბერში ნავის დარწევის სტრატეგიის განხორციელებას აპირებენ”. თქვენი აზრით, რა რესურსი აქვთპუტინისტურ ძალებსიმისათვის, რომ შემოდგომაზე შეძლონ ნავის დარწევის სტრატეგიის განხორციელება?

- ვეთანხმები ზაზას, რომ პრორუსულ ძალებს შეიძლება ნავის რწევას სურდეთ, მაგრამ რწევას ბევრი ადამიანი სჭირდება. საბედნიეროდ, ამდენი მხარდამჭერი რწევას არ ეყოლება რადგან, ჯერ ერთი, მათ პოლიტიკას არა ჰყავს ბევრი მხარდამჭერი და მეორეც – ხალხს მოწყინდა რწევა, მიტინგებზეც აღარ გამოდიან.

შეიძლება მოეწყოს მცირე პრორუსული აქციები, გადაუღონ სურათები ხელსაყრელი რაკურსით და გააგზავნონ რუსეთში, რათა რუსეთმა თქვას, ჩვენგან ოკუპირებულ ქართველებს მაინც ვუყვარვართო. ეს იქნება ხსენებული დარწევის მაქსიმალური შედეგი.

ახალი თაობა“, 31 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რუსეთისთვის დახმარების თხოვნა ამორალური იყო“ // „ეს ხანძრები დივერსიის შედეგია

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს.

- ბატონო მამუკა, ხანძრების თემა საქართველოს ტყეებში კვლავ აქტუალურია. ამჟამად აბასთუმანი იწვის. აქტიურად საუბრობენ დივერსიაზე. ზოგი რუსულ კვალზე საუბრობს, ზოგიც ნაციონალებს აბრალებს ყოველივეს. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

- ასე ღიად ხელს ვერავის დავადებ, თუ ვინ შეიძლება ეს ყოფილიყო. თუ აქამდე ცოტა ეჭვი მეპარებოდა და გარკვეულ გაუფრთხილებლობას და ბუნებრივ მოვლენებსაც ვაბრალებდი და ვფიქრობდი, რომ შეიძლება ყოფილიყო კომპლექსური ამბავი, დღეს ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობ, რომ ეს დივერსიაა! ვფიქრობ, რომ ხელოვნურად გაკეთებულია მთელი ეს ამბავი, რაც ხდება საქართველოში.

- ამას რა გაფიქრებინებთ?

- ამას მიუთითებს ხანძრის კერების სხვადასხვა ადგილას წარმოქმნა და ზოგ შემთხვევაში ერთი და იგივე სივრცეში, მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში რამდენიმე ადგილას ხანძრის გაჩენა. თუნდაც იგივე აბასთუმანში.

- ხანძრები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც ჩნდება და იქ ეს ეჭვის საფუძველი არ გამხდარა...

- კი, ჩნდება და ჩვენ ერთი ეკოსისტემა გვაქვს, მაგრამ ასეთი ინტენსივობით არ გაჩენილა არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში, არც რუსეთში და არც თურქეთში, თან რამდენიმე ადგილას ერთად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეული ჯგუფის მიერ მოწყობილი დივერსია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ!

- კონკრეტულად რომელი ჯგუფის? ვინ შეიძლება იყვნენ ისინი?

- ამის თქმა რთულია. უკვე იმხელაა მასშტაბი, რომ შთაბეჭდილება მრჩება, ერთი ჯგუფი კი არა, რამდენიმე ჯგუფია. ეს ყველაფერი კარგად არის მოფიქრებული და გააზრებული, რომ ეს ამბავი ასეთი ინტესივობით მოხდეს. ვიღაცამ იცოდა, რომ საქართველოს სახელმწიფო ასეთი მასშტაბურ ხანძრებთან საბრძოლველად მზად არ იყო და ეს მეთოდი გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ.

- ხანძრების ბუმი თბილისიდან დაიწყო, ბაზრობების თუ სავაჭრო ცენტრების გადაწვაეს ყველაფერი ერთმანეთთან ბმაში რამდენად შეიძლება იყოს?

- მე მაინც ვთვლი, რომ სავაჭრო ცენტრების თუ ბაზრობების გადაწვა, რომელიც სპეციალურად მოხდა თუ შემთხვევით, ეს მაინც ცალკე თემა უნდა იყოს. ეს არის შიდა გარჩევების შედეგი.

- ეს როგორ გავიგოთ?

- არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცას დასჭირდა ის ადგილი, სადაც ბაზრობა იყო განლაგებული, იმისათვის, რომ დეველოპერული პროექტი განეხორციელებინა და ამიტომ მოხდა. თანაც ბაზრობის ზოგიერთი თანამშრომელი ამბობს კიდევაც, რომ ემუქრებოდნენ ამით. ეს ალბათ სხვა ფორმატიდან არის. ხოლო ის, რაც ტყეებს შეეხება, არის პირდაპირი დივერსია სახელმწიფოს წინააღმდეგ! ისეთი მიუვალი ადგილებია, რომ იქ ადამიანი იშვიათად თუ მოხვდება. სპეციალურად არის ასეთი ადგილები შერჩეული.

- რისთვის?

- იმისთვის, რომ რთული ყოფილიყო ჩასაქრობად და რაც შეიძლება მასშტაბური ხასიათი მიეღო და მიიღო კიდეც. წინ რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა აჩვენა ერთი ეპიზოდი, რომელმაც ჩემი ეჭვი უფრო გაამძაფრა. ის ძლივძლივობით ავიდა რაღაცა მთაზე, ამბობდა კიდეც, რომ აქ ამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელიაო და იქ აღმოაჩინა ხანძრის პატარა კერა. თანაც ისეთი ბუნებრივი მოცემულობა იყო, რომ იქ ის ხანძარი ვერაფრით ვერ გაჩნდებოდა თავისით. ვიღაცამ გააჩინა შეგნებულად, მერე წავიდა და… თან ისეთი პატარა კერა იყო, ან როგორ შენიშნეს ქვევიდან. თუმცა ეს სხვა თემაა. ასეთი ფაქტები რამდენიმე იყო და ეს მაფიქრებინებს, რომ დივერსიაა.

- ვის ან რაში აძლევდა ხელს ამის გაკეთება?

- ძალიან ბევრი კურდღელი მოიკლა ამ შემთხვევაში. ერთი ის, რომ უმძიმესი დარტყმა მიადგა ეკონომიკას, ეკოსისტემას – ძალიან სერიოზული, აქედან გამომდინარე, ტურისტულ პოტენციალს და ბევრ სხვა რამეს და სერიოზული დარტყმა მიადგა ქვეყნის პრესტიჟს.

- რატომ პრესტიჟს?

- ხანძრის მომენტალური ლიკვიდირებისთვის ჩვენი სახელმწიფო მზად არ აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორი სახიფათო იყო საჰაერო ფლოტზე ხელის ჩაქნევა. მოგეხსენებათ, გაუქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავიაციის ნაწილი. როგორი არასწორი იყო, რომ არ გარემონტდა თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული რუსული ვერტმფრენები, რომელთაც ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო.

ეს ერთი საკითხი, მეორე საკითხია, რომ არ შეიძლება სხვადასხვა სისტემაში იყოს ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები. სამ სისტემაშია გადანაწილებული – შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში და კიდევ ცალკე სტრუქტურაა პრემიერის აპარატში, კრიზისების მართვის საბჭო. კრიზისების მართვის საბჭო არის უაღრესად კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული, ისინი ასეთი ტიპის გამოწვევებისთვის მზად არიან.

- თუმცა ყველაზე დიდი კრიტიკა სწორედ კრიზისების საბჭომ დაიმსახურა...

- ისინი არიან შემსრულებლები, რასაც დაავალებ, ის უნდა გააკეთონ. მათი დადებული დასკვნები მე მინახავს. სამწუხაროდ, მიუხედავად ასეთი დასკვნების არსებობისა, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ამ გამოწვევების პრევენციას.

- გამოცდილება აკლიათ თუ ამის საშუალებები არ აქვთ?

- ერთი ის, რომ ტექნიკური საშუალებები ნაკლები გვაქვს და მეორე ის, რომ აქ გულარხეინობის ელემენტებიც არის. ყველა ეს უწყება ერთ სისტემაში უნდა გაერთიანდეს და ახალი უწყება შეიქმნას. ხანძარს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ხშირად გვაქვს მეწყრები, წყალდიდობები და ათასი უბედურება. კლიმატი შეიცვალა, აქედან გამომდინარე ახალი გამოწვევები გაჩნდა. აუცილებელია ახლებური მიდგომა. ახალ გამოწვევებს ახალი მიდგომებით უნდა ვუპასუხოთ. ტექნიკაც უნდა შეიძინო, სისტემაც უნდა შექმნა ახალი და ძალიან ყურადღებითაც უნდა იყო ამ მიმართულებით. თუმცა ეს ხანძრები სრულიად განსხვავებული თემაა. სხვა არის, როდესაც ბუნებრივ კატაკლიზმებს ელოდები და სულ სხვაა, ამას ხელოვნურად რომ მოგიწყობენ.

- გაჩნდა კითხვები, რატომ მაინცდამაინც ის ადგილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში გადაწვეს?

- ეს ზედაპირზე დევს. იმიტომ, რომ 2008 წლის ომის დროს რუსების მიერ სამცხის ტყეებში გაჩენილი ხანძარი მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს ქმნის. ეს საზოგადოების ცნობიერებაში დარჩა, როგორც მძიმე მოვლენა. ამ მოვლენის რეანიმაციის მცდელობაც არის ყველაფერთან ერთად. ხალხს გაახსენეს 2008 წელი, თან აგვისტოს თვე და თან იგივე ადგილი.

- ეს შესაძლოა რუსული კვალი იყოს? თუ მავანს უნდოდა, რომ ეს მათ დაბრალებოდა?

- შეიძლება რუსული კვალიც იყოს და ნებისმიერი სხვაც. ასე თქმა გამიჭირდება. ვის აძლევს ხელსო და უამრავი ძალაა, უამრავი სახელმწიფოა ისეთი, ვისაც საქართველოს სისუსტე აწყობს. ეს ხომ აქსიომაა?! ეს აწყობს თითქმის ყველა მეზობელს. ვის უნდა ძლიერი სახელმწიფო რეგიონში?! შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებს. სხვას არც ერთს არ უნდა, დარწმუნებული ვარ!

- დახმარება მივიღეთ ყველასგან, გარდა რუსეთისა, ესეც სერიოზული განხილვის თემად იქცა, უნდა მიგვეღო თუ არა მათგან დახმარება?

- მე ვთვლი, რომ არ იყო საჭირო რუსეთისთვის მიმართვა ამ საკითხზე, არანაირი ფორმით. მით უმეტეს, ხანძარი იმ ადგილას გაჩნდა, სადაც რუსებმა თავის დროზე ხელოვნურად გააჩინეს. ამიტომ ამორალურია რუსეთის დახმარებაც და რუსეთისთვის მიმართვაც! არ არის აუცილებელი, მათ ვთხოვოთ დახმარება. ჩვენს სამეზობლოში არის ისეთი ქვეყნები, ვისაც ასეთი ტექნიკა აქვს. მაგალითად, უკრაინა, რომელთანაც ახლა დაიწყეს თანამშრომლობა და რომელსაც აქვს ასეთი ტიპის ავიაცია.

- ბორჯომის ხანძრის პროცესში არ ჩართულა უკრაინა, მხოლოდ ახლა დაიწყო აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობა. რატომ?

- ესეც არის კიდევ ერთი ნიშანი მოუმზადებლობისა, კარგი, შენ არა გაქვს ტექნიკა, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში პირველ რიგში ვის სთხოვო დახმარება?!

- ასეთი რთული რელიეფის მქონე ადგილებიც სპეციალურად არის შერჩეული, რომ რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო ზარალი?

- რასაკვირველია! არსებობს ობიექტური მიზეზები, რომელსაც ვერც გაითვალისწინებ და ვერც ლიკვიდაციას მოახდენ დროულად. მაგალითად, კანადის შემთხვევა, უზარმაზარი მასივები დაიწვა ტყის. კანადას ჯერ თვითონ აქვს უახლესი ტექნიკა და ამერიკაც აქტიურად ეხმარებოდა. იგივე მოხდა ავსტრალიაში, პორტუგალიაში. თუმცა იქ გამოიკვეთა, რომ ერთ ადგილას, ტყის ერთ მასივში მოხდა ხანძარი და ჩვენთან მოხდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

- სწორედ ეს ამძაფრებს ეჭვებს?

- დიახ. აშკარაა, რომ რაღაცა ჯგუფები მუშაობს ადამიანებისა, ვიღაცისგან აღებული აქვთ ფული და წვავენ ამ ქვეყანას. ეროვნებით ქართველები არიან ეს ადამიანები! მათ გეგმაში ხელისუფლების დისკრედიტაციაც შედიოდა და ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც ამას.

- წინასაარჩევნო პერიოდია, ამასთანაც აკავშირებთ?

- რასაკვირველია! ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს რომელიღაც პოლიტიკური ძალის დაკვეთა ყოფილიყო. იგივე ნაცმოძრაობისკენ გაიშვირეს ხელი. მე ასე თქმა გამიჭირდება. არ მინდა დავიჯერო, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა თავისი ინტერესებისთვის ასეთი რამ ჩაიდინა. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს რომელიმე სახელმწიფოს დაკვეთა, თუნდაც შურისძიების მიზნით, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული!

ახალი თაობა“, 31 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილზე ზეწოლა ხორციელდება“ // „ნაცები სადაც ორსული ქალის მოკვლას გეგმავდნენ, იქ ხანძარს რატომ ვერ გააჩენდნენ“

უნდა მიგვეღო თუ არა რუსეთის დახმარება, ვისი ან რისი შეეშინდა ხელისუფლებას, რა წერილი გაიგზავნა ამერიკაში, ცეკვავს თუ არა ხელისუფლება ნაცების დაკრულზე? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

- საქართველოში ხანძრების ლოკალიზება ვერ ხერხდება. ერთ-ერთი ვერსიით, საქმე გვაქვს რუსულ დივერსიასთან. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ვინ ავითარებს ამ ვერსიას, ნაციონალები? ყოფილმა ხელისუფლებამ შემოიტანა ეს კლიშე და ყველაფერზე გაიძახის, რუსეთი, რუსეთიო. მათი ლოგიკით ოჯახური ღირებულებების დაცვა, პატრიოტიზმი, ერთსქესიანთა ქორწინების გაპროტესტება ყველაფერი რუსული პროექტია. რუსეთიდან მართულ პროცესად ითვლება ასევე ეკლესიის დაცვა. ეს ხალხი იმდენად გონებაშეზღუდულია, რომ დახმარებაზე ამბობენ უარს. დახმარებაზე შეიძლება თქვა უარი, მაგრამ დროს ხომ გააჩნია. ქვეყანა ცეცხლის ალში იყო გახვეული და რუსულ დახმარებას არ მივიღებთო, გაიძახოდნენ. ზოგჯერ მგონია, რომ ქვეყანა კი არა, ფსიქიატრიული საავადმყოფო ვართ.

ხანძრების გაჩენის ვერსიას დავუბრუნდები და ხელისუფლებას არსად არ უთქვამს, რომ ეს დივერსიაა. პირადად მე მიმაჩნია, რომ მართლაც დივერსიასთან გვაქვს საქმე. ასე ერთდროულად ყველაფერს ცეცხლი თავისით არ გაუჩნდებოდა. თავის დროზე ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. იქ სააკაშვილი გვარამიას ორსული ქალის მოკვლის დავალებას აძლევს. სადაც ორსული ქალის მოკვლაზე მიდიოდნენ, იქ რომ ტყეები გადაწვან, რა გასაკვირია?! ეს უფრო შიდა მტრების გაკეთებული მგონია, თუმცა არაფერი გამორიცხული არ არის.

- გამოდის, რომ რუსულ დივერსიას არც თქვენ გამორიცხავთ?

- მე ვამბობ, რომ არაფერი არ არის გამორიცხული. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ საქმის გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქვეყნისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ნაციონალების ტყვეობისაგან გათავისუფლდეს. ყოფილი ხელისუფლება ახლა ბოლო ხმაზე რომ გაჰკივის, რუსული დახმარება არ უნდა მივიღოთო, თავად რატომ სთხოვეს რუსებს დახმარება.

- როდის სთხოვეს თავად რუსებს დახმარება?

- 2006 წელს აბასთუმანში ათობით ჰექტარი ტყე დაიწვა. ნაციონალების ხელისუფლებამ ხანძარი რუსების დახმარებით ჩააქრო.

- ეს 2006 წელი იყო, მაშინ მოსკოვს აფხაზეთი და სამაჩაბლო ჯერ არ ჰქონდა აღიარებული.

- აღიარებული არ ჰქონდა, მაგრამ ეს ტერიტორიები ხომ უკვე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული – საქართველო ამ ტერიტორიებს ვეღარ აკონტროლებდა. 2008 წლის ომის შემდეგ ნაციონალები და პირადად სააკაშვილი ცდილობდა, რომ მოსკოვში გაეგზავნა ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები. მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი? არ უარვყოფ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამ ჩიხიდან გამოსავალი ხომ უნდა მოიძებნოს. ეს რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე არ მოხდება. ამით პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული. ხდება პირიქით და ჩიხიდან გამოსვლას რუსეთი ცდილობს. ამ ქვეყნის პირველმა პირებმა არაერთხელ მოგვიწოდეს დიალოგისკენ. მათ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით პოზიციაც შეცვალეს. აქამდე გვეუბნებოდნენ, ამ რეალობას შეეგუეთო, ახლა ამბობენ, ყველაფერი შეიძლება მოლაპარაკებების გზით გადაწყდესო. პოზიცია აშკარად შერბილებულია. ამის გარდა, პუტინი გამოვიდა და თქვა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება მინდაო.

- თუ უნდა, რატომ არ აუქმებს? საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი 2012 წლის დასაწყისში გააუქმა...

- სავიზო რეჟიმის გაუქმება ასეთი მარტივი არ არის. მას რაღაც პროცედურები სჭირდება. ამის გარდა, საჭიროა მოლაპარაკებები.

- სააკაშვილმა ყოველგვარი პროცედურების და მოლაპარაკებების გარეშე გააუქმა ეს რეჟიმი. პუტინს რა პროცედურების დაცვა აუტყდა...

- როცა სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მოსკოვს არანაირი რეაქცია არ ჰქონია ამაზე. სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ქვეყნის სათავეში “ქართული ოცნება” მოვიდა. ამის საპასუხოდ გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი ჩუგოშვილი და თქვა, მსგავს პროვოკაციას არ დავუშვებთო. თქვენ როგორ გგონიათ, მის განცხადებას რუსეთში არ მოისმენდნენ? ჰოდა, მათაც აღარ გააუქმეს სავიზო რეჟიმი.

- ჩუგოშვილის განცხადების გამო გადაიფიქრეს გაუქმება?

- ჩუგოშვილი ამ შემთხვევაში არის ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ამ რეჟიმის გაუქმება და ამიტომაც აღარავინ დაგვაძალა. რუსეთმა ისედაც რამდენჯერმე შემოგვთავაზა დახმარება. ამ დახმარებაზე ჯერ 2015 წლის სტიქიის დროს ვთქვით უარი, ახლაც ასე მოვიქეცით. რუსეთს სიტუაციის დალაგება უნდა. აქედან კი ძველი რიტორიკა მიდის. ნაციონალებისგან იმ განსხვავებით, რომ პუტინს ლილიპუტინს არ ეძახიან.

თავიდან გვიმტკიცებდნენ, რომ დახმარება არ უთხოვიათ რუსეთისთვის. ახლა აღიარებენ, რომ დახმარება ითხოვეს. მითხარით, აქ სად არის ლოგიკა. დახმარება ითხოვეს და მერე პრემიერმა თქვა უარი ამ დახმარებაზე. გამოდის, რომ ის ვიღაცამ აიძულა, ასე მოქცეულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში უარს არ იტყოდა, იმ მომენტისთვის ცეცხლი კიდევ უფრო გაძლიერებული იყო. აშკარაა, რომ კვირიკაშვილზე ზეწოლა ხორციელდება და მანაც ამიტომ თქვა უარი.

- იქნება იმიტომ თქვა დახმარებაზე უარი, რომ იმ დროისთვის უკვე შემოგვთავაზეს დახმარება სომხეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა. რუსეთს კი იმ დროს როსტოვი გადაეწვა და ძლივს ჩააქრო თავის ტერიტორიაზე ხანძარი...

- სად გადაეწვა კაცო როსტოვი? ძალიან სწრაფად ჩააქრეს ხანძარი. რუსული ილ-76-ის ორი გადაფრენა იქნებოდა საკმარისი ამ ხანძრის ჩასაქრობად. ამ უარის გამო 100 ჰექტარზე მეტი ტყე დაგვეწვა და ჩვენი პრემიერიც ისე გამოჩნდა, როგორც არანორმალური – ჯერ დახმარება ითხოვა და მერე უარი თქვა. მას უარი თავისი ინიციატივით არ უთქვამს და მაინტერესებს, სადამდე უნდა გაგრძელდეს ასე? ხვალ რომ რაღაც ეპიდემია გაჩნდეს, არ უნდა მივიღოთ რუსული დახმარება? ეს არის სისულელე.

დანამდვილებით ვიცი იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილობით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და მათგან ითხოვა დახმარება. ამერიკისგან ამაზე არავითარი პასუხი არ ყოფილა. საქართველოს ხელისუფლება ამ წერილს ასაიდუმლოებს.

თქვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთამდე ამერიკას არ მიმართავდა თხოვნით? ასე მოიქცნენ და როცა მათგან პასუხი ვერ მიიღეს, ამის შემდეგღა მიმართეს მოსკოვს. ამერიკა მხოლოდ იმით დაგვეხმარა, რომ იან კელიმ ლოცვა აღავლინა ჩვენთვის. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ რაღაც ფეხსაცმელი გადმოგვცეს. თავმოყვარე ქვეყანა რომ ვიყოთ, ამ ფეხსაცმელს უკან გააგზავნიდნენ. ვის რაში სჭირდება მაგათი ბათინკები.

ახლა მე ვსვამ კითხვას, რატომ არ დაგვეხმარა ხანძრის ჩაქრობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ან სად იყო ნატო. მათაც ძალიან კარგად შეეძლოთ დახმარების გაწევა.

- ნატოს მიმართ სამდურავი არ გვეთქმის, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ის დღემდე გვეხმარება ხანძრების ჩაქრობაში...

- რას გვეხმარება. მათი ავიაცია არ არის საკმარისი. როცა ხანძარი აქვთ, დახმარებას ისინიც რუსეთს სთხოვენ. ჩვენ კი ამას ვერ ვბედავთ იმიტომ, რომ გვეშინია. ვიღაც ტვინნაღრძობებმა კრემლის აგენტები არ დაგვიძახონ. ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ რუსეთის დახმარება არ უნდა მიგვეღო, არის უცხო ქვეყნის აგენტები. მათ ინტერესებში არ შედის, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობა დარეგულირდეს.

მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს ის წერილი, რომელიც წინა კვირას ამერიკის მთავრობას მისწერეს. კარგი, თუ უნდათ, დამალონ ის წერილი, მაგრამ იმაზე გააკეთონ განმარტება, მიმართეს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ასევე მივმართავ იმ ხალხს, ვინც იძახის, რომ რუსეთის დახმარება არ უნდა მივიღოთ, მაგათ დახმარებაზე მაშინ თქვან უარი, საკუთარი სახლები და ჯიპები რომ დაეწვებათ, ქვეყანას კი თავი გაანებონ. ეს ქვეყანა მათ არც ნარდში მოუგიათ და არც ყომარში. ჩვენი მეფეები, ოღონდ ქვეყანა გადაერჩინათ და მტერთან მიდიოდნენ მოსალაპარაკებლად. ან რომელ ღირსებაზე მელაპარაკებიან, როცა ერთი უცხო ქვეყნის ელჩის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ.

ქვეყანა რომ გადაწვეს და რუსული დახმარება არ მიიღეს, რუსულ პროდუქციას რატომღა იღებენ? მთელი დახლები რუსული საქონლით არის გადავსებული. გააუქმონ უვიზო მიმოსვლაც და ისიც განმარტონ, რატომ არ იცავენ ოკუპაციის შესახებ კანონს.

ქობულეთში ვარ და უამრავი რუსი ტურისტი გავიცანი. თითქმის ყველა მათგანმა მითხრა, რომ რამდენიმე წლის წინ აფხაზეთში დაისვენეს, იქ არსებული სიტუაცია არ მოეწონათ და ამიტომ გადაწყვიტეს აჭარის რეგიონში დასვენება. ოკუპაციის კანონის მიხედვით კი ის, ვინც აფხაზეთში იყო საქართველოს გვერდის ავლით, აქ ვეღარ შემოვა. ეს რუს ტურისტებზე არ ვრცელდება, იმიტომ, რომ მათ ფული შემოაქვთ.

სააკაშვილმაც სავიზო რეჟიმი იმიტომ გააუქმა, რომ ტურისტები და შემოსავალი მიეღო. ამით რა გამოდის, რუსული ფული გინდა და რუსული დახმარება არა? ახლა ეს ტყეები რომ გადაიწვა, ერთი ვნახავ, ვინ ჩამოვა ბორჯომში და აბასთუმანში დასასვენებლად.

- დარწმუნებული ხართ, რომ რუსეთი აქ სამაშველო ოპერაციას ჩაატარებდა? ყველას გვახსოვს მათი ჰუმანიტარული მისია ტყვარჩელში. რუსებმა შოიგუს მეთაურობით იქ ჰუმანიტარული დახმარების ნაცვლად შეიარაღება შეიტანეს...

- მესმის, მაგრამ მაშინ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა აფხაზეთში. აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთი ყველანაირად ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებას.

- დალაგება რაში გამოიხატება, საოკუპაციო ხაზს ყოველდღე რომ სწევენ?

- ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი არის იმპერია. როგორც ყველა იმპერიას, მასაც აქვს თავისი ინტერესები. მოსკოვს არ უნდა, რომ ნატო, რომელიც მის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი, რუსეთის საზღვრებთან მოვიდეს. მის ადგილზე რომ ამერიკა ყოფილიყო, ისიც ყველაფერს გააკეთებდა, რომ საქართველო ნატოში არ შესულიყო.

ჩვენ იმის ნაცვლად, რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე ვიმუშაოთ, ნატო-ნატოს გავიძახით და აქ რაკეტების განთავსებას ვაპირებთ. ამას რუსეთი არ დაუშვებს. მე ამით კრემლს კი არ ვამართლებ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმპერიას აქვს თავისი ინტერესები.

როცა პატარა ქვეყანა ხარ და იმპერიას ომს ვერ მოუგებ, მოლაპარაკებები უნდა გამართო. ერეკლე მეფე ამათზე დიდი პატრიოტი იყო, მაგრამ გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა. ამ ტრაქტატის გაფორმებამდე საქართველოს მოსახლეობა იყო 400.000, ამის შემდეგ კი 5 მილიონამდე ავედით. ერეკლეს მაშინ ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, ახლა საქართველო აღარ იარსებებდა.

- ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო...

- ვინც ეგრე ფიქრობს, ყველა არის ლიბერასტი და ტვინნაღრძობი. ამათ ვეკითხები, რას აპირებენ, ყარსის ხელშეკრულების 100 წლიანი ვადა რომ გავა. ამ ხელშეკრულების გარანტორი არის რუსეთი. ამ ხელშეკრულებით დაუბრუნდა საქართველოს აჭარა და გურია.

- ამავე ხელშეკრულებით რუსეთმა თურქეთს საქართველოს ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი დაუტოვა...

- ეს ტერიტორიები ისედაც წართმეული გვქონდა. აჭარა და გურია ხომ მაინც დაგვიბრუნა? ახლა უარი რომ თქვას გარანტორობაზე და ეს ტერიტორიები თურქეთმა წაიღოს, მაინტერესებს, ამას ვინ გაუწევს წინააღმდეგობას. ამერიკა ცეცხლის ჩაქრობაში არ დაგვეხმარა და თურქეთთან ომში სულ არ ამოიღებს ხმას.

- რატომ უნდა დაგვხმარებოდა ამერიკა? მათ იმდენი ფული გამოუყვეს საქართველოს, რომ წესით კი უნდა გვეყიდა სათანადო ტექნიკა...

- ეგ სხვა თემაა. სამაშველო ვერტმფრენები უნდა გვყავდეს, მაგრამ ასეთი მასშტაბის ხანძარს ვერტმფრენი ვერ აქრობს. ამერიკას ჰყავს სპეციალური თვითმფრინავები და ისინი გამოეგზავნა. აქ ჩამოსაფრენად ერთი დღე დასჭირდებოდა მხოლოდ. წვრთნების ჩასატარებლად და რუსეთის გასაღიზიანებლად ხომ კარგად ჩამოჰყავს საქართველოში სამხედრო ტექნიკა.

ახალი თაობა“, 31 აგვისტო, 2017 წელი

ცხინვალში რუს სამხედროებს ეკლესიას უშენებენ

რუსეთის მომხრეები გამუდმებით აპელირებენ ჩვენი ავი მეზობლის ერთმორწმუნეობაზე. მეტი ეფექტის მოსახდენად იმასაც გვეუბნებიან, რომ რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და, საეროსგან განსხვავებით, არც ცხინვალის და არც სოხუმის დამოუკიდებლობას არ ცნობს.

ამ განცხადების პარალელურად რუსეთის პატრიარქი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში აქტიურად აგზავნის მისიონერებს. ახალი ათონის მონასტერში თავად პატრიარქმა კირილმა დანიშნა ტაძრის წინამძღოლი, რაც აფხაზური ეკლესიის გახლეჩით დასრულდა.

აფხაზეთის სრულად ათვისების შემდეგ, რუსეთის საპატრიარქო სამაჩაბლოთიც დაინტერესდა. რამდენიმე თვის წინ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის “დამცველმა” პატრიარქმა კირილმა ანატოლი ბიბილოვს გაპრეზიდენტება მიულოცა და ლოცვა-კურთხევაც მიაყოლა, ცოტა ხნის წინ კი ის კაცი თავის რეზიდენციაში მიიღო.

ამ შეხვედრის საუბრის მთავარი თემა ცხინვალში რუსული ეკლესიის მშენებლობა იყო. აღსანიშნავია, რომ ამ ეკლესიის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო.

ეტყობა, რუსეთის საპატრიარქოსთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოსური მედიის ცნობით, ცხინვალში რუსული ეკლესიის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ჩავიდა ცხინვალში ვლადიკავკაზის და ალანიის ეპისკოპოსი ლეონიდე. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ანატოლი ბიბილოვმა უმასპინძლა.

ეპისკოპოსმა მადლობა გამოთქვა იმის გამო, რომ ტაძრის მშენებლობა სწრაფ ტემპებში მიმდინარეობს.

ანატოლი ბიბილოვისა და ალანიის ეპისკოპოსის შეხვედრიდან გაირკვა, რომ ეს ტაძარი უფრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის შენდება.

- ეს ტაძარი ძირითადად 58-ე არმიის მებრძოლებისთვის შენდება. იქ ივლიან რუსი მესაზღვრეები, სამხედრო მოსამსახურეები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაძრის მოლოცვის საშუალება სხვებს არ მიეცემა. ტაძრის კარები სამხრეთ ოსეთის ნებისმიერი მოქალაქისთვის ღია იქნება, – მოწყალება გაიღო ალანიის ეპისკოპოსმა.

ეპისკოპოსის თავის მოსაწონებლად რწმენაზე ჩამოაგდო საუბარი ანატოლი ბიბილოვმაც. რუსეთის არმიის თადარიგის ოფიცერმა სიამაყით განაცხადა, რომ მათი კონსტიტუციით მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული.

ანატოლი ბიბილოვს იმაზეც აუჩუყდა გული, რომ რუსეთსა და ცხინვალს სწორედ მართლმადიდებლობა აერთიანებს.

- ჩვენ გვჯერა, რომ რწმენით და ღვთის წყალობით ვივლით წინ, – აღნიშნა ცხინვალის ლიდერმა.

რუსი სამხედროებისთვის აშენებულ ეკლესიაში ალბათ რუსი სასულიერო პირი აღავლენს წირვას. საინტერესოა, რაზე იქადაგებს “ერთმორწმუნე” სასულიერო პირი ან რა სინდისით აკურთხებს სხვისი მიწის ოკუპაციას. თუმცა, ეტყობა, ამათ რწმენაში ასეთი რაღაცები მოსულა.

Comments are closed