globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 31 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 31st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან: „ახალი პრემიერი უფრო შეგნებული და ჭკუადამჯდარი ადამიანია… ჩვენს ინტერესებში შედის, რომ კვირიკაშვილმა იგივე ფიასკო არ განიცადოს, რაც ღარიბაშვილმა განიცადა”

„რეზონანსი“: რა იყო მთავარი 2015-ში და რას უნდა ველოდოთ 2016-ში

„რეზონანსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გამორჩეულად წარმატებული წელი იყო“

„რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „საქართველოს ეკონომიკას არანაკლებ რთული 2016 წელი ელოდება… პირველ კვარტალში ინფლაციური წნეხი დიდი იქნება”

„რეზონანსი“: ეკონომიკის ზრდა 3%-ზე მეტი იქნება // საერთაშორისო ორგანიზაციების ვარაუდი არ გამართლდა, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით გამძლე აღმოჩნდა

—————————-

„რეზონანსი“, 31 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან: „ახალი პრემიერი უფრო შეგნებული და ჭკუადამჯდარი ადამიანია… ჩვენს ინტერესებში შედის, რომ კვირიკაშვილმა იგივე ფიასკო არ განიცადოს, რაც ღარიბაშვილმა განიცადა”

თაკო მათეშვილი

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლით ქვეყანაში ბევრი არაფერი იცვლება, რადგან არაფორმალური მმართველობა გრძელდება და ძირეული და სისტემური ცვლილებები არ განხორციელებულა.

“რეზონანსთან” საუბრისას იიგი გიორგი კვირიკაშვილის მთავარ გამოწვევად ბიძინა ივანიშვილის გავლენისაგან გათავისუფლებას, მთავარ მისიად კი არჩევნებისთვის მშვიდი გარემოს შექმნის უზრუნველყოფას მიიჩნევს:

„ვფიქრობ, ახალ პრემიერ-მინისტრს აქვს იმის რესურსი, რომ ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში მიიყვანოს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრებაში თვისობრივ ცვლილებას, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას არ ველოდები, რადგან ამ პრობლემების მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მთავრობის ხალხისადმი დამოკიდებულება ძირფესვიანად შეიცვლება. 2014-2015 წლებში დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს, ფაქტობრივად, ზურგი აქცია. ამ წლების განმავლობაში კი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ის ბევრად უფრო შეგნებული და ჭკუადამჯდარი ადამიანია. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა არჩევნების წელს პოლიტიკური დაპირისპირება არ მოხდეს და ამ გადამწყვეტ არჩევნებს მშვიდ ატმოსფეროში შევხვდეთ. ჩვენ კვირიკაშვილს 100 დღე მივეცით. მიუხედავად იმისა, რომ ის ქართულ პოლიტიკაში ახალი სახე არაა, იმსახურებს შანსს, რომ ამ 100 დღის განმავლობაში საკუთარი თავი გამოავლინოს. მზად ვართ, რომ მას ჩვენი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე რჩევები მივცეთ, თუკი დასჭირდება, რათა გარკვეული პრობლემების მოგვარება სწრაფად დაიწყოს. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ კვირიკაშვილმა იგივე ფიასკო არ განიცადოს, რაც ღარიბაშვილმა განიცადა. რაც ყველაზე მთავარია, გვინდა, რომ მან გადაწყვეტილება მიიღოს და დაუჯეროს არა ერთ კონკრეტულ მოქალაქეს, არამედ ხალხს და მასთან ხშირი კონტაქტი ჰქონდეს“, – ამბობს ირაკლი ალასანია.

- გიორგი კვირიკაშვილი ორი დღის განმავლობაში გამოდიოდა პარლამენტში. რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მისი გზავნილებიდან?

- მომეწონა ის, რომ მას უნდა ზიზღის პოლიტიკა დასრულდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სურვილი გულწრფელია. მას ვიცნობ და ვიცი, რომ შინაგანად მორალური ადამიანია. ისიც ვიცი, რომ არავის მისცემს საშუალებას იუსტიციის სტრუქტურები, შსს თუ სპეცსამსახურები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენოს. მეორე მხრივ, ეკონომიკური და სოციალური ხასიათის გზავნილებიდან გამომდინარე მასთან ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს – რატომ არ კეთდებოდა ეს ყველაფერი ბოლო სამი წლის განმავლობაში? რატომ ვერ მოხერხდა მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს იმ პროგრამების განვითარება, რაც ერთობლივად გვქონდა დაგეგმილი სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის?

ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან გააჟღერა ის, რის გაკეთებასაც “თავისუფალი დემოკრატები” ვაპირებთ – საპენსიო რეფორმა. რატომ გადაიდო ეს აქამდე? ასე რომ, ამ გარდამავალ მთავრობას მე მთავარ ფუნქციად იმას ვუსაზღვრავ, რომ მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

- კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გარდა, თანამშრომლობას “თავისუფალ დემოკრატებთან” და სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც აქტიურად აპირებს. თქვენი აზრით, ეს გამოუვა?

- პირველ რიგში, ზიზღმა და ტალახის სროლამ ქართული პოლიტიკა უნდა დატოვოს და კონკრეტულ საქმეებზე უნდა გადავიდეთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავრობა მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და არა ხალხს. ჩვენ კი, “თავისუფალი დემოკრატები”, ხალხში დავდივართ და ზუსტად ვიცით, რა განწყობაა – იმედგაცრუებულად და მიტოვებულად გრძნობენ თავს. დებატები იმაზე უნდა გვქონდეს, ვინ უკეთ შეძლებს ხალხისათვის მიცემული დაპირებების შესრულებას, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სწორედ ამით უნდა დავკავდეთ და არა ტალახის სროლით, რაც, სამწუხაროდ, წინა პრემიერისა და ამ ხელისუფლების სამარკო ნიშანი გახდა. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ აბაშიძემ ახალ პრემიერს ის პროგრამა გადასცა, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ ერთად შევიმუშავეთ და რომლიდანაც დაპირებების დიდი უმრავლესობა არ შესრულებულა. მინდა, რომ ეს პროგრამა მისი სამაგიდო წიგნი გახდეს.

- რომელი მინისტრების შეცვლას მიიჩნევთ საჭიროდ?

- ეს მისი გადასაწყვეტია. ხალხი მეკითხება – თუ არაფერი შეიცვალა, რითი იქნება ივანიშვილის წინა მთავრობა ივანიშვილისავე დღევანდელი მთავრობისაგან განსხვავებული? რითი იქნება ახალი მთავრობა უკეთესი? შეიძლებოდა ეს შეკითხვები არ გაჩენილიყო, თუკი ახალი პრემიერი თვისობრივ ცვლილებებს მოახდენდა. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხსნაცა და დანიშვნაც ერთი ადამიანის გადაწყვეტილება იყო. ამიტომაც, ჩვენი ქვეყნის მართვაში არაფერი შეიცვლება, ვიდრე 2016 წლის არჩევნებით ხელისუფლება თვისობრივად არ განახლდება.

- წინა პრემიერმა ისე დაგვტოვა, რომ გადადგომის მიზეზი არ უთქვამს.

- ეს აბსოლუტურად არანორმალურია. დემოკრატიული მართვის პირობებში წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ტოვებდეს. შემდეგ კი ერთი სახის გარდა არავინ იცვლებოდეს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენთან დემოკრატიული კი არა, არაფორმალური მართვაა. ის ცვლილება, რაც ხალხს უნდა, ვერ განხორციელდება. არ შეიძლება მხოლოდ ერთმა მოქალაქემ იცოდეს ყველაფერი. მითუმეტეს, რომ ის საზოგადოებას მოწყვეტილია.

“თავისუფალი დემოკრატები” ხალხში იმიტომ დავდივართ, რომ მათი პრობლემები მოვისმინოთ, გავიგოთ, რა უჭირთ. ამიტომაც შევთავაზეთ კვირიკაშვილს ჩვენი მხარდაჭერა – შეგვიძლია მას ხალხის ხმა გავაგებინოთ. მე მასში ამის სურვილს ვხედავ და რამდენად გაართმევს თავს, რამდენად შეინარჩუნებს პრინციპულობას, უახლოეს 100 დღეში გამოვლინდება. ამ დროში მისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ველოდებით.

- წლის ბოლოა და როგორ შეაფასებთ განვლილ 2015 წელს? რა მოხდა ამ წელს ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

- 2015 წელი, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკური დაღმასვლით გამოირჩეოდა. ხალხს არ უნახავს არც ერთი პროექტი, რომელიც გაუუმჯობესებს ან შეუმსუბუქებს იმ ტვირთს, რაც მათ თუნდაც ბანკის ვალების სახით ადევთ. ამიტომ 2015 ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერება როგორც ეკონომიკურად უმძიმესი წელი.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის, რის მიღწევაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით – ევროკომისიამ დადო ისეთი დასკვნა, რაც მომავალ წელს ევროპაში თავისუფლად სიარულის საშუალებას მოგვცემს. მეამაყება, რომ “თავისუფალი დემოკრატების” გუნდმა, რომელიც მთავრობაში მუშაობდა, სხვა პროგრესულ ძალებთან ერთად ამაში სერიოზული წვლილი შეიტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ქართულ საზოგადებას ვულოცავ.

მინდა, რომ მომდევნო წელი ჩვენი გამოუყენებელი შესაძლებლობების გამოყენების წელი იყოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში უამრავი მიმართულებით გვქონდა კარგი წამოწყება, ჩავდეთ მარცვალი, რომელსაც გაღვივება სჭირდებოდა. 2016 წელს უამრავი ახალი ინიციატივა უნდა დავიწყოთ, რათა ეკონომიკის გაუმჯობესებას მივაღწიოთ.

მინდა მოქალაქეებს ოპტიმიზმი დაუბრუნდეთ. ახალ თაობაზე დიდ გათვლას ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ისინი ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენი თაობა. აქედან გამომდინარე, უკეთესი ხვალინდელი დღის მწამს. მინდა, რომ ეს განწყობა ყველას გადავდოთ. 2016 წელი რწმენისა და ოპტიმიზმის დაბრუნების წელი უნდა იყოს.

- საზღვრების გახსნის შანსი არა მხოლოდ ევროპასთან, რუსეთთანაც მოგვეცა. რას მიაწერთ ამას და რამდენად ადეკვატური იყო ამ ყველაფერზე ხელისუფლების რეაქიცა?

- რუსეთმა დაინახა – ევროპისაკენ სერიოზულად გადავდგით ნაბიჯი. ევროკავშირმა საქართველოს დამსახურებები აღიქვა და სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ამას მოჰყვა რუსეთის ინიციატივაც. ჩემი აზრით, ეს ვითარება – რუსეთისა და ევროპის კუნკურენცია საქართველოსთან ურთიერთობისათვის, უნდა გამოვიყენოთ. ყველა ნაბიჯს მივესალმები, რომელიც მოქალაქეებს ბარიერს მოუხსნის. რაც მეტ ქვეყანაში შეეძლებათ მათ ჩასვლა, მით უკეთესი იქნება ჩვენი ინტერესებისათვის. ეს ყველაფერი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღსადგენად უნდა გამოვიყენოთ.

- რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება რამდენად წაეხმარება 2016 წლის არჩევნებზე პრორუსულ ძალებს?

ი.ა: ღრმად მწამს იმის, რა ტენდენციაც ბოლო 10 წლის განმავლობაში დამკვიდრდა. ერის სურვილია, რომ ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის ნაწილი იყოს, სადაც თითოეული მოქალაქე უკეთ იცხოვრებს, მათი სოციალური თუ სამოლქალაქო უფლებები გარანტირებული იქნება. ეს მტკიცე გადაწყვეტილებაა. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ჩვენი მოქალაქეების დაახლოებით 70% ამ კურსს უჭერს მხარს. პოსტსაბჭოთა, ევრაზიული სივრცისკენ ამის რაიმე ფორმით შემობრუნება ვერ წარმომიდგენია. ახალ თაობას გადაავლეთ თვალი, მათი ამ მიმართულებით მობრუნება წარმოუდგენელია. თუმცა, ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ამას მიზანმიმართული გაგრძელება სჭირდება იმ პოლიტიკის, რასაც ევროპისაკენ სვლა ჰქვია. ხომ ხედავთ, ჩვენმა ამ მცდელობამ შედეგი უკვე რუსეთთან მიმართებაშიც მოიტანა. ამ გზაზე წინ უფრო თამამად უნდა ვიაროთ.

- რამდენად წარმატებული წელი გვქონდა, თქვენი აზრით, თავდაცვის კუთხით. რამდენად წარმატებული იყო ახალი მინისტრის საქმიანობა? ფიქრობთ თუ არა, რომ განვლილ სამიტზე მეტის მიღწევა შეიძლებოდა?

- ჩვენ შარშანდელ სამიტზე ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ, როცა საქართველომ ნატო-ს არსებითი პაკეტი მიიღო. ამ სამინისტროს ახლა ამ პაკეტის ზედმიწევნით სწორად შესრულება ევალება. სამინისტროს ყველა თანამშრომელს დიდ პატივს ვცემ. განსაკუთრებით სამხედროებს. მწამს, რომ მათ აქვთ ამ პაკეტის შესრულების შესაძლებლობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შეიარაღებული ძალების თითოეულ წევრს მივულოცო ახალი წელი. დიდ მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ჩვენს მშვიდობას იცავენ.

- თქვენმა თანაგუნდელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში ცვლილებებია საჭირო. რას გულისხმობდა ის და რის გაკეთებას აპირებთ ამ კუთხით იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოხვედით?

- ჩვენ საყოვეთაო ჯანდაცვის სისტემას მთლიანად განვაახლებთ, მთავარი აქცენტი ხარისხის ამაღლებასა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე გაკეთდება. ყველგან, სადაც დავდივართ, გვესმის პრობლემა, რომ პენსიონერები წამალს ვერ ყიდულობენ. ზოგიერთი წამლის ფასი 200 პროცენტითაც კი გაიზარდა. ასე რომ, ჩვენ მთავარი აქცენტი მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე გვექნება.

- რის ხარჯზე?

- იმის ხარჯზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ყველას ხარჯებს არ დაფარავს. ეს ფული იმაზე არ უნდა დაიხარჯოს, ვისაც საკუთარი ჯანდაცვის უზრუნველყოფა შეუძლია. საზოგადოების დიდ ნაწილს საკუთარი თავის შენახვა შეუძლია. მას მაღალი ხელფასი აქვს და ეს ფული შემწეობის არმქონე ხალხს აკლდება. ამიტომ გვინდა, დღეს არსებული სისტემა სამართლიან სისტემად გადავაქციოთ. სწორედ ამ გამოთავისუფლებული თანხებით მოვახერხებთ ხარისხის გაუმჯობესებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. დეტალებს კი საზოგადოებას ჩვენი პროგრამის წარდგენის დროს გავაცნობთ.

„რეზონანსი“, 31 დეკემბერი, 2015 წელი

რა იყო მთავარი 2015-ში და რას უნდა ველოდოთ 2016-ში

ეკატერინე ბასილაია

2015 წელს ქვეყნის მთავარ წარმატებად ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე თანხმობა დასახელდა, ხოლო წლის წარუმატებლობად გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლის უვადოდ არჩევა, თანამდებობის არაადეკვატური პრემია/დანამატები და ლარის დევალვაცია. პოლიტოლოგების პროგნოზით, მომავალი წლის მთავარ მოვლენად ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და მის გარშემო განვითარებული მოვლენები ჩაითვლება. წინასაარჩევნოდ გამოჩნდებიან ახალი სახეები, იქნება ახალი დაპირებები, კომპრომატები, დაპირისპირებები. პარლამენტი კი, დიდი ალბათობით, უფრო მრავალპარტიული გვეყოლება.

2015 წლის მთავარი მოვლენები

პოლიტოლოგების შეფასებით, 2015 წელს ქვეყანაში ნეგატიური უფრო ბევრი რამ მოხდა, ვიდრე პოზიტიური. პრობლემა იყო თანამდებობის პირების მიერ გამოწერილი უზარმაზარი დანამატები; ნეპოტიზმი საჯარო უწყებებში; ორმოები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დედაქალაქში; ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დაუფიქრებელი განცხადებები; პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უდიერი დამოკიდებულება; დენის ტარიფის ზრდა, მაშინ როდესაც 2012 წელს “ოცნების” დაპირება ტარიფების განახევრება იყო; ყველაზე უარყოფითი კი ეკონომიკური პრობლემები და ეკონომიკური პოლიტიკის საერთოდ არქონა დასახელდა, რომლის გამოც მოხდა ინვესტიციების შემცირება, ლარის დევალვაცია და ფასების მატება. ასევე ის, რომ 2015 წელს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2,5% იყო, მაშინ როდესაც დაანონსებული იყო, რომ ზრდა 5%-იანი უნდა ყოფილიყო.

დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია აცხადებს, რომ “2015 წელი უმნიშვნელო და უინტერესო წელი იყო, როდესაც ქვეყანა ძირითადად ერთ ადგილს ტკეპნიდა, არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა და ისტორიაში არაფრით შევა.”

ნოდია წლის შეფასებას უარყოფითი მოვლენების იმ ნაწილის ჩამოთვლით იწყებს, რაც წინასაარჩევნო პროცესისას აქტუალური იქნება:

“წლის მთავარ პრობლემად რჩებოდა შერჩევითი მართლმსაჯულება და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება; ეკონომიკური პოლიტიკის საერთოდ არქონა; 2015 წლის პრობლემებიდან ამომრჩეველი აუცილებლად გაიხსენებს დანამატებად გადაკეთებული პრემიების თემას, ლარის გაუფასურებას, დენის ტარიფის გაზრდას, “რუსთავი 2″-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ამ ყველაფერმა “ოცნების” რეიტინგის კლებაზე უკვე მოახდინა კიდეც გავლენა და ეს მომავალშიც იქნება. ასევე ამომრჩეველს გაახსენდება ბესელია-კობახიძის კორუფციული სკანდალი, რომელიც შეწყალების კომისიას უკავშირდება; ამომრჩეველს აუცილებლად გაახსენდება ახალი პრემიერის მიერ ნათქვამი ის სიტყვაც, რომ 2012 წელს ძალიან ბერი არარეალური დაპირება გაიცა და ამიტომაც დაპირებების მიმართ ისეთივე აღფრთოვანებული ნდობა არ იქნება. მასობრივი ამომრჩევლისთვის არა, მაგრამ პოლიტიკურად აქტიური “ოცნების” მხარდამჭერებისათვის მოსამართლე მურუსიძის არჩევაც დიდი იმედგაცრუება იყო და “ოცნებას” წინასაარჩევნოდ ოპონენტებიც კი წამოაძახებენ ამ თემას,” – მიიჩნევს ნოდია. მისი თქმით, ყველაზე დადებითი მოვლენა, რაც ხალხისთვისაც გასაგებია, ეს სავიზო რეჟიმის რეალური პერსპექტივის გახსნაა:

“ყველაზე ხელჩასაჭიდი მიღწევა იყო სავიზო რეჟიმის გამარტივების პერსპექტივა, რომელიც მომავალ წელს უნდა ამოქმედდეს. მოსახლეობისთვის ალბათ ნაკლებად თვალსაჩინო, თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნა. დიდი რეზონანსი არ ჰქონია, თუმცა მნიშვნელოვანი იყო ჩინეთიდან მატარებლის ჩამოსვლა. რაღაც გარკვეული პროექტების ნაწილმა, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და “ქართულმა ოცნებამ” გააგრძელა, წელს გარკვეული ნაყოფი გამოისხა და ეს თავისთავად პოზიტიური იყო“.

„საქართველოს განვითარების ფონდის” წევრის, პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით “ოცნების” ყველაზე დიდი წარუმატებლობა იყო წლის ბოლოს მურუსიძის მოსამართლედ არჩევა:

“დადებითი იყო ის, რომ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემენ; ასევე შემოდგომის დასაწყისში აბრეშუმის გზის ფორუმი, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის რეალურ პერსპექტივას ასახავს, ისევე როგორც უსაფრთხოების ახალ პარადიგმაშიც ეწერება. რაც უფრო ბევრი დიდი ქვეყანა დაინტერესდება საქართველოში დიდი ფულის ჩადებით, ეს ნიშნავს, რომ უფრო მყარი იქნება საქართველოს განვითარების, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიები. თუკი დასავლეთთან ერთად საქართველოთი დაინტერესდებიან ჩინეთი და ირანი, რუსეთი, როგორც საფრთხე სულ უფრო და უფრო უკან დაიწევს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან კარგია.

უარყოფითი გაცილებით ბევრია: ლარის კურსიდან გამომდინარე, ლარის მსყიდველობითუნარიანობის დაცემამ მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკება გამოიწვია. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ახლო მომავალშიც უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა. ხელისუფლებას კი ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ხედვა არ გააჩნია. თუკი რაიმე ცვლილებებზეა საუბარი, მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცვლილებებია და ეს უფრო თვალსაჩინო მომავალ წელს, არჩევნებისას გახდება. წლის ყველაზე წარუმატებელი საქმე იყო მურუსიძის სააპელაციო მოსამართლედ არჩევა. ეს მოხდა წლის ბოლოს და ეს იყო “ოცნების” წარუმატებლობის დაგვირგვინება. ამ არჩევით გირგვლიანის ტრაგედიაში “ნაციონალების” პასუხისმგებლობის თანაზიარი გახდა. თუკი რამე დაამთავრებს “ქართულ ოცნებას”, ეს იქნება ის, რაც “ნაციონალების” დასასრულის დასაწყისად იქცა და ეს არის გირგვლიანის თემა. ეს არის ბომბი, რომელიც კვირიკაშვილს დაუდეს და რომლის განეიტრალების რესურსი არ აქვს,” – აცხადებს ლაგაზიძე.

რა იქნება 2016-ში

გია ნოდია პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს არჩევნებია და ამ მხრივ საინტერესო წელი იქნება, თავისი დაძაბული ბრძოლით, კომპრომატებით და დაპირისპირებებით სავსე.

“წლის მთავარი პოზიტივი იქნება უვიზო რეჟიმის ამოქმედება. არჩევნების გამო კი დაძაბული დაპირისპირებები იქნება. ვის რა შანსი აქვს, ამ ეტაპზე გაურკვეველია და ეს ამ პროცესს საინტერესოს ხდის. ბოლო გამოკითხვებით დაახლოებით 65% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია ხმას ვის მისცემს, ეს აჩენს ვარაუდს, რომ პარლამენტი უფრო ჭრელი იქნება, ვიდრე დღესაა და რეალურად კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას. პარლამენტში შესვლის შანსები აქვთ ირმა ინაშვილის პოლიტიკურ ძალას, ცოტათი ნაკლები პროცენტით ნინო ბურჯანაძის პარტიას. ორივეს ერთად 10-15%-ის ფარგლებში შესვლის შესაძლებლობა აქვს. თუმცა კატეგორიულად რაიმე მკაფიო პროგნოზის გაკეთება რთულია. წინასაარჩევნო პერიოდი ცხელი იქნება, იქნება დაშინება, კანდიდატების მოხსნაც, რაღაც კომპრომატები და ფარული ჩანაწერები. მიუხედავად იმისა, რომ ფარული ჩანაწერების თემა გაცვდა და იარაღად მისი გამოყენება შედეგს ვერ მოიტანს, თუმცა გამორიცხული არ არის ესეც იყოს. ალბათ განახლდება “რუსთავი 2″-ის თემაც.

“ახალი პრემიერი დიდი ალბათობით, პრინციპულად არაფერს შეცვლის, შეიცვლება რიტორიკის სტილი. უფრო თავშეკავებული იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. ეს უკვე გამოჩნდა. მაგალითად ითქვა, რომ პრეზიდენტის მიმართ რიტორიკა უფრო რბილი იქნება და მის გამოსახლებაზე ლაპარაკი შეწყდება. შესაძლოა 2-3 მინისტრი გამოიცვალოს, მაგრამ ესეც არაფერს შეცვლის, სიახლეები იქნება საპარლამენტო სიაში,” – დასძენს ნოდია.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა, რომელიც ღარიბაშვილის ანტიპოდია, თავისთავად პოზიტივია და მასზე წინასაარჩევნოდ არჩევანის გაკეთება, როგორც ჩანს, ჩატეხილი ხიდის აღდგენას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ახლა მთავარია ამ პოზიტივს “ქარული ოცნება” როგორ გამოიყენებს.

“თუკი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი კვირიკაშვილის ხელში არ აღმოჩნდა და რეალური ცვლის შესაძლებლობა არ მიეცა, მაშინ ისეთივე მსხვერპლი იქნება, როგორიც ღარიბაშვილი იყო. მინისტრთა კაბინეტის ცვლილებები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იქნება და ეს იქნება ერთგვარი წინასაარჩევნო შოუ. მთავრობა ხვდება, რომ საზოგადოებას მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს ვერ შესთავაზებს და ამიტომ შესთავაზებს სანახაობას,” – აცხადებს ლაგაზიძე. იგი ამბობს, რომ მომავალ წელს იქნება წინასაარჩევნო ბატალიები, თუმცა დაჭერები არ იქნება. მისივე თქმით, მურუსიძის არჩევით ხელისუფლებამ გააჩინა ეჭვი, რომ არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

“სხვა ახსნა მურუსიძის არჩევას არ აქვს. სააპელაციო სასამართლო, სადაც მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ არის საარჩევნო დავების გადაწყვეტის ბოლო ინსტანცია. “ქართულ ოცნებას” სურს ამ მოსამართლეებით გამოიტანონ მძიმე ვერდიქტი, მაგრამ ვერ ხვდებიან ერთ რამეს, რომ საზოგადოება კიდევ ერთ გაყალბებულ არჩევნებს ვერ მოითმენს. ტყუილად ჰგონიათ, რომ იმ 65%-დან, ვინც ამბობს, რომ არჩევნებზე არ აპირებენ წასვლას, გაყალბების შემთხვევაში ქუჩაში არ გამოვლენ და არ გააპროტესტებენ,” – მიიჩნევს ლაგაზიძე.

„რეზონანსი“, 31 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გამორჩეულად წარმატებული წელი იყო“

თიკო ოსმანოვა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას მმართველი პარტია მოიპოვებს, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. პარლამენტში უფრო მეტი პარტია შევა და მმართველ პარტიას მათთან თანამშრომლობა, ბლოკების შექმნა მოუწევს, ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც “რეზონანსი” 2015 წლის შედეგებსა და 2016 წლის პერსპექტივებზე ესაუბრა.

„შეიძლება ითქვას, გამორჩეულად წარმატებული წელიწადი იყო. გაგვანებივრეს ვიზალიბერალიზაციით ჯერ ევროპასთან, მერე რუსეთთან, რასაც პუტინი ევროპასთან კონკურენციის მიზნით დაგვპირდა. და მეორე მხარე, რაც დიდი ხანია შეუმჩნეველი იყო – ჩინეთმა საქართველოსთან დაკავშირებით ინტერესი გამოხატა და მატარებელი შემოიყვანა. რაც შეეხება ნეგატიურს, იყო საგარეო საფრთხეები და ასევე ლარის გაუფასურება, რომელმაც სოციალური პრობლემები შექმნა», – ამბობს პოლიტოლოგი.

- აქედან გამომდინარე, რას ელოდებით მომავალ წელს?

- პირველ რიგში ალბათ იქნება სამთავრობო ცვლილება. ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება, რაც კვირიკაშვილმა უკვე დააანონსა. ამ ეტაპზე არ შეცვალა ალბათ იმიტომ, რომ არ იყო მზად. როგორც ჩანს, ღარიბაშვილის გადადგომის გადაწყვეტილება არავისთან არ იყო შეთანხმებული. ეს ყველაფერი კი სავარაუდოს ხდის, რომ მინისტრთა კაბინეტში გვექნება სიახლეები.

- საარჩევნო წელიწადია, ამ კუთხით რა მოლოდინი გაქვთ?

- რა თქმა უნდა, მომავალი წელი ამითაც იქნება გამორჩეული. ამ მხრივ კი, ვფიქრობ, ყველას ერთნაირი პროგნოზი აქვს. ალბათ ყველაზე მეტ ხმას მმართველი პარტია მოიპოვებს, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. პარლამენტში ალბათ უფრო მეტი პარტია შევა და მმართველ პარტიას და ამ ოპოზიციურ პარტიებს მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა, ბლოკების შექმნა. ხოლო თუ გამართლდა ჩემი პროგნოზი, ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ქართულ სინამდვილეში. დიდი მნიშვნელობის იქნება ის, თუ როგორ გადალახავს ამ ამოცანებს ქართული პოლიტიკური სპექტრი. 2016 წელს ასევე მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტიც, რომ აშშ ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

“რ”: ახალი ძალის გამოჩენა თუ არის მოსალოდნელი, მაგალითად, ელოდებით თუ არა ბურჭულაძის ან სხვა, ჯერჯერობით უცნობი ძალის გააქტიურებას?

- პაატა ბურჭულაძის მხრიდან პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას არ ველოდები. თუ ჩამოსაყალიბებელი იყო, აქამდე ჩამოაყალიბებდა. თან ამასთან დაკავშირებით არ აქტიურობს. მის შემადგენლობაში ძალიან კარგი კვალიფიკაციის ხალხია, მაგრამ მე მგონი, ცოტას აგვიანებენ. რაც შეეხება სხვა სუბიექტებს, აქტიურობის მხრივ ისინიც ცოტას აგვიანებენ. მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. პარტიამ შეიძლება სტრატეგია ჩამოაყალიბოს ბოლო მომენტში.

- რაც შეეხება არსებულ ოპოზიციურ პარტიებს, ელოდებით თუ არა მათგან წინასაარჩევნოდ რადიკალურ ცვლილებებს?

- მმართველ პარტიას აკლდება ხმები, ოღონდ ეს არ მიდის “ნაციონალურ მოძრაობასთან”, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიდის. მაგრამ, გამორიცხული არ არის, პარტიების რეიტინგი რადიკალურად შეიცვალოს.

„რეზონანსი“, 31 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „საქართველოს ეკონომიკას არანაკლებ რთული 2016 წელი ელოდება… პირველ კვარტალში ინფლაციური წნეხი დიდი იქნება”

მარი ჩიტაია

საქართველოს კიდევ ერთი რთული წელი ელის. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2015 წელს ქვეყნის ეკონომიკაში თითქმის არც ერთი სისტემური პრობლემა არ გადაჭრილა, სავარაუდოდ, ის მომავალ წელსაც გამოწვევად დარჩება ქვეყნისთვის. ასეთია ინფლაცია, ლარის კურსი, ეკონომიკური ზრდა და სხვა, რომლის მოგვარების პერსპექტივა ნაკლებად ჩანს, მით უმეტეს, წინ არჩევნებია და პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური რისკებიც გაიზრდება.

უფრო ვრცლად, როგორია ქვეყნის გამოწვევები, რისი გამკლავებაც 2016 წელს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწევს, რამდენად შესაძლებელია მათი გადაწყვეტა და რეალურად რა შესაძლებლობები ექნება ქვეყანას – “რეზონანსის” კითხვებს ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში, “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” დამფუძნებელი გია ხუხაშვილი პასუხობს.

- როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყნისთვის 2015 წელს და რა მოლოდინი გაქვთ სამომავლოდ, შეძლებს თუ არა ქვეყანა, არსებულ გამოწვევებს ღირსეულად გასცეს პასუხი?

- მოლოდინი მაინცდამაინც ოპტიმისტური არ მაქვს. იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით დაგროვდა, პასუხის გაცემა ძალიან რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნით ხელისუფლების შანსები გაიზარდა, არსებულ პრობლემებთან გამკლავება მმართველი ძალებისთვის საკმაოდ რთული იქნება. ჩემი აზრით, კვირიკაშვილი ბევრად უფრო კომფორტული ადამიანია, რათა ღარიბაშვილის მიერ ჩატეხილი ხიდი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აღადგინოს, თუმცა, ეს მისთვის ადვილი არ იქნება.

- მთავრობის გათვლით, 2016 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3 პროცენტამდეა. რამდენად საკმარისია იგი იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლა შეძლოს?

- სწრაფად ეკონომიკური ზრდა არის შეუძლებელი. იმდენი დროა დაკარგული, რომ ერთბაშად შედეგის ჩვენება ძალიან რთული იქნება. ეს კარგად მესმის. შესაბამისად, ზრდა რომც იყოს, ვერ იქნება ისეთი, რაც შეძლებს პოლიტიკური რისკების დაზღვევას. ციფრები წინასწარ განცხადებულია, ეს არ არის საუკეთესო შედეგი ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის. პოლიტიკურ პრიზმაში გავხედავდი ამ ყველაფერს, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი არ არის საკმარისი პოლიტიკური რყევების დასაზღვევად, რაც ბუმერანგივით უბრუნდება შემდეგ ეკონომიკას.

- რა მოლოდინი გაქვთ ინფლაციასთან დაკავშირებით, რომლის დაძლევაც ასევე ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქვეყნისთვის, რამდენად დიდია რისკები ამ მიმართულებით?

- ლარის სტაბილიზაციის არანაირი სისტემური ფაქტორი არ ჩანს, რის გამოც ოპტიმიზმის შენარჩუნება მიჭირს, მაგრამ არც ის მინდა, რომ პესიმისტური პროგნოზები გავაკეთო. ბუნებრივია, ჩვენ მომხმარებელი ქვეყანა ვართ, ჩვენი სამომხმარებლო კალათა შედგება იმპორტირებული პროდუქციისგან, აქედან გამომდინარე, დევალვაცია აისახება ინფლაციაზე პირდაპირპროპორციულად. ლარის სტაბილურობის მნოლოდინი არ მაქვს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ინფლაცია მოსალოდნელია. ჩემი აზრით, პირველ კვარტალში ინფლაციური დაწოლა იქნება დიდი ანუ სოციალური რისკების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. გარდა ამისა, გაჭირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. საარჩევნო წელია და ესკალაცია გაიზრდება ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, პრობლემურ წელს ველოდები.

- ანუ, თქვენი აზრით, დიდია რისკი, რომ გაგრძელდეს ლარის ვარდნა? ბოლო დროს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯი რამდენადაა წინაპირობა, რომ ამ პროცესის დამუხრუჭება მოხდეს?

- იანვრის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია, რომ კურსმა გააგრძელოს ვარდნა. ამას არ ვისურვებდი, მაგრამ ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ხოლო მოთხოვნა-მიწოდება არ ბალანსდება. შესაძლებელია გარკვეული პერიოდი ამ ყველაფრის დაჭერა, მაგრამ ეკონომიკაში თუ სისტემურად არ შეიცვალა ვითარება, მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ამდენად, რისკი იმისა, რომ გაგრძელდეს ლარის ვარდნა, საკმაოდ მაღალია.

- რა მოლოდინი გაქვთ ინვესტიციების მიმართ, ფიქრობთ თუ არა, რომ 2016 წელს მოხდება მასშტაბური პროექტების განხორციელება, თუნდაც ენერგეტიკის სექტორში და არის თუ არა ეს ხუდონჰესის პროექტი, რაზეც “ქართული ოცნება” დიდ იმედს ამყარებს?

- სამწუხაროდ, აქაც სისტემური გარღვევა არ ჩანს. არადა, ჩვენ ეს გვჭირდება! კონკრეტული პროექტები არის ერთჯერადი აქტი, რომელსაც ექნება დივიდენდი, მაგრამ ერთჯერადი დანიშნულებისაა. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის რეალური სექტორის ამუშავება. ამას აქვს თავისი პლუსები და პოზიტიური ნიშნები, მაგრამ მთავარი ეკონომიკის რეალური სექტორია, სადაც ადამიანებს დავასაქმებთ.

- არჩევნების წელი ახლოვდება, როგორი იქნება ამ პროცესის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე?

- ახლა საარჩევნო ციკლში შევდივართ, ამ პროცესებში პოზიტივის შესატანად და სხვა მიზნითაც, ხელისუფლებას დასჭირდა ისეთი კანდიდატი, რომელიც ააწყობს ნორმალურ კომუნიკაციას სამოქალაქო საზოგადოებასთან, ანუ, ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი, საზოგადოების გახლეჩვის ნაცვლად მის კონსოლიდაციაზე იმუშაოს! ასეთი, ჩემი აზრით, გიორგი კვირიკაშვილია. სიმართლე გითხრათ, კვირიკაშვილისთვის მილოცვაც კი მიჭირს, შევდივარ მის მდგომარეობაში. უდავოდ არის პოზიტიური ადამიანი და პოზიტიური მენეჯერი. ნამდვილად მინდა ვუსურვო წარმატება. თუმცა, თუ პოლიტიკურ პრიზმაში გავხედავ ამ ყველაფერს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პოლიტიკური რყევები დააზღვიოს.

- და ბოლოს, თქვენი შეფასებით, როგორი იყო ქვეყნისთვის 2015 წელი, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც წელს მოხდა?

- 2015 წელი იყო რთული, მაგრამ 2016 იქნება ყველაზე რთული, რადგან პრობლემებს, მოგვარების ნაცვლად, კიდევ ვამატებთ. საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ ხელისუფლებამ სისტემა, ფაქტობრივად მძევლად აიყვანა. ეს პროცესი დაჩქარდა მურუსიძის დანიშვნით, სისტემური პროექტები ვერ განხორციელდა, პირიქით, კონტრშეტევა განახორციელეს. წლის ბოლოს კი ჩვენ გვყავს ხელისუფლებაში არა “ქართული ოცნება”, არამედ კოლექტიური მურუსიძე, ეს არის ყველაზე ცუდი, რაც 2015 წელს მოხდა.

„რეზონანსი“, 31 დეკემბერი, 2015 წელი

ეკონომიკის ზრდა 3%-ზე მეტი იქნება

საერთაშორისო ორგანიზაციების ვარაუდი არ გამართლდა, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით გამძლე აღმოჩნდა

მაკა ხარაზიშვილი

საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი არ გამართლდა. ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ მაჩვენებელს უკვე 1%-ით აჭარბებს. ნოემბერში ამ მიმართულებით ნახტომისებური ზრდა აღინიშნა. თუკი დეკემბერიც წარმატებული აღმოჩნდა, არ არის გამორიცხული, წელს ეკონომიკის ზრდამ 3%-საც გადააჭარბოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2015 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3%, ხოლო 2015 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 3% შეადგინა.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვარაუდით, 2015 წელი მშპ-ის 3%-იანი ზრდით დასრულდება. “ჩვენ ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიგა პროდუქტის წინასწარი ზრდა გამოაქვეყნა – ეს არის 5,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ნოემბრისთვის”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის სექტორმა, რასაც კერძო ინვესტიციებთან ერთად, სახელმწიფოს კაპიტალური ხარჯებიც წაეშველა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, წინა წელთან შედარებით, განსაკუთრებული მატება სწორედ მშენებლობაში ფიქსირდება (30%), მეტალურგიული პროდუქტების წარმოებაში (30%), სამთო-მოპოვებით მრეწველობაში (15%), სასტუმროებსა და რესტორნებში (10%), ასევე საფინანსო შუამავლობაში (9%ზრდა).

ამასთანავე, სტატისტიკური მონაცემებით, 11 თვეში ექსპორტი 23,2%-ით შემცირდა, იმპორტი – 11,2%-ით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი – 14,2%-ით იკლო. დღგ-ს საწარმოთა ბრუნვა 10,2%-ის დონეზე დაფიქსირდა და 4,8%-ით გადააჭარბა ოქტომბრის მაჩვენებელს.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აღნიშნავს, რომ მისთვის ეკონომიკის 3%-იანი ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა. ბიუჯეტში გადასახადების წარმატებით შესრულება ამ ფაქტზე მიუთითებდა.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ სრულიად შესაძლებელი იყო, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2%-ზე მეტი ყოფილიყო. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ბიუჯეტი სრულდება და ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა მუშაობს. ცხადია, საქართველოს მშპ-ს ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი უნდა იყოს (მთავრობის სტრატეგიაც სწორედ ამას ითვალისწინებს), მაგრამ წლეულს ეკონომიკის ზრდის შეფერხება როგორც საგარეო, ისე შიდა პრობლემებმა გამოიწვია”, – აცხადებს ავთო სილაგაძე.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ახლა პირველი წელია, როდესაც ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად იზრდება და ამაში წვლილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიუძღვით. სწორედ, მათ აიძულეს მთავრობა, რომ პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შეემცირებინათ.

შარშან ეკონომიკური გეგმის შესრულებას 0,3% დააკლდა. შეუსრულებლობაზე გავლენა მე-4 კვარტალმა მოახდინა, როდესაც მშპ-ს ზრდა მხოლოდ 1,6% იყო. სწორედ ამ პერიოდში მკვეთრად შემცირდა ექსპორტი. თავის მხრივ, ასეთი ვარდნა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან (რუსეთი და უკრაინა) არსებული მძიმე მდგომარეობით აიხსნება. არადა, 2014 წლის პირველ ნახევარში მშპ-ს ისეთი მაღალი ტემპით ზრდა აღინიშნებოდა, რომ ხელისუფლებამ 5%-იანი პროგნოზი 6%-მდე გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის ბოლოს მშპ-ს ტემპი მკვეთრად დაეცა, მთავრობა 2015 წლისთვის ეკონომიკურ ზრდას საკმაოდ ოპტიმისტურად მიუდგა და გეგმა-პროგნოზი 5%-ზე გაწერა. გარდა მთავრობისა, ასეთივე ოპტიმისტური გათვლა ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. იანვარში კი სავალუტო ფონდი პირველი იყო, რომელმაც მთავრობას მშპ-ს ზრდის პროგნოზის 2%-მდე შემცირება ურჩია. მოგვიანებით, თავიანთ ვარაუდს გადახედეს მსოფლიო ბანკმა და ევრობანკმაც.

გაზაფხულზე, რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ, მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დაუჯერა და მშპ-ს ზრდა მთელი სამი პუნქტით – 5%-დან 2%-მდე – შეკვეცა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდს, ძირითადად, პესიმისტური გათვლა აქვს ხოლმე. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებას ფონდის რჩევა გამოადგა. “ქართული ოცნების” მთავრობა პირველად იტყვის, რომ წლევანდელი გამოწვევის მიუხედავად, ეკონომიკა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ.

რაც შეეხება 2016 წელს, ავთო სილაგაძე აღნიშნავს, რომ მომავალის პროგნოზი 3%-იანი ზრდის ფარგლებში ასევე ოპტიმისტურია.

“მომავალი წლის ეკონომიკა უკეთესი უნდა იყოს. ველოდები მსხვილ ინვესტიციებს, რომელიც წელს ვერ მოესწრო, მაგრამ საწყის ეტაპზეა. აქედან გამომდინრე, ბუნებრივია, რომ ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. გაისად ერთი სირთულე მაინც იქნება – არჩევნები”, – ამბობს ავთო სილაგაძე.

სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ 2016 წლიდან ეკონომიკური ვითარება გუმჯობესდება, თუმცა საგარეო ფაქტორები საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკაზე კვლავ ძლიერ გავლენას იქონიებს, რაც მთავარი გამოწვევა იქნება გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. აქედან გამომდინარე, ფონდი გაისად ასევე 3%-იან ზრდას ვარაუდობს, 5%-იან პერსპექტივას კი მხოლოდ 2020 წელს ხედავს. 2016 წელს საქართველოს ეკონომიკას მსოფლიო ბანკიც 3%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებს.

მსოფლიო ეკონომიკას კი არც გაისად გაუმართლებს. საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლით, 2016 წელს გლობალური ეკონომიკა ისევ შემცირდება. “მომავალი წელი გლობალური ეკონომიკისა და განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებმაც სტრუქტურული რეფორმები უნდა გაატარონ, იმედგაცრუების წელი იქნება”, – ასეთი მოსაზრება გამოთქვა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ ენ კიმმა.

“ეს წელი იქნება კიდევ ერთი პრობლემური წელიწადი გლობალური ეკონომიკისთვის მთლიანობაში და განსაკუთრებით განვითარებადი ბაზრებისთვის. არსებითად ნელი ზრდა შეიმჩნევა განვითარებად ქვეყანებში. კაპიტალის გლობალური ბაზრები მკაფიოდ განასხვავებს სახელმწიფოებს, რომლებიც სტრუქტურულ რეფორმებს ატარებენ და ქვეყნებს, რომლებიც ამას არ აკეთებენ”, – აცხადებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ექსპორტიორები დამატებით ღირებულებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი და იმის ნაცვლად, რომ ნედლეული მიაწოდონ ბაზრებს, მის გადამუშავებაში უნდა ჩაერთონ. ბევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს საკუთარი ეკონომიკური ზრდის წყაროების დივერსიფიცირება.

Comments are closed