„რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „პანკისის პრობლემას მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ მოაგვარებს“
„ახალი თაობა“: პანკისი: უხუცესები ვაჰაბიტების წინააღმდეგ // ქისტი მოსახლეობის უმრავლესობა გმობს სირიაში ახალგაზრდების საომრად გაგზავნას
„საქართველო და მსოფლიო“: რუსეთი იყო იმპერია და დღევანდელი ევროატლანტიკური თანამეგობრობაა ანგელოზთა ბუდე?
———————-
„რეზონანსი“, 8 აპრილი, 2015 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „პანკისის პრობლემას მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ მოაგვარებს“
კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსის“ კორესპონდენტს ელზა პაპოშვილს პანკისის ხეობაში არსებულ სიტუაციისა და ერაყ-სირიაში („ისლამურ სახელმწიფოში“) საბრძოლველად წასული პანკისელი ახალგაზრდების შესახებ ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
„რეზონანსი“: როგორ ხდება პანკისის ხეობიდან ბავშვების წაყვანა? კონკრეტული სქემა არსებობს?
მამუკა არეშიძე: ბავშვების და ზოგადად პანკისის ხეობიდან საქართველოს მოქალაქეების გაყვანა კონკრეტული სქემის მეშვეობით ხორციელდება. არიან საშუალო თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი საბრძოლო მომზადება უცხოეთში გაიარეს. კარგად არიან გაწაფულნი რელიგიურ საკითხებში და ყურანიც იციან. ისინი სააგიტაციო უნარსაც მშვენივრად ფლობენ. ჩვენ მათ ვაჰაბისტებს ვეძახით. სინამდვილეში ისინი თავიანთ თავს სალაფიტებს უწოდებენ. ანუ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ “სუფთა ისლამს” მისდევენ. უბრუნდებიან ადრინდელ ისლამს, რომელიც, მათი მტკიცებით, არ იყო სხვადასხვა დანამატებით ასე გაჭუჭყიანებული. ამ ადამიანებს გააჩნიათ როგორც ფინანსური, ისე იდეოლოგიური რესურსები იმისათვის, რომ ახალგაზრდების ყურადღება მიიპყრონ. უიდეოლოგიო ქვეყანაში ამის გაკეთება ძალიან ადვილია. მითუმეტეს, როდესაც ქვეყანაში და კონკრეტულად პანკისის რეგიონში სოციალური მდგომარეობა მოუწყობელია.
„რეზონანსი“: ხდება თუ არა მათი მხრიდანბავშვების ფინანსური დაინტერესება?
მამუკა არეშიძე: მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგების დიდი ნაწილი ფინანსურად წელში გამართულია, ისინი ბავშვების დაინტერესებას ამ კუთხით არ ახდენენ. პანკისის ხეობაში სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის თანხები აღმოსავლეთიდან შედის და ამას ჰუმანიტარული დახმარება ჰქვია. თუმცა, სინამდვილეში ეს ადამიანების მცირე ჯგუფს ხმარდება, რომლებიც კარგად ცხოვრობენ და დანარჩენ ახალგაზრდებს მაგალითს აძლევენ. ფინანსური დაინტერესება ახალგაზრდებისთვის მეათეხარისხოვანია, მათთვის იდეოლოგიაა საინტერესო.
(…)
„რეზონანსი“: როგორ ფიქრობთ, თარხან ბათირაშვილს ჰყავს თუ არა პანკისის ხეობაში წარმომადგენლები აგიტაციის გასაწევად?
მამუკა არეშიძე: თარხან ბათირაშვილს პანკისის ხეობაში წარმომადგენლები არ სჭირდება. ის რეგიონში ლეგენდარული პიროვნებაა და მისი ერთი ზარიც კი საკმარისია, რომ მეორე დღეს მის მიერ დასმული საკითხი მთელი ხეობის განსახილველი გახდეს. იქ უმისოდაც არიან ძალიან სერიოზული პროპაგანდისტები, რომლებიც შესაბამის ფონს ქმნიან. ამ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ადგილობრივები არიან ჩართულნი. მათი ვინაობა პანკისში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა და მათ შორის მეც ვიცი. ამაში საიდუმლო არაფერია. ყველამ იცის, სირიაში პანკისიდან ახალგაზრდები ვისაც მიჰყავს.
„რეზონანსი“: რა ღონისძიება უნდა განახორციელოს ხეობაში სახელმწიფომ, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს?
მამუკა არეშიძე: პირველ რიგში ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ პრობლემას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ მოაგვარებს. პრობლემის გადაჭრაში ყველა ის უწყება უნდა ჩაერთოს, რომელთაც ახალგაზრდებთან უშუალო შეხება აქვთ. ეს იქნება ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლების სამინისტროები, რომლებმაც კომპლექსური გეგმა უნდა შეიმუშაონ. აქ არა მარტო პანკისის ხეობაზე, არამედ ქვემო ქართლსა და აჭარაზეცაა საუბარი“.
„ახალი თაობა“, 8 აპრილი, 2015 წელი
პანკისი: უხუცესები ვაჰაბიტების წინააღმდეგ
ქისტი მოსახლეობის უმრავლესობა გმობს სირიაში ახალგაზრდების საომრად გაგზავნას
შორენა მარსაგიშვილი
პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგ.აზრზდების გადინება ლამის ჩვეულ მოვლენად იქცა. რამდენიმე დღის წინ პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლეებიც წავიდნენ. ამან ადგილობრივებს მოთმინება დააკარგვინა და მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ხეობის უხცუცესებმა და მშობლებმა საქართველოს ხელისუფლებას საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. ისინი გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვენ.
პრესაში არაერთხელ გაიჟღერა ცნობამ, რომ პანკისში მოქმედებს დაჯგუფება, რომელიც ახალგაზდებს იბირებს და სირიაში სამბრძოლველად მიჰყავს.
ამ ჯგუფზე გუშინდელი აქციის მონაწილეებიც საუბრობდნენ. აქამდე მოსახლეობა მათ აქტიურობას გაგებით ეკიდებოდა, ახლა კი ამბობენ,რ ომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება.
იგივეს ფიქრობენ აქაური უხუცესები. მათ გუშინ დუისში კრებაც გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან გადამწყვეტი ზომების მიღებას ითხოვენ. უხუცესთა აზრით, თუ ახალგაზრდების გაყვანა არ შეწყდა, მოსახლეობა ვაჰაბიტებს დაუპირისირდება.
ადგილობრივების თქმით, ვაჰაბიტებს ახალგაზრდები სირიაში თურქეთის გავლით გადაჰყავს. უხუცესების განმარტებით, მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს. ამიტომაც დახმარებისთვის მთავრობას, პარლამენტსა და შს სამინისტროს მიმართავენ.
მოსახლეობა ხელისუფლებას საზღვრების მკაცრად გაკონტროლებას სთხოვს.
– უნდა მოხდეს საზღვრების კონტროლი, რათა ახალგაზრდებმა სირიაში სხვის ომში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ,– აცხადებენ პანკისელები.
უხუცესებმა შეკრებაზე შეიმუშავეს სპეციალური მიმართვა, რომელსაც ისინი პრემიერმინისტრს, შს მინისტრს და პარლამდენტის თავმჯდომარეს გადაუგზავნიან.
– ქისტი მოსახლეობის უმრავლესობა, ამავე დროს, უხუცესთა საბჭო, გმობს სირიაში ახალგაზრდების საომრად გაგზავნას. რადგანაც სათემო კავშირს და მოსახლეობას ვერ ძალუძს აღკვეთოს ეს არანორმალური მოვლენა, ამიტომ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელისუფლებას, პარლამენტს გაგვიწიონ დახმარება, – ნათქვამია განცხადებაში.
***
უხუცესთა საბჭოს სხდომას ადგილობრივი ვაჰაბიტებიც ესწრებოდნენ. მათ მოისმინეს პრეტენზიები. ხელისუფლებისადმი გაგზავნილ მიმართვას კი ხელი არ მოაწერეს. მათ აღნიშნეს, რომ არასრულწლოვანების საომრად გამგზავრებას ისინიც გმობენ. რაც შეეხება სრულწლოვან ახალგაზრდებს, ვაჰაბისტებს მიაჩნიათ,რომ ომში წასვლა მხოლოდ ამ ახალგაზრდების გადასაწყვეტია. ადგილობრივი ვაჰაბიტები კატეგორიულადუარყოფენ ახალგაზრდების გადინებასთან რაიმე კავშირს. ამის შესახებ მათ უხუცესებსაც განუცხადეს.
***
უხუცესთა საბჭოს მოსაზრებებს სრულიად იზიარებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ის სირიაში ახალგაზრდების წასვლას სამწუხაროს უწოდებს. მისი აზრით, ხელისუფლებას დროულად რომ ემოქმედა, შესაძლოა, სხვა სურათი ყოფილიყო.
– სახელმწიფო რომ თავის ადგილზე და თავის სიმაღლეზე იყოს, ეს ვერ მოხდებოდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა საქართველოდან არასრულწლოვანების გასვლის შემთხვევებზე ყურადღება იქნეს მიქცეული, – განაცხადა ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი თვლის, რომ პანკისელი მოქალაქეების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი. მისი თქმით, სავარაუდოდ, სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც ახალგაზრდებს ფულად დახმარებას სთავაზობენ. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საჭიროა, უხუცესთა საბჭოს მოთხოვნას ყველანაირად მხარში დავუდგეთ და ხელისუფლების მხრიდან ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ქვეყანაში ვითარება კონტროლის ქვეშ იყოს და ახალგაზრდები გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ არ ხვდებოდნენ.
ნინო ბურჯანაძე:
– ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ აბსოლუტურად სწორ პოზიციაზე, რომ ეს ჩვენი ომი არ არის და ჩვენი მოქალაქეები მასში ჩართული არ უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, კონფლიქტმა ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოინაცვლოს, მოხდეს გარკვეული ტიპის ტერაქტები, გატაცებები და სხვა. ამ უსუსური ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ პროცესის შეჩერება რთული იქნება.
***
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისლამური ხალიფატის მხარეს 100-ზე მეტი პანკისელი ახალგაზრდა იბრძვის. რამდენმიე დღის წინ ხეობიდან სირიაში კიდევ 2 ახალგაზრდა გაგზავნეს, ამჯერად ბავშვები. ისინი ომალოს სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი მე-11 კლასში სწავლობდა, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი კი – მე-10 კლასში.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მუსლიმის მშობლებს ბავშვისთვის ქვეყნიდან გასვლაზე კანონით სავალდებულო ნებართვა არ მიუციათ, თუმცა არასრულწლოვანმა თბილისის აეროპორტის გავლით თურქეთში გაფრენა მოახერხა. შსს-მ სირიაში საომრად წასული არასრულწლოვანის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
„საქართველო და მსოფლიო“, 8 აპრილი, 2015 წელი
რუსეთი იყო იმპერია და დღევანდელი ევროატლანტიკური თანამეგობრობაა ანგელოზთა ბუდე?
გივი სომხიშვილი
(შემოკლებით)
ამისკენ მიისწრაფვოდა “ნაციონალი” მკბენარებით გამოხრული ქართველი ხალხი?! რა ხდება? რა დავგმეთ და რა მოვიპოვეთ? – ვიძახეთ, რუსეთმა დამოუკიდებლობა წაგვართვაო. ლანძღვა-გინებით ავიკელით, როდესაც თვითონ რუსეთსაც ძალიან უჭირდა, იქაც ბობოქრობდა ცრუდემოკრატთა დამაქცევარი ფსიქოზი. საიდან იკვებებოდა ეს ანტიქართული, ანტირუსული და, საერთოდ, ანტიადამიანური პარაზიტი, დღევანდელი სინამდვილიდან ძნელი გამოსაცნობი არ არის.
ცრუ-დემოკრატები მომავალ თაობას ისტორიულ სინამდვილეს უმახინჯებენ, რუსეთის სასიკეთო გავლენას უმალავენ და ბოროტებით კვებავენ და გაღვივებული ანტირუსული ისტერიით საქართველოს გადაგვარება-გადაჯიშება, დაკნინება-დაქუცმაცებით ევროატლანტიკური უბედურების ყბაში საერთაშორისო თანამეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სატყუარათი მიათრევენ.
ახალგაზრდობამ არ იცის, ერთმორწმუნე რუსეთთან ქართველთა მეგობრულ ურთიერთობას რა სიკეთე ახლდა, მხოლოდ უარყოფითს უკეთებენ რეკლამას და უცხოეთის დავალებით რუსეთს საზარელ მტრად გვალანდებენ. საკმარისია, მასთან ურთიერთობის მოგვარებაზე ვინმემ სიტყვის თქმა გაბედოს, რომ ამ ზომბირებულთა ისეთი აღშფოთება ატყდება, ჯოჯოხეთის ქაჯთა ყაყანზე წარმოდგენა შეგექმნება.
რუსეთთან საერთო ენის გამონახვის ნაცვლად გაზულუქებული მოზარდივით ვიბუტებით და იმას ვეხუტებით, ვინც ზიზღით გვისვამს თავზე ხელს, რათა ჩვენდა საზიანოდ შეგვაძულონ ის, ვისაც შეუძლია, ქუჩაში უპატრონოდ დარჩენილი მოზარდის მდგომარეობიდან გვიხსნას. რუსეთიც ისე იქცევა, როგორ სიტუაციაშიც ვაყენებთ. გვავიწყდება, რომ მის წინააღმდეგ შემართული ევროატლანტიკური კოალიცია თვითმკვლელ ფანატიკოსად გვიყენებს და სულაც არ ენაღვლება, თუ ამგვარ წინდაუხედაობას შევეწირებით.
რუსეთის დაუსრულებელი ლანძღვის ფონზე მიმდინარეობს სახალხო ქონების გამნიავებელ-მომხვეჭელთა აღზევება, ხალხის უკიდურესი გაღატაკება და რატომ გვიკვირს ქვეყანაში ამდენი უბედურება?!
საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში საქართველო ინდუსტრიულ-კულტურული მიღწევებითა და მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობით თანამედროვე განვითარებული ქვეყნების დონეზე იყო, ევროატლანტიკელი მეგობრების დახმარებით, რეკომენდაციებითა და ჩვენი ცხოვრების მოწყობაში “კომპეტენტური” ჩარევით კი საშინელებას ჩავეხუტეთ. მათ სულაც არ სჭირდებათ მძლავრი და აყვავებული საქართველო; გამათხოვრებულსა და დაბეჩავებულს ისე გვეპყრობიან, როგორსაც ამგვარი არსებობით ვიმსახურებთ.
(…)
ნატოს წევრი არც ერთი ძირითადი ქვეყანა აღარ დარჩა, არ ეთქვათ, სათქვენო ნატო ცხრა მთას იქითააო. ესენი კიდევ ჭირვეული ბავშვივით გაიძახიან, – ნატოში შესვლას აღარაფერი გვიკლიაო. საინტერესოა, სად იჩეკება ამდენი დაუბუმბლავი ექსპერტი, უბოდიშოდ რომ გვიმტკიცებენ, უკვე თითქმის ნატოში ვართო. თუ ვაზიანის ბაზა და ქართველი სამხედროების სანატოე გარჯა აქვთ მხედველობაში, ნატო კი არა, რატომ იმას იქით არ არიან. სავალალო კი ის არის, რომ მათი ასეთი როკვა ქართველ ხალხს უბედურებად ექცა, საერთაშორისო თანამეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის სატყუარა ციური მანანა რომ ჰგონია.
დავივიწყეთ, ორი მტაცებლის ყბაში მოხვედრილი დაქუცმაცებული საქართველო გაქრობის ზღვარზე რომ იყო, ხსნა საიდან მოევლინა?! ქართველთა საამაყო ერეკლე მეორე _ სპარსეთის მიერ დანიშნული, ერეკლე ხანად იწოდებოდა და საქართველოც ისეთივე სახანოდ ითვლებოდა, როგორც სხვა დანარჩენი. სამხრეთში თურქები ბატონობდნენ _ აჭარა და შავი ზღვის სანაპირო მათ განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა. იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთზე ლაპარაკიც არ ღირს, ყველა ცალ-ცალკე თურქეთის ყბაში ფართხალებდა. რომელი დამოუკიდებლობა წაგვართვა რუსეთმა?! ვინ ამოაძრო უკვე გადაყლაპული აჭარა თურქეთის ყბიდან? შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, იმერხევი, ოლთისი ვისი ძალისხმევით დავიბრუნეთ, რომლებიც მენშევიკური დამოუკიდებლობის დროს ისევ ჩამოგვაჭამა თურქეთმა?! სტალინი ამ ტერიტორიებზე პრეტენზიას უყენებდა თურქეთს და, რომ არა ამერიკელების მიერ ატომური ბომბით დამუქრება, უდავოდ დაიბრუნებდა. რომელმა ევროპელმა თანამეგობარმა გააპარტყუნა ყურები, არიქა, საქართველო იღუპება და ვუშველოთო?!
ვინ ვიყავით? – აყვავებული და გამძლავრებული საქართველოს ამაყი მოქალაქენი. ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების დონეზე გვქონდა სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტები. მსოფლიოში ისმოდა ქართველი მათემატიკოსების, ფიზიკოსების, ასტრონომების, ბიოლოგებისა და სხვა მეცნიერთა ხმა.
(…)
რუსეთი იყო იმპერია და დღევანდელი ევროატლანტიკური თანამეგობრობაა ანგელოზთა ბუდე? უცხოელებზე ქართული მიწების გაყიდვა რუსეთმა დაგვაძალა თუ ევროატლანტიკურმა კეთილისმსურველებმა დაგიქნიეს თითი, რასაც ამერიკელთა მსახური არასამთავროების ღავღავი და “ნაციონალთა” შერჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თემიდას მახვილის ანტიქართული მოხმარება მოჰყვა.
(…)
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით დავიწყეთ და ღრიალით – “ძირს იმპერია!” საშიში მტაცებლის ყბაში აღმოვჩნდით. ყველა სიკეთე, რომლებიც სოციალისტურ ცხოვრებას ახლდა, იმპერიულ უბედურებად გამოვაცხადეთ, უაღრესად განვითარებული სახალხო მეურნეობა გავანადგურეთ. ეს სანაქებო ევროატლანტიკური თანამეგობრობა ერთი ქარხნის აშენებაში მაინც დაგვეხმარა, იმოქმედეთ და როგორმე სული მოითქვიო?
(…)
როცა საქართველოში გაყინულ ხორცს არ კადრულობდნენ, თევზის კონსერვი, საქონლის “ტუშონკა” და ძეხვი აუარებელი იყო, რუსეთის რეგიონებში კი მხოლოდ ძვლები იყიდებოდა წვნიანი კერძის დასამზადებლად. ამგვარი სიჭარბით გაკვირვებული რუსეთიდან ექსკურსიაზე ჩამოსული მოქალაქეები შინ ამანათებით გზავნიდნენ პროდუქტებს. არადა, მეცხოველეობის პროდუქტებს საქართველო რუსეთიდან დოტაციით იღებდა, რაზეც ქართველთა უბედურებამ, კარიერისტმა და მუხთალმა შევარდნაძემ უარი თქვა და საქართველოში კარაქი ისე გაქრა, ერევნიდან დაიწყეს შემოტანა. რუსეთში ციტრუსების გაყიდვის აკრძალვით და რუსეთის ბაზრებში ქართველებზე ნადირობით ხომ გამოიჩინა თავი და მთელი თავისი კომუნისტური მოღვაწეობა ქართველი ხალხის უბედურებას მოახმარა. ჩვენ კი ვერ შევინარჩუნეთ ეროვნული ხელისუფლება, რომელსაც ევროატლანტიკელმა მეგობრებმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნეს, დაამხეს და მარიონეტი შევარდნაძე, უკვე მეორედ, საზარელ სარეველად ჩაგვითესლეს, რომლის მწარე ნაყოფით დღესაც გვიწამლავენ სიცოცხლეს “ნაციონალები” და მათი მსგავსნი.
ღვარძლმა, მომხვეჭელობამ, გაუმაძღრობამ, ამპარტავნობამ, შურმა, განდიდების მანიამ და ყველა მანკიერებამ განვითარებული და აყვავებული საქართველო უცხოეთის ლაქიად, გამათხოვრებულ საცოდაობად აქცია.
ვინ იყო დაინტერესებული საქართველოს ასე საზარლად გაპარტახებით? ცრუ მეგობრებმა კარგად იციან, რომ მათხოვარი იოლი სამართავია და აგერ, ჩვენი მაგალითი: დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი ქვეყნის ჯარისკაცებს ერაყში, ავღანეთსა თუ აფრიკაში აღვრევინებენ სისხლს და ერთი არ წამოსცდებათ, უნდა მოგიფრთხილდეთ, რათა წელში გაიმართოთ და ნორმალურად იცხოვროთო. დიდ მტაცებელს ადევნებული ტურასავით დავყვებით ნატოს, რომლის სისხლიან ნაკვალევზე მხოლოდ ხალხების უბედურებაა. აგერ არის ერაყის, ლიბიის, ავღანეთისა და მთელი არაბული სამყაროს ან თუნდაც უკრაინის მაგალითი. ჩვენ კი ნატოში მიღების სურვილის ტყვეობაში ისე გავიბლანდეთ, რომ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება კი არა, რაც დავრჩით, ლამის ამაზეც ხელები დაგვაბანინონ.
თითქმის ოცდახუთი წელია, უკეთესი ცხოვრების მოსაწყობად დემოკრატიის ლოზუნგით ვიბრძვით და მივადექით კიდეც აქამდე არარსებულ გაჭირვებას. (…) საქართველოს დღევანდელობის ფონზე ზღაპრული ხელფასი ეცოტავებათ და ხელფასის დანამატად წოდებულ თანხებსა და პრემიებს ისეთი რაოდენობით იღებენ, მათი სანატრელი ევროპაც კი გაოცდება. განა ამისკენ მიისწრაფვოდა “ნაციონალი” მკბენარებით გამოხრული ქართველი ხალხი?!
ევროატლანტიკურ მოთხოვნებზე გადასვლას ხალხის ნდობის დაკარგვა ახლავს. როგორც უნდა ელაქუცო და ინგლისურ ენაზე ჩლიქინით თავის მოწონება სცადო, ნაცისტებს მაინც ვერ გადაასწრებთ, ასე ღრმად რომ არიან შემძვრალი ევროატლანტიკურ ძაღლიშვილთა საპატიო ადგილას. თუ ასე არ არის, კბილებით რატომ იცავენ საერთაშორისო კანონებით დამნაშავე, ომის გამჩაღებელ, საკუთარ ხალხთან მეომარ, ქართველი ხალხის დაუძინებელ მტერ სააკაშვილსა და მის ბანდას, რომელიც 8 მილიარდი დოლარით დაასაჩუქრეს ცხინვალის ავანტიურის ესოდენ ბრწყინვალედ შესრულებისთვის.
ასე რომ, მივილტვით ევროკავშირში, რომელიც თავის სტანდარტებზე გასვლას გვავალებს, ნაციონალ დამნაშავეებს კბილებით იცავს და საქართველოს ხელისუფლებას არაფრად აგდებს, რაღა ანტიდისკრიმინაციური კანონის მიღება მოითხოვეს? ევროსტანდარტებში შედის უიმედობაში მყოფი გაჭირვებული ხალხის ფართხალი და დამშეული პენსიონერების საცოდაობა, ისედაც მჭლე პენსია წამლებისთვის რომ ვერ გაუწვდენია? ასე უკუსვლით თუ გვიპირებენ ევროკავშირში შესვლას, აფერუმ, ევროპასა და მის კავშირს “ნაცისტთა” მეხოტბე სახალხო პარტიის თამადობით. ჯერ არ ვიცით, ასოცირების ხელშეკრულებით რა რეფორმების გატარებას ითხოვენ ჩვენგან, მაგრამ ცხადია, ანტიდისკრიმინაციური კანონის მსგავსი მარგალიტები საკმაოდ ექნებათ. მათ პედერასტების ამქარში ყოფნა ეამაყებათ და შენ რაღაზე აჰყოლიხარ გამრუდებულ ვნებათა ხუსტურს?! რა ჯადო გაგვიკეთეს ასეთი, რომ პარლამენტში არ მოიძებნა ერთი დეპუტატი მაინც, რომელიც იტყოდა, ანტიდისკრიმინაციული კანონს, თქვენს მამიდას ასე კარგად რომ მოერგო, ჩვენი ხალხის სულს არ წავაბილწვინებთო.
დღეს უკვე საიდუმლო აღარავისთვის არის, რომ საქართველოს ამერიკის ელჩი მართავს. ხალხი კი ბევრი საკითხის მოგვარებას “ქართულ ოცნებას” ავალებს, მაგრამ საკითხავია – არის ხელ-ფეხგახსნილი ხელისუფლება, რომელსაც ამდენი მკბენარი დასევია და სისხლს წოვს?
ექსსაგარეო მინისტრი ქალბატონები გულს გვიხეთქავენ, არავის ვაპატიებთ ევროპის გარდა სხვა მხარეს გახედვასო. ალასანიამ ხომ დაამშვენა “ქართული ოცნება” და მიშა მეორის იარლიყი მიისაკუთრა ამერიკელი მფარველებისგან. (…) კიდევ რამდენი პარტია და პიროვნებაა, რომელთა პარლამენტში მოხვედრა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ახლა კი ენერგიულად “უძვრებიან” ევროატლანტიკელ დამრიგებლებს. ან რაღა დარჩა “ქართული ოცნებიდან”?!
არც ამერიკელებს დავიწყებიათ არასაიმედოთათვის სახელმწიფო გადატრიალების ყვავილებით მოწყობის ილეთი, მათ ალასანია ჰყავთ გახუნებული და გაშიფრული მიშას მაგიერ.
(…)
საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს მომაკვდავი “ნაცისტური მოძრაობის” რეანიმაციის პროცესი. ამერიკა-ევროკავშირის ქორებს ჯერ კიდევ ვერ შეუგნიათ, რომ ქართველი ხალხი არც ისეთი გულუბრყვილოა, მათი ბოროტი ხრიკები სიკეთის მაცნედ რომ მიიღოს. ვერც ენ-დი-აისა და აი-რა-ის კვლევებით ვეღარ აურევენ გზა-კვალს. ქართველი ხალხი თანდათან ნათლად ხედავს ამერიკელთა ბოროტ განზრახვებს. შორს აღარ არის დრო, როდესაც საქართველოდან აიკრეფენ გუდა-ნაბადს. მათი ბატონობის წლები კი ქართველი ერის ისტორიას კიდევ ერთ შავ ფურცლად შემორჩება.
“ქართულ ოცნებას” კი მივმართავ: ევროატლანტიკური ლიქნი ქართველი ხალხის ნდობის დაკარგვად არ ღირს. ისე ნუ მოიქცევით, რომ თქვენი მოღვაწეობა, ქართველი ერის იმედი ვადაში გადატეხილ ხმალს დაემსგავსოს. გახსოვდეთ, რომ ჯერ კიდევ სწამთ “ოცნების” და, თუ თავგანწირულად შეუტევთ ავსა და ბოროტს, მადლიერი ქართველი ერი დიდებას და პატივს არ მოგაკლებთ.