globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 3 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 3rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ალია: აი, ეს ამდენი სიტყვიერი მხარდაჭერა ნატომ ერთ ადგილზე გაიკეთოს!!!

ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ნატოსგან ამ ფონზე საუკეთესო შედეგი მივიღეთ“

რეზონანსი: ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან: „ძალიან ბევრი რაღაც მიანიშნებს, რომ 2016 წლის სამიტზე „მაპ“-ი მოგვანიჭონ“

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილთან: „რუსეთი თურქეთთან სამხედრო დაპირისპირებისას აფხაზეთის გამოყენებას ეცდება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „2015 წლიდან სპეცსამსახურების მუშაობა უფრო თანმიმდევრული გახდა… საჭიროა მათი დაფინანსების გაზრდა“

ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ტერორიზმის საფრთხისგან მაქსიმალურად დაცული ვართ»

ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: «პენსია 50 ლარით უნდა გაზრდილიყო»

„ალია“: ია ანთაძე, ვასილ მაღლაფერიძე და კობა ლიკლიკაძე «ოცნების“ საარჩევნო სიის ათეულში? // რა განუცხადა სამეულმა „ალიას“…

ახალი თაობა“: „აიდგილარა“: „სომხები ცდილობენ, აფხაზეთს დაეპატრონონ“

—————————-

ალია“, 03 დეკემბერი, 2015 წელი

აი, ეს ამდენი სიტყვიერი მხარდაჭერა ნატომ ერთ დგილზე გაიკეთოს!!!

რედაქცია

თინა ხიდაშელს რომ ჰკითხოთ, მაპი-შმაპი არ ვიცი მე, პირდაპირ წევრობა გვინდაო, ნატომ კი, – არნახულ, მეგა და ზემხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს, თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაოოო… ჰო, პრინციპში, უკეთესის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, მაგრამ გულის კუნჭულში რომ იცის ხოლმე იმედის ციცქნა ნაპერწკალმა ბჟუტვა, ხომ იცით? აი, იმას ვერ ვუხერხებთ ვერაფერს და აგერ შედეგიც – კვლავაც პირში ჩალაგამოვლებული დავრჩით.

მოკლედ, მოგეხსენებათ, ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ჩატარდა, რომელზეც რაც შევიტანეთ, ისევე ის გამოვიტანეთ… თუმცა არა, რაც ჩვენ ნატოში გვაქვს შეტანილი, იმის ნახევრის ნახევარიც ვერ გამოვიტანეთ, რაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნამეტანი საწყენი ამბავია. და განსაკუთრებით საწყენია ის, რომ საქართველოს მინისტე-რიალიდან ბუს კვერცხები ხვდა წილად, აი, მონტე-ნეგრომ კი ალიანსში გაწევრიანების ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

- საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და მიიწვიეს მონტენეგრო, გახდეს ალიანსის 29-ე წევრი. ვულოცავთ მონტენეგროს ხელისუფლებასა და მოსახლეობას, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება საქართველოს, ნატოს გენერალურმა მდივანმა ისევ ჩვენთვის კარგა ხნის ნაცნობი ტექსტი ჩააბულბულა:

- დღეს დავამტკიცეთ, რომ ნატოს კარი ღიაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებისადმი ძლიერია. ქვეყანამ აჩვენა დიდი პროგრესი და ეს მე თვითონ ვნახე საქართველოში ჩემი ვიზიტისას. ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას და მხარდაჭერას კომუნიკეშიც დააფიქსირებს. ნატოს გაფართოება ხელს უწყობს რეფორმებს, აძლიერებს კოლექტიურ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს სტაბილურობას, რომელიც კეთილდღეობის საფუძველია. ჩვენ ვატარებთ გაფართოების პოლიტიკას ისეთნაირად, რომ სუვერენულმა სახელმწიფოებმა შეძლონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთარი მექანიზმების შექმნა. საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მაკედონიაში განხორციელებულ რეფორმებს შედეგი მოაქვს და ალიანსი მათ მხარდაჭერას განაგრძობს, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

აწი რაღა გვიჭირს, ხალხო, აგერ, სტოლტენბერგმა, ისაო, ჩვენს მხარდაჭერას კომუნიკეშიც დავაფიქსირებთო…

ეეჰ, ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი კომუნიკე და რეზოლუცია გვინახავს, რამდენი ასეთი ბრახაბრუხა განცხადება და დაპირება მოგვისმენია, მაგრამ შედეგი არის აბსოლუტურად ნულოვანი.

ჰო, არც უკრაინას უხეირია ამ მინისტერიალზე და უკრაინელებმაც მორიგი არაფრისმთქმელი განცხადება მოისმინეს. როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით დასრულებას უჭერს მხარს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მინსკის შეთანხმებების რეალიზების კუთხით გარკვეული პროგრესი შეინიშნება, «ძალადობის განახლების რისკი კვლავ მაღალია“.

- უკრაინა მარტო არ არის, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს უკრაინის დახმარებას სხვადასხვა სფეროში. სტოლტენბერგმა, ასევე, მოუწოდა უკრაინას, გააგრძელოს რეფორმების გზა.

ბარემ აქვე კომუნიკესაც გაგაცნობთ, რომელსაც, ალბათ, ძალიან დიდხანს შემოგვტენიან თვალებში – აგე, როგორ გიჭერთ მხარეს, როგორ ვზრუნავთ თქვენზე და ზედ გაკვდებითო (კომუნიკეს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს): „2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და მიიღებს მაპ-ს, როგორც ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს. დღეს კვლავ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საჭიროა საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“, – ნათქვამია კომუნიკეში.

ასევე, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ საქართველოს, გააგრძელოს ალიანსთან დაახლოების ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენება.

- ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე, მათ შორის ერთობლივი სწავლებების დაწყებას, მომზადებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნას, რომელიც ეხმარება საქართველოს, გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და სამხედრო შესაძლებლობები, – ნათქვამია კომუნიკეში.

გარდა ამისა, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ კვლავ გააგრძელებენ ყველა რესურსის უზრუნველყოფას, რომელიც არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის არის საჭირო და რომელიც მიმართულია საქართველოს შესაძლებლობების განმტკიცებისკენ.

- ვარშავის სამიტისთვის მზადების ფარგლებში, ჩვენ შევისწავლით ახალ, პრაქტიკულ გზებს, რათა უფრო ინტენსიური გავხადოთ ძალისხმევა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და მზარდი კოოპერაციის გზის ჩათვლით, მათ შორის თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია, მათ შორის მოახდინოს სასამართლო სისტემისა და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირება და სამხედრო ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება. მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს, შეინარჩუნოს ტემპი რეფორმების ძალისხმევაში, რომელსაც ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს.

ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს კონტრიბუციას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში და ჩვენს ოპერაციებში ავღანეთში და აღიარებს იმ მსხვერპლსა და წვლილს, რომელიც ქართველმა ხალხმა საერთო უსაფრთხოებაში შეიტანა. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს ანალოგიური გადაწყვეტილება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.

ნატო არ აღიარებს ე.წ. შეთანხმებებს, რომელიც 2014 წლის ნოემბერში რუსეთსა და საქართველოს რეგიონ აფხაზეთს შორის, 2015 წლის მარტში კი, საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის დაიდო.

ეს შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ეუთო-ს პრინციპებს, ასევე რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, შეასრულოს კონსტრუქციული როლი და გააგრძელოს მჭიდრო მუშაობა ეუთოსთან, გაერო-სთან და ევროკავშირთან, რათა მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში, – ნათქვამია ნატოს კომუნიკეში.

მოკლედ, გვეუბნებიან, დიდი პროგრესი აჩვენეთ, თავს წირავთ, მსხვერპლი გაქვთ გაღებული, მაგრამ… და გრძელდება ასე უკვე ძალიან ბევრი წელია…

ახალი თაობა“, 03 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ნატოსგან ამ ფონზე საუკეთესო შედეგი მივიღეთ

ნათია ხურცილავა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნატოს საგარეო მინისტერიალის მიერ ბრიუსელში გუშინ, ორ დეკემბერს, მიღებულ კომუნიკეს აფასებს.

„მნიშვნელოვანი კომუნიკე არის მიღებული ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ. ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში პირველად მოხდა იმის აღიარება, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია ნატოს წევრობისთვის, ეს კომუნიკეში პირდაპირ წერია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოხდა იმის აღიარება, რომ ჩვენ წევრობისთვის საჭირო ინსტრუმენტს ვფლობთ. ამით ხაზი ესმება იმას, რომ საქართველო არის პირდაპირ ამ გზაზე და ეს არის გზავნილი არამხოლოდ ჩვენთვის. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესი რეფორმების კუთხით დაფიქსირებულია. ეს ინფორმაცია უწყვეტად გასდევს კომუნიკეს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

- არსებობდა ექსპერტების მოსაზრება, რომ ნატოს წევრი შეიძლება მაპის გარეშე გამხდარიყო საქართველო, რომ მაპი არ არის თვითმიზანი, მაგრამ კომუნიკეში პირდაპირ ჩაიწერა, რომ მაპ“-იქნება ინსტრუმენტი. რას იტყვით?

- ნატოს პოზიცია მაპის მიმართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ემყარება. ეს ასეც არის და ამას ყველა ვგრძნობთ და ვხედავთ. საერთო ჯამში, მოწოდება არის ვარშავის სამიტისთვის, რომ გაწევრიანდეს მთავრობა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე და მოხდეს მხარდაჭერა, რათა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გაიზარდოს თავდაცვის სფეროში. კომუნიკეში პირდაპირ არის საუბარი, რომ ნატო საქართველოსთან პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობისთვის ახალ პრაქტიკულ გზებს შეისწავლის. საერთო ჯამში, ამ ფონზე საუკეთესო შედეგი მივიღეთ.

- ამ ეტაპისთვის მეტის მიღწევა ხომ არ იყო შესაძლებელი?

- მეტის მიღებაზე თუ ვიფიქრებთ, მაშინ უნდა გავიაროთ არსებული საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც რეალობაა. კარგი არის ის, რომ მონტენეგრომ მოწვევა მიიღო. ამ პროცესში ასპირანტმა ქვეყნებმა, მათ შორის ჩვენც, რიგით წინ წავიწიეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალაში რჩება ღია კარის პოლიტიკა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ყველაზე მეტი ინსტრუმენტი გააჩნია. ამ ჩანაწერით ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო.

- თქვენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, რა გზავნილი მიიღეთ ნატოსგან, გარდა იმისა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი ძალაშია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი? ამ კომუნიკეში ასევე საუბარია რეკომენდაციებზე, შესაძლებლობებზე.

- ეს რეკომენდაციები და შესაძლებლობები გასაგებია. ამ შემთხვევაში დიპლომატიური ენა არის გამოყენებული. ყველა ასპირანტი სახელმწიფოს მიმართ არის რეკომენდაციები. მათ შორის საუბარია კანონის უზენაესობაზე. ჩვენთან დაკავშირებით საუბარია იმ პროგრესზე, რომელიც არის ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუციების მიმართ და პროგრესზე საუბარი უფრო მეტია, ვიდრე რეკომენდაცია, რაც მახარებს, მაგრამ ჩემთვის, მთავარი გზავნილი მიუხედავად ამ ყველაფრისა, არის აღიარება იმისა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არა მხოლოდ ნატოს პარტნიორობისთვის, არამედ ნატოს წევრობისთვის. ეს პოლიტიკური გზავნილი გვინდა, რომ მომავალში პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში აისახოს.

- დაახლოებით როდისთვის?

- ეს არის პოლიტიკური პროცესი. ფაქტია, რომ ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენს მოქალაქეებს არ შევუქმნი ფუჭ მოლოდინებს და ამ ყველაფერს პიარისთვის არ გამოვიყენებ. უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, უნდა შევაფასოთ ადეკვატურად არსებული საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობა, ამ ფონზე ყველა მიმართულებით უნდა ვიყოთ მაქსიმალისტები, რომ პროგრესი მივიღოთ. ამ სწორი პროცესის ადეკვატური შედეგი იქნება ჩვენი ნატოში გაწევრიანება.

- იქნება თუ არა პროგრესი დამოკიდებული 2016 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე?

- წინა შემთხვევებში აქცენტები კეთდებოდა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, არჩევნებზე, დღეს მსგავსი ჩანაწერები აღარ ჩანს. ესეც დასტურია იმისა, რომ ამ მიმართულებით დასავლეთს არ აქვს ნეგატიური შედეგების მოლოდინი. რაც შეეხება არჩევნებს და მის დემოკრატიულად ჩატარებას, ამასთან დაკავშირებით კითხვაც კი აღარ უნდა გაჩნდეს. სამართლიან არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ეს ასეც იქნება.

- რეალურად?

- არა მგონია, ჩვენმა ხალხმა ვინმეს მისცეს უფლება, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გაყალბების გზით მოვიდეს.

რეზონანსი“, 03 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან: ძალიან ბევრი რაღაც მიანიშნებს, რომ 2016 წლის სამიტზე მაპ“-მოგვანიჭონ

ნატოს მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეს “ევროპული კვლევების ცენტრის” დირექტორი კახა გოგოლაშვილი, „რეზონანსის“ კორესპონდენტთან თიკო ოსმანოვასთან საუბარში, საერთო ჯამში დადებითად აფასებს. თუმცა, მისი თქმით, ეს არ იძლევა იმის იმედს, რომ საქართველოს მაპის გარეშე მიიღებენ. სამოქმედო გეგმას კი, გოგოლაშვილის აზრით, სავარაუდოდ საქართველოს მომავალი წლის ვარშავის სამიტზე მისცემენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

“ვფიქრობ, საკმაოდ დადებითი კომუნიკე მიიღეს, თუმცა ეს არ იძლევა იმის იმედს, რომ საქართველოს მაპის გარეშე მიიღებენ. სამოქმედო გეგმის მინიჭება კი შესაძლებელია, რადგან ყველაფერი, რაც ჩაწერილია სქართველოსთან დაკავშირები, ძალიან დადებითია. იძლევა იმის იმედს, რომ მაპი მივიღოთ, ნატოსთან ურთიერთობაში საქართველო წინ წავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს საუბრობდნენ საქართველოს გაწევრიანებაზე მაპის გარეშე“.

(…)

„განცხადების მე-10 პუნქტის პირველ აბზაცში წერია – საქართველოსთან მიმართებაში 2008 წლის გადაწყვეტილება ძალაში რჩება – ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გაწევრიანებისთვის ფორმალურად მაინც უნდა მისცენ მაპი, მაგის გარეშეც მზად რომ იყოს. აქ არ წერია, ვარშავის სამიტზე მისცემენ თუ არა საქართველოს მაპს. მართალია, ეს მოსამზადებელი მინისტერიალია, თუმცა ამ კომუნიკეში ამასთან დაკავშირებით მეტი არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ, დადებით პოზიტიურ კონტექსტშია აღნიშნული საქართველოს პროგრესი და მისი მზადყოფნა, განცხადებაში ასევე მკაფიოდაა აღნიშნული, რომ კმაყოფილები არიან ინტენსიური თანამშრომლობის პროგრამებით და შედეგებით – ანუ ძალიან ბევრი რაღაც მიანიშნებს, არსებობს შანსები, რომ 2016 წლის სამიტზე მაპი მოგვანიჭონ“.

(…)

“ოკუპირებული ტერიტორიების ხსენება ყოველ წუთს შეიძლება არ იყოს აუცილებელი, მაგრამ აღნიშნულია, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან უნდა წაიღოს. არ ცნობს შეთანხმებებს, რომელიც აღნიშნულ მხარეებს შორის ცოტა ხნის წინ გაფორმდა. ჩემი აზრით, ეს ცოტა რბილი მაგრამ მნიშვნელოვანი განცხადებაა – უბრალოდ, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ნატო არ ამწვავებს რუსეთთან დამოკიდებულებას. ეს გასაგებიცაა – ისეთი განცხადების ფონზე, რომ მონტენეგროს იღებენ ნატოში, ასევე საუბარია საქართველოს გაწევრიანებაზეც – პირდაპირ მოწოდებას, რომ რუსეთმა ეს ტერიტორიები დატოვოს, შესაძლოა ვითარების გამწვავება გამოეწვია. რუსეთი იტყოდა, საქართველოში ნატოს ჯარების შეყვანას აპირებენ და ჩვენთან მოდიან კონფრონტაციაზეო, შეეძლო ეს პროვოკაციად წარმოეჩინა, ამიტომ ნატო ცდილობს არ იყოს “პროვოკატორი“.

“მონტენეგროს შემდეგ, მაკედონიის საკითხი გადაწყდება. პრინციპში ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია – ალბათ წელს გააწევრიანებენ, აქ არანაირი კითხვები აღარ იქნება. რაც შეეხება ბოსნია-ჰერცოგოვინას, არ არის გამორიცხული ასევე მისი გაწევრიანებაც, თუმცა ცოტა გრძელვადიანი პროცესი მგონია… ნატოს კომუნიკეში პირდაპირ აქვს ნახსენები, რომ ბალკანეთის ყველა ქვეყანა გახდება ნატოს წევრი – ამას ხელს ვერაფერი შეუშლის, უბრალოდ, უნდა დაველოდოთ სამიტს. გეოგრაფიულად კი საქართველო ბალკანეთთან შედარებით შორსაა. პროცესების განვითარებას უნდა დაველოდოთ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველო არ ჩამოშირდება ინტეგრაციის პროცესს და როგორც კი ბალკანეთის ინტეგრაცია დასრულდება, მთელი ყურადღება ჩვენს ქვეყანაზე გადმოვა“.

რეზონანსი“, 03 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილთან: რუსეთი თურქეთთან სამხედრო დაპირისპირებისას აფხაზეთის გამოყენებას ეცდება

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსის“ კორესპონდენტ ელზა პაპოშვილთან საუბარში აცხადებს, რომ არის იმის საფრთხე, რუსეთმა თურქეთთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სცადოს. მისი აზრით, რუსეთი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზენიტო დანადგარებს განათავსებს, რომლის მეშვეობითაც, თურქეთის საჰაერო სივრცის საკმაოდ დიდი ტერიტორიის გაკონტროლებას შეძლებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„რუსეთ-თურქეთის ურთიეერთობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ დრომდე საუკეთესო იყო, მაგრამ ჩანდა, რომ მათ შორის დაპირისპირება აუცილებლად მოხდებოდა – რუსეთს ახლა ამბიციები აქვს: ვლადიმირ პუტინს სურს, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის დროინდელი ძალა და გავლენები დაუბრუნოს. თავის მხრივ თურქეთსაც არანაკლები სურვილი აქვს, რომ ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ტერიტორიები არადგინოს. აქედან გამომდინარე, ამ ორ სახელმწიფოს შორის  ინტერესთა შეჯახება სირიაში მოხდა: თურქეთს პრეზიდენტ ბაშარ ასადის ჩამოგდება და მისი რეჟიმის დამხობა სურს, რუსეთს კი სირიის ლიდერის დაცვა და მისი ხელისუფლების შენარჩუნება. (…) ვფიქრობ, ამ ეტაპზე მოსკოვ-ანკარის დაზაბულობა სამხედრო დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.

თუ რუსეთ-თურქეთის კონფრონტაცია სამხედრო კონფლიქტში გადაიზრდება, მაშინ მათ შორის ახალი ფრონტები გაიხსნება არა მარტო სირიის, არამედ სავი ზღვის აკვატორიისა და სამხრეთ კავკასიის ცათვლით. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შავ ზღვაზე თურქეთის სამხედრიო ფლოტი ბატონობს, ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ შავ ზღვაზე საზღვაო კონფლიქტის დროს თურქეთმა უპირატესობა მოიპოვოს. ამქავე დროს საყურადღებოა ისიც, რომ თუ საჭირო გახდება, რუსეთს შეუძლია შავი ზღვის აკვატორიაში ახალი ძალების გადასროლა, გნებავთ, საჰაერო სივრცის სრული გაკონტროლება.

(…)

საქართველოს ტერიტორია რუსეთს თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან ჭირდება და მის გამოყენებას, ოკუპირებული აფხაზეთის სახით, თავისუფლად მოახერხებს და თურქეთის საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის გაკონტროლებას შეძლებს: ამ მიზნით რუსებმა გალის რაიონში „ს-300“ და „ს-400“ ტიპის რაკეტები უკვე შეიტანეს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან და „ცივი ომის“ დროიდან შემორჩენილი რუკების მიხედვით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიები თურქეთთან საბრძოლველად აქვს მონიშნული, მაგალითად, მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ტაქტიკურად კოპიტნარის აეროპორტია, საიდანაც თურქეთის ტერიტორიას ადვილად დაბომბავენ. განსხვავება იმ დროისაგან ისაა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილს მოსკოვი ვეღარ გამოიყენებს, მაგრამ აფხაზეთი მათ კონტროლქვეშ იმყოფება…

- თურქეთი რა ძალისხმევას განახორციელებს საქართველოს მიმართულებით?

- მართალია, თუირქეთს რუსეთის მსგავსად, საქართველოს ტერიტორიის გამოყენების შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ მოსკოვს და ანკარას პოლიტიკური მიზნებით საქართველოს, სომხეტისა და აზერბაიჯანის გამოყენება შეუძლიათ. ამ შემთხვევაში საიდუმლო ოპერაციების ჩატარებას ვგულისხმობ. (…)

რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცეს, რუსეთს თუ დაჭირდება, მის გამოყენებასაც აუცილებლად შეეცდება, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გავლით სირიაში სამხედრო ძალების გადაყვანას. ისე, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა რუსეთს თავისი საჰაერო სივრცე უკვე დაუთმო…

- ამ დაპირისპირებაში საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს?

- მართალია, ჩვენი ქვეყანა დასავლეთისა და ნატოსაკენ მიისწრაფვის, მაგრამ ისე არ გამოვა, რომ რუსეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება დავიკავოთ, რადგანაც თავად ნატოს წევრი ქვეყნები თურქეთის ინტერესების დასაცავად თავს დიდად არ იკლავენ.

ახალი თაობა“, 03 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „2015 წლიდან სპეცსამსახურების მუშაობა უფრო თანმიმდევრული გახდა… საჭიროა მათი დაფინანსების გაზრდა

ნონა ცაბაძე

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ სუსმა გურიასა და აჭარაში ოთხი პირი დააკავა. დაკავებულ პირებს ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიის გაზიარებაში ადანაშაულებენ. როგორც გაირკვა, აღნიშნულ პირებს ნათესაური კავშირები აქვთ იმ მუქარის ვიდეოს ავტორებთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ისლამურ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი, ლაშა გობაძე, ამავე ტერორისტული ორგანიზაციის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ავტორის, ხვიჩა გობაძის დეიდაშვილია.

ტერორიზმის საფრთხე დღეს მთელი მსოფლიოს გადაუჭრელი პრობლემაა. რა საფრთხე ემუქრება ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას?

როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, მსოფლიოში სალაპიტური მოძრაობა ასოცირდება პოლიტიკურ ისლამთან და აქედან გამომდინარე, ტერორიზმთან.

– ადამიანები, რომლებიც ამ საქმესთან არიან დაკავშირებული, პოტენციურად განიხილებიან როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები თავისით არ მისულან ამ რელიგიურ მიმდინარეობასთან“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

ვინმე დაეხმარათ?

– მათთან მუშაობენ უცხოური რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც, როგორც წესი, პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ საზოგადოებაზე ზემოქმედების მეშვეობით. საქართველოში დღეს ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სალაპიტური ისლამის მომხრეა, მაგრამ ყველა ხომ არ დაუპატიმრებიათ?! დაპატიმრებული არიან ის ადამიანები, რომელთა მიმართაც კითხვებია და რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კანონსაწინააღმდეგო და სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობაში.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან.

– მე არ მინახავს ოჯახის წევრი, რომელსაც ეთქვას, ჩემი ოჯახის წევრი სამართლიანად დააპატიმრესო. ყველაფერს გამოძიება დაადგენს და შემდეგაც გაგრძელდება ეს პროცესი.

ამ ფონზე რამდენად კარგად მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები?

– მე ადრე ხშირად ვსაყვედურობდი სპეცსამსახურებს მათი მუშაობის გამო. 2015 წლიდან სპეცსამსახურების მუშაობა უფრო თანმიმდევრული გახდა ამ მიმართულებით. მე უკვე 20 წელია, ამ თემით ვარ დაკავებული და თუ 2000-იანების დასაწყისს არ გავიხსენებ, სხვა შემთხვევაში სპეცსამსახურების წაყრუებით ხდებოდა ეს ყველაფერი.

დღეს სხვა სიტუაციაა, სპეცსამსახურები გააქტიურდნენ და ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგეს და არ შემიძლია, ეს არ შევაფასო დადებითად. პროფილაქტიკა ამ მიზნით აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამ ფსევდო ყურადღებამ და ფსევდო ფასეულობებზე დაყრდნობამ ზოგ შემთხვევაში მოგვიტანა უკუ შედეგი და ეს საფრანგეთის მაგალითზე კარგად ჩანს.

იმის თქმა გინდათ, რომ ეს ფასეულობები ფსევდოა?

– არავითარ შემთხვევაში! მე არ ვამბობ, რომ ევროპული ფასეულობები ფსევდოა, ზოგ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა, მაგრამ ამ ფასეულობების არასწორად გამოყენება და არასწორად შეფასება იწვევს მათ დევალვაციას. ტოლერანტობასთან დაკავშირებული რაც არის, გადაჭარბებული არაფერი ვარგა. საფრანგეთმა მიიღო ის, რაც დაუშვა. ამ ტიპის ფასეულობებს შეეწირა ქვეყნის უსაფრთხოება. მე არ მინდა, რომ იგივე განმეორდეს საქართველოშიც. ამიტომ სპეცსამსახურების აქტიურობა ამ კუთხით მისასალმებელია.

როდესაც ასეთი დაძაბული ვითარებაა, სპეცსამსახურებს უფლებამოსილებას უზრდიან, ჩვენთან კი ამ თემაზე არავინ საუბრობს. რატომ?

– სპეცსამსახურები რომ შეზღუდული იყვნენ თავის ქმედებაში, მე ეს აუცილებლად მეცოდინებოდა. ნამდვილად არ არიან შეზღუდულები და აქედან გამომდინარე მათი უფლებების გაზრდა აღარ არის საჭირო. უბრალოდ, მე ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ სპეცსამსახურის დაფინანსება გაიზარდოს.

არ აქვთ საკმარისი დაფინანსება?

– არაა საკმარისი. ოპერატიული რეაგირებისთვის საჭიროა უახლესი ტექნიკა, რადგან ჩვენ გვყავს მოწინააღმდეგე, რომელიც თვითონ არის აღჭურვილი საუკეთესო და უახლესი საშუალებებით. აუცილებელია დაფინანსების გაზრდა.

გურიაში დააკავეს ერთი ჯგუფი, სხვაგანაც არის მსგავსი კერები?

– როგორ არ არის. აჭარაშიც არის, ალბათ გურიაშიც არის დარჩენილი. განსაკუთრებით ქვემო ქართლია ამ კუთხით საინტერესო. პანკისში დღეს შედარებით სტაბილური ვითარებაა. იქ არ არის ერთიანი პოზიცია, დაუჭირონ თუ არა მხარი ისლამურ ხალიფატს.

საუბარია, რომ საზღვრებზეც გამკაცრებულია ვითარება, თუმცა ოპოზიცია სულ საყვედურობს ხელისუფლებას, რომ ბევრი მებრძოლი გადაუშვეს საზღვარზე. ასეა?

– არც ასეა საქმე, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც იბრძვიან ხალიფატის რიგებში, არ არის ის რაოდენობა, რომ ამან ისტერიკაში ჩაგაგდოს. ვიღაცას პოლიტიკური ამბიციებისთვის სჭირდება ამის გამოყენება. მათი რაოდენობა, სულ რომ გაჭიმო, არის 120 კაცი.

ტრანზიტად იქნა გამოყენებული ჩვენი ტერიტორიაო.

– მე არ გამოვრიცხავ, რომ ტრანზიტად იყენებდნენ, მაგრამ რა ქნან?! მაგალითად, ჩამოდის აზერბაიჯანის მოქალაქე, გარეგნულად არაფერი ეტყობა და მიდის თურქეთში, თუ ჩვენ ყველა მათგანს დავაკავებთ და არ გავუშვებთ, არ ვიქნებით სწორი. ამით დავარღვევთ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის იდეას. მე სატრანზიტო ფუნქციას ვგულისხმობ.

ასევე კავკასიელებისთვის საზღვარი ჩვენ თვითონ გავხსენით, გამოვაცხადეთ, რომ არის უვიზო მი-მოსვლა. ან უვიზო მიმოსვლა უნდა შევზღუდოთ, ან უნდა მოვდოთ ბადე და ყველა უნდა გავაჩეროთ. ძალიან რთულია ამის გარკვევა. თუ ორიენტირი ზუსტად არ არის მოცემული, ძალიან რთულია ამ ადამიანების გაჩერება.

დაძაბულია ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაზე? საფრთხე რამდენად რეალურია?

– თუ საომარი ვითარება დაიწყო რუსეთსა და თურქეთს შორის, ეს იქნება რეგიონალური კატასტროფა, აღარ ვლაპარაკობ მსოფლიო კატასტროფაზე. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ჩვენ მოვლენების განვითარების ეპიცენტრში აღმოვჩნდებით. არა მარტო ჩვენ, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასია. ეს ყველაფერი მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს.

ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ეკონომიკური აქტივობა სამხრეთ კავკასიაში გაჩერდება. არ არის გამორიცხული, ფართომასშტაბით განახლდეს ყარაბახის კონფლიქტი. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რუსეთმა მოინდომოს საქართველოს ტერიტორიაზე გავლით თავისი ბაზის მომარაგება.

ანუ სიტუაცია სახიფათოა?

– ძალიან სახიფათოა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საქმე აქამდე არ მივა. თუ მოხდება ფრაგმენტული დაპირისპირება რუსეთსა და თურქეთს შორის, ეს იქნება სირიის ტერიტორიაზე. რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც არ არის სასიამოვნო ვითარება, მაინც ჩართულები აღმოვჩნდებით, ოღონდ უკვე სხვა ხარისხით.

შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების ფონზე, თუ სწორად მოვიქეცით, შეიძლება ეკონომიკური სარგებელი ვნახოთ. ხოლო სამხედრო დაპირისპირების ფონზე, დაღუპულები ვართ.

ახალი თაობა“, 03 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ტერორიზმის საფრთხისგან მაქსიმალურად დაცული ვართ»

გულიკო ბალაძე

დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ „რეპორტიორში“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. მან რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები შეაფასა. „ცუდია, რომ ეს ორი სახელმწიფო ქიშპობის რეჟიმშია გადასული. პროცესი სწრაფად უნდა დარეგულირდეს, რომ რეგიონში სწრაფად დაბრუნდეს სტაბილურობის განცდა, რაც, სამწუხაროდ, არ არის“, – მიაჩნია დავით ლორთქიფანიძეს. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ამზადებს რეზოლუციის პროექტს, რომლითაც ის ბრალს სდებს თურქეთს ისლამური სახელმწიფოს ნავთობის მარაგების დაცვასა თუ რეალიზაციის ხელშეწყობაში, რაც კიდევ ერთი სერიოზული უარყოფითი მუხტია, რომელიც შემოდის ამ ურთიერთობაში.

- ბატონო დავით, რა საფრთხეები არსებობს ტერორიზმთან დაკავშირებით საქართველოში, რამდენად ემუქრება ის ჩვენს ქვეყანას? როგორ შეიძლება იმოქმედოს საქართველოზე?

- ჩვენი სახელმწიფო და მისი სპეცსამსახურები ამაზე მუშაობენ. როგორც პარლამენტის წევრს, უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს. ამ თემებზე საუბრები მქონდა და განცდა მაქვს, რომ ამ საფრთხისგან მაქსიმალურად დაცული ვართ. გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა წასულია ისლამურ სახელმწიფოში, სირიასა თუ სხვა ქვეყნებში. სამწუხაროდ, ისინი ჩართულები არიან ამ საქმეში.

- თქვენი ინფორმაციით, რამდენი ადამიანია ჩართული ამ პროცესში?

- ამ პროცესში ათეულობით ადამიანია ჩართული. მათ თავისი გადაწყვეტილება მიიღეს. ამიტომ მათი ახლობლები, მათი აქაური და აქედან იქაური კავშირები ყურადღებასა და დაკვირვებას მოითხოვს.

„ახალი თაობა“ დაინტერესდა, როგორ აფასებს დეპუტატი გურიაში დაპატიმრებული რამდენიმე ახალგაზრდის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების განცხადებებს, თითქოს ის ნივთმტკიცებები, რაც ამოიღეს დაპატიმრებულთა ოჯახებიდან, იქამდე არ უნახავთ, სანამ იქ ჩხრეკას ჩაატარებდნენ.

- საქმე ეხება ძალიან სენსიტიურ თემას. არ მგონია, რომ დღეს საქართველოში გამოიყენება ის მეთოდები, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო აპრობირებული. თუკი ამის რაიმე ნიშანია, ადვოკატი და მოსამართლე ტერორის ქვეშ არ არიან. ყველას მიეცემა საშუალება, თავისი აზრი გამოთქვას. თუკი იქნება გადაცდომა, მათ მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდება. როცა ადამიანს აპატიმრებენ, ბუნებრივია, მის ახლობელს განცდა აქვს, რომ ის არასწორადაა დასჯილი. მინდა ყველაფერი კანონის მოთხოვნის შესაბამისად დასრულდეს და კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს, რადგან ყოველ ასეთ ქმედებაზეა აგებული ხელისუფლების ავტორიტეტი, – გვიპასუხა დეპუტატმა ლორთქიფანიძემ.

- თუკი კითხვის ნიშნები გაჩნდება?

- თუკი ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი გაჩნდება, ძალიან ცუდი იქნება. მინდა მჯეროდეს და შინაგანად მჯერა, რომ ფაქტები, რომლებზეც დაპატიმრებულთა ახლობლები მიუთითებენ, სინამდვილეს არ შეესაბამება. თუკი მართლა მოხდა ისე, როგორც დაკავებულების ახლობლებმა თქვეს – დროშა მოიტანეს და დაკიდეს, იარაღები მოიტანეს და ჩაგვიდეს – დღეს არ არის ისეთი ვითარება, ადვოკატმა თავისი პოზიცია ვერ დააფიქსიროს. სასამართლო რომ თავისუფალია, მგონი, ამას ყველა ხედავს. თუ ხელისუფლების მოქმედებაში კითხვის ნიშნებს შენიშნავს, მოსამართლე მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას.

- დაპატიმრებულების ადვოკატმა დასვა კითხვა, რამდენად იყო სწორი ამ საიდუმლო საქმის დეტალების საზოგადოებისთვის გამხელა მინისტრის მოადგილის, ბატონ იზორიას მხრიდან. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- რა ფაქტზე ლაპარაკობთ?!

- ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოზე იმსჯელებენ, რამდენად სწორი იყო მინისტრის მოადგილის ქმედება, როცა საიდუმლო საქმის დეტალები გაასაჯაროვა...

- ადვოკატი არის მხარე, რომელსაც აქვს თავისი პოზიცია და არგუმენტები, როგორც თვითონ მიიჩნევს. ამის განხილვა სასამართლოზე უნდა მოხდეს. თუ საქმე გრიფით საიდუმლოა და გამოძიებას ხელი ეშლება საიდუმლოების გათქმის გამო, კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ზომებს კანონის დარღვევისთვის და დაისჯება ის, ვინც საიდუმლო დოკუმენტი გამოიტანა სააშკარაოზე.

- იყო თუ არა რაიმე საიდუმლო გამხელილი?

- არ ვიცი. საქმეს არ ვიცნობ. მხოლოდ მედიის საშუალებით ვაკვირდები. ადვოკატს უფრო მეტი წვდომა აქვს საქმის მასალებთან. თუ ადვოკატი თვლის, რომ არასწორი მოქმედება იყო, საქმეს ედო გრიფი საიდუმლო და მასალები არ უნდა გამჟღავნებულიყო, ვინც გაამჟღავნა საიდუმლო მასალები, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, გარკვეული ზომები უნდა იქნას გატარებული მის მიმართ. თუ მასალები იყო საიდუმლო, მაშინ მათი გამჟღავნება ხელს შეუშლის გამოძიებას. თუ გამოძიებას ხელი შეეშლება, ვიღაცას მეტი საფუძველი მიეცემა, ფრთხილი გახდეს და თავი აარიდოს მართლმსაჯულებას. ამიტომ, არ მგონია, საიდუმლო მასალების გასაჯაროება სწორი ნაბიჯი იყოს. მით უმეტეს, რომ ტერორიზმზეა საუბარი და ადვოკატი ლაპარაკობს მინისტრის მოადგილეზე და ამას „არგუმენტირებულად» ამბობს.

დეპუტატმა განაცხადა, რომ სიტყვას „არგუმენტირებულად“ ბრჭყალებში სვამს. „რადგან, რასაც ადვოკატები ამბობენ, მათი პოზიციაა, პოზიციაა მხარისა, რომელსაც ისინი იცავენ და მათი არგუმენტები საინტერესო იქნება სასამართლოსთვის“, – აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.

ახალი თაობა“, 03 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: «პენსია 50 ლარით უნდა გაზრდილიყო»

შორენა მარსაგიშვილი

ვისი დამსახურებით და რის ხარჯზე იზრდება პენსია, რატომ ვერ ხარჯავს ხელისუფლება თანხებს, რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას, რატომ არ დაუჭერენ ბიუჯეტის პროექტს მხარს? – ამის შესახებ «ახალ თაობას“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრება.

მიხეილ მაჭავარიანი:

- 2016 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა. მხოლოდ ამ ვარიანტში არის გათვალისწინებული პენსიების ზრდა და ისიც 20 ლარით. პირველი ვარიანტი როდესაც შემოვიდა, იქ არც პენსიის ზრდაზე იყო საუბარი და არც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაზე. მეტსაც გეტყვით, ბიუჯეტის პროექტში ლარის კურსი დოლარის მიმართ 1=2.4-ზეა ჩადებული. ასეთი კურსი უკვე დღეს არის და არსად არ ჩანს გზები, თუ როგორ მოახერხებენ ამ კურსის დაჭერას. მარტო წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად 247 მილიონი დოლარი დახარჯა. ჩვენი რეზერვები ზუსტად ამ თანხით შემცირდა. 2003 წლიდან დღემდე პირველად მოხდა, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შესავსებად 1 დოლარიც კი არ იყიდა, სამაგიეროდ, 247 მილიონი დახარჯა. გაიზარდა შიდა და გარე ვალები. მესამე წელია, რაც ბიუჯეტს ვალის ხარჯზე ვავსებთ. ეს ყველაფერი მძიმედ აწვება ჩვენს ეკონომიკას და ლარის კურსს. ეკონომიკური აქტივობის წასახალისებლად კი არაფერი კეთდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამაყობდნენ, რომ მილიარდი ჩადეს ინფრასტრუქტურაში. კი ბატონო, ეს ასეც იყო, მაგრამ მათ 400 მილიონი ვერ დახარჯეს.

- რატომ ვერ დახარჯეს?

- იმიტომ, რომ მავნებლები და უნიათოები არიან. ამხელა თანხის აუთვისებლობა იცით, რას ნიშნავს? – ასეულობით სამუშაო ადგილი არ შეიქმნა. ეს იქნებოდა ფული, რომელიც ადამიანებისთვის დაიხარჯებოდა. ამათ ადამიანებისთვის სიკეთის გაკეთება არ უნდათ. ახლა ერთი ამბავი რომ აქვთ ატეხილი, პენსია გაიზარდაო, რის ხარჯზე გაზარდეს. პენსიები საკუთარი ფუფუნების შემცირების ხარჯზე კი არ გაზარდეს, არამედ თამბაქოზე და ალკოჰოლზე გაზარდეს აქციზი. აქედან შემოსული თანხით აპირებენ გაზრდილი პენსიების დარიგებას.

- თქვენი კოლეგა გუგული მაღრაძე ამბობს, რომ თამბაქო ცუდია და მისი გაძვირება კარგია, რადგან ხალხი ვეღარ იყიდის.

- თამბაქო და ალკოჰოლი რომ ცუდია, ეს ქალბატონი დეპუტატის გარეშეც კარგად ვიცით, მაგრამ ისიც ხომ ცუდია, გუგული მაღრაძე რომ გასწავლის, თუ როდის უნდა წახვიდე ბაზარში. მას ამ მიმართულებით სულ არა აქვს პრობლემა, მისი შვილი მილენიუმის ფონდშია დასაქმებული და 10.000 ლარზე მეტი აქვს ხელფასი და მისთვის ყოველი დღე შაბათია.

ჩვენ იმას ვაპროტესტებთ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში ფულის სამართლიანი გადანაწილება არ ხდება და პენსია გადასახადების მომატების ხარჯზე იზრდება. ცუდია, რომ ადამიანი სიგარეტს ეწევა, მაგრამ ჯერ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, რომ გადასახადის გაზრდის ხარჯზე გადააჩვიო ადამიანი მოწევას. გადასახადები იზრდება, სამაგიეროდ, 2015 წელთან შედარებით, თავდაცვის და შს სამინისტროების შრომითი ანაზღაურება მცირდება. საინტერესოა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ნაკლები საფრთხეებია თუ პრობლემები არაა ჩვენ გარშემო?!

- რა ოდენობით მცირდება ამ უწყებებში შრომითი ანაზღაურება?

- 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ თავდაცვის სამინისტროს შრომითი ანაზღაურება იქნება 404 მილიონი. 2015 წელს 421 მილიონი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წელს შრომითი ანაზღაურებისთვის 338 მილიონი გამოეყოფა. 2012 წელს ამ უწყებისთვის გამოყოფილი იყო 359 მილიონი. ამ გამოწვევების ფონზე ძალოვან სტრუქტურებს დაფინანსებას უმცირებენ, სამაგიეროდ, პრემიების და დანამატების ოდენობაა გაზრდილი. ამას ის მთავრობა აკეთებს, რომელსაც #422 განკარგულება აქვს გამოცემული. იქ წერია, რომ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის ხარჯები. შეზღუდვები საოფისე ავეჯს და სატრანსპორტო საშუალებებსაც ეხება. ამათ აქაც იპოვეს გამოსავალი და ვითომდაც იბიარდობის ღონისძიებისთვის შეიძინეს 64 ახალი ავტომობილი.

- არ იყო საქართველოში მანქანები, რომლებითაც იბიარდებდნენ?

- აბა, ბიჭო, არ იყო და ვერ მონახეს. სულ 3 დღის მანძილზე მიმდინარეობდა ეს ღონისძიება და ამ დროის მანძილზე ვერ მოახერხებდნენ საჭირო ოდენობის ტრანსპორტის დაქირავებას?! მერე იცით, სად წაიღეს ეს საიბიარდოდ ნაყიდი მანქანები? ზოგი პარლამენტს მისცეს, ზოგი მინისტრებს, ზოგი _ მერიას. მანქანები ოსტატურად გამოიცვალეს და ეს ასე გააპრავეს, ჩვენთვის კი არ ვიყიდეთ, იბიარდისთვის შევიძინეთო. მიმდინარე წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშში ბევრი საინტერესო რამე აღმოვაჩინეთ. უშტატო თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება 2014 წელს იყო 84 მილიონი, წელს გახდა 107 მილიონი. მერე კიდევ გაზრდიან.

- ეს უშტატო თანამშრომლები რა ფენომენია?

- ამათ არანაირი კონკურსი არა აქვთ გავლილი. სამსახურში ნაცნობობ-ძმაკაცობით და ნათესაობით არიან მიღებულები. შერჩევის კრიტერიუმი ასეთია: `ქართული ოცნების~ წევრია, დავაი, მივიღოთ. ამ უშტატო თანამშრომლების წყალობით, ზოგ გამგეობაში ისეთი ამბავია, პირდაპირ დერეფნებში უდგათ მაგიდები. ამ მაგიდებმა ავეჯი გამახსენა, მიმდინარე წელს რბილი ავეჯის შეძენაზე 3 მილიონით მეტი იყო გამოყოფილი. არადა, წინასწარ თქვეს, ასეთ რამეს არ გავაკეთებთო. დაპირებას რომ არ შეასრულებდნენ, კი ვიცოდი, მაგრამ ნუღარ ამბობ მაინც. ბიუჯეტის პროექტში ბევრი ისეთი საკითხია, რომლის გამოც მას არ დავუჭერთ მხარს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გადასახადების შემცირების საკითხი. გვინდოდა, რომ საშემოსავლოც შემცირებულიყო, რაზეც «ქართული ოცნება“ არ თანხმდება.

- თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი თქვენთვის, ხელისუფლებაში რომ იყავით, მაშინ ვერ გადაწყვიტეთ?

- 2012 წელს შემოტანილი იყო კანონპროექტი, რომ საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირებულიყო. ამაზე ჯერ კიდევ 2008 წელს ვსაუბრობდით. ჩვენ ხელისუფლებაში რომ დავრჩენილიყავით, ეს ცვლილებები 2013 წელს უნდა შესულიყო ძალაში. ხელისუფლებაში მოსულმა «ქართულმა ოცნებამ» ამაზე განაცხადა უარი, მაგრამ თქვეს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და თვეში 500 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი, დაუბეგრავი მინიმუმს დავუბრუნებთო. წელს და შარშან ამ ხალხს დაუბრუნეს დაუბეგრავი მინიმუმი. ახლა ესეც გააუქმეს.

- რატომ გააუქმეს?

- როცა ნახეს, რომ ამაზეც ფული სჭირდებათ, უარი თქვეს. იმ ადამიანმა, ვისაც თვეში 500 ლარზე ნაკლები აქვს, რა ქნას? გაიაფდა ყველაფერი თუ მართლა 1.18 ლარი კმარა კვებაზე? საშემოსავლო და მოგების გადასახადის შემცირება აუცილებელია, მაგრამ ეს ვერაფრით შევაგნებინეთ ამ ხელისუფლებას. მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში, კომპანიაში მეტი მოგება დარჩებათ და მეტ სამუშაო ადგილებს შექმნიან.. ჩვენგან როგორც კი რაიმე წინადადება მოდის, იმ წუთშივე გვეუბნებიან, ატა-ტა-ტა, 9 წელიო. როდესაც ამდენი ხარჯი გაქვს, ექსპორტის ზრდა აუცილებელია. დოლარმა ხომ უნდა დააბალანსოს, ლარის კურსი რომ არ გაიქცეს?! ბუნებრივია, გვაინტერესებს, ექსპორტი გაიზრდება? ამაზეც პასუხი არ აქვთ. წელს პირველი წელიწადია, როდესაც ექსპორტმა და იმპორტმა ჯამში 2012 წელზე ნაკლები მაჩვენებელი შეადგინა. არადა ექსპორტი, პირიქით, უნდა გაზრდილიყო.

- რატომ უნდა გაზრდილიყო?

- ევროკავშირთან მოვაწერეთ ასოცირებიხ ხელშეკრულებას ხელი და რუსეთთან ბაზარი გაიხსნა. ამის საპირისპიროდ ექსპორტი და იმპორტი შემცირდა. თქვენი გაზეთის მეშვეობით ვეკითხები მთავრობას, გვითხარით, რა ღონისძიებები გაქვთ გათვალის-წინებული, რომ ქვეყანაში მეტი დოლარი შემოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხარჯები, რომლებიც 2016 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, კურსის ვარდნას გამოიწვევს. ესენი არც პენსიების გაზრდას აპირებდნენ, მაგრამ ჩვენმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო.

- ხელისუფლება ამბობს, რომ თქვენ არაფერ შუაში ხართ და ამის გაკეთებას ისედაც აპირებდნენ.

- ატა-ტა-ტა-ტა, ისედაც აპირებდნენ, არა? ამ თემაზე რომ დავიწყეთ საუბარი, გამოვიდნენ და თქვეს, რომ ეს იყო პოპულიზმი, რომ ამის ფული არ იყო ბიუჯეტში. პენსიების გაზრდას რომ არ აპირებდნენ, ამის ნათელი მაგალითია პარლამენტში შემოტანილი ბიუჯეტის პროექტები. საბოლოო ვარიანტში პენსიის ზრდა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გადასახადები გაზარდეს. პენსიების ზრდას იმ დღემდე არ აპირებდნენ, სანამ ამის თაობაზე პრემიერმა არ განაცხადა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ამის შესახებ არაფერი იცოდა ფინანსთა მინისტრმა და არც ის საუბრობდა მოსალოდნელ ზრდაზე. ასე რომ, მკითხველმა თავად განსაზღვროს, რა არის მართალი, მე არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ აქლემი არა ვარ, ერთს კი დავამატებ _ პენსია 50 ლარით უნდა გაზრდილიყო.

„ალია“, 3 დეკემბერი, 2015 წელი

ია ანთაძე, ვასილ მაღლაფერიძე და კობა ლიკლიკაძე «ოცნებისსაარჩევნო სიის ათეულში?

რა განუცხადა სამეულმა ალიას“…

ნინო სამხარაძე

ჯერ არავინ იცის, პარტია „ქართული ოცნება“ მართლა აპირებს თუ არა ბალასტისგან განთავისუფლებას, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, „ოცნებაში“ სიების ნიადაგზე დაპირისპირება და საქმეების გარჩევა დაწყებულია. ისინი, ვინც საკუთარი სისხლისა და ცემა-ტყეპის ფასად დეპუტატის მანდატი მოიპოვეს და უკვე ვეღარ მოხვდებიან 2016 წლის საპარლამენტო სიებში, პარტიის ხელმძღვანელებს ულტიმატუმს უყენებენ და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარანტირებულ ადგილებს ითხოვენ. ასეთად სახელდებიან ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი და კიდევ რამდენიმე კუნთმაგარი, რომლებიც მოითხოვენ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი ღვაწლის დაფასებას.

„ოცნება“ აქტიურად ეძებს ახალ სახ ეებს. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით გავრცელებულ „ოცნების“ მაჟორიტარული საარჩევნო სიების არსებობა მმართველმა პარტიამ უარყო, სიები ჯერ არ არსებობს მსჯელობის პროცესში ვართო.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე „ალიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სიები გაზაფხულზე გამოქვეყნდება, მისთვის გაუგებარია მაჟორიტარულ ოლქებში დასახელებულთა სია საიდან გაჩნდა, ეს მცდარი ინფორმაციააო და გვირჩია, არ დავეყრდნოთო. ამის მიუხედავად, კულუარებში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის ათეულზე უკვე საუბრობენ. „ალიასთან“ სანდო წყარო აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სიის ათეულში მოხვდებიან ჟურნალისტი ია ანთაძე; მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ამჟამად „ჯი-დი-ეს“-ის გადაცემა „20/30“-ის პროდიუსერი, ვასილ მაღლაფერიძე; რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ჟურნალისტი, სამხედრო ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში კობა ლიკლიკაძე. ირაკლი კობახიძე ამ საკითხზეც აკეთებს „ალიასთან“ კომენტარს, თუმცა ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს და ამბობს, რომ სამივე მათგანი ღირსეული კანდიდატიაო, კობახიძეს არც გაოცება გამოუხატავს, არც გაკვირვება და არც ისტერიული უარყოფა, საიდან მოიტანეთ ეს ინფორმაციაო. ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაა და გადავწყვიტეთ დასახელებულ კანდიდატებთან გადაგვემოწმებინა ამ ამბის სისწორე.

თემის გარკვევა ია ანთაძით დავიწყეთ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისგან შეთავაზება არაერთხელ მიუღია. შეგახსენებთ მის განცხადებას: „პირველი შემოთავაზება თვითონ ბატონი ბიძინასგან იყო. მან აღნიშნა, „მითხრეს თქვენი ამბავი, მაგრამ თუ მაინც შეგიძლიათ ჩვენთან თანამშრომლობა, კარგი იქნებაო“. ეს შეიძლებოდა, მრჩეველთა საბჭოს, ან რაიმე სხვა ფორმატში ყოფილიყო. მან შემომთავაზა ფორმალურად, იმიტომ, რომ იცოდა, არ დავთანხმდებოდი. მეც ვუთხარი, ისეთი პროფესია მაქვს, რომ არ შემიძლია. შემდეგ კიდევ ერთხელ დამირეკეს, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ უნდა შემდგარიყო და მედიის მიმართულების ხელმძღვანელობა შემომთავაზეს, რაზეც ასევე უარი განვაცხადე, ვარჩიე, ჟურნალისტიკაში დარჩენა, ვიდრე ის, რომ პოლიტიკაში წავსულიყავი“.

ია ანთაძე ასევე კატეგორიულად აცხადებდა, რომ არ იმუშავებდა ახალ ტელეკომპანიაში, რომელსაც ივანიშვილი ქმნის და არც სხვა კერძო ტელევიზიაში. „ერთადერთი ტელევიზია, რომელშიც სიამოვნებით ვიმუშავებდი, საზოგადოებრივი მაუწყებელია, თუმცა არა ისეთში, როგორიც დღესაა, არამედ როგორიც ყველას გვსურს, რომ იყოს“. – ეს ია ანთაძის სიტყვებია, თუმცა დღეს იგი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას ტელევიზიაში გადაცემას აკეთებს. „ალიას“ კითხვაზე, რომ ყოფილიყო გულწრფელი და ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე ეთქვა, მიდის თუ არა პოლიტიკაში და ადასტურებს, რომ ის „ქართული ოცნების“ სიის ათეულშია, განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პირველად ჩვენგან გაიგო: ახლა გადაცემაზე ვმუშაობ და გულწრფელად გეტყვით, მირჩევნია, დავრჩე ჟურნალისტად, ვიდრე წავიდე პოლიტიკაში, ეს არის გამორ იცხული, რადგან თავისუფლებას ვერ შევიზღუდავო…

ია ანთაძეს შევახსენეთ, რომ ის ასეთივე პრინციპული იყო, როცა აცხადებდა, რომ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარდა, არც ერთ ტელეკომპანიაში არ იმუშავებდა და განსაკუთრებით კი იმ ტელევიზიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქმნიდა, თუმცა დღეს ის მისი შვილის ტელევიზიაში მუშაობს. ამაზე ანთაძე პასუხობს, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ვერ მოახერხა მუშაობის დაწყება, მისთვის არ გამოიძებნა ადგილი და ამიტომ გახდა იძულებული, ეს ნაბიჯი გადაედგა, პოლიტიკაში წასვლაზე კი აზრს არ ვიცვლი და ვრჩები ჟურნალისტადო.

„ალია“ პრაღაში დაუკავშირდა კობა ლიკლიკაძეს. ის 90-იან წლებში იყო თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის უფროსი, „რადიო თავისუფლებაში“ მუშაობს 2001 წლიდან, აშუქებდა მოვლენებს მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან. გაიარა სამხედრო ჟურნალისტიკის გადასამზადებელი სპეციალური კურსები გერმანიაში, შვეიცარიასა და აშშ-ში.

აი, რას პასუხობს „ალიას“ კობა ლიკლიკაძე კითხვაზე, მიიღო თუ არა შეთავაზება „ქართული ოცნებიდან“ და აპირებს თუ არა წავიდეს პოლიტიკაში?

– ნინო, რა გითხრა, ჩემო კარგო. ჩემს ბიოგრაფიაში უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც, ერთ გამოთქმას თუ გავიხსენებთ, „ჩემს გარეშე, ჩემი დაქორწინება მოახდინეს“. ესეც, ალბათ, მაგ ოპერიდანაა. მიჩვეული ვარ, არ მიკვირს და არც ვღელავ! ერთ რამეს გეტყვი დანამდვილებით: ახლა პრაღაში სათავო ოფისში ვზივარ, ჩემს საავტორო გადაცემას ვაკეთებ. პოლიტიკაში წასვლის სურვილი არასდროს გამჩენია.

ვასილ მაღლაფერიძე კი ყველაზე რეაქტიული და ემოციური აღმოჩნდა ჩვენთან საუბარში და მოგვიხაზა, რომ ეს არის იდიოტური ინფორმაცია… ვინც თქვენ ეს ინფორმაცია მოგაწოდათ, არის იდიოტი… ჩემგან კოსმოსში გაფრენას უფრო უნდა ელოდოთ, ვიდრე პოლიტიკაში მობრუნებასო. კითხვაზე, და თუკი გამართლდა ეს ინფორმაცია და შემო თავაზებას დასთანხმდებით, მერე?.. კატეგორიულ უარს ვაცხადებ, ეს არ მოხდება, პოლიტიკაში ჩემს ფეხს ვერ ნახავთო…

ეს ის მაღლაფერიძეა, რომელსაც ჟვანიას გუნდთან ერთად აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული „ვარდების რევოლუციაში“. იყო მცხეთამთიანეთის გუბერნატორი. მისი სახელი ფიგურირებს ჟვანიას გარდაცვალების საქმეში. როგორც პრესა იმ დროს წერდა, საბურთალოს კონსპირაციული ბინა, სადაც ჟვანია და უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, სწორედ მაღლაფერიძემ დაიქირავა.

მოკლედ, „ალია“ ძალიან სკრუპულოზურად დააკვირდება, ეს სამი ჩამოთვლილი ადამიანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს და თუკი რომელიმე „ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო სიაში აღმოჩნდება, მერე სამივეს ჩემი გაკავება მოუწევს და განსაკუთრებით კი ვასილ მაღლაფერიძეს ვპირდები, რომ დავიტოვებ უფლებას, ის იდიოტად მოვიხსენიო.

ამ უარყოფების მიუხედავად, კვლავ აქტუალურია კითხვა – ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი. „ალიას“ სანდო წყარო ამ საკითხზე აცხადებს, რომ პარტიის ხელმძღვანელებმა თვითონაც არ იციან, ვინ იქნება პირველი ნომერი: „ამაში დარწმუნებული იყავით. ისინი არჩევენ სხვადასხვა ვარიანტებს, თუმცა ელოდებიან, პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი როდის იტყვის თავის ვარიანტს. მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი ალბათობით თავად ბიძინა ივანიშვილი გახდება სიის პირველი ნომერი, მას აქვს რესურსი, რომელსაც შეუძლია, პარტიის რეიტინგი ისევ „აქაჩოს“… ეს ინფორმაცია პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, ირაკლი კობახიძესთან გადავამოწმეთ და მისი პასუხიც ადეკვატური იყო, მან დაადასტურა, რომ რამდენიმე ვარიანტი მუშავდება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ სიას სათავეში ბატონი ბიძინა ჩაუდგესო. „ალიას“ სანდო წყარო პარლამენტის კულუარებზე ესაუბრება და აცხადებს: „საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი დაძაბულობაა, უკვე გარკვეულია, რომ „ქართული ოცნების“ ბალასტი ვეღარ მოხვდება მომდევნო პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს პარლამენტარობა თავისი გმირობის ფასად ერგო, ბევრი კი ნაგავს მოჰყვა. სპორტსმენები, მსახიობები, რეჟისორები, კორუმპირებულები, ზოგი ბიზნესმენი, ზოგი „წითელ ჯვარს“ ამოფარებული დაემშვიდობა მანდატს… ვინც იცის, რომ სიაში ვეღარ მოხვდება, უკვე ვაჭრობას იწყებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რომ თანამდებობა მიიღოს… მაგალითად, გეტყვით, რომ ასეთია ლუკა კურტანიძე და არამარტო ის, დაახლოებით მისი კატეგორიის დეპუტატებს ვგულისხმობ. არის კიდევ განაწყენებულთა ისეთი კატეგორია, რომლებიც თვლიან, რომ მათ შრომა არ დაუფასეს, არიან გაბუტულები და აქეთ ელოდებიან ხელისუფლებისგან წინადადებებს… დიდი ალბათობით, ისინი წინადადებებს ვერ მიიღებენ და ბოლომდე გაბუტულები დარჩებიან… ამ კატეგორიაში ვგულისხმობ ომარ ნიშნიანიძეს.

არის კიდევ მესამე კატეგორია, რომლებსაც ჯერჯერობით ტაიმ-აუტი აქვთ აღებული. ელოდებიან, რაღაც ფორმით მაინც აღმოჩნდებიან სიაში და სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ ივანიშვილთან დაკავშირებას. ასევე, პარტიის ხელმძღვანელობაზე გასვლას, რომ მათგან გარანტიები მიიღონ“.

ახალი თაობა“, 03 დეკემბერი, 2015 წელი

აიდგილარა“: სომხები ცდილობენ, აფხაზეთს დაეპატრონონ

შორენა მარსაგიშვილი

აფხაზეთში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრეზიდენტისა და ოპოზიციის დაპირისპირებას პრორუსულად და პროთურქულად განწყობილი აფხაზების დაპირისპირებაც დაერთო. ახლო მომავალში აქ, შესაძლოა, მესამე ფრონტიც გაიხსნას. აიდგილარა აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს ღიად დაუპირისპირდა.

ცხინვალელები მზად არიან, მამინაცვალი რუსეთის გამო ყელში სწვდნენ თურქეთს და სამაგიეროს გადახდის მიზნით სომეხთა გენოციდის აღიარებას აპირებენ, ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა აფხაზეთში. მართალია, რაულ ხაჯიმბამ მკაცრად დაგმო რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, მაგრამ სამაგიეროს გადახდაზე არავის უფიქრია.

ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, აფხაზეთი თურქეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თურქი ბიზნესმენები აქ რუსებზე მეტად აქტიურობენ. თურქეთში აფხაზებს ნათესავებიც ბლომად ჰყავთ და მათთან ურთიერთობის შეწყვეტა არ სურთ.

აფხაზეთში ფუნქციონირებს ფონდი „აფსნი“, რომელსაც სათავეში უდგას თურქეთიდან ჩამოსახლებული აფხაზი სონერ გოგუა, ეს უკანასკნელი 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებშიც მონაწილეობდა, ცხადია, აფხაზთა მხარეს.

სონერ გოგუას განცხადებით, მოსკოვის და ანკარას დაპირისპირება აფხაზეთზე მკვეთრად უარყოფითად აისახება. „რუსეთი ჩვენი სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორი და კეთილი მეზობელია, რომელიც გამუდმებით გვიჭერს მხარს. ამავე დროს, თურქეთი ჩვენი სიდიდით მეორე ეკონომიკური პარტნიორია და იქ ათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს“, – აღნიშნავს სონერ გოგუა.

ფონდ „აფსნის“ პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, აფხაზეთს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ თურქეთთან. შიდა სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ინვესტიციების დიდი ნაწილი აფხაზეთში თურქეთიდან მოდის. ეს თანხა რუსეთიდან ჩადებულ ინვესტიციებს აღემატება“, – აღნიშნავს აფხაზურ მედიასთან საუბარში სონერ გოგუა. მისი განცხადებით, თურქებს და იქ მცხოვრებ აფხაზებს ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში, ტურიზმსა და თევზის რეწვაში აქვთ ჩადებული.

„აფსნის“ პრეზიდენტი შიშით ელოდება 2016 წლის 1 იანვრის დადგომას, ამ დღეიდან რუსეთსა და თურქეთს შორის უვიზო მიმოსვლა შეწყდება. „უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა აფხაზეთის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას იქონიებს. ყველა ინვესტორი, ყველა გემი აფხაზეთში რუსეთის გავლით შემოდის. რუსეთის გავლით შემოდიან აფხაზეთში ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებიც“, – ჩივის „აფსნის“ თავკაცი.

სონერ გოგუა ამბობს, რომ მას კარგად ესმის მოსკოვის პოზიცია, თუმცა უნდა, რომ რუსებმა აფხაზეთის გაჭირვებაც გაითავისონ. „რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი აზრიც უნდა გაითვალისწინოს. თურქეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედება და საზღვრების ჩაკეტვა ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ აფხაზეთის ეკონომიკას კიდევ უფრო დაასუსტებს, ამიტომაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები აფხაზეთში თურქული ბიზნესის აკრძალვას“, – ამბობს სონერ გოგუა. მისი თქმით, საზღვრების ჩაკეტვა, საბჭოთა კავშირთან ერთად, წარსულს უნდა ჩაბარდეს. გოგუა რუსეთის ხელისუფლებას თურქეთთან მოლაპარაკებებს და გამოსავლის მოძებნას ურჩევს. მისივე განცხადებით, შესაძლოა პრობლემები შეექმნათ თურქეთში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს. ისინი იქ რუსეთის მოქალაქეების პასპორტებით არიან ჩასული. „ვესაუბრეთ თურქეთში მყოფ აფხაზ სტუდენტებს. ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ამბობენ, რომ თურქეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს“, – აღნიშნავს „აფსნის“ პრეზიდენტი.

სონერ გოგუას თქმით, ახლა ყველანი მოლოდინის რეჟიმში არიან და შიშნარევი იმედით ელოდებიან მოვლენების განვითარებას. თურქული ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესება აფხაზეთის ხელისუფლებასაც აწუხებს, მაგრამ ისინი ღიად რუსეთის პოლიტიკას ვერ დაუპირისპირდებიან. აფხაზეთში მცხოვრები რუსული დიასპორა კი მოსკოვის პოლიტიკას ღია მხარდაჭერას უცხადებს. მათი აზრით, რუსეთმა საკადრისი პასუხი უნდა მოსთხოვოს თურქეთს.

…………..

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში გაჩხერილ აფხაზეთს კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. რესპუბლიკაში ანტისომხური განწყობა ყოველდღიურად იზრდება. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა არმენოფობიაში ჯერ კიდევ ვლადისლავ არძინბას დროს დაადანაშაულეს, მაშინ მას უშიშროების მინისტრის პოსტი ეკავა. ამჯერად ხაჯიმბა არაფერ შუაშია. სომხების წინააღმდეგ კამპანია ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობმა „აიდგილარამ“ დაიწყო.

ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი აიდამირ ხიშბა აფხაზებს მოუწოდებს, რომ სომხებთან სიფრთხილე გამოიჩინონ. აფხაზებს ხიშბა ისტორიასაც ახსენებს და აცხადებს, რომ მუჰაჯირობის დროს, როცა მეფის რუსეთმა აფხაზები თურქეთში გადაასახლა, მათი სახლები თურქეთიდან გამოქცეულმა სომხებმა დაიკავეს. მისივე მტკიცებით, სომხებმა აფხაზური ეკლესიებიც მიითვისეს.

„აიდგილარას“ წევრი აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს იხსენებს და არ ივიწყებს, რომ მაშინ აფხაზეთში მცხოვრები სომხები მათ მხარეს იბრძოდნენ. „ისინი ჩვენს მხარეს იბრძოდნენ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ ეთნიკურ ქართველებს. არ ინდობდნენ არც მოხუცებს, არც ბავშვებს და არც ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენში ქართველებზე გამარჯვების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ისინი არ შევაჩერეთ“, – წერს აიდამირ ხიშბა. მისი თქმით, ომის დამთავრების შემდეგ, მათ კარგა ხანს ეგონათ, რომ აფხაზეთში მცხოვრები სომხები მათთან ერთად აშენებდნენ დამოუკიდებელ ქვეყანას. „ძალიან მალე გამოჩნდა, რა მიზნები ამოძრავებდა მათ. რესპუბლიკის ახალგაზრდობა სამსახურის საშოვნელად სხვადასხვა ქვეყნებში მიდის. სამშობლოში მხოლოდ მათი ნაწილი ბრუნდება, ისიც დროებით. ამ დროს აფხაზეთში ყველაფერს სომხები ეპატრონებიან. ყველა ეკონომიკური რგოლი მათ ხელში გადავიდა. სოფლის მეურნეობას, გზების მშენებლობას და სახელმწიფო კომპანიებსაც კი ისინი აკონტროლებენ“, – აღნიშნავს აღშფოთებული აიდამირ ხიშბა.

აფხაზეთის პარლამენტში რამდენიმე სომეხი დეპუტატია. აიდგილარას წევრი მათი ქმედებებითაც უკმაყოფილოა. „აფხაზეთის პარლამენტში მყოფი სომეხი დეპუტატები აქტიურად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში. ისინი საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლასაც კი ითხოვენ“, – ამბობს აიდამირ ხიშბა. მისი თქმით, აფხაზეთი არ არის მზად სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად. როგორც აიდგილარას წევრი ამბობს, ამ იდეით იმ ქვეყნების წარმომადგენლები გამოდიან, რომლებსაც ეს რკინიგზა თავისთვის სჭირდებათ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებენ.

აიდამირ ხიშბას აფხაზეთში მცხოვრები სომხების სიჩუმე სახიფათოდ მიაჩნია. „ახლა ისინი ჩუმად არიან, მაგრამ ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რომ ქვეყნის პოლიტიკური სადავეები ხელში ჩაიგდონ. აფხაზეთში გაცილებით მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე აფხაზი. აფხაზეთი ნელ-ნელა მათი ხდება“,-_ აცხადებს შეშფოთებული აიდამირ ხიშბა. მისივე ინფორმაციით, დღეს აფხაზეთში 100.000-ზე მეტი სომეხი ცხოვრობს და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება. იგი „აიდგილარას“ სახელით აფხაზეთის მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. „ჩვენი ვალია, გაგაფრთხილოთ, რა ელოდება აფხაზეთს სომხებისგან. მათთვის მთავარი ამოცანა იყო ის, რომ შავ ზღვაზე გასასვლელი ჰქონოდათ. სომხური ფაქტორი აფხაზეთისთვის უკვე სახიფათო გახდა. ერთხელ მაინც დაფიქრდით, რისთვის ვიბრძოდით, რომ აფხაზეთში აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი! დროა, გამოვფხიზლდეთ და დავიწყოთ მართლაც დამოუკიდებელი და მონოეთნიკური ქვეყნის მშენებლობა“, – მიმართავს აფხაზებს აიდამირ ხიშბა.

აფხაზებსა და სომხებს შორის აქ ვითარება არაერთხელ გამწვავებულა, მაგრამ ახლა, ეტყობა, სერიოზულად არის საქმე. „აიდგილარამ“ 1988 წელს ანტიქართული კამპანია წამოიწყო და წარმატებებსაც მიაღწია. ვნახოთ, სომხებთან გაუვა თუ არა.

Comments are closed