„ჩვენ ამ „NATO- NATO”-ს ძახილით, კი არ ვუახლოვდებით, არამედ, პირიქით, ვშორდებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, - ამის შესახებ „გლობალური კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა „ასავალ-დასავალთან” განაცხადა.
როგორც დევდარიანი აღნიშნავს, NATO-ში გაწევრიანებამ შესაძლოა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ მოუტანოს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში გამოსავალი აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებაა.
„ტერიტორიული მთლიანობა როგორ უნდა აღვადგინოთ აფხაზებისა და ოსების თანხმობის გარეშე?! თუ ჩვენ NATO-სკენ მივისწრაფვით, განა, დიდი საიდუმლოა, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის NATO მიუღებელია?! ანუ გამოდის, ჩვენ ამ „NATO- NATO”-ს ძახილით, კი არ ვუახლოვდებით, არამედ, პირიქით, ვშორდებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!
ახლა, რომ გაიძახიან კონსტიტუციური პროექტის მონაწილეები, აფხაზებს საკონსტიტუციო გარანტიები უნდა შევუქმნათ და განსაკუთრებული სტატუსი მივანიჭოთო, თავად აფხაზებს ვინმე დაელაპარაკა?! უნდათ ამ აფხაზებს NATO-სკენ თავაწყვეტილად მსწრაფ საქართველოში თუნდაც განსაკუთრებული სტატუსი?!
კომუნისტურ ეპოქაში იყო ასეთი ხუმრობა – კომუნიზმი ჰორიზონტს ჰგავს, რაც უფრო უახლოვდები, ის უფრო გშორდებაო – აი, ასეა დღეს NATO-ც! ეს არის ჰორიზონტი, ილუზია, ქიმერა! ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ იმ ბავშვებს, რომლებიც ვითომ მატარებელში ვზივართ, ერთმანეთს ჩაებმებიან და „ჩუქუ-ჩუქუს” გაიძახიან! NATO-ს მატარებელმა ჩაიარა და რაღა დროს „ჩუქუ-ჩუქუ მატარებელოს” თამაშია?!
თუ ჩვენებურ მედასავლეთეებს ასე ძალიან უნდათ ამერიკისადმი ერთგულების დემონსტრირება, შეიკრიბონ ამერიკის საელჩოსთან, ჯგუფური სურათი გადაიღონ და დაიკიდონ სასთუმალთან”, - განაცხადა დევდარიანმა.