globalresearch.ge

„აფხაზეთიდან რუსების გაყვანა შესაძლებელია“ – ნანა დევდარიანი

Posted by Globalresearch on Feb 24th, 2017 and filed under პრესა, ცენტრი პრესაში. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ინტერვიუ ნანა დევდარიანთან

ქალბატონო ნანა, მიუნხენში ჩატარებულმა კონფერენციამ უსაფრთხოების მხრივ რა შეიძლება მისცეს საქართველოს?

„მიუნხენის კონფერენცია არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილი, მაგრამ ის მოედანია, სადაც წამყვანი ქვეყნები თავის პოზიციას აფიქსირებენ“.

პოლიტიკურ საკითხებზე ჟენევის ფორმატში მსჯელობენ. ჟენევის მოლაპარაკების მონაწილე ქართველი პოლიტიკოსები მეუბნებიან, რომ დაიწყება თუ არა საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რუსები წყვეტენ საუბარს და წყდება მოლაპარაკებები, ანუ რუსეთი დეოკუპაციის საკითხზე საქართველოს არ ესაუბრება. ეს ბარიერი როგორ შეიძლება გადაილახოს?

„ჯერ ერთი, ეს ასე არ ხდება, როგორც ამბობენ ხოლმე წინა ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტები – ჯერ რუსეთმა გაიყვანოს ჯარი, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მერე ვილაპარაკოთო. მერე რა უნდა ილაპარაკო, ხომ ვერ მეტყვი? რუსები, რა, სულელები არიან? ყველაფერი თუ შეგისრულეს, მერე რაღაზე უნდა დაელაპარაკო? ამიტომ როცა შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და სხვა წამყვანი ქვეყნები ხვდებიან, რომ რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობა ყველაფერს ართულებს, შენც უნდა მიხვდე, რომ რაღაც ისეთი შესთავაზო, რაც ზის მის ინტერესებში. ასეთი შეთავაზება ქართული მხრიდან არ არის“.

რა შეიძლება შესთავაზოს ქართულმა მხარემ რუსეთს?

„მაგალითად, უბლოკო სტატუსი. მაშინ შეიძლება ამ მკვდარი წერტილიდან დაიძრა. უბლოკო სტატუსის პირობებში საქართველოს გაერთიანდება, ეს რუსეთის ინტერესში უნდა იყოს“.

უბლოკო სტატუსის განხორციელება რეალურია?

„ყველაფერი რეალურია, თუ პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილებები მიიღება. უბლოკო სტატუსი მოლაპარაკების საგანია. თუ არ გამოვა, ე.ი. არ გამოვა, მაგრამ საერთოდ რომ არაფერი სცადო, არ არის ლოგიკური მიდგომა. რუსეთს ეუბნებიან, ჯერ ჯარი გაიყვანე, ტერიტორიები დაგვიბრუნე და მერე დაგელაპარაკებითო. მერე რა უნდა ელაპარაკო?“

უბლოკო სტატუსი ჩვენთვის მომგებიანია?

„ნეიტრალიტეტზე უკეთესი ფორმულაა. ნეიტრალიტეტისაგან განსხვავებით, უბლოკო სტატუსი ხელს არ გიშლის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაში – ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები რომ არიან ავღანეთსა და სხვა ადგილებში. შეიარაღების და სხვა ამგვარ პროგრამებში მონაწილეობის პრობლემას უბლოკო სტატუსი არ ქმნის. უბრალოდ, საქართველო აცხადებს, რომ არ ვიქნებით არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი, არც _ ნატოს, არც – ობეკაბეს და არც რომელიმე სხვისი.

უსაფრთხოების გარანტია რა იქნება?

„უსაფრთხოების გარანტია არის რუსეთის ინტერესი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იყოს ნატოს ბაზები. ეს არის უპირველესი გარანტია. თუმცა, ეს წინადადეება თუ არ წავიდა ქართული მხარისაგან, რუსები ნამდვილად არ დაიწყებენ ამაზე ლაპარაკს. მათ თავიანთი მისია საქართველოში შეასრულეს, 2008 წელს აღიარეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებიც 1990-იანი წლების შემდეგ არ უღიარებიათ. ამ სტატუს ქვოს შენარჩუნება აწყობს მხოლოდ რუსეთს“.

ამ აღიარების შემდეგ, როდესაც რუსეთი ამ ტერიტორიებს აღარ განიხილავს ჩვენი ქვეყნის ნაწილად, საქართველოს უბლოკო სტატუსს, რა თქმა უნდა, დათანხმდება. რუსეთი იტყვის, რომ საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, ფეხს არ შევდგამთო.

„არა, ეს ასე არ ხდება. ინიციატივაში, რომელიც ბურჯანაძემ პარლამენტში დაარეგისტრირა, გარკვევით წერია, რომ უბლოკო სტატუსი ამოქმედდება 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც ჩვენთვის ძალიან საყურადღებო მომენტია. შეუძლებელია დანარჩენ საქართველოში გამოაცხადო უბლოკო სტატუსი. ლაპარაკია იმაზე, რომ მთლიანი საქართველოს – 1991 წელს აღიარებულ საზღვრებში იქნება უბლოკო სტატუსი. უამისოდ არ იქნება“.

თქვენ გგონიათ და გაანალიზებული გაქვთ, რომ რუსეთი დათანხმდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსთვის დაბრუნებას უბლოკო სტატუსის პირობებში?

„ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ გვგონია, რუსეთი დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და ის იქნება ჩვენი. ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების გარეშე. როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყველა შემთხვევაში ნატოს წევრები გავხდებით და არაფერს ვეკითხებით აფხაზებსა და ოსებს, ეს მათთვის სიგნალია. მათ ნატოში ყოფნა არ უნდათ. მით უმეტეს, ნატოში არც გვიღებენ და არც მიგვიღებენ. უბლოკო სტატუსი კი აფხაზებისა და ოსებისთვის მისაღები იქნება“.

უბლოკო სტატუსის შემთხვევაში თვითონ რუსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარს გაიყვანს? თუ რუსეთი ჯარს გაიყვანს, ჩვენ შეგვიძლია შემდეგ მოლაპარაკების გზით აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობები მოვაგვაროთ. იქ ჯარი რომ დგას, ყველაფერს ართულებს.

„1999 წელს არავის ეგონა, რომ რუსეთის ბაზები საქართველოდან გავიდოდა, როცა სტამბოლის სამიტზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ გავიდნენ. სააკაშვილმა კი თავისი უგნური მოქმედებით გაყვანილი ბაზები რუსეთს უკან შემოაყვანინა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“.

აფხაზეთიდან რუსული სამხედრო ბაზა არ გასულა.

„მაშინ რა იყო და ახლა რამხელა რუსული სამხედრო ბაზაა აფხაზეთში, შედარება არ შეიძლება. ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდებოდა, მაგრამ ფაქტობრივად, საქართველოს მთელი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზები გაყვანილ იქნა. საკუთარ ტერიტორიას რომ ვერ აკონტროლებ, ერთი პრობლემაა, მეორეა _ ამგვარი გადაწყვეტილების განხორციელება შესაძლებელი ყოფილა. თუმცა, ეს შეიძლება მხოლოდ მოლაპარაკებითა და შეთანხმებით“.

წყარო

Comments are closed