„ახალი თაობა“, 4 დეკემბერი, 2014 წელი
ნინო ბურჯანაძე: „რუსეთს და თურქეთს შევთავაზოთ მილსადენმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს“
შორენა მარსაგიშვილი
(შემოკლებით)
სტატია მთლიანად ინფორმაციული ხასიათისაა და თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე, საქართველოს პოლიტელიტის, კერძოდ, პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის|“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებია გადმოცემული.
კერძოდ, ნინო ბურჯანაძე ინიციატივით გამოდის, რომ იმ გაზსადენმა, რომელიც რუსეთ-თურქეთს შორის უნდა იქნას გაყვანილი, საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს. „ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ტრატეგიულ მნიშვნელობას, მათ შორის ევროპაშიც, მოიტანს სერიოზულ ეკონომიკურ პოზიტიურ ძვრებს და რაც მთავარია, გაამყარებს სტაბილურობას.
ნინო ბურჯანაძის ინიციატივას იწონებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება ნინო ბურჯანაძის წინადადებას გაითვალისწინებს, მაშინ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ისე მკვეთრი აღარ იქნება. „საკითხის ასეთ დაყენებაში რაციონალური მოტივი ნამდვილად არის. აფხაზეთი ისე დაგვამხეს თავზე, დასავლეთს წარბიც არ შეუხრია, მერე კი, როცა ბაქო-ჯეიჰანის პროექტი განხორციელდა, საქართველო ყუ7რადღების ცენტრში მოექცა. იქ სადაც ნავთობ- და გაზსადენებია, სახელმწიფოები ძალიან ფრთხილად იქცევიან. კომუნიკაციების არსებობა კონფლიქტების დარეგულირების ფაქტორი ხდება.
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის განცხადებით, ქვეყნის ინტერესების დასაცავად სწორი პოლიტიკის გატარებაა საჭირო და არა რომელიმე პარტნიორთან კეკლუცობა. მისივე თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი არ აქვს და რომ ჰქონდეს, ალიანსში გაწევრიანება ქვეყანას არ აწყობს: „ალტერნატივა არ არის არც რუსეთის დროშასთან, არც ევრაზიის დროშასთან და არც ნატოს დროშასთან, ასევე არცერთთან კეკლუცობა და არც მეორესთან. ალტერნატივა მხოლოდ მხოლოდ სწორი პოლიტიკის წარმართვაა – პოლიტიკისა, რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს“.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობას უნდა აუხსნას, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, რეალურად საქართველო ევროკავშირში მხოლოდ 15-20 წლის შემდეგ თუ გაწევრიანდება…
„მოდით პირდაპირ ვთქვათ: არც ევროპა და არც ამერიკა, არც რუსეთი სხვა სახელმწიფოს ინტერესებს არასდროს არ ითვალისწინებენ და საქართველოსთვის თავს არ მოიკლავენ. არავის არ დაუწყია რუსეთთან ომი 2008 წელს და არც არავინ დაიწყებს. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ და ჩვენმა ხელისუფლებამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ რუსეთი დააინტერესოს იმაში, რომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ალია“, 4 დეკემბერი, 2014 წელი
რას მოიგებს და წააგებს საქართველო, თუკი რუსეთ-თურქეთის გაზსადენი საქართველოზე გაივლის?
გაზსადენის გაყვანის შემთხვევაში, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მივიღოთ? „ალიას“ კორესპონდენტ დიანა ლიპარტელიანს „დამოუკიდებელი ექსპერტთა კლუბის“ თავმჯდომრე სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა:
– გაზსადენის გაყვანა საქართველოს გავლით, დღევანდელ ვითარებაში რუსეთისთვის იქნება ზედმეტი თავის ტკივილი, რისი ფუფუნების უფლებაც მათ მას შემდეგ აღარ დარჩათ, რაც უკვე 100 მილიარდი დოლარით გამოიხატა რუსეთის ფინანსური ზარალი უკანასკნელი თვეების განმავლობაში. რაც შეეხება საქართველოს, უხეშად რომ ვთქვა, ამ რუსეთ-თურქეთის ტრანზიტი დაახლოებით იმ დოზით იქნება დადებითი შედეგის მომტანი, როგორც დღეს „ბაქო-ჯეიჰანია, გაზის გარკვეულ რაოდენობას მოგვცემენ.
ჯერჯერობით უნდა გავარკვიოთ აფხაზეთის საკითხი, რადგან ეს გაზსადენი, სახმელეთო ტრასა აფხაზეთზე გაივლის, ცხადია. თუ ამას რაიმე პოლიტიკური დატვირთვა შეექმნება რუსეთის მხრიდან, მაშინ ეს ნაკლებად მისაღები იქნება საქართველოსთვის, თუმცა, არაფერია გამორიცხული.
– ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა უნდა შესთავაზოს. რამდენად მომგებიანი იქნება მსგავსი ინიციატივის გამოჩენა საქართველოსთვის დღევანდელ ვითარებაში?
– როცა რესურსის მფლობელს ასეთ მოდელს, ასეთ წინადადებას აძლევ, ეს აღიქმება, როგორც თეზისი – „ბიძია, დამეხმარე…“ „ბიძია, დამეხმარეს“ და „დეიდა, დამეხმარეს“ სტატუსით, საქართველო, არ მგონია მიმზიდველი იყოს, ან რუსეთისთვის, ან თურქეთისთვის. როგორც ამბობენ, თუ „ჩიტი ბრდღვნად ღირს“, მაშინ რუსეთი თავად შესთავაზებს ამ წინადადებას საქართველოს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ სახმელეთო მარშრუტი მოსკოვისთვის მისაღები იქნება, რადგან მისთვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურა ბევრად უფრო სანდოა და არ ექვემდებარება პოლიტიკურ რყევებს.
„ალია“, 4 დეკემბერი, 2014 წელი
რატომ იხარჯება ნატოში ვიზიტებზე ფული, თუკი არ გვიღებენ?
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა ბულგარეთის, ბელგიის, პორტუგალიის, ლიტვის, ისლანდიისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
რისთვის დადის ქართული დელეგაცია ნატოს ღონისძიებებზე, რატომ იხარჯება ბიუჯეტის თანხები, როცა გარკვევით გვითხრეს, რომ ნატოში ჩვენს გაწევრიანებაზე საუბარიც კი არ არის?
„ალიას“ კორესპონდენტს დიანა ლიპარტელიანს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა:
– საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვეულებრივი ბიუროკრატიული უწყებაა და მინისტრი თუ არსად არ ივლის, იტყვიან, საქმეს არ აკეთებსო. თუ ძალიან ბევრს ივლის, იტყვიან, ტურისტიაო. ამიტომაცაა ორ ცეცხლს შუა ყოველთვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ნეტა ვიზიტებით ხდებოდეს ნატოში მიღება, მაშინ ვერავინ შეგვასწრებდა ნატოში, ვერავინ! განცხადებებით, მიტინგებით, ტელეშოუებით, მკერდში მჯიღის ცემით, დედის ფიცილით, ხატსა და ბიბლიაზე დაფიცებით რომ იღებდნენ ნატოში, ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი წევრები ვიქნებოდით, მაგრამ არ ხდება ასე, არა! ჩვენ ნატოში, განსაჭვრეტ მომავალში, სანამ რუსეთი რუსეთია და ევროპა ევროპაა, არავინ არ მიგვიღებს. რეალური საქმე ვაკეთოთ, ეს არარეალურია. ან რა საჭიროა 10-20-კაციანი დელეგაციები, არ მესმის, რატომ არ შეიძლება 4-5 კაცი წავიდეს? როგორც ჟენევაში ხდება, 2-3 თვეში ერთხელ მიდის საწყალი ზურაბ აბაშიძე, მდივანსაც არ აყოლებენ, მარტო ჩავა, პრაღაში რჩება ერთი დღე და ჩამოდის უკან.
თუ ჩვენ გვინდა ნატოს წევრი ქვეყანა გავხდეთ, მაშინ, უნდა ვთქვთ, რომ ტერიტორიებზე არ გვაქვს არანაირი დავა, მათ შორის არც რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ოფიციალურად ვამბობთ, რომ ჩვენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული რუსეთს და მის დაბრუნებას მოვითხოვთ. ისე, ერთიცაა, სანამ ნატომდე მივალთ, იმდენი წინაღობაა, რომ არავინ არ თვლის თავს ვალდებულად, ეს საკითხი გაიხსენონ. ეს ისეთი საკითხია, მხოლოდ ამის გამო შეიძლება დაიბლოკოს საქართველოს მიღების საკითხი. ამიტომ დიპლომატიურად, მორცხვად ამბობენ, რეფორმები, მერე რეფორმები, კიდევ რეფორმები… ეს კიდევ ჩვენთვის თავის მოსატყუებლად ადვილია.