globalresearch.ge

რის ხარჯზე შემოიჭერენ ქამრებს მინისტრები?

Posted by Globalresearch on Mar 3rd, 2015 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტის შემცირების გამო არ შეიკვეცება არც ინფრასტრუქტურული და არც საინვესტიციო პროექტები

რადგან ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას გაზაფხულამდე არ უნდა ველოდოთ, ვერც შემცირებული ექსპორტი გაიზრდება ასე ერთი ხელის მოსმით და არც უცხოეთიდან ფულადი გზავნილები, მთავრობამ გადაწყვიტა ლარის გადასარჩენად ქამრები შემოიჭიროს და ადმინისტრაციული ხარჯები 12%-ით შეამციროს. ხელისუფლება გეგმავს მთლიანად ბიუჯეტი 10-15%-ით შეამციროს, თუმცა მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტის შემცირების გამო არ შეიკვეცება არც ინფრასტრუქტურული და არც საინვესტიციო პროექტები, ასევე სოციალური კუთხით გამოყოფილი დაფინანსება და არც სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებს ემუქრება შემცირება. საბიუჯეტო სახსრების ეკონომია სავარაუდოდ ”სხვა” ხარჯების ხარჯზე მოხდება, რომელთა დაზოგვა მთავრობას აქამდეც შეეძლო.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: ჩვენ საკმაოდ დიდი თანხა – 2,8 მილიარდი ლარი გვაქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში მმართველობის ხარჯებზე, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებიდან დაწყებული და წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებით დამთავრებული (საპატიო სტუმრების მიღება-გასტუმრება, სადილი და ა.შ.). მაგრამ, ამ ხარჯების შემცირების პოლიტიკა არ უნდა იყოს კამპანიური ხასიათის. ეს უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მოსახლეობის ერთად გასავლელი გზა. როგორც ცალი ხელით ტაში არ დაიკვრება, ისე მხოლოდ მთავრობის ან მხოლოდ ხალხის ეკონომიურობა არაფერს მოგვცემს. საზოგადოება უნდა იყოს ეკონომიურად მომართული და უნდა შეძლოს ზედმეტი ფუფუნებისა და ყელყელაობისგან თავის არიდება. ხშირად მომაქვს ერთი გერმანული ოჯახის მაგალითი, რომლის შემსწრე მე თავად ვარ. საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახია და დილით მშრალ სპირტზე ადუღებდნენ წყალს ჩაისა და ყავისთვის. ხარჯები ასე უფრო ნაკლებია, ვიდრე ელექტრომადუღარით სარგებლობისას. ყველა ფეხის ნაბიჯზე აკეთებდნენ ეკონომიას. რამდენიმე თვის წინ დავთვალე და საქართველოში მასობრივად რომ ვიყენებდეთ ელექტროდამზოგავ ტექნოლოგიებს, მათ შორის ეკონომიურ ნათურებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას, შევძლებდით დაგვეზოგა იმდენივე ელექტროენერგია, რამდენის გამომუშავებასაც გვპირდებიან ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში. ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები, პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში ხელისუფლებებს აქვთ სწრაფვა, რომ თვითკმარ სისტემად ჩამოყალიბდნენ. თუ მთავრობაზე არ იქნება საზოგადოებრივი კონტროლი, ტრანსფარენტულობა, მუდმივი ზეწოლა, ის იმუშავებს საკუთარი თავისთვის კომფორტის მოწყობაზე – კარგი ოფისები, ხელფასები, მივლინებები და სხვა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების სენი, შინაგანად ყველა ხელისუფლება ამისკენ არის მიდრეკილი. მეორეა რას დაუპირისპირებს ამას საზოგადოება და როგორ გააკონტოლებს, რომ მათ ამის საშუალება არ მისცენ. ამიტომ ეს კამპანია უფრო ფართოდ უნდა განვიხილოთ.

- შესაძლებელი იყო თუ არა, რომ სახელმწიფო მოხელეთა სოლიდურ პრემიებს, ავტოპარკის განახლების მუდმივ პროცესს, შთამბეჭდავ სარესტორნო ხარჯებს და ზოგადად, ბიუჯეტის არარაციონალურ ხარჯვას მთავრობის მხრიდან გარკვეული გავლენა მოეხდინა ლარის გაუფასურებაზე?

- რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მიზეზად ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. თუ ლარის გაუფასურებაში 100%-დან 50% ეგზოგენურ, ანუ გარე ფაქტორებს მიუძღვის, დანარჩენი 50-% შიდა ფაქტორებზე მოდის. მსოფლიო კონიუქტურა შეიცვალა, ნავთობის ფასების შემცირება გავლენას ახდენს ჩვენი შრომითი მიგრანტების შემოსავლებზე და მათ მიერ გამოგზავნილი ტრანზაქციების მოცულობა შემცირდა. ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა და სომხეთმა გარკვეულწილად შეზღუდეს ავტომობილების შეტანა საქართველოდან. ახლა იანვარში ერთი ამბავი ატყდა, რომ საქართველოდან ექსპორტი 30%-ით შემცირდა. მაგრამ, ზოგადად ექსპორტის შემცირებულ მოცულობას თუ გამოვაკლებთ ავტომობილების ექსპორტს, მაშინ ექსპორტი თურმე 30%-ით კი არა, რეალურად 20%-ით შემცირებულა. თან უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში პირველად, ექსპორტმა ევროკავშირში გადაუსწრო ექსპორტს დსთ-ს ქვეყნებში. ეს პირველად მოხდა და ხელისუფლების ადგილას ამას კარგად გავაპიარებდი, რადგან ფაქტი ძალიან საყურადღებოა. მთლიანობაში კი საბიუჯეტო ხარჯების ზრდა და ასეთი არარაციონალური გზით ხარჯვა, გავლენას ახდენს, ახდენდა და თუ ასე გაგრძელდა, მომავალშიც მოახდენს ლარის კურსზე. მაგრამ საყურადღებოა, როგორ ახდენს ეს კურსზე გავლენას? ხელისუფლების ცუდი და არაეფექტური ქმედება აისახება ინფლაციაზე და შემდეგ უკვე გადადის ლარის კურსზე, ხოლო ეროვნული ბანკის ქმედება კი პირიქით ჯერ აისახება ლარის კურსზე და შემდეგ უკვე ვლინდება მომატებულ ინფლაციაში. საბოლოო წერტილი კი იგივეა – ზარალდება მოსახლეობა. ამიტომ საჭიროა მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთმანეთს კი არ დაუპირისპირდნენ და ის კი არ ვიკვლიოთ, ვის უფრო მეტი დანაშაული მიუძღვის ლარის გაუფასურებაში… ორივე მხარე ამ შემთხვევაში დაგვიანებული და არასწორი ნაბიჯებით იწვევდა იმას, რომ ლარი მივიდა ამ ზომამდე. საკმარისი იყო ხელისუფლებას ეჩვენებინა პოლიტიკური ნება და ეროვნულ ბანკს ერთი-მეორის მიყოლებით განცხადებები გაეკეთებინა, მუშაობა დაეწყო და კურსმაც წამოიწია გამყარებისკენ. საზოგადოებაში არსებობს დიდი პოტენციალი მოლოდინებისა და იმედებისა, როცა ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფინანსურ თუ პოლიტიკურ სტაბილურობაზე ასეთ მესიჯებს, იმპულსებს არ უგზავნიან საზოგადოებას, ის ხდება დეზორიენტირებული და ეს შემდეგ აისახება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, მათ შორის სავალუტო კურსშიც.

ემა ტუხიაშვილი

წყარო

Comments are closed