globalresearch.ge

არჩილ გეგეშიძე: ახალი ჩინური ინიციატივა და საქართველოს პერსპეტივები

Posted by Globalresearch on Jun 3rd, 2017 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რამდენიმე ხნის წინ თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომელიც შეიძლება ითქვას, უკვე ჩატარებული კვლევის განხილვას ეძღვნებოდა. აღნიშნული კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად, სტოკჰოლმში ცნობილი ანალიტიკური ცენტრის `სიპრის~ მკვლევარებმა ჩაატარეს და კვლევის საგანი გახლდათ ჩინეთის ახალი ინიციატივის შესაძლო გავლენა სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე. თუმცა, კვლევაში არ იყო ნახსენები სამხრეთ-კავკასია, შესაბამისად, სწორედ ამ სიცარიელის შესავსებად გაიმართა ეს დისკუსია, რომელზეც მოწვეულები იყვნენ კვლევის ავტორები და ექსპერტები სამხრეთ კავკასიიდან, მათ შორის – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ვიმსჯელეთ, რას უქადის ეს ინიციატივა ჩვენს ქვეყნებს. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრად მეტი შეკითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი, უფრო მეტიც, თავად ჩინეთშიც კი ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა არ იციან, რა ხდება. მაგრამ ფაქტია, ჩინელებს ძალიან უნდათ უცხოეთში შექმნან ჩინური პროდუქციის გასაღების და თავისი მუშახელის დასაქმების ბაზრები, ვინაიდან, მათი ბიზნესის ზრდის 35–წლიანი მაღალტემპიანი გზა უკვე შეჩერდა, გაჩნდა ზემდეტი სიმძლავრეები, მაშინ როცა ადგილზე მოთხოვნა მცირდება და მოუწევთ მილიონობით მუშახელის სახლში გაშვება.

ამას გარდა, მართალია, თავად ჩინელები ამას უარყოფენ, მაგრამ უკვე საუბრობენ, რომ ჩინეთის ამ ინიციატივების უკან მოიაზრება გეოსტრატეგიული და სხვა მთელი რიგი მიზნებიც, თუმცა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდები და სპეკულაციაა და არანაირ ფაქტებზე არ არის დაფუძნებული. ჯერ მხოლოდ საწყის ფაზაზეა ამ ინიციატივის განხორციელება. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტი, რომელიც განხორციელდა ამ ინიციატივის ფარგლებში, არის 62–მილიონიანი პროექტი _ ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი. ასევე, პორტის პროექტი შრი-ლანკაში, ჩქაროსნული რკინიგზა ინდონეზიაში, ინდუსტრიული პარკი კამბოჯაში. რაც შეეხება საქართველოს, ჯერ ასეთი კონკრეტული მსხვილი პროექტების განხორციელება არ დაწყებულა.

აღსანიშნავია, რომ სამ ქვეყანას აქვს მსოფლიოში დიდი მასშტაბის ჰოსპიტალი-გემი, რუსეთს, აშშ-ს და ჩინეთს. გრენადაში რომ ვიყავი, მითხრეს, რომ ჩინელები ადგილობრივ მოსახლეობას უწევენ დახმარებას და ეს თავადაც ძალიან მოსწონთ, თავს იწონებენ. და აქ აშშ-ზე მეტად ჩინეთს იცნობენ. ჩინეთის აქტივობა მეტად ჩანს და მთელ რიგ ისეთ ფილანტროპულ პროექტებს უკავშირდება, როგორებიცაა უფასო ჰოსპიტალების, საცხოვრებლების, სპორტული მოედნების მშენებლობა. მოგეხსენებათ, ჰაიტი უღარიბესი ქვეყანაა და მაშინ, როცა აშშ-ის პროგრამები უფრო რაღაც უნარ-ჩვევებისა და ცოდნის განვითარებას უკავშირდება, რაც მოგეხსენებათ უბრალო მაცხოვრებელს არ აინტერესებს, ჩინელები კონკრეტულად ეხმარებიან მათ.

ასე რომ, ეს ერთი სარტყელის ინიციატივა  ბევრად ადრე და გლობალური მასშტაბით ჩამოყალიბდა და მოიცავს კონკრეტულად ევრაზიის ტერიტორიას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინიციატივას, ჩინეთის ახალი ინიციატივა ყველა წინა ინიციატივისგან განსხვავდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი კონტურები ბუნდოვანია, ჯერჯერობით არ შეინიშნება ჩინეთის შორსმიმავალი გეოსტრატეგიული ან პოლიტიკური გეგმები. განსხვავებით დასავლური ფულისგან, რომელიც ძალიან მკაცრ წინაპირობებს ეფუძნება – დასავლეთისგან რომ დახმარება მიიღოს ქვეყანამ, ის უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების მოთხოვნებს და .აშ. ანუ ძალიან ბევრი წინაპირობა უნდა შეასრულო, რომ დამხარების რესურსი მიიღო დასავლეთისგან. ჩინეთს ამდაგვარი მოთხოვნები არ აქვს და ამიტომ განსაკუთრებით მიმზიდველია ეს ინიციატივა ავტორიტარული რეჟიმებისთვის. თუმცა, დასავლეთში ღელავენ ამ ჩინური ინიციატივის გამო, ისინი ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება სიღრმისეული დემოკრატიის განხორციელებას საფრთხე შეუქმნას ჰიბრიდულ თუ ავტორიტარულ ქვეყნებში.

ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად პაკისტანი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთთან და დიდი მოლოდინიც აქვთ. ინდოეთიც მიიწვიეს ამ პროექტებში ჩასართავად, მაგრამ ინდოეთმა განაცხადა, რომ ამ ყველაფრის უკან მკაფიო იმპერიულ ზრახვებს ხედავს და მასში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც ამრავლებს ამ ინიციატივის ირგვლივ არსებულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ რისკებს, ვინაიდან, ინდოეთიც და ჩინეთიც ევრაზიის უდიდესი ბირთვული სახელმწიფოები არიან.

ზოგადად კი, ევრაზია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში და ამ უზარმაზარი სივრცის სტაბლურობას გლობალური მშვიდობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც დასავლეთისთვის, ასევე ჩინეთისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, თუ ვისი პირობით დამყარდება ეს სტაბილურობა. დასავლეთს მიაჩნია, რომ ჩინეთის ამ ინიციატივას შეუძლია ხელი შეუშალოს დასავლეთის წესებით ევრაზიაში სტაბილურობის დამკვიდრებას და ის აფრთხილებს თავის პარტნიორებს, მათ შორის ჩვენც, მოსალოდნელი რისკების შესახებ. ერთ-ერთ რისკად ასახელებენ თავად ამ პროექტის მასშტაბს, რომელიც იმდენად მასშტაბური და მრავალფეროვანია, რომ ჩინეთს შეიძლება მისი მართვა გაუჭირდეს. არადა, თუ ეს პროექტები ჩავარდა, ეს შელახავს ჩინეთის რეპუტაციას და უდიდეს პოლიტიკურ რისკებს გააჩენს მისთვის.

ისე კი, ძალიან ოპტიმისტები თუ ვიქნებით, საქართველოს შეუძლია არამარტო თავისი მდებარეობით, ზოგადად მისი გამჭრიახი დიპლომატიით და გონივრული პოლიტიკით ისეთი პოზიცია დაიკავოს, რომ ქვეყნებს შორის ერთგვარი ხიდის როლი შეასრულოს. რადგან ჩინეთს და ევროკავშირს ძალიან სჭირდებათ ერთმანეთი, ოღონდ ურთიერთობის მისაღებ პრინციპებზე ჯერ ვერ თანხდმებიან და თუ შეთანხმდნენ, შეიძლება საქართველოს როლიც გამოიკვეთოს. მეორე საკითხია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან და რუსეთთან ურთიერთობიდან გამომდინარე, პოლიტიკურად როგორ უნდა დავიკავოთ კორექტული პოზიცია. ამიტომ უნდა გავცეთ აქ პასუხი – ეწინააღმდეგება თუ თანხვედრაშია ეს ინიციატივა რუსეთთან, თუ საფრთხეს უქმნის მას? ამას გარდა, საინტერესოა, როგორი იქნება აშშ-ის ინტერესები. ხომ არ განმეორდება იგივე, როდესაც ჩვენს ირანთან ურთიერთობას აშშ ამუხრუჭებდა 90-იან წლებში და თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა გარკვეული საფრთხე, შეიძლება ანალოგიურად მოიქცეს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვუერთდებოდით ჩინეთის მიერ შექმნილ ახალ დიდ ბანკს, აზიის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს, რომელიც თითქოს ახალი მსოფლიო ბანკის ალტერნატივად ჩაიფიქრა ჩინეთმა, აშშ-ში მე მითხრეს პირად საუბარში, ფრთხილად იყავითო. ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, მაქსიმალურად დივერსიფიცირებული უნდა გვქონდეს საგარეო ურთიერთობები. ამიტომ მართალია, დიდი ვაჭრობის საექსპორტო პოტენციალი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც შეიძლება გამოგვადგეს, თუ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზად იქნება, ისევე როგორც შეგვიძლია გამოვიყენოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელსაც დღეს, ალბათ, 1%-ითაც ვერ ვიყენებთ. მართალია, ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ საკითხავია რას შევიტანთ იქ?

რეფორმები, რომელიც ჩვენ გვჭირდება, დიდ დროს მოითხოვს, პოლიტიკურად რისკიანია და ძვირადღირებული, ამიტომ სანამ მზად არ ვიქნებით, ამ პოტენციალს ბოლომდე ვერ გამოვიყენებთ. ასე რომ, ზემოაღნიშნულმა დისკუსიამ კიდევ უფრო მეტი შეკითხვები დასვა, ვიდრე პასუხები გასცა ადრე არსებულ შეკითხვებს. ალბათ კიდევ გარკვეული დრო არის საჭირო, რათა გაირკვეს, უწერია თუ არა ქმედუნარიანობა ამ პროექტს და შემდეგ უფრო მეტად შეგვეძლება საუბარი, რა ეტაპზე როგორ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი შედეგი.

თუ ყველა უარყოფით ვარაუდს გვერდზე გადავდებთ, ეს ყველაფერი ინფრასტრუქტურული სისტემების ურთიერთკავშირს შეუწყობს ხელს. თუნდაც საინფორმაციო ტექნოლოგიები განვითარდება, უფრო მეტად ითანამშრომლებენ ეს ქვეყნები. ტურიზმმაც კი შეიძლება იხეიროს. მაგალითად, ახლახანს გაეროში ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქართველი დიპლომატი გახდა. ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს ე.წ. აბრეშუმის გზის პროგრამა და, ჩვენი თანამშრომლობის შემთხვევაში, შეიძლება ამ პროექტს ტურისტული კომპონენტიც დაემატოს.

ჩვენნაირ პატარა ქვეყანას სარგებლის მიღება შეუძლია სწორი უცხოური ივესტიციებით, ისევ და ისევ თუ სხვები არ დაგვამუხრუჭებენ და არ ჩავთვლით, რომ ის საინვესტიციო პირობები, რასაც ისინი გვთავაზობენ, ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ჩვენთან უცნაური ამბავი ხდება. ამდენი ხანია, რაც დამოუკიდებელი ქვეყანაა საქართველო და ერთი სერიოზული კვლევითი პროგრამა და ცენტრი არ არსებობს ან რუსეთთან, ან ჩინეთთან დაკავშირებით. არადა ეს მრავალასპექტიანი საკითხია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გარდამქმნელი გავლენა. ამ ყველაფერს კი საფუძვლიანი კვლევა სჭირდება. ინტერესი არსებობს, მაგრამ არ არის შესაბამისი რესურსი კონკრეტული კვლევების ჩატარების და სხვათა შორის, დონორებსაც არ აქვთ მისი მნიშვნელობა გაცნობიერებული, რათა ეს პრიორიტეტული მიმართულება დააფინანსონ, მაშინ როდესაც ათას სისულელეს აფინანსებენ. არადა, ბევრი დინტერსდებოდა ამ საკითხის კვლევით.

Comments are closed