globalresearch.ge

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი ასპექტის შესახებ

Posted by Globalresearch on Apr 1st, 2014 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში პარაფირებული იქნა ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტი. თუ მისი ხელმოწერისას დაშვებულ ერთგვარ კურიოზს (ხელმოწერა „შალახოს“ მუსიკის ფონზე) არ მივიღებთ მხედველობაში, თავად ამ დოკუმენტის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. თუ რამდენად დიდი მნიშვნელობისა და ბედიღბლიანია იგი ჩვენი ქვეყნისათვის ამ დინამიურად განვითარებად და სწრაფად ცვლად მსოფლიოში, მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მისი ხელმოწერის ვადა რამდენჯერმე იქნა გადმოწეული: ჯერ სექტემბრიდან – აგვისტოში, შემდეგ აგვისტოდან – ივნისში, ამჟამად კი მიდის საუბარი დოკუმენტის კიდევ უფრო ადრე ხელმოწერაზე.

რითაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება?

საქართველოს სწრაფვა ევროპული, ქრისტიანული ფასეულობებისადმი საუკუნეებს ითვლის და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისათვის გაერთიანებულ  ევროპასთან, როგორც სახელმწიფოთა ინსტიტუციურ გაერთიანებასთან, ნებისმიერი დოკუმენტის, ხელშეკრულების ან შეთანხმების მიღება, უპირველეს ყოვლისა, განიხილება აღნიშნულ კონტექსტში. ამავე დროს, თანამედროვე ევროპაში გაბატონებული ლიბერალური ფასეულობები და ბევრი, ქართველი ერის მენტალობისათვის უჩვეულო, უცხო და მიუღებელი ღირებულებების წარმოჩენა და მიზანმიმართული კულტივირება გარკვეულ ეჭვს და სკეპსისს ბადებს საზოგადოების უდიდეს ნაწილში: ხომ არ მოხდება აღნიშნული დოკუმენტის მიღების პარალელურად საქართველოს მოსახლეობისათვის მისთვის უცხო და მიუღებელი ფასეულებების და ორიენტირების თავს მოხვევა და ინსტიტუციური და ყოფითი ქცევის სავალდებულო ელემენტად გადაქცევა?

ეს არ არის მხოლოდ ობივატელური კითხვა, იგი ეგზისტენციალური დატვირთვისაა და შესაბამის არგუმენტირებულ პასუხს და სახელისუფლებო რეაქციას საჭიროებს. ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის  მოსაზრება მამაკაცისა და ქალის  ქორწინებითი ურთიერთობის შესახებ, ფაქტობრივად ერთერთ ყველაზე სენსიტიურ თემაზე საზოგადოებრივი კითხვებისა და მღელვარების მოხსნის მცდელობას წარმოადგენდა.

ზოგადად, ევროკავშირთან შეთანხმებას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:

  1. ეს არის ყველაზე ვრცელი, სიღრმისეული, კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც ოდესმე მომზადებულა საქართველოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ;
  2. აღნიშნული დოკუმენტი გარკვეულ ინსტიტუციურ ჩარჩოებს, ქცევის წესებს და მოდელს უსაზღვრავს არა მარტო საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივად ყველა შტოს წარმომადგენელს, არამედ საზოგადოების რიგით წევრებსაც, მეწარმეებს, ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებს… ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების დეკლარაცია. ეს არის ქართული საზოგადოების მიერ ქცევის გარკვეული წესის, მოდელისადმი მიდევნების პირობის გამომხატველი დოკუმენტიც. მეორე საკითხია, თუ რამდენად აქვს თავად საზოგადოებას ეს ბოლომდე გაცნობიერებული და რამდენად გამოხატავს ის საამისო მზაობას…
  3. 3. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სერიოზულად უნდა გადაიხედოს ის სამთავრობო პროგრამები, დოკუმენტები, დეკლარაციები, რაც ბოლო წლების მანძილზე მაღალი სიხშირით განიხილებოდა და მიიღებოდა საქართველოს ძველი თუ ახალი ხელისუფლების მიერ (მარტო ბოლო სამი წლის მანძილზე, ჩვენი ანგარიშით, სულ ცოტა ხუთი ასეთი დოკუმენტია მომზადებული, მათ შორის სამი – ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ: 1. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა (2011 წ.); 2. საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამა (2012 წ.); 3. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის “საქართველო 2020” – პროექტი (2014 წ. თებერვალი). უნდა განხორციელდეს  მათი სერიოზული რევიზია, რამდენად შეესაბამებიან, ან იქნებიან შესაბამისობაში ასოცირების შეთანხმების  სულისკვეთებასთან, ანუ აღნიშნულ სიტუაციას კარგად შეესაბამება ქართული ანდაზა: „შინ დაბარებული გარეთ არ გამოგადგებაო“.

სამწუხროდ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში სამუშაოები მათი კომპეტენციის შესაბამის სფეროებში შეთანხმების ცალკეულ ასპექტებზე ფაქტობრივად არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით კონსულტაციებს  სამთავრობო დაწესებულებებში ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების და  ორგანიზაციების ექსპერტებთან – მათთან, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი დოკუმენტის მომზადებაში ევროკავშირის მხრიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში ქართულ მხარეს არსებითი მონაწილეობა არ მიუღია. იგი „გამზადებული სახით“ იქნა შემოთავაზებული ევროკავშირის მიერ ჯერ პარაფირებისა და ახლა უკვე – ხელმოწერისათვის.  შედარებისათვის: სწორედ ანალოგიური დოკუმენტის სერიოზული გაცნობის და გაცნობიერების პროცესს მოყვა ის მღელვარებები, რომელიც დაიწყო უკრაინაში 2013 წლის ნოემბერში.

ეს მრავალასპექტიანი, „ათასგვერდიანი“ (გადატანითი და თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით) დოკუმენტი შედგება 8 კარისა და დაახლოებით ოთხ ათეულზე მეტი თავისაგან, ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების, ფაქტობრივად, ყველა სფეროს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობიდან დაწყებული და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის წინააღმდეგ ღონისძიებით დამთავრებული. ვაჭრობის ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება, ბარიერები, სტანდარტიზაცია, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა, ინტელექტუალური საკუთრება, კონკურენცია, ვაჭრობასთან დაკვშირებული დებულებები, დავების მოგვარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და კლიმატი, ფინანსური მომსახურება, ინფორმატიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, დასაქმება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, სამოქალაქო სექტორი, რეგიონული განვითარება და დანაშაულობებთან ბრძოლა - არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებზეც საუბარია აღნიშნულ დოკუმენტში.

შეთანხმების პარაფირებული დოკუმენტის  დაკავშირებით საზოგადოებაში, სამეცნიერო წრეებში, ექსპერტების დონეზე იმართება დისკუსიები, მსჯელობები, აზრთა გაზიარება, თუმცა თემატიკის ზემოხსენებული სიმრავლის გათვალისწინებით არცერთ მაღალი დონის კონფერენციას და ექსპერტთა ჯგუფს არ ძალუძს სრულად მოახდინოს აღნიშნული შენთანხმების ყველა ასპექტის თანაბარი ზომით განხილვა, შეფასება და შედეგების წარმოჩენა. ამის გათვალისწინებით, ყველაზე უპრიანი იქნებოდა, რომ დოკუმენტის ცალკეული ასპეტები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოზიტიური და ნეგტიური შედეგების დადგომის ალბათობები, პრეფერენციები, რისკები და  საფრთხეები, განხილული ყოფილიყო  სამთავრობო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (იქ, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი ასეთი ინსტიტუტები) დონეზე, შემდეგ მომხდარიყო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების (მთავრობა, მეცნიერებათა აკადემია, პროფკავშირები, პარლამენტი) მიერ გამოხატული დამოკიდებულებებისა და შეხედულებების შეჯერება და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელებულიყო ხელმოწერა (თუნდაც „ტრადიციული „შალახოს“ ფონზე).

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ურთიერთობის რამდენიმე ათეულ ასპექტს ეხება, მისი მთავარი ინტერესი, იდეა მდგომარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბებასა და ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემის ფორმირებაში.

ევროკავშირი თავის დროზე შეიქმნა თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაყრდნობით და მიზნად ისახავდა კაპიტალის, საქონლისა, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას გლობალური მასშტაბით. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან იმპორტს ევროკავშირის მთლიან იმპორტში მხოლოდ 0.24 პროცენტი, ხოლო საქართველოში ექსპორტს ევროკავშირის ექსპორტში – მხოლოდ 0.95 პროცენტი უკავია, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ახალ ეკონომიკურ სივრცეებში შეღწევა და იქ არა მარტო თავისი საქონლის რეალიზაცია, არამედ მისთვის მისაღები სამართლებრივი, საინვესტიციო და ბიზნეს-გარემოს ფორმირება.

თავის მხრივ, საქართველოს აინტერესებს თავისი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირება, არეალის გაფართოება, რისკების შემცირება… ევროკავშირის ბაზარი მას ხიბლავს თავისი ტევადობით, მაღალი გადახდისუნარიანობით, მოწესრიგებული და ლიბერალური სამართლებრივი ფონით.

დღეისათვის საქართველოსათვის ევროკავშირი ერთერთი მნიშვნელოვანი, თუმცა არა ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მართალია, 90-იანი წლების შუახანებიდან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან თითქმის 24-ჯერ გაიზარდა, აქედან ექსპორტი – 82-ჯერ, ხოლო იმპორტი კი – 20-ჯერ, აღნიშნულმა მონაცემებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგანაც სასტარტო მონაცემები მეტისმეტად მცირე, ფაქტობრივად უმნიშვნელო იყო. მაგალითად, საქართველოს მთელი ექსპორტი ევროკავშირში 1995 წელს 7.2 მლნ. აშშ დოლარს არ აღემატებოდა. 2013 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 26.7%[1] (ისტორიული მაქსიმუმი მიღწეულ იქნა 2004 წელს – 28.6%). შედარებისათვის:  დსთ-ის წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 35.1%. საქართველოს იმპორტში ევროკავშირის წილი 28.8%-ია (ისტორიული მაქსიმუმი მიღწეულ იქნა 2003 წელს – 33.4%), ექსპორტში კი – 20.9% (2008 წელს – 22.4%). მთლიანობაში საქართველოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვა ევროკავშირთან დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო დაბალი აქვს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოსთან: სულ ექსპორტით იმპორტის გადაფარვა საშუალოდ – 36.9%, ევროკავშირთან – 26.8%, დანარჩენ მსოფლიოსთან ევროკავშირის გარეშე – 41.1%. დღეისათვის საქართველო შეადგენს ევროკავშირის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 0.6%-ს. თუმცა ევროკავშირი მაინც იჩენს სიფრთხილეს, რომ საქართველოდან არ მოხდეს უკონტროლო ექსპორტი ამ გაერთიანებაში. ამგვარი სიფრთხილე უკავშირდება როგორც ევროკავშირის შიდა ბაზრის დაცვის კომერციულ ინტერესებს, ისე იმასაც, რომ საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებიდან ან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ევროკავშირს და საერთაშორისო თანამეგობრობას დაწესებული აქვთ ეკონომიკური სანქციები, საქონელი არ მოხვდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე (ძირითადად ამით უნდა აიხსნას, ჩვენის აზრით, საქართველოდან ევროკავშირში 220 ტონიანი ნიორის ექსპორტის წლიური ლიმიტის დაწესება – საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარი ბოლო წლებში გაჯერებული იყო  ჩინური და ირანული ნივრით).

დოკუმენტში მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს დათმობილი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ექსპერტების მათი მოსაზრებებისა და პრაქტიკის გაცვლას  სახელმწიფოსათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა საჯარო ფინანსები, ფინანსური სექტორი, სახელმწიფო ბიუჯეტი, სტატისტიკა. მარტო ამ უკანასკნელს, მაგალითად, ეძღვნება 6 მუხლი (მუხლები 286-291), რაც მიუთითებს იმაზე, რომ სრულყოფილი, მოწესრიგებული, მაღალი ხარისხისა და საზოგადოებრივი ნდობის ვოტუმის მქონე სტატისტიკის გარეშე სახელმწიფოთაშორისო სრულყოფილი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები წარმოუდგენელია.

გათვალისწინებულია საბაჟო ბარიერების მოხსნა და ევროკავშირისა და საქართველოს ბაზრების ფაქტობრივი ხელმიწვდომობა მეორე მხარის საქონლისთვის. შეთანხმებით – გათვალისწინებულია, რომ მხარეები არ გაატარებენ დემპინგურ ღონისძიებებს და აიკრძალება იმპორტის ან ექპორტის გადასახადებზე ან მოსაკრებლებზე ეკვივალენტური ეფექტის მქონე ადმინისტრაციული გადასახდელები (მუხლი 69). ამავე დროს, მხარეები აუქმებენ ყველა საბაჟო გადასახადს მეორე მხარეში წარმოებულ პროდუქტზე. თუმცა აქაც გარკვეული დაშვებებია იმის გათვალისწინებით, რომ თუ ევროკავშირში შეტანილი ქართული საქონელი, ფასი ჩამორჩება ევროკავშირის საბაზრო ფასებს, ამ დროს ევროკავშირს, შიდა ბაზრის დაცვისათვის, აქვს უფლება მოახდინოს ფასწანამატი, ისე რომ საქართველოდან იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასი შიდა ევროპულს დაუახლოვოს. ეს გარემოება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს შიდა ფასები საშუალო ევროპულის 60 პროცენტის დონეზეა, ანუ ფასების დონე საქართველოში საშუალო ევროპულთან შედარებით 1.8-ჯერ უფრო დაბალია, გარკვეულ ბარიერებს  უქმნის ქართულ საქონელს ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებაში, ახდენს იმ  უპირატესობის ფაქტობრივ ნიველირებას, რაც გააჩნია ქართულ პროდუქციას სიიაფის მხრივ. განსაკუთრებით დაბალია ჩვენთან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივი წარმოების ღირებულება. თუმცა, დიდი იმედები იმისა, რომ ქართული პროდუქცია დაიპყრობს ევროპულ ბაზარს, არ უნდა გვქონდეს. ჯერ ერთი, როგორც უკვე ითქვა, ევროკავშირი იტოვებს ფასწანამატის შემოღების უფლებას თავისი შიდა ბაზრის დასაცავად, მეორეც, ჩვენი ამჟამინდელი პოტენციალი ევროპული ბაზარზე დასამკვიდრებლად მეტისმეტად სუსტია იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობა არის საქართველოს ეკონომიკის უსუსტესი რგოლი, ამ დარგში საქართველოს შრომის მწარმოებლურობა  60-ჯერ და მეტად ჩამორჩება ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მესამე, თავად საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარი თითქმის 4/5-ით ოკუპირებულია  იმპორტირებული საქონლით და პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს არა საგარეო ექსპანსია, არამედ შიდა სამომხმარებლო ბაზრის „რეკონკისტა“ – სამამულო წარმოების პროდუქციის მიერ წამყვანი როლის დამკვიდრება შიდა სამომხმარებლო სასურსათო ბაზარზე. მაგალითად, ევროკავშირში, შეთანხმებით, შესაძლებელი გახდება 4.4 ათასი ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და 0.5 ათასი ტონა ფრინველის ხორცის შეტანა. მაგრამ თავად საქართველოში ხორცის მოხმარებაში ადგილობრივი წარმოების ხორცის წილი მხოლოდ 36 პროცენტია და ყოველწლიურად ხორციელდება 60 ათას ტონაზე მეტი ხორცის იმპორტი.

საქართველოში ისედაც დაბალი იმპორტის (საბაჟო) გადასახადებია და მათი მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მობილიზებული თანხა მხოლოდ დაახლოებით 90 მლნ ლარია – ამჟამინდელი საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 1.2 პროცენტი. შესაბამისად, ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობისა და სტრუქტურის გათვალისწინებით, ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების კლება დაახლოებით 25-30 მლნ. ლარი იქნება. მისი კომპენსირება შესაძლებელი იქნება იმით, რომ ექსპორტის ყოველწლიური მატება ბოლო წლებში 400 მლნ. აშშ დოლარს აღემატება და მხოლოდ აღნიშნული ნამატის წარმოებით მიღებული მოგების გადასახადი მნიშვნელოვნად აღემატება ბიუჯეტის მოსალოდნელ კლებას ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადების შემცირებით.

რამდენადმე დაზუსტებას საჭიროებს შეთანხმებაში მოტანილი მონაცემები საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. მაგალითად, დოკუმენტის ავტორები მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ვარაუდობენ 1.7%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4.3%-ით. ექსპორტის ზრდას, შესაბამისად, 9% და 12%-ით, ხოლო იმპორტისა – 4.4% და 7.5%-ით. მაგრამ არაფერი არაა ნათქვამი, არის თუ არა გათვალისწინებული აღნიშნულ ზრდაში სინერგიის ეფექტი, რაც შეიძლება შეთანხმების შედეგად შესაძლებლობებისა და მოთხოვნების ზრდამ გამოიწვიოს.  საქართველოს ექსპორტი ბოლო 8 წლის მანძილზე (2006-2013 წლებში) საშუალოდ ყოველ წლიურად იზრდებოდა დაახლოებით 16.5%-ით ხოლო იმპორტი 15.7%-ით. ფაქტობრივად, გამოდის რომ შეთანხმების შემდეგ ექსპორტის ზრდის ტემპი შემცირდება, ხოლო იმპორტისა –  უცვლელი დარჩება, თუ დოკუმენტის ავტორებს სხვა რამ უნდა ეთქვათ?

ჩვენი შეფასებით, პროდუქციის ხარისხის ზრდა და ევროკავშირის (და, შესაბამისად, მსოფლიო სტანდარტების დონეზე აყვანა) გამოიწვევს უახლოეს წლებში არა მარტო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, არამედ ევროკავშირში ექსპორტის რეალურ ზრდას საშუალოდ 1.5-2-ჯერ, ანუ 300-600  მლნ დოლარით, რაც ქვეყანაში მშპ-ის დაახლოებით 2%-იანი ზრდის ეკვივალენტი იქნება.

ამასთან, გადაჭარბებულად გვეჩვენება ის იმედები, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირში „ეგრევე“ და დიდი რაოდენობით მოხდება ქართული პროდუქციის შეტანა. დღეისათვის ევროკავშირის ბაზარი, სტრუქტურირებული, გაჯერებული და საკმაოდ დაცულია იმისათვის, რომ მასში შესვლა და დამკვიდრება, მნიშვნელოვანი სეგმენტის მოპოვება შეძლონ ახალმა მოთამაშეებმა. ეს გარკვეულ წილად წააგავს იმ მოლოდინს, რაც საქართველოს წინა ხელისუფლებას გააჩნდა ჩინეთის ბაზრისადმი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. – ფაქტობრივად კი, ჩინეთის 1.5 -მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ბაზარმა 2006-2012 წლებში შეიძინა იმ ქართული ღვინის მხოლოდ 10%, რაც რუსეთის 143-მილიონიანმა ბაზარმა – მხოლოდ 2006 წლის პირველი 4 თვის მანძილზე (ემბარგოს გამოცხადებამდე). ამიტომ, ზოგადად 500 მლნ-იანი ბაზარი საინტერესო და მომხიბვლელია ქართული ეკონომიკისთვის, თუმცა იქ დამკვიდრება გულისხმობს თამაშის შესაბამის წესის, ადეკვატური ხარისხისა და მიწოდების პირობების დაცვას, უმკაცრესი კონკურენციის დაძლევას, რა მხრივაც ქართულ მხარეს ჯერ კიდევ მოუწევს სერიოზული და ხანგრძლივი მუშაობა.

მაგრამ, თუ პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი საერთო ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის საგრძნობი ექსპანსიით ვერ მოხდება, მაშინ საბოლოო ჯამში, რა კონკრეტული სარგებელის მომტანი იქნება აღნიშნული შეთანხმება ზოგადად ქართული ეკონომიკისათვის და კონკრეტულად,  რიგითი ქართველი მომხმარებლისთვის?

შეთანხმების ერთერთ თვალსაჩინო შედეგი იქნება სავიზო რეჟიმის გაიოლება, აგრეთვე ქართული ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდა, საშუალო და მცირე საწარმოების მეტი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ახალგაზრდებისთვის ევროპული განათლების ხელმიწვდომობის გაუმჯობესება და ენერგეტიკის სფეროში ენერგო ეფექტიანობის გაზრდა და განახლებადი ენერგო რესურსების განვითარების უზრუნველყოფა. ყოველივე ეს, გამყარებული სამართლებრივი ფონისა და კანონის უზენაესობის, ნებისმიერი ინსტიტუტის, სამსახურის და საჯარო მოხელის საქმიანობის ტრანსფარეტულობისა და პასუხისმგებლობის ზრდის ფონზე.

ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხელშეკრულება  შეიძლება განხილულ იქნას როგორც მთავარი  ლეიტმოტივი  არა იმდენად ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების, საქართველოდან ექსპორტის წახალისების  სტრატეგიაში, რამდენადაც  საქართველოს შიდა ბაზარზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ქართული სამამულო პროდუქციის წარმოებისა და დამკვიდრებისათვის, იმპორტირებული საქონლის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებისათვის.

ამ კუთხით სწორი სტრატეგიის და გათვლების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნიდან შრომითი მიგრაციის მოტივაციის შემცირებას. ამიტომ ზოგადად, პირდაპირ ეკონომიკურ შედეგზე, საექსპორტო ექსპანსიაზე მეტად საქართველო მიიღებს გრძელვადიან სარგებელს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ბიზნესის წარმოების, პროდუქციის ხარისხის, სამუშაო ძალის ქვეყანაში და შიდა სამომხმარებლო ბაზარზე სამამულო პროდუქციის ღირსეული წილის დამკვიდრებისათვის. თავის დროზე ქართული ღვინისათვის რუსული ბაზრის დახურვამ გაზარდა ქართველი მეღვინეების მოტივაცია გასაღების ახალი ბაზრების ძიებისა და, განსაკუთრებით, პროდუქციის ხარისხის ზრდის მიმართულებით. შედეგად, 2013 წელს საქართველოდან ერთი ლიტრი ღვინის საექსპორტო ღირებულება აღემატებოდა 2005 წლის მაჩვენებელს 82.5 პროცენტით. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან ღვინის ექსპორტი 2013 წელს 14 პროცენტით ნაკლები იყო 2005 წლის მაჩვენებელზე, ღირებულებითი ფორმით მისმა ექსპორტმა უკვე 56 პროცენტით გადააჭარბა 2005 წლის დონეს.  ამ მხრივ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რუსულ ემბარგოსთან შედარებით გაცილებით მეტი პოზიტიური მუხტის, ფართო შესაძლებლობებისა და უფრო სერიოზული შედეგების მოტანის პოტენციალის მატარებელია და ამიტომ მისი სწორი გამოყენება და გათვალისწინება უახლოეს წლებში საქართველოს ხელისუფლების საგარეო (და არა მარტო) ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედად უნდა იქცეს.

2014 წლის მარტი


[1] 2013 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა შეადგინა 608 მილიონი დოლარი, იმპორტმა კი – 2271 მილიონი დოლარი, ანუ 3.7-ჯერ მეტი.

Comments are closed