globalresearch.ge

ინფლაცია და საბანკო სექტორსა და სათამაშო ბიზნესზე საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების ზრდა

Posted by Globalresearch on Sep 2nd, 2017 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ინფლაციაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს – შიდა და გარე, წმინდა ეკონომიკური და პოლიტიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური, სეზონური, ადმინისტრაციული, რეგიონული, ფორსმაჟორული და ა.შ. დიდია ამ ინდიკატორის ფორმირებაში დასახელებულ ფაქტორებთან ერთად წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორების (ეკონომიკური განწყობები, მოლოდინები, შიშები, განცდები და ა.შ.) როლიც. ინფლაცია, როგორც ეკონომიკური კატეგორია, ფაქტობრივად, უნიკალური ეკონომიკური ინდიკატორია, რომლის სიდიდეზე გავლენას ახდენს არა მარტო (და არა იმდენად) ეკონომიკის არსებული მდგომარეობა, არამედ ის, თუ რას ფიქრობს და განიცდის ადამიანთა ძირითადი მასა ეკონომიკაზე, ფასებზე და მათ მომავალზე. ინფლაციური მოლოდინი ამ მხრივ დიდი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური  მუხტის მატარებელი ინდიკატორია.

ამასთან, არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა და გარემოებებისა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თავად ინფლაციაზე არა იმდენად ეკონომიკის არსებული მდგომარეობის, ან მოსახლეობის ინფლაციური მოლოდინების მიხედვით, არამედ მათი ინდივიდუალური ქცევის მოდელისა და განსაზღვრული ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით. ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს მოსახლეობის  დამოკიდებულების შემდეგი ორი სახე: თამაშდამოკიდებულებ (ე.წ. გემბლინგი) და დამოკიდებულება საკრედიტო დაწესებულებებისადმი (კონკრეტულად, კომერციული ბანკებისადმი დავალიანების ზრდა). ბევრ შემთხვევაში სწორედ ხსენებული დამოკიდებულებები განსაზღვრავენ მნიშვნელოვანწილად ინფლაციის ფაქტობრივ დონეს, ვიდრე საქონელ-წარმომადგენელთა წონები და ამ წონების ცვალებადობის მასშტაბები.

ეს უკანასკნელი გარემოება შემთხვევით არ გვიხსენებია. – საქმე იმაშია, რომ  იმისდა მიხედვით, თუ როგორაა წარმოდგენილი ამა თუ იმ საქონლის წონა საქონელ-წარმომადგენელთა კალათაში (დღეისათვის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ამ კალათაში სამასამდე საქონელი და მომსახურება ყავს შეყვანილი), ამან შეიძლება უდიდესი გავლენა მოახდინოს ინფლაციის სიდიდეზე. ამის კარგი მაგალითია 2010 წლის ფაქტობრივი ინფლაცია (დეკემბერი – წინა წლის დეკემბერთან შედარებით – 11.2 პროცენტი). – ამ წელს სურსათის წონა ინფლაციის გასაანგარიშებელ საქონელ-წარმომადგენელთა კალათაში იყო 40 პროცენტი, მაშინ როდესაც ევროკავშირში ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 16.8 პროცენტს. საქართველოში 2010 წელს სურსათი გაიზარდა 31 პროცენტით, შესაბამისად, სურსათის გავლენა ინფლაციის საერთო დონეში იყო: 31% * 0.40 = 12.4 (პროცენტი). საქართველოში რომ სურსათს ისეთივე დაბალი წონა ჰქონოდა, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებში აქვს (16.8%), მაშინ ინფლაციის ფაქტობრივი დონე არსებულთან შედარებით 7.2 პუნქტით ნაკლები იქნებოდა  (31% * 0.168 = 5.2%; 5.2% – 12.4% = – 7.2%). ანუ ინფლაციის საერთო მაჩვენებელი არა 11.2 პროცენტი, არამედ მხოლოდ 4 პროცენტი იქნებოდა.

ამასთან, ინფლაციის ზუსტი დონის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა წონების სწორ შერჩევასთან ერთად იმასაც აქვს, თუ რამდენადაა საქონელ-წარმომადგენელთა სია ნამდვილად წარმომადგენლობითი, რამდენად ადექვატურად და სრულად მოიცავს იგი ადამიანების,  შინამეურნეობათა  თვიდან თვემდე გაღებულ ხარჯებს.

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგულარულად (ყოველწლიური პერიოდულობით) განაახლებს საქონელ-წარმომადგენელთა სიას, სტატისტიკური დაკვირვების მიღმა მაინც რჩება რამდენიმე მსხვილი ხარჯვითი მუხლი. პირველ რიგში, მათ მიეკუთვნება მოსახლეობის ხარჯები აზარტულ თამაშობებზე და ხარჯები, რომლებიც ემსახურება საკრედიტო დავალიანების (კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან აღებული სესხების) მომსახურებას.

ცალკეულ პირთა მიერ აზარტულ თამაშობებზე გაღებული ხარჯების რეალური მოცულობა ხშირად ოჯახის დანარჩენი წევრებისთვისაც კი უცნობია, ამასთან, არც თუ იშვიათად, აზარტულ თამაშობებზე იხარჯება ბანკიდან აღებული (ხშირად – იპოთეკით დატვირთული) სესხები. აღნიშნული ხარჯების შესახებ  ინფორმაცია შინამეურნეობებზე მეტად შესაბამისი ინსტიტუტებიდან უფრო სარწმუნოა.  ბუნებრივია ისიც, რომ აღნიშნული ხარჯები აკლდება მოსახლეობის იმ განკარგვად შემოსავლებს, რომლებიც აპრიორი სამომხმარებლო დანიშნულებით იყო გათვალისწინებული და ამიტომაც შეიძლება შეფასდეს როგორც ქვეყანაში მთლიანი მოთხოვნის შემცირების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

საქართველოს მოსახლეობის ვალი საკრედიტო დაწესებულებებისადმი მუდმივად მზარდია. ამგვარი დავალიანების ზრდა, როგორც წესი, ჯერადად აღემატება არა თუ მშპ-ის რეალურ, არამედ ნომინალური ზრდის მაჩვენებელსაც კი. მარტო 2017 წლის პირველ ნახევარში მოსახლეობის დავალიანება საბანკო სექტორისადმი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 26.7 პროცენტით და 9.6 მლრდ. ლარს მიაღწია. 2005 წელთან შედარებით შინამეურნეობათა მიერ კომერციული ბანკებისადმი დავალიანება გაზრდილია 19.9-ჯერ, გადახდილი პროცენტების მოცულობა – 19.1-ჯერ, მაშინ როცა საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტი ნომინალურ განზომილებაში გაიზარდა მხოლოდ 3.1-ჯერ, ხოლო შინამეურნეობათა ფულადი სახსრები – 3.9-ჯერ. შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მარტო პროცენტებზე მომსახურებისათვის შინამეურნეობებს უწევთ სულ უფრო მზარდი რაოდენობის სახსრების გადაცემა (დაბრუნება) საკრედიტო დაწესებულებებისადმი.  ამ სახსრების წლიური მოცულობის თანაფარდობა შინამეურნეობათა ფულადი სახსრების თვიურ ხარჯებთან მკვეთრად მატულობს:  2005 წლის 32.1 პროცენტიდან 2010 წლის 79.1 პროცენტამდე და 2017 წლის 159.3 პროცენტამდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ 2005 წელს საბანკო პროცენტების დასაფარად მიემართებოდა შინამეურნეობათა 10 დღის შემოსავლები, 2010 წელს ამას უკვე სჭირდებოდა 24 დღის შემოსავლები, ხოლო 20117 წელს – 48 დღის შემოსავლები.

მაგრამ საბანკო სექტორი არაა ერთადერთი „ბაყბაყდევი“, რომელიც შინამეურნეობათა შემოსავლების სულ უფრო მზარდ ნაწილს „ყლაპავს“. – მეორე „ბაყბაყდევი“ ზემოთ უკვე ნახსენები სათამაშო ბიზნესია, რომელიც ასევე სულ უფრო ღრმად ყოფს ხელს შინამეურნეობათა ჯიბეში. 2017 წელს მისი მთლიანი ბრუნვა, წინასწარი შეფასებით,  4.5 მლრდ. ლარს გადააჭარბებს. საქართველოში აზარტულ თამაშებში უცხოელებიც მონაწილეობენ, განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, სადაც ეს ბიზნესი აკრძალულია, მაგრამ მთლიანობაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ აზარტულ თამაშებზე, სლოტ-კლუბებში, სამორინეებსა და ონლაინ-კაზინოებში გადახდილი თანხის ნახევარი მაინც საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. გამოდის, რომ ბოლო 2 წელიწადში (2016-2017 წწ.) საქართველოს მოქალაქეებმა აზარტულ თამაშებზე 4 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს.[1] შესაბამისად, ხარჯების ეს სახეობაც ფაქტობრივად უნდა გამოაკლდეს შინამეურნეობათა მთლიან განკარგვად ფულად სახსრებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის ფულადი სახსრების ყოველი 100 ლარიდან 18 მიემართება სათამაშო ბიზნესში, 13.3  – საბანკო პროცენტის დასაფარავად, ანუ მიმდინარე სამომხმარებლო ხარჯებისა და ვალდებულებების დასაფარავად რჩება მხოლოდ 68.5 ლარი. თუ ორივე  ხარჯების დასახელებულ ორ „იძულებით-ნებაყოფლობით“ ხარჯებს დავაჯამებთ, მივიღებთ ასტრონომიულ ციფრს – მარტო 2010 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მიერ საკრედიტო დაწესებულებებისათვის პროცენტის სახით გადახდილია და სათამაშო ბიზნესისათვის გაღებულია  ჯამში 16.7 მლრდ. ლარზე მეტი (2017 წლის ფასებში), ანუ 2017 წლის საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის თითქმის ნახევარი.

აღნიშნულზე წარმოდგენას ქვემორე ცხრილი იძლევა.

ცხრილი 1

საბანკო სესხების პროცენტსა და სათამაშო ბიზნესზე

საქართველოს შინამეურნეობათა ხარჯების თანაფარდობა

შინამეურნეობათა მთლიან ხარჯებთან  2005-2017 წლებში

(პროცენტი)

2005 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
სულ 5.7 12.0 15.2 15.4 17.1 18.3 22.4 25.9 31.5
აქედან:
ბანკების პროცენტზე 2.7 6.6 8.7 8.2 8.8 8.6 10.5 10.8 13.3
აზარტულ თამაშებზე 3.1 5.4 6.5 7.3 8.3 9.7 12.0 15.1 18.3

როგორც მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, 2014 წლამდე ზემოხსენებული ორი სახის ხარჯებიდან პრევალირებდა საბანკო პროცენტები, ხოლო 2014 წლიდან უპირატესობამ აზარტულ თამაშებში გაღებულ ხარჯებზე გადაინაცვლა.

2005 წელთან შედარებით შინამეურნეობათა განკარგვითი ფულადი სახსრები ნომინალურად გაიზარდა 285 პროცენტით, ინფლაციის გათვალისწინებით, ანუ რეალურ განზომილებაში – 118 პროცენტით, ხოლო საბანკო სექტორისა და სათამაშო ბიზნესში გადახდილი თანხების გამოკლებით, რეალურ განზომილებაში – მხოლოდ 58.1 პროცენტით. ამასთან, ამ ინდიკატორით 2014 წელთან შედარებით მომდევნო წლებში  არა თუ არ ჰქონია ადგილი ზრდას, არამედ პირიქით, დაფიქსირდა საგრძნობი კლება (საქართველოს მოსახლების განკარგვითმა ფულადმა სახსრებმა საბანკო სექტორისათვის პროცენტების სახით და სათამაშო ბიზნესში დატოვებული თანხების გამოკლებით 2014 წელთან შედარებით შეადგინა: 2015 წ. – 95.8 პროცენტი, 2016 წ. – 92.5 პროცენტი, 2017 წ. – 88.2 პროცენტი).

შედეგად, ვღებულობთ ერთი შეხედვით პარადოქსულ, თუმცა აბსოლუტურად კანონზომიერ სურათს: წლიდან წლამდე იზრდება მოსახლეობის შემოსავლები, მათ შორის მათი განკარგვადი (-ნომინალურად განკარგვადი!) ფულადი შემოსვლები, მაგრამ ერთი მხრივ, დამოკიდებულების ზრდა საკრედიტო დაწესებულებებისადმი, მეორე მხრივ კი სათამაშო, აზარტული თამაშების ის ჭანჭრობი, რომელშიც  მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი ეფლობა, მათ შემოსავლებს არა თუ ზრდის, არამედ უკვე არსებულ დონეზე შენარჩუნების შესაძლებლობასაც კი უკარგავს.

უაღრესად საყურადღებოა შინამეურნეობათა ფულადი სახსრების თანაფარდობა ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტთან.  2005 წლის შემდეგ აღნიშნული თანაფარდობა, თუ შინამეურნეობათა აბსოლუტურ ფულად სახსრებს მივიღებთ მხედველობაში, საგრძნობლადაა გაზრდილი (2005 წლის 28.1 პროცენტიდან 2017 წლის 35 პროცენტამდე), მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მზარდი შემოსავლების სულ უფრო დიდი ნაწილი მიემართებოდა საბანკო პროცენტის დასაფარად და აზარტული თამაშობების „ჟინის მოსაკლავად“, აღმოჩნდა, რომ შინამეურნეობათა ფაქტობრივი  ნეტო სახსრები (ანუ მთლიან სახსრებს გამოკლებული ბანკების პროცენტსა და სათამაშო ბიზნესზე გაღებული სახსრები) მთლიან შიგა პროდუქტთან თანაფარდობაში შემცირდა 2005 წლის 26.5 პროცენტიდან 2017 წლის 24 პროცენტამდე. განსაკუთრებული ვარდნა მოხდა 2014 წლიდან (20114 წ. – 30.6%, 2015 წ. – 28.0%, 2016 წ. – 25.8%, 2017 წ. – 24.0%).

ამიტომ კითხვა: „იზრდება თუ არა ბოლო წლებში შინამეურნეობათა შემოსავლები?“, თავისი „წყალქვეშა რიფების“ გამო სულ უფრო კარგავს მკაფიო კონტურებს და რიტორიკული (თუმცა ბევრი ოჯახისათვის ეგზისტენციური) დატვირთვის, შინაარსის მქონე კითხვის სტატუსს იძენს.

ზემოთ მოტანილმა ცხრილმა გვიჩვენა, რომ მოსახლეობის განკარგვითი სახსრებიდან თითქმის მესამედი მიემართება საბანკო სექტორის პროცენტების დასაფარად და სათამაშო ბიზნესზე. იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო სექტორშიც და სათამაშო ბიზნესშიც შესაბამისი ინსტიტუციური ერთეულების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნების რეზიდენტების ხელშია მოქცეული, აღმოჩნდება, რომ საქართველოს რეზიდენტების ირაციონალური (უპირატესად – სათამაშო ბიზნესი) და იძულებითი ეკონომიკური მდგომარეობით (უპირატესად – აღებული სესხები კომერციული ბანკებისაგან) მიღებული გადაწყვეტილებების გამო მათ მიერ გადახდილი თანხების დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაედინება.

მეორეს მხრივ, მზარდი ხარჯები საბანკო სექტორზე და სათამაშო ბიზნესზე განაპირობებს ერთობლივი მოთხოვნის შემცირებას სამომხმარებლო ბაზარზე. რომ წარმოვიდგინოთ, რომ აღნიშნული თანხა საბანკო სექტორსა და სათამაშო ბიზნესში კი არ მიდის, არამედ პირდაპირ ხვდება სამომხმარებლო ბაზარზე, ეს გამოიწვევდა სამომხმარებლო მოთხოვნის და ფასების მნიშვნელოვან ზრდას. საბაზრო ეკონომიკის პირობებშიც კი საჭიროა გარკვეული დროებრივი ლაგი გაზრდილ მოთხოვნასთან მიწოდების შესაბამისობაში მოსაყვანად, რომლის დროსაც საბაზრო წონასწორობის უზრუნველყოფა ფასების მატებას აქვთ „გადაკისრებული“.  თუ 2017 წელს მთელი ფულადი სახსრების 31.5 პროცენტი საბანკო მომსახურების პროცენტზე და სათამაშო ბიზნესზე მოდის, მაშინ ჰიპოთეტური მოდელის დაშვების შემთხვევაში ეს 31.5 პროცენტიც სამომხმარებლო ბაზარს დააწვებოდა.[2] ვფიქრობ, ამ თანაფარდობით (31.5/68.5 = 0.46) უნდა გაიზარდოს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი:

ამგვარი მიდგომის შემთხვევაში, ვღებულობთ:

2017 წლის ბოლო 12-თვიანი პერიოდის[3] ოფიციალური ინფლაცია – 4.0%, „დამალული ინფლაციის“ წილი – 0.46, რეალური ინფლაცია = 4.0 + 4.0 * 0.46 = 5.8 %.

წარმოდგენას დამალულ ინფლაციასა და ინფლაციის რეალურ დონეზე (ანუ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობის ხარჯებს არ შეამცირებდა ხარჯები საბანკო სექტორსა და სათამაშო ბიზნესზე) იძლევა ქვემორე ცხრილი.

ცხრილი 2

ოფიციალური და რეალური ინფლაცია საქართველოში 2005-2017 წლებში

(საბანკო პროცენტებსა და აზარტულ თამაშებზე

გადახდილი თანხის გათვალისწინებით)

2005 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
მოსახლეობის მიერ საბანკო  პროცენტებსა და  სათამაშო ბიზნესზე გადახდილი სახსრების თანაფარდობა მოსახლეობის განკარგულებაში დარჩენილ სახსრებთან, % 6.0 13.6 17.9 18.2 20.6 22.4 28.9 35.0 46.0
ოფიციალური საშუალოწლიური  ინფლაცია, პროცენტი 8.2 7.1 8.5 -0.9 -0.5 3.1 4.0 2.1 4.0
„დამალული ინფლაცია“ 0.5 1.0 1.5 0.2 0.1 0.7 1.2 0.7 1.8
ინფლაცია „დამალული ინფლაციის“ გათვალისწინებით 8.7 8.1 10 -0.7 -0.4 3.8 5.2 2.8 5.8

ზემოთ მოტანილ პრობლემაზე საუბრისას ჩვენ შევეხეთ ინფლაციაზე მოქმედ მხოლოდ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს – მოსახლეობის დამოკიდებულების ზრდას საბანკო სექტორისადმი და აზარტული თამაშებისადმი. მოსახლეობის მდგომარეობაზე მოქმედებენ არანაკლები წონისა და გავლენის სხვა ფაქტორებიც, როგორებიცაა, მაგალითად, მოსახლეობის დამოკიდებულების ზრდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებისადმი, რომელთა მომსახურების საპროცენტო განაკვეთი, კომერციული ბანკების ანალოგიურ მაჩვენებელზე ჯერადად მაღალია. ამის გამოც მათ მიერ მოსახლეობისაგან ამოღებული სახსრები, ისევე როგორც მათ ხელში გადასული ქონების ღირებულება, საკმაოდ მაღალია.[4]

შემაშფოთებლად მაღალი და მზარდია აგრეთვე დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი, რაც ასევე თითქმის გეომეტრიული პროგრესიით მზარდ ხარჯებს მოითხოვს. ასევე, არ შევხებივართ კომერციული ბანკების მიერ საურავებიდან და კლიენტებისთვის გაცემული სესხებიდან ჯარიმის სახით ამოღებულ თანხებს, რომლებმაც მარტო 2017 წლის მეორე კვარტალში თითქმის 38 მლნ. ლარი შეადგინა.[5] შესაბამისად, მოსახლეობის რეალური კეთილდღეობის დონე ოფიციალურთან შედარებით გაცილებით დაბალია, მდგომარეობა კი – უფრო დრამატული, ისევე როგორც ინფლაციის რეალური დონე – ოფიციალურ მაჩვენებელზე გაცილებით მაღალი. აღნიშნულის გამო ინფლაციის დეკლარირებული მაჩვენებელი ფასების საერთო დონის ტრენდის მაჩვენებელი უფროა, ვიდრე კონკრეტული პერიოდის მიხედვით საზოგადოების ფასთა ცვლილებისა და ცხოვრების ღირებულების განსაზღვრისათვის გამოსაყენებელი  ობიექტური ეკონომიკური  ინდიკატორი…

იოსებ არჩვაძე


[1] როგორც წესი, მათი ოჯახის სხვა წევრების ნების საწინაღმდეგოდ და მათგან მალულად.

[2]

ჩვენ აქ აბსტრაგირებას ვახდენთ იმ გარემოებისაგან, რომ თვით ხარჯები  საბანკო სექტორსა და სათამაშო ბიზნესზე იწვევს სამომხმარებლო ხარჯების გარკვეულ ზრდას – შესაბამისი ინსტიტუციური ერთეულების სტაციონარული შენობების მშენებლობის, კეთილმოწყობის, მომსახურების, დაცვის და სხვა ხარჯების გამო.

[3] 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით.

[4] მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელში გადასული ქონება (რომლის უდიდესი ნაწილი ფიზიკურ პირებს ეკუთვნოდათ), წელზე გადანგარიშებით, ასეთი ორგანიზაციების კაპიტალის 15 პროცენტს აღწევს. – იხ. https://bpn.ge/finansebi/37196-1-el-kvartalshi-mikrosafinanso-organizaciebma-14-569-560-laris-udzrav-modzravi-qoneba-daisakuthres.html?lang=ka-GE

[5] იხ.: http://commersant.ge/?view=post&id=129869&lang_id=ge

Comments are closed