globalresearch.ge

იოსებ არჩვაძე: ორი ალიანსის ეკონომიკური (უ)ტოლობა (BRICS vs. G7)

Posted by Globalresearch on Feb 1st, 2015 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ბოლო პერიოდში მსოფლიოში სულ უფრო იკვეთება გლობალური კონფრონტაციის ნიშნები არა მარტო რუსეთსა, ერთი მხრივ, და  აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის, მეორე მხრივ, არამედ ზოგადად ეკონომიკურად და ფინანსურად ყველაზე განვითარებულ ქვეყანათა ჯგუფსა და ტერიტორიითა და მოსახლეობით იმ დიდ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც მზარდი ეკონომიკური პოტენციალი და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ამბიციები გააჩნიათ. ამ დაინტერესებაში თავის სარგებლის მიღებას მისი ყველა მონაწილე თავისებურად ცდილობს. ზოგიერთი ექსპერტი უკვე იმასაც ლაპარაკობს, რომ მსოფლიოში მეორე „ცივი ომი“ დაიწყო.[1] ასეთ პირობებში რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროში კავშირურთიერთობები განსაკუთრებულ დატვირთვას და მნიშვნელობას იძენს, მით უფრო რომ ეს ურთიერთობები სულ უფრო მეტად გამოხატავს ტენდენციას, არაფორმალური ალიანსიდან ტრანსფორმირდეს ფორმალურ, ინსტიტუციურ წარმონაქმნში. 2007 წელს აღნიშნულ ალიანსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამაც და აქედან წარმოსდგება ამ გაერთიანების სახელწოდებაც (BRICS[2]). რაც შეეხება დიდ შვიდეულს (G7), ის 2014 წლის ივნისამდე (მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იმავდროულად BRICS -ის წევრიც იყო) დიდ რვიანად ითვლებოდა,[3] თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ და უკრაინაში განვითარებული მოვლენების პასუხად რუსეთის ფედერაცია აღნიშნული კლუბის მიღმა დარჩა და ფაქტობრივად დიდი ქვეყნების გაერთიანება დაუბრუნდა ჯერ კიდევ 1975 წელს  საფრანგეთის ქალაქ რამბუიეში მიღებულ ფორმატს.[4]

BRICS-ს, G7-სგან განსხვავებით, მყარი სტრუქტურირებული ერთობა ჯერჯერობით არ გააჩნია და ამიტომაც შედარებითი სიმყიფით ხასიათდება. იგი უფრო „სახელმწიფოთა კლუბის“, ე.წ. პულის ფორმატისაა. მისგან განსხვავებით,  G7-ის წევრ ქვეყნებს გაცილებით მყარი ფორმალური და ინსტიტუციური ერთობა და ურთიერთვალდებულება გააჩნიათ, რაც მათი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებითაა გაფორმებული. მიუხედავად ამისა, ამ ორი უმსხვილესი ალიანსის წევრი ქვეყნების განზრახულობასა და ქმედებებზე გადის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრალური ხაზი. მათში გაერთიანებულ 12 ქვეყანაზე (7+5) მოდის  მსოფლიო ტერიტორიის 2/5, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ეკონომიკური პოტენციალის 2/3 და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების თითქმის 3/5, შეიარაღებაზე ხარჯების თითქმის ¾… შესაბამისად, მათი ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო პოტენციალების შედარება სცილდება წმინდა შემეცნებით სფეროს და მაღალ გამოყენებით ღირებულებას იძენს.

BRICS-სა და G7-ის შედარებისას უნდა ითქვას, რომ ტერიტორიისა და მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით უპირატესობა აშკარად BRICS-ის მხარეზეა, ხოლო ეკონომიკური განვითარების დონითა და პოტენციალით – G7-ის მხარეზე. G7-ის  წევრი ქვეყნები მიეკუთვნებიან მსოფლიოს ყველაზე მაღალ განვითარებულ ქვეყანათა ჯგუფს. შვიდივე მათგანი შედის ეკონომიკური პოტენციალის მხრივ მსოფლიოს პირველ ათეულში.[5]

ცხრილი 1

BRICS-სა და G7-ში ტერიტორიის, მოსახლეობისა და ეკონომიკური პოტენციალის შედარება 2013 წლის მდგომარეობით

G7 BRICS წილი მსოფლიოში, %
G7 BRICS
ტერიტორია, მლნ. კვ. კმ 21431,1 39598,4 14,4 26,6
მოსახლეობა, მლნ. კაცი 747,1 3001,8 10,4 41,7
მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე

34,9

75,8

X

X

მშპ, მიმდინარე ფასებით, მლრდ. აშშ დოლარი

34531,8

16039,5

46,2

21,5

მშპ, მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით, მლრდ. აშშ დოლარი

33357,2

30092,2

32,7

29,5

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, მლრდ. აშშ დოლარი, 1.10.2014 მდგომარეობით

2097,1

5193,0

16,1

40,0

მეორეს მხრივ, ბოლო წლებში მსოფლიო პროდუქტის წლიური მატების ½-დან 2/3-მდე BRICS-ის წევრი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე მოდის. 2000 წელთან შედარებით, 2014 წლისთვის, წინასწარი შეფასებით, BRICS-ის წევრი ქვეყნების ერთობლივი მშპ გაიზარდა 3.5 -ჯერ, G7-სა კი – მხოლოდ 1.6-ჯერ. 2001-2014 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპი BRICS-ის წევრ ქვეყნებს G7-ის ქვეყნებთან შედარებით 2.7-ჯერ უფრო მაღალი ჰქონდათ (შესაბამისად, 9.4% და 3.4%), რის საფუძველზეც მათ შორის სხვაობა 8.7-ჯერ შემცირდა (57.4%-დან 6.6%-მდე).

ცხრილი 2

G7-ის და BRICS-ის ეკონომიკური პოტენციალების შედარება

2000-2014 წლებში

(ვალუტის მყიდველობითი უნარიანობით; მლრდ. აშშ დოლარი)

G7 BRICS BRICS %-ით G7-თან
2000 წ. 21478,7 9142,2 42,6
2014 წ. 34492,0 32223,7 93,4
2014 წ. %-ით 2000 წ.-თან 160,6 352,5

X

BRICS-ის წევრი ქვეყნების სწრაფი ეკონომიკური ზრდა განპირობებულია ძირითადად იმით, რომ ისინი ამა თუ იმ რესურსით მდიდარ ქვეყნებს წარმოადგენენ. კერძოდ, ბრაზილია მდიდარია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, რუსეთი და სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა  – მინერალური და ბუნებრივი რესურსებით, ინდოეთი – იაფი ინტელექტუალური რესურსებით, ჩინეთს მძლავრი საწარმოო ბაზა აქვს[6]. თითოეული დასახელებულ ფაქტორთაგან იმდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისათვის, რომ რომელიმე მათგანის ამორთვა გლობალიზაციის პროცესებიდან სერიოზული ზიანის მომტანი იქნებოდა სწორედ ამ გლობალური ეკონომიკისთვის. დღეისათვის BRICS-ის წევრი ქვეყნები აწარმოებენ 300 მილიონამდე ტონა მარცვლეულს (მსოფლიოში წარმოებული მარცვლეულის 45%), 110 მილიონ ტონაზე მეტ  ხორცს (მსოფლიო ხორცის წარმოების 35%),; BRICS-ის წევრ ქვეყნებზე მოდის მსოფლიო სახნავი მიწების თითქმის 2/5.[7]

როგორც ეკონომიკური პოტენციალით, ისე მრავალი ეკონომიკური ინდიკატორით BRICS-სა და G7- საკუთარი თითო გამოკვეთილი ლიდერი ჰყავთ. G7-სათვის ეს აშშ-ია, რომელზეც მოდის G7-ის მშპ-ის 50,3%; BRICS-სთვის ასეთი უპირობო ლიდერი ჩინეთია (53,7%). ამ უკანასკნელის წილად მოდის BRICS-ის წევრი ქვეყნების საერთაშორისო სავალუტო რეზერვების 77 პროცენტი და მთელი მსოფლიოს რეზერვების 31 პროცენტი – უფრო მეტი, ვიდრე გააჩნია მსოფლიოს 158 ქვეყანას (168 ქვეყნიდან), ერთად აღებული.[8] G7-ის მოსახლეობის 42.3 პროცენტი აშშ-ში ცხოვრობს, BRICS-ის  მოსახლეობის 45.3 პროცენტი კი – ჩინეთში.

ტერიტორია, მოსახლეობა  და მოსახლეობის სიმჭიდროვე

ამ ორი ალიანსის წილად მოდის მთელი მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 3/5 (58.1%), ამასთან BRICS-ის მოსახლეობა G7-ის მოსახლეობას 4-ჯერ და მეტად აღემატება  (შესაბამისად, 3.0 მლრდ და 747 მლნ. კაცი). მთელ მსოფლიოში მცხოვრები ყოველი 100 ადამიანიდან 19  ჩინელია, ხოლო 17 – ინდოელი. შედარებისათვის ამერიკელი – 4-5-ია, ხოლო  რუსეთელი – მხოლოდ 2.

მოსახლეობის სიმჭიდროვე ყოველ ერთ კვადრატულ კმ ხმელეთის ფართობზე G7-ში 34,9-ია, ხოლო BRICS-ის  წევრ ქვეყნებში – 75,8 (მსოფლიოში – 48,3). უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ მერყეობს ცალკეული ქვეყნების მიხედვით: G7-ში –  კანადის 3.5-დან იაპონიის 337-მდე და BRICS-ში  – რუსეთის 8,4-დან ინდოეთის 393-მდე.  მოსახლეობის სიმჭიდროვე რუსეთში 4-ჯერ ჩამორჩება აშშ-ს ანალოგიურ მაჩვენებელს და 24.3-ჯერ – ინდოეთ-ჩინეთის საშუალო მაჩვენებელს.

ჩინეთისა და ინდოეთის წილად მოდის მსოფლიო მოსახლეობის 36.2 პროცენტი და მსოფლიო ხმელეთის მხოლოდ 8.6 პროცენტი. ამის საპირისპიროდ, რუსეთის წილად მოდის მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი და ტერიტორიის 11.5 პროცენტი.

ეკონომიკური პოტენციალი და ფასების დონე

როგორც ზემოთ მოტანილი ცხრილიდან ჩანს, G7-ის ეკონომიკური სიძლიერე  BRICS-ის  წევრი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება (მიმდინარე ფასებით –  დაახლოებით 2.2-ჯერ, ვალუტის მყიდველობითი უნარიანობით – დაახლოებით 1.1-ჯერ). G7-ის წილად მოდის მსოფლიო პროდუქტის ღირებულების თითქმის ნახევარი – მიმდინარე ფასებით და მესამედი  - შესადარი ფასებით. BRICS-ის როლი ამ მხრივ ჯერჯერობით რამდენადმე  მოკრძალებულია: მის წილი მსოფლიოში 1/5-ს ოდნავ აღემატება (მიმდინარე ფასებით; შესადარი ფასებით – დაახლოებით 3/10).

იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის რიცხოვნობით BRICS-ი მნიშვნელოვნად უსწრებს G7-ს, ეკონომიკური განვითარების დონით G7 ჯერადად – 4.5-ჯერ -ჯაბნის BRICS-ს. მოსახლეობის ერთ სულზე G7-ში წლიურად იქმნება 44.7 ათასი აშშ დოლარის მშპ, BRICS-ში კი – მხოლოდ 10.0 ათასი აშშ დოლარის (მიმდინარე ფასებით სხვაობა კიდევ უფრო თვალშისაცემია – 8.7ჯერ – შესაბამისად, 46.2 ათასი აშშ დოლარი და 5.3 ათასი აშშ დოლარი).

ეკონომიკური განვითარებით საშუალო მსოფლიო დონეს (მშპ მოსახლეობის ერთ სულზე) G7 3.1-ჯერ უსწრებს, BRICS-ი კი 1.4-ჯერ ჩამორჩება. ამ უკანასკნელი ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთსა (1.7-ჯერ) და ბრაზილიაშია (5.5%-ით) მსოფლიოსთან შედარებით უფრო მაღალი განვითარების დონე. ეკონომიკურად G7-ის ყველაზე „სუსტი რგოლი“ იტალია თავისი ეკონომიკური განვითარებით 1.4-ჯერ უსწრებს BRICS-ის ყველაზე „ძლიერ რგოლს“ – რუსეთს.

ქვემოთ მოტანილი გრაფიკზე წარმოდგენილია ამ ორი ალიანსის წევრი ქვეყნების რეიტინგი მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიგა პროდუქტით.

გრაფიკი 1

G7-ის ფასების საშუალო დონე მსოფლიო დონესთან შედარებით 141.1 პროცენტია, ხოლო BRICS-ის წევრ ქვეყნებში – მხოლოდ 72.7%. G7-ის ყველა ქვეყანაში ფასების დონე საშუალო მსოფლიო დონესთან შედარებით გაცილებით მაღალია, ხოლო BRICS-ის წევრ ქვეყნებში კი (ბრაზილიის გარდა) პირიქით – საშუალოზე დაბალი. მაგალითად, ინდოეთში  ფასების საშუალო დონე მსოფლიო დონესთან შედარებით 37,8%-ია, კანადაში კი – 164,1%. ფაქტობრივად, G7-ის  წევრ ქვეყნებში ფასების საშუალო დონე თითქმის ორჯერ აღემატება BRICS-ის წევრი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს.

დასაქმებულთა რიცხოვნობა და შრომის მწარმოებლურობა

მსოფლიოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 70-ზე მეტი ამ ორი ალიანსზე მოდის, აქედან თითქმის მესამედი – ჩინეთზე. ამასთან, შრომის მწარმოებლურობა მათ შორის რადიკალურად განსხვავებულია. – G7-ის მაჩვენებელი (100 ათასი აშშ დოლარი) საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (32.2 ათასი აშშ დოლარი) 3.1-ჯერ აღემატება, BRICS-ის მაჩვენებელი კი (12.3 ათასი აშშ დოლარი), პირიქით, 2.5-ჯერ და მეტად ჩამორჩება. BRICS-ის მაჩვენებელს საგრძნობლად სწევს ქვევით ინდოეთისა (საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ 15.8%) და ჩინეთის (38.65%) დაბალი შრომის მწარმოებლურობა. ამ ორ ქვეყნებზე მოდის მსოფლიოში დასაქმებულთა თითქმის ნახევარი და მსოფლიოში წარმოებული ერთობლივი პროდუქტის მხოლოდ 22 პროცენტი. ერთი დასაქმებულის შრომის მწარმოებლურობა ინდოეთში თითქმის 23-ჯერ, ხოლო ჩინეთში – თითქმის 10-ჯერ ჩამორჩება აშშ-ის მაჩვენებელს.

გრაფიკი 2

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები

მთლიანი შიგა პროდუქტის ადმინისტრირების დონე G7-ის ქვეყნებში გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე BRICS-ის წევრ ქვეყნებში (შესაბამისად, 37.4 პროცენტი და 22.7 პროცენტი). კიდევ უფრო მაღალია განსხვავება საბიუჯეტო ხარჯების მშპ-სთან თანაფარდობით (G7- 41.2%, BRICS – 24.7%). მოსახლეობის ერთ სულზე G7-ის წევრ ქვეყნებში საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით 15-ჯერ, ხოლო საბიუჯეტო ხარჯები – 15.2-ჯერ  აღემატება BRICS-ის შესაბამის მაჩვენებელს (შესაბამისად, $18.0 ათასი და $1.2 ათასი; $20.0 ათასი და $1.3 ათასი). ამ მაჩვენებლების მხრივ G7-ის ყველაზე „სუსტი“ წევრი იაპონია BRICS-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის – ბრაზილიის მაჩვენებელს უსწრებს, შესაბამისად, 3.2-ჯერ და 3.7-ჯერ.

ქვემორე გრაფიკი თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს  ხარჯების განსხვავებულ დონეებს ამ ორი ალიანსის წევრ ქვეყნებში.

გრაფიკი 3

სახელმწიფო საგარეო ვალი

მსოფლიოს ყველა ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალის (70.6 ტრილიონი დოლარი) თითქმის 2/3 G7-ზე მოდის. გაცილებით მოკრძალებულია  BRICS-ის წევრი ქვეყნების ჯამური წილი – მხოლოდ 3.5 პროცენტი, რაც G7-ის ყველაზე მცირე ვალის მქონე ქვეყნის – იტალიის – მაჩვენებელსაც კი 0.2 პროცენტული პუნქტით (140 მილიარდი დოლარით) ჩამორჩება. მთლიანად, BRICS-ის წევრი ქვეყნების საგარეო სახელმწიფო ვალი G7-ის მაჩვენებელს ჩამორჩება: აბსოლუტურად – 18.6-ჯერ, მოსახლეობის ერთ სულზე კი – თითქმის 74-ჯერ.

დიდი შვიდეულის საგარეო სახელმწიფო ვალის სიდიდე G7-ის ჯამური მშპ-ის 133.3 პროცენტია; BRICS-ის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი 15.5 პროცენტს არ აღემატება (საშუალოდ მსოფლიოში – 94.5%).

მოსახლეობის ერთ სულზე G7-ის ქვეყნებში საგარეო სახელმწიფო ვალის სიდიდე 61.6 ათასი აშშ დოლარია. ამ მხრივ რეკორდსმენი გაერთიანებული სამეფოა, რომლის ვალი მოსახლეობის ერთ სულზე 155.4 ათასი აშშ დოლარია.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო საგარეო ვალი თითქმის 4-ჯერ აღემატება ამ ქვეყნის წლიურ მშპ-ს.

გრაფიკი 4

სახელმწიფოს  ფინანსური რეზერვები

მთელი მსოფლიოს ქვეყნების საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ჯამური მოცულობა, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დაახლოებით 13 ტრილიონი დოლარია (მსოფლიოს მთლიანი შიგა პროდუქტის დაახლოებით 15%).  ამ რეზერვების 56.1 პროცენტი ამ ორი ალიანსის წევრ ქვეყნებზე მოდის (G7 – 16.1%, BRICS – 40.0%). თუმცა, მოსახლეობის რიცხოვნობაში ოთხმაგი განსხვავების გამო,  G7–ში მოსახლეობის ერთ სულზე რეზერვები 1.9-ჯერ აღემატებიან BRICS–ის ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად, 3.2 ათასი აშშ დოლარი და 1.7 ათასი აშშ დოლარი).

საერთაშორისო სავალუტო რეზერვების თანაფარდობა მთლიან შიგა პროდუქტთან შეადგენს G7–ში – 6.9 პროცენტს და BRICS–ში – 31,8 პროცენტს. ამ უკანასკნელის ასეთ მაღალ დონეს ძირითადად განაპირობებს ჩინეთის შესაბამისი მაჩვენებელი (41.0%), თუმცა BRICS–ის სხვა ქვეყნებიც G7–ის ქვეყნებთან შედარებით (იაპონიის გარდა), საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.[9]

მსოფლიო საერთაშორისო სავალუტო რეზერვების 31 პროცენტი ჩინეთზე მოდის (3.9 ტრილიონი აშშ დოლარი), რაც მიმდინარე ფასებით თავად ჩინეთის მშპ-ის 2/5-ზე მეტი და აშშ-ის მთლიანი შიგა პროდუქტის თითქმის ¼-ია.

2014 წლის პირველი 9 თვის მანძილზე G7-ის წევრ ქვეყნებში ასეთი შემცირდა 284 მილიარდი დოლარით (11.9 პროცენტით), ხოლო BRICS-ის წევრ ქვეყნებში, პირიქით, გაიზარდა 96,3 მილიარდი დოლარით (1.9 პროცენტით).

საგარეო ვალისა და საერთაშორისო რეზერვებისადმი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ ეკონომიკის  თანაბარზომად და  უკვე თითქმის თანაბარი  მასშტაბების მქონე ამ ორი ალიანსის ლიდერებს – აშშ-სა და ჩინეთს.

ერთ მხარესაა ჩინეთი, რომლის წილად მოდის მსოფლიო სავალუტო რეზერვების თითქმის მესამედი და  საგარეო ვალის მხოლოდ 1.1 პროცენტი, მეორეს მხარეს კი  აშშ,  მსოფლიო სავალუტო რეზერვების 3.6-პროცენტიანი და მსოფლიოს მთლიანი საგარეო ვალის 25.5-პროცენტიანი წილებით.

გრაფიკი 5

სახელმწიფოს ოქროს მარაგები

არსებითად განსხვავდება G7-და BRICS-ის პოტენციალი ოქროს სავალუტო რეზერვების მხრივაც.  G7-ის  მარაგი ქვეყნის სავალუტო რეზერვებში შეადგენს 17 483 ტონა ოქროს (მსოფლიოს სახელმწიფოთა ოქროს მარაგის 54.6%), ხოლო BRICS-ის წევრ ქვეყნების მარაგი  კი 6-ჯერ ნაკლებს – მხოლოდ 2917 ტონას (9.1%). აშშ-ის წილად მოდის მსოფლიო ოქროს სახელმწიფო მარაგების მეოთხედზე მეტი,[10] მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით სახელმწიფოს ოქროს მარაგები G7-ში 23,3 გრამია, ხოლო BRICS-ის წევრ ქვეყნებში – მხოლოდ 1 გრამი (საშუალოდ მსოფლიოში მოსახლეობის 1 სულზე – 4.4 გრამი).

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ჩინეთი 2009 წლის შემდეგ აღარ აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარი ოქროს მარაგების შესახებ, თუმცა ის უკვე რამდენიმე წელია პირველ ადგილზეა მსოფლიოში ოქროს მოპოვების მასშტაბებით. – 2013 წელს მსოფლიოში მოპოვებული ყოველი მეშვიდე ტონა ოქრო ჩინეთში იყო მოპოვებული. აღნიშნულის გამო უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი სახელწიფო ოქროს მარაგები ამჟამად საკმაოდაა გაზრდილი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს ოქროს მარაგებს, ოქროს მოპოვების მასშტაბებსა და მოსახლეობის ხელთ არსებულ ოქროს მარაგებს ქვეყნების მიხედვით აბსოლუტურად განსხვავებული რაოდენობრივი პარამეტრები გააჩნიათ. ამ მხრივ საგულისხმოა ინდოეთის მაგალითი. –  კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მთელ მსოფლიოში 165 ათას ტონაზე მეტი ოქროა მოპოვებული, რომლის 1/10-ზე მეტი ამჟამად ინდოეთის მოსახლეობაშია.[11] თავად ინდოეთის სახელმწიფოს ოქროს მარაგი 0.6 ათასი ტონა, ხოლო წლიური წარმოება კიდევ უფრო უმნიშვნელო მასშტაბის – მხოლოდ 2.5 ტონაა. ამავე დროს, ინდოეთი რეგულარულად ახორციელებს ოქროს იმპორტს, რომელიც ცალკეული წლების მიხედვით ოქროს მსოფლიო მოპოვების 1/6-1/3-ს შეადგენს.

გრაფიკი 6

საგარეო ვაჭრობა

G7-ის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წელს 12,4 ტრილიონი დოლარი შეადგინა (მსოფლიო სავაჭრო ბრუნვის 33%, ექსპორტის – 34,2% და იმპორტის – 36,8%), BRICS-ის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი – 6.5 ტრილიონი დოლარი (შესაბამისად, 17,3%, 19,0% და 17,5%). მთლიანობაში ამ ორი ალიანსის წილად მსოფლიო საგარეო სავაჭრო ბრუნვის ნახევარზე მეტი (50.3%) მოდის. მსოფლიოში შექმნილი ერთობლივი პროდუქტის 1/6  G7-ის საგარეო ბრუნვაშია მოქცეული, 1/11 კი – BRICS-ის  საგარეო ბრუნვაში. ამასთან, BRICS-ის საგარეო სავაჭრო ბრუნვის ნახევარზე მეტი ჩინეთზე, ხოლო  G7-ის ბრუნვის 1/3 – აშშ-ზე მოდის.

მთლიან შიგა პროდუქტთან საგარეო სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ორი ალიანსის მიხედვით აქვს გერმანიას (71.5%), ყველაზე დაბალი – აშშ-ს (23.3%). თავად ალიანსების მიხედვით განსხვავება დიდი არ არის: G7 – 40.7%, BRICS – 36.0% (საშუალოდ მსოფლიოში – 50.5%).

G7-ის ქვეყნებში ექსპორტით იმპორტის გადაფარვა შეადგენს 94%-ს, ხოლო BRICS-ის  წევრ ქვეყნებში – 107%-ს.

მართალია, მსოფლიოში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მეცხრედი ჩინეთზე მოდის, თუმცა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით ჩინეთის მაჩვენებელი ($3.0 ათასი) საკმაოდ ჩამორჩება როგორც G7-ის საშუალო მაჩვენებელს ($16.7 ათასი), ისე საშუალო მსოფლიო მაჩვენებელსაც ($5.2 ათასი). მოსახლეობის ერთ სულზე სავაჭრო ბრუნვის მიხედვით მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გერმანიას, რომელიც აღემატება: საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს 6.2-ჯერ, აშშ-სას – 2.6-ჯერ და ჩინეთისას – 11-ჯერ.

ქვემოთ მოტანილი გრაფიკი წარმოაჩენს G7-ისა და BRICS-ის წევრი ქვეყნების საგარეო სავაჭრო ბრუნვას მოსახლეობის ერთ სულზე.

გრაფიკი 7

ამასთან, BRICS-ის წევრი ქვეყნების ერთმანეთთან ეკონომიკური კავშირები ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია – ურთიერთვაჭრობის წილი მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში BRICS-ის წევრ ქვეყნებში მხოლოდ 10 პროცენტია (მათ შორის რუსეთი – 11,7%, ჩინეთი – 7.4%, ინდოეთი – 14,4%, ბრაზილია – 19.8%, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – 20.1%).  უფრო მეტიც, BRICS-ის წევრი ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობები ერთმანეთზე მეტად G7-ს წევრ  ქვეყნებთან აქვთ – BRICS-ის წევრი ქვეყნების ურთიერთსავაჭრო ბრუნვა 3-ჯერ მაინც ჩამორჩება ამ ალიანსის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას G7-ის წევრ ქვეყნებთან. ასევე, სამჯერ ნაკლები საქონელბრუნვა აქვს BRICS-ის ლიდერ ჩინეთს BRICS-ის დანარჩენ წევრებთან, G7-ის ლიდერ აშშ-სთან საქონელბრუნვასთან შედარებით.

შეიარაღებული ძალები და სამხედრო ხარჯები

ამ ორ ალიანსზე მოდის მსოფლიოს შეიარაღებული ძალების 2/5-ზე მეტი (G7 - 2.5 მილიონი სამხედრო მოსამსახურე,  BRICS-ი – 4.8 მილიონი). ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ყავს ჩინეთს (2.3 მილიონი), ყველაზე ძვირადღირებული – აშშ-ს, ყველაზე მილიტარიზებული (სამხედრო ხარჯების წილით მშპ-ში და შეიარაღებული ძალების რიცხოვნობით მოსახლეობის ყოველ 100 ათას სულზე) – რუსეთს. მოსახლეობის ერთ სულზე შეიარაღებული ძალების რიცხოვნობით რუსეთი საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს 2.2-ჯერ, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი აშშ-ისას – 23 პროცენტით აღემატება. ამასთან, მიუხედავად რუსეთის ასეთი მაღალი მაჩვენებლისა, მთლიანად G7-ის ქვეყნებში მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა რაოდენობა 2.1-ჯერ აღემატება BRICS-ის წევრი ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს (330 და 158 ჯარისკაცი ყოველ 100 ათას მცხოვრებზე).

მსოფლიოში სამხედრო ხარჯებზე ყოველწლიურად იხარჯება 1747 მლრდ. დოლარი, რომლის თითქმის ¾ ამ ორ ალიანსზე მოდის, მათ შორის ნახევარზე მეტი (52,2%) - G7-ზე. მსოფლიოს მთლიანი სამხედრო ხარჯების 36.6 პროცენტი (640 მლრდ. აშშ დოლარი) აშშ-ზე მოდის – იმაზე მეტი, ვიდრე აღნიშნული ხარჯებით მასთან ერთად მსოფლიოს პირველ ათეულში შესულ დანარჩენ ცხრა ქვეყანას[12], ერთად აღებული.

BRICS-ის წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო ხარჯების მოცულობა შეადგენს 359 მლრდ. დოლარს (მათ შორის ჩინეთი – 188 მლრდ. აშშ დოლარი, რუსეთი – 88 მლრდ. დოლარი).

მსოფლიოში სამხედრო ბიუჯეტის წილი მშპ-ში 2,34%-ია, G7-ში – 2.64%,  BRICS-ში – 2.24%. G7-ში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი  აქვს იაპონიას (0,99%), ყველაზე მაღალი – აშშ-ს (3,82%). BRICS-ის წევრ ქვეყნებში სამხედრო ბიუჯეტის მაღალი წილით მშპ-ში გამოირჩევა რუსეთი (4,19%). შედარებით დაბალი წილი აქვს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას (1,33%).

G7-ს სამხედრო ხარჯების მოცულობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა BRICS-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომ არა აშშ-ს მაღალი (აბსოლუტურად და მშპ-სთან მიმართებაში) სამხედრო ბიუჯეტი. ამერიკელები მოსახლეობის ერთ  სულზე სამხედრო დანიშნულებით ხარჯავენ დაახლოებით 2 ათასზე მეტ დოლარს წელიწადში, მაშინ როცა მისი პარტნიორები G7-ის მიხედვით მასზე სამჯერ ნაკლებს – 627 დოლარს (საშუალოდ G7-ში - 1220 აშშ დოლარი). სამხედრო ხარჯების სიდიდე მოსახლეობის ერთ სულზე BRICS-ის წევრ ქვეყნებში გაცილებით ნაკლებია – 120 დოლარი, აქედან ყველაზე მცირე ხარჯების მოდის ინდოეთზე (38 დოლარი) და ყველაზე მეტი – რუსეთზე (611 დოლარი). რუსეთს მოსახლეობის ერთ სულზე სამხედრო ხარჯებით G7-დან უსწრებენ მხოლოდ აშშ (3.3-ჯერ), საფრანგეთი (1.6-ჯერ) და გაერთიანებული სამეფო (1.5-ჯერ). შეიარაღებული ძალების ერთ მოსამსახურეზე (ჯარისკაცზე) გაანგარიშებით სამხედრო ხარჯების მოცულობა G7-ის ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვნად უფრო მაღალია რუსეთის ანალოგიურ მაჩვენებელზე (რუსეთის მაჩვენებელს  აღემატება  G7-ის  საშუალო მაჩვენებელი 3.2-ჯერ, მათ შორის G7-ის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე იტალიისა – 1.6-ჯერ).

G7-ში  სამხედრო ბიუჯეტის მოცულობა ერთ ჯარისკაცზე შეადგენს 370 ათას დოლარს, BRICS-ის წევრ ქვეყნებში იგი მხოლოდ 75,5 ათასი დოლარია (საშუალოდ მსოფლიოში – 98.9 ათასი აშშ დოლარი).

გრაფიკი 8

ენერგეტიკული რესურსების მოხმარება

მთელ მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის (23.1 ტრილიონი კვტ.-სთ)  G7-ს წილად 33.6 პროცენტი, ხოლო BRICS-ის წილად – 36.2 პროცენტი მოდის. აღნიშნული ალიანსებიდან მოსახლეობის ერთ სულზე საშუალო მსოფლიო დონესთან შედარებით დაახლოებით 3.3-ჯერ მეტი, ხოლო მეორეში – 13 პროცენტით ნაკლები ელექტროენერგია იწარმოება (შესაბამისად, 10471 კვტ.სთ  და 2793 კვტ.სთ ელექტროენერგია). მოსახლეობის ერთ სულზე G7-ში BRICS-თან შედარებით 3.8-ჯერ მეტი ელექტროენერგია იწარმოება.

მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოების აბსოლუტური მოცულობით პირველ ადგილზეა ჩინეთი – მასზე მთელ მსოფლიოში წარმოებული თითქმის ყოველი მეოთხე კვტ.-სთ ელექტროენერგია მოდის. ჩინეთის მიერ ელექტროენერგიის წარმოების აბსოლუტური მოცულობა აღემატება აშშ-ის მაჩვენებელს (დაახლოებით 27%-ით), მოსახლეობის ერთ სულზე წარმოების  მიხედვით კი – საშუალო მსოფლიო დონესაც (23.5%-ით). ამასთან, ამ უკანასკნელი პარამეტრით ამ ორ ალიანსს შორის პირველ ადგილზეა კანადა (17.9 ათასი კვტ.-სთ მოსახლეობის ერთ სულზე), რაც საშუალო მსოფლიო დონეს თითქმის 5.6-ჯერ, ხოლო საკუთრივ G7-ის მაჩვენებელს – 1.7-ჯერ აღემატება.[13]

ქვემორე გრაფიკი წარმოაჩენს აღნიშნული ალიანსების წევრი ქვეყნების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მაჩვენებლებს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით.

გრაფიკი 9

ეკონომიკურად  რაც უფრო მაღალგანვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალია მისი მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნილება, მათ შორის ელექტროენერგიაზე. შესაბამისად, ასეთ ქვეყნებს მეტი შესაძლებლობა აქვთ წარმოებული ელექტროენერგიის მეტი წილი წარმართონ უშუალოდ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის.  აღნიშნულის გათვალისწინებით ლოგიკურია, რომ G7 BRICS-ს უსწრებს არა მარტო ეკონომიკური განვითარების დონით თითქმის 4-ჯერ, არამედ უშუალოდ მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილითაც – თითქმის ორჯერ (შესაბამისად, 33.5% და 17.0%). ამერიკაში შესაბამისი წილი 36.2 პროცენტია, ჩინეთში – 15.5 პროცენტი. მოსახლეობის ერთ სულზე უშუალოდ მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ვარირებს G7-ის ქვეყნებში კანადის 5.5 ათასი კვტ.-სთ-დან იტალიის 1068 კვტ.-სთ-მდე, BRICS-ის ქვეყნებში – რუსეთის 1188 კვტ.-სთ-დან ინდოეთის 185 კვტ.-სთ-მდე. საშუალოდ, მოსახლეობის ერთ სულზე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით G7-ის ქვეყნებში 7.4-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ BRICS-ის ქვეყნებთან შედარებით. ამასთან, ამ მხრივ G7-ის საუკეთესო ქვეყნის – კანადის მაჩვენებელი BRICS-ის მაჩვენებელს თითქმის ასტრონომიულად – 30-ჯერ აღემატება.

მსოფლიოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40.0 პროცენტი (მათ შორის უშუალოდ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის 1/3) ნავთობის 38.2 პროცენტი და ბუნებრივი აირის 35.8 პროცენტი G7-ის ქვეყნებზე მოდის.  BRICS-ი მნიშვნელოვნად ჩამორჩება G7-ს ნავთობისა და გაზის აბსოლუტური მოხმარებით (თითოეულის მიხედვით – 1.7-1.7-ჯერ). რაც შეეხება მოსახლეობის ერთ სულზე ენერგიის აღნიშნული სახეობების მოხმარებას, აქ G7-ის უპირატესობა BRICS-თან განსაკუთრებით შთამბეჭდავია. – უპირატესობა ერთ სულზე ნავთობის მოხმარებით 6.7-ჯერადია, გაზის მოხმარებით კი – 6.9-ჯერადი.

გრაფიკი 10

მსოფლიოში ენერგორესურსების უდიდესი მწარმოებელი და მომხმარებელი აშშ-ია, რომლის წილად მოდის ელექტროენერგიის მსოფლიო წარმოების დაახლოებით 1/5 და მოხმარების თითქმის ¼ (მათ შორის უშუალოდ მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარებული ელექტროენერგიის 36.2 პროცენტი), მოხმარებული ნავთობის 22.2 პროცენტი და გაზის 21 პროცენტი. ენერგიის თითოეული დასახელებული სახეობის მიხედვით საშუალო სულადობრივი მოხმარება აშშ-ში მსოფლიოს საშუალო ანალოგიურ მაჩვენებელს 4-6-ჯერ აღემატება.

საავტომობილო და სარკინიგზო ქსელი

მსოფლიო რკინიგზის საერთო სიგრძის (1370.8 ათასი კმ) 55.2% და საავტომობილო გზების საერთო სიგრძის (64285 ათასი კმ) 37.3% ამ ორ ალიანსზე მოდის. სახელმწიფოს ტერიტორიის  ყოველ ათას კვადრატულ კილომეტრზე G7-ის წევრ ქვეყნებში 19 კმ რკინიგზა მოდის, BRICS-ის წევრ ქვეყნებში კი – 8.8 კმ (საშუალოდ მსოფლიოში – 9.2 კმ). რკინიგზის აბსოლუტური სიგრძით მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ (224.8 ათასი კმ – მთელი მსოფლიოს 16.4%), ფართობის ერთეულზე კი გერმანია (ყოველ ათას კვადრატულ კილომეტრზე – 117,6 კმ რკინიგზა). ფართობის ერთეულზე რკინიგზის სიგრძის  გერმანიის მაჩვენებელი საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს 12.8-ჯერ, BRICS-ის მაჩვენებელს – 13.4-ჯერ, ხოლო აშშ-სას – 5.0-ჯერ აღემატება.

G7-ის წევრ ქვეყნებში ყოველ კვადრატულ კმ-ზე 0.532 კმ საავტომობილო გზა მოდის, BRICS-ის წევრ ქვეყნებში – 0.319 კმ (საშუალოდ მსოფლიოში – 0.432 კმ). აღნიშნული მაჩვენებლით აშკარა ლიდერია იაპონია (3.202 კმ), აუტსაიდერი კი – რუსეთი (0.075 კმ). ფართობის ერთეულზე საავტომობილო გზების სიგრძით იაპონიის მაჩვენებელი ამერიკისას 4.6-ჯერ, ხოლო რუსეთისას – 43-ჯერ აღემატება.

ქვემოთ მოტანილი გრაფიკი წარმოაჩენს სარკინიგზო და საავტომობილო გზების სიდიდეს აღნიშნული ალიანსების წევრი ქვეყნების მიხედვით.

გრაფიკი 11

მოსახლეობის ავტომობილებით უზრუნველყოფა

G7-ის წევრ ქვეყნებს აშკარა უპირატესობა აქვთ BRICS-ის წევრ ქვეყნებთან შედარებით მსუბუქი ავტომობილებით უზრუნველყოფის მხრივ – ყოველ ათას მცხოვრებზე ავტომობილების რაოდენობა შეადგენს, შესაბამისად, 698 და 84 ცალს.

სულ G7-ის ქვეყნებში 522 მილიონი ავტომობილია, ანუ ავტომობილი პრაქტიკულად მოეპოვება 18 და მეტი წლის ყოველი 10 მცხოვრებიდან 9-ს.

BRICS-ი, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობით G7-ს 4-ჯერ აღემატება, ავტომობილების რაოდენობით მას 2.1-ჯერ ჩამორჩება (252 მლნ. ავტომობილი). BRICS-ის მოზრდილი მოსახლეობიდან (18<) ავტომობილის ფლობის შესაძლებლობა მხოლოდ ყოველ მეცხრე მცხოვრებს აქვს.

ავტომობილების რიცხოვნობით მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე ცალსახა ლიდერი კანადაა – აქ მოსახლეობის ყოველ ათას სულზე 903, მათ შორის 18 და მეტი წლის ყოველ ათას სულზე – 1200-ზე მეტი ავტომობილი მოდის. კანადა ავტომობილების რაოდენობით მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საგრძნობლად (13.5%-ით) უსწრებს თვით აშშ-საც, ხოლო  BRICS-ის მაჩვენებელს (84) არც მეტი, არც ნაკლები, 11-ჯერ აღემატება.  მოსახლეობით რუსეთზე 1.8-ჯერ ნაკლები მცხოვრების მყოლ და G7-ში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ  გერმანიას რუსეთის ფედერაციასთან შედარებით ერთი მილიონით მეტი ავტომობილი ყავს.

გრაფიკი 12

მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფა და

ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხოვნობა

მსოფლიოში მობილური ტელეფონების მფლობელთა ნახევარზე მეტი G7 და BRICS-ის წევრი ქვეყნების მოსახლეობაზე მოდის (შესაბამისად, 826.8 მლნ. და 2745.6 მლნ. – მსოფლიოში არსებული 6.8 მილიარდი მობილური ტელეფონიდან).  G7-ის ყოველ 1000 მცხოვრებზე 1107 მობილური მოდის, BRICS-ის წევრ ქვეყნებში – „მხოლოდ“ 915. ამ ორი ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მოსახლეობის მობილური ტელეფონებით აღჭურვილობის ყველაზე მაღალი დონე რუსეთს აქვს (ყოველ 1000 მცხოვრებზე – 1782 მობილური ტელეფონი)[14].

G7-ში თითქმის 600 მილიონი ინტერნეტ-მომხმარებელია, BRICS-ში – 1.1 მილიარდზე მეტი.  -მომხმარებელთა რაოდენობით მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე G7 2.0-ჯერ და მეტად უსწრებს BRICS-ს (შესაბამისად, 80,0% და 36.7%; საშუალოდ მსოფლიოში – 37.3%).

ჩინეთში მობილური ტელეფონების რაოდენობა 4-ჯერ და ინტერნეტ-მოსარგებლეთა რიცხოვნობა – დაახლოებით 2.4-ჯერ სჭარბობს აშშ-ის მთელ მოსახლეობის რიცხოვნობას.

როგორც წესი, მოსახლეობის ინტერნეტ-მომსახურებასთან შედარებით მობილურობით აღჭურვა  გაცილებით მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი. ამასთან, ეკონომიკურად რაც უფრო განვითარებულია  ქვეყანა, მით უფრო მცირეა ამ ორი ინდიკატორს შორის სხვაობა. მაგალითად, თუ საშუალოდ მსოფლიოში მობილურობით მოსახლეობის უზრუნველყოფა წინ უსწრებს ინტერნეტ-მომსახურებით ანალოგიურ მაჩვენებელს 57.1 პროცენტული პუნქტით (შესაბამისად, 94.4% და 37.3%),  BRICS-ში იგი შეადგენს 54.8 პროცენტულ პუნქტს (91.5% და 36.7%), ხოლო  G7-ში – მხოლოდ 30.7 პუნქტს (110.7% და 80.0%). იაპონიაში მოსახლეობის მობილურობით უზრუნველყოფა მათ ინტერნეტ-უზრუნველყოფას მხოლოდ 16 პროცენტული პუნქტით უსწრებს, ხოლო კანადაში პირიქითაცაა საქმე – იქ ინტერნეტ-უზრუნველყოფა 9.3 პუნქტით უსწრებს მოსახლეობის მობილურობით უზრუნველყოფას (იხ. ქვემორე გრაფიკი).

გრაფიკი 13

დასკვნის ნაცვლად

G7 და BRICS-ი განსხვავებული ტიპის ალიანსებს წარმოადგენენ. პირველს უპირატესად საერთო ეკონომიკური განვითარების დონე და ინტერესები აერთიანებს, მეორეს კი გლობალურ ურთიერთობებში თვითდამკვიდრებისა და საკუთარი მზარდი პოტენციალის ადეკვატური პოლიტიკური და ფინანსური  წონისა და გავლენის დამკვიდრების სურვილი. BRICS-ის წევრ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ვარიაციის  მაჩვენებელი (სხვაობა  განვითარებით ლიდერ და აუტსაიდერ წევრებს შორის) 3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე G7-ს წევრ ქვეყნებში. ზოგადად, G7, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალით, საგრძნობლად უსწრებს BRICS-ს. ზემოთ მოტანილი თიოთქმის ოთხი ათეული ინდიკატორიდან G7 ვერ უსწრებს BRICS-ს მხოლოდ 7 პოზიციის მიხედვით, ისიც ძირითადად მხოლოდ ტერიტორიისა და მოსახლეობის რიცხოვნობასთან დაკავშირებული ინდიკატორებით (შრომითი რესურსები, შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, მობილურებისა  და ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობით). დანარჩენი ინდიკატორებიდან G7 BRICS-ს მხოლოდ საავტომობილო გზების საერთო სიგრძით და ელექტროენერგიის წარმოების აბსოლუტური მაჩვენებლით ჩამორჩება. რაც შეეხება მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებულ ინდიკატორებს, აქ ერთმნიშვნელოვნად უპირატესობა  G7-ის მხარეზეა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება საბიუჯეტო სახსრების მოცულობის, ავტომობილებისა და ენერგეტიკული რესურსების მოხმარების მიხედვით. ერთადერთი, რაშიც ეს უპირატესობა ცალსახად პოზიტიურად ვერ ჩაითვლება,  ესაა სახელმწიფო საგარეო ვალი, რომლის სიდიდე მოსახლეობის ერთ სულზე BRICS-ში G7-ის შესაბამისი მაჩვენებლის მხოლოდ 1.3 პროცენტია.

მთლიანობაში, არა მარტო აბსოლუტური და შეფარდებითი ეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ რეიტინგებითაც აშკარა უპირატესობა G7-ის მხარეზეა.  მაგალითად, BRICS-ს მშპ-ის ნომინალური მოცულობით მოსახლეობის ერთ სულზე უკავია პირობითი 82 ადგილი (82.4 ადგილი), ხოლო მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით – 84-ე ადგილი (83.8),  მაშინ როდესაც G7-ის ქვეყნების მიხედვით შესაბამისად 19-ე (18.6) ადგილი და 22-ე (22.4)  ადგილი. რაც შეეხება ზოგადი განვითარების მხრივ, აქაც აშკარა უპირატესობა G7-ის მხარეზეა. ცხოვრების ხარისხის ინდექსით BRICS-ი მნიშვნელოვნად ჩამორჩება G7-ს. ადამიანის განვითარების ინდექსით 2013 წელს  ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში ამერიკა  მე-5 ადგილზეა, ხოლო G7-ის აუტსაიდერი იტალია – 26-ე ადგილზე.  რაც შეეხება BRICS-ის წევრ ქვეყნებს, ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში იყო რუსეთი (55-ე ადგილი), ხოლო აუტსაიდერია ინდოეთი (119-ე ადგილი). საშუალო ინდექსი დიდი შვიდეულისთვის 14-ია,  BRICS-სთვის – 89. ანალოგიურად ჩამორჩება BRICS- G7-ს ეკონომიკური სრულყოფის ინდექსით (ჩამორჩენა საშუალოდ 33 პუნქტით), გლობალური კონკურენტუნარიანობის მიხედვით (37-ით), კორუფციის ინდექსით (69 პუნქტით) და ბიზნესის კეთების სიიოლის მიხედვით (84 პუნქტით), თუმცა, ეს ხელს არ უშლის BRICS-ს განავითაროს უფრო მაღალი ზრდის ტემპი და ბევრი ეკონომიკური ინდიკატორით მიუახლოვდეს G7-ს ან საგრძნობლად გადაუსწროს მას.

გრაფიკი 14

ამასთან ერთად, ბოლო  ორი ათწლეულის მანძილზე BRICS-ის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპების გამო განსხვავება ეკონომიკის სფეროში BRICS-სა და  G7-ის  შორის თანდათან მცირდება, დღეისათვის ეკონომიკური პოტენციალით BRICS- თითქმის დაეწია G7-ს. თუმცა, აღნიშნული განსხვავება ჯერჯერობით არაა ასახული საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში BRICS-ის წევრი ქვეყნების ადექვატური წარმომადგენლობით. -  საერთაშორისო სავალუტო ფონდში  BRICS-ის წილი თითქმის ოთხჯერ ნაკლებია G7-ის  წილთან შედარებით (შესაბამისად, 45.4% და 11.5%). მაგალითად, დიდი ბრიტანეთის წილი სსფ-ში 2-ჯერ აღემატება მისსავე წილს მსოფლიო ეკონომიკაში (შესაბამისად, 4.5% და 2.3%), ჩინეთის წილი კი პირიქით, 4-ჯერ ჩამორჩება (4,0% და 15.8%).[15] აღნიშნული გარემოებაა იმის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ გათვალისწინებულია უახლოეს მომავალში BRICS-ის წევრი ქვეყნების მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ალტერნატიული ორგანიზაციების –  სავალუტო რეზერვების პულისა და  BRICS-ის წევრი ქვეყნების 100-მილიარდიანი საწესდებო კაპიტალის მქონე განვითარების ბანკის შექმნა.[16] სერიოზულად განიხილება აგრეთვე აშშ-სგან დამოუკიდებელი ინტერნეტის შექმნის საკითხიც.[17]

ექსპერტების აზრით, ეკონომიკური ზრდის გაცილებით მაღალი ტემპების წყალობით, 2050 წლისთვის BRICS-ის წევრი ქვეყნების ერთობლივი მშპ მნიშვნელოვნად გადააჭარბებს G7-იანი ანალოგიურ მაჩვენებელს. BRICS-ის წევრი ქვეყნების ერთობლივი მშპ მიაღწევს დაახლოებით 132 ტრილიონ აშშ დოლარს, მაშინ როდესაც G7-ის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 66 ტრილიონი იქნება.[18] 2050 წლისთვის მხოლოდ ჩინეთის მშპ უფრო მეტი იქნება, ვიდრე მთლიანად G7-სა. მიუხედავად ამისა, 2050 წლისთვის, სპეციალისტების პროგნოზით, ეკონომიკური განვითარების დონით (მშპ მოსახლეობის ერთ სულზე)  იმ ქვეყნების პირველი ოცეულიდან, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკები ექნებათ, G7-ის შვიდივე წევრი მოხვდება პირველ ათეულში, მაშინ როდესაც BRICS-ის წევრი ქვეყნებიდან ათეულში მხოლოდ ჩინეთს, ინდოეთსა და რუსეთს ვარაუდობენ.

უეჭველია, რომ უახლოესი წლები ამ ორი უმსხვილესი ალიანსის გლობალური დაპირისპირებისა და შთამბეჭდავი კონკურენციის ფონზე ჩაივლის.

2014 წლის დეკემბერი-2015 წლის იანვარი


[1] ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუნსენმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნატოსა და რუსეთის კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნა ათეული წლები გასტანს.

[2] BRICSაბრევიატურა მასში გაერთიანებული ქვეყნებისა – ბრაზილია (Brazil) , რუსეთის ფედერაცია (Russia), ინდოეთი (India), ჩინეთი (China),  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (South Africa). BRICS-ს გარკვეული სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან ინგლისურად bricks – აგურებსაც ნიშნავს.

[3] დიდი შვიდეული (G7) ფაქტობრივად დიდი რვიანი (G8) იყო მასში რუსეთის მონაწილეობის გამო 1998 წლიდან 2014 წლის ივნისამდე.

[4] G7 აერთიანებს  ნატოს 6 წევრ ქვეყანას (მათგან 4  ევროკავშირის წევრიცაა) – აშშ-ს, კანადას, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას და იაპონიას.

[5] აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს  შეფასებით. სხვა წყაროებით (გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) G7-ის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მცირე ზომის ეკონომიკური პოტენციალის მქონე კანადა მსოფლიოში „მხოლოდ“ მე-11 ადგილზეა. – იხ.:  http://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_GDP_(nominal)

[6] როგორც ერთ თანამედროვე იუმორშია ნათქვამი, „ღმერთმა სამყარო შექმნა ექვს დღეში; ყველაფერი დანარჩენი კი ჩინელებმა აწარმოეს

[7] იხ.: Страны БРИК намерены увеличить взаимный сельхозтоварооборот между странами. – Rbk.ru 26.03.2010 www.rbc.ru/rbcfreenews/20100326153934.shtml; http://www.southafrica.info/business/economy/sectors/agricultural-sector.htm

[8] გარდა აშშ-ის, რუსეთის, ბრაზილიის, ინდოეთის, იაპონიის, შვეიცარიის, საუდის არაბეთის, სამხრეთ კორეისა და ჰონგკონგისა.

[9] თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების უდიდესი ნაწილი აღნიშნულ ალიანსებს და მათ წევრ ქვეყნებს აქვთ ამერიკულ დოლარებში და თავად აშშ-ს, როგორც დოლარის ემიტენტს, არ აქვს ეკონომიკური მოტივაცია დოლარების დიდი მასის რეზერვებში ქონისა – ის პირიქით, დაინტერესებულია, რომ სხვა ქვეყნებს რაც შეიძლება მეტი დოლარი ჰქონდეთ. –  ეს გარკვეულწილად ასრულებს ამერიკის ეკონომიკის კრედიტორის, დანარჩენ მსოფლიოდან მტვერსასრუტის პრინციპით აშშ-ში მატერიალური რესურსების  „გამწოვის“ როლს. ამიტომ ოფიციალურად აშშ ფლობს დაახლოებით მხოლოდ 450 მლრდ. დოლარის სავალუტო რეზერვებს (აშშ-ის მშპ-ის მხოლოდ 2.7%) – ჩინეთის, ამგვარი რეზერვების ყველაზე დიდი მასის მფლობელი ქვეყნის, ანალოგიურ მაჩვენებელზე 15-ჯერ ნაკლებს.

[10] აშშ-ში, საკუთრივ ამ ქვეყნის ოქროს სახელმწიფო მარაგების გარდა, ინახება კიდევ დაახლოებით 60 სახელმწიფოს ოქროს მარაგებიც, მათ შორის გერმანიის ოქროს მარაგის 45 პროცენტი.

[11] იხ.:  Индусы владеют 18000 т золота, китайцы всего 6000 т. – http://gold.ru/news/indusy-vladejut-18000-t-zolota-kitajcy-vsego-6000-t.html

[12] ჩინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთი კორეა

[13] კანადას აღნიშნული მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია  ისლანდიის (53 ათასი კვტ.-სთ) და ნორვეგიის (27 ათასი კვტ.-სთ) შემდეგ.

[14] თუმცა, რა თქმა უნდა,  ეს  მაინც ვერ გამოდგება ქვეყნის მოსახლეობის საავტომობილო გზებით სუსტი უზრუნველყოფის „მორალურ საპირწონედ“.

[15] G7-ის წევრი ქვეყნების წილი საერთაშორისო სავალუტო ფონდში თითქმის 1.4-ჯერ აღემატება ამ ქვეყნების წილს მსოფლიო ეკონომიკაში (შესაბამისად, 45.4% და 32.7%),, მაშინ როდესაც BRICS–ის წევრი ქვეყნების წილი პირიქით, 2.5-ჯერ ჩამორჩება (11.5% და 29.5%) მათსავე წილს. – იხ. ქვეყნების წილები სსფ-ში. – https://en.wikipedia.org/wiki/International_Monetary_Fund

[16] იხ.: Касса на пятерых. – vzgliad, 14.04.2014. – http://vz.ru/economy/2014/4/10/681518.html

[17] იხ.: Страны БРИКС разработают независимый от США интернет.  -30.10.2013. http://point.md/ru/novosti/v-mire/strani-briks-razrabotayut-nezavisimij-ot-ssha-internet

[18] იხ.: «The N-11: More Than an Acronym». Goldman Sachs study of N11 nations // Global Economics Paper. — 28.03.2007. — № 153.

Comments are closed