globalresearch.ge

იოსებ არჩვაძე: რამდენ ოჯახს ეყოფა საახალწლოდ ინდაურის საცივით გალიპლიპებული „ოლიმპიური აუზი?“ (არავირტუალური საახალწლო სტატისტიკა)

Posted by Globalresearch on Jan 2nd, 2015 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ამ რამდენიმე დღის წინ ერთერთი ქართული ტელეარხის წამყვანი დამიკავშირდა და მთხოვა, მისთვის პასუხი გამეცა კითხვაზე, ოღონდ გამაფრთხილა: კითხვა ცოტა უცნაური და სახალისო დატვირთვის არის და არ გაგიკვირდეთო.

მეც დავაიმედე, რომ მიუხედავად კითხვის მსუბუქი და იუმორისტული დატვირთვისა, შევეცდებოდი მასზე  მთელი სერიოზულობით და რაც მთავარია, ობიექტურად მეპასუხა.

კითხვის შინაარსი კი შემდეგში მდგომარეობდა: რამდენ ოჯახს ეყოფა საახალწლოდ  ინდაურის საცივით გალიპლიპებული „ოლიმპიური აუზი“ და როგორ გაიზარდა შარშანდელთან შედარებით „ინდაურის ინდექსი“?

მეც მთელი სერიოზულობით მოვეკიდე ჟურნალისტის კითხვას და პასუხიც გადავეცი. თუმცა, რამდენად სამხიარულო და სახალისო გამოვიდა ფიქრები და განცდები, რომლებიც პასუხის მომზადებისას დამებადა, ამაზე დასკვნა თავად წინასაახალწლო მზადებაში მყოფმა გაზეთის ერთგულმა  მკითხველმა გააკეთოს.

ოლიმპიური აუზის სიგრძე, წესით, 50 მეტრია, სიგანე – 25 მეტრი, სიღრმე – 2 მეტრი. ტევადობა – 2500 კუბური მეტრი, ანუ 2.5 მილიონი ლიტრი.

ერთ ოჯახზე გაანგარიშებით, ინდაურის საცივი – დაახლოებით 0.011 კუბური მეტრი ტევადობისაა, ანუ ერთი ოლიმპიური აუზი დაიტევს დაახლოებით 230 ათასი  (227.5 ათასი) ოჯახის სამყოფ „საცივის ულუფას“.

საქართველოში 1.1 მილიონზე მეტი ოჯახია, ანუ ყველა ოჯახის საცივით უზრუნველყოფისათვის საჭირო იქნებოდა ოთხი გალიპლიპებული და ერთი, ღვინის დასხმის კახურ წესს თუ დავესესხებით, „კახურად შევსებული“ ოლიმპიური აუზი (დაახლოებით 4.8 ოლიმპიური აუზი).

მაგრამ, საქართველოში არ და ვერ მზადდება ამ მოცულობის საცივი – ჯერ ერთი, ამდენი ინდაური ფაქტობრივად, არცაა საქართველოში, ამიტომ ინდაურს მხარი (ანუ ფრთა) სიმინდზე გამოზრდილმა დედლებმა უნდა შეაშველონ.

მეორეც, საქართველოში კალენდარული ახალი წელი შობის მარხვას ემთხვევა, საქართველოს მოსახლეობის 4/5-ზე მეტი მართლმადიდებელია, რის გამოც მათგან საკმაოდ ბევრი (დაახლოებით 1/3-2/5) საახალწლო სუფრაზე ხორცეულის მიტანისა და „მიტანებისგან“ თავს (შე)იკავებს. ზოგსაც კი, რაღაა დასამალი, საკუთარი ბიუჯეტი საამისო შესაძლებლობას არ აძლევს და ინდაურის საცივს ბაჟეში ჩადებული თევზით (ჩა)ანაცვლებს. - საქართველოში ყოველი მეთერთმეტე ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი იმაზე ნაკლებია, რაც საახალწლო ინდაურის საცივის დამზადებას სჭირდება, ყოველი მეოთხეს შემოსავალი კი ვერ ფარავს ინდაურისა და გოჭის ჯამურ საახალწლო ფასს. შესაბამისად, წელს საქართველოში საახალწლო სუფრაზე ინდაურის საცივის ატრიბუტი დაახლოებით 400 ათას ოჯახს თუ ექნება. ეს კი იმდენ საცივს მოითხოვს, რომ ერთ გალიპლიპებულ „ოლიმპიურ“ და ოთხიოდე „არაოლიმპიურ“, საბავშვო საჭყუმპალაოს ტევადობის ჭურჭელს თუ გადაავსებს. შესაბამისად, საქართველოს ოჯახების თითქმის ორი მესამედისათვის „ინდაურის საცივი“ ისეთივე ვირტუალური დატვირთვის  საგნად რჩება, როგორც ამერიკაში მადლიერების დღეს ამ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ  ინდაურის  შეწყალების ცერემონიალის დემონსტრირება…

რაც შეეხება ინდაურის ინდექსს, ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, საცივის ინდექსს, მისი ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება არა მარტო თბილისისა და რეგიონების მიხედვით, არამედ ინდაურის რეალიზაციის ადგილისა და თვით დროის მიხედვითაც, შარშანდელთან შედარებით ნიგვზის 15-პროცენტიანი გაძვირებით და სანელებლების თითქმის უცვლელი ფასების პირობებში. კონკრეტული ციფრის ღიად დასახელება, ვფიქრობ, მთლად კორექტული არ იქნება – ინდაურის წონის, ფერიანობისა თუ კლიენტის ფულიანობის გათვალისწინებით, ამიტომ ერთადერთი, რის ღიად თქმაც შეგვიძლია მკითხველებისათვის,  ისაა, რომ ინდაურის, ან საცივის ინდექსი ნამდვილად და საგრძნობლად გაიზარდა წინა წელთან – ინდაურის დაახლოებით ორი ფრთისა და ერთი ბარკლის ღირებულებით. – გამოცდილმა დიასახლისებმა კი კარგად იციან თავიანთი შეძლებისა და გემოვნების შესაფერისი ინდაურის ფასიც და ისიც, ამ საახალწლო სუფრის მთავარ სამიზნედ და „მსხვერპლად“ შერაცხული ფრინველის მთლიან წონაში რა ადგილს იკავებენ მისი ხსენებული  ნაწილები…

და რადგანაც ყველანი შინაგანად მაინც პოზიტივზე, წინასაახალწლო განწყობასა და იუმორისტულ ტალღაზე ვართ მომართული, მეც მინდა  ერთი სურვილი გავუმხილო მკითხველს, რომელშიც „საცივიან“ და „უსაცივო“ მოსახლეობასთან ერთად ხელისუფლებაც მოიაზრება.

რადგანაც ათვლის საზომად „ოლიმპიური აუზი“ ავიღეთ, ვისურვებდი, რომ იგი არათუ ინდაურის საცივით, არამედ საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის ექვივალენტური ასლარიანებით ყოფილიყო გადავსებული  (ინფლაციისა და ვალუტის მკვეთრი ვარდნისაგან ამ ახალ წელს ღმერთმა, ეროვნული ბანკის უკვე წამავალმა და მოსასვლელმა ახალმა პრეზიდენტებმა და ფინანსთა მინისტრმა დაგვიცვან…). ეს ამჟამინდელთან შედარებით  დაახლოებით 7.5-ჯერ მეტი – თითქმის ისრაელის მაჩვენებლის ტოლფასი იქნებოდა. მოსახლეობის ერთ სულზე ასეთი ზრდა საქართველოს შესაძლებლობას მისცემდა ამჟამინდელი 118-ე ადგილიდან  მსოფლიოს პირველი ათეულის წევრობის რეალური კანდიდატურა გამხდარიყო. აი, მაშინ კი აქეთ „დაგვახევდნენ კალთებს“ ნატო და ევროკავშირი – მობრძანდით, ჩვენი ოჯახის წევრები გახდითო…

ჯერჯერობით კი… საქართველო ბიუჯეტის ექვივალენტური ასლარიანების თანხა, თუ ოლიმპიური აუზის ძირში განიფინება, აუზის ფსკერზე დამდგარ ფინანსთა მინისტრს (ან მთავრობის ნებისმიერ წევრს) მხოლოდ… მცირე წვივამდე თუ მისწვდება. რაც შეეხება ქვეყნის მთავარ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს, მისი სიმაღლის პროეცირება ადამიანის სიმაღლესთან, ბიუჯეტისა და მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციების გათვალისწინებით, შეიძლება ცოტა უხერხულიც კი იყოს… ასე რომ, ასლარიანებით მოფენილ „ოლიმპიურ აუზში“ ბიუჯეტის „სიმაღლე“, სანამ მინისტრის წვივის სიმაღლიდან ბარძაყის სიმაღლემდე მაინც არ გაიზრდება, მანამ საქართველოს მოსახლეობის, ყველა ოჯახის საახალწლოდ ინდაურის საცივით უზრუნველყოფის ამოცანა მხოლოდ ვირტუალურად იქნება გადაჭრილი..

2014 წლის 29 დეკემბერი

Comments are closed