შენელებული მოქმედების „ციანიდის საქმე“„ციანიდის საქმემ“ თავისი დამანგრეველი როლი უკვე შეასრულა, ოღონდ, თავად ამ ნივთიერებისგან განსხვავებით, მისი ეფექტი მყისიერი კი არა, ხანგრძლივი და შენელებული მოქმედების ნაღმის მაგვარია.რამდენს არ ეცადნენ ლიბერალებად სრულიად უსამართლოდ შერაცხილი ახალი თაობის მებრძოლი ათეისტები (აქ, ალბათ, ფრჩხილები უნდა გამომეყენებინა, მაგრამ იმდენად ზუსტად პასუხობენ გამოთქმის შინაარსს, ფრჩხილები, ვფიქრობ, სრულიად უადგილოა) მართლმადიდებლობის დაცინვას და მასხარად აგდებას, მაგრამ „ჯიპიანი მამაოს“ თემა ვერ იქცა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედით ლოზუნგად. თავის დროზე სააკაშვილის ლოზუნგებმა – „საქართველო შევარდნაძის გარეშე“ და „აჭარა აბაშიძის გარეშე“ წარმატებას აზიარა ეს ავანტიურისტი, მაგრამ ამ წარმატებაში მეტი წვლილი თავად შევარდნაძესა და აბაშიძეს ჰქონდათ შეტანილი. არც ერთმა და არც მეორემ რევოლუციონერებს „საკრალური მსხვერპლი“ არ მიართვეს და სისხლის დაუღვრელად წავიდნენ. წამოზრდილმა „კმარელებმა“ ვერ გარისკეს მამა–მარჩენალის ლოზუნგის გადამღერება – „ეკლესია ილია მეორის გარეშე“ და, ვლადიმერ ულიანოვივით, „სხვა გზით წავიდნენ“. მარქსიზმ–ლენინიზმის კლასიკოსების გზას დაადგნენ და მართლმადიდებელ ეკლესიას სიწმინდის საფარველის ჩამოგლეჯა დაუპირეს. მართლაც, თუ ეკლესიასა და მღვდელმთავრებში სიწმინდე არ ყოფილა, რატომ უნდა ენდო მათ? რატომ უნდა ჩააბარო აღსარება? რატომ უნდა გჯეროდეს მათი სიტყვის?პარალელურად ამკვიდრებდნენ აზრს, რომ „მართლმადიდებელი მრევლი ბნელია“. ქვისა და წვეთი წყლის პრინციპით მოქმედებდნენ და სულ უფრო მეტად ემსგავსებოდნენ პირველი თაობის ბოლშევიკებს. ტროცკის დღევანდელი მემკვიდრეები ერთი–ერთში იმეორებდნენ საზოგადოდ, რელიგიის წინააღმდეგ მის მიერ დამკვიდრებულ მეთოდებს, თუმცა გლდანის ეკლესიის კარიბჭის შელეწვამ ყველას (ან ბევრს) დაანახა, რომ „ვარდების“ სახელით მოსული გაავებული ბრბო ქვეყანას კარგს არაფერს უქადდა.ვითომდა სეკულარიზმის პრინციპის ერთგული „კმარაზიტები“ ხელიდან არ უშვებდნენ შემთხვევას, რომ ეკლესიის საქმეებში ჩარეულიყვნენ. ინტელექტუალობის პრეტენზიის მქონენი კი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მართლმადიდებლობის მოსპობისთვის არაფერზე დაიხევდნენ უკან. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ იდეებმა პოპულარობა ვერ მოიპოვა. ვერც რუსეთთან ლოიალობის თემამ იმუშავა, რადგან არ არსებობს არც ერთი საკითხი, რომელშიც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს რომელიმე ინტერესი დაეთმოს რუსეთთან ერთმორწმუნეობის მიზეზით. პირიქით, ყველაზე მძიმე მომენტში, როდესაც საქართველოს საერო ხელისუფლებამ დაკარგულ ტერიტორიაზე დაღუპული სამხედროები უპატრონოდ ჩატოვა, სწორედ ეკლესიის საჭეთმპყრობელმა და მღვდელ–ბერმა გადმოასვენა ისინი. სააკაშვილი მაშინაც აეტორღიალა წასულ მატარებელს, როდესაც პერევიდან პატრიარქის თხოვნით გასულ რუსულ ჯარს გზაში დააწია, რომ პატრიარქი „მისი დავალებით მოქმედებდა“. ყველაფერი მეტად მარტივი იყო. ავტორიტეტებთან მებრძოლმა სააკაშვილმა ეკლესიის ავტორიტეტს ვერაფერი დააკლო და „სხვა გზით წავიდა“: ცალკეული იერარქების მოსყიდვა–გადაბირების გზით. სქემა ასეთი იყო: აჩუქე ჯიპი (და სხვა ქონება) და მერე გაუთავებლად ილაპარაკე „ჯიპიან მამაოებზე“!. როდესაც მეუფე ამბიონიდან წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა და ეპარქია პოლიტიკოსების პლაკატებითა აქვს მოფენილი, როდესაც თვალს ხუჭავს სისასტიკესა და უსამართლობაზე, როდესაც პირადი ფუფუნება და სიმდიდრე აღარც იმალება, იქ კარგს არაფერს უნდა ელოდე. წმინდა წერილი ნათლად აჩვენებს, რომ ადამიანი და მისი ვნებები არ იცვლება ეპოქის მიუხედავად. იცვლება გადაადგილების საშუალებანი და თუ ადრე ჯორზე მჯდომი ეპისკოპოსი იყო იმჟამინდელ რევოლუციონერთა თავდასხმების ობიექტი, ახლა ჯიპში მსხდომი მამაოები არიან. არადა, ერთი სრულიად არარელიგიური პერსონაჟი გვასწავლიდა, რომ ავტომობილი გადაადგილების საშუალებაა და არა ფუფუნება. მთელი ამ დუნედ მიმდინარე და არცთუ ისე შედეგიანი კამპანიის მანძილზე დიდიც არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ, აი, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, მერაბიშვილის ტრადიციის თანახმად, „ციანიდის საქმე“ პირდაპირ ეთერში „გახსნა“ და გამჭვირვალედ მიანიშნა, რომ დეკანოზი გერმანიაში პატრიარქის მოსაკლავად მიდიოდა. მოგვიანებით ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც გამოვიდნენ განცხადებებით, რომ „უდიდესი ტრაგედია“ აიცილეს თავიდან. კიდევ ცოტა ხანში ყველამ უარყო, რომ პატრიარქის მოწამვლაზე იყო საუბარი.ადვოკატები იმუქრებიან, რომ დეკანოზს არ გაათავისუფლებენ და საქმეს არ დახურავენ, მთელი სინოდის დაკითხვას მოითხოვენ სასამართლო პროცესზე. „ჩადებებს“ მიჩვეული საზოგადოება ციანიდის ჩადებაზე ლაპარაკობს. ჩანაწერებში ნათქვამი „შორენა მარილზე უნდა გავიდეს“ მრავალგვარ ინტერპრეტაციას განიცდის და გვარწმუნებენ, რომ „მარილზე გასვლა“ მოკვლას არ ნიშნავს.როგორც ძალიან ხშირად მომხდარა, წვრილმანებზე დავისას იკარგება მთავარი – ის, რაც ყველაზე დამაზიანებელია ერისთვისაც და ბერისთვისაც. თუ სასულიერო პირს ვინმეს მოკვლის განზრახვა შეიძლება ჰქონდეს, მაშინ რატომ უნდა ენდო მათ? რატომ უნდა ჩააბარო აღსარება? რატომ უნდა გჯეროდეს მათი სიტყვის? ასეთ საჩუქარზე, ეკლესიასთან მებრძოლ ათეისტებს რომ ჩაუვარდათ (თუ ჩაუგდეს?) ხელში, ოცნებაც კი არ შეეძლოთ.საზოგადოდ, ყველა ხელისუფლებას და, განსაკუთრებით დღევანდელს, სჭირდება ხალხის მზარდი უკმაყოფილების რომელიმე გამარჯვებით ჩაწყნარება. და რა უნდა იყოს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის“ თავიდან აცილება? სააკაშვილის დროსაც და ახლაც ხომ მართლმადიდებელი ეკლესია უპირობო ლიდერია ხალხის ნდობის თვალსაზრისით!უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ერთი ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: „წმინდა მეფემ, დავით წინასწარმეტყველმა ასე თქვა: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. წარმოიდგინეთ, დავით მეფე ამბობს: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. ეს მან თქვა იმიტომ, რომ მრავალი განსაცდელი შეხვდა. ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა. მაგრამ მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა. მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მწუხარება სიხარულით შეცვალოს“.ზოგმა ამ განცხადებაში მისი ძმისშვილი იგულისხმა, ზოგმაც ფართო გაგებით ყველა მორწმუნე – პატრიარქის სულიერი შვილები, თუმცა განა გასაკვირია, რომ ეკლესიის საჭეთმპყრობელს მოეწყინოს? თითქმის 40 წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლი და შრომა, ეკლესიის გაძლიერებისთვის გაღებული მსხვერპლი და ბევრის დათმენა წყალში გადაყრის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ახსოვს მოკლული პატრიარქები, ნაწამები და გასრესილი სასულიერო პირები, დაობლებული ეპარქიები, დაკეტილი და დანგრეული ეკლესია–მონასტრები. იყო ჟამი, როცა სულ რამდენიმე ათეული ანაფორიანი ადამიანი იყო დარჩენილი მთელ საქართველოში. ზოგი ტყეში იმალებოდა, ზოგი – მივარდნილ მონასტერში, დახვრეტილ და გაპარსულ მღვდლებზე რომ არაფერი ვთქვათ. იმ მძიმე ჟამს ეკლესიის ყოფნა–არყოფნის საკითხი იდგა. და სწორედ იმ ერთეულმა სასულიერო პირებმა მოიტანეს დღემდე ეკლესია.სადაც არის ცოცხალი ადამიანი, იქ არის ბრძოლა დაწინაურებისთვის, ბობოქარი ადამიანური ვნებები და ეს არც ეკლესიისთვის არის უცხო. მთავარია, სად გადის ზღვარი, რომლის გადაბიჯების უფლება არამცთუ სასულიერო პირს, არამედ საეროსაც არ გააჩნია! „მეუფე ყანდურებზე“ პირველად სწორედ „საქართველო და მსოფლიო“ წერდა და არა ეკლესიათან ბრძოლის, არამედ მის რიგებში უღირსთა მხილების მიზნით. დრო გადიოდა და ყველაფერი ისევ ისე რჩებოდა. ჭირმა კი თავი არ დამალა და თუ „ციანიდის საქმეს“ არა მარტო საერო, არამედ სასულიერო სჯულის კანონით არ გაეცემა პასუხი, შენელებული მოქმედების ნაღმი უთუოდ ამოქმედდება.ახალ რუის–ურბნისის კრებაზე უკვე კარგა ხანია, ლაპარაკობენ. ვინ უნდა გამართოს იგი? მეუფე ყანდურებმა? საერო ხელისუფლებამ? დღეს ისეთი პირები იჩემებენ სიმართლისთვის დასჯილის მანტიას, ვისაც ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ჯერ „რუსთავი 2–ის“ სკანდალი არ ჩამცხრალა და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ თანამშრომლები მოითხოვენ მეუფეს დაბრუნებას დირექტორად. საერთოდაც, რატომ უნდა იყოს ტელევიზიის დირექტორი მიტროპოლიტი? თუმცა ქვეყანაში, სადაც გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილეა „თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის“ გენერალური დირექტორი, იქ აღარაფერი უნდა გიკვირდეს!ვინც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში „რეფორმატორულ ფრთაზე“ ლაპარაკობს, მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მის წიაღში არც ერთი მარტინ ლუთერი არ არის და არც ქართული ეკლესიაა ვატიკანი. საერო ხელისუფლების მხრიდან იმ საკითხებში ჩარევა კი, რომელზეც მას წარმოდგენაც არა აქვს, კარგით არაფრით დამთავრდება თავად ხელისუფლებისთვის.დღეს მავანნი ქირქილებენ, „რაც ვერ გაბედა სააკაშვილმა, ის გაბედა ივანიშვილმაო“. მინიშნებაა ეკლესიის საქმეებში ჩარევაზე. უფრო მძაფრად – პოლტიკური ბანაკების მხრიდან საკუთარი კანდიდატურის პატრიარქის ტახტზე ასაყვანად ბრძოლაზე. სააკაშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრს შეასწრო გერმანიაში პატრიარქის პალატაში. მისი ერთგული მეუფეები დაუფარავად ლაპარაკობენ პატრიარქის გარემოცვაზე, „რუხ კარდინალებსა“ და მუქარასაც არ ერიდებიან. გაისმის ხმები იმაზეც, რომ პატრიარქმა ახლავე უნდა დაასახელოს მემკვიდრე. არადა, კარგად იციან, რომ საბოლოოდ, პატრიარქი კენჭისყრით აირჩევა და იგი შეიძლება სულაც არ იყოს დასახელებული მემკვიდრე. თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე იხსენებს: „1943 წლის იანვარში 77 წლის კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე შეუძლოდ გახდა, ავადმყოფობა ხუთი თვე გაგრძელდა…ოდნავ მომჯობინებულ საჭეთმპყრობელს ურჩიეს სასწრაფოდ საყრდენი ეპისკოპოსის კურთხევა. მანაც იმავე წლის 23 მაისს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად აკურთხა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი დიმიტრი (ლაზარიშვილი),რომელიც 1947 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. განსვენებულს წესი აუგო უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, რომელმაც ამის შემდეგ კიდევ ხუთი წელი იცოცხლა“…მარხვისას მრავლის შემცოდენი ამას ვერ მიხვდებიან. ისევე, როგორც მებრძოლი ათეისტები. ვერც იმას გაიგებენ, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და მისი ერთიანობა გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის (სასულიერო პირისაც) კეთილდღეობა. მაღალი იერარქებიც და ჩვენც მოკვდავნი ვართ, მართლმადიდებელი ეკლესიაა მარადიული! და თუ მარადიულობასა და წარმავალობას შორის სხვაობას საერო ან სასულიერო პირები ვერ აცნობიერებენ, დღეს მაინც იმოქმედონ ისე, თითქოს ეს მათი უკანასკნელი დღეა.
ნანა დევდარიანი