საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს თავისი გრძელვადიანი შედეგებით როგორც საზოგადოებისათვის, ისე მასში გამარჯვებული სამი პარტიისათვის („ქართული ოცნება“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი) საკმაოდ წინააღმდეგობრივი და „ჰიბრიდულია“. – არჩევნებში მონაწილე 19 პარტიიდან და ბლოკიდან საარჩევნო ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ სამმა, არათანაბარი სიძლიერისა და გავლენის პოლიტიკურმა ძალამ დაძლია.[1] შესაბამისად, პარლამენტს მიღმა დარჩა აქტიური და ცნობადი პოლიტიკური სახეების მთელი გალერეა, რომელთა ინტელექტუალური პოტენციალი, ცოდნა სერიოზულად დააკლდება საქართველოს პარლამენტს.
გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად წარმატებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისა (115 ადგილი 150-დან), ვერ შეძლო თავისი წარმატების ტრიუმფად წარმოჩენა. – მას არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე ნაკლებმა და საერთოდ, საარჩევნო სიაში შეყვანილთა მეოთხედზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი.
მეორე ადგილზე გასვლით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მოპოვებული ხმებისა და პარლამენტის წევრად გაყვანილთა რაოდენობით, ფაქტობრივად მოახერხა თითქმის სრული პოლიტიკური რეაბილიტაცია, რითაც სერიოზულად გაუცრუა იმედი საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც მოელოდა არჩევნების შედეგებით „სადისტთა და მოძალადეთა“ პარტიის „ისტორიის სანაგვეზე“ მოსროლას.
„პატრიოტთა ალიანსის“ შედეგებით უკმაყოფილო დარჩნენ მისი მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც. პირველნი – მიღებულ ხმათა სიმცირისა და მეორენი – მათი პარლამენტში მოხვედრის გამო.
არჩევნებისადმი დამოკიდებულებით, მონაწილეობის აქტიურობის დონით, აშკარად გამოიკვეთა მოსახლეობის განხიბვლა არა მარტო მმართველი ძალის, არამედ ზოგადად ხელისუფლებისადმი. – არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრეც კი სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებდნენ, რომ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი პარტიისათვის დაეჭირათ მხარი. თავად არჩევნებმა კი აჩვენეს ამომრჩეველთა აქტიურობის მკვეთრი დაცემა 2012 წელთან შედარებით. - 2012 წლის 59.3 პროცენტიდან 2016 წლის 51.9 პროცენტამდე (არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა კიდევ უფრო ნაკლებმა – მხოლოდ 37.5 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა). 2016 წელს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შემცირდა: არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა – 318 ათასით (თითქმის 15 პროცენტით), „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა – 285 ათასით (თითქმის 25 პროცენტით), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა – 410 ათასით (46 პროცენტით). სამაგიეროდ კოლოსალურად – 376 ათასით (4.3-ჯერ!) გაიზარდა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. არჩევნებში მონაწილეთაგან, მაგრამ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ მიუცემელი (სხვებისთვის მიცემული, სხვებზე გადანაწილებული) ხმების წილი ოთხი წლის მანძილზე 4-ჯერ და მეტად - 6.25%-დან 25.26 პროცენტამდე გაიზარდა.
2012 წელთან შედარებით 2016 წელს 218.4 ათასით (თითქმის 15 პროცენტით) გაიზარდა იმათი რაოდენობა, რომლებმაც საერთოდ უარი თქვეს თავიანთი კონსტიტუციური უფლებისა და მოვალეობის გამოყენებაზე და არ მიიღეს მონაწილება არჩევნებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არჩევნებს იგნორირება გაუკეთა, ფაქტობრივი ბოიკოტი გამოუცხადა საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს დაახლოებით 1.7 მილიონმა მოქალაქემ.
განსაკუთრებით საინტერესოდ განვითარდა პროცესები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში. –2016 წელს გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს დამარცხებულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან“ შედარებით 30 ათასით ნაკლები ამომრჩევლის ხმა მიიღო. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელთან შედარებით „ქართულ ოცნებას“ მხარი 285 ათასით ნაკლებმა ამომრჩეველმა დაუჭირა, პროპორციული სიით პარლამენტში მაინც იმდენივე წევრი შეიყვანა, რამდენიც წინა, 2012 წლის არჩევნებისას (44). მას ამისათვის 2012 წლის არჩევნებისას, ხმების 54.1 პროცენტი დასჭირდა, ამჟამად კი „მხოლოდ“ 48.7 პროცენტი. თუ საბაზრო ტერმინოლოგიას დავესესხებით, 2016 წელს 2012 წელთან შედარებით „ქართულ ოცნების“ პროპორციული სიის ერთი საპარლამენტო ადგილი დევალვირებული იქნა 27.5 პროცენტით (7.4 ათასით ნაკლები ხმით).სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, იმ პარტიებმა, რომლებიც 2012 წელს ქართული ოცნების კოალიციის წევრები იყვნენ („თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, „მრეწველები“, „ეროვნული ფორუმი“) , ჯამში ხმების 7.69 პროცენტი მოიპოვეს და მათი გათვალისწინებით „ქართული ოცნებისა“ და მისი ყოფილი სატელიტების მიერ მიღებულ ხმების მექანიკური ჯამი 1.4 პროცენტით აღემატება კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წელს მიღებული ხმების საერთო რაოდენობას (შესაბამისად, 56.36% და 54.97%).
მოტანილი მონაცემები ადასტურებენ, თუ რამდენად შორსაა სარჩევნო სისტემა სრულყოფილებისაგან: პარტიამ, რომელმაც არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მეოთხედზე ნაკლები (24.38%) და მიცემული ხმების ნახევარზე ნაკლები (48.6%) მიიღო, პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა - საპარლამენტო ადგილების 3/4-ზე მეტი (76.7%) მოიპოვა.
შედეგებთან მიმართებაში გაორებული მდგომარეობა აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. თანაც ეს გაორებაც, კალამბურად რომც მოგვეჩვენოს, ორნაირია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩენა ერთდროულად წარმატებისა და წარუმატებლობის გამომხატველიცაა. წარმატების დემონსტრირებისათვის აქცენტი მთავარზე კეთდება, წარუმატებლობის შემთხვევაში კი – ოპოზიციურობაზე. თანაც,ერთი მხრივ, ენმ დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო ხმების მხოლოდ 26.1 პროცენტი. მაგრამ ხმების ამ პროცენტმა შესაძლებლობა მისცა მას პარლამენტში პროპორციული სიითი ადგილების 42.9 პროცენტი მიეღო. მეორე მხრივ, თუ 2012 წელს „ქართული ოცნების“ „მონარჩენი“ 33 მანდატიდან უკლებლივ ყველა ენმ-ს ერგო, 2016 წელს იმავე რაოდენობის „მონარჩენ“ ადგილებში ენმ-ს წილში „პატრიოტთა ალიანსი“ „ჩაუჯდა“ და 6 ადგილი აართვა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები იყო ლოგიკური შედეგი იმ ე.წ. კოჰაბიტაციური პოლიტიკისა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიყო ხელი და რომლის მიზანსაც წარმოადგენდა, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ენმ-ის გადარჩენა (?!). არჩევნების შედეგებმა სრული ლეგიტიმაცია გაუწია „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას, მოახდინა მისი ერთგვარი რეაბილიტაცია და, ფაქტობრივად, სერიოზული საფუძველი ჩაუყარა ამ პარტიის შესაძლო ახალ წარმატებებს მომდევნო, 2020 წლის საარჩევნო ციკლში.
რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“, არაა სადისტი მკვლელი, ან ამგვარი ქმედების გამმართლებელი. იმ პირთა შორის, რომელთა ოჯახებსაც რეპრესიები, ციხე და პრობაციონერობა არ შეხებია, საკამოდ მაღალია მათი წილი, რომლებიც ცხოვრობენ და გარემოს აღიქვამდნენ პრინციპით: „სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირიო“. მათი დიდი ნაწილისთვის აშენებული ბათუმი და სიღნაღი უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახები, თვალსაჩინო აღმოჩნდა, ვიდრე „ვიღაცეების“ ციხეებში წამება და ტანჯვა. შეიძლება ითქვას, ისინი საკუთარი სიმშვიდისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად დიდ გარიგებაზე წავიდნენ სინდისთან. ასეთი იყო საბჭოთა ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც 1937 წელს მხატვრულ ფილმებს „ცირკს“, „მხიარულ ახალგაზრდობას“ და „არსენას“ უყურებდა და ამით ცდილობდა განედევნა „აბეზარი“ აზრები ასე მომრავლებულ „ხალხის მტრებსა“ და „მავნებლებზე“…თითქმის ანალოგიური ქცევის ალგორითმი ჰქონდათ 1933-1945 წლებში „კარგ გერმანელებსაც“, რომლებიც ფაშისტური რეჟიმის დროს ცხოვრობდნენ და მათივე განცხადებით, „არაფერი იცოდნენ ფაშისტების დანაშაულებებზე“.
„ქართული ოცნების“ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან კი არა, რომ „ისინი კარგები არიან“, არამედ იმან, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მათზე უარესია“. მაგრამ სხვისი უარესობა საკუთარი უკეთესობის დემონსტრირებისათვის და, მით უფრო, გრძელვადიან რეჟიმში ექსპლუატაციისთვის, არ გამოდგება. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს ექს-პრეზიდენტის წვლილი „ქართული ოცნების გამარჯვებაში. სააკაშვილმა საკუთარი განცხადებებით იმდენად დააშინა ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი დაბრუნების პერსპექტივით, რომ იმ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც მკაფიოდ არ ჰქონდა ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება ხმის მიცემის თაობაზე, „ქართული ოცნების“ იძულებით მხარდამჭერად აქცია. იმავე გზას დაადგა პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა დიდი ნაწილიც – მათაც შეეშინდათ, რომ „მშობლიური“ პარტიისთვის ხმის მიცემის შემთხვევაში, ეს ხმები უბრალოდ დაიკარგებოდა, რის შედეგად მათ მნიშვნელოვან ნაწილს ენმ დაეუფლებოდა. ამ კუთხით სააკაშვილი ნამდვილად იმსახურებს „მაყარიჩს“ ქართული ოცნებისაგან.
პარლამენტში მოხვედრა „პატრიოტთა ალიანსისათვის“ საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე მეტად ისტორიული სამართლიანობის გამოხატულება იყო. – სწორედ ირმა ინაშვილის მიერ გავრცელებული კადრები გახდა იმ საზოგადოებრივი პროტესტის დეტონატორი, რომლებმაც ბოლო მოუღეს ენმ-ის მონოპოლიას და არჩევნების შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოატრიალეს. თავისი როლი ამ წარმატებაში შეასრულა ტელევიზიამაც. – „ობიექტივი“ მეთოდურად უმყარებდა მის მაყურებლებს მოსაზრებას „პატრიოტთა“ უალტერნატივობაზე ეროვნული ინტერესების დაცვაში. ამასთან, „პატრიოტთა“ ერთერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადება, რომ ბათუმში ჩატარებულ აქციას 28 ათასი ადამიანი ესწრებოდა და მთლიან აჭარაში „პატრიოტებს“ საარჩევნო კომისიამ რატომღაც მხოლოდ 8 ათასი ხმა დაუფიქსირაო, კრიტიკას ვერ უძლებს. – აქციაზე, მით უფრო რეგიონში, როგორც წესი, არა მარტო მხარდამჭერები, არამედ ცნობისმოყვარეებიც მიდიან. თანაც „პატრიოტთა“ ლიდერები ცალკეული პოლიტიკურად, რბილად რომ ვთქვათ, ეპატაჟური განცხადებების ფონზე, დაინტერესებული მოქალაქეების რაოდენობა შეიძლება ჯერადად გაზრდილიყო. მაგრამ მიტინგის მონაწილე, დაინტერესებული და ცნობისმოყვარე მოქალაქე სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ასეთი მაყურებლები ცნობისმოყვარე ობივატელები კი არა, გულანთებული მხარდამჭერები არიან. მთლიანობაში, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმატებაა თავისთავად პარლამენტში მოხვედრა; წარუმატებლობაა მიღებული ხმების რაოდენობა, რომელიც პარლამენტში ხმაურის საშუალებას კი იძლევა, მაგრამ რეალურ შედეგზე ზემოქმედების ყოველგვარი რესურსის გარეშე.
ისე, თავის დროზე, 2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ იყო მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ოცდამეერთე საუკუნის „ბახტრიონის აჯანყებას“ თავის სიმბოლურ „ბიძინა ჩოლოყაშვილთან“ ერთად სიმბოლური „ელიზბარ და შალვა ერისთავებიც“ ყავდა – ქართული პოლიტიკის ორი ამორძალი – ნინო ბურჯანაძე და ირმა ინაშვილი. და თუ ამ უკანასკნელის მოხვედრა პარლამენტში მისი დამსახურების დაგვიანებული აღიარება მაინც იყო, შეიძლება ითქვას, რომ 2011 წლის 26 მაისს ნაციონალური რეჟიმის რეპუტაციისთვის უმძიმესი დარტყმის მთავარი „შემოქმედის“ ნინო ბურჯანაძის პარლამენტში შეუსვლელობა ისტორიულ უსამართლობას წარმოადგენს. იმის გარდა, რომ ამ დონის პროფესიონალი პოლიტიკოსის ყოფნა პარლამენტში ხელს შეუწყობდა საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებას, პარლამენტის რენომეს ამაღლებას, იმ წვლილის დაფასებაც იქნებოდა, რაც ამ ქალბატონმა, კალამბური რომ ვიხმაროთ, საკუთარი მომხრეების „თავის გატეხვით“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“„სახელის გატეხვაში“ შეიტანა.
საპარლამენტო არჩევნებში პიარი, მედია-საშუალებები ხშირად გადამწვეტ როლს ასრულებენ. თუმცა ამჟამინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა გარკვეული კორექტივი აქაც შეიტანეს. – მედიის მონოპოლია საგრძნობლად შეავიწროვეს ისეთმა სტრატეგიულმა ინსტრუმენტებმა, როგორიცაა სოციოლოგია - სოციალური კვლევები პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგების დასადგენად, ეგზიტპოლები და სოციალური ქსელები (twitter, facebook, etc.). ფაქტობრივად, ჩვენ მომსწრე გავხდით, როდესაც შინაარსობრივად ყველაზე ობიექტური მეცნიერება – სოციოლოგია - დაპირისპირებულ მხარეთა ხელჩართული ბრძოლის იარაღად და მძევლად იქცა. ყველა პარტია საკუთარ წყაროსა და სააგენტოს იშველიებდა და საკუთარ წარმოუდგენლად მაღალ რეიტინგს უსვამდა ხაზს. ადგილი ჰქონდა მოწინააღმდეგის დემორალიზების მცდელობებსაც – დაწყებული სააკაშვილის განცხადებიდან სამ დღეში საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე და დამთავრებული facebook-ით „განდობილი“ ინფორმაციით, თითქოს ივანიშვილი გარბის საქართველოდან, რამდენიმე მანქანა მისი სასახლიდან ქონებას აეროპორტი მიმართულებით გადაადგილდება და ა.შ. არ უნდა დავუკარგოთ „ღვაწლი“ ნაცების რუპორ „რუსთავი2“-საც, რომლის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს პარლამენტში გასული ნაციონალების ნახევარი თუ არა, მესამედი მაინც.
და კიდევ ერთი სამწუხარო შედეგი საპარლამენტო არჩევნებისა: საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს არა აქვს რუსეთთან მოლაპარაკების პრაქტიკული გამოცდილება. ახლად არჩეულ პარლამენტში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც გააჩნია ღიად გამოხატული პოლიტიკური მზაობა, ნება და სურვილი, დაიწყოს დიალოგი რუსეთთან.
მთლიანობაში, საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირებადი შედეგებით დასრულდა, მაინც დიდწილად, წინააღმდეგობრივი შთაბეჭდილება და უკმარისობის გრძნობა დატოვა საზოგადოებაში. არა მარტო გამარჯვებული „ქართული ოცნების“, არამედ საზოგადოების დანარჩენ ნაწილში გაჩნდა გამოკვეთილი ემოციური და ფსიქოლოგიური დისკომფორტი, თავისებური შინაგანი პროტესტი მიღებული შედეგებისადმი. ფაქტობრივად, მივიღეთ საყოველთაო საზოგადოებრივი კოგნიტური დისონანსი, რაც ვლინდება არჩევნების შედეგების სხვადასხვა, ხშირად დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციებიდან შეფასებასა და მომავალი განვითარების პროგნოზებში.
ერთერთ ასეთ წინააღმდეგობად იქცა მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საფუძველზე. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. საკონსტიტუციო უმრავლესობა ზოგადად, ის სკალპელია, რომლიც შეუცვლელი ინსტრუმენტია პროფესიონალი და კეთილსინდისიერი დასტაქრის ხელში და საშიში იარაღი – დილეტანტის ან კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირის ხელში. გააჩნია, ვინ რა მიზნით და განზრახვით იწყებს სამზარეულოს დანის გამოყენებას -პურისა და ძეხვის დაჭრის ნაცვლად თუ სხვისი სიცოცხლის ხელყოფისათვის. არავის მოუვა აზრად, რომ ამ მეორე შემთხვევათა გარკვეული ალბათობის შემთხვევაში ავკრძალოთ სამზარეულოს ამ უცვლელი ატრიბუტის გამოყენება.
აქვე უნდა ითქვას ივანიშვილის ფენომენზე ქართულ პოლიტიკაში და მის გავლენაზე მმართველ გუნდზე.
დიახ, „ქართულ ოცნებას“ ყავს არაფორმალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილის სახით და ეს საგრძნობლად ზრდის მის სახელთან ნებისმიერი გადაწყვეტილების აფილირებას. აუცილებელი არაა, ივანიშვილმა ყოველ საკითხზე თავად დაურეკოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება უკარნახოს. – „ქართულ ოცნებაში“, განსაკუთრებით მის ხელმძღვანელ ბირთვში, საკმარისად გამოცდილი პიროვნებები არიან, რომლებმაც კარგად უწყიან პატრონის პოლიტიკური გემოვნებები და სურვილები. ჯერ კიდევ ფრანგი განმანათლებელი დ ენციკლოპედისტი ჟან-ჟაკ რუსო წერდა, „ბავშვმა უნდა აკეთოს ის, რაც მას უნდა. მაგრამ მას უნდა უნდოდეს ის, რაც მის მშობელს სურს“.ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია დემოკრატიის ტრადიციები, საზოგადოებისა და თვით პოლიტელიტის მნიშვნელოვან ნაწილში საკმაოდ ძლიერია ლტოლვა ავტორიტეტული (და ავტორიტარული!) პირის ხელმძღვანელობით ცხოვრებისა და საქმიანობისათვის (სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ბელადის“ უფლებამოსილებითა და პასუხისმგებლობით აღჭურვისა), სჯობია გადაჭარბებით შეფასდეს არაფორმალური ლიდერის მმართველ პოლიტიკურ ძალაზე გავლენა, ვიდრე რაიმე „დააკლდეს“ ამგვარ შეფასებას. საზოგადოებრივი სკეფსისი და კრიტიკული დამოკიდებულება უნდა გახდეს ხელისუფლების ინსტიტუციურ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედების უზრუნველსაყოფად და არაფორმალური გავლენების უარსაყოფად.
ფაქტობრივად, არჩევნების შედეგად მივიღეთ პოლიტიკური ლანდშაფტი, სადაც„შუა ორმაგადაა გაკრეფილი“ – ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებისა და პარლამენტში ვერმოხვედრის გამო და, მეორეც, ამ დამარცხებულ პარტიათა ხელმძღვანელი ბირთვის დიდი ნაწილის მიერ საკუთარი პარტიის დატოვების „წყალობით“. გარკვეულ ეჭვებს აძლიერებს მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება პრეზიდენტის პირდაპირის ნაცვლად არაპირდაპირი გზით, უშუალოდ პარლამენტის მიერ არჩევნების შესახებ,რის გამოც საზოგადოებაში არსებობს „გონივრული ეჭვი“ ევროინტეგრაციის მოსურნე საქართველოს „თურქმენეთიზაციის“ საფრთხის თაობაზე. ამგვარი რისკის თავიდან აცილების და საზოგადოებრივი კოგნიტური დისონანსის დაძლევის ერთერთი ეფექტიანი საშუალება კი საპარლამენტო საქმიანობის დაწყებიდან მალევე უმრავლესობის ცალკეულ ფრაქციებად დაშლა და შიდა საპარლამენტო პლიურალიზმის გაძლიერება იქნებოდა. – ივანიშვილის „ფრთებქვეშ“ ხომ პარლამენტში იმდენად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და გამოცდილების ადამიანები მოხვდნენ, რომ მათი ერთ მონოლითურ გუნდად ყოფნა მომავალ ოთხწლიან პერიოდში, პრაქტიკულად წარმოუდგენელია…
იოსებ არჩვაძე
[1]კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო „ქართული ოცნების“ გამარჯვება მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც 73-დან 71 ადგილი მათ შეხვდათ. თითო ადგილი მიიღეს დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა (მთაწმინდის საარჩევნო ოლქი) და „თოფაძე-მრეწველობა, ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენელმა სიმონ ნოზაძემ (ხაშურის საარჩევნო ოლქი)