2015 წლის 31 ოქტომბერს გლობალური კვლევების ცენტრმა გამართა კონფერენცია „ლუგარის ლაბორატორია – საექსპერტო ხედვა“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ექსპერტები პეტრე მამრაძე, ვალერიან გორგილაძე, რამაზ საყვარელიძე, ირინა ფუტკარაძე, თამარ კიკნაძე, ვახტანგ მაისაია, მამუკა ჩხეიძე, თემურ მიქელაძე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები – დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი ახვლედიანი, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის თანათავმჯდომარე გიორგი მდივანი, ჟურნალისტები.
კონფერენციაზე განხილული იყო ლაბორატორიის საქმიანობის ხასიათი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და შემდეგ; ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში აშშ–თან თანამშრომლობის პოლიტიკური ასპექტები; ლაბორატორიის საქმიანობის გამჭვირვალობა; ამერიკული მხარის მოტივები.
ვნებათაღელვა ლაბორატორიის ირგვლივ პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს. კონფერენციის წინა დღეებში მედიაში გავრცელდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადება, რომელშიც მან მიუთითა, რომ დსთ–ს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიები, რომელთაც ვაშინგტონი მართავს. „20–ჯერ გაიზარდა იმ ლაბორატორიების რიცხვი, რომლებიც აშშ–ს ექვემდებარება და მისგან იმართება“, – განაცხადა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრეც გამოთქვამდა შეშფოთებას პენტაგონის მიერ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, თბილისის გარეუბანში სამედიცინო–ბიოლოგიური ლაბორატორიის გახსნის გამო.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი, ლაბორატორიის ჭერქვეშ აშშ–ის სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფი „ჩაეწერა“. ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლებები ცდილობენ დამალონ „ამ ქვედანაყოფის საქმიანობის ჭეშმარიტი შინაარსი და მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლით არის დაკავებული“. „პენტაგონი ცდილობს, დაამკვიდროს ასეთივე შენიღბული სამხედრო სამედიცინო–ბიოლოგიური ობიექტები სხვა სახელმწიფოებშიც დსთ–ის ტერიტორიაზე“, – აცხადებდა მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთ–ამერიკის და რუსეთ–საქართველოს შორის დაძაბულობის გათვალისწინებით, ამგვარი განცხადებები შეშფოთების საფუძველს ქმნის. თავად საქართველოში ლაბორატორიის შესახებ საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია: მოსახლეობა ფაქტობრივად არ არის ინფორმირებული ამ დაწესებულების საქმიანობის შესახებ, რაც უამრავ მითქმა–მოთქმას წარმოშობს მასში მიმდინარე ცდების შესახებ. წარმოდგენილი მოხსენება აფასებს როგორც ამ ეჭვებს, ასევე პოლიტიკურ რისკებს, რომლებიც ბიოლოგიური კვლევების დარგში აშშ–ისა და საქართველოს თანამშრომლობას შეიძლება უკავშირდებოდეს.
ლაბორატორიის შექმნა და საქმიანობა
საქართველომ ბიოლოგიური განიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1997 წელს, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოაწერა ხელი. საქართველოსთან აშშ–ის აქტიური თაბამშრომლობის ფაზა დაიწყო 2001 წლიდან, როცა აშშ–მა, ტერორისტების მიერ ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების მოტივით, სხვა ქვეყნებში შტამებისა და ვირუსების შენახვის ადგილებისა და კვლევებზე კონტროლის დასამყარებლად მუშაობა გაააქტიურა. საქართველო, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ინახებოდა შტამები და შენარჩუნებული იყვნენ მათზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები, განიხილებოდა, როგორც ტერორისტების შეღწევის მიმართ მოწყვლადი ქვეყანა. ჩვენზე გავრცელდა სენატორ რიჩარდ ლუგარის მიერ 1991 წელს შემუშავებული ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საერთაშორისო პროგრამა. მისი არსი გამოიხატებოდა იმ სპეციალისტების კონტროლში, რომლებიც პოტენციურად შეიძლებოდა გამოეყენებინათ ბაქტერიოლოგიური იარაღის წარმოებაში. აშშ–ში შეიქმნა ათამდე სამეცნიერო ფონდი, რომლებიც მეცნიერებს უკვეთავდნენ სამეცნიერო კვლევებს და აფინანსებდნენ მათ საქმიანობას, ამერიკისადმი არაკეთილგანწყობილ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან მათი თანამშრომლობის თავიდან აცილების მიზნით.
2002 წელს საქართველოსა და აშშ–ის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა შეთანხმება „ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და პათოგენების დარგში თანამშრომლობისა და ამ სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ“. აშშ–მა ფინანსური დახმარება გასწია საქართველოს ტერიტორიაზე გაფანტული შტამების ერთ საცავში თავმოყრის მიზნით (თბილისის შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურში) და მათი უსაფრთხო შენახვისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად. იმავე დროს გაუქმდა ტაბახმელის კომბინატი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ვაქცინებს აწარმოებდა; იგი სახიფათო ობიექტად ჩაითვალა დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიების შესაძლო გავრცელების თვალსაზრისით.
2004 წლის სექტემბერში მიღწეული იქნა შეთანხმება თბილისის მახლობლად, ალექსეევკის დასახლებაში, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფერალური ლაბორატორიის შექმნის შესახებ“. საქართველოში ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის მშენებლობა გაცხადებული იყო, როგორც ლუგარის პროგრამის რეალიზაციის ნაწილი. პროგრამის ფარგლებში აშშ–ის თანამშრომლობა ასევე ხორციელდება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ყაზახეთთან, უზბეკეთსა და უკრაინასთან. ყირგიზეთში მოსახლეობის, ეკოლოგებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ამგვარი თანამშრომლობა შეჩერდა. ოფიციალურად ადამიანისა და ცხოველებისთვის საშიში ვირუსების გამოვლენის, სამეცნიერო კვლევებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მონიტორინგისთვის განკუთვნილი ლაბორატორიის მშენებლობა 2009 წლის დეკემბერში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა. 2011 წლის 18 მარტს მისი გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ენდრიუ ვებერმა – აშშ–ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის დარგში.
„ამგვარი ლაბორატორიები მსოფლიოს 3–4 ქვეყანაშია. ის, რომ აშშ–მა საქართველო აირჩია, ჩვენთვის დიდი პატივია. ქართველ მეცნიერებს აქვთ შანსი, გახდნენ პირველები და აიმაღლონ პროფესიული დონე“, – განაცხადა გახსნაზე პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა. „საქართველოში ამ ლაბორატორიის მშენებლობა გეოგრაფიული მდებარეობითა და აუცილებლობით იყო განპირობებული“, – აღნიშნა აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
იმჟამად ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, პროექტის ირგვლივ საკუთარ აქტივობაში, ცდილობდა აშშ–საქართველოს ურთიერთობების სიმტკიცისა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სერიოზულობის დემონსტრირებას. ლაბორატორიის დირექტორად დაინიშნა ანა ჟვანია, რომელიც საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა, ხოლო 2008 წლის თებერვლამდე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის 12 აგვისტოს, როდესაც საქართველოს სენატორი რიჩარდ ლუგარი ეწვია, სააკაშვილმა მისთვის დამახასიათებელი მანერით, ლაბორატორიის გახსნა წარმოაჩინა, როგორც „სტრატეგიული მნიშვნელობის“ მოვლენა. ცენტრის დათვალიერების შემდეგ მან განაცხადა: „ამ დონის ინვესტიცია საბჭოთა დროს რუსეთს საქართველოში არ ჩაუდია“. ლაბორატორიის ირგვლივ გასაიდუმლოების ვითარების წახალისებით, სააკაშვილი პროექტს წარმოაჩენდა, როგორც აშშ–ის სამხედრო დახმარებას. „სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა იმ ილუზიის შესაქმნელად, რომ აშშ–ის უშუალო დახმარებითა და ინვესტიციით საქართველოში შეიქმნა სამხედრო დანიშნულების მძლავრი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების აგრესიულ ქმედებათა ნეიტრალიზაციას ემსახურებოდა. სწორედ ამიტომ დაარქვა ამ სტანდარტულ ლაბორატორიას სენატორ ლუგარის სახელი და მის ხელმძღვანელად დაზვერვის ყოფილი შეფი ანა ჟვანია დანიშნა“, – ამბობს მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, პრეზიდენტის და მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე. აღსანიშნავია, რომ შტამების საცავის უშუალოდ სამხედრო აეროდრომთან განლაგება დამკვირვებლებში ასევე წარმოშობდა ეჭვებს ამ პროექტის სამხედრო დანიშნულების შესახებ.
ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ქვეყანაში ამგვარი ობიექტის გახსნა დაგმო. „ინფექციებისა და ვირუსების კვლევის ლაბორატორიები არსებობს დიდ ქვეყნებში. ისინი ყოველთვის მუშაობდნენ ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნაზე, თუმცა ამას გაეროს რეზოლუცია კრძალავს. ამის მიუხედავად, ასეთი ლაბორატორიები საიდუმლოდ მაინც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემთვის გაუგებარია, რა აუცილებლობა იყო ამგვარი ლაბორატორიის მშენებლობა ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. საქართველოს არ სჭირდება არც ატომური ელექტროსადგურები, არც საეჭვო და გაურკვეველი დანიშნულების ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიები“, – აცხადებდა მაშინ მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე.
ორ წელზე მეტ ხანს, 2011 წლის მარტიდან 2013 წლის მაისამდე ლუგარის ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი ჰქონდა და მჭიდროდ იყო დაკავშირებული უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევით ინსტიტუტთან (აშშ), ამასთანავე ამერიკულ სამხედრო პერიოდიკაში იგი მოიხსენიებოდა, როგორც „უცხოეთში მოქმედი კვლევითი ქვედანაყოფი“. საუკეთესო მომზადების ქართველი ეპიდემიოლოგები და ბაქტერიოლოგები მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაგრძობდნენ. ამ პერიოდში ლაბორატორიის საქმიანობა იდუმალების ბურუსით იყო მოცული და პრაქტიკულად არ არსებობდა საჯარო პუბლიკაციები მისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მიხედვით. ამგვარი ატმოსფერო გარდაუვალად წარმოშობდა ჭორებს ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნის, მთელი მსოფლიოდან საქართველოში დაავადებათა გამომწვევი შტამების შემოტანის, პირუტყვზე ცდების წარმოების შესახებ და ა.შ. ბევრი ასეთი ჭორი ქართულ მედიაშიც გამოქვეყნებულა, რაც ქვეყნის გარეთ შეშფოთებას წარმოშობდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გადახედა ლაბორატორიის სტატუსსა და დაქვემდებარებას. მას დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი ჩამოერთვა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურას წარმოადგენს.
ლუგარის ლაბორატორიის გარდა, საქართველოს ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემაში შედის ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურის 11 და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 11 ლაბორატორია. მათ, ამერიკული კლასიფიკაციით, უსაფრთხოების პირველი დონე აქვს მინიჭებული და მდებარეობს რაიონულ ცენტრებში – თელავში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთში, ამბროლაურში და სხვ. ამ სისტემაში არის კიდევ ორი ლაბორატორია დაცულობის მეორე დონით – ქუთაისში და ბათუმში. არსებობს ასევე ერთი ლაბორატორია უსაფრთხოების მესამე დონით. ლუგარის ლაბორატორიას ამ სისტემაში ცენტრალური ადგილი უკავია დაცულობის 3+1 დონით.
ლაბორატორიაში 90 ადამიანი მუშაობს, მათგან 20 უცხოელი მოქალაქეა. მის საინჟინრო პერსონალს ხელფასს დღემდე აშშ უხდის. საქართველომ მომავალი წლიდან მთლიანად უნდა აიღოს საკუთარ თავზე პერსონალის შენახვა. შენარჩუნებულია საგრანტო დაფინანსების მნიშვნელობა უცხოეთიდან სამეცნიერო–კვლევითი პროექტების განსახორციელებლად. გრძელდება კონტაქტები უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევით ინსტიტუტთან (აშშ).
რისკები
ბოლო დროს ამერიკული სამეცნიერო და სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა საქართველოში იზრდება. ეს შეშფოთებას იწვევს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო რაღაც ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონად არის შერჩეული. ყველაზე შემაშფოთებელი ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების კვლევებია. ფაქტობრივად, აშშ–ს საკუთარ საზღვრებს მიღმა აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს სახიფათო ცდები საკუთარი მოქალაქეების ინფიცირების რისკის გარეშე. რამდენად კონტროლდება ამგვარი კვლევების უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების მიმართ – ეს საკითხი ღიად რჩება.
საინფორმაციო ომის პირობებში უაღრესად რთულია ობიექტური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გამიჯვნა. თუმცაღა, ამერიკული ბაქტეოროლოგიური ცენტრების მომრავლება კავკასიასა და საქართველოში მკვეთრად ზრდის სახიფათო ვირუსების მათი წიაღიდან გასვლის რისკს, რაც, პირველ რიგში, დარტყმის ქვეშ საქართველოს მოსახლეობას აყენებს.
ამ საფრთხეებს არ იზიარებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ლაბორატორიის საქმიანობა მოცემულ მომენტში აბსოლუტურად გახსნილია. მხოლოდ რუსეთიდან სამი დელეგაცია იყო ჩამოსული, რომელთაც მის მუშაობაზე დაკვირვება შეეძლოთ. გამყრელიძის შემოთავაზებით ლაბორატორია უნდა განვიხილოთ, როგორც ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ინსტრუმენტი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლის წყალობით საქართველო ინარჩუნებს და აძლიერებს კომპეტენციას ჯანდაცვისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში.
ამირან გამყრელიძის არგუმენტაციას, გარკვეულწილად, არ შეიძლება, არ დაეთანხმო. თუმცა არც იმ ფაქტის გაუთვალისწინებლობა ივარგებს, რომ რაც უფრო იზრდება ექსპერიმენტული მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების რაოდენობა, მით უფრო მატულობს თანამშრომელთა შიდალაბორატორიული ინფიცირების და შემდგომში დაავადების ლაბორატორიის მიღმა გავრცელების რისკი. თუ ასეთი რამ მოხდა ისეთი დაავადების გამომწვევის შემთხვევაში, როგორიც არის, მაგალითად, შავი ჭირი, ამგვარი სცენარის შედეგები განუჭვრეტელია. პატარა საქართველოსთვის ეს შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს. სხვადასხვა გენეზისის უკანასკნელ კატასტროფათა ანალიზი მოწმობს, რომ მათში უზარმაზარ როლს ე.წ. „ადამიანური ფაქტორი“ თამაშობს. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ ამერიკული ლაბორატორიიდან სხვადასხვა ლაბორატორიებში დაგზავნილი ციმბირის წყლულის ვაქცინური სპორები სინამდვილეში პათოგენური შტამის სპორები აღმოჩნდა, რაც თითქოს ლაბორატორიის თანამშრომლის შეცდომამ გამოიწვია. ციმბირის წყლულის სპორები შემცველი ამერიკული წარმოშობის განთქმული წერილები ადასტურებს, რომ მათი გატანა ექსპერიმენტული ლაბორატორიიდან, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიუხედავად, მაინც შესაძლებელია. რამდენად არის დაზღვეული ამგვარი შეცდომებისგან საქართველოს მოსახლეობა? სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ამერიკული ლაბორატორიების თანამშრომელთა ინფიცირების მონაცემები ისეთი საშიში დაავადებებით, როგორიცაა სალმონელოზი, ტულარემია, შავი ჭირი, ებოლას ვირუსი და ა.შ. ყოველივე ეს ამტკიცებს, რომ იმ ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიების რაოდენობის ზრდა, რომლებიც საშიში დაავადებების გამომწვევებს იკვლევს, ზრდის ჩვენ ტერიტორიაზე ეპიდემიური გართულებების შესაძლებლობას.
მეტიც, უნდა ვაღიაროთ, რომ ლუგარის ლაბორატორიის პირველი წლების მემკვიდრეობა, ისევე როგორც მისი შექმნის გარემოებები, კვლავაც ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ აღიქმება ეს პროექტი საქართველოში და მის გარეთ. კონფერენციაზე გაისმა არგუმენტი, რომ შესაძლოა, გაიხსნას წარსულის სრულიად მოულოდნელი და არასასიამოვნო ფაქტები.
როგორც ჩანს, არავინ აპირებს იმაზე ლაპარაკს, თუ კონკრეტულად რა სახის ბაქტერიებსა და ვირუსებს იკვლევდნენ და იკვლევენ ამგვარ ლაბორატორიებში. არსებობს მოსაზრება, რომ, შესაძლოა, მათში ჰიბრიდული მიკროორგანიზმების შექმნაზე მუშაობენ, რომელთა წინააღმდეგ კაცობრიობას პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზომები არ გააჩნია. მათი გავრცელების შემთხვევაში საქართველო პირველ პოლიგონად შეიძლება იქცეს ადამიანზე მათი ზემოქმედების შესწავლის მიზნით. თანაც, აშშ მიიღებს უნიკალურ მონაცემებს მიკრობის შესაძლო გადამტანთა, ინფექციის გავრცელების სისწრაფის, ავადობის პროცენტის, სიკვდილიანობის შესახებ და ა.შ. ეს, რასაკვირველია, მისცემს ამერიკელებს საშუალებას, შეისწავლონ უცნობი ბაქტერიების გამომწვევი და დაცვის ზომები შეიმუშაონ. ამერიკის მოქალაქეები დარტყმის ქვეშიდან გამოყვანილი იქნებიან. ჩვენ?
ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლურ პრესაში პერიოდულად აყენებენ საკითხს სამეცნიერო ეთიკისა და მკვლევარის პირადი პასუხისმგებლობის შესახებ ამა თუ იმ ბაქტეოროლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებაზე. თუმცა ქართული საზოგადოების წარმომადგენლები არ ჩქარობენ ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიების ამერიკელი ხელმძღვანელების წინაშე „უხერხული“ საკუთხების წამოწევას. ამავე დროს, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან გამოიხატება შეშფოთება იმით, რომ ამ ცენტრებში კვლევები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს კი არ იძლევა მიმდინარე სამუშაოების უსაფრთხოებისა და ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საფრთხის დონის შეფასების საშუალებას.
აღსანიშნავია ამერიკული ცენტრის საქმიანობის კიდევ ერთი ასპექტი. როგორც ცნობილია, 2011–2012 წლებში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს „ნარკოტიკების ტრანზიტის ქვეყანა“ უწოდა. სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იყო ამოღებული თალიბანის კუთვნილი სამი ტონა თხევადი ჰეროინი, ე.წ. „ალაჰის ცრემლები“. ნარკოტიკების მიწოდების ბოლო პუნქტი იყო ალბანეთის ტერიტორია, რომელსაც ჰაშიმ ტაჩის კრიმინალური დაჯგუფება „ჩეტაკა“ აკონტროლებდა. ამგვარად, საქართველო აღმოჩნდა დამაკავშირებელი რგოლი ავღანურ და ალბანურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის და ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მათი „კოოპერაცია“ ადგილობრივი კრიმინალური ლიდერების გარეშე არ მოხდებოდა. ამიტომ არსებობს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ 2011–2012 წლებში, როცა ცენტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა, იგი გამოიყენებოდა როგორც თხევადი ჰეროინის გამომუშავების რგოლი.
ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გავრცელების აღკვეთის თემა აქტუალურობას არ კარგავს. „ისლამური სახელმწიფო“ საბრძოლო მოქმედებებში იყენებდა ქიმიურ იარაღს და კვლავაც ცდილობს მისი მარაგების შევსებას. ზოგიერთი მონაცემით, მას ასევე აქვს ბიოლოგიური იარაღის კომპონენტები (ყვავილი, ციმბირის წყლული). როგორც ცნობილია, ამ კომპონენტებს ამუშავებდა სადამ ჰუსეინი და ისინი მემკვიდრეობით გადაეცა ისლამური ხალიფატის დაჯგუფებას. ისლამურმა ხალიფატმა განაცხადა ორი თავისი ქვედანაყოფის შექმნის შესახებ ჩვენ რეგიონში – ეს არის „კავკასიისა“ და „გურჯისტანის“ ვილაიეთები. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ სამი ვილაიეთის დაფუძნება, ორი – რუსეთის ფედერაციის ცენტრში და ერთი, „ხორასანის“ – ცენტრალურ აზიაში. ახლახანს „ჩრდილოეთ ვაზირისტანში“ (პაკისტანი) თალიბებსა და „ისლამურ ხალიფატს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება და მათ სტრატეგიული პარტნიორობა გამოაცხადეს. ისლამისტებმა თალიბებს“ გადასცეს შავი ჭირის კომპონენტები, რომელიც რამდენიმე პროვინციაში მათ გამოიყენეს კიდეც არა მხოლოდ სამხედრო, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც.
ყოველივე ეს შეხებაშია როგორც აშშ–ის, ამავე დროს რუსეთის ინტერესებთანაც. 1999 და 2001 წლის ტერაქტების დროს გამოყენებული იყო რიცინი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იწარმოებოდა ალ–ქაიდას დაჯგუფების მიერ. ამ ტერორისტულ ორგანიზაციას კავკასიაში კარგად ორგანიზებული რეზიდენტურა ჰყავდა. კონკრეტულად, საქართველოს მიმართულებით მუშაობდა აბუ ჰაბსი, ხოლო მთლიან რეზიდენტურას კავკასიაში ხელმძღვანელობდნენ ისეთი ცნობილი ტერორისტები, როგორებიც არიან ალ–ჰატაბი და აბუ-ალ-ვალიდი. 1998 წელს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური რადიკალური დაჯგუფებები, განსაკუთრებით, აჰმედ ჰატაბის დაჯგუფება, კონკრეტულ მიზანს ესწრაფვოდა – ხელში ჩაეგდოთ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კომპონენტები. ალ–ქაიდას, რომელიც აქტიურად მოქმედებდა როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაში, წვდომა ჰქონდა ქიმიური იარაღის რეაგენტებზე და ასევე ცდილობდა, შეექმნა „ჭუჭყიანი“ რადიოლოგიური იარაღი.
მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტიც. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უმსხვილესი ლაბორატორია მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და წარმოადგენს აშშ–ის მიერ აშენებულ და ამ ქვეყნის თავდაცვის უწყების – პენტაგონის მიერ დაფინანსებულ ობიექტს. საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მდებარეობს რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელიც საკუთარ თავს მორიდებულად „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ უწოდებს. ბოლო ხანებში აშშ–მა და რუსეთმა გადაწყვიტეს საკუთარი ურთიერთობების „გაყინვა“. ისინი, საკუთარ ურთიერთშეშფოთებაში, სულ უფრო ხშირად მიმართავენ საკმაოდ თამამ რიტორიკას. ათას კილომეტრში საქართველოს ჩრდილოეთით ჯერ კიდევ ბჟუტავს კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, ათას კილომეტრში სამხრეთით იმავე ზესახელმწიფოების აქტიური მონაწილეობით, ისლამური რევოლუციის ცეცხლი ღვივდება. აქედან გამომდინარე, საქართველომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და, რაც მთავარია, გამჭვირვალობას მიმართოს, რათა რომელიმე ზესახელმწიფოს ეჭვების (ან შეშფოთების) საბაბი არ მისცეს.
საკითხი ასე დგას: საკმარისია თუ არა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის დონე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, რათა ჯერ ერთი, დავიცვათ თავად ლაბორატორია ტერორისტთა მცდელობისგან, დაეუფლონ შტამებს და, მეორე – ეფექტიანად აღვუდგეთ ტერორისტულ საფრთხეს?
მსოფლიო გამოცდილება
სხვა სახელმწიფოების თუ მტრების წინააღმდეგ პათოგენური ბაქტერიების გამოყენების ისტორია საუკუნეებს ითვლის. ამიტომ ბაქტერიოლოგიური იარაღის სახით მომაკვდინებელი ბაქტერიების გამოყენების მიმართ კაცობრიობას მდიდარი გამოცდილება აქვს დაგროვებული. შედარებით ახლო წარსულში, ყვავილის, ციმბირის წყლულის, ქოლერის, მუცლის ტიფის და სხვადასხვა ვირუსებით ადამიანის დასნებოვნების ალბათ, ყველაზე სასტიკი ცდები იაპონელმა სამხედროებმა ჩაატარეს მეორე მსოფლიო ომის დროს (რაზმი 731). მსოლოდ მიახლოებითი მონაცემებით, ამ ექსპერიმენტების განმავლობაში სხვადასხვა ეროვნების (ჩინელები, მონღოლები, რუსები და სხვ.) 10 ათასი ადამიანია მოკლული.
სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, 1972 წელს სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა საერთაშორისო კონვენციას ბიოლოგიური იარაღის შემუშავების აკრძალვის შესახებ, რომელიც ახდენს პათოგენურ მიკროორგანიზმებთან მუშაობის რეგლამენტირებას და შემოაქვს შეზღუდვები ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნაზე. მიუხედავად ამისა, უკვე კონვენციის მიღების შემდეგ არსებობს ბიოტერორისტული მიზნებით ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენების ფაქტები. ამას მრავალრიცხოვანი მაგალითები ადასტურებს. არსებობს ცნობები ციმბირის წყლულის მიკრობის სპორების გამოყენების შესახებ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ ზიმბაბვესა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. 1981 წელს კუბაზე „უცნაური“ ეპიდემია – დენგე გაჩნდა, თანაც, ის გამოწვეული იყო შტამებით, რომლებიც მანამდე ამ რეგიონში არავის შეხვედრია. 1993 წელს იაპონური რელიგიური სექტის – აუმ სენრიკეს წევრებმა ტოკიოს მახლობლად ციმბირის წყლულის გამომწვევი სპორების თხევადი სუსპენზია მოაფრქვიეს. შედარებით ახლო წარსულში ბიოტერორისტული აქტების მთელი რიგი ჩატარდა აშშ–ში. განსაკუთრებით საგულისხმოა თითქოსდა თანამშრომლის შეცდომის გამო ციმბირის წყლულის მიკრობის (როგორც გაირკვა, ამერიკული წარმოშობის) სპორების კონვერტებით დაგზავნის ფაქტი და სალათების ინფიცირება Salmonella typhimurium ბაქტერიებით ორეგონის შტატში. ამასთან, ამ უკანასკნელს კარგა ხანს უმალავდნენ ამერიკის საზოგადოებას იმ საბაბით, რომ თვალსაჩინო არ გაეხადათ ადამიანის დასასნებოვნებლად პათოგენური მიკრობების გამოყენების სიმარტივე. მოტანილი მაგალითები აჩვენებს, რომ მიუხედავად ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიებში პათოგენებთან მუშაობის მკაცრი რეჟიმისა, მოიძებნებიან თანამშრომლები, რომლებიც ანგარებით ან პოლიტიკური მიზნებით მზად არიან, გაიტანონ ბაქტერიოლოგიური იარაღის აგენტები სარეჟიმო დაწესებულების გარეთ. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ლაბორატორიათა რაოდენობის ზრდა ამგვარი თანამშრომლების სავარაუდო მომრავლებასაც ნიშნავს.
არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ამჟამად არსებული ბიორისკების კიდევ ერთი ასპექტი, კერძოდ, ექსპერიმენტატორების შიდალაბორატორიული დასნებოვნების შესაძლებლობა ძლიერ პათოგენური მიკროორგანიზმებით. ასე მაგალითად, 2004 წელს ბოსტონის (აშშ) ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში სამი თანამშრომელი ტულარემიით დასნებოვნდა. 2009 წელს ავსტრალიის ერთ–ერთ მიკრობიოლოგიურ ცენტრში მკვლევარი დენგეს ციებ–ცხელებით დასნებოვნდა. ლიტერატურაში აღწერილია ერთ–ერთი ყველაზე მომაკვდინებელი – ებოლას ვირუსით დასნებოვნების შემთხვევები ევროპის, რუსეთის და აშშ–ის ლაბორატორიებში. მედიის ინფორმაციით, ლეტალური გამოსავლით შიდალაბორატორიული დასნებოვნების ყველაზე მაღალი სიხშირე დაკავშირებულია ისეთ ბაქტერიებთან, როგორიცაა Salmonella და Francisella tularensis. ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს, რომ ინფექციური აგენტების წინასწარ განზრახული (ბიოტერორიზმი) და შემთხვევითი (შიდალაბორატორიული დასნებოვნება) გატანა ლაბორატორიიდან შესაძლებელია.
სწორედ ამიტომ უკანასკნელ წლებში აშშ–ში ლაბორატორიული ინფექციების გავრცელების რისკის შესამცირებლად პათოგენური მიკროორგანიზმების შეზღუდული რაოდენობის ეროვნულ ცენტრებში კონცენტრირების პოლიტიკა ტარდება. ერთ–ერთი მათგანია ეროვნული ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია გალვესტონში (ტექსასის შტატი), რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2009 წელს და აღჭურვილია უსაფრთხოების ოთხი დონით. ცენტრში თავმოყრილი და კონცენტრირებულია სხვადასხვა პათოგენების შტამების ვრცელი კოლექცია, მათ შორის, სხვა ქვეყნებიდან. ამგვარად აშშ წყვეტს შტამების მიმოფანტული და მრავალრიცხოვანი ადგილობრივი კოლექციების რაოდენობის შეზღუდვის პრობლემას და ქმნის სამუშაო პირობებს ქვეყნის სხვადასხვა ლაბორატორიის მიკრობიოლოგებისა და ვირუსოლოგებისთვის გალვესტონის ერთიან ბაქტერიოლოგიურ ცენტრში. ამასთანავე, აღჭურვილობა და უსაფრთხოების მაღალი დონე (მესამე–მეოთხე) მიკროორგანიზმების ფართო წრესთან მუშაობის შესაძლებლობას იძლევა: ფრინველის გრიპის, ჰემორაგიული ციებ–ცხელების, ებოლას და მარბურგის, ყვავილის, ჰეპატიტის, ტკიპის ენცეფალიტის ვირუსებთან; შავი ჭირის, ტულარემიის, მელიოიდოზის, ციმბირის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებთან. ამ მიკროორგანიზმების უმრავლესობა ბაქტერიოლოგიური იარაღის სიაში შედის და გალვესტონის ცენტრის შექმნის მიზანს წარმოადგენდა, ერთის მხრივ, განსაკუთრებით პათოგენური მიკროორგანიზმების ლოკალიზება საკმაოდ იზოლირებულ ადგილზე, ხოლო მეორეს მხრივ, ამგვარ ინფექციურ აგენტებთან მუშაობისას უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. თუმცა მიუხედავად ბიოუსაფრთხოების უმაღლესი დონისა, 2013 წელს ცენტრის ერთ–ერთი ლაბორატორიიდან დაიკარგა სინჯარა ნაკლებად შესწავლილი, ადამიანისთვის საშიში პათოგენის ვირუსით.
ნაკლებად თუ აქცევს ვინმე ყურადღებას იმას, რომ აშშ–ის პოლიტიკა ბაქტერიოლოგიური სამუშაოების წარმოების მიმართ საკუთარ ქვეყანაში მკვეთრად განსხვავდება აშშ–ის საზღვრებს გარეთ მათ მიერ კურირებული ბაქტეოროლოგიური ცენტრების პოლიტიკისაგან. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს მესამე ქვეყნები და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები (საქართველო, უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი). ამ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე გახსნილია და კიდევ შენდება ლაბორატორიები, სადაც შესაძლებელია პათოგენურ მიკროორგანიზმებზე მუშაობა. ამგვარად, აშშ იღებს საკუთარ საზღვრებს გარეთ, სახიფათო ცდების ჩატარების შესაძლებლობას, საკუთარი მოქალაქეების დასნებოვნების რისკის გარეშე. რამდენად კონტროლდება ამგვარი კვლევები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს საკითხი ღიად რჩება.
ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, ამგვარი განსაკუთრებით საშიში ბაქტეოროლოგიური კვლევები კონცენტრირებული იყო ლაბორატორიათა უკიდურესად შეზღუდულ რაოდენობაში (უპირატესად სსრკ შავი ჭირის საწინააღმდეგო სისტემაში) და ცენტრალიზებულად კონტროლდებოდა. ამჟამად ამგვარი ლაბორატორიების რაოდენობა სწრაფად იზრდება და, ზოგიერთი ღია წყაროს თანახმად, შესასწავლი მიკრობების სპექტრიც ფართოვდება. ამავე დროს ამ ლაბორატორიებში კვლევები გადაყვანილია პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან მუშაობის უსაფრთხოების საერთაშორისო წესებზე. ამასთან, შიდალაბორატორიულ დასნებოვნებათა შესახებ პუბლიკაციების ანალიზი აჩვენებს, რომ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან მუშაობის დასავლური გამოცდილება, ამ წესების თანახმად, უფრო მოწყვლადია საბჭოთა პერიოდის განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან მუშაობის უსაფრთხოების წესებთან შედარებით.
დასკვნა
მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უნდა დავუფასოთ: მისმა მთავრობებმა ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს, რათა ლაბორატორიის შესახებ არსებული შეშფოთება მოეხსნათ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იყო თუ არა ეს ძალისხმევა ამომწურავი?
რა უფრო მეტია ლუგარის ლაბორატორიაში – საფრთხე თუ პოზიტივი, ჯერ კიდევ გასარკვევია. გლობალური კვლევების ცენტრი საკითხს ღიად ტოვებს, მისი ამოწურვა მომავლის საქმეა. კონფერენციის მონაწილეებმა რამდენიმე მოსაზრება და რეკომენდაცია წარმოადგინეს. კერძოდ:
ეს თემა უნდა გაიშალოს, უნდა ჩაერთონ ჟურნალისტები, რომელთაც ხელეწიფებათ ამგვარი საკითხების პროფესიულად გაშუქება, ასევე – არასამთავრობო ორგანიზაციები. ყველა კითხვა უნდა დაისვას და მოიძებნოს პასუხი. არასამთავრობო სექტორშიც კი უამრავი კითხვა არსებობს ამ ლაბორატორიის მიმართ და დღის წესრიგში უნდა დადგეს შეხვედრისა და მსჯელობის საკითხი, თუ რამდენად სახიფათოა იგი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, თუ ის მაინც პოზიტივის მომტანია.
თავად დასავლური მედიის ინფორმაციები არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. სხვადასხვა „დაკარგული“, „მივიწყებული“ ან უეცრად აქტივირებული ვირუსები, ექსპერიმენტები ოკინავასა და გვატემალაში უკვე გასაჯაროვდა და სერიოზული შეშფოთების საგნად იქცა. აშშ–ის პრეზიდენტი კლინტონი იძულებულიც კი გახდა, ბოდიში მოეხადა მსგავსი ექსპერიმენტების გამო, თუმცა პენიცილინისა და სვა წამლების გამოსაცდელად განზრახ დასნებოვნებული ადამიანებისთვის ეს ვერაფერი შეღავათია. ამგვარი აღიარებები ათეულობით წლის დაგვიანებით კეთდება და დღევანდელი ინვესტიციის სანაცვლოდ ამის იმედად ყოფნა, ალბათ, არავის ხიბლავს. საკმარისად არის თუ არა დღეს დაცული ლუგარის ლაბორატორია? რამდენად დიდია მის მუშაობაში ამერიკელი სამხედროების როლი და როგორი ხასიათისაა მათი მონაწილეობა? რას და როგორ იკვლევენ ლაბორატორიაში ამერიკელი მეცნიერები და სამხედროები? საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებული არ არის, ხოლო ანალოგიური ლაბორატორიების მაგალითები, მათ შორის, თავად აშშ–ში, შეშფოთების საფუძველს ქმნის.
გეოპოლიტიკური დაძაბულობის, კავკასიაში სხვადასხვა აქტორების როლის გაძლიერების, ასევე ზოგიერთის სუბიექტის მიერ ჰიბრიდული (მათ შორის, საინფორმაციო) ომებით გატაცების გათვალისწინებით და თავად ლუგარის ლაბორატორიის არსებობის ირგვლივ მომავალში მოსალოდნელი შეშფოთების თავიდან ასაცილებლად, ურიგო არ იქნებოდა გვეფიქრა მისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებაზე, რომელშიც, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ამერიკელების გარდა, იმუშავებდნენ ევროკავშირის სახელმწიფოების, რუსეთის, რეგიონის სხვა ქვეყნების მეცნიერები.
კომპეტენტური ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რა ხდებოდა ლუგარის ლაბორატორიაში 2011–2013 წლებში. იმხანად აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით ხდებოდა ნარკოტიკების ტრანზიტი, ხოლო 2013 წელს სპეცსამსახურებმა სამ ტონამდე თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. არ არის გამორიცხული, რომ ლაბორატორია სწორედ ამ მიზნით გამოიყენებოდა. დღეს ლაბორატორია სამოქალაქო სამსახურების დაქვემდებარებაშია, მაგრამ ჩვენთვის უცნობია, რა ხდებოდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ მის გადაცემამდე.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რეგულარულად უნდა აქვეყნებდეს ანგარიშებს ყველა ჩატარებული კვლევის შესახებ, რაც დაგვეხმარება, ობიექტურად შევაფასოთ ამგვარი საქმიანობით მიყენებული სარგებელი და ზიანი.
საქართველოს შეუძლია საერთაშორისო არენაზე გამოვიდეს ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების თავიდან აცილების მიზნით თანამშრომლობის გაფართოების ინიციატივით. ამგვარი თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს მრავალმხრივ ფორმატში, შესაძლოა, გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში და სრული გამჭვირვალობის პირობებში.