მითები და ლეგენდები
2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სპორტის სასახლეში ჩატარებულ ყრილობაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწყინვალე ნატოში შესვლაზე ოცნებობდნენ“. ამან კიდევ ერთი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში – დავით აღმაშენებელი 1089-1125 წლებში მეფობდა, ხოლო გიორგი V – 1314-1346 წლებში. 1949 წელს ჩამოყალიბებულ ნატოში შესვლაზე ქართველი მეფეების ოცნება ლამაზ მეტაფორასაც კი აღარ ჰგავს, იგი უფრო იმ ირაციონალურ მიდგომას ასახავს, რომელიც ნატოსადმი „ნაციონალური“ მმართველობისას ჩამოყალიბდა.
სასურველის არსებულად გასაღების მცდელობაში მიხეილ სააკაშვილს არც მისი მომხრე ჟურნალისტები ჩამორჩებოდნენ. 2009 წლის 18 ნოემბერს ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტი საკუთარ ბლოგში http://freelandia.wordpress.com/tag/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D/
ერთობ სახალისო ისტორიას აღწერს: „დღეს რედაქტორმა ნიუსი მანახა და მითხრა, ამის შესახებ მოკლე სტატია დაწერეო. აი ნიუსიც: „ნატოს წევრებმა საქართველო ალიანსში უნდა გააწევრიანონ, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო მას საფასურის გადახდა მოუწევს“, – აღნიშნული განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯორჯ ბრუსმა რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
პირველი რაც გავაკეთე, ეს პირველწყაროს მოძიება იყო. გადავქექე რადიო „თავისუფლების“ ქართული საიტი – ვერაფერი ვნახე. გადავქექე რუსული – იქაც არ იყო მსგავსი ინტერვიუ. მერე „თავისუფლების“ ცენტრალური საიტიც ვნახე –უშედეგოდ.
ჯორჯ ბრიუსი „დავგუგლე“ ჯერ ინგლისურად, მერე რუსულად – მსგავსი ინფორმაცია არცერთ ენაზე არ ამოაგდო. რუსულად ამოაგდო მხოლოდ http://www.apsny.ge. აღმოჩნდა, რომ ამ ინტერვიუს შესახებ მხოლოდ ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა იციან. „პირველმა არხმა“ სიუჟეტიც მოამზადა ჯორჯ ბრიუსის განცხადების შესახებ. ბოლოს დავრეკე მარინა ვაშაყმაძესთან – რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის უფროსთან.
„ამ ინტერვიუს შესახებ არაფერი მსმენია“, – მიპასუხა მან.
გამოდის, რომ ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინტერვიუს შინაარსი, ინტერვიუს ავტორად კი რადიო „თავისუფლება“ დაასახელეს. „თავისუფლებამ“ კი ინტერვიუს შესახებ ჩემგან გაიგო. მაგარია, არა? ყველაზე სასაცილო მაინც „პირველი არხია“. რას იზამ, ტყუილია, მაგრამ სასიამოვნო ხომ არის. მთავარიც ეგაა.
მთავარი კინაღამ დამავიწყდა. დიადი გუგლის წყალობით აღმოვაჩინე, რომ ბრიტანეთის წარმომადგენელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიუს ჯორჯია და არა ჯორჯ ბრიუსი“ (?!)
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს სააკაშვილმა ნატოს შესახებ პლებისციტიც დაამთხვია. ოფიციალური მონაცემებით, ნატოში გაწევრიანებას ამომრჩეველთა 77%–მა დაუჭირა მხარი. ეს ციფრი იმთავითვე ეჭვს იწვევდა, რადგან სააკაშვილმა დედაქალაქში პირწმინდად წააგო არჩევნები და მხოლოდ რეგიონების ხარჯზე შეძლო მისმა გუნდმა 53%–ის დაფიქსირება. სხვადასხვა კულუარული ინფორმაციით, რეალურად სააკაშვილმა ხმების მხოლოდ 36 პროცენტამდე მიიღო. საბოლოოდ მისი შედეგიც გაზარდეს და ნატოს საკითხზე პლებისციტის შედეგმაც თავდაპირველი 20%–იდან სასწაულებრივად მიაღწია 77%–ს.
პეტრე მამრაძე, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი (2008 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი): „მერაბიშვილმა წინა დღეს ყველა უცხოელს უთხრა, აქ მყოფებს, რომ 65%–ზე ნაკლები არ იქნება სააკაშვილის სასარგებლოდ და ახლა არც გვინდა მეტი, თორემ მერე დაიწყებენ ლაპარაკს, რომ გაყალბებულია, ამ დროს კი ეს ნამდვილი ციფრებია და ა.შ. და მიიღეს 36%. უცხოელები განცვიფრებულები იყვნენ, ცხადია, ვინც უშუალოდ შიგნით იყო და ყველაფერს უყურებდა“.
„სოციოლოგიური ომები“
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში სოციოლოგიური კვლევების იმდენად განსხვავებული შედეგები ქვეყნდება, რომ მათგან სინამდვილესთან მიახლოებულის მითითება საკმაოდ რთულია. მართალია, ეს კვლევები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება, ყველაზე დიდ ვნებათაღელვას პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების რეიტინგის გამო იწვევს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ნატოს მიმართ დამოკიდებულების სოციოლოგიაც. სასურველი რეიტინგების გამოქვეყნებამ უკვე მიიღო „სოციოლოგიური ომების“ სახელწოდება, თუმცა ქვეყნის საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებით ეს ომები არანაკლებ თვალსაჩინოა.
ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, როდესაც საქართველოს შეუქცევად ევროინტეგრაციაზე ლაპარაკობენ, ყველაზე ხშირად ნატოში ინტეგრაციის შესახებ 2008 წლის პლებისციტის შედეგებს ეყრდნობიან, თუმცა ყველას ესმის, რომ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად დასახელებული ეს ციფრი რეალობას არ ასახავს. აქაც სასურველის არსებულად წარმოჩენასთან გვაქვს საქმე და ამ თვალსაზრისით ძველი და ახალი მმართველი ძალის რიტორიკა პრაქტიკულად იდენტურია. საინტერესოა რამდენიმე კვლევის ერთმანეთთან შედარება:
2011 წლის 21 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ფონდ «ღია საზოგადოება – საქართველოს» თანადაფინანსებით ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიზანიც ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის კვლევა იყო. გამოკითხვაში მონაწილეობდა 1058 მოქალაქემ. ერთ-ერთი კითხვა დასმული იყო ასე: ორი მტკიცებიდან რომელს უფრო ეთანხმებით?
1. ამერიკა შორსაა და ვერაფერს გვიშველის, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, თუნდაც უარი თქვას ამერიკასთან თანამშრომლობაზე იმისათვის, რომ გაიუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობა;
2. დღეს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, რა მოხდება, ამას ამერიკა წყვეტს და მთავარი მასთან თანამშრომლობაა, რუსეთს ბევრი არაფერი შეუძლია.
რესპონდენტების 47,7 პროცენტი პირველ დებულებას იზიარებს, ანუ რესპონდენტების დიდი ნაწილი ირჩევს რუსეთთან პარტნიორობას ამერიკასთან ურთიერთობის გაწყვეტის ხარჯზე.
პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გორგილაძე ამ კვლევასთან დაკავშირებით წერდა: „საინტერესოა ის ფაქტი, რომ თვით «ნაციონალური მოძრაობის» ამომრჩეველთა 26% პროცენტიც ამ მოსაზრებას იზიარებდა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ორიენტირებულია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე, თუნდაც ამ პროცესმა საბოლოოდ მოგვწყვიტოს და დაგვაშოროს ამერიკას.
რაც შეეხება დანარჩენს, გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალურია და არც ხელისუფლებას ემხრობა, არც ოპოზიციას, 45 პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი პირველ დებულებაზე, ხოლო ის ჯგუფი, რომელსაც გაუჭირდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, იყო ძალიან მცირე, რაც ასევე მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას შეეხება, ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ორი, მკაფიოდ გამოხატული გეოპოლიტიკური ვექტორი.
მსგავსი კვლევები ადრეც ტარდებოდა და მაშინ სხვა შედეგები იყო, ანუ საზოგადოებაში პირობითად «პროდასავლური», «პროამერიკული» განწყობა ბევრად სჭარბობდა ე.წ. «პრორუსულს». ვფიქრობ, რომ ვითარება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიცვალა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოხდა ერთგვარი გარდატეხა, რომლის შემდეგაც მოსახლეობაში «პრორუსულმა განწყობამ» იჩინა თავი. დღეს უკვე გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ «პრორუსული» ვექტორი არის ელექტორალური ფაქტორი, მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე კვლევა მოკლებულია რეპრეზენტაციას. თუკი ამ კვლევის მონაცემებს დავეყრდნობით, რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ემხრობა იმას, რომ საქართველომ ნებისმიერი კომპრომისის, თუნდაც ამერიკასთან ურთიერთობის გაწყვეტის ან გარკვეულწილად დისტანცირების ხარჯზე, გამონახოს საერთო ენა რუსეთთან. ეს არის ფაქტი და სწორედ ამას ადასტურებს ეს კვლევაც, რომლის ობიექტურობაში ეჭვის შეტანა, ჩემის აზრით, უსაფუძვლოა“.
ევრაზიის ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით 2012 წლის 23 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ჩაატარა. გამოიკითხა 3068 ადამიანი.
„კვლევის თანახმად, ნატოს პოპულარობა საქართველოში, როგორც მოსალოდნელი იყო, აშკარად დაეცა. კომბინირებული კითხვები ზოგიერთ საინტერესო მომენტს ააშკარავებს – თუკი რესპონდენტებს ზოგად შეკითხვებს ვუსვამთ ნატოზე, მათი წარმოდგენები საკმაოდ პოზიტიურია (მაგალითად, შეკითხვაზე, ნატო თავდაცვითი კავშირია თუ აგრესიული ბლოკი, 52% ფიქრობს, რომ იგი თავდაცვითი კავშირია, 34%-ს პასუხის გაცემა უჭირს და მხოლოდ 12% ამბობს, რომ ნატო „აგრესიული სამხედრო ბლოკია“). მაგრამ რაც უფრო მჭიდროდ დავაკავშირებთ ნატოს ქართულ რეალიებთან და საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, მით უფრო ნეგატიური ხდება პასუხები: 33% – მხოლოდ უმნიშვნელო უმრავლესობა – მიიჩნევს, რომ ნატოსა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, სამაგიეროდ, 32 პროცენტი, 25 პროცენტ მომხრისა და 42 პროცენტ შეკითხვაზე პასუხის არმქონე რესპონდენტის წინააღმდეგ ფიქრობს, რომ ნატო-ს სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი იქნება. „ცხელ წერტილებში“, როგორებიცაა, მაგალითად, ავღანეთი და ერაყი, ნატოს ეგიდით ქართველი ჯარისკაცების გაგზავნას მხარს უჭერს გამოკითხულთა მხოლოდ 16%, ხოლო 60% ამის წინააღმდეგია. მაგრამ ნატოსთვის აბსოლუტურად „გამანადგურებელი“ შედეგია საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის პრიორიტეტი – გამოკითხულთა 83% უპირატესობას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მიანიჭებს ნატო-ში წევრობის საწინააღმდეგოდ, თუკი ასეთი დილემა წარმოიშობა (რაც, დავძენთ, სავსებით რეალურია). ამასთან, ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორისაა – მათგან მხოლოდ 73% ანიჭებს უპირატესობას ტერიტორიულ მთლიანობას, ნატოში წევრობასთან შედარებით“.
„კავკასიის ბარომეტრი“ – კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) ყოველწლიური გამოკითხვა, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ტარდება. 2012 წლის გამოკითხვა ჩატარდა ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში.
კვლევის თანახმად, სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველოში უფრო მეტი ხალხი უჭერს მხარს ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში და ევროკავშირში. CRRC „კავკასიის ბარომეტრი 2012-ის“ თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 67% ნატოში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო 72% – ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე. სომხეთში ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 34% უჭერს მხარს, ევროკავშირში გაწევრიანებას – 55%; აზერბაიჯანისთვის შესაბამისი მონაცემებია 45% და 48%. ეს შედეგები სტაბილურია ბოლო წლების განმავლობაში.
თვალშისაცემია, რომ თუ საქართველოს და აზერბაიჯანის შემთხვევაში ამ ქვეყნების ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ოდენობა დაახლოებით თანაბარია, სომხეთში ძალიან განსხვავებული სურათია – ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა ბევრად აღემატება ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობას“.
2013 წლის 5–15 აგვისტოს „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბმა“ ჩაატარა კვლევა. კითხვაზე „თქვენი აზრით, საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისთვის რომელი გზა იქნება უფრო ეფექტური?“ პასუხები ასე განაწილდა:
ნატოში გაწევრიანება – 44,2%;
ნეიტრალიტეტის შენარჩუნება – 27,1%;
რუსეთთან მოკავშირეობა – 18,1%;
ევროკავშირში გაწევრიანება – 9%;
მიჭირს პასუხის გაცემა – 1,6%.
კითხვაზე „თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს საქართველოს გაწევრიანება ნატოში დაკარგული ტერიტორიების (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი) დაბრუნების თვალსაზრისით?“ პასუხები ასე განაწილდა:
არავითარი გავლენა არ ექნება – 29,1%;
ნატოში გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელსტერიტორიების დაბრუნებას – 23,7%;
ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების დაბრუნების გარანტიაა – 22,1%;
მიჭირს პასუხის გაცემა – 13,6%;
უფრო გაართულებს ტერიტორიების დაბრუნებას – 7,6%;
ნატოში გაწევრიანებით საბოლოოდ დავკარგავთ ტერიტორიებს – 3,8%“.
2013 წლის სექტემბერში NDI–მ (აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად, რესპონდენტთა 73 პროცენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ნატოს წევრი და 81 პროცენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
ორიოდე თვის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს ლუის ნავარომ (NDI–ს ხელმძღვანელი) ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, ბოლო გამოკვლევაში მოიმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, ვისაც რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხედ მიაჩნია. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 37%. ამავე დროს, გამოკითხულთა 63%-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, 25%-ს კი – პირიქით. გამოკითხულთა 10%-ს იმედი აქვს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 15% ფიქრობს, რომ ეს არასოდეს მოხდება, 23% კი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება მოხდეს 2016 წლის შემდეგ.
„ნატოში გაწევრიანების სურვილი მოსახლეობისათვის კვლავაც საკმაოდ მძლავრია, თუმცა მაინც შეიმჩნევა ცვლილება პასუხებში კითხვაზე, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი. დადებითმა პასუხმა, რომ ეს მოხდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, იკლო და მოიმატა პასუხმა – 2016 წლის შემდეგ“.
NDI–ის კვლევების მიმართ ნდობა მცირეა, რადგან 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, იმარჯვებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ ძალად შედიოდა პარლამენტში. კერძოდ, NDI-ის კვლევის შედეგები დინამიკაში ასე გამოიყურებოდა: კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის თებერვლის კვლევაში ჰქონდა მხარდაჭერა – 11%, ივნისის თვეში – 20%, ხოლო აგვისტოში 14%. „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის თებერვლის კვლევაში 38% ჰქონდა, ივნისში – 34 %, ხოლო აგვისტოში – 41%. საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან ცდომილების გათვალისწინებით, ნატოსთან დაკავშირებული ერთობ მაღალი პროცენტი ასევე ეჭვს იწვევს.
„კონტრდაზვერვის პრიორიტეტი“
მეორეს მხრივ, წინამდებარე კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, საკმარისად არ არის ინფორმირებული ამ ორგანიზაციის შესახებ. უფრო მეტიც, მოსახლეობას რეალურად არ აქვს გათვითცნობიერებული, რა სახის მოვალეობები და პასუხისმგებლობები უნდა აიღოს ქართულმა მხარემ ნატოში შესვლის შემთხვევაში. წლების განმავლობაში სააკაშვილის პროპაგანდამ შექმნა გადაჭარბებული მოლოდინები, თუმცა ყველაზე მტკივნეული საკითხი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ პარადიგმაში არც სააკაშვილის მმართველობისას ჯდებოდა და არც ხელისუფლების შეცვლის შემდგომ.
ამის გათვალისწინებით ძველ და ახალ ხელისუფლებას უწევს ნატოს თემის საკრალიზაცია და იმ ვითარების ხელშეწყობა, როცა ნატოს მიმართ სკეპსისის გამოხატვა უკვე ერთგვარ ერეტიკოსობად არის აღქმული. თუ სააკაშვილის მმართველობისას ერთ–ერთი დეპუტატის კითხვას, „რად გვინდა ნატო“ მისი საყოველთაო დაგმობა მოჰყვა, თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სულ ახლახანს „რუსთავი 2–ის“ ეთერში საზოგადოება გააფრთხილა:
«ჩვენ ეროვნული ამოცანის შესრულებისგან ვერაფერი გადაგვახვევინებს, მაგრამ დაგეთანხმებით, რომ არის საფრთხეები და გამოწვევები, განსაკუთრებით მომავალ წელს, როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით სექტემბერს, როდესაც უნდა გაფორმდეს შეთანხმება ევროკავშირთან და ამავე დროს სექტემბერში, იცით, არის დაგეგმილი ნატოს სამიტი, რომელზეც განიხილება კიდევ ერთი დიდი ინსტრუმენტის მიცემა საქართველოსთვის, რომ ჩვენ სრულყოფილი ინტეგრაცია განვახორციელოთ ნატოს სტრუქტურებში.
ეს გამოწვევები არ არის ჩემთვის მხოლოდ სამხედრო საფრთხის შემცველი, მე ნაკლებად ვხედავ სამხედრო საფრთხეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართულებით, მიუხედავად იმისა, ბოლო თვეების განმავლობაში თუ რა ხდებოდა ოკუპაციის ხაზზე, მე უფრო ვხედავ ისეთ გამოწვევებს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები შეეცდებიან, იმავე საზოგადოების შიგნით, საქართველოს შიგნით შექმნან ახალი განწყობები კრიტიკული, სკეპტიკური ევროპული ინტეგრაციისკენ. მე მინდა გაგახსენოთ ის ეპიზოდი, როდესაც ავღანეთში ჩვენი გმირი სამხედროები დაიღუპნენ საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს მაისში და გახსოვთ, როგორ მყისიერად ამოქმედდა გარკვეული ძალები და დაიწყეს ამის გამოყენება და კულტივაცია, რათა საზოგადოებაში ანტინატოური, ანტიევროპული განწყობები შეექმნათ. მევხედავ სწორედ ასეთ საფრთხეებს მომავალში…»
«კურიერის» წამყვანი ჩაეკითხა თავდაცვის მინისტრს: – ანუ თქვენ თვლით, რომ უფრო შიდა პოლიტიკაში შეიძლება მოხდეს ჩარევა, ვიდრე საგარეოში?..
ალასანია: – საზოგადოებრივი განწყობის შექმნაზე გადავა აქცენტი ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან. ამიტომაც, ძირითადად, ასეთ საფრთხეებს ვხედავ, კონტრდაზვერვით საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, მთელი სახელმწიფო და სპეციალური სტრუქტურები იქნება მობილიზებული, რომ არ დაუშვას არც ერთ შემთხვევაში ასეთი განწყობების კულტივაცია».
ერთი სიტყვით, ნატოს მიმართ კრიტიკული განწყობები კონტრდაზვერვის პრიორიტეტად არის წარმოჩენილი და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი განწყობები ხელისუფლების მიერ კვლავაც ერეტიკოსობად არის აღქმული. ამავე დროს, 2008 წლის შემდეგ ნატოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება სულ უფრო ხშირად გამოითქმის პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სლოგანად „არა – ნატოს“ წარმოადგინა. მართალია, მან საპარლამენტო ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ ეს უფრო „ქართული ოცნების“, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთ ძლიერ ალტერნატივად ჩამოყალიბებას შეგვიძლია მივაწეროთ, ვიდრე ნატოს მიმართ ელექტორატის ერთგულებას (ამას სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს).
განვლილი ერთი წლის განმავლობაში სკეპტიკური განწყობები კიდევ უფრო გაძლიერდა იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა, ხოლო ამჟამად ოპოზიციაში გადაბარგებული „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებული თამაშის თანახმად, ნატოს და დასავლეთის მიმართ ერთგულების გამოხატვის მარათონში ჩაება.
„არადიპლომატიური მინიშნებები“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატებიც კი არ ერიდებიან საკმაოდ არადიპლომატიურ გამონათქვამებს, ქართული პოლიტიკური ელიტა დასკვნებს ვერ ან არ აკეთებს. მაგალითისთვის, 2011 წლის 15 ივნისს, სააკაშვილის პრეზიდენტობისას საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს ქართველმა ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დაუსვა:
„ – საფრანგეთი არის ერთ-ერთი იმ დასავლური ქვეყნებიდან, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ბუქარესტის სამიტზე. ანალიტიკოსების ნაწილმა, მოგვიანებით, ეს ფაქტი შეაფასა, როგორც მწვანე შუქის ანთება რუსეთისთვის სამხედრო აგრესიის დასაწყებად საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთი ვერ გაბედავდა ომს ნატოს წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან.
ერიკ ფურნიე: – დიახ, როგორც თქვენ ამბობთ, საფრანგეთმა ევროკავშირის ყველა ძირითადი ქვეყნების გვერდით, რომელიც მაშინ „ექვსეულის ევროპად” მოიხსენიებოდა, ჩათვალა, რომ 2008 წელს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება სარისკო იყო, ვინაიდან მრავალი საომარი ინციდენტის გამო რეგიონში არასტაბილური სიტუაცია იყო. ეს იყო ფრთხილი და გონივრული პოზიცია, რომელიც შემდეგში 2008 წლის ზაფხულის მოვლენებით გამართლდა…
– რატომ არის საფრანგეთი ნატოში საქართველოს წევრობის წინააღმდეგი? უმორჩილესად გთხოვთ, გვითხრათ თქვენი არგუმენტები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს ჯერჯერობით, მაგრამ ჩვენ, ასევე, ვიცით, რომ ნატოს კავკასიაში საქართველოს გარდა, მოკავშირე არ ჰყავს და ეს არის მთავარი გასაღები ცენტრალური აზიისკენ. არ არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რეალური მფარველობა გაუწიოს საქართველოს?! ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ დასავლეთის, მთლიანად ცივილიზებული მსოფლიოსი, ყველა იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეს, მაგრამ, თუ გულახდილები ვიქნებით, მეტს მოველოდით.
ერიკ ფურნიე: – სად ამოიკითხეთ ყოველივე ეს? გადაიკითხეთ ბუქარესტისა და ლისაბონის სამიტების დასკვნები და ნახავთ, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ალიანსში შესვლას. საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენ პრინციპში საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს: პირველად ისტორიაში, ნატოს მისიის ფარგლებში, ფრანგი და ქართველი მეომრები ერთად იბრძვიან ტერორიზმის წინააღმდეგ“.
საქართველოში გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა 2013 წლის 30 ოქტომბერს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ის, რომ საქართველო ჯერაც არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ევროკავშირისა და გერმანიის ბრალი არ არის. დიახ, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, მაგრამ ამავდროულად, ვართ რუსეთის პარტნიორებიც. საქართველომ უნდა გააცნობიეროს ორი რამ: პირველი - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთთან ჩამოყალიბებული სტატუს კვო და პოლიტიკური ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთელი დასავლეთ ევროპისათვის. ეს ურთიერთობა მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიაა დასავლეთ ევროპაში და მას ევროპის პოლიტიკური ელიტა თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიიჩნევს. ამიტომაც ჩვენ არ ვაპირებთ, ეს ყველაფერი ქარს გავატანოთ. შეხედეთ რუკას დასავლეთ ევროპის გადმოსახედიდან და გაიხსენეთ, რად დაუჯდა დასავლეთ ევროპას ორი მსოფლიო ომი და რუსეთის როლი ამ ომებში. ახლა, როცა ეს ყველაფერი მოგვარდა და ევროპაში სტაბილურობამ დაისადგურა, ბუნებრივია, ამას საქართველოს გულისთვისაც კი ვერ შეველევით.
მეორე - თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრი მანამ, სანამ არ იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრობას რუსეთთან დასაპირისპირებლად არ გამოიყენებს“.
2013 წლის 26 ივნისს სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილესთან, აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტთან ეროვნული უსაფრთხოების, ტრანსატლანტიკური ურთიერთობის, ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში ჩარლზ კუპჩანთან. ჟურნალისტის შეკითხვაზე – თუ კოჰაბიტაცია იმუშავებს, გააძლიერებს თუ არა ეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შანსებს? კუპჩანმა უპასუხა:
– ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ დემოკრატიული სისტემის სტაბილურობა და სიძლიერე, აღქმა იმისა, რომ მთავრობა იცავს კანონის უზენაესობას მაშინაც კი, როცა კანონის უზენაესობის დაცვა მთავრობისთვის არახელსაყრელია, არის ის სტანდარტი, რომელსაც ქვეყნებს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისათვის უყენებენ. ამ პროცესმა საკმაოდ კარგად იმუშავა, სულ ახლახან – სერბეთსა და კოსოვოს მოლაპარაკებებისას, როდესაც ევროკავშირმა ბელგრადს სრულიად ნათლად განუმარტა, რომ თუ ევროკავშირში შესვლის იმედი აქვს, კოსოვოსთან დაახლოებას უნდა შეეცადოს. პირველად, 1999 წლის ომის შემდეგ, კოსოვომ და ბელგრადმა ელჩები გაცვალეს. მე ვფიქრობ, ეს არის მაგალითი იმისა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, მოაწესრიგონ ვითარება შინ და უფრო და უფრო დაუახლოვდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს. საქართველო გეოპოლიტიკურად განსაკუთრებულ ვითარებაშია. მისი ნატო-ში გაწევრიანება უნგრეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე რთულია საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გამო, აგრეთვე იმიტომ, რომ მისი ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. ეს გარემოებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მთელ პროცესს ართულებს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ არსებობს რეალურად ორი გზა. ერთი, ეს არის კოჰაბიტაცია, გამართული მთავრობა, კანონის უზენაესობა და მეორე – მუშაობა რუსეთთან დასაახლოებლად, იმ იდეაზე უარის თქმა, რასაც ვფიქრობ, სააკაშვილი ძალიან აქტიურად იყენებდა – ყველაფერი თეთრი ან შავია; რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია ან რუსეთის სატელიტი. ვფიქრობ, საქართველომ უნდა გამონახოს გზა, იყოს ერთიც და მეორეც – დაუახლოვდეს დასავლეთს და ამავე დროს, გააუმჯობესოს გეოპოლიტიკური და კომერციული კავშირები რუსეთთან.
– არის ნატო რეალურად დაინტერესებული საქართველოს ალიანსში გაწევრიანებით? რამდენად რეალურია საქართველოს შანსები?
– ვფიქრობ, ნატო გულწრფელია, როდესაც ამბობს, რომ ყველა ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს ალიანსების არჩევისას. თუ საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი და აკმაყოფილებს ნატოს წევრობისთვის საჭირო სტანდარტებს, მას საშუალება უნდა მიეცეს, შეუერთდეს ნატოს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პრაქტიკული და თეორიული შანსები სხვადასხვაა. ნატო არ არის იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს გაწევრიანება აქტუალური საკითხების ნუსხაშია. მე ვიტყოდი, რომ საქართველოს საკითხი გადადებული საკითხების ნუსხაშია, რადგან საქართველოს თემა ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობას იწვევს და, აგრეთვე, აზრთა სხვადასხვაობაა საკუთრივ ნატოში იმის შესახებ, როდის ან საერთოდ აქტუალური უნდა გახდეს თუ არა საქართველოს გაწევრიანების თემა. ამიტომ არ ვიტყოდი, რომ საქართველოს გაწევრიანება უახლოესი მომავლის საქმეა, მაგრამ არც იმას ვიტყოდი, რომ ეს არასოდეს მოხდება. ვურჩევდი ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს სვლა ამ მიმართულებით, იმუშაონ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან უფრო მეტი ინტეგრაციისათვის. შესაძლოა, თქვენ ევროკავშირისა და ნატოს წევრები გახდეთ, შესაძლოა, არ გახდეთ, მაგრამ ამ მიმართულებით სვლა თქვენს ქვეყანას გაცილებით უკეთეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩააყენებს.
– ამერიკა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად გვევლინება. რატომ სურს შეერთებულ შტატებს საქართველოს ნატოში ხილვა?
– ვფიქრობ, შეერთებული შტატების პოზიციას რამდენიმე მიზეზი განსაზღვრავს. პირველი არის ის, რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში, მისი ევროპელი მოკავშირეებისგან განსხვავებით, ყოველთვის უფრო ძლიერი იყო იდეალიზმი. დამფუძნებელი მამები ერთგულნი იყვნენ იდეისა, რომელიც შეერთებულ შტატებს თავისუფლების შუქურად წარმოაჩენდა. ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ მისი ერთ-ერთი მისიაა, მსოფლოს ქვეყნებს, რომელთაც სურთ თავისუფლება, დაეხმაროს, გახდნენ თავისუფალნი. შედეგად, შეერთებული შტატები ნატოს გაფართოებას უფრო აქტიურად უჭერდა მხარს, ვიდრე მისი მოკავშირეები. შეგვიძლია, უფრო შორსაც წავიდეთ და ვთქვათ – ნატოს გასაფართოებლად ბილ კლინტონის აქტიურობა რომ არა, ნატოს ახალი წევრები არ ეყოლებოდა. ნატოს გაფართოება უფრო ამერიკული პროექტი იყო, ვიდრე გერმანული, ფრანგული ან ბრიტანული. ჩემი აზრით, მეორე მიზეზია ჯერ კიდევ არსებული გარკვეული რუსოფობია, ცივი ომის ერთგვარი გადმონაშთი, განსაკუთრებით შეერთებული შტატების კონგრესში, კაპიტოლიუმის მთაზე. საბჭოთა კავშირზე, რუსეთზე, როგორც პოტენციურ მტერზე საუბრები ჯერ კიდევ მიმზიდველია. ამიტომაც, საქართველო დაინახეს, როგორც ქვეყანა, რომელიც მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ვფიქრობ, სააკაშვილის შემთხვევაში, ეს ძალიან შორს წავიდა. ვაშინგტონი სააკაშვილს ისე მტკიცედ ამოუდგა მხარში, რომ სააკაშვილის მთავრობას შეემატა გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც მას არ უნდა გაეკეთებინა – მაგალითად, მოსკოვის პროვოცირება. ვფიქრობ, დღეს შეერთებულმა შტატებმა ისწავლა გაკვეთილი და მომავალში უფრო ფრთხილი იქნება, რათა არ წააქეზოს ქვეყნები, წავიდნენ მეტისმეტად შორს და ჩამოაყალიბონ გამაღიზიანებელი ურთიერთობები რუსეთთან. ვფიქრობ, ამ ორმა მიზეზმა – ამერიკის იდენტობამ, როგორც მსოფლიოში თავისუფლების გამავრცელებლისა და შემოჩენილმა რუსოფობიამ – განაპირობა ის, რომ შეერთებული შტატები ნატოში საქართველოს გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია“.
2013 წლის 1 აგვისტოს გაზეთმა „სამხრეთის კარიბჭე“ გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუსთან.
– ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ნატო-ში მალე შევა, მაგრამ მერე ეს საკითხი ისევ ჩერდება. შეძლებს თუ არა რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებზე გავლენის მოხდენას?
– არა, ნატოს არაწევრ ქვეყნებს მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის უფლება არ აქვთ. თუმცა მართალია, რომ რუსეთსა და ნატოს ცალკეულ წევრებს შორის ურთიერთობას ამ უკანასკნელთა პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებებისთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ყოველი ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრია, საერთაშორისო საკითხებზე თავის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს. არიან ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებსაც რუსეთთან სხვებზე უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ და შესაძლოა ამ ურთიერთობას ჰქონდეს კიდეც მათ გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენა.
- შესაძლებელია თუ არა საქართველომ ნატოს წევრობა მიიღოს რუსეთთან ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გარეშე?
– თეორიულად კი, შესაძლებელია ნატოში შესვლა ამ საკითხის მოგვარების გარეშე, ყველაზე მთავარია, საქართველომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ტერიტორიების სტატუსის შესახებ. ცალკეული პირები სახელმწიფოში ამ შესაძლებლობაზე უკვე ლაპარაკობენ. შესაძლებელია იყო ნატოს წევრი და აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიები არ ხვდებოდეს მე-5 მუხლის დაცვის ქვეშ (მეხუთე მუხლი ეხება ჩრდილოატლანტიკურ ბლოკს და ნატო-ს წევრი ქვეყნების კოლექტიურ დაცვას) და ეს ზონები მუხლის გარეთ დარჩეს. საქართველოს მთლიანად შეუძლია ნატოს წევრი იყო, მაგრამ ეს ტერიტორიები აღნიშნული მე-5 მუხლის დაცვის გარეთ რჩებოდეს. ამჟამად ამის შესახებ ფიქრობენ და ლაპარაკობენ.
- ვინ არიან ისინი?
ეს არიან თქვენი ქვეყნის სხვადასხვა მოქალაქეები“.
„სხვადასხვა მოქალაქეები“, რომელთაც ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე შესვლა ეჩქარებათ, საქართველოში დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელიც სწორედ ამიტომ არ ასახელებს მათ. ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს კი ნატოსთან დაკავშირებით სრულიად სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. შემოგთავაზებთ ზოგიერთ მათგანს.
ექსპერტები ნატოს შესახებ
ქართველ ექსპერტთა ქვემოთ მოტანილი მოსაზრებები გამოთქმული იყო „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარებულ სემინარებზე 2013 წლის ივლის–სექტემბერში.
სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი: „ყველა მეტ–ნაკლებად მეცნიერული გათვლა აუცილებლად მთვარდება ერთი მწარე დასკვნით, რომ სანამ ჩვენ ნატო წარმოგვიდგენია ქოლგად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ – ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს. ნატოში შეიძლება მიგვიღონ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ეს ქოლგა აღარ იქნება საჭირო, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც რუსეთი ან ინტერესს დაკარგავს საქართველოს მიმართ და იტყვის „ჯანდაბას თქვენი თავი“, ან სხვა რაღაც ექსტრაორდინალური სიტუაცია შეიქმნება. არავინ არ მიაქცია ყურადღება რასმუსენის უკანასკნელი ვიზიტს. გაიხსენეთ, ადრე რა გვესმოდა ბრუსელიდან? „თქვენ კიდევ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი“. თბილისში ვიზიტისას რასმუსენმა ერთი საკვანძო სიტყვა დაუმატა ამას: „ძალიან ბევრი გაქვთ გასაკეთებელი“. რას ნიშნავს ეს? რაც მეტი დრო გადის და რაც უფრო ელევა ბრიუსელს არგუმენტები, მით უფრო კრეატიულ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ზედმეტი არგუმენტები ან სხვა ფორმულა გამოძებნოს. ბუდაპეშტის შეხვედრის შემდეგ ჩამოვიდა გია ბარამიძე და პირადად ჩემთან ნახევარსაათიან კამათში მიმტკიცებდა, რომ უფრო მეტი მივიღეთ, ვიდრე მაპი. რომ ვეკითხები რა არის უფრო მეტი, – აი, ითქვა, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრები. კი მაგრამ, მაპის დროს ეს გამორიცხული იყო? მაპი არ გულისხმობდა ამას? თუმცა, რა არის მაპი? მე ვიცი ქვეყნები, რომლებიც 10,12 და 13 წელიც კი აყურყუტეს მაპში. მაპიც არ არის პირდაპირ კარის შეღება და შესვლა.
თანდათანობით ელიტასა (თუ ამას ელიტა ჰქვია) და ფართო საზოგადოებას შორის ჩნდება ნაპრალი – ფასეულობებისა და ღირებულებების თვალსაზრისით. რატომღაც პროდასავლური ვინიგრეტი მივიღეთ. რას ნიშნავს თვითონ ცნება – პროდასავლური? მაინცდამაინც ნატოს? ე.ი. ნატოს გარეშე არ არსებობს პროდასავლური კურსი? ე.ი. ის ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, სულ ყველა პრორუსულია? ან მხოლოდ ტოტალიტარულია? არ შეიძლება ნატოს გარეშე გვქონდეს დემოკრატია? ინდოეთი არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ინდოეთმა საერთოდ ქვა ქვაზე არ დატოვა იმ ძველი თეორიებისგან, რომ თითქოს ღარიბ ქვეყანაში დემოკრატია არ შეიძლება იყოს“.
რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: „მე, მაგალითად, მგონია, რომ გარდა სივრცეში ინფორმაციის მოპოვებისა, სივრცეში მოვლენების გათვალისწინებისა, ჩვენ დროში მოვლენების გათვალისწინებაც გვაკლია. ანუ ისეთ ადგილზე ვართ, რომ მსოფლიოს განვითარება, შეიძლება, ჩვენთვის ძალიან სახიფათო იყოს. დაჯახების შანსი ისლამურ სამყაროსა და ქრისტიანულ სამყაროს შორის იზრდება, ჩინეთსა და მსოფლიოს შორის იზრდება, მოკლედ, აღმოსავლეთ–დასავლეთის დარტყმის შანსი იზრდება. ამ პირობებში გაწყობს შენ ნატო. არა რუსეთისგან თავდაცვისთვის. სანამ რუსეთი უარზე იქნება, ნატოც უარზე იქნება. მაგრამ თუკი ეს დიდი დაპირისპირებები წავიდა, პირველი რუსეთი შეგვასწრებს ნატოში. მერე, თუ გინდათ, დამეწიეთო, გვეტყვის. ბურჯანაძეს უთხრა კიდევაც პუტინმა, როცა ბურჯანაძემ ჰკითხა, რატომ გვეწინააღმდეგებით ნატოში შესვლაზეო – Еще никто не знает кто первый войдет в НАТО, – უპასუხა პუტინმა. ასე რომ, რუსეთში განიხილება ეს თემა… მაგრამ ჩვენ რატომღაც გვიყვარს ფიქრი სტერეოტიპებით, აი რუსეთი ნატოში არ შევა, ე.ი. ნატო დაგვიცავს“.
თენგიზ ფხალაძე, „გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი: პრობლემა არის არა იმაში, თუ რა სტრატეგიული არჩევანი გავაკეთეთ, არამედ იმაში, თუ რამდენად გამოვიყენეთ ეს სტრატეგიული არჩევანი. იმიტომ რომ ის საშუალებები, რომლებიც ჩვენ გვეძლეოდა, თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობით, თუნდაც ნატოსთან ურთიერთობით, როგორ გამოვიყენეთ და შეგვეძლო თუ არა მეტის გაკეთება? აი, ეს არის მთავარი და, ალბათ, იმ გზას უნდა გადავხედოთ, თუ სად დავუშვით შეცდომა.
ახლა მთავარი ჩვენი პრობლემები, ტრადიციული შეკითხვა – როგორ შეიძლება გქონდეს ურთიერთობა ნატოსთან და დაალაგო ურთიერთობები ამავდროულად რუსეთთან, ან როგორ უნდა მოაწესრიგო კონფლიქტები და ა.შ. რამდენიმე მაგალითს მოგიტანთ. პატარა ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ სტრატეგიული არჩევანი გაკეთებული გაქვს, მუდმივად მისდიო შენს იდეალს და მიისწრაფვოდე იმისკენ, რომ შექმნა ისეთი ტიპის სახელმწიფო, რომელიც შენ წარმოგიდგენია იდეალურად.
დანარჩენი, სამწუხაროდ, დამოკიდებულია იმაზე, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები რაღაც პერიოდის განმავლობაში აღებს ე.წ. შესაძლებლობათა ფანჯარას. მაგალითად, 1999 წელს ძალიან სერიოზული შესაძლებლობების ფანჯარა გაიღო საქართველოსთვის, კერძოდ, მხედველობაში მაქვს სტამბულის ეუთოს სამიტი. მე მგონია, ასეთი დიდი გამარჯვებისათვის საქართველოს დიპლომატიას ჯერ არ მიუღწევია, იმიტომ რომ იმ პერიოდში ჩვენ მოვახერხეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა.
ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიულ ენერგო–პროექტებზე შეთანხმების მიღწევა და ყველაზე მთავარი, რაზედაც მანამდე ძალიან ბევრი სკეპტიკურად იძახდა, რომ ეს არასოდეს არ მოხდება – მოვახერხეთ, რომ რუსეთს ხელი მოვაწერინეთ დოკუმენტზე ჯარების გაყვანის შესახებ. მე მესმის, რომ ეს იყო ელცინის რუსეთი, ეს იყო ის პერიოდი, როდესაც დეფოლტი ახალი მომხდარი იყო და ა.შ. მაგრამ ასეთი კატაკლიზმები მსოფლიოში მუდმივად ხდება და ამისათვის უნდა იყო მზად. პუტინის რუსეთში დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები და სწორედ პუტინის რუსეთის პერიოდში მოხდა ნატოს გაფართოების ძალიან სერიოზული ტალღა და ბალტიის სახელმწიფოები შევიდნენ ნატოს შემადგენლობაში. მაშინ, როდესაც, მაგალითისათვის გეტყვით, რომ საზღვრის შესახებ მოლაპარაკებები არცერთ სახელმწიფოს არ ჰქონდა, არც ლატვიას, არც ესტონეთს, არც ლიტვას. მხოლოდ 2007 წელს მოახერხა ლატვიამ ხელმოწერა საზღვრის შესახებ შეთანხმებაზე რუსეთის ფედერაციასთან. იგივე პრობლემები ჰქონდა ლიტვას.
ჩემი მეგობარი, რომელიც დღეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრია, მიყვებოდა: 2002 წელს ის იყო თავდაცვის მინისტრი და როდესაც რუსეთის სამხედრო ბაზები გავიდა ბალტიის ქვეყნების ტერიტორიიდან, იქ იყო უამრავი დანაღმული ტერიტორია, რაღაც სადავო საკითხები, ქონების საკითხები იყო. და რამდენჯერაც დავურეკე სერგეი ივანოვს და ვთხოვე შეხვედრაო, უკაცრავად ჟარგონზე, იმდენჯერ „გადამაგდოო“. მითხრა, ჩამოვდივარო და აღარ ჩამოვიდა. საკმარისი იყო 2002 წელს მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 2004–ში ეს ქვეყნები ხდებიან ნატოს წვერები, იმ წუთშივე დამირეკა და მითხრაო: – თქვენ ხომ ნატოს წევრები ხდებით, მოდით, ეს საკითხი დავხუროთო. მაგრამ აქ განსხვავება იყო იმაში, რომ შეიძლება ეს ყველაფერი აკეთო ისე, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური და შეიძლება გააკეთო ისე, რომ იცი, ხვალ ნატოში შევალ და, აბა, მე და ნატოს ვინ მოგვერევა, ხვალ მაგასაც გაჩვენებთ. აი, ამაშია ძალიან დიდი სხვაობა.
თუკი ბალტიის სახელმწიფოებმა მოახერხეს იმის ახსნა, რომ მათი დასავლური ინტეგრაცია არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ანალოგიურის ახსნა? აქ უკვე ბევრი რამ დიპლომატიაზე, გონებამახვილობაზე და სხვა ფაქტორებზე არის დამოკიდებული, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ არ უნდა გამოგვრჩეს მომენტი. იმიტომ რომ ამ შესაძლებლობების ფანჯარა რაღაც პერიოდების განმავლობაში ყოველთვის იღება და თუ იმ პერიოდში მზად არ აღმოჩნდი და ამ გზაგასაყარზე არ გააკეთე არასწორი არჩევანი, ან არ ხარ იმდენად ჩამოყალიბებული, რომ გააკეთო სწორი არჩევანი და სწორი მიმართულებით წახვიდე, მაშინ უნდა ელოდო შემდეგ შანსს, იმიტომ რომ პატარა ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება, რომ შექმნას და თავისით ჩამოაყალიბოს გეოპოლიტიკური რეალობა.
ნინო ბურჯანაძე, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი: „ჩვენ არცერთ იდეაზე, არც ნატოზე, არც ევრაზიაზე, არაფერზე ხელაღებით უარი არ უნდა ვთქვათ. ჩვენ ანალიზი უნდა გავაკეთოთ, მართლაც ძალიან სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ, რა მიმართულებით და რა მოცულობით, რომელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა არის ჩვენთვის მისაღები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. სხვათა შორის, ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, როდესაც ჩამჭრელ კითხვად წარმოაჩინა ჩემთან სატელევიზიო გადაცემაში ბატონმა დავით პაიჭაძემ ნეიტრალიტეტის საკითხი. ნეიტრალიტეტი არის იდეალური ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ვართ ჩვენ, თუ ჩვენ ამის მიღწევა შეგვიძლია და თუ ეს შესაძლებელია. ამას მე ვამბობდი სხვათაშორის, პარლამენტის თავმჯდომარეობის დროსაც, რომ ნეიტრალიტეტი არის იდეალური საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, უბრალოდ, მეორე საკითხია, რამდენად არის ეს რეალისტური და შესაძლებელი. ნეიტრალიტეტი არ შეიძლება სალანძღავი სიტყვა იყოს. შუაგულ ევროპაშიც კი, როგორიც არის, ვთქვათ შვეიცარიის და ავსტრიის ტერიტორიები, ნეიტრალიტეტი იყო მათთვის მონაპოვარი და ძალიან სერიოზული პლუსების მატარებელი.
ნატოს მიმართ, მე ვფიქრობ, ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ნატოს წევრი ვყოფილიყავით, გამოგვეყენებინა ის შანსი, რომელიც თავის დროზე გამოიყენა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა. ჩვენ ეს შანსი დავკარგეთ. ეს არის ფაქტი. დავკარგეთ არაერთგზის, ეს შანსი დაიკარგა 1995 წელს, მერე – 2000 წელს, ეს შანსი დაიკარგა 2005–ში და 2008–ში. მიმაჩნია, რომ პრაქტიკულად, ამას ხაზი აქვს გადასმული. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. დღეს არჩევანი დგას ასე: ან ნატო ან ტერიტორიები.
ჩვენ არავინ ნატოში არ მიგვიღებს, ეს არის გამორიცხული. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და წესდებაც ვიცი, დოკუმენტებიც, პრაქტიკაც და შიდა მოლაპარაკებების პროცესიც. არავინ არ მიგვიღებს დღეს ნატოში, როდესაც თბილისიდან 40 წუთის სავალზე არის რუსეთის სამხედრო ბაზა. ან ვამბობთ ამაზე უარს, ან ნატოში შესვლის პერსპექტივა არ გვაქვს. რაც შეეხება იგივე ISAF-ის ტიპის ოპერაციებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, უნდა ვმონაწილეობდეთ, მაგრამ ამის სანაცვლოდ უნდა ვღებულობდეთ არა მხოლოდ რეჟიმის მხარდაჭერას, არამედ ძალიან სერიოზულ დივიდენდებს ქვეყნისთვის კონკრეტულად. დაწყებული იქიდან, რომ თუ ამერიკელ ჯარისკაცს იქ ყოფნისთვის აქვს 10 000 დოლარი ხელფასი, ჩვენს ჯარისკაცს არ უნდა ჰქონდეს 700 დოლარი. არ უნდა ამას ახსნა. ეს ჩვენ უნდა გვაძლევდეს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ დივიდენდს და არა მხოლოდ განცხადებებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს. ეს არის ასევე მოლაპარაკების პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ძალიან სერიოზულად უნდა იქნას გამოყენებული.
საქართველო დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონის ნაცვლად მათი ინტერესების საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შეჯერების სივრცედ უნდა იქცეს. ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება არ უნდა იყოს მიმართული მესამე ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესების წინააღმდეგ, არამედ ემსახურებოდეს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.
აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. საქართველომ არ უნდა შეუწყოს ხელი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარის შექმნას. საქართველომ უნდა განამტკიცოს ურთიერთობები მეზობელ სახემწიფოებთან. საქართველოს მოქმედებები უნდა იყოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ მიმართული“.
პეტრე მამრაძე: „შარშან დეკემბერში პოლიტიკურმა ასოციაციამ მოაწყო კონფერენცია უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და მოწვეული იყო მათ შორის დევიდ სმიტი. სტრატეგიული ცენტრი რომ შეიქმნა ნატოს აგიტაციისთვის, დევიდ სმიტი გამოდიოდა თვეში 2–3 წერილით მაინც, უცხოურ და აქაურ პრესაში ქვეყნდებოდა. შეიძლება ვრცელი ტომები შევკრათ – რატომ არის ნატო აუცილებელი საქართველოსთვის, რატომ უნდა გააკეთოს საქართველომ ყველაფერი იმისათვის, რომ ნატოში შევიდეს, რატომ არის, რომ ნატომ ხელი უნდა შეუწყოს და ა.შ. პროფესიული, კვალიფიციური ექსპერტი, თვითონ იყო სამხედრო შეერთებულ შტატებში, შემდეგ დიპლომატის რანგი მიიღო და მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ესწრებოდნენ საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატები, ჩვენებიდან – არჩილ გეგეშიძე ინიციატორი, კახა იმნაძე, გოგსაძე, გოგი ხუციშვილი, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე და ბევრი სხვა. დევიდ სმიტმა ამცნო აუდიტორიას: „თქვენ იცით, რას მოვანდომე ჩემი ენერგია და დრო, დღეს ვალდებული ვარ შეგატყობინოთ, რომ ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე, რომ საქართველოს აღარასოდეს არ მიიღებენ ნატოში. მე ხაზს ვუსვამ, „Never ever“. მე პირადად, როგორც ადამიანმა, მოქალაქემ შემიძლია ვუწოდო ამ გადაწყვეტილებას არასწორი, რომ ეს არის შეცდომა ნატოს მხრიდან, მე შეიძლება მეტიც ვთქვა, რომ ეს არის ლაჩრული გადაწყვეტილება, რომ ეს არის ღალატი საქართველოს მიმართ, იმ წლების შემდეგ, რაც ასეთი განწყობა იყო და დაპირებები, მე ეს ყველაფერი შემიძლია ვთქვა, მაგრამ ეს არ შეცვლის ნატოს გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენ უნდა იცოდეთ და მე ვალდებული ვარ, ეს მოგახსენოთ“. კომიზმი ვითარებისა იყო ის, რომ ელენე ხოშტარიამ, სერგი კაპანაძემ და სხვებმა დაუწყეს ყვირილის დონეზე კამათი.
მახსენდებოდა ადამიანი, რომელიც დაესწრო კონდოლიზა რაისის შეხვედრას სააკაშვილთან 2008 წლის 9 ივლისს, ჯერ რეზიდენციაში, მერე სასტუმრო „კოპალაში“. ბოლოს კონდოლიზამ იყვირა: „შენ თუ ამას იზამ, We are out, can you understand?“ მაგრამ მეორე დღეს კონდოლიზამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ უკეთეს ინსტრუმენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, ვიდრე საქართველოს გაწევრიანება ნატოში და ბატონო პრეზიდენტო, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იბრძოლებს თავისი მეგობრების და პარტნიორების დასაცავად.
პოლ სონდერსი, რომელიც არის ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და ადმინისტრაციაში უმუშავია, წერს ამაზე, კონტექსტიდან, პროტოკოლიდან ცხადზე ცხადია, რომ ბრძოლაში კონდოლიზა რაისი გულისხმობს იმას, რომ შეერთებული შტატები შეებრძოლება სკეპტიკოსებს ნატოს შიგნით, რათა არ დაბლოკონ საქართველოს გაწევრიანება, მეტი არაფერი. მაგრამ ბატონი ლავროვი გამოდის მეორე დღეს და ამბობს, რომ ნატოში შესვლა არათუ ინსტრუმენტი არ არის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა, არამედ ინსტრუმენტია ტერიტორიული მთლიანობის სამუდამოდ დაკარგვის და ამაში ისინიც კი მალე დარწმუნდებიან, ვინც სხვანაირად ფიქრობს“.
2012 წლის თებერვალში უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ასოციაცია «სამართალი და თავისუფლების» ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი მკვეთრად აკრიტიკებდა სააკაშვილის რეჟიმს ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდის გამო და აცხადებდა: „სააკაშვილი დასავლეთის წინაშე ქულებს იწერს – ერთგული პარტნიორი ვარო. ის გადამეტებულად უჭერს მხარს ავღანეთის მისიას, რაც ნატოსთვის და დასავლეთისთვისაც გამაოგნებელია, რადგან ასეთი პატარა ქვეყანა, რომელსაც ასე მცირე მოსახლეობა ჰყავს, ამდენი კონფლიქტი აქვს, ავღანეთში გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობით ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მაინც პირველ ადგილზეა…
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილეობის გამო საქართველოსთვის ნატოს კარი გაიხსნება, დიდი ტყუილია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენს ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ არა იმდენად, რომ ამის გამო ნატოს წევრი გავხდეთ… დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ვერ ბედავენ შემდეგი მარტივი მიზეზების გამო:
პირველი – კონფლიქტი გვაქვს რუსეთთან, რომელიც კონფლიქტური ქვეყანაა, აქვს ბირთვული იარაღი და ეწინააღმდეგება მისი ნებისმიერი მეზობლის ნატოში გაწევრიანებას და ამის გამო დასავლეთი შეიძლება რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთოს;
მეორე – ნატო ფიქრობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებით მას უფრო მეტი პრობლემა წარმოექმნება, ვიდრე სარგებელი. საქართველო ისედაც მშვენივრად მონაწილეობს იქ, სადაც ნატოს სჭირდება;
მესამე – ქვეყანაში ორი სერიოზული კონფლიქტის კერაა და ნატოს არც ერთ წევრ ქვეყანას არ უნდა, რუსი და ნატოს ჯარისკაცი ერთმანეთისგან ათი მეტრის დაშორებით იდგნენ, ვინაიდან ნებისმიერი შემთხვევითი კონფლიქტიც კი შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც არავის აძლევს ხელს“.
დღეს ირაკლი სესიაშვილი საქართველოსპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა. გასული წლის განმავლობაში ახალ ხელისუფლებას ავღანეთში კონტინგენტი არ შეუმცირებია, მეტიც, საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ერთვება.
ხანგრძლივი გზა «ღია კარისკენ“
ქართველი სამხედროების მონაწილეობა უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების მისიაში (ISAF) ავღანეთში დინამიკაში ასე გამოიყურება: 2004 წლიდან ქართულმა კონტინგენტმა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა დაიწყო. თავდაპირველად 50 სამხედრო მოსამსახურე საარჩევნო უბნებს იცავდა, შემდეგ, 2009 წლამდე, ავღანეთში მხოლოდ ერთი ქართველი სამხედრო იყო ლიტვური კონტინგენტის შემადგენლობაში. 2009 წლის ნოემბერში იქ გადაისროლეს 173, ხოლო 2010 წლის აპრილში – კიდევ 750 სამხედრო მოსამსახურე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სააკაშვილმა ქართული კონტინგენტის 1673-მდე გაზრდის შესახებ განაცხადა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ 2012 წლის 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2014 წლიდან ქართული ჯარების გამოყვანა დაიწყება, მაგრამ იმავე დღეს მისი თანაპარტიელი – ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი იძულებული გახდა, განემარტა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ერთი დღის შემდეგ ალასანიამაც დაადასტურა, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან. ამ ორ განცხადებას შორის ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან.
საინტერესოა, რომ პრონატოური პროპაგანდა, რომლითაც გაჯერებულია მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება, ასახავს საკითხისადმი ცალმხრივ მიდგომას როგორც ყოფილი, ისე ახლანდელი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. 2012 წლის 18 ოქტომბერს, აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ, მან განაცხადა, რომ შეძლო მისი დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში ყველაფერი გაკეთდება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის, ეს კი, თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა საქართველოს ნატოში შესასვლელად. ამავე კომენტარში მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარების შემდეგ „ახლა მათ მითუმეტეს უნდა გადადგან პრინციპული, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდეს საქართველოს ნატოში მიღება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მონაწილეობით სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთში ნატოს ქვეყნების გვერდით. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარალელურად მოვაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ“.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილს ხშირად უსვამდნენ შეკითხვას – როგორ აპირებს ამის გაკეთებას. პასუხად ის უხსნიდა, რომ ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. ამაში არის ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან თავად ნატოსთან თანამშრომლობის ფაქტი კი არ აფუჭებს რუსეთთან ურთიერთობას (რუსეთი თვითონაც თანამშრომლობს ალიანსთან მთელ რიგ პროგრამებში), არამედ სააკაშვილის მცდელობები, ნატო აშკარად ანტირუსულ პოლიტიკაში გამოეყენებინა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთს ნატოსთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და ეს გამოცდილება სიფრთხილეს აიძულებს. მიუხედავად დაპირებისა, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ყველაფერი სწორედ პირიქით მოხდა.
საქართველო–ნატოს ურთიერთობის ქრონიკა ასე გამოიყურება: გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მხოლოდ ერთი ლიდერი – ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი იბრძოდა ნატოში შესვლისთვის. უფრო სწორად, ნატოს სამხედრო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისკენ მოუწოდებდა და ამ გზით იმედოვნებდა დამოუკიდებლობის აღდგენას და „საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებას“. ხოლო აწ განსვენებული ზვიად გამსახურდია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლამდე აირჩიეს მრავალპარტიული არჩევნების შედეგად, საქართველოს ნატოში შესვლის საკითხთან დაკავშირებით არ ჩქარობდა…
ნატოსკენ სვლა 1992 წელს დაიწყო, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როდესაც საქართველო ნატოს თანამშრომლობის საბჭოში (NACC) შევიდა, 1994 წელს კი შეუერთდა პროგრამას – „თანამშრომლობა მშვიდობისათვის“ (PFP).
ამ ორ მოვლენას შორის იყო აფხაზეთის ფაქტობრივი დაკარგვა და ამაო იმედები, რომ ყოფილი დასავლელი მოკავშირეები საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდნენ. სინამდვილეში კი, გაეროს მრავალი რეზოლუციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ზეპირი განცხადებების გარდა, პროგრესი არ შეიმჩნეოდა.
იმ წლებში ახალი რუსეთიც მთლიანად დასავლეთზე იყო ორიენტირებული. პროცესი იმდენად ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს არავინ საყვედურობდა დასავლეთისკენ სწრაფვის გამო. რუსეთის ხელმძღვანელობა კურსში იყო, რომ ნატო საქართველოს დახმარებას უწევს – 1995 წლიდან ბევრმა სამხედრომ გაიარა მომზადება ნატოს საგანმანათლებლო ცენტრებში, 1996 წლიდან საქართველო რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა საპარტნიორო პროგრამაში, მაგრამ ილუზია, რომ ეს პრობლემებთან გამკლავებაში რამენაირად დაეხმარება, შევარდნაძეს უკვე აღარ ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, სამიტებსა და სხვა მაღალი რანგის შეხვედრებზე ბუქარესტში, ბრიუსელსა და სტამბულში საქართველო ნატოში ინტეგრაციისთვის მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენს. შევარდნაძე, რომელიც მშვენივრად ერკვევა პოლიტიკურ კონიუნქტურაში და გადაწყვეტილებების „სულ ზემოთ“ მიღების მექანიზმში, ერთი მხრივ, ნატოსკენ მიდის, მაგრამ მეორე მხრივ – ესმის, რომ ეს ძალიან გრძელვადიანი ამოცანაა და ამ წუთასვე არაფრის შეცვლა შეუძლია.
საოცარია, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც კი პროცესი ისევე დუნედ გრძელდება,როგორც ადრე, მაგრამ ახლად გამომცხვარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, შევარდნაძისგან განსხვავებით, ახერხებს, რომ მთელი პროცესი რუსეთთან დაპირისპირებაში გადაიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის ინიციატივას ერთდროულად შეუერთდნენ საქართველო, აზერბაიჯანი და უკრაინა, რუსეთთან ურთიერთობის სწრაფად გაფუჭება სწორედ საქართველოს დაეწყო.
რა თქმა უნდა, პროცესის გაანალიზება მხოლოდ ფორმალური ან არაფორმალური შეხვედრებისა და საჯარო განცხადებების საფუძველზე სისულელე იქნებოდა. ზოგჯერ იმ ქაღალდების გროვაზე უფრო წონადი, რომლებსაც ნებისმიერი საერთაშორისო სტრუქტურა აწარმოებს, სავსებით რეალური და ხელშესახები რამეებია, მაგალითად, თბილისში აშშ-ის საელჩოს გიგანტური შენობის აგება, რომელიც საფორტიფიკაციო ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე დიპლომატიურ წარმომადგენლობას; საქართველოში სამხედრო სპეციალისტებისა და ინსტრუქტორების მეტისმეტად დიდი რაოდენობის არსებობა; თავგამოდებული პრონატოური რიტორიკა; ისტორიის ხელახლა დაწერის აშკარა მცდელობები და ა.შ.
კიდევ ერთი იმედგაცრუება 2008 წლის აგვისტოს ომმა მოიტანა. იმათ, ვისაც ნატოს დახმარების იმედი ჰქონდა, მხოლოდ სასმელი წყალი და პამპერსები მიიღეს, მაგრამ სააკაშვილმა საპრეზიდენტო სავარძლის შენარჩუნება მოახერხა, ეს კი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნატოს ყველა ფასეულობა.
დასკვნის მაგიერ
საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ ყველაფერი, რაც საბჭოთა იდეოლოგიის დროს ცუდი იყო, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ავტომატურად კარგი გახდა. თუკი ნატო მართლაც საბჭოთა მუქარის წინააღმდეგ შექმნილი ალიანსი იყო, ვარშავის ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ ის გაქრებოდა. სინამდვილეში კი პირიქით ხდება: ნატო ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებსა და ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ფართოვდება.
2004 წელს გამოცემულ წიგნში „არჩევანი: გლობალური დომინირება თუ გლობალური ლიდერობა“ (The Choice: Global Dominance or Global Leadership) ზბიგნევ ბჟეზინსკის საინტერესო პარალელები მოჰყავს: „მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ნატომ ახალი როლი შეიძინა, სტაბილურობასთან მიიყვანა რა გააფთრებული და მოუსვენარი ბალკანები. მომდევნო ათწლეულის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ თავს ვერ ავარიდებდით ერთგვარ სტაბილურობის პაქტს კავკასიისათვის, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის სტაბილურობის პაქტის მსგავსი იქნებოდა“.
კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ ბალკანეთის მაგალითზე აჩვენა, როგორ გამოიყურება ეს „სტაბილურობა“. ტერიტორიულ მთლიანობაზე ამგვარად უარის თქმა საქართველოსთვის მიმზიდველი არ არის. ბჟეზინსკი მიიჩნევს, რომ ნატოს შემდგომი შეღწევა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გარდაუვალია, რადგან რუსეთმა აღიარა ატლანტიკური საზოგადოების უპირატესობა მსოფლიო უსაფრთხოების სტრუქტურაში. ბოლო რვა წელიწადმა აჩვენა, რომ რუსეთის (და არა მხოლოდ რუსეთის!) დამოკიდებულება ნატოს მიმართ რადიკალურად შეიცვალა.
1955 წელს სოციალისტურმა ქვეყნებმა, სსრკ-ის ხელმძღვანელობით, ხელი მოაწერეს ვარშავის ხელშეკრულებას. ნატო ყოველთვის უარს ამბობდა წინადადებაზე, ხელი მოეწერა პაქტისათვის თავდაუსხმელობის შესახებ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებთან, ან ორივე ალიანსი დაშლილიყო. ჩვენ საქართველოში ბევრს ვლაპარაკობთ ნატოზე, მაგრამ მსჯელობა იშვიათად მიდის დეტალებამდე. თითქმის არავინ ლაპარაკობს იმაზე – კონკრეტულად რას უნდა ელოდეს საქართველო ნატოს წევრობიდან? რა უპირატესობებს მოგვცემს ეს? ნატოსთან შეერთება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაც უდავოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამედ ქართული სახელმწიფოს ყველა ასპექტზე.
პირველ რიგში სამხედრო ასპექტი განვიხილოთ. აქ პერსპექტივებს მიმზიდველს ნამდვილად ვერ უწოდებ… 2007 წლის ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ შენიშნა: „ნატოში არსებობს კვოტები შეიარაღებულ ძალებზე და ალიანსის წევრი ქვეყნების ყველა ჯარის გამოყენების გეგმები. ალიანსთან მიერთების მომენტიდან ბულგარეთი, რუმინეთი და ჩეხეთი განიარაღდნენ. მას შემდეგ, რაც მათ აუხსნეს – როგორი იქნება მათი ფუნქცია ნატოში, ამ ქვეყნებს თავიანთი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვნად შემცირება მოუხდათ. თუ ხვალ სიტუაცია შეიცვლება, ეს ქვეყნები საკუთარი არმიების უქონლობის გამო მოწყვლადები გახდებიან. თუ ჩვენ ნატოს შევუერთდებით, რუსული შეტევის პირველ სამიზნედ გადავიქცევით. ალიანსში რომც შევიდეთ, პრაქტიკულად ვერავინ დაგვეხმარება თავისი ჯარებით. დახმარების ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ნატოს აქვს –თურქეთია, რომელსაც სწრაფი რეაგირება შეუძლია, მაგრამ სწრაფი რეაგირება ნიშნავს, რომ საქართველო საომარი მოქმედებების თეატრად გადაიქცევა“.
მართლაც პირქუში პერსპექტივაა… სხვათაშორის, სწორედ თურქეთის ფაქტორის გამო აჭარის მოსახლეობა უკიდურესად უარყოფითად ეკიდება ნატოსკენ სწრაფვას. აჭარლები, რომლებიც თურქეთის მხრიდან ეკონომიკური (და არა მარტო) ექსპანსიის ყველა „სიამეს“ განიცდიან, მას ნატოსთან აიგივებენ. მასვე უკავშირებენ ისინი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან დათმობებსაც (არა მხოლოდ ავტონომიის, არამედ მთლიანად ქვეყნის).
თუ საქართველოს ტერიტორიულ გასაჭირთან დაკავშირებით ჩვენდამი „მეგობრული“ ქვეყნების ნელთბილ პოზიციებს შევხედავთ, შთაბეჭდილება შეგვექმნება, რომ ჩვენი წევრობა დასავლეთს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდება. ეს არის „იაფი“ ჯარისკაცები ნატოს სხვადასხვა ოპერაციისთვის, და არა მხოლოდ. მაგრამ რუსეთს თავის სამხრეთ საზღვრებთან ნატო არ სჭირდება. ნატო კარგი საპირწონე იქნებოდა რუსეთთან დიალოგში, რათა ჩვენი „დაავადებების“ განკურნებისთვის ხელი შეეწყო, მაგრამ კოსოვომ აჩვენა, რომ ტერიტორიული მთლიანობა – ის „წითელი ხაზი“ არ არის, რომლის გადაკვეთა დასავლეთს არ შეუძლია. ამგვარად, ნეიტრალიტეტის თემა საინტერესოა იმ პირობით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთთან მოლაპარაკების გზით აღდგება.
სხვათაშორის, ყოფილ იუგოსლავიაში ნატოს დაბომბვების შემდეგ ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ ბასევიჩი (Andrew Bacevich) წერდა, რომ ეს დაბომბვები გაკვეთილად უნდა გამოსდგომოდა ყოველ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც მიიჩნევს, რომ „ცივი ომის“ შემდეგ წარმოქმნილი და ვაშინგტონის მიერ დამყარებული საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი სისტემის წესები მას არ ეხება. აშშ-თვის ძალზე მნიშვნელოვანია ჰეგემონია გაერთიანებულ, ინტეგრირებულ და თავისუფალ ევროპაში. საქართველოზე რაღა უნდა ითქვას?!
„ვარდების რევოლუციის“ კვალდაკვალ საქართველოს პარლამენტმა სწრაფად მოახდინა იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საშუალება მიეცათ, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ადგილობრივ მართლმსაჯულებასთან საქმე არ ჰქონოდათ. მათ ამერიკული კანონებით გაასამართლებენ. საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია დააკავოს, გაჩხრიკოს ან დააპატიმროს ამერიკელი სამხედროები. მკითხველს შევახსენებთ, რომ წინა 10 წლის განმავლობაში რუს ჯარისკაცებს არ ჰქონდათ ერთი ბაზიდან მეორეზე გადასვლის უფლება ადგილობრივი ქართული ხელისუფლების ნებართვის გარეშე, ხოლო როდესაც ეს წესი ირღვეოდა, მათ აპატიმრებდნენ…
მაშ, რა არის ნატოსთან შეერთება, თუ არა ჩვენს სუვერენიტეტზე ხელის აღმართვა?! ამ კონტექსტში საქართველოში ნატოს ბაზების განთავსების თაობაზე თეორიული მსჯელობაც კი უაზრობაა, რადგან მიმდინარე პოლიტიკამ საქართველო უკვე გადააქცია ნატოს სამხედრო ბაზად, რომელშიც ამერიკელებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ და ყველაფერი აკეთონ, რაც მოესურვებათ.
ქართველების უმეტესობას სჯერა, რომ ნატო – სამხედრო ორგანიზაციაა. არავინ ახსენებს იმას, რომ საფრანგეთმა ნატოს სამხედრო ორგანიზაცია დატოვა, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად დარჩა. მან ეს 1974 წელს გააკეთა და „საფრანგეთის სუვერენიტეტის მთლიანად აღდგენის“ სურვილით ახსნა.
საქართველო ყველა თავისი პრობლემით დასავლეთისთვის ჯერაც ისევე უცხოა, როგორც 20 წლის წინ. სუვერენიტეტის დაცვა საქართველოსთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. მაგრამ რა არის სუვერენიტეტი, თუკი ქვეყანა გაყოფილია და მის ტერიტორიაზე ორი კვაზი-სახელმწიფო არსებობს?!
კიდევ ერთი, ფრიად ჭკუის სასწავლებელი მაგალითი ისტორიიდან: რამდენიმე წლის წინ გამჟღავნებული საბჭოთა დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ 1952 წელს სტალინმა
აშშ-ს გარიგება შესთავაზა: ის აერთიანებს გერმანიას და აღმოსავლეთ გერმანიიდან მიდის, იმ პირობით, რომ გაერთიანებული გერმანია ნატოში შესვლაზე უარს იტყვის. ვაშინგტონმა ეს წინადადება უარყო, თუმცა ყოველთვის ამტკიცებდა, რომ რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა გერმანიის გაერთიანებისთვის 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემამდე!
გამოქვეყნებული დოკუმენტები ბევრი ექსპერტისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ლავრენტი ბერიამ დასავლეთის ქვეყნებს გერმანიის გაერთიანების და მისი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გადაქცევისკენ მოუწოდა. ჯეიმს უორბურგი (James Warburg) მიიჩნევს, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ ამის ნაცვლად მათ გადაწყვიტეს, დასავლეთ გერმანია ნატოში მიეღოთ, და 1955 წელს ქვეყანა ალიანს შეუერთდა.
გერმანიის შემთხვევა „გაყოფილი“ საქართველოსთვის მნიშვნელოვან დასკვნებს შეიცავს. ნატოში შესვლის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიული დავების გადაჭრას ათწლეულებით გადადებს. ძალიან საეჭვოა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აშშ-ს ახლა მეტად აღელვებდეს, ვიდრე მაშინ გერმანიის ტერიტორიული მთლიანობა აღელვებდა. ამის არანაირი ნიშნები არ არსებობს. მეტიც, როგორც გერმანიის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აშშ-თვის გაცილებით ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ნატოში შესვლა.
თავდაცვის სამინისტროს საიტი:
1994 წლიდან საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამაში (PfP). პროგრამის ფარგლებში ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ხორციელდება პოლიტიკური დიალოგი, ასევე სხვადასხვა ტიპის პროგრამა და ღონისძიება.
1996 წელს შემუშავებულ იქნა ნატო-საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (IPP), რომელშიც გაწერილია თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში ჩასატარებელი ღონისძიებები. 1996 წელს პირველმა ქართულმა სამხედრო ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობა პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში გამართულ საველე წვრთნებში.
ამ დროიდან საქართველო აქტიურად მონაწილეობს სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში, ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა სამსახურის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი იღებს განათლებას პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის სასწავლო ცენტრებში. 1997 წლიდან საქართველო გახდა ნატოს მთავარი პოლიტიკური ფორუმის ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (EAPC) წევრი.
1999 წლიდან 2009 წლამდე საქართველომ უმასპინძლა მრავალ ნატო/PfP ფორმატში გამართულ სწავლებას: Medceur-00, Cooperative Partner-01, Cooperative Best Effort-02, Eternity-02, Medceur/Rescuer-03, Medceur/Rescuer-05 Eternity-05, Cooperative Archer-07, Cooperative Lancer/Cooperative Longbow-09. 1999 წლიდან საქართველო მონაწილეობას იღებს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP). პარტნიორობის აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც ხდება პარტნიორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების, ასევე მართვის სისტემების ნატო-ს ძალებთან თავსებადობის მიღწევა.
აღნიშნულ ფორმატში ნატოს საერთაშორისო სამსახური ატარებს პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ შეფასებას. აღნიშნულ შეფასებებზე დაყრდნობით ხდება პარტნიორობის მიზნების (Partnership Goals) განსაზღვრა, რომელიც გადაიხედება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.
2004 წლიდან საქართველო მონაწილეობს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და ანალიზის პროგრამაში (OCC E&F), რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების ნატოსთან ურთიერთავსებადობის გაზრდასა და მათი მონაწილეობის ხელშეწყობას ალიანსის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში. ამჟამად OCC-ის ფარგლებშიც გაცხადებულია ერთი გამნაღვნელთა ასეული.
საქართველო 1999-2008 წლებში იღებდა მონაწილეობას ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR) კოსოვოს ტერიტორიაზე. 2004 წლიდან ქართული შენაერთები გადასროლილი იქნა ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში-საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალები (ISAF). საქართველო ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონტრიბუტორი სახელმწიფოა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის.
საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2004 წელს ნატოს წარუდგინა და დაამტკიცა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP). ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა დაყოფილი იყო 4 თავად და მოიცავდა იმ რეფორმათა არეალს, რომლებიც სრულდებოდა ნატო-ს მოთხოვნების შესაბამისად.
ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა 2008 წლიდან ჩაანაცვლა წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ (ANP), სადაც ასახული იქნა როგორც IPAP-ით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე ახალი მიმართულებები. 2008 წელს საქართველოს შეიქმნა ნატოსაქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის კომისია,რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ მექანიზმს. კომისია ითვალისწინებს როგორც მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებას, ასევე კონკრეტული პროექტების ინიცირებას და განხორციელებას სხვადასხვა სფეროში.
2008 წლიდან გადაწყვეტილება იქნა მიღებული ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქართველოში დაფუძნების შესახებ, რომელიც ოფიცილურად გაიხსნა 2010 წელს. 2010 წელს დაინერგა პარტნიორობის ახალი მექანიზმი – ნატო-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა. მის ფარგლებში შემუშავდა სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა (MC+GEO WP), და იმპლიმენტაციის პროგრამა (IP), რომლის ფარგლებშიც უფრო მეტად გააქტიურდა და ეფექტური გახდა ალიანსთან თანამშრომლობა. გარდა ზემოხსენებულისა, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, როგორიცაა პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP), სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა (DEEP) და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს (NAMSA) პროექტი „საქართველო III“, რომელიც ითვალისწინებს ჰუმანიტარული განაღმვის შესაძლებლობების შექმნასა და ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრის განვითარებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
http://www.mod.gov.ge/?pages=nato-georgia#sthash.j2zouohn.dpuf
შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტი:
ჩრდილოატლანტიკურ (NATO) ალიანსთან თანამშრომლობა
ნატოს 2002 წლის პრაღის სამიტზე საქართველომ განცხადება გააკეთა ნატოში გაწევრიანებისაკენ სწრაფვის შესახებ და სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში “ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა” (IPAP) მონაწილეობის მიღების თაობაზე; 2004 წლის 29 ოქტომბერს საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელთანაც ნატომ IPAP-ის ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა.
IPAP ოთხი თავისგან შედგებოდა:
• პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები (თავი I);
• თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხები (თავი II);
• საზოგადოების ინფორმირების, მეცნიერების, გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხები (თავი III);
• ადმინისტრაციული, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და რესურსების საკითხები (თავი VI).
IPAP- ის პარალელურად საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესის გაძლიერების მიზნით, 2006 წლის 21 სექტემბრიდან ალიანსმა საქართველოსთან „ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე“ ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა (Intensified Dialogue on Membership Issues ID).
ინტენსიურ დიალოგს, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმს, რაიმე კონკრეტული ვადები არ ჰქონდა და ხელს უწყობდა თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და ნატოს სტრუქტურებს შორის.
2004-2008 წლებში საქართველო ნატოსთან IPAP-ისა და ID-ს ფორმატებში თანამშრომლობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ალიანსის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება NATO – საქართველოს კომისიის (NGC) შექმნისა და საქართველოსთან აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. კომისია ოფიციალურად 2008 წლის 15 სექტემბერს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს (NAC) საქართველოში ვიზიტისას დაარსდა. კომისიის მიზანია საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქართველოსთვის მოკავშირეთა მხარდაჭერის კოორდინაცია.
2008 წლიდან-დღემდე საქართველო ახორციელებს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას (ANP), რომელმაც თანამშრომლობის მანამდე არსებული ფორმატი IPAP ჩაანაცვლა. ნატოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ANP-ს მხოლოდ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში (MAP-ში) ჩართული ქვეყნები ახორციელებდნენ. 2008 წლის 2-3 დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოს ANP-ს განხორციელების საშუალება MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე მიეცა. ყოველწლიური სამოქმედო გეგმა ქვეყნებს სთავაზობს იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ნატო-ში გაწევრიანებას. აღნიშნული დოკუმენტი ერთ წლიანია და შემდეგი 5 თავისგან შედგება:
• პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები (I თავი);
• თავდაცვისა და სამხედრო საკითხები (II თავი);
• რესურსების საკითხები (III თავი);
• უსაფრთხოების საკითხები (IV თავი);
• სამართლებრივი საკითხები (V თავი).
საქართველო ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ბოლო ეტაპად განიხილავს და შესაბამისად, დოკუმენტს ყველა იმ მნიშვნელოვანი რეფორმებითა და საკითხებით ტვირთავს რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას.
ვინაიდან ANP ერთწლიანი დოკუმენტია, მისი შეფასება და განახლება ყოველწლიურად ხორციელდება. 2012 წლის ოქტომბერში ნატო-ს საერთაშორისო სამსახურმა ANP-ის მეოთხე შეფასება განახორციელა. განხილვის შემდეგ ნატოს შემფასებელთა მისია შეფასების დოკუმენტს მოამზადებს.
შსს წარმატებით ასრულებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ყოველწლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომლებიც შემდეგ საკითხებს მოიცავს: საზღვრის დაცვა და სასაზღვრო სფეროს რეფორმირება; საგანგებო სიტუაციების მართვა; საზოგადოებასთან ურთიერთობა; ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, აღჭურვილობის მოდერნიზაცია.
ANP-თან ერთად ალიანსთან თანამშრომლობის ეფექტური საშუალებაა ე.წ. დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის დოკუმენტი (PARP). ეს დოკუმენტი ძირითადად სამხედრო სფეროში თანამშრომლობას მოიცავს, ხოლო შსს კომპეტენცია ძირითადად საზღვაო კომპონენტებს ეხება, როგორიცაა სანაპირო დაცვის კატარღების მოდერნიზაცია და ნატოს სტანდარტებისათვის მორგება, პორტებისა და ყურეების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება და ხმელთაშუა ზღვაში ანტიტერორისტული ღონისძიებისთვის „აქტიური ძალისხმევა” მხარდაჭერა.
ANP-სა და PARP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შიდაუწყებრივ კოორდინირებას შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო ახორციელებს.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოფიციალური საიტი: http://eu-nato.gov.ge
რა არის ნატო?
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), რომელიც შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს, არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.
ნატოს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო წარმოადგენს ფორუმს, სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად იმოქმედონ.
ნატო არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.
ნატო-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლით არის გათვალისწინებული:
„ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ, ან რამდენიმე მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ და არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით ისინი დახმარებას გაუწევენ საფრთხეში მყოფ მხარეს ან მხარეებს, რათა შეინარჩუნონ ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება. ნებისმიერი ამგვარი სახის შეიარაღებული თავდასხმის და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. ამგვარი ღონისძიებები დასრულდება მაშინ, როცა უშიშროების საბჭო მიიღებს ზომებს, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისათვის იქნება მიმართული“.
პროგრამა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PFP) მიზნად ისახავს ნდობის დამყარებას ნატო-ს, ევროპაში ნატოს არაწევრ ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. იგი პირველად იქნა შემოთავაზებული, როგორც ამერიკის ინიციატივა 1993 წლის 20-21 ოქტომბერს, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ტრავემუნდში (გერმანია).
1994 წლის 10-11 იანვარს ნატომ წარადგინა პრაქტიკული თანამშრომლობის ორმხრივი პროგრამა – „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ ქვეყნებს, დაამყარონ ინდივიდუალური ურთიერთობა ნატოსთან საკუთარი პრიორიტეტების არჩევის გზით თანამშრომლობისათვის.
დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, რასაც თავად ალიანსი ემყარება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ მიზანია საფრთხეების თავიდან აცილება, სტაბილურობის განმტკიცება და მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბება, როგორც ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ისე თავად პარტნიორ სახელმწიფოებს შორის.
„პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ ფორმალურ საფუძველს წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც თითოეული პარტნიორისთვის სპეციალურ ვალდებულებებს განსაზღვრავს. პარტნიორი სახელმწიფო ღებულობს დემოკრატიული საზოგადოების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, საერთაშორისო განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის შეთახმებებით აღებული ვალდებულებების დაცვის, სამხედრო ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავების, არსებული საზღვრების პატივისცემისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკურ ვალდებულებებს.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სპეციალურ ვალდებულებებს ეროვნული თავდაცვის დაგეგმარების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლისა და ნატოსთან ერთად ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ.
„პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ ფარგლებში ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად ატარებენ წვრთნებს და მონაწილეობას იღებენ ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, თანამშრომლობენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ნაღმებითა და დასაწყობებული აღჭურვილობით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების, ბუნებრივი კატასტროფისთვის მზადყოფნის საკითხებში და სამეცნიერო კვლევებში.
პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს და აგრძელებენ მნიშნველოვან კონტრიბუციას ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში. აღნიშნულ ღონისძიებებში პარტნიორი ქვეყნის ძალების თავსებადობისთვის რეგულარულად იმართება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები ალიანსსა და პარტნიორებს შორის.