globalresearch.ge

ჩინეთის პროექტი OBOR (One Belt-One Road), ანუ ,,ერთი სარტყელი – ერთი გზა’’ (,,ესეგ’’) და საქართველო- ჩინეთის ურთიერთობების პერსპექტივა

Posted by Globalresearch on Jun 9th, 2017 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოდიოდა ,,სარტყელისა და გზის’’ ინიციატივით და რომ ამაში მოიაზრებოდა ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობის გაფართოება. ინიციატივა ითვალისწინებდა რეგიონალური ურთიერთკავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას და ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებას ყველა ქვეყანაში, რომლებშიც კი გაივლიდა ,,გზა’’. ინიციატივას სტრატეგიული კომპონენტიც ახლდა: სი ძინპინმა განაცხადა, რომ უნდა შეიქმნილიყო ,,მსგავსი ცნობიერების მქონე ერების საზოგადოება’’ – ერებისა, რომლებსაც აერთიანებს გეოგრაფია, სუვერენობის პრინციპები (!, პ.მ.); და საერთო მტრების ყოლა. საერთო მტრებში კი სი ძინპინმა დაასახელა ტერორიზმი, ექსტრემიზი და სეპარატიზმი. მისი აზრით ასეთი მიდგომა მტკიცედ შეკავშირებულ ბლოკს შექმნიდა.

ჩინეთის მთავრობის ამ ინიციატივამ დიდი ინტერესი გმოიწვია მსოფლიოში, მაგრამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 2015 წლის მარტში, ჩინეთის მთავრობამ წარმოადგინა პირველი ,,სამოქმედო გეგმა’’. ეს გეგმა უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე 2013 წელს გახმოვანებული ინიციატივა. აღსანიშნავია, რომ 2015-ში ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ინიციატივის მიზანია არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში კეთილდღეობის და სტაბილურობის დონის ამაღლება; რომ ჩინეთი ამ პროექტის მხოლოდ  ინიციატორი, ორგანიზატორი და ერთერთი აქციონერია; რომ ეს პროექტი ჩინეთისთვისაც კარგია იმიტომ, რომ ხელს შეუწყობს ჩინეთის ღარიბ დასავლურ პროვინციებში ინვესტიციების მოზიდვას, განვითარებული რეგიონებიდან ჭარბი იდუსტრიული სიმძლავრეების უცხოეთში გატანას და შიდა ეკონომიკის რესტრუქტურიზაციას. ექსპერტების აზრით, მიუხედავად ჩინეთის მთავრობის ასეთი განცხადებებისა, მსოფლიოს დიდი ინტერესი პროექტისადმი მთლიანად განპირობებულია მრავალი სახელმწიფოს იმედით, რომ ამ პროექტის ეგიდით ჩინეთი განახორციელებს მასშტაბურ ინვესტიციებს მათ ქვეყნებში. ექსპერტების დიდ ყურადღებას იქცევს ჩინეთის გეოპოლიტიკური (გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული) გეგმები, რომელთა არსებობაში არავის ეპარება ეჭვი, ასევე პროექტთან დაკავშირებული შესაძლო პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური რისკები.

ა.წ. 14-15 პეკინში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ,,ესეგ’’-სადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც, ჩინეთის მონაცემებით, 130-მდე ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, აქედან 28 სახელმწიფოს პირველი პირები წარადგენდნენ. ფორუმის მსვლელობამ კიდევ ერთხელ მკვეთრად დაადასტურა, რომ ჩინეთის მთავრობამ საბოლოოდ გადაუხვია დენ სიაო პინის მიერ გამოცხადებულ საგარეო პოლიტიკას, ე.წ. ,,ტაოგუანგ იანგჰუი’’-ს, რომლის მიხედვით ჩინეთს არ უნდა გამოეჩინა ღია ინიციატივები საერთაშორისო ასპარეზზე და თავი უნდა შეეკავებინა რაიმე სარისკო საერთაშორისო საქმეებში მონაწილეობისაგან. პირიქით, სი-ძინპინი, რომელსაც გასული, 2016 წლის სექტემბერში, ჩინეთის კომპარტიამ მიანიჭა ცენტრალური ლიდერის (core leader) ტიტული, რომელიც აქამდე მხოლოდ მაოს, დენ სიაო პინს და ჯან-ძემინს ჰქონდა, აკეთებს მკვეთრ განაცხადს, რომ ჩინეთი ღიად აპირებს მსოფლიო ლიდერობას და სათანადო პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას. პირველად ჩინეთის ისტორიაში, ჩინეთმა დაიწყო დიდძალი თანხების – მრავალი მილიარდი დოლარის ხარჯვა თავისი ,,რბილი ძალის’’ – მიმზიდველობის განსამტკიცებლად.

ამავე დროს, არსებულ საქმიან შეკითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად, ესეგ-ის მაისის ფორუმმა უხვად გააჩინა ახალი შეკითხვები. მრავალი ექსპერტისათვის ,,ესეგ’’ პროექტის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სარგებელი ფრიად საეჭვოა. ბევრი ექსპერტი კი აფასებს ამ ინიციატივას, როგორც ჩინეთის მცდელობას მოახდინოს საკუთარი ინფრასტრუქტურული ბუშტის ექსპორტირება სხვა ქვეყნებში და მიაჩნიათ, რომ ამ ინიციატივას გარდაუვლად არასახარბიელო შედეგი ექნება.

ესეგ-ის მაისის ფორუმზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ მის მიერ ინიცირებული მეგაპროექტი არის ,,მშვიდობის, აყვავების, გახსნილობის (ღიაობის), და ინოვაციების გზა’’. ამავდროულად ჩინურმა მხარემ ახლაც არ წარმოადგინა ის მინიმალური ინფორმაცია, რაც უნდა ახლდეს ნებისმიერ მასშტაბურ პროექტს. არ არის შემუშავებული პროექტის ,,შესრულების მთავარი ინდიკატორები’’, არ არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია ინვესტიციებისა და დაფინანსების მოცულობისა და სქემების შესახებ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ – გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, ესტონეთმა და სხვებმა – უარი თქვა მონაწილეობა მიეღოთ ფორუმის კომუნიკეშიც კი და ეს გამჭვირვალეობის დეფიციტით ახსნეს.

მაინც რა არის ცნობილი ესეგ-ზე?

წამყვანი ექსპერტების აზრით ,,ესეგ’’-ი ფაქტობრივად ქოლგა-პროექტს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს 900-მდე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს (საავტომობილო და სარკინიგზო გზები, პორტები, ელექტროსადგურები, ხიდები და ა.შ.). ეს პროექტები  დამუშავების სხვადასხვა სტადიაზე იმყოფება და უნდა განხორციელდეს ჯამში 60-ზე მეტ ქვეყანაში. საგულისხმოა, რომ არსებობს ამ მეგაინიციატივის მრავალი ,,ნახევრად ოფიციალური’’ რუკა, მაგრამ არცერთი ოფიციალური რუკა დღემდე არ არის გამოქვეყნებული. ცნობილია, რომ ესეგ-ის ძირითად ბაზას ჩინეთიდან ევროპასა და სამხრეთ აზიაში მიმავალი სულ ექვსი ეკონომიკური დერეფანი შეადგენს. ესეგ-ის ინიციატივა ძირითადად მიმართულია ჩინეთის საზღვრებს გარეთ, თუმცა იგეგმება თვით ჩინეთშიაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. ძირითადი ბენეფიციარი უნდა იყოს სინძიან-უიგურის ავტონომიური რეგიონი, რომელიც უნდა გარდაიქმნას ჩინეთის კონტინენტურ ევრაზიასთან დამაკავშირებელ ჰაბად. სინძიანი ესაზღვრება 8 ქვეყანას და სადღეისოდ ყველაზე განვითარებული დერეფანი – ჩინეთი-პაკისტანი სწორედ მასზე გადის.

ესეგ-ის ფინანსირებისათვის ჩინეთის ინიციატივით შეიქმნა ,,ინფრასტუქურების ინვესტირების აზიური ბანკი’’ და ,,აბრეშუმის გზის ფონდი’’ (სახელმწიფო ფონდია). გარკვეული ფინანსირება მოზიდულია აგრეთვე ჩინეთის სხვა მსხვილი ბანკებიდან. ესეგ-ის პროექტებში ინვესტირდება ჩინეთის სუვერენული ფონდის სახსრები (ჩინეთის საინვესტიციო კორპორაციის მეშვეობით) და ჩინეთის ოქროს სავალუტო რეზერვების სახსრები (სავალუტო კონტროლის სახელმწიფო სამმართველოს მეშვეობით). ინვესტიციების მთლიანი მოცულობა დღემდე გაურკვეველია. ფორუმზე სიძინპინმა 124 მილარდი აშშ დოლარი დაასახელა.

არაერთი ექსპერტი გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ თვით ჩინეთშიც მიმდინარეობს დისკუსია ესეგ-ის არსზე – ეკონომიკურია თუ გეოპოლიტიკური იგი. ჩინური ანალიტიკური ჯგუფი ,,არატრადიციული უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი განვითარების კვლევის ცენტრი’’ (რეალურად სახელმწიფო სტრუქტურაა) აღნიშნავს, რომ ესეგ-ის მეშვეობით შესაძლებელია ალტერნატიური ენერგეტიკული და სავაჭრო მარშრუტების შექმნა. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის, ამჟამად მოქმედი სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტები (ძირითად საზღვაო) შეიძლება დაიბლოკოს. ამის გამო კი დიდ მნიშვნელობას იძენს სახმელეთო მარშრუტები, რომლებიც გაივლის ისეთ სუვერენულ სახელმწიფოებზე, რომელიც ნაკლებად განიცდის აშშ-ს გავლენას. მაგალითად შეიძლება პაკისტანის პორტის გვადარის დასახელება, რომელიც ჩინეთს არენდაში აქვს აღებული. ეს პორტი შეიძლება გახდეს ჩინეთისათვის ენერგეტიკული რესურსებისა და ნედლეულის მიწოდების წყარო, იმ შემთხვევაში, თუ აშშ გადაკეტავს მალაკის ვიწრო სრუტეს. ამჟამად მალაკის სრუტით გადის ინდოეთთან, ახლო აღმოსავლეთთან, ევროპასა და აფრიკასთან ჩინეთის თითქმის მთელი ვაჭრობა (50 ათას გემზე მეტი წელიწადში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით).

მაგრამ აიცილებს რა ამ გზით აშშ-ს შესაძლო ჩარევას საზღვაო მარშრუტების ფუნქციონირებაში, ჩინეთი მაშინათვე აღმოჩნდება დამოკიდებული ახალ სატრანზიტო ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. ამ ქვეყნებს შორის კი მრავლად არიან ღარიბი და პოლიტიკურად არასტაბილური სახელმწიფოები. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია ისევ პაკისტანი, სადაც ეკონომიკური დერეფანი გადის არა მარტო გინდიყუშის ქედზე, არამედ იმ მიწებზეც, რომლებსაც ინდოეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს (ამის გამო იდოეთმა უარი თქვა ესეგ-ის ფორუმში მონაწილეობაზე (!)). გარდა ამისა, ეს ტერიტორია დასახლებული ტომებით, რომლებსაც პაკისტანი სუსტად აკონტროლებს – პაკისტანმა უკვე გამოყო 13 ათასი ჯარისკაცი ჩინური მშენებლობების დასაცავად. ამის გამო ჩინეთი უხვად აფინანსებს პაკისტანს.  პაკისტანი არ არის ერთადერთი მაგალითი იმ პოლიტიკური პრობლემებისა, რომლებსაც ხვდება ჩინეთი აბრეშუმის ახალი გზის მარშრუტზე. ა.წ. თებერვალში შრი-ლანკაში იყო მასშტაბური ანტიჩინური გამოსვლები. ერთი წლის წინათ ყაზახეთში მიწის კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ ყაზახეთის დიდ ქალაქებშიც მასობრივი ანტიჩინური გამოსვლები იყო: მიუხედავად იმისა, რომ ჩინელმა ინვესტორებმა ყაზახეთში შეისყიდეს სრულიად უმნიშვნელო ოდენობის მიწები, დამკვიდრდა საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს კანონი კარს გაუღებდა გიგანტი მეზობლის ექსპანსიას ყაზახეთში. ,,ჩინეთში გასრისეს უიგურები, ახლა კი ჩვენი ჯერი მოდის’’, ამბობენ უბრალო ყაზახები. ხოლო მოარული ხმები იმაზე, რომ ყაზახეთის მოსაზღვრე სინძიანში ერთ მშვენიერ დღეს აკრიფეს მთელი უიგურული ინტელიგენცია და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს, პოპულარულია არა მხოლოდ უბრალო ყაზახებსა, არამედ ყაზუხურ ინტელიგენციაშიც.

ფინანსური ექსპერტები ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ესეგ-ის ფარგლებში ჩინურმა ბანკებმა უხვად აფინასებენ ისეთ არასტაბილურ და ღარიბ ქვეყნებსაც, რომლებიც დიდი ალბათობით ვერ დააბრუნებენ აღებულ კრედიტებს და ვერ მიაღწევენ საინვესტიციო პროექტების მომგებიანობას. ამან კი, ადრე თუ გვიან, შეიძლება გამოიწვიოს ჩინეთის საბანკო სისტემის ჩამოშლა მთელი მსოფლიოსათვის სავალალო შედეგებით. აღსანიშნავია, რომ კრედიტების გაცემა და ინვესტიციების დაფინასება ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩინეთს სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები გაუჩნდა და მოუწია იუანის დევალვირება, სავალუტო რეზერვების მკვეთრი შემცირება და ა.შ. ამ ფონზე, მრავალი განცხადების მიუხედავად, ჩინეთი სათანადოდ ვერ ანვითარებს სახმელეთო-სარკინიგზო გზებს. ჩინეთის ვაჭრობამ ევროკავშირთან სადღეისოდ ასტრონომიულ ციფრს მაღწია – დღეში 1.5 მილიარდი ევრო. თვით ჩინეთში კი თავი იჩინა მნიშვნელოვანმა უთანასწორობამ: ზღვისპირა რაიონებში მუშა ხელი მკვეთრად გაძვირდა, დასავლეთ პროვინციებში კი ამ მხრივ ძვრა არ არის და ბევრი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. დამკვირვებლები აღნიშნავენ ნეომაოისტური მოძრაობის მომძლავრებას. ჩინეთი ავითარებს დასავლეთის რეგიონების ათვისების სახელმწიფო პროგრამას, ცდილობს იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენებას. ამ მხრივ თითქოს მიზანშეწონილი უნდა იყოს ევროპისაკენ სინძიანის პროვინციიდან სახმელეთო გზების განვითარება. საბაჟო კავშირში გაერთიანებული ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი ამ მხრივ საუკეთესო საშუალებაა, მით უფრო, რომ რკინიგზით საქონლის გადატანა დროში 12-16 დღეღამის მოგებას მოიტანს საზღვაო გზებთან (30 დღე) შედარებით. მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ მიმათულებით საქმე არ იძვრის. მიზეზი კი ის არის, რომ ევროპაში საზღვაო გზით საქონლის მიტანა 2-1.5-ჯერ იაფია სახმელეთო გზებზე, თანაც ჩინეთი ძირითადად ისეთი საქონლით ვაჭრობს, რომელიც არაა მალფუჭებადი და დროის მოგება ეკონომიკურ ფაქტორში არ გადადის. უფრო მეტიც, ყაზახეთ – რუსეთის გზები გადის ისეთ ადგილებზე, სადაც ზამთარში ტემპერატურა -50 გრადუსს აღწევს. ეს კი ნიშნავს, რომ საჭირო იქნება ვაგონების გათბობა, ვინაიდან ბევრი საქონელი ასეთ ტემპერატურაზე ზიანდება. ამჟამად ჩინეთს გადააქვს ყაზახეთ-რუსეთის გზით ევროპაში მიმავალი საქონლის მხოლოდ 1.6% და წლების განმავლობაში ამ წილის ზრდის დინამიკა ძალზე დაბალია.

ექსპერტები აღნიშნავენ ესეგ-ის კამპანიურ ხასიათს, რაც იმაშიც ვლინდება, რომ ჩინეთის მთავრობამ ესეგის ქოლგა-ბრენდის ქვეშ მოაქცია ის ძველი პროექტებიც, რომელთა განხორციელება ჯერ კიდევ 10-20 წლის წინათ დაიწყო. ამჟამად კი ჩინეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი და პროვინცია ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ მათი პროექტებიც მოხვდეს პეკინის დიდი პროგრამის ეგიდის ქვეშ და ეს მცდელობებიც მკვეთრად ავლენს ესეგ-ის კამპანიურ ხასიათს. ჩანს, რომ მთავარია არა დასაბუთებული ეკონომიკური გათვლების წარდგენა, არა მოსალოდნელი მოგების შეფასება, არამედ პროპაგანდისტული კომპონენტის კარგი ,,პრომოუშენი’’. ის, რასაც საგარეო პარტნიორები ესეგ-ის დიდ ნაკლად მიიჩნევენ, ანუ მკაფიო კრიტერიუმების და პირობების არარსებობას, სი-ძინპინისა და ჩინეთის მრავალი ადგილობრივი მმართველისათვის აშკარა პლუსია. მათ ეძლევათ საშუალება პრაქტიკულად ნებისმიერი ღონისძიება, ჰაინანის კუნძულზე სილამაზის საერთაშორისო კონკურსის ჩატარების ჩათვლით, ესეგ-ის ქოლგა-ბრენდის ქვეშ მოაქციონ და ეს ესეგ-ის ინიციატივის მორიგ წარმატებად გამოაცხადონ. ამ ღონისძიებათა რიცხვში არის ჩინეთი-ევროპა მიმართულების რამდენიმე მატარებლის ერთჯერადი  გაშვებაც, რაც უხვად იყო რეკლამირებული და რასაც არავითარი განვითარება არ მოჰყოლია. (ერთი ასეთი მატარებელი სამიოდე წლის წინათ საქართველოშიც შემოვიდა). აღსანიშნავია, რომ ჩინეთში გაჩნდა ესეგ-ის შემსწავლელი ასობით საექსპერტო და ანალიტიკური ცენტრი. ,,ცენტრალურ ლიდერ’’ სინ ძინპინისათვის ეს ყველაფერი პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების კიდევ ერთი საშუალებაა და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მაისში ჩატარებული ესეგ-ის ფორუმი და შესაბამისი შემდგომი ღონისძიებები ა.წ. შემოდგომაზე ჩინეთის კომპარტიის ყრილობისათვის მზადების მთავარი კომპონენტია. ამ ყრილობაზე ,,ცენტრალური ლიდერი’’ სი უნდა წარდგეს, როგორც მსოფლიოს აღიარებული ლიდერი. აღსანიშნავია, რომ სი-ძინპინი პირველი ჩინელი ლიდერია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში ა.წ. იანვარში და თავის სიტყვაში მან მოუწოდა მთელ მსოფლიოს უზრუნველყოს მუშა ძალის, საქონლის და ფინანსების თავისუფალი გადაადგილება, ვინაიდან ეს დიდ სიკეთეს მოუტანს ყველა ქვეყანას. დამკვირვებელთა აზრით სი ძინპინმა სიტყვა-სიტყვით თქვა ის, რისკენაც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს მოუწოდებდნენ აშშ-ს პრეზიდენტები და ამან მკვეთრი და კომიკური კონტრასტი შეადგინა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის საპირისპირო ლოზუნგებთან.

რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ესეგ-იდან საქართველომ და როგორ უნდა მოქმედებდეს საქართველოს მთავრობა?

ქართველ ექსპერტთა აზრით საქართველოს, ობიექტური მონაცემებიდან გამომდინარე, გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ტერიტორიის ესეგ-ში ჩართვა განსაკუთრებულ მოგებას მოუტანს ჩინეთს და, საზოგადოდ, პოტენციურ ინვესტორებს. მაგრამ სწორედ ესეგ-ის პოლიტიკურმა და კამპანიურმა მდგენელმა შეიძლება უზრუნველყოს ის, რომ ჩინეთმა არ დატოვოს საქართველო უყურადღებოდ. ჩვენი მასშტაბების ასიმეტრიულობამ კი შეიძლება განაპირობოს ჩინეთიდან ისეთი ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც ჩინეთისათვის სრულიად უმნიშვნელო იქნება, საქართველოსათვის კი შეიძლება ყველაზე მსხვილ ინვესტიციად იქცეს, რაც კი მიგვიღია დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე. ამ მხრივ მისასალმებელია საქართველოს მთავრობის ყველა მცდელობა აღნიშნული მიმართულებით: მატარებლის გატარება სათანადო რეკლამირებით, ჩინური ბანკის საქართველოში დაფუძნება და სხვა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში გაშუქდა ფორუმის ფარგლებში საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა ყველას ესმის, რომ ჩინეთის საქართველოსთან ვაჭრობის მოცულობა ჩინეთისათვის სტატისტიკურ ნულთან მიახლოებული იქნება და წლიური მოცულობა ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ევროგაერთიანებასთან ვაჭრობის ყოველდღიური 1.5 მილიარდი ევრო. ქართულმა მხარემ ეკონომიკური არგუმენტების გარდა უნდა აქტიურად გამოიყენოს ,,რბილი ძალის’’ გაზრდის შესაძლებლობა: ის, რომ საქართველოზე ძველად გადიოდა აბრეშუმის გზის ერთერთი განშტოება და თვით მარკო პოლომ საქართველო გამოიარა; ის რომ საქართველო სტალინის სამშობლოა და გორში არის უნიკალური სახლ-მუზეუმი; ის რომ შევარდნაძე პირადად შეხვდა დენ სიაო პინს და რომ შევარდნაძისა და საქართველოს ხათრით ჩინეთმა საქართველოსათვის რთულ წლებში და საქართველოს პრობლემურ რეგიონში ააშენა ჰესი და ა.შ. და რომ საქართველო ბევრს გააკეთებს ესეგ-ის პოპულარიზაციისათვის მთელ რეგიონში. (ამ მხრივ სასარგებლო იქნება ესეგ-ის შემსწავლელი და პროპაგანდისტული ცენტრის შექმნა საქართველოში.)

დაბოლოს აღვნიშნოთ, რომ ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა მეტად სასარგებლო იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის სამხრეთ კავკასიაში ბოლო წლებში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რასაც სამართლიანად აღნიშნავს საქართველოსა და რეგიონის კარგი მცოდნე ამერიკელი მეცნიერი ლინკოლნ მიტჩელი.

პეტრე მამრაძე

გამოყენებული ლიტერატურა:

The Critical Transition: China’s Priorities for 2021, Research Paper Edited by Kerry Brown, Asia Programme, February 2017, Chatham House

Xi’s Vision for China’s Belt and Road Initiative, Paul Haenle, Carnegie-Tsinghua Center for Global Policy, May 09, 2017

Xi Jinping is China’s ,,Core’’ Leader: Here’s What it Means, Chris Buckley, Ney-York Times, Oct. 30, 2016

How China is Using its Economic Goals to Assert its Influence, Matt Ferchen, National Interest, May 25, 2017

Why the West is responsible for China’s OBOR project, Arun K Singh, May 18, 2017, hindustantimes

Один пояс, много тупиков. Зачем Китаю нужен новый Шелковый путь,  Александр Зотин, 24.05.2017, carnegie.ru

Поворот на Восток: Пояс без пути, Александр Габуев, Ведомости, № 4320 от 15.05.2017,

Председатель пути. Что инициатива «Один пояс – один путь» означает лично для Си Цзиньпина и его власти, Игорь Денисов, 19.05.2017, Carnegie.ru

Comments are closed