globalresearch.ge

ენჯიოკრატია საქართველოში, მისი მიზეზები და შედეგები

Posted by Globalresearch on Jul 4th, 2017 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

,,The NGO-cracy in these three countries undermines democracy promotion initiatives. Because NGOs have failed to overcome the Soviet Legacy and occupy the narrow public space between the private sphere and the state, governments have carte blanche’’ (,,ენჯიოკრატია ამ სამ ქვეყანაში ძირს უთხრის დემოკრატიული ინიციატივებისათვის ხელის შეწყობას. იმის გამო, რომ ენჯიოებმა ვერ დასძლიეს საბჭოური მემკვიდრეობა და იკავებენ ვიწრო საჯარო სივრცეს პირად და სახელმწიფო სფეროებს შორის, მთავრობებს კარტ-ბლანში აქვთ’’) – აი ერთერთი დასკვნა ცნობილი ექსპერტის ორისია ლუცევიჩის მოხსენებაში ,,როგორ დავასრულოთ რევოლუცია: სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში’’. (შემდგომ ტექსტში ლუცევიჩის ამ ნაშრომს აღვნიშნავთ [1]-ით, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს (NGO) ვახსენებთ საქართველოში დამკვიდრებული ტერმინით ,,ენჯიო’’).   სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად ციტირებული ლუცევიჩის  მოხსენება გამოქვეყნდა ,,ჩეტემ ჰაუზის’’ მიერ 2013 იანვარში, მაგრამ განვლილ ოთხ წელიწადში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაში არსებულმა  დინამიკამ მხოლოდ განამტკიცა [1]-ში მოცემული ანალიზისა და დასკვნების სისწორე.

[1]-ის ძირითადი დასკვნები კი (გარდა უკვე ციტირებულისა) ასეთია:

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, მოლდოვასა და აზერბაიჯანში ისევ სუსტია, რაც იმაში ვლინდება, რომ მოქალაქეებს პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე გავლენის მოხდენის მწირი საშუალება აქვთ. ეს გამოწვეულია მათი ჩართულობის სიმცირით, კლიენტელისტური ქსელით და კორუფციით;

დასავლეთის მიერ დაფინანსებული ენჯიოები ქმნიან ენჯიოკრატიას, რომლის ფარგლებში ენჯიოების პროფესიონალ ლიდერებს აქვთ ურთიერთობა ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და დასავლეთის დონორებთან და ამ ურთიერთობას იყენებენ საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, მაგრამ ენჯიოების ლიდერები მოწყვეტილნი არიან ხალხის მასას;

ბევრი დასავლეთელი დონორი, რომელმაც განახორციელა მნიშველოვანი ინვესტიციები სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაში, ხშირად აწარმოებს ,,მუდმივი კლიენტების ქსელის’’ მხარდაჭერის პოლიტიკას (ანუ წლიდან წლამდე აფინანსებს ერთ და იგივე ენჯიოებს, პ.მ.) და ამით ინარჩუნებს განხეთქილებას რამდენიმე კარგად ორგანიზებულ ჯგუფსა  და აქტიურ მოქალაქეებს შორის.

[1]-ში აღნიშულია, რომ დასავლეთში ფერადი რევოლუციები თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადეობის ტრიუმფად, თავისუფლებისა და დემოკრატიის გამარჯვებად და დემოკრატიზაციის ,,მესამე ტალღის’’ გრანდიოზულ ფინალად აღიქვეს. (შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მაშინდელმა სენატორებმა ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა სააკაშვილი და იუშჩენკო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს, რასაც ზოგიერთმა ამერიკელმა მეცნიერმა მაშინათვე ,,ნაადრევი მოქმედება’’ უწოდა იხ. [2]). თუმცა [1] იქვე აღნიშნავს, რომ ყოველი ფერადი რევოლუციის შემდეგ ყველა ქვეყანაში გამოიკვეთა ორი პრობლემა: პირველი ის, რომ ელექტორალურ (ანუ არჩევნებით განხორციელებულ) რევოლუციებში კოლექტიური ნების გამოხატვის შემდეგ, იგივე ხალხი რევოლუციების შემდგომ პერიოდში გავლენას ვეღარ ახდენდა ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ვერ აკონტროლებმა თავის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. მეორე პრობლემა კი ის აღმოჩნდა, რომ დემოკრატია უკან-უკან იხევს თუკი  სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლა არ ამაგრებს მას, ხოლო დასავლეთის მიერ სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად დახარჯულმა მილიონობით დოლარმა ვერ უზრუნველყო მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და დემოკრატიის განმტკიცება.

[1]-ში აღნიშნულია: ,,დასავლეთს მიაჩნია, რომ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისათვის მან უნდა გაუწიოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება ადგილობრივ რეგისტრირებულ ენჯიოებს, რათა მათ აქტიური ზეგავლენა მოახდინონ მთავრობაზე. ეს ადგილობრივი ენჯიოები სამოქალაქო საზოგადოების სინონიმად იქცნენ და ფაქტობრივად ახდენენ სამოქალაქო საზოგადოების დისკურსის მონოპოლიზაციას, რითაც უკან იტოვებენ უფრო ფართე საზოგადოებას და მოქალაქეთა ჩართულობის სხვა არაინსტიტუციურ ფორმებს’’. იქვე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით ასეთმა ენჯიოებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ახალგაზრდების და ამომრჩევლების მობილიზაციაში, რამაც საბოლოოდ უზრუნველყო რეჟიმების შეცვლა, თუმცა ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ენჯიოების როლი მარგინალური იყო და სამოქალაქო პროტესტი წარმატებული აღმოჩნდა ადგილობრივი პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერის გამო. [1] აღნიშნავს, რომ ფერადი რევოლუციების შემდეგ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ცდილობდნენ გამარჯვების ტალღაზე დაემკვიდრებინათ მოქალაქეთა ჩართულობის ახალი სულისკვეთება,  საქართველოში ,,კმარამ’’, უკრაინაში ,,პორამ’’ და მოლდოვაში ,,იფიქრე მოლდოვაზე’’ და ,,კიშინოვის ჰაიდ-პარკმა’’ ვერ შეძლეს რევოლუციების კოლექტიური ენერგიის ტრანსფორმირება ორგანიზებულ, ზომიერ სამოქალაქო ძალად. საქართველოში ,,კმარა’’ საერთოდ დაიშალა, ხოლო ენჯიოების ყველაზე აქტიურმა ლიდერებმა დაიკავეს მაღალი თანამდებობები საქართველოს ახალ ხელისუფლებაში. ამის შემდეგ კი ხელისუფლებამ გარიყა ენჯიოების დანარჩენი სექტორი და აღკვეთა მათი მონაწილეობა სერიოზულ საჯარო დისკურსში [1].

ორისია ლუცევიჩის მოხსენება ემყარება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მაღალ დონეზე ჩატარებულ სამეცნიერო კვლევას. მოხსენების ყოველი დებულება ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტობრივ მონაცემებს, შესწავლილია დაფინანსება, კონკრეტულად გამოკვლეულია ენჯიოების საქმიანობა და ამ საქმიანობის შედეგები, ჩატარებულია მრავალი გამოკითხვა. ამ წერილის ავტორს არ ჰქონია მსგავსი სამეცნიერო კვლევის ჩატარების საშუალება, მაგრამ გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ახლოდან და, როგორც იტყვიან, ,, შიგნიდან’’ ვაკვირდები ლუცევიჩის მიერ შესწავლილ მოვლენებს. პრაქტიკულად მთლიანად ვეთანხმები ლუცევიჩის ანალიზს და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით და აქვე მინდა ერთგვარი დამატების სახით შემოგთავაზოთ ჩემი პირადი დაკვირვებებით მოპოვებული ინფორმაცია.

უშუალო მოწმე ვარ იმისა, რომ ზურაბ ჟვანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებული ახალგაზრდების რეკრუტირებას თავის პოლიტიკურ გუნდში. ზურაბი ხშირად ამბობდა – ,,ყველა ,,კაი ტიპი’’ ჩვენთან უნდა იყოს’’ და დაუღალავად ეძებდა განათლებულ და ენერგიულ ახალგაზრდებს. ზურაბი ხაზს უსვამდა იმას, რომ ასეთი ახალგაზრდა უსათუოდ ამბიციურიც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ამბიციის გარეშე საკმარისი სტიმული არ ექნებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე გაძლებისა და დაწინაურებისათვის. როდესაც ამბიციური ახალგაზრდების რაოდენობამ გარკვეულ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია (მ.სააკაშვილს ამ ახალგაზრდებს შორის უკვე გამორჩეული ადგილი ეკავა), ზურაბის ერთმა თანატოლმა-თანაგუნდელმა გააფრთხილა, რომ მალე ზურაბის მიერ შეკრებილი ამბიციური ახალგაზრდები თვითონ ზურაბს ,,მოინელებდნენ’’, მაგრამ ზ.ჟვანიამ მისთვის ჩვეული ემოციურობით ბრალი დასდო ამ თანაგუნდელს, რომ ის უბრალოდ ,,ვერ იტანდა ახალგაზრდა ინტელექტუალებს’’. თავის მხრივ ,,ახალგაზრდა ინტელექტუალები’’ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ,,კაი ტიპების’’ შემოკრებას და მაშინდელ ენჯიოების ლიდერებთან და ერთადერთი არასამთავრობო ტელევიზიის ,,რუსთავი 2’’-ის ჟურნალისტებთან და ხელმძღვანელთან, ეროსი კიწმარიშვილთან, მჭიდრო თნამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ ე.კიწმარიშვილი არასოდეს მალავდა და პირად საუბრებში პირდაპირ აცხადებდა, რომ მისთვის ტელევიზია იყო ბიზნესი და, შესაბამისად, ფულის კეთების საშუალება. 1998 წლიდან საქართველოში სულ უფრო ძლიერდებოდა კორუფცია, მანამდე ,,საბაზრო ეკონომიკურ რეფორმებში პოსტსაბჭოური სივრცის ჩემპიონად’’ (ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გერი ბეკერის შეფასება) აღიარებული ქვეყანა სწრაფად იძენდა ,,არშემდგარი სახელმწიფოს’’ სტატუსს. სწორედ იმ პერიოდში დასავლეთის დონორებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს საქართველოში ენჯიოების და მას-მედიიის მხარდაჭერას, ხოლო პარლამენტში ,,ახალგაზრდა რეფორმატორების’’ ჯგუფთან ურთიერთობას. ეს ბუნებრივიც იყო. მაშინ სახელისუფლებო წრეებში გაჩნდა ,,უერთგულესი ბიჭების’’ და ,,მოღალატე რეფორმატორების’’ ცნებები. მოწმე ვარ იმისა, რომ ,,მოღალატე რეფორმატორები’’ და ენჯიოების ლიდერები იმხანად უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრისას სრულ სიმართლეს ეუბნებოდნენ უცხოელებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ხოლო ,,უერთგულესი ბიჭები’’ უტიფრად უმტკიცებდნენ უცხოელებს, რომ ყველაფერი იყო შესანიშნავად და ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ,,მოღალატე რეფორმატორები’’ ცილს წამებდნენ ხელისუფლებას, ვინაიდან სურდათ ხელისუფლების დისკრედიტაცია ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. ,,მოღალატე რეფორმატორებს’’ ნამდვილად უნდოდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მაგრამ იმხანად უცხოელებს ,,მოღალატეები’’ და ენჯიოების ლიდერები მხოლოდ სიმართლეს ეუბნებოდნენ უცხოელებს, ამხელდნენ კორუფციას და მართვის კორუმპირებულ სისტემას. არც ტყუილის თქმა და არც არსებული ვითარების დრამატიზება მაშინ ნამდვილად არ სჭირდებოდათ და უცხოელთა ნდობასაც იმსახურებდნენ თავისი სიმართლით და დემოკრატიისათვის ბრძოლის მზადყოფნით.

ვითარება იძაბებოდა. ,,თავისუფლების ინსტიტუტი’’ სულ შვიდი ახალგაზრდისაგან შედგება, მაგრამ ტელევიზორი რომ ჩართო (იგულისხმებოდა პირველ რიგში ,,რუსთავი 2’’), გეგონება, რომ ეს არის ხალხმრავალი და ძალიან ძლიერი ორგანიზაცია’’, იუმორით მეუბდებოდა ენდიაის მაშინდელი ხელმძღვანელი. ამავდროულად აშშ-ს საინფორმაციო სააგენტოს მაშინდელი წარმომადგენელი საქართველოში, ქალბატონი ვიკა (პირობითი სახელია), გულისწყრომით მეუბნებოდა, რომ ყველაფერი იღონა ,,რუსთავი 2’’-ის თანამედროვე დამოუკიდებელ ტელევიზიად ჩამოყალიბებისათვის, რომ აშშ-მ არ დაზოგა ფინანსები, რომ ჩატარდა ტრეინინგები, ტელევიზიას გაეწია ლოგისტიკური დახმარება და ა.შ. და ყველაფრის ამის შედეგად ,,ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი საბჭოური ტელევიზია, ოღონდ უფრო თანამედროვე და უფრო პროფესიონალური’’. ქალბატონ ვიკას ვუხსნიდი, რომ ეს გარდაუვალი იყო და რომ ვითარება მხოლოდ მაშინ შეიცვლებოდა, როცა ელექტრონული მას-მედიის ბაზარზე არა ერთი (ანუ ავტომატურად მონოპოლისტი), არამედ ორი-სამი მაინც ერთმანეთისაგან და ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზია შეიქმნებოდა, ვინაიდან მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მას-მედიას შეუძლია საბოლოო ჯამში ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის. აქვე აღვნიშნავ, რომ ,,ახალგაზრდა რეფორმატორები’’ იმ პერიოდში ინტენსიურად პატრონობდნენ მეგობარ ენჯიოებს. ისინი იყენებდნენ იმას, რომ მაშინდელ ხელისუფლებაში არაერთი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა ეკავათ (მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები და მინისტრები) და უხსნიდნენ უცხოელ დონორებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ენჯიოების უხვ დაფინანსებას საქართველოში კორუფციასთან ბრძოლისათვის, მას-მედიის თავისუფლებისათვის, დემოკრატიის გამარჯვებისათვის და ა.შ.

ვითარება მკვეთრად შეიცვალა 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციის შემდეგ. ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ენჯიოებს და ტელევიზიას იხილავდნენ როგორც ,,მმართველი სიმაღლეების’’ შემადგენელ ნაწილს. ,,რუსთავი 2’’ უკვე 2004 წლის ზაფხულში მთლიანად დაიქვემდებარეს (ცრუმაგიერ მფლობელად მაშინ ოქრუაშვილის ახლობელი ქიბარ ხალვაში აირჩიეს). ენჯიოების ყველაზე აქტიურმა ლიდერებმა, რომლებმაც საქართველოს ახალ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობებზე დაიკავეს ([1]), შეინარჩუნეს სრული კონტროლი თავის ენჯიოებზე და აქტიურად იყენებდნენ თავის ძალაუფლებას სხვა  ენჯიოების სრული დამორჩილებისათვის. ,,ნაცებს’’ ამ მხრივ ძალიან დაეხმარა აშშ-ს პრეზიდენტის პირადი ნდობა სააკაშვილისადმი. ცნობილი ამერიკელი მეცნიერები ლ.მიტჩელი და ა.ქუული წერილში ,,არასწორი მიდგომა მეგობრებთან ურთიერთობისადმი’’ ([3]) აღნიშნავდნენ, რომ ჯორჯ ბუშმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ ,,საქართველო ეს მიშაა’’ და რომ საქართველოსთვის დახმარება მდგომარეობდა მთელი გამოყოფილი დახმარების სააკაშვილისათვის გადაცემაში, ვინაიდან სააკაშვილს თავის რეფორმატორ-თანაგუნდელებთან ერთად უნდა უკეთესად სცოდნოდა, როგორ გამოეყენებინა ეს დახმარება საქართველოს საკეთილდღეოდ, ვიდრე ვაშინგტონში მყოფმა ბიუროკრატებს. თბილისში, იმ წლებში, მართლაც დამკვიდრდა აზრი, რომ მხოლოდ ის ენჯიო მიიღებდა უცხოელი დონორების დახმარებას, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების შესაბამისი წევრები გაუწევდნენ რეკომენდაციას.

გადიოდა წლები და დასავლეთის არაერთი დამკირვებელი ხვდებოდა, რომ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდა. თვისობრივი ცვლილება დასავლურ წარმოდგენაში მოხდა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია ,,იმედის’’ ბარბაროსულმა დარბევამ და დახურვამ ამ მხრივ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ვიდრე ქუჩაში ხალხის ცემამ პოლიციის და უფორმო ,,ზონდერების’’ მიერ. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტობიდან ,,გადამდგარი’’ სააკაშვილის 2008 წლის იანვარში პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემდეგ ორი ცნობილი ენჯიოს ხელმძღვანელი გია ნოდია და თემურ იაკობაშვილი გაპრეზიდენტებულმა სააკაშვილმა მინისტრებად დანიშნა და ასე დაუფასა თანადგომა რთულ პერიოდში. ,,საქართველო: ავტორიტარიზმისკენ სრიალი?’’, ასეთი სათაურით გამოვიდა 2007 წლის დეკემბერში კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის ანგარიში საქართველოზე. ჯგუფის მუშაკებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ საქართველოში უკვე ნამდვილი ავტორიტარიზმი სუფევდა და რომ სააკაშვილის გადადგომა მხოლოდ ფიქტიურ ხასიათს ატარებდა – ,,გადამდგარ’’ სააკაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში ისევე ექვემდებარებოდა მთელი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, როგორც მანამდე.

წერილის მოცულობა საშუალებას არ იძლევა მოვიყვანოთ სააკაშვილის რეჟიმისადმი ენჯიოების სრული მორჩილების მრავალი მაგალითი. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სააკაშვილმა და მისმა ნაცებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავისი მხარდამჭერი ენჯიოები. გაიზარდა მათი რიცხვიც და სააკაშვილის ხელისუფლების არაერთი წევრი ახლადშექმნილი ენჯიოების ლიდერად მოგვევლინა. ეს ენჯიოები დღესაც ინტენსიურად და წარმატებულად თანამშრომლობენ უცხოელ დონორებთან. ამხელენ 2012 წლის შემდეგ საქართველოში დამკვიდრებულ მართვის პატრონ-კლიენტელურ სისტემას და მის ყველა მანკიერ თვისებას და ისევ სიმართლეს ლაპარაკობენ, როგორც ამას აკეთებდნენ ,,ვარდების რევოლუციამდე’’. უცხოელებიც (რომელთა შორის სადღეისოდ ცოტა თუ არის სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებების მომსწრე ან მცოდნე), რწმუნდებიან, რომ ეს ადამიანები ნამდვილად პროდასავლურად არიან განწყობილი და მხოლოდ სიმართლეს ამბობენ, კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობიან და ა.შ. ცნობილი ბლოგერის სოლომონ თერნალელის აზრით, ჩვენში ისეთი ვითარება შეიქმნა, როგორიც გერმანიაში იქნებოდა, ჰიტლერი რომ გადარჩენილიყო და უცხოეთში მიეწვიათ ნაციონალ-სოციალისტური რეფორმების ჩასატარებლად, ხოლო ჰიმლერს, გერინგს, გებელს და სხვებს ბუნდესტაგში რომ ამოეყოთ თავი და მისი ტრიბუნიდან გაეკრიტიკებინათ ადენაუერის მთავრობა მეორე მსოფლიო ომში დამარცხებისა და გერმანიის გახლეჩისათვის.

ნაცების მორჩილი ძველი და ახალი ენჯიოების ლიდერებს არც კი ესმით ცინიზმის რა სიმაღლეებს აღწევენ და სინდისიც არასოდეს აწუხებთ. ნაცები, ანუ სხვანაირად ნეოკომები (ნეოკომკავშირლები) ერთმანეთთან კორპორაციული ზნეობით (დ.ბერეკაშვილის შეფასებაა) არიან შეკრულები. მათ სწამთ, რომ მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას, ხოლო მიზანი, პოსტმოდერნიზმის ფასეულობების შესაბამისად არის პირადი წარმატება, წარმატების კრიტერიუმი კი არის მატერიალური სიმდიდრე და მაღალი თანამდებობა. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს ხელისუფლების პროექტს ინტენსიურად აკრიტიკებდნენ და ახლაც აკრიტიკებენ ნაცები და მათი ენჯიოების ლიდერები, სწორედ ისინი, ვისაც ხმა არ ამოუღია მაშინ, როდესაც სააკაშვილი წლების განმავლობაში ჭრიდა და კერავდა კონსტიტუციას თავისი ინტერესებისა და სნებიანი ფანტაზის შესაბამისად.

,,პოლიტიკა დამოუკიდებელ საქართველოში ხასიათდება არა დემოკრატიულბით, არამედ არასტაბილურობით, კონფლიქტებით და ავტორიტარიზმით. <….> დასავლეთის საგარეო პოლიტიკამ, დიპლომატიურმა სტრატეგიამ და დახმარების ინტერვენციამ სინამდვილეში გააძლიერა ის, რასაც ლევიცკიმ და ვეიმ  ,,კონკურენტუნარიანი ავტორიტარიზმი’’ უწოდეს და ამასთან ერთად ხელი შეუწყო პოლიტიკურ არასტაბილურობას და კონფლიქტების გამწვავებას ქვეყანაში. ასეთი მიდგომით მათ დახმარება გაუწიეს საქართველოს ერთმანეთის შემცვლელ მთავრობებს, გაეხანგრძლივებინათ ძალაუფლების შენარჩუნება <….>’’ წერს ჯოელ ლაზარუსი თავის ნაშრომში: ,,ნეოლიბერალური სახელმწიფოს აღმშენებლობა და დასავლეთის მიერ ,,დემოკრატიის განვითარებისათვის ხელის შეწყობა’’: საქართველოს მაგალითი’’ [4].

საქართველოში პლურალისტული ფეოდალიზმი სუფევს, წერდა 2009 წლის ზაფხულში ათენში მოღვაწე ცნობილი მეცნიერი ილია რუბანისი [5]. მეცნიერი ზუსტად და ღრმად ჩასწვდა ჩვენში არსებული ვითარების არსს: მან დაინახა, რომ ქართული პოლიტიკა ლიდერობაზეა დამყარებული და არა წარმომადგენლობითობაზე; ყველა პარტია რომელიმე პიროვნების გარშემო იქმნება და სწორედ ამის გამოა, რომ პატარა ქვეყანაში 180-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული (ამჟამად 240-ზე მეტი, პ.მ.); პოლიტიკა იმდენად პერსონალიზებულია, რომ ლიდერების პოლიტიკური პოზიციების სხვაობას ხშირად არავინ აქცევს ყურადღებას; საქართველო ქვეყანაა, სადაც სრულიად განსხვავებული, თუნდაც ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური პროგრამების მქონე ოპოზიციური ლიდერები შეიძლება გაერთიანდნენ მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ პრეზიდენტის გადაყენება უნდათ;

ერთი სიტყვით, ეს არის ფეოდალური ტიპის პოლიტიკური სისტემა, სადაც ტელევიზიაში დადებითი გაშუქების კაც-საათები და პატრონ-კლიენტური ურთიერთობების ინდივიდუალური ქსელები ძალაუფლების მოპოვების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს;

საქართველოში საერთოდ არ არსებობს საშუალო ფენა; ეს ფენა ვერც იარსებებს ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს დაზღვევის სახელმწიფო სისტემა, ჯანდაცვის სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, განათლების სახელმწიფო სისტემა, სახელმწიფო ან “სტრატეგიული” სატრანსპორტო ინფრასტრუქტურები და ა.შ. ევროპაში ეს ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული იქმნებოდა და ხელს უწყობდა იმას, რომ ყოველ სოციალურ ფენას თავისი წვლილი შეეტანა საზოგადოებრივი პარტნიორობის სისტემის შექმნაში;

საქართველოში კი საზოგადოებრივი პარტნიორობა არ არსებობს: პროფკავშირებს კანონით ეკრძალებათ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება და მათ არსებობას აზრი ეკარგება; მეტწილად აგრარულ სახელმწიფოში საერთოდ არ არსებობს კოოპერატიული მოძრაობა; მიზეზთა გამო ეკლესია ერთადერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელსაც სიტყვა ეთქმის ყველაფერზე, რაც კი ხდება.

მაშ, რა რჩება? თუ პოლიტიკოსები განცალკევებული ინდივიდები არიან, თუ საზოგადოება მხოლოდ ინდივიდების სიმრავლეა, მაშინ, რა უდგას წინ, რომ პოლიტიკური სისტემა სააქციო ფირმად გარდაიქმნას? (!.პ.მ.)

საზოგადოებრივ საყრდენს მოკლებულ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლებელია ჰქონდეთ და, შესაბამისად, არც გააჩნიათ ქვეყნის მომავლის განსხვავებული სტრატეგიული ხედვა. სწორედ ამიტომ ვერც ხელისუფლება და ვერც პოლიტიკური პარტიები ვერ სთავაზობენ ხალხს თავის პასუხებს ხალხის და სახელმწიფოს წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებზე.

კანონის უზენაესობას დიდი პრობლემები აქვს. ხელისუფლება იღებს კანონებს და შემდეგ თვითონ ახდენს მათ ინტერპრეტირებას შეკავების და დაბალანსების მექანიზმების სრული არარსებობის პირობებში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს ოპოზიციის ფინანსური მხარდაჭერას, საზარელი თავდასხმების სამიზნე ხდება. უდიდესი პრობლემა კი ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტებას ისევ ცალკეული პიროვნებები ეწინააღმდეგებიან და არა – ხალხი. მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ როცა ოპოზიციას არ აქვს ფესვები საზოგადოებაში, ძალაუფლების სტრუქტურის რეფორმირების ნაცვლად მხოლოდ ძალაუფლების სათავეში მყოფი პიროვნებების შეცვლა ხერხდება. ძალაუფლების სათავეში მოსული ადამიანი კი ღებულობს კარტ-ბლანშს (ანუ მანდატს აკეთოს ის, რაც უნდა) პრეზიდენტობის მთელი ვადისათვის. (შეადარეთ ლუცევიჩის მიერ ნახსენებ ,,კარტ-ბლანშს’’ წერილის დასაწყისში, პ.მ.)

აი, მოკლედ, ის ძირითადი აზრები, რომელიც მოყვანილია რუბანისის წერილში. ბოლოს რუბანისი ასკვნის, რომ ქართული “დემოკრატია” “პლურალისტურ ფეოდალიზმს” წააგავს და მოუწოდებს დასავლეთს გადახედოს პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში რეფორმებისადმი თავისი მიდგომას: იქნებ, სწორედ ჩვენი ნაკარნახევი რეფორმები ქმნის იმ ტიპის ინდივიდუალიზმს, რომელიც დემოკრატიაში არ გარდაიქმნება? ასეთი კითხვით ამთავრებს წერილს მეცნიერი, რომელიც ჭეშმარიტების ძიებას პოლიტკორექტულობაზე აშკარად მაღლა აყენებს.

რაც შეეხება ,,ქართული ოცნების’’ მიდგომას ენჯიოებისადმი: აშკარაა, რომ ,,ოცნებამ’’ პრაქტიკულად არ იზრუნა თავისი მორჩილი ენჯიოების შესაქმნელად და არც არსებული, მათ შორის ნაცების ძველი და ახალი ენჯიოების დამორჩილებაც არ უცდია. ასევე აშკარაა, რომ ,,ოცნებას’’ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია ნაცების მიერ საზოგადოების ატომიზაციის გამოსწორებისა და საშუალო ფენის განვითარების ხელშეწყობისათვის.

მე-20 საუკუნის გამოჩენილმა მეცნიერმა ერნსტ გელნერმა შეიმუშავა სამოქალაქო საზოგადოების შემდეგი კრიტერიუმი: თუ ქვეყანაში არის სამოქალაქო საზოგადოება, მაშინ ის ადამიანები, რომლებსაც ფულის კეთება უნდათ, მიდიან პირდაპირ ბიზნესში და მთავრობასთან მათი ურთიერთობა გადასახადების გადახდით და სხვა კანონების შესრულებით შემოიფარგლება; ხოლო თუ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება არ არის, მაშინ ისინი, ვისაც ფულის კეთება უნდა, იძულებულნი არიან წავიდნენ ხელისუფლებაში (პარლამენტში, მთავრობაში, მარეგულირებელ კომისიებში და ა.შ.), ვინაიდან სხვანაირად ფულის კეთება შეუძლებელია. საქართველოს დამოუკიდებლობის ახალი ისტორია ცხადყოფს, რომ საშუალო ფენა (სამოქალაქო საზოგადოება) ჩვენში ძალზე სუსტია. ვფიქრობ საქართველოს და მთლიანად პოსტსაბჭოური ქვეყნების (ცხადია ბალტიის ქვეყნების გარდა) მაგალითი ცხადყოფს იმასაც, რომ საშუალო ფენის წარმოქმნა შეუძლებელია შესაბამისი ეკონომიკური და სოციალური განვითარების გარეშე; რომ მისი წარმოქმნა ,,ახალ დამოუკიდებელ ქვეყნებში’’ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში, როდესაც საშუალო ფენა თვალსა და ხელს შუა ,,ორთქლდება’’ დასავლეთის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ძალზე რთულია. ხოლო ის აზრი, რომ ადგილობრივი ენჯიოების გამრავლება და დაფინანსება ხელს შეუწყობს და დააჩქარებს საშუალო ფენის წარმოქმნას ისეთივე მცდარია, როგორც ასეთი ენჯიოების გაიგივება და გასაღება სამოქალაქო საზოგადოებად. ([1]-ში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად მათი მატერიალური მდგომარეობისა, პრაქტიკულად არასოდეს არ აფინანსებენ ქართულ ენჯიოებს – კომენტარი ზედმეტია).

დაბოლოს: ყველა მოყვანილი მოსაზრების მიუხედავად მიმაჩნია, რომ საქართველოში ენჯიოების არსებობამ ჯამში დადებითი შედეგი მოუტანა ჩვენს ერს და სახელმწიფოს და მათი საქმიანობის გარეშე საქართველოში კიდე უფრო მეტი ფეოდალიზმი და ნაკლები პლურალიზმი იქნებოდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.How to Finish a Revolution: Civil Society and Democracy in Georgia, Moldova and Ukraine, Orysia Lutsevych, Chatham House briefing paper, January 2013;

2.Georgia: Don’t Let the Rose Revolution Wilt, Derek Cholet, Philip H.Gordon, Brookings op-ed, August 2005;

3.No Way to Treat Our Friends: recasting recent US-Georgian relations, Cooley, A and L.Mitchell, The Washington Quarterly 32 (1), 2009;

4.Neo-liberal State Building and Western ,,Democracy Promotion’’: the case of Georgia, Joel Lazarus, St Anthony College, University of Oxford;

5.Georgia’s pluralistic feudalism: a frontline report, Ilia Roubanis, Open Democracy, 3 July, 2017.

პეტრე მამრაძე

Comments are closed