globalresearch.ge

ქართული ლარის გაუფასურების პროტაგონისტის ძიებაში…

Posted by Globalresearch on Feb 25th, 2015 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

საქართველოზე მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ 0.03 პროცენტი და მსოფლიო მოსახლეობის – 0.06 პროცენტი მოდის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში დაახლოებით ორჯერ ნაკლები მთლიანი შიგა პროდუქტი (მშპ) იწარმოება, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტემპებით კი (2012-2014 წწ. – 4.6%) ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის უღარიბესი სახელმწიფოს – ბულგარეთის დონეს მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ-ით ათი წლის შემდეგაც ვერ მიაღწევს. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პრობლემა ეგზისტენციური დატვირთვისაა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული არა მარტო ქართული სახელმწიფოს როლი და წონა მსოფლიოში, არამედ მისი მდგრადობა შიდა თუ გარე გამოწვევებისადმი, მისი მოქალაქეების კეთილდღეობის დონე და დინამიკა.

მიუხედავად ასეთი ბანალური ჭეშმარიტებისა, პარადოქსულიც კია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული საზოგადოების, მედიისა და ხელისუფლების რეაქცია ლარის დევალვაციაზე გაცილებით კატეგორიული და რეზონანსულია, ვიდრე ეკონომიკური ზრდის აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელ, დაბალი ტემპებზე.

არ არის ეს ჩვენი „რიგითი“ თუ „გამოჩენილი“ თანამოქალაქეების მხოლოდ ემოციური ან თუნდაც ირაციონალური განწყობის გამოვლენის შედეგი. – ამას სულ სხვა სარჩული უდევს საფუძვლად. – კორელაციის დაბალი ხარისხი  ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ცალკეული პირების, შინამეურნეობების კეთილდღეობის ზრდას შორის. ამჟამად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტს აქვს სტაბილური სამუშაო ადგილი და, შესაბამისად, გარანტირებული შემოსავალი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ასეთი სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სახელმწიფო სექტორშია შექმნილი, სადაც ჯერ კიდევ მაღალია პირადი ნაცნობობისა და ნეპოტიზმის ნიშნით თანამდებობების დაკავების სიხშირე. ამასთან,  მათთვის, ვინც ამ „ოქროს თხუთმეტ პროცენტში“ ვერ ხვდება, ნაკლები პრაგმატული და ემოციური დატვირთვა აქვს  ზრდის მაკროეკონომიკური პარამეტრების ცვლილებას, რამეთუ ისინი, როგორც უკვე ითქვა, ვერ ხედავენ პირდაპირ კავშირს ქვეყნის მშპ-ის ზრდასა და პირადად მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას შორის.

აი, ლარის გაუფასურება კი სხვა საქმეა! – ლარის დევალვაცია „დედაწულიანად“, დიდსა და პატარას, ყველას ეხება! რიგითმა მოქალაქეებმა, უმუშევრებიდან დაწყებული და პენსიონერებით დამთავრებული, კარგად იციან, რომ ხატოვნად რომ ვთქვათ, დილით თუ ლარი დაეცემა, საღამოთი უკვე მედიკამენტები იქნება გაძვირებული, ხვალ შუა დღემდე – ბენზინი, ხოლო ორიოდ დღეში – პური ჩვენი არსობისა… აი, რატომაა ასეთი რეაქცია ლარის დევალვაციაზე. – ჩვენთან პრობლემის სიმწვავის მასშტაბებს განსაზღვრავს ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკა მეტისმეტად იმპორტდამოკიდებულია, ხოლო ფულის მიმოქცევა – დოლარიზებული! – იმპორტის თანაფარდობა  მშპ-სთან 52 პროცენტს აღემატება, მაშინ როდესაც ევროკავშირში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 12 პროცენტია. კიდევ უფრო მაღალია დოლარიზაციის დონე – 60 პროცენტზე მეტი[1].

საქართველოსთან შედარებით  ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აშშ დოლართან ნაკლებ მტკივნეულად განიცდიან ის ქვეყნები, სადაც ეროვნული ეკონომიკის იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი გაცილებით სუსტია. მაგალითად, იაპონიის დამოკიდებულება იმპორტზე მხოლოდ 16 პროცენტია, ნორვეგიისა – 17 პროცენტი, ისრაელისა – 25 პროცენტი. აღნიშნულის გამო ეს ქვეყნები საკუთარი ვალუტის დევალვაციას გაცილებით მშვიდად, ნაკლები ვნებათღელვით ხვდებიან, რადგანაც იციან, რომ ეს სამომხმარებლო ფასების დონზე შედარებით სუსტად იმოქმედებს. ამიტომაც, მაგალითად, ნორვეგიაში კრონას აშშ დოლართან 30-პროცენტიანი გაუფასურება თითქმის 2-ჯერ ნაკლებ გავლენას ახდენს ამ ქვეყნის შიდა სამომხმარებლო ბაზარზე, ვიდრე ქართული ლარის „მხოლოდ“ 15-პროცენტიანი დევალვაცია – ჩვენს შიდა ბაზარზე…

ეკონომიკის ზრდის კვალობაზე იზრდება ლარის გაუფასურებით მიღებული ეკონომიკური ზარალის მასშტაბებიც. თუ 2003 წელს ლარის აშშ დოლართან ერთი პუნქტით დაცემა ყოველი შინამეურნეობის რეალური შემოსავლების მოცულობას საშუალოდ თვეში მხოლოდ 0.85 ლარით ამცირებდა, ამჟამად უკვე -  ხუთ ლარზე მეტით. არადა,  ლარის საშუალო კურსი ბოლო თვეებში თავისუფალი ვარდნის აჩქარებით ეცემა. – თუ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი 12 თვის მანძილზე იგი თვეში საშუალოდ მხოლოდ 0.04 პუნქტით უფასურდებოდა, მოდევნო ერთი წლის მანძილზე, შესაბამისად, 0.86 პუნქტით, 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით – საშუალოდ 5 პუნქტით, ხოლო მხოლოდ თებერვალში (23 თებერვლის მდგომარეობით) წინა თვესთან შედარებით – უკვე 26 პუნქტით გაუფასურდა (1$ = 2.20 ლარი). აღნიშნულის გამო მოსახლეობის მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული სამომხმარებლო და იპოთეკით დატვირთული 2.5 მლრდ. ლარზე მეტის კრედიტების მხოლოდ  მომსახურებაზე 2015 წლის თებერვალში, წელზე გადაანგარიშებით, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონი ლარით მეტი იქნება გადასახდელი.

აქ კითხვა სხვა ასპექტითაც შეიძლება დაისვას: კი მაგრამ, ლარი ხომ ამჟამინდელ მდგომარეობაზე უფრო სუსტიც ყოფილა, რატომაა ასეთი აჟიოტაჟი მის თანაფარდობაზე აშშ დოლართან? ხომ ჰქონდა ლარს ამჟამინდელზე გაცილებით დაბალი კურსი? – მაგალითად, 1999 წლის მარტში 1 დოლარი 2.45 ლარი ღირდა. თვით ამჟამინდელი კურსი კი  დაახლოებით შეესაბამება 2003 წლის საშუალო კურსს, თუმცა მაშინ ასეთ აჟიოტაჟს ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. ან, რატომ მოითხოვს, ხატოვნად რომ ვთქვათ, „რიგითი ლარიანის გადასარჩენად“ ოპოზიცია ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გადაყენებას, ხოლო ცალკეული დამოუკიდებელი ექსპერტები კი – ანტიკრიზისული საგანგებო კომიტეტის შექმნას?!

ამის მიზეზი რამდენიმეა.

ჯერ ერთი, საქართველოს ეკონომიკა, ზრდასთან ერთად, როგორც უკვე ითქვა,  სულ უფრო მეტად ხდებოდა დამოკიდებული, მყარად  მიჯაჭვული მსოფლიო ეკონომიკაზე. ამჟამად იმპორტის თანაფარდობა მშპ-სთან  თითქმის ორჯერ აღემატება 2003 წლის დონეს (2003 წ. – 28%, 20014 წ. – 52%).  შესაბამისად, თუ 2003 წელს ლარის ერთი პროცენტული პუნქტით  გაუფასურება იმპორტის გაძვირებას მხოლოდ 10 მილიონი ლარით იწვევდა, ამჟამად უკვე – დაახლოებით 90 მილიონი ლარით.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: მაინც,  რა ფაქტორებმა განაპირობეს ლარის ვარდნა და ვინ არის დამნაშავე? ეს ერთი ფაქტორის, პიროვნების ან ინსტიტუტის „დამსახურება“ ნამდვილად არ არის. ამას – ლარის დევალვაციას – დავით გურამიშვილს რომ დავესეხოთ, „ყველამ წაჰკრა თითო კუშტი“.

ქართულ ფოლკლორსა და ზეპირსიტყვიერებაში სამყარო სამ ვეშაპზე  ან ხარის რქაზე დგას. „ანალოგიურად“, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის სტაბილურობა სამ მაკროეკონომიკურ „ვეშაპისნაირი“ ინდიკატორის დინამიკაზე (1. ქვეყნის ექსპორტი, სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსები; 2. უცხოური ინვესტიციები; 3. უცხოეთიდან ქვეყანაში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები) და ექვს გარემოებაზე (1. ქვეყნის ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობა, გამოწვევები და რისკები; 2. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა; 3. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა „იაფი“/“ძვირი“ ფულის თაობაზე; 4. ფინანსურ ბაზარზე სპეკულაციური თამაშობების შესაძლებლობები და მასშტაბები; ე) საზოგადოებრივი განწყობილება და მოლოდინი) დგას.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

საქართველოს „ტრადიციულად“ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ექსპორტით იმპორტის გადაფარვა დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ 20-25 პროცენტის დონეზე იყო; უკანასკნელ  წლებში კი 33-36 პროცენტის ფარგლებშია.

ამავე დროს, ბოლო პერიოდში საქართველოს ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა, ხოლო სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მარტო ერთი, 2014  წლის მანძილზე 600 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა და 5.7 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა – ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ამ ათიოდე წლის წინანდელი ქვეყნის მშპ.

ექსპორტის  საგრძნობლად შემცირებაზე გავლენა იქონია რამდენიმე ფაქტორმა. – ჯერ ერთი, უკრაინის ამბებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს ამ ქვეყნის მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე. უკრაინაზე მოდიოდა საქართველოს ექსპორტის თითქმის 7 პროცენტი; განსაკუთრებით დიდი იყო უკრაინის წილი ჩვენი ქვეყნის აგროსამრეწველო პროდუქციის ექსპორტში. მეორე მხრივ, ამ ორიოდე წლის წინ რუსეთის ემბარგოს მოხსნამ, მართალია, გზა გაუხსნა ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე, თუმცა ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის პერსპექტივას ამ ქვეყანაში (ისევე, როგორც უკრაინაში). 2014 წლის დეკემბერში  ექსპორტი რუსეთში თითქმის იმავე წლის იანვრის დონეზე დარჩა (შესაბამისად, 21.1 მლნ. აშშ დოლარი და 21.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო უკრაინაში – 2.4-ჯერ შემცირდა (23.3 მლნ. აშშ დოლარიდან 9.7 მლნ. აშშ დოლარამდე). კიდევ უფრო მძიმე სურათი იხატება 2015 წლის იანვრის მდგომარეობით. – საქართველოს ექსპორტი წინა წლის იანვართან შედარებით  შემცირდა: რუსეთში – 2.6-ჯერ, უკრაინაში კი – 4.4-ჯერ. შემცირება იმპორტსაც შეეხო, თუმცა იმპორტის შემცირება უფრო ნაკლებადმასშტაბიანია. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ექსპორტის დიდი ნაწილი შედარებით მაღალელასტიკურ საქონელზე, ხოლო უკრაინიდან საქართველოში იმპორტისა, პირიქით, დაბალელასტიურ საქონელზე მოდის  (შეადარეთ, მაგალითად, სასმელები და საკვები). შესაბამისად, საქართველოდან იმპორტის შემცირება უკრაინისათვის ნაკლებად პრობლემატური და უფრო „ასატანია“, ვიდრე პირიქით, საქართველოსათვის – უკრაინიდან განხორციელებული იმპორტის შემცირება.

ექსპორტის შემცირებას ჰქონდა არა მარტო „ჩრდილოეთი“ და „დასავლეთი“ (რუსეთი, უკრაინა), არამედ „აღმოსავლეთი“ და სამხრეთ-აღმოსავლეთი“ ვექტორებიც.  საქართველოდან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მკვეთრად შემცირდა ექსპორტის ისეთი მნიშვნელოვანი, ბოლო წლებში კი ყველაზე წონადი კატეგორია, როგორიცაა ავტომობილები. - ბოლო წლებში საქართველოს ექსპორტის თითქმის მეოთხედი რეექსპორტზე, ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტზე, მოდიოდა – მაგრამ ბოლო ხანს ჩვენს მეზობლებში შემზღუდველი პროტექციონისტული ღონისძიებებისა (აზერბაიჯანში)  და სხვა ეკონომიკურ ალიანსებში გაწევრიანების გამო (სომხეთი) ჩვენი ექსპორტი (რეექსპორტი) თანდათან მცირდება ამ  ქვეყნებში. კერძოდ, ავტომობილებისა და მისი სათადარიგო ნაწილების ექსპორტი საქართველოდან 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 210 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა (762 მლნ. აშ დოლარიდან 553 მლნ. აშშ დოლარამდე)[2]. ეს შემცირება თავისი აბსოლუტური მასშტაბებით თითქმის ოთხჯერ აღემატება საქართველოდან ალკოჰოლური სასმელების, პირველ რიგში ღვინის ექსპორტის წლიური მატების მაჩვენებელს (ერთ წელიწადში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 133 მლნ. აშშ დოლარიდან 180 მლნ. შშ დოლარამდე, მთლიანად ალკოჰოლური სასმელებისა კი – 232 მლნ. აშშ დოლარიდან 280 მლნ. აშშ დოლარამდე)[3]. აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის მიერ აზერბაიჯანული მანათის 1/3-ით მყისიერი დევალვაცია აშშ დოლართან (2015 წლის 21 თებერვლიდან) ასევე ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს ექსპორტის პერსპექტივებზე აზერბაიჯანში.

მეორე პოზიცია, რომელზეცაა დამოკიდებული ვალუტის კურსი, ესაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. ბოლო წლებში მისი სიდიდე დაახლოებით 1.0-1.1 მლრდ. აშშ დოლარის ფარგლებშია, რაც მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით მყარად უნარჩუნებს საქართველოს აღნიშნული მაჩვენებლით აუტსაიდერის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ამ ინდიკატორით საქართველო 2014 წელს ჩამორჩებოდა: სომხეთს – 20 პროცენტით, აზერბაიჯანს კი – 3-ჯერ. ბოლო წლებში აბსოლუტური მოცულობის სტაბილურობის (- ფაქტობრივი უცვლელობის) პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა და როლი საქართველოს ეკონომიკაში სისტემატურად კლებულობს. საკმარისია ითქვას, რომ მათი თანაფარდობა ჩვენი ქვეყნის მშპ-სთან ბოლო რვა წელიწადში 3-ჯერ და მეტად შემცირდა (2007 წლის 20.6 პროცენტიდან  2014 წლის 6.5 პროცენტამდე).

მესამე ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ვალუტის კურსზე, ესაა უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილები, ძირითადად, ჩვენი თანამემამულე შრომითი მიგრანტების მიერ. საქართველოში უცხოეთიდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 2014 წელს 1440.8 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მთლიანად 2001-2014 წლებში –  თითქმის 11 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (შედარებისათვის: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმავე პერიოდში – 11.7 მლრდ. აშშ დოლარი), რაც 2007 წლის მთლიანი შიგა პროდუქტის ექვივალენტურია. ეს მოსახლეობის ერთ სულზე 2.4 ათასზე მეტი აშშ დოლარია, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებული საქართველოსათვის  დონორთა ბრიუსელის კონფერენციის გადაწყვეტილებით გამოყოფილ დახმარებას (გრანტები + შეღავათიანი კრედიტები) და თითქმის ხუთჯერ – „მარშალის გეგმით“ დასავლეთ ევროპისათვის გამოყოფილ სახსრებს  (ამჟამინდელ ფასებში).

ბოლო წლებში ფულადი ტრანზაქციების მოცულობა მნიშვნელოვნად სჭარბობდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას (დაახლოებით 1.4-ჯერ), რაც მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ მოსახლეობის თვითშენახვისა და გადარჩენის ინსტინქტი გაცილებით უფრო ეფექტიანი, შედეგიანი იყო, ვიდრე საქართველოს ყბადაღებული „საინვესტიციო მიმზიდველობა“ და „ბიზნესის წარმოების სიიოლე“.

ამასთან მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასების შემცირებამ ნეგატიური გავლენა მოახდინა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობაზე. 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, ფულადი ტრანზაქციების მოცულობა 36.2 მლნ. აშშ დოლარით (2.5%-ით) შემცირდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 2014 წლის დეკემბერი, როდესაც წინა წლის დეკემბერთან შედარებით საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ იკლო 38.5 მლნ. აშშ დოლარით, ანუ თითქმის ¼-ით (24.9%-ით). 2014 წელს ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან შემცირდა 92.2 მლნ. აშშ დოლარით, ანუ 11.5 პროცენტით, მათ შორის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით – 38 მლნ. აშშ დოლარით (43%-ით)[4].

მართალია, ევროპის ქვეყნებიდან ევროში დენომინირებული გზავნილები ფაქტობრივად არ შემცირებულა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ევროს თითქმის 20-პუნქტიანმა  დევალვაციამ აშშ დოლართან შედარებით  (2015 წლის იანვარში ერთი ევრო ღირდა 1.168 აშშ დოლარი, ნაცვლად ერთი წლის წინანდელი 1.364 დოლარისა) ევროთი განხორციელებული გზავნილები დოლარში დენომინაციისას საგრძნობლად შეამცირა.

მთლიანობაში, 2014 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი შემცირდა 60.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო ფულადი გზავნილები – 38.5 მილიონი აშშ დოლარით.

ამის საპირისპიროდ, საქართველოში იმპორტი 2014 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით გაიზარდა 42.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო ფულადი ტრანზაქციები საქართველოდან უცხოეთში – 4.8 მლნ. აშშ დოლარით. საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების შემცირება და საქართველოდან უცხოეთში განხორციელებული გზავნილების ზრდა იწვევს გზავნილების დადებითი სალდოს საგრძნობ შემცირებას. ანუ სხვა ფაქტორებს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამ ორი მიზეზით 2014 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით საქართველოდან  150 მილიონი აშშ დოლარით მეტი ვალუტა გავიდა. შედეგი: კურსი ერთი წლის განმავლობაში დაეცა 17 პროცენტული პუნქტით (2013 წლის დეკემბრის 1.7129-დან  2014 წლის დეკემბრის 1.8850-მდე).

რუსული რუბლი/აშშ დოლარის ამჟამინდელი კურსის (60-65 რუბლი 1 აშშ დოლარზე) შენარჩუნების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შეიძლება შემცირდეს დაახლოებით 350 მლნ. აშშ დოლარით. ფაქტობრივად, ბარელი ნავთობის თითო დოლარით გაიაფება წელზე გაანგარიშებით ნიშნავს საქართველოში რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარით შემცირებას. კრიზისი, ნავთობის გაიაფება და დაწესებული სანქციები არ იძლევიან ოპტიმიზმის რაიმე საფუძველს რუსეთიდან საქართველოში ტრანზაქციების ზრდაზე. 2015 წლის იანვარში რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი შეადგენდა მხოლოდ 34.3 პროცენტს, რაც ორი წლის წინანდელზე დაახლოებით 1.5-ჯერ დაბალია (2013 წ. იანვარში – 51.7%).

ამჟამად რუსეთის წილი საქართველოდან განხორციელებულ ტრანზაქციებში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში შემოსულ გზავნილებში (შესაბამისად, 40.6% და 34.3%).

ეს, ასევ ვთქვათ, ობიექტური გარემოებები, რომელთაც იმოქმედეს ქართული ლარის კურსის დაცემაზე  აშშ დოლართან.

ეხლა შევეხოთ ენდოგენურ, ქვეყნისშიდა ინსტიტუციურ და პიროვნულ ფაქტორებს და პასუხისმგებლობას ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე. აქ აზრი ორად იყოფა: ოპოზიცია ლარის გაუფასურებაში მთავარ დამნაშავედ მთავრობას მიიჩნევს, დამოუკიდებელი ექსპერტების დიდი ნაწილი კი პასუხისმგებლობას რიგითობის მიხედვით ეროვნულ ბანკსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ანაწილებს.

აღმასრულებელი ხელისუფლება უცოდველი კრავი ნამდვილად არ არის, მას ნამდვილად მიუძღვის „წვლილი“ ლარის გაუფასურებაში. ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა, მისი შესრულების ასიმეტრიული და ასინქრონული  ხასიათი  შემოსავლებისა და განსაკუთრებით ხარჯების ნაწილში, იწვევს ეკონომიკაში ფულის მასის პერიოდულ მოზღვავებას, რაც გავლენას ახდენს ინფლაციაზე. სახელმწიფოს წინაშე მდგარი პოლიტიკური რისკებიც და გამოწვევებიც, რომელთა თავიდან მთლიანად აცილებაზე თუ არა, შემცირებაზე უპირველესად ხელისუფლება აგებს პასუხს.  ქვეყანაში სამეწარმეო, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო - ეს, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროა. არასწორი, არარაციონალური, მათ შორის გაბერილი ბიუროკრატიული ხარჯები, საეჭვო საზოგადოებრივი ღირებულების პროექტების დაფინანსება, ბიზნესის საქმიანობის მეტისმეტი რეგლამენტაცია, ნეპოტიზმი – არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას, აქედან გამომდინარე, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკით. ეს ყოველივე ლარის სტაბილურობას სერიოზულ ზიანს აყენებს, აძლიერებს მისი კურსის დაცემის რისკ-ფაქტორებს.

მაგრამ იმავდროულად არ უნდა დავაკნინოთ ეროვნული ბანკის როლი და „დამსახურება“ ლარის გაუფასურებაში. ზოგადად, ეროვნული ბანკს ინსტიტუციური (და, აქედან გამომდინარე, მის ხელმძღვანელობას – პერსონალური) პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება ინფლაციაზე და არა უშუალოდ – ვალუტის კურსზე. ამავე დროს, მას შესწევს უნარი, არა მარტო არეგულიროს მიმოქცევაში ფულის მასის რაოდენობა, არამედ არსებითი ზეგავლენა მოახდინოს საკრედიტო რესურსების ღირებულებაზე, „გაატაროს“ ან მკაცრად არეგულიროს ფინანსური სპეკულაციების შესაძლებლობები, მიიღოს ზომები საზოგადოებაში არაჯანსაღი აჟიოტაჟის წარმოქმნასთან დაკავშირებით მიმოქცევაში დამატებითი სავალუტო რეზერვების გაშვება/ამოღებით. მისი მოქმედების გამართლება მხოლოდ ინფლაციის გეგმიური მაჩვენებლის უზრუნველყოფის კონტექსტში – სამართლებრივი კაზუისტიკაა და ეროვნული ბანკისათვის ქვეყნის წინაშე მდგარი მონეტარულ და ფინანსურ სტაბილურობაზე პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობაა. ეროვნული ბანკი ფაქტობრივად ყოველთვის დგას დილემის წინაშე: გაზარდოს მონეტარული განაკვეთი, რაც რამდენადმე შეამცირებს ფულის მასას მიმოქცევაში, თუ „იზრუნოს“ მთლიანი შიგა პროდუქტის ჯერჯერობით უაღრესად დაბალი მონეტაზაციის დონის[5] (დაახლოებით 20 პროცენტი) ამაღლებისათვის და საამისოდ მიმოქცევაში დამატებითი ფულის მასა გამოუშვას. ფულის მასის შემცირება, მართალია, თრგუნავს ინფლაციას, ხელს უშლის მისი „აფრების აშლას“, მაგრამ იგი შეიცავს სამეწარმეო, ბიზნეს-აქტიურობისა და ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების, ფულის, საკრედიტო რესურსის გაძვირების, საბოლოო ჯამში კი  ეკონომიკის მონეტარული ანემიის (ფულადი შიმშილის) საფრთხეს. ამიტომ თუ ეროვნული ბანკის პოლიტიკა უწყებრივ დაინტერესებას მაკროეკონომიკური სტაბილურობის მხოლოდ ერთ ასპექტზე – დაბალ ინფლაციაზე მიმართავს (და არა ეკონომიკური ზრდის სტრატეგიაზე – ფორმალურად ხომ  ამაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლება – მთავრობაა…), მაშინ მივიღებთ „მოთვინიერებულ“ ინფლაციას და ეკონომიკური ზრდის დაბალ ტემპებს.  ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის რამდენიმეთვიანი დაგვიანებული და „მიკროსკუპული“ ნაბიჯები მონეტარული და ფინანსური სიტუაციის გამოსწორებაზე, ლარის სტაბილურობაზე უარყოფითად მოქმედი გახშირებული და თვალშისაცემი სავალუტო სპეკულაციების ფაქტობრივი „დაუნახაობა“, ხანგრძლივი დუმილი ლარის აჩქარებული დევალვაციის გამო საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟზე – იმ ფონზე, თუ როგორ ზეოპერატიულად და სუპერაქტიურად ჩაერთო იგი 2011 წლის შემოდგომაზე ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელობის დავალებით ერთი კომერციული ბანკის და მისი მფლობელის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებში, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ხელმძღვანელობა გარკვეულწილად საბოტაჟისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის მკაცრი დეფიციტის რეჟიმებში მოქმედებს.

საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ინფლაციის დონე და დინამიკა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია არა მარტო ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობით, არამედ საზოგადოებრივი მოლოდინებით და განწყობილებით. ეროვნული ბანკის „შენელებული რეაქცია“ ლარის კურსის დაცემაზე პირდაპირ ურტყამს აღმასრულებელი ხელისუფლების ავტორიტეტს და სრულ უნისონში მოდის საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარმოებულ სახელისუფლებო პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობასთან. ასეთი ინფორმაციული ფონის ფორმირება  საზოგადოებაში და უცხოელ პოტენციურ ინვესტორებში იწვევს ნეგატიური მოლოდინების მუხტის ზრდას, რაც პირდაპირ კავშირშია მაღალი ინფლაციისა და ლარის გაუფასურების მოლოდინის ფორმირებასთან. ამიტომ პოზიცია: „რაც უფრო ცუდია, მით უფრო კარგია“, ლოგიკურად ჯდება იმ პოლიტიკური ძალის რევანშისათვის ეკონომიკური პირობებისა და ინფორმაციული ფონის შექმნაში, რომელმაც თავის დროზე ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მოიყვანა მის მმართველად.[6]

აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მართალია, ლარის გაუფასურება მნიშვნელოვანწილად გარე, ობიექტური ფაქტორებით იყო განპირობებული, შიდა ინსტიტუციური, სუბიექტური და პოლიტიკური ფაქტორები, მათ შორის კოორდინაციისა და კომუნიკაციის მხრივ,  „ხელს უწყობდნენ“, ამძიმებდნენ ამას. რომ არა ეს, ლარის კურსი აშშ დოლართან, ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობისა და დაბალი ინფლაციის პირობებში, 1.8-1.9-ს არ გადასცდებოდა. „შიდა ძალებიდან“ განსაკუთრებით დიდი „წვლილის“ შემტანი ლარის დევალვაციაში კი, ზემოთ მოტანილი გარემოებებით, აგრეთვე სამართლებრივი სტატუსის გამო, „პირველი ვიოლინო“ და პროტაგონისტი[7] სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკია, თუმცა საკუთარი  წილი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, ვიმეორებთ,  ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებასაც გაუჭირდება.

ისე, ჩვენში დარჩეს და, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად სულ ერთია, თუ როგორ და რა პროპორციით გაინაწილებენ პასუხისმგებლობას აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ინფლაციაზეც, ლარის კურსზეც და შიდა და გარე ვალების სიდიდესა და დინამიკაზე. – მათ სურთ მშვიდ, სტაბილურ გარემოში ცხოვრება, გარანტირებული სამუშაო და პროგრესირებადი კეთილდღეობა.

ეს ერთი შეხედვით მარტივი ამოცანა კი, სამწუხაროდ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ჯერაც ისევე მიუღწეველია, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, 1990-იანი წლების დასაწყისში…

2015 წლის თებერვალი


[1] ეს დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო მაღალია ლათინური ამერიკის ქვეყნებთან და 2-3-ჯერ უფრო მაღალი  – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

[2] ავტომობილების ექსპორტი 2015 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით  ფაქტობრივად განახევრდა და შეადგინა 22.2 მლნ. აშშ დოლარი, ნაცვლად ერთი წლის წინანდელი 43.4 მლნ. აშშ დოლარისა.

[3] ამ ტენდენციის საპირისპიროდ, უკვე 2015 წლის იანვარში 2014 წლის იანვართან შედარებით  მკვეთრად – 12.8-ჯერ შემცირდა ღვინის ექსპორტი საქართველოდან – 14.8 მლნ. აშშ დოლარიდან 5.2 მლნ. აშშ დოლარამდე.

[4] 2014 წლის დეკემბერში რუსული რუბლი დაეცა აშშ დოლართან 45%-ით.

[5] მონეტიზაციის დონე – მიმოქცევაში ფულის მასის თანაფარდობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან. ჩვენთან თუ დაახლოებით 19 პროცენტია, აშშ-ში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 61 პროცენტს, რუსეთში – 45 პროცენტს.

[6] ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მოქმედება რაღაცით ჩამოგავს საბჭოთა მთავარსარდლობის ქცევას 1944 წლის ზაფხულში ვარშავის აჯანყების პერიოდში, როდესაც მდინარე ვისლას მარჯვენა ნაპირზე გასულმა წითელმა არმიამ ფაქტობრივად არაფერი გაკეთა მდინარის მეორე ნაპირზე ფაშისტების წინააღმდეგ 1 აგვისტოს დაწყებულ ამბოხების მონაწილეთა დასახმარებლად. საბჭოთა კავშირის მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის ლოგიკით, ლონდონში მყოფი პოლონეთის ემიგრანტული მთავრობისა და მისი მომხრე არმია კრაიოვას ორგანიზებით დაწყებული აჯანყების დამარცხების შემთხვევაში დასუსტდებოდა და დისკრედიტირებულ იქნებოდა ემიგრანტული მთავრობა და  საბჭოთა ხელმძღვანელობას  გაუიოლდებოდა მომავალში საკუთარი პოლიტიკის მხარდამჭერი ძალის ე.წ. ლუბლინის კომიტეტის მოყვანა პოლონეთის სათავეში.

[7] პროტაგონისტი - (ბერძნ.) მთავარი ან პირველი მოქმედი პირი (პერსონაჟი)  ბერძნულ ტრაგედიაში. თანამედროვე პირობებში გამოიყენება ლიტერატურასა და კინოში მთავარ პერსონაჟის, გმირის აღსანიშნავად. ჩვენ ეს ცნება  გარკვეულწილად ირონიული კონტექსტით გვაქვს გამოყენებული.

იოსებ არჩვაძე

Comments are closed