globalresearch.ge

საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2016 წელს და 2017 წლის მოსალოდნელი განვითარების ზოგიერთი ასპექტის შესახებ

Posted by Globalresearch on Mar 7th, 2017 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

გთავაზობთ გლობალური კვლევების ცენტრის დამფუძნებლის, პროფესორ იოსებ არჩვაძის კვლევას, რომელიც სპეციალურად globalresearch.ge–სთვის მომზადდა.

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს, წინასწარი მონაცემებით, 2.6 პროცენტი შეადგინა, რაც ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია. 4-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგდროინდელ პერიოდში მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს იქნა მიღწეული (4.6%); დანარჩენ წლებში ეკონომიკური ზრდა 2-3-პროცენტიან ნიშნულებში მერყეობდა.

ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირაა დამოკიდებული საბიუჯეტო სახსრების მობილიზების მასშტაბებიც: საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის ყოველი 1 პროცენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში არანაკლებ 90 მილიონი ლარის მობილიზაციის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, ეკვივალენტურია საქართველოს ასაკით პენსიონერებისათვის ყოველთვიური პენსიის სულ ცოტა, 12 ლარით მომატების პოტენციალისა.

2017 წლის ეკონომიკური ზრდა  (მთლიანი შიდა პროდუქტის მატება) 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, გათვალისწინებულია 4 პროცენტის დონეზე. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ზრდა მიმდინარე წელს შეიძლება უფრო მეტიც იყოს. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5.2 პროცენტს მიღწევს. აღნიშნული პროგნოზის „ფარვატერში“ ჯდება 2017 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც, რომელმაც 5.5 პროცენტი შეადგინა.

მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში წარმოებული მშპ მხოლოდ 4.0 ათასი აშშ დოლარია (მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით – დაახლოებით 10.0 ათასი აშშ დოლარი). ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 186 ქვეყნიდან მხოლოდ 113-ე ადგილზეა. თავის სახმელეთო მეზობლებიდან საქართველო მხოლოდ სომხეთს უსწრებს (116-ე ადგილი); დანარჩენ ქვეყნებს ეკონომიკური განვითარებით საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება (აზერბაიჯანი – 89-ე, თურქეთი – 67-ე, რუსეთი – 64-ე ადგილი).

საგარეო სავაჭრო ბრუნვა

2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9350 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა 4 წლის (2012-2015 წწ.) საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედრებით 1.2 მლრდ. დოლარით, ანუ 11.6 პროცენტით  ნაკლები შეადგინა.  ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ მხოლოდ 29.2% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგდროინდელ პერიოდში, ხოლო ამ მხრივ შედარებით კარგ, 2013 წელთან  შედარებით 7.1 პუნქტით გაუარესებულია (2013 წ. – 36.3%).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ)  თითქმის თანაბარი  წილი უკავიათ:  ევროკავშირი – 29.6% და დსთ – 29.1%. ამასთან, ბრუნვაში ევროკავშირმა დსთ-ს გადაუსწრო მხოლოდ 2016 წელს, მანამდე კი  საგრძნობი უპირატესობა დსთ-ს ჰქონდა.  - 2010 წელს დსთ-ს წილად მოდიოდა ბრუნვის 32.7%, ხოლო ევროკავშირის წილად – მხოლოდ 25.7 პროცენტი.

რაც შეეხება ბრუნვის ცალკეულ კომპონენტებს – იმპორტსა და ექსპორტს, აქ განსხვავებული მდგომარეობაა ზემოხსენებულ სახელმწიფოთა გაერთიანებებთან. – საქართველოს იმპორტში ევროკავშირმა უკვე დიდი ხანია გადაუსწრო დსთ-ს. – ჯერ კიდევ ასოცირების ხელსეკრულებამდე – 2011 წლიდან, ხოლო ექსპორტში დსთ კვლავ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 2016 წელს საქართველოს ექსპორტის თითქმის 35 პროცენტი მოდიოდა დსთ-ზე და მხოლოდ 27 პროცენტი – ევროკავშირზე. ამასთან, უნდა ითქვას, რომ წლიდან წლამდე მცირდება სხვაობა საქართველოს ექსპორტში ევროკავშირისა და დსთ-ის წილებს შორის: ასე მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წელს (2013 წ.) დსთ-ის წილი ევროკავშირის წილს რეკორდულად – თითქმის 35 პროცენტული პუნქტით უსწრებდა (შესაბამისად, წილი ექსპორტში: დსთ – 55.7%, ევროკავშირი – 20.9%), ამჟამად კი სხვაობა მხოლოდ დაახლოებით 8 პროცენტია დსთ-ის სასარგებლოდ.

ექსპორტ-იმპორტის ფასების შემცირება და მისი შედეგები:

საქართველოს ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის შემცირება ბოლო წლებში, ისევე როგორც ფასების შედარებითი სტაბილურობა, ლარის აშშ დოლართან  მკვეთრი, 1.5-ჯერ გაუფასურების პირობებში, გამოწვეულია იმპორტისა და ექსპორტის მასობრივი გაიაფებით. მაგალითად, 2016 წელს საქართველოდან ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ფასი 2014 წელთან შედარებით შემცირდა 6 პროცენტით, მსხვილფეხა რქოსანი პირიუტყვისა – 11 პროცენტით, ღვინის – 23 პროცენტით, მინერალური წყლისა და სპილენძისა  – 27-27 პროცენტით თითოეულისა, თხილისა და ციტრუსებისა – 28-28 პროცენტით.

ქართული ეკონომიკისა და საზოგადოებისათვის ყველაზე სენსიტიური საექსპორტო პროდუქციის – ღვინის ფასი (1 ლიტრზე გაანგარიშებით) შემცირდა 2014 წლის 3.93 დოლარიდან 2016 წლის 3.02 დოლარამდე, ანუ 23.2 პროცენტით.

ანალოგიური სურათი გვაქვს იმპორტთან მიმართებაშიც: 2016 წელს 2014 წელთან შედარებით იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ფასები განახევრდა, იმპორტირებული საქონლის ხორცი გაიაფდა – 12.5 პროცენტით,  თევზი და ზეთი – 15-15  პროცენტით თითოეული, ბუნებრივი აირი – 16 პროცენტით, ბრინჯი – 21 პროცენტით, ღორის ხორცი – 25 პროცენტით, ფრინველის ხორცი – 31 პროცენტით, ხორბალი – 30 პროცენტით და ა.შ.

გაიაფებულმა იმპორტმა საშუალება მისცა ქართულ მხარეს დაეზოგა მნიშვნელოვანი სავალუტო რეზერვები და გამოეყენებინა ეს ფაქტორი ქვეყანაში შიდა სამომხმარებლო ფასების მეტ-ნაკლები სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ასე მაგალითად, 2016 წელს წინა წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტზე ქვეყანამ დაზოგა 110 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 700 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. ეკონომიამ გაიაფებული აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტზე მხოლოდ  ერთი, 2016 წლის მანძილზე, წინა წელთან შედარებით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის მხოლოდ ხორცის იმპორტზე – 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.

2014 წლის მეორე ნახევრიდან ლარის კურსის ვარდნამ აშშ დოლართან და მსოფლიო ბაზარზე საქონლის გაიფების საკმაოდ ხანგრძლივმა პერიოდმა ასახვა ჰპოვა კიდევ ერთ ასპექტში: საქართველოს შიდა ბაზრის ფასები კიდევ უფრო მეტად ჩამორჩა მსოფლიო ბაზრის ფასების დონეს და  2016 წლის ბოლოსათვის ამ უკანასკნელის  მხოლოდ 40 პროცენტი – თითქმის 1.5-ჯერ  ნაკლები 2012 წლის დონესთან შედარებით.

ინფლაცია:

ინფლაციამ საქართველოში 2016 წელს საშუალოდ წლიურად მხოლოდ 2.1 პროცენტი შეადგინა. კიდევ უფრო დაბალი იყო იგი 2016 წლის დეკემბერში 2015 წლის დეკემბერთან – მხოლოდ 1.8 პროცენტი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამჟამად დაბალი ინფლაციის პერიოდი საქართველოში პრაქტიკულად დამთავრდა და  ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ 2017 წელს მან წინა წლის დონეს ჯერადად გადააჭარბოს.

ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ორი ძირითადი გარემოება:

ა) მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებისა და სურსათზე ფასების შემცირების ტენდენციის შეწყვეტა და პირიქით, ზრდა;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა აქციზური გადასახადები სიგარეტზე, ენერგომატარებლებზე, ავტომობილებზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლები. – ამ საგადასახადო ცვლილებებმა წელზე გაანგარიშებით უნდა უზრუნველყონ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით თითქმის 700 მილიონი ლარის მობილიზება.

უფრო კონკრეტულად:

ჯერ ერთი, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ნელი, მაგრამ დამაჯერებელი მატება - 2016 წლის დასაწყისის შემდგომ პერიოდში ერთი ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასმა 37 დოლარიდან 56 დოლარამდე მოიმატა და სპეციალისტების პროგნოზით, წელს მის აწევას 60-დან 75 დოლარამდე ვარაუდობენ.

მეორე. შესუსტდა და ფაქტობრივად ნიველირდა ის სარგებელი, რასაც საქართველო ღებულობდა გაიაფებული იმპორტის გამო. 2016 წელს საქართველოში 16 უმსხვილესი იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფის საქონელი რომ 2013 წლის ფასებით შემოსულიყო, საქართველოს მოუწევდა დამატებით თითქმის 1.3 მლრდ. აშშ დოლარის გადახდა.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე სურსათზე ფასების შემცირების ტენდენციის შეწყვეტა და საპირისპირო პროცესის დაწყება. – 2017 წლის იანვარში მსოფლიო ბაზარზე წინა წლის დეკემბერთან შედარებით  სასურსათო ფასები საშუალოდ 3.7 პროცენტით გაიზარდა, რაც ლარებში დენომინაციისა და ლარის დევალვაციის პირობებში  იმპორტირებული სურსათის მხოლოდ ერთ თვეში დაახლოებით 5.7-პროცენტიანი გაძვირების ექვივალენტურია. აღნიშნული გარემოება – საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზრის იმპორტზე თითქმის 70-პროცენტიანი დამოკიდებულება, მსოფლიო ბაზარზე სურსათის გაძვირება და  ლარის დევალვაცია ინფლაციის ზრდის „წისქვილზე ასხამენ წყალს“.

და ბოლოს, აქციზური განაკვეთების ზრდა რესურსი თანხობრივად შეადგენს მოსახლეობის ფულადი სამომხმარებლო ხარჯების დაახლოებით 4.5-5.0 პროცენტს, ანუ ფაქტობრივად, მარტო აღნიშნული ფაქტორის „წყალობით“  შეიძლება ვივარაუდოთ ფასების ამგვარმასშტაბიანი (4.5-5.0%-ით) მატება.

2017 წელზე გამოთქმული ვარაუდები უკვე თანდათან მართლდება. კერძოდ, ინფლაციამ 2017 წლის იანვარში შეადგინა  2.9 პროცენტი, თებერვალში – 1.7 პროცენტი. ანუ წლის დასაწყისიდან (2017 წლის თებერვალი 2016 წლის დეკემბერთან) – 4.6 პროცენტი. ეს უკვე აღემატება ჯერადად – გასული წლის ინფლაციის წლიურ მაჩვენებელსაც და მნიშვნელოვნად – საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლისთვის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ სპეციალური დადგენილებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განსაზღვრულ წლიური ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს (4%).

ფულდი ტრანზაქციები (რემიტანსები):

2016 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან გადმოირიცხა 1151.2 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 71.2 მილიონი დოლარით (6.6%-ით) აღემატება. ბოლო სამი წლის მანძილზე (2013 წლის შემდეგ) პირველად შეწყდა  ფულადი გზავნილების შემცირების ტენდენცია. ამასთან, წინა წელთან ზრდის მიუხედავად, 2016 წელს გადმოგზავნილი თანხების მოცულობა თითქმის მეოთხედით (22.1%-ით) ჩამორჩება ამ მხრივ რეკორდული 2013 წლის მონაცემებს (2013 წ. – 1477 მლნ. აშშ დოლარი).

იგივეს თქმა შეიძლება 2016 წლის დეკემბრის მონაცემებზეც. – მართალია, დეკემბერში საქართველოში შემოსული რემიტანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც წინა თვესთან, ისე წინა წლის დეკემბერთან შედარებით (შესაბამისად, (21.7%-ით და 16.8%-ით), ისინი მაინც საგრძნობლად  (23%-ით) ჩამორჩებიან ამ მხრივ რეკორდულ 2013 წლის დეკემბრის მაჩვენებლებს (2013 წ. დეკემბერში – 154.5 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შიდა ერთობლივი მოთხოვნის ფორმირების ეფექტს სამომხმარებლო და საინვესტიციო ასპექტით მნიშვნელოვნად აკნინებს საქართველოდან განხორციელებული ფულადი გზავნილების სწრაფი ზრდა. 2010 წელთან შედარებით 2016 წელს საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილები გაიზარდა მხოლოდ 9.4 პროცენტით, მაშინ როდესაც საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელებული გზავნილების მოცულობა გაიზარდა თითქმის 1.9-ჯერ (87.8 პროცენტით). შედეგად, ქვეყანაში გადმოგზავნილი და ქვეყნიდან საზღვარგარეთ განხორციელებული რემიტანსების სალდომ იმავე პერიოდში მხოლოდ უმნიშვნელოდ (0.9 პროცენტით) მოიმატა. აღნიშნულის გათვალისწინებით, რემიტანსების დინამიკის ანალიზისას აქცენტი ქვეყანაში გადმოგზავნილი ფულადი სახსრების დინამიკიდან თანდათან გადასატანია  გადმორიცხვებსა და გადარიცხვების სხვაობის, სალდოს დინამიკაზე. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ადექვატურად შევაფასოთ ქვეყანაში შემოსული ფულადი რესურსების მოცულობის მაკროეკონომიკური გამოყენებითი დატვირთვა.

ბოლო 4 წელიწადში (2013-2016 წწ.) ლარში დენომინირებულმა საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა  შეადგინა 10.2 მლრდ. ლარი, რაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის მთლიანი შემოსავლების ექვივალენტურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ოთხი წლის რემიტანსები ადგილზე მთლიანი შემოსავლების ერთი წლის ექვივალენტურია, ანუ საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები ბოლო წლებში ქვეყნის შინამეურნეობათა შემოსავლების დაახლოებით ¼-ს შეადგენს.

ბოლო წლებში ეკონომიკური კრიზისისა და რუსული რუბლის დევალვაციის ფონზე იკვეთება რუსეთის როლის მკვეთრი შემცირება უცხოეთიდან საქართველოსკენ წამოსულ რემიტანსებში. – 2016 წელს საქართველოში განხორციელებულ გზავნილებში მან მხოლოდ 34.3 პროცენტი შეადგინა, რაც ნაკლებია წინა წელთან  დაახლოებით 6 პროცენტული პუნქტით (2015 წ. – 40.1%), ხოლო  ამ ათიოდე წლის წინანდელ დონესთან შედარებით – თითქმის 2-ჯერ.  2016 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წელთან შედარებით 8.8 პროცენტით, ხოლო ამ მხრივ რეკორდულ, 2013 წელთან შედარებით 2-ჯერ და მეტად შემცირდა (801.1 მლნ. აშშ დოლარიდან 394.5 მლნ. აშშ დოლარამდე, მათ შორის აღნიშნული წლების დეკემბრის თვეებში, შესაბამისად, 82.6 მლნ. აშშ დოლარიდან 41.5 მლნ. აშშ დოლარამდე).

2016 წელს 2010 წელთან შედარებით რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული რემიტანსების აბსოლუტური მოცულობა  შემცირდა 1.4-ჯერ, ხოლო სალდო რუსეთიდან საქართველოში გადმოგზავნილ და საქართველოდან რუსეთში განხორციელებულ რემიტანსებს შორის – 1.7-ჯერ. დაწყებული 2015 წლიდან, რუსეთის წილი საქართველოდან უცხოეთში განხორციელებულ ფულად გზავნილებში გაცილებით მაღალია, ვიდრე უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებში (2016 წ. შესაბამისად, 45.0% და 34.3%). -  შედარებისათვის: 2010-2013 წლებში რუსეთის წილი უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ რემიტანსებში საშუალოდ 20-22 პროცენტით აჭარბებდა ამ ქვეყნის წილს საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელებულ რემიტანსებში.

2016 წელს რომ ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში 3 წლის წინანდელ დონეზე მაინც რომ შენარჩუნებულიყო, ლარი/დოლარის ოფიციალური კურსის გათვალისწინებით, ეს  საქართველოს მაცხოვრებლებს დაახლოებით ერთი მილიარდი ლარით (მოსახლეობის ერთ სულზე – დაახლოებით 270 ლარით) მეტ განკარგვად შემოსავალს მოუტანდა.

საგულისხმო მონაცემებს აქვეყნებს მსოფლიო ბანკი ქვეყნების მიხედვით შრომითი მიგრანტების მიერ მსოფლიოს ქვეყნებში გადმორიცხულ და გადარიცხულ თანხების თაობაზე. აღნიშნული წყაროს მიხედვით, შრომითი მიგრანტების მიერ საქართველოში გადმოგზავნილი ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად აღემატებიან საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებულ რემიტანსებს. ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2015 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული რემიტანსების მოცულობამ 1459 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ანუ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ მონაცემებზე 379 მილიონი აშშ დოლარით (35 პროცენტით) მეტი, ხოლო 2016 წელს, შესაბამისად – დაახლოებით 219 მლნ. აშშ დოლარით (19%-ით) მეტი.  მთლიანად, 2010-2016 წლებში საქართველოში განხორციელებული რემიტანსების ჯამური მოცულობა მსოფლიო ბანკის მონაცემებით  (11263 მლნ. აშშ დოლარი) 2460 მლნ. აშშ დოლარით, ანუ 27.9 პროცენტით აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის მონაცემს (8803 მლნ. აშშ დოლარი).[1]

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში 2016 წელს ფიზიკურ პირთა მიერ შემოტანილი უნდა იყოს 1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, ხოლო სალდომ შემოსულ და გასულ რემიტანსებს შორის უნდა შეადგინოს არანაკლებ 1.3 მლრდ. აშშ დოლარი. აღნიშნული დაშვების შემთხვევაში საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსული რემიტანსების მოცულობა 2016 წელს, შეფასებით, შეადგენდა საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლების დაახლოებით 1/3-ს (32.1%)  და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.2 პროცენტს.

დასაქმება და უმუშევრობა

უმუშევრობის დონე საქართველოში ბოლო წლებში ნელნელა მცირდება და ბოლო მონაცემებით, 12 პროცენტს, ხოლო მათი მთლიანი რიცხვი 242 ათას კაცს არ აღემატება. ეს მაჩვენებლები ამ მხრივ პიკურ, 2009 წლის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან (2009 წელს უმუშევრობის დონე 16.9 პროცენტი იყო, ხოლო უმუშევრთა კონტინგენტი 336 ათას კაცს შეადგენდა). უმუშევრობის დონისა და უმუშევართა რიცხოვნობის შემცირებას განაპირობებს ეკონომიკური მდგომარეობის ნელი გაუმჯობესება და შრომითი მიგრაცია, რაც ქვეყანაში ამცირებს ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობას.

ამასთან, დასაქმების მთავარი პრობლემაა არა იმდენად უმუშევრობის ოფიციალური დონე, არამედ დასაქმების არაოპტიმალური სტრუქტურა და მისი დაბალი ეფექტიანობა. – დასაქმებულთა მთლიან რიცხოვნობაში ჯერაც 3/5 თვითდასაქმებულებზე მოდის, რომელთა შრომის მწარმოებლურობა საკმაოდ დაბალია, ხოლო ერთი თვითდასაქმებულის შემოსვლების საშუალო სიდიდე დაქირავებით დასაქმებულის საშუალო ხელფასს თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება. აღნიშნული ჩამორჩენის ძირითადი მიზეზი სოფლად თვითდასაქმებაა (სოფლად თვითდასაქმებილებზე მოდის თვითდასაქმებულების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 4/5), სადაც შრომის მწარმოებლურობა ეკონომიკის დანარჩენ სექტორებთან შედარებით  თითქმის 10-ჯერ დაბალია.

2017 წლის მარტი

იოსებ არჩვაძე


[1] მსოფლიო ბანკის აღნიშნულ მონაცემებს (იხ.http://www.worldbank.org/en/topic/migrationremittancesdiasporaissues/brief/migration-remittances-data) საქართველოს ბანკი იღებს მხოლოდ ცნობად და არ ითვალისწინებს საქართველოს საგადამხდელო ბალანსის გაანგარიშებისას.

Comments are closed