globalresearch.ge

საქართველოსა და რუსეთის მიერ კონტროლირებადი მისი ტერიტორიების ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის შედარების ზოგიერთი ასპექტის თაობაზე

Posted by Globalresearch on Jan 29th, 2014 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

იოსებ არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

საქართველოსა და რუსეთის მიერ კონტროლირებადი მისი ტერიტორიების (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის შედარების ზოგიერთი ასპექტის თაობაზე (რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ხუთი წლისთავთან დაკავშირებით)

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ხუთი წლის თავზე მედიაში დომინირებდა მსჯელობა აღნიშნული მოვლენის პოლიტიკური და სამხედრო ასპექტების შესახებ. თუმცა, არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს აღნიშნული მოვლენისა და მისი შედეგების ეკონომიკური შეფასებაც.

რა თქმა უნდა, მთავარი დარტყმა მიიღო საქართველომ, რომლის მშპ-ის დინამიკა  2008 წლის პირველ ნახევრის 9 პროცენტიანი ზრდიდან წლის მეორე ნახევარში შეიცვალა 2.8-პროცენტიანი შემცირებით. 2008 წლის მეორე ნახევარში პირველი ნახევრის ტემპის შენრჩუნების შემთხვევაში საქართველო შეძლებდა ფაქტობრივთან შედარებით დამატებით ეწარმოებინა 0.8 მლრდ. ლარის მთლიანი შიგა პროდუქტი და მოეხდინა ბიუჯეტში დამატებით არანაკლებ 200 მილიონი ლარის მობილიზაცია. მთლიანად, ქვეყნისათვის  მიღებული ზარალი მრავალი მილიარდი დოლარით იზომება. ამ ასპექტით, მრავლისმეტყველად შეიძლება  ჩაითვალოს ნიკოლაი დობრიუჟას განცხადება, რომ  სომხეთის ეკონომიკამ (რომელიც, ცნობისათვის, საქართველოს ეკონომიკის მხოლოდ დაახლოებით 2/3-ია), აგვისტოს ომით გამოწვეული კომუნიკაციების შეფერხების გამო 500 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.[1] თუკი სომხეთმა, რომელმაც მხოლოდ კომუნიკაციების რამდენიმედღიანი შეფერხებით, ნახევარი მილიარდი დოლარი იზარალა, რაღა უნდა ვთქვათ საქართველოზე – რუსული აგრესიის უშუალო ობიექტზე?!

რუსეთი ფართომასშტაბიან ეკონომიკურ, ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოცენებულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“. 2009-2012 წლებში და 2013 წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გამოუყო 47.25 მლრდ. რუბლი (20.75 მლრდ. რუბლი – სოციალურ განვითარებაზე და 26.5 მლრდ. რუბლი – საბიუჯეტო ინვესტიციებზე).[2] რუსულმა ბიუჯეტმა ამ ქვეყნებს აღმოუჩინა დახმარება $1.5 მილიარდზე მეტის  ოდენობით. უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ეს თანხები გრანტული დატვირთისაა – ისინი გადიან  „ფინანსური დახმარების“ მუხლით და არ აყალიბებენ რუსეთისადმი ამ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების  სახელმწიფო ვალს.

ამის გარდა, რუსული მოქალაქეობის ჩამორიგება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში  მცხოვრებთათვის გულისხმობს მათთვის საპენსიო უზრუნველყოფას რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის ხარჯზე.

ამ რესპუბლიკების დახმარების მნიშვნელოვანი სახსრები იმალება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სტატიაში „ეროვნული თავდაცვა“.

ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება უხალისოდ ასაჯაროებს საკუთარ თავდაცვაზე გაღებულ ხარჯებს. ამ მხრივ, არც რუსეთია გამონაკლისი. ამ ქვეყნის ოფიციალური მონაცემები საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაახლოებით 1.5-ჯერ ნაკლებია. – $60  მილიარდი, ნაცვლად $90.7 მილიარდისა (მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით – $116 მილიარდს), რაც ამ ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის 4.4 პროცენტია.[3] რუსეთის შეიარაღებულ ძალების საერთო რიცხოვნობა (რეზერვის გარეშე) შეადგენს 1040 ათას კაცს.[4] შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მიერ თავდაცვაზე გაწეული ხარჯები საშუალოდ ერთ სამხედრო მოსამსახურეზე გაანგარიშებით აღემატება 111.5 ათას აშშ დოლარს.

რუსეთს, მის მიერ დამოუკიდებლად აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, ყავს 4000-4000 სამხედრო მოსამახურე თითოეულში,[5] სულ დაახლოებით 8 ათასი სამხედრო. ამის გარდა, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა ოფიციალურად შეადგენს 2100-2200 კაცს,[6] ხოლო სამხრეთ ოსეთისა – 1250 კაცს[7], ანუ მთლიანად ამ ტერიტორიებზე სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობა 11450 კაცს აღწევს. თუ ზემოთ მოტანილი გაანგარიშებით ვისარგებლებთ, ამ „დამოუკიდებელი სახელმწიფოების“ დაცვა, იქ შეიარაღებული ძალების ყოლა, იარაღის შეტანა და საბრძოლო მდგომარეობაში მუდმივი ყოფნის უზრუნველყოფა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ექსპლუატაცია, საზღვრის კონტროლი და ა.შ. რუსეთელ გადასახადის გადამხდელებს ყოველწლიურად დაახლოებით 900 მლნ. აშშ დოლარი უჯდებათ.  ამის გარდა, აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც დიდწილად ისევ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ სუბსიდირებით ყალიბდება, 2013 წელს თავდაცვაზე გათვალისწინებულია 282 867,1 ათასი მანეთი[8] (დაახლოებით 9.0 მლნ. აშშ დოლარი). აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ერთ მოსამსახურეზე თავდაცვაზე გაღებული ხარჯების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 4.1 ათას აშშ დოლარს.

თუ შეფასებებში უფრო ღრმად წავალთ, აღმოვაჩენთ, რომ რუსეთის მოსახლეობის ერთ სულზე თავდაცვითი ხარჯები შეადგენენ დაახლოებით 635 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ერთ სულზე რუსული სამხედრო ხარჯების ყოველწლიური მოცულობა შეადგენს საშუალოდ 3300 დოლარზე მეტს. გამოდის, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების (რომლებიც დიდწილად რუსეთისავე მოქალაქეებიც არიან)  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,  „ქართული აგრესიისაგან დასაცავად“  მოსახლეობის ერთ სულზე ხარჯავს სულ ცოტა, ხუთჯერ მეტ თანხას, ვიდრე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული დახმარებების წყალობით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მიუკუთვნებიან იმ იშვიათ, „უნიკალურ“ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს, სადაც ხარჯები თავდაცვაზე მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ მთლიან საბიუჯეტო ხარჯებს.  კერძოდ, თუ საქართველოს თავდაცვაზე მოდის საბიუჯეტო ხარჯების 8 პროცენტი, რუსეთში, შესაბამისად – 12.4 პროცენტი, აფხაზეთში – 182.8 პროცენტი, სამხრეთ ოსეთში – 240.5 პროცენტი.

ქართულ მხარეს არაერთგზის გაუცხადებია, რომ არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოყენებას: დაფიქსირებულია ეს საქართველოს პარლამენტის შესაბამის დადგენილებაშიც. ბოლო წლებში სისტემატიურად მცირდება საქართველოს ხარჯები თავდაცვაზე. 2012 წელს მან მხოლოდ 712.0 მლნ. ლარი შეადგინა, 2013 წლის გეგმით იგი მხოლოდ 639.0 მლნ. ლარია, ანუ საქართველოს ამჟამინდელი თავდაცვითი ხარჯები 2008 წლისას 2.5-ჯერ ჩამორჩება და ფაქტობრივად, 2005 წლის დონეს შეესაბამება. უნდა ითქვას ისიც, რომ 2012-2013 წლებში საქართველოს საშუალო წლიური თავდაცვითი ხარჯები  2.2-ჯერ  ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც რუსეთი ხარჯავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სამხედრო ყოფნის უზრუნველსაყოფად. მოსახლეობის ერთსა და იმავე რიცხოვნობაზე გაანგარიშებით, აფხაზეთში შეიარაღებული ძალების კონტინგენტი 3.1-ჯერ, ხოლო სამხრეთ ოსეთში – 8.8-ჯერ მეტია საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სამხედრო ხარჯებით მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს რუსეთი 7.3-ჯერ, აფხაზეთი – 22.0-ჯერ, სამხრეთი ოსეთი კი  თითქმის ასტრონომიულად – 73.7-ჯერ უსწრებს.

რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ხარჯებზე საუბარი ცალმხრივი გამოგვივა, თუ არ შევეხეთ ამ „სახელმწიფოების“ ეკონომიკურ პოტენციალს, აქ წარმოებულ მთლინი შიგა პროდუქტის (მშპ) სიდიდეს.

აფხაზეთში შექმნილი მშპ, ოფიციალური სტატისტიკით, დაახლოებით 750 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტურია. სამხრეთ ოსეთში წარმოებული მშპ ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, არაა 100 მლნ. აშშ დოლარზე მეტი, ანუ ჯამში ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, 850 მლნ. აშშ დოლარამდე (საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლის 1/20). გამოდის რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა აფხაზი და ოსი მოსახლეობის „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“  უფრო მეტ ხარჯებს გულისხმობს, ვიდრე თავად ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების  შრომით შექმნილი მთლიანი შიგა პროდუქტის ღირებულებაა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, უაღრესად მრავლისმთქმელ დატვირთვას იძენენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი რუსული დახმარების მასშტაბები, ამ „დამოუკიდებელი ქვეყნების“ ეკონომიკურ პოტენციალთან და მოსახლეობის რიცხოვნობასთან მიმართებაში.

მიუხედავად ოფიციალური პუბლიკაციებისა, არ არსებობს ამ „სახელმწიფოების“ მოსახლეობის რიცხოვნობის ერთმნიშვნელოვანი, უკრიტიკოდ მიღებული მონაცემები. არადა, მოსახლეობის ზუსტი რიცხოვნობის ცოდნა აუცილებელია, მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობის ცოდნასთან ერთად, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის დასადგენად

აფხაზეთის მოსახლეობის მთლიანი რიცხოვნობა, სოხუმის ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წლის მდგომარეობით, 241.4 ათასია[9], თუმცა ჩვენი ექსპერტული შეფასებით, ეს ციფრი საკმაოდ გაბერილია მოსახლეობის მთლიანი რიცხოვნობა 190-200 ათასს არ უნდა აღემატებოდეს.[10] კიდევ უფრო ნაკლებია მოსახლეობა სამხრეთ ოსეთში. – თვით ადგილობრივი და რუსული წყაროებით, ამ „დამოუკიდებელ ქვეყანაში“ ჩარჩენილი მოსახლეობის რაოდენობა მერყეობს 10-დან 25[11]- 30 ათასამდე.[12] თავად რუსი ექსპერტებიც აღიარებენ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სიმცირეს. მაგალითად კარნეგის ცენტრის თანამშრომელი ალექსეი მალაშენკო აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დღეისათვის  – ეს არის მოსკოვის ერთი ქუჩის   მოსახლეობა.[13] მართალია, ვიკიპედიაში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა 72 ათასითაა განსაზღვრული,[14] მაგრამ ეს, ვფიქრობთ, წმინდა პროპაგანდისტული დატვირთვის მატარებელია, რადგან ეს რიცხვი მოსახლეობის რეალურ რიცხოვნობას ფაქტობრივად 3-7-ჯერ  აღემატება[15].

პენსიონერთა რაოდენობა აფხაზეთში 49.8 ათასია.[16] სამხრეთ ოსეთში კი, მოსახლეობის ფაქტობრივი რიცხოვნობიდან  გამომდინარე,   10 ათასს არ უნდა აღემატებოდეს.

რუსეთის ფედერაციაში საშუალო პენსია, 2013 წლის აპრილის მდგომარეობით, შეადგენს 10400 რუბლს[17], ხოლო საშუალო დანიშნული პენსია – 10014 რუბლს.[18] თუ ამოვალთ იქიდან, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში აბსოლუტურად ყველა პენსიონერი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო საშუალო პენსია შეადგენს რუსეთის ფედერაციაში არსებული საშუალო პენსიის 80%-ს მაინც, მაშინ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში  მცხოვრები პენსიონერების პენსია არ უნდა იყოს 280 აშშ დოლარზე ნაკლები (საშუალოდ რუსეთის ფედერაციაში – დაახლოებით $350), ხოლო ჯამური ხარჯები პენსიებზე 200 მლნ. აშშ დოლარზე მეტი იქნება.

გამოდის, რომ რუსეთის ფედერაცია ყოველწლიურად დაახლოებით 1.1 მილიარდ აშშ დოლარამდე ხარჯავს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ ორი დანიშნულებით – შეიარაღებული ძალების ყოფნისა და საკუთარი პენსიონერების საპენსიო უზრუნველყოფისათვის.

ვიმეორებთ, რომ ამ თანხებში არ შედის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებები, რომლებმაც 2009 წლიდან დღემდე უკვე 1.5 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ერთსა და იმავე დღეს, 2008 წლის 26 აგვისტოს, ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სამხედრო კონტინგენტებიც თითქმის თანაბარი რაოდენობით ყავს საქართველოს ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ფინანსური დახმარების მასშტაბებით განსხვავება მათ შორის აშკარად საგრძნობია. – მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობა სამჯერ და მეტად აღემატება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, 2008 წლის აღიარების შემდეგ სამხრეთ ოსეთმა აფხაზეთთან შედარებით 2.4-ჯერ მეტი  რუსული ფინანსური დახმარება მიიღო. რუსი პუბლიცისტის ლეონიდ რაძიხოვსკის შეფასებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მარტო „სამხრეთ ოსეთის აღდგენაზე“ რუსეთის მიერ გამოყოფილი სახსრები 34 მილიარდ რუბლს აღწევს,[19] რაც რუბლისა და დოლარის კურსით 1.1 მილიარდ დოლარზე მეტია.

დახმარების მასშტაბებში ასეთი დისპროპორცია გამოწვეულია იმით, რომ აფხაზეთს, ასე-თუ ისე, აქვს ეკონომიკა, ახდენს გადასახადების ადმინისტრირებას, მობილიზაციას, რის შედეგად ამ „სახელმწიფოს“ ფინანსურ უზრუნველყოფაში რუსეთის წილი გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე სამხრეთ ოსეთში.[20]

რუსეთიდან მიღებული ფინანსური ინექციები განაპირობებენ ამ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებში“ სახელმწიფო სექტორის მაღალ წილს.[21]

აფხაზეთი ყოველწლიურად რუსეთიდან იღებს დაახლოებით 100 მლნ. აშშ დოლარის დახმარებას,[22] რაც აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების „მხოლოდ“  55 პროცენტია.[23] აფხაზეთში წარმოებული მშპ და საბიუჯეტო ხარჯები მოსახლეობის ერთ სულზე თითქმის უტოლდება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს, თუმცა რუსეთიდან მიღებული ფინანსური ინექციების გარეშე  2.5-ჯერ ჩამორჩება მას. ანუ, თუ გრანტებსა და დახმარებებს გამოვრიცხავთ როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოსახლეობის ერთ სულზე საბიუჯეტო ხარჯების მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე აფხაზეთში საქართველოს მაჩვენებლის მხოლოდ 2/5-ზე ოდნავ მეტი იქნება.

ანალოგიურად ვერ ვისაუბრებთ სამხრეთ ოსეთზე. ამ „სახელმწიფოში“ ეკონომიკა თითქმის არ არსებობს,[24] საბიუჯეტო სახსრების 92 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მიერ გაწეულ დახმარებაზე მოდის[25]. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებული სახსრების წილი მხოლოდ 8 პროცენტია  და დასახულია ამოცანა, ეს მაჩვენებელი 12 პროცენტამდე გაიზარდოს.[26] რუსეთი 2010-2013 წლებში სამხრეთ ოსეთს საბიუჯეტო ინვესტირებისათვის გამოუყოფს 8.5 მლრდ. რუბლს[27] (დაახლოებით 270 მლნ. აშშ დოლარი). დაუთვლელია სამხრეთ ოსეთის წარმოებული მშპ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო შემოსავლები ადგილზე ადმინისტრირების ხარჯზე მობილიზებული შემოსავლების 4/5-ზე მეტია (დაახლოებით 50 მლნ. აშშ დოლარი), უნდა ვიფიქროთ, რომ ამ “სახელმწიფოს“ მშპ დაახლოებით 70-100 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტი უნდა იყოს, ანუ მოსახლეობის ერთ სულზე, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლის დაახლოებით ¼–1/3. ეს მაშინ, როდესაც ფაქტობრივად, მოსახლეობის ერთ სულზე რუსეთის მიერ სამხრეთ-ოსეთზე „ჩამოწერილი“ თანხა ომის შემდეგ პერიოდში (12 ათასი აშშ დოლარი) აჭარბებს რუსეთის ერთ მცხოვრებზე ამავე პერიოდის მანძილზე წარმოებული მშპ-ის საშუალოწლიურ მოცულობას, ხოლო სამხედრო ხაჯების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება არათუ საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის ერთ მცხოვრებზე წარმოებული მშპ-ის მოცულობასაც. თავად ადგილობრივი და რუსი ექსპერტები სამხრეთ ოსეთის მომავალს მისი ეკონომიკის განვითარების გარეშე ერთიან რუსულ გარნიზონად გადაქცევაში ხედავენ.[28] სწორედ ამ „ერთიან გარნიზონთან“ შეუფერხებელი კომუნიკაციისათვისაა გამოყოფილი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 900 მლნ. აშშ დოლარი როკის გვირაბის (ე.წ. ტრანსკამის)  გაფართოება-რეკონსტრუქციისათვის.[29]

ყოველივე ზემოთმოტანილიდან იკვეთება უაღრესად „საინტერესო“ სურათი: აფხაზეთი ეკონომიკური განვითარების დონით საქართველოს, სულ ცოტა 1/5-ით, სამხრეთ ოსეთი კი – 4-ჯერ და მეტად ჩამორჩება, მაგრამ საბიუჯეტო ხარჯების მოცულობით აფხაზეთი თითქმის საქართველოს დონეზეა, სამხრეთი ოსეთი კი დაახლოებით 2.5-ჯერ აჭარბებს მას. მაგრამ თუ გარე დახმარებებს, სუბსიდიებსა და გრანტებს გამოვრიცხავთ  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს  ბიუჯეტებიდან,[30] ე.ი. დავტოვებთ მხოლოდ ადგილზე მობილიზებულ გადასახადებსა და სხვა სახის ადგილობრივ შემოსავლებს, მაშინ საქართველოს ბიუჯეტი მოსახლეობის ერთ სულზე 2-ჯერ და მეტად გადააჭარბებს  აფხაზეთის ანალოგიურ, ხოლო თითქმის 5-ჯერ – სამხრეთ ოსეთის მაჩვენებელს.[31] ასეთ პირობებში  განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება „დამოუკიდებელი“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვაზე გაწეული ხარჯებისა და შეიარაღებული ძალების აშკარა მეტობა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.[32]

ამრიგად, რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთისათვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარება არ გამოირჩევა ეკონომიკური სარგებლიანობით და მნიშვნელოვნად აჭარბებს როგორც ამ სახელმწიფოებში წარმოებული დამატებული ღირებულების მთლიან მოცულობას, ისე მოსახლეობის ერთ სულზე რუსეთის ფედერაციაში შექმნილი მშპ-ისა და მოსახლეობის ერთ სულზე თავდაცვითი ხარჯების მოცულობას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფოებრიობა“ ეკონომიკური ასპექტით მთლიანად რუსეთელი გადასახადის გადამხდელების ხარჯზეა უზრუნველყოფილი. ამ ორი „სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის“ ეკონომიკური პოტენციალი დანარჩენი საქართველოს 1/20-ზე ნაკლებია, სახელმწიფო ბიუჯეტების ჯამური მაჩვენებელი კი შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 1/10-ია. ამავე დროს, მათი სამხედრო ხარჯების ჯამური მაჩვენებელი  2.3-ჯერ აღემატება საქართველოს თავდაცვითი ხარჯების მოცულობას. სწორედ რუსეთის მიერ განხორციელებული ფინანსური დახმარება უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორში დასაქმების საარაკოდ მაღალ წილს დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში. ყველაფერი ლეგენდარული მეფე მიდასის ყურებივით თვალში საცემია. წარმოდგენილ ინფორმაციას, ვფიქრობ, შემეცნებითთან ერთად აქვს გამოყენებითი ღირებულება. ერთი რამის დასკვნა კი ეხლავე შეიძლება: იმ სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალის ნეიტრალიზება, რომელიც საქართველოს უპირისპირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ძალის გამოყენებით შეუძლებელია. ამიტომ სტრატეგია ძალის არგუმენტის ნაცვლად არგუმენტის ძალაზე, მოლაპარაკების, დარწმუნებისა და თანამშრომლობის ურთიერთხელსაყრელი წინადადებების რეალიზაციაზე უნდა გადიოდეს…

იოსებ არჩვაძე

დანართი:

გრაფიკები NN1-19 – ათ გვერდზე.


[1]„ Армения за время войны в Южной Осетии потеряла около пятисот миллионов долларов из-за проблем с коммуникациями, заявил на пресс-конференции в Ереване генеральный директор ОДКБ Николай Бордюжа“. – http://www.regnum.ru/news/1050235.html.

[2] იხ.: Алексей Михайлов. Война с рынком сбыта. – Газета.ru. 5.08.2013

[3] თავდაცვაზე გაწეული ხარჯები, რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 60 მილიარდია (იხ.: http://www.gks.ru/free_doc/new_site/finans/fin21.htm.) სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით კი ეს ციფრი 90.7 მლრდ. აშშ დოლარს აღწევს (იხ.: http://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_military_expenditures).

[4] სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცმებით. – იხ.: ISS 2010, pp. 157–158. -  http://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_number_of_troops

[5] იხ. სტატია ვიკიპედიაში.: Российские военные объекты за рубежом.

[6] იხ.: http://ru.wikipedia.org/wiki/Вооружённые_силы_Республики_Абхазия

[7] იხ.: http://ru.wikipedia.org/wiki/Вооружённые_силы_Республики_Южная_Осетия

[8] იხ.:  http://apsnypress.info/news/9557.html

[9] იხ. Абхазия в цифрах. 2011., с. 15.

[10] ჩვენ უნდობლობით ვეკიდებით სოხუმის სტატსამსახურის მიერ დეკლარირებულ აფხაზი მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდას  2012 წელს 2003 წელთან შედარებით 1.3-ჯერ, მაშინ როდესაც დანარჩენი მოსახლეობა შემცირდა 0.6 პროცენტით. – იხ.: Абхазия в цифрах. 2011., сc. 22-24.

[11] „Разные должностные лица неофициально называли мне разные цифры – и 25 тысяч человек, и 17 тысяч. На улицах и базарах считают, что жителей в республике еще меньше. Говорят, не больше 10 тысяч, но проверить эти цифры сложно, почти невозможно“. – იხ.: Дмитрий СТЕШИН. Ради чего мы воевали в Южной Осетии?. – «КП», 7.08.2013. – http://www.kp.ru/daily/26116/3010489/ю

[12] იხ.: Южная Осетия после российского признания. Цифры и факты.  – newsland.com. 16.06.2010 http://newsland.com/news/detail/id/518755/. ამ მასალაში ერთგან მოტანილი მონაცემებით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა გამოდის 30 ათასი, მეორეგან მოტანილი პასაჟით კი („Количество российских военнослужащих уже составляет одну шестую от всего населения ЮО.“) კი – მხოლოდ 24 ათასი კაცი.

[13] Алексей Малашенко:  “Население Южной Осетии на сегодняшний день — это население одной московской улицы”. – იხ.: «Независимая территория, а не страна». Газета.ru. 8.08.2013. http://www.gazeta.ru/politics/2013/08/05_a_5541977.shtml

[14] იხ.:

ttp://ru.wikipedia.org/wiki/Южная_Осетия#.D0.AD.D0.BA.D0.BE.D0.BD.D0.BE.D0.BC.D0.B8.D0.BA.D0.B0

[15] მიუხედავად საკმარისზე მეტი არგუმენტებისა სოხუმისა და ცხინვალის დემოგრაფიული მონაცემებისადმი უნდობლობისათვის, ამ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების სამხედრო და ეკონომიკური ინდიკატორები მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებისათვის ეყრდნობა მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობის ოფიციალურ მონაცემებს, ანუ აფხაზეთის მოსახლეობა – 242 ათასი, სამხრეთ ოსეთისა კი – 72 ათასი კაცი.

[16] იხ.:Абхазия в цифрах. 2011., с. 44.

http://vk.com/doc162243319_157492957?hash=8fc8e71e754a8ad2a5&dl=28aabb49a7217e1962

[17] იხ.: http://fritzmorgen.livejournal.com/587087.html

[18] იხ.: http://www.gks.ru/free_doc/new_site/population/urov/doc3-1-1.htm

[19] იხ.: Леонид Радзиховский.  Нулевой результат войны. «Независимая газета»,  08.08.2013

[20] აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თვისებრივი განსხვავება იმაშიც გამოიხატება, რომ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, დოვლათის მნიშვნელოვან ნაწილს თავადაც ქმნის. სამხრეთ ოსეთში მოხმარებული დოვლათის დიდი ნაწილი არა მარტო მის ფარგლებს გარედანაა შეზიდული, არამედ დარიცხული ხელფასებისა და სხვა ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის სახით ისევ უკან გაედინება და იქ მოიხმარება.

[21] აფხაზეთში დაქირავებით დასაქმებულთა შორის სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების წილი შეადგენს 72.1პროცენტს (იხ.:Абхазия в цифрах. 2011., с. 33), სამხრეთ ოსეთში აღნიშნული ციფრი, ჩვენი  შეფასებით 90 პროცენტზე მეტი უნდა იყოს.

[22] იხ.: Россия выделяет Абхазии еще 30 млн долларов. – Русская служба ВВС. 10 июля 2013 г. – http://www.bbc.co.uk/russian/russia/2013/07/130710_abkhazia_khloponin.shtml

[23] იხ.: АПСНЫПРЕСС, 16.07.2013

[24] იმას, რომ სამხრეთ ოსეთში ეკონომიკა ფაქტობრივად არ არსებობს, აღიარებენ თავად სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლები. ასე მაგალითად, ცხინვალის მედიაცენტრ „ირ“-ის ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა რუსულ გაზეთ “Коммерсантъ”-სათვის მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს იქ შექმნილ მდგომარეობაზე: „Люди не верят ни себе, ни руководству, ни внешним силам. Активности нет, республика живет по инерции. У нас экономики фактически нет (ხაზგასმა ჩვენია). – იხ.: Пятилетка независимости. - Газета “Коммерсантъ”, №151 (5182), 23.08.2013. – http://kommersant.ru/doc/2261208

[25] იხ.: Постановление Парламента Республики Южная Осетия №92 27 июля 2013 г  О Законе Республики Южная Осетия «О внесении изменений в Закон Республики Южная Осетия «О Государственном бюджете Республики Южная Осетия на 2013 год». – http://ugo-osetia.ru/index.php/2011-06-30-23-44-4/official/item/1520-postanovlenie-parlamenta-respubliki-yuzhnaya-osetiya

[26] იხ.: http://osinform.ru/18254-doxodnaya-baza-byudzheta-yuzhnoj-osetii.html

[27] იხ.: Инга Воробьева, Путин нарастит финансирование Южной Осетии. РБК daily б 12.05.2012

[28] „И российские, и местные эксперты уверены, что, если экономика и дальше не будет развиваться, Южная Осетия превратиться в российский гарнизон“. – იხ.: Южная Осетия после российского признания. Цифры и факты.

[29] იხ. იქვე.

[30] საქართველოც ღებულობს საზღვარგარეთულ გრანტებს და ამავე დროს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, უცხოურ კრედიტებს, რის გამოც ეზრდება ფინანსური ვალდებულებები. თუმცა ყოველივე ამის მოცულობა საქართველოს აფხაზეთის მიერ რუსეთისაგან მიღებული ფინანსური დახმარებების (გრანტების) მოცულობასთან  შედარებით მოსახლეობის ერთ სულზე 4.7-ჯერ, ხოლო სამხრეთ ოსეთთან შედარებით – 20.6-ჯერ ნაკლები აქვს…

[31] სწორედ რუსული ფინანსური ინექციები აძლევს საშუალებას სამხრეთ ოსეთს მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ¼-ის დონეზე წარმოებული მთლიანი შიგა პროდუქტის პირობებში გასცეს საქართველოში არსებულზე  ორჯერ მეტი პენსია და შესაბამისად, საგრძნობლად მეტი – საშუალო ხელფასი.

[32] ზემოთმოტანილი მონაცემების გათვლისას გამოყენებულია სოხუმისა და ცხინვალის ოფიციალური, რეალურთან მნიშვნელოვნად გაზრდილი მონაცემები მოსახლეობის რიცხოვნობაზე. ბუნებრივია, თუ ვისარგებლებთ მოსახლეობის უფრო რეალური, შემცირებული მონაცემებით (ჩვენი შეფასებით, აფხაზეთში – დაახლოებით 200 ათასამდე, სამხრეთ ოსეთში – 25-30 ათასი კაცი), თავდაცვაზე გაწეული ხარჯებისა და საზოგადოებისა და ეკონომიკის მილიტარიზაციის მასშტაბები ამ „სახელმწიფოებში“ კიდევ უფრო მაღალი იქნება…

Comments are closed