globalresearch.ge

საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ზოგიერთი ასპექტი. თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში

Posted by Globalresearch on Mar 29th, 2014 and filed under კვლევები, კონფერენციები, სემინარები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

თამაზ იმნაიშვილი, საქართველოს გენერალთა კლუბის საინფორმაციო და ანალიტიკური სამსახურის უფროსი თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი:

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის ევროპის სრულყოფილ წევრად გახდომის გზაზე უაღრესად სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ხელშეკრულება არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში უპირობოდ გაწევრიანებას, მაგრამ ევროკავშირს ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ექნება გაცილებით მეტი კონკრეტული და ხელმოსაკიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობა საქართველოს მიმართ, ვიდრე დღვანდელი აღშფოთება–შეშფოთების პროზაული გამოხატულებაა.
ცალსახაა, რომ თუ კავკასია სრული კონტროლის ქვეშ აიყვანა რუსეთმა, მაშინ ევროპას სერიოზული პრობლემები შეექმნება. რუსეთი მიაღწევს საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზანს და ევროპას გამოკეტავს 1939 წლის მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის წინამდებარე პერიოდის საზღვრებში. კავკასია, კასპიის აუზი და ცენტრალური აზია სრულად გადავა რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ. ამავდროულად რუსეთს პირდაპირი სახმელეთო საკომუნიკაციო ქსელი შეექმნება ირანთან. ეს კი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მარგი ქმედების კოეფიციენტს მინიმუმამდე დაიყვანს, ხოლო თვით ირანს სერიოზულ სტიმულს მისცემს დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების და მითუმეტეს მისი დაჩქარების პროცესი პირდაპირ კავშირშია საერთო ევროპულ უსაფრთხოებასთან. უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე პროცესის დაჩქარება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ევროპა სრულად აღიქვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო მისთვის, უფრო სწორედ კი გეოგრაფიული ტერიტორია, სადაც სახელმწიფო საქართველო მდებარეობს.

ამ ზემოთაღნიშნული სცენარის გათამაშების შედეგი ევროპისთვის უპირველესად ენერგომომამარაგების სფეროში შექმნილი პრობლემები იქნება, ხოლო აქედან გამომდინარე კი საერთოდ ევროკავშირის, როგორც პოლიტიკურ–ეკონომიკური გაერთიანების არსებობის კრახის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

მითუმეტეს ჩვენ ვხედავთ თუ რა ცენტრიდანული მოძრაობები მიდის თვით ევროპაში. კატალონია, შოტლანდია, ვენეცია, ბასკეთი, ფლანდრია. ეს ის რეგიონებია, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და დიდის ალბათობით ამას მიაღწევენ კიდეც. ეს კიდევ ერთი წინაპირობა იქნება ევროპის, როგორც საერთო პოლიტიკურ–ეკონომიკური გაერთიანების დაშლისათვის საშუალო და ხანგრძლივადიან პერიოდში.

მეორე ასპექტი უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ–ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას 25 მარტს გაკეთებული განცხადებაა, სადაც მან ცალსახად და ღიად განაცხადა, რომ ახლო მომავალში უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება. გასაგებია, რომ ეს რუსეთისთვის განკუთვნილი მესიჯი იყო, რომ კიდევ ერთი დაძაბულობის მიზეზი არ გაჩნდეს დღევანდელ რუსულ–დასავლურ დაპირისპირებაში. ამ მესიჯის ქვეტექსტი კი ასე შეგვიძლია წავიკითხოთ. რუსეთისთვის საქართველო სრულად მიუღებელია ნატოს ქოლგის ქვეშ, მაგრამ არ წარმოადეგნს სერიოზულ საფრთხეს ევროკავშირისკენ წასული საქართველო.

ეს მხოლოდ ვარაუდია. თუმცა პუტინის თავში რა ფლავი იხარშება, მგონი არავინ იცის და სულაც არ არის გამორიცხული რუსეთმა საქართველოს პლაცდარმი მაინც დაიკავოს. თუმცა, თუ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ დაასწრო ამ მოვლენებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპას უნდა თუ არა მოუწევს უფრო მეტი პასუხისმეგბლობის აღება მის მიერვე ხელმოწერილი ვალდებულებების შესასრულებლად. რუსეთის ეს ნაბიჯი ევროპისთვის აშკარა პირდაპირი მუქარა იქნება.

ახლა თვით ასოცირების შეთანხმებაზე გადავიდეთ. ამ ხელშეკრულების მე–3 კარი განვიხილოთ, რომელიც თავისუფლებას, უსაფრთხოებას და მართლმსაჯულებას ეძღვნება.

ამ ნაშრომში შევეცდებით განვიხილოთ, თუ რა დადებთი მომენტების მომტანი შეიძლება გახდეს სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

მე–3 კარის მე–15 მუხლი ეხება მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში თანამშრომლობას. სამივე სფერო საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თანმდევი ელემენტი სავიზო რეჟიმის გამარტივება და შემდეგომ უვიზო რეჟიმზე გადასვლაა, რაც ცალსახად გამოიწვევს შრომითი და ინეტელექტუალური რესურსების სერიოზულ გადინებას ქვეყნიდან. ეს კი რამდენად ცუდად შეიძლება აისახოს ქვეყნის განვითარებაზე, მგონი დიდი განხილვის საგანი არ უნდა იყოს. ევროკავშირი თავად გაცილებით მეტადაა დაინტერესებული ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების შემცირებასა და მის კონტროლში. ამ სიტუაციაში ორივე მხარის ინტერესების თანხვედრა ხდება და ამ სფეროში თანამშრომლობა დიდის ალბათობით საკმაოდ ეფექტური იქნება.

ამ მიგრაციული ნაკადების შესამცირებლად ევროკავშირს მოუწევს ისეთი დახმარებების გაწევა საქართველოსთვის, რომელმაც ადგილზევე უნდა შეამციროს ემიგრაციის მსურველთა რიცხვი. ანუ ევროპა უნდა შეეცადოს პრევენტული ღონისძიებები თვით საქართველოში განახორციელოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მან საქართველოს ეკონომიკურ და სამეცნიერო განვითარებაში სერიოზული წვლილი უნდა შეიტანოს, რომ შრომითი და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ადამიანებს ნაკლები სურვილი გაუჩნდეს ქვეყნის დასატოვებლად. თუ ამ მიმართულებით არ წავიდა პროცესები, ევროპაში არალეგალური მიგრაცია უკვე ისეთ მასშტაბებს მიიღებს, რომ რეადმისიის პროცესები ვეღარ იქნება ეფექტური.

მეორე სფერო საქართველოში მიგრანტთა შემოსვლის პრობლემაა. მიგრანტთა უდიდესი ნაწილი აფრიკის და აზიის დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან შემოდის, რომელთათვის საქართველო ე.წ. სატრანზიტო გზაა ევროპაში ემიგრაციისთვის. იმის გამო, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ ევროპაში ემიგრაციის პროცესი ძალიან ხშირად სერიოზულად ფერხდება, მიგრანტთა დიდი ნაწილი არალეგალურად რჩება ქვეყანაში.

იმის გამო, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი წინა ხელისუფლებამ ლამის ნახევარ მსოფლიოსთან გააფორმა, საქართველოში შემოსულ უცხოელთა ერთი ნაწილი, რომელიც ევროპაში აპირებს ემიგრირებას, საფრთხის მატარებელია და საქართველო მისდა უნებლიედ თვითონ უქმნის ევროპას საფრთხეს არაკონვენციური ძალების ევროპაში გადადინების პროცესს უწყობს ხელს. ამ სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოში შესაძლებელია მოხდეს სავიზო რეჟიმების გადახედვა და ამავდროულად კარგი ფაქტია ის, რომ უკვე განხილვის პროცესშია უცხოელთათვის მოქალაქეობის მიღების წესში ცვლილებების შეტანა. ამ კუთხით თანამშრომლობა უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აქ ევროპის დაინტერესება ძალიან მაღალი ალბათობისაა და მისთვის გაცილებით უპრიანი იქნება საქართველოში პრევენციის გატარება, რომელიც გაცილებით იაფი დაუჯდება და უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება.
კიდევ ერთი სფერო ამ მუხლში საზღვრის მართვაა. ამ 24 წლის მანძილზე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მოახდინა, საზღვრების დემარკაცია არ მომხდარა არც ერთ მეზობელთან. სსრკ–სგან მემეკვიდრეობით გვერგო მხოლოდ თურქეთთან არსებული უკვე დამტკიცებული საზღვრები. ეს სფერო საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აზერბაიჯანის პრეტენზიები დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, გაურკვეველი ვითარება სამცხე–ჯავახეთში სომხეთ–საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით და ყველაზე რთული სიტუაცია რუსეთთან საზღვარი.

დავით თევზაძის მინისტრობის დროს, სამინისტროს ეგიდით შექმნილი იყო ორი ბატალიონი „მონადირე“ სვანეთსა და ხევსურეთში, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან დაკომპლექტდა. ამ ბატალიონებს რამდენიმე ამოცანა გააჩნდათ და ამოცანების შესრულების პროცესმა აჩვენა, რომ შედეგები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.უპირველესად დაცული იყო საზღვრის ის მონაკვეთები, სადაც ამ ბატალიონებს ჰქონდათ მიცემული ამოცანები. ორივე მიმართულებაზე მრავალჯერ იყო ჩრდილო კავკასიიდან როგორც რუსული სამხედრო შენაერთების, ისე არაკონვენციური ძალების შემოსვლის მცდელობები, თუმცა პრაქტიკულად ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობა სასაზღვრო ზოლში დაბრუნდა (მათი ოჯახის წევრები და ადგილობრივი მკვიდრები, რომლებსაც მიტოვებული ჰქონდათ მშობლიური კერა და ბარში იყვენენ გადასახლებულები) გაიჩინა საქონელი, სოფელი გაცოცხლდა. იქ ადამიანების დაბრუნებამ თავისთავად შექმნა პირობა იმისა, რომ საზღვრების უკანონო გადმოკვეთები და მითვისების მცდელობები მკვეთრად შემცირდა. როგორც იტყვიან წმინდა ადგილი არასდროს რჩება ცარიელიო. თუ შენ აცარიელებ ადგილს მას ბუნებრივად უკვე სხვა იკავებს.
ზუსტად იმის გამო, რომ არანაირი სადემარკაციო ხაზი რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს და წინა ხელისუფლებამ ეს ბატალიონები დაშალა და ამით იქაური ცხოვრებაც მოშალა და დააცარიელა, მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების იქით რუსეთმა პრაქტიკულად მიითვისა საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიის დაახლოებით 3–4%, რომლის შესახებაც არც წინა ხელისუფლება იღებდა ხმას და არც ახალი აქტიურობს, ამიტომაც ამ სფეროში თანამშრომლობა კიდევ ერთ სერიოზული რისკის მინიმიზაციის კარგი საშუალებაა.

მე–18 მუხლი ეხება უკანონო ნარკოტიკების მოძრაობის სფეროს. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიჩნეულია ნარკობიზნესის ერთ–ერთ სერიოზულ სატრანზიტო ქვეყანად. ეს შემდგარი ფაქტია, რომელსაც ვერსად წაუვალთ. წინა ხელიუფლებების დროს რიგი მაღალჩინოსნების თანამდებობების ბოროტად გამოყენებამ, ხოლო ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში ამ ბიზნესის ლამის სახელმწიფო დონეზე აყვანამ საქართველოს ტერიტორია პრაქტიკულად საჩუქრად გადასცა ნარკობიზნესს. ახალმა ხელისუფლებამ რაც არ უნდა მოინდომოს და დიდი ბრძოლა გამოუცხადოს ნარკობიზნესს, ის მარტო ვერაფრით გაუკლავდება ამ სენს. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ამ სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარებას, ქმედითი დახმარების აღმოჩენას და საქართველოს ტერიტორიაზე პრევენტული ღონისძიენების გატარებას. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ თუ ქართული სახელმწიფო თვითონ არ გამოიჩენს დიდ აქტიურობას ამ სფეროში, ევროპის დაინტერესება არ იქნება მაღალი დონის. საქართველოდან შესული ტვირთები არ წარმოადგენს დიდ მასას და ევროკავშირის სპეცსამსახურებს მასზე კონტროლის დაწესება საკუთარი საზღვრების პერიმეტრზეც შეუძლიათ. ეს კი ჩვენთვის პრაქტიკულად არაფრის მომტანი იქნება. პირიქით, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ამ ტერიტორიაზე არ იქნება მის წინააღმდეგ მოქმედი სერიოზული ძალა.
მე–19 და მე–20 მუხლები ფულის გათეთრების და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

ერთი შეხედვით საქართველო თითქოს ტერორისტული საფრთხეებიდან შორს დგას და აქ ტეროროსტული აქტების და ტერორისტული ორგანიზაციების გაჩენის საფრთხეები მინიმალურია, მაგრამ საფრთხის მთელი სერიოზულობა სწორედ ის არის, რომ საქართველო ტეროტიზმის ექსპორტირების სატრანზიტო კვანძია დღეისათვის.

თავისთავად ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ კილერს, რუსლან პაპასკირს (ჩრდილოკავაკსიელია) მეტსახელად ზოონს, ქართული პასპორტი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ გაცემული და იგი მსოფლიოში ამ პასპორტით დადიოდა, ცალსახად ქმნის საქართველოსგან ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყნის იმიჯს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს გარშემო ძალიან ბევრი კონფლიქტური კერებია. არაკონვენციური ძალების გააქტიურების სერიოზული ტენდენცია აშკარად სახეზეა. ყველა ვარიანტში ეს გააქტიურება საქართველოზეც აისახება. ევროკავშირს გააჩნია უდიდესი საინფორმაციო და მაღალტექნოლოგიური ბაზა, მაღალი დონის სპეცსამსხურები და რაც მთვარია სერიოზული ფინანსები ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ევროკავშირის ტერორიზმთან ბრძოლის არეალი იზრდება და საქართველოს ტერიტორია უკვე მისი პასუხისმგებლობის სივრცეც ხდება.

არაკონვენციური ძალების და იარაღის საფრთხის ერთ–ერთი მთავარი შემადგენელი ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური მასალების საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობაა. ე.წ. „ბინძური ბომბი“–ს შექმნა და მისი გამოყენება პრაქტიკულად მხოლოდ დროის საკითხია და თანამედროვე მსოფლიოს მთავარი ამოცანა ამ საფრთხის მინიმიზაცია და მისი დროში გაწელვაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ წარმოადგენს ბირთვულ ქვეყანას, ამ მასალების მოძრაობა საქართველოში საკმაოდ აქტიურია და ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სოხუმის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც რადიოლოგიურ მასალებს, აქტინოიდებს და ლანთანოიდებს აწარმოებს, ნაკლებ კონტროლირებადია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ეს ის ინსტიტუტია სადაც ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი მასალები მზადდება. თბილისშია ლუგარის სახელობის ლაბორატორია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთ–ერთი ყველაზე სერიოზულად დაცული ლაბორატორიაა ევროსაბჭოს მასშტაბით, ტერორისტული აქტის საფრთხე მაინც დიდია. შემდგარი ტერაქტის შემთხვევაში შედეგები რეგიონის მასშტაბს გასცილდება და სუბრეგიონალურ მასშტაბს მიიღებს. აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს 2012 წლის ანგარიშის მიხედვით ირანს ბირთვული ნედლეულის იმაზე გაცილებით მეტი მარაგი აღმოაჩნდა ვიდრე დეკლარირებული ჰქონდა. არადეკლარირებული მარაგების დიდი ნაწილი რუსული წარმოშობისა იყო, ხოლო ირანში ამ მასალების შეტანის ერთ–ერთი არალეგალური სატრანზიტო გზა კავკასიაზე, კერძოდ კი საქართველოზე გადიოდა. წინა ხელისუფლება ამ ანგარიშის მიჩქმალვას ცდილობდა, მაგრამ მისი დამალვით პრობლემა არ გვარდება. დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. ამ სფეროშიც ევროპის დაინტერესება ძალიან მაღალი კოეფიციენტისაა და ევროკავშირის დახმარება და პრევენტული ზომების გატარება ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმის და არაკონვენციური იარაღის მოძრაობის საფრთხის მინიმიზაციის ეფექტური საშუალება იქნება.
მე არ შემიძლია მთლიანად ამ შეთანხმების ანალიზი გავაკეთო იმიტომ, რომ მხოლოდ უსაფრთხოების სპეციალისტი გახლავართ, მაგრამ შემიძლია გამოვთქვა მაღალი დონის ვარაუდი, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ევროკავშირის დახმარება ქვეყნის სტაბილურობის, მისი განვითარების და უსაფრთხო გარემოს შექმნის კარგი საშუალება იქნება.

უმთავრესად ამის იმედს მაძლევს ის გარემოება, რომ აქ ჩამოთვლილი საფრთხეების მინიმიზაცია და გაუვნებელყოფა ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა. საქართველო ამ საფრთხეების მიმართ საკმაოდ სუსტია. აქედან გამომდინარე, ჩვენის ქვეყნის ტერიტორიაზე პრევენტული ღონისძიებების გატარება და საქართველოს დახმარება ამ საფრთხეების გაუვნებელყოფისათვის, ევროპისათვის საკუთრი უსაფრთხოების მიზნის მიღწევასაც ნიშნავს. ჩენ უფრო ვჭირდებით მათ ამ სფეროში, ვიდრე ჩვენ გვჭირდებიან ისინი.

ინტერესთა თანხვედრა არის ყველაზე კარგი პირობა თანამშრომლობის ეფექტიანობისათვის.

Comments are closed