globalresearch.ge

თანამედროვე ეკონომიკა როგორც ანტიუტოპია: რატომ აღარიბებენ ტექნოლოგიები ადამიანებს

Posted by Globalresearch on Mar 5th, 2015 and filed under კვლევები, უცხოური კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

თანამედროვე ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები ინდუსტრიული რევოლუციის შედეგების მსგავს კრიზისს განიცდიან. გლობალიზაცია და ტექნოლოგიური ბუმი მოსახლეობის სხვადასხვა ფენების შემოსავლებს შორის განსხვავებას მხოლოდ ზრდიან. ამ, ერთი შეხედვით, დადებითი პროცესების მეორე მხარეზე საკუთარ ლექციაში კანადელი ჟურნალისტი და მწერალი კრისტია ფრილანდი გვიამბობს.

გლობალური პლუტოკრატიის საუკუნე

თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტი ის გახლავთ, რომ ჩვენ შემოსავლების მზარდი უთანაბრობის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მოსახლეობის ყველაზე მაღალი ფენებისა და დანარჩენთა კეთილდღეობის შედარებისას, რასაც კვლევები ადასტურებს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია აშშ და დიდი ბრიტანეთი, თუმცა ეს გლობალური ფენომენია, რომელიც კომუნისტურ ჩინეთს, პოსტკომუნისტურ რუსეთს, ინდოეთს და კანადასაც ახასიათებს. ჩვენ მას ვხედავთ ისეთ წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა შვედეთი, ფინეთი და გერმანია.

1970–იანი წლების ამერიკაში ეროვნული შემოსავლების 10% მოსახლეობის ერთი პროცენტის ხელში იყო თავმოყრილი. დღეს მათი წილი გაორმაგდა. კიდევ უფრო განსაცვიფრებელია ის, რაც შემოსავლების განაწილების მწვერვალზე ხდება. ამჟამად მოგების 8% ამერიკელთა 0,1 პროცენტს ეკუთვნის. ანუ იმდენივე, რაც ერთ პროცენტს – 30 წლის წინ. პერსპექტივა რომ გასაგები გახდეს, რამდენიმე ციფრს მოვიტან, რომლებიც 2005 წელს კლინტონის ადმინისტრაციის შრომის მინისტრმა რობერტ რეიხმა გამოთვალა. რეიხმა ორი ყველაზე ცნობილი მდიდარი ადამიანის – ბილ გეიტსისა და უორენ ბაფეტის ქონება შეისწავლა. მან აღმოაჩინა, რომ იგი მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენის საერთო მოგების 40%–ს უდრის, ეს კი 120 მილიონი ადამიანია. ამგვარად, უორენ ბაფეტი ახლა უბრალოდ პლუტოკრატი კი არ არის, არამედ ამ ფენომენის ყველაზე შორსმჭვრეტელი დამკვირვებელია. მას კიდევ ერთი საინტერესო ციფრი უკავშირდება: ბაფეტს უყვარს შეხსენება, რომ 1992 წელს Forbes–ის სიის 400 წევრის საერთო შემოსავალი მხოლოდ 300 მილიარდი დოლარი იყო. დღეს ეს ციფრი სამჯერ გაიზარდა და 1,7 ტრილიონი შეადგინა. დაუფიქრდით ამას. თქვენ მილიარდერობაც არ მოგეთხოვებოდათ იმისთვის, რომ 1992 წელს ამ სიაში მოხვედრილიყავით. არ ღირს იმის ახსნა, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება საშუალო კლასის ცხოვრებაში, რომლის შემოსავლები არ გაზრდილა, თუ არ შემცირდა.

ჩვენ გლობალური პლუტოკრატიის საუკუნეში ვცხოვრობთ, ოღონდ ეს უცებ ვერ შევამჩნიეთ. ნელი და თანდათანობითი ცვლილებების შემჩნევა რთულია, მაშინაც კი, როცა მათი საბოლოო შედეგები შეიძლება დრამატული აღმოჩნდეს. შევეცადოთ, გავერკვეთ, რით არის განპირობებული ეს უთანასწორობა და რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ.

„კლანური კაპიტალიზმის“ ზეწოლა

მიზეზთა პირველი კომპლექსი პოლიტიკას უკავშირდება: გადასახადების შემცირება, ფინანსური სექტორის რეგულირება, პრივატიზაცია, პროფკავშირების სუსტი სამართლებრივი დაცვა. ყველაფერი ეს ქმნის სისტემას, რომელშიც შემოსავლების უდიდესი ნაწილი ყველაზე ზემოთ მიედინება.

ყველა ეს პოლიტიკური ფაქტორი შეგვიძლია ეგრეთ წოდებული „კლანური კაპიტალიზმის“ ცნებაში გავაერთიანოთ. მის პირობებში პოლიტიკური გარდაქმნები, რომლებიც „თავისიანებს“ აძლევს ხელს, ყველა დანარჩენის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებს. სინამდვილეში ამ სისტემის თავიდან მოშორება წარმოუდგენლად რთულია. გაიხსენეთ რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ მრავალწლიანი და მრავალმხრივი რეფორმები. ისიც, თუ რა რთულია ახლა, დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ღრმა ფინანსური კრიზისის პირობებში საბანკო სისტემის გარდაქმნა. ისიც, თუ როგორ რთულია აიძულო საერთაშორისო კორპორაციები (მათი ჩათვლით, ვისი დევიზიც არის „არ ავნო“) გადაიხადონ გადასახადები თუნდაც დაახლოებით იმ მოცულობით, როგორც საშუალო კლასი იხდის. მაგრამ თუ პრაქტიკაში „კლანური კაპიტალიზმის“ მოშორება ძალიან ძნელია, თეორიაში ეს საკმაოდ მარტივი ამოცანაა. საბოლოო ჯამში, მის რეალურ სარგებელს ძალიან ცოტა თუ იპოვის. გარდა ამისა, ეს იშვიათი საკითხია, რომელიც მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს აერთიანებს: „კლანურ კაპიტალიზმს“ აკრიტიკებენ როგორც Central valley Tea Party, ისე მოძრაობა Occupy Wall Street–ის წევრები.

ეკონომიკური ფაქტორები და სუპერვარსკვლავების ეფექტი

ჩვენ გავარკვიეთ, რომ თეორიულად „კლანური კაპიტალიზმი“ პრობლემის მარტივი შემადგენელია. მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდება, თუ შემოსავლის დონეების მზარდი უთანასწორობის ეკონომიკურ ფაქტორებზე დავფიქრდებით. თავისთავად ისინი ერთობ ჩვეული რამ არის. ეს არის გლობალიზაცია და ტექნოლოგიური რევოლუცია, რომლებმაც დასაბამი მისცეს ეკონომიკის ორმხრივ ტრანსფორმაციას, ჩვენს ცხოვრებასთან ერთად მსოფლიო ეკონომიკური სისტემა შეცვალეს და „სუპერმდიდრების“ აყვავების პროვოცირება მოახდინეს.

უბრალოდ დაფიქრდით ამაზე. პირველად ისტორიაში, თუ თქვენ ენერგიული მეწარმე ხართ არაჩვეულებრივი იდეით და ფანტასტიკური ახალი პროდუქტით, მყისიერი და შეუფერხებელი წვდომა გექნებათ მრავალმილიარდიან მსოფლიო ბაზარზე.

თუ თქვენ ძალიან–ძალიან ჭკვიანი და ძალიან–ძალიან იღბლიანი ხართ, შეგიძლიათ გახდეთ ძალიან–ძალიან მდიდარი ძალიან–ძალიან სწრაფად.

ამ მოვლენის უკანასკნელი ილუსტრაცია გახდა დევიდ კარპი. Tumbler–ის 26 წლის დამფუძნებელმა საკუთარი პროექტი კომპანია Yahoo-ს 1,1 ტრილიონ დოლარად მიჰყიდა. ერთი წამით:  1,1 ტრილიონი დოლარი, 26 წელი! როგორ ქმნიან ახალი ტექნოლოგიები და გლობალიზაცია სუპერვარსკვლავებს, ყველაზე ადვილად შესამჩნევია ისეთ ჩვეულ დარგებში, როგორიცაა სპორტი და გასართობი ინდუსტრია. ყველასთვის ცნობილია, რომ ათლეტები და არტისტები თანამდეროვე ეკონომიკის შესაძლებლობებით ისე სარგებლობენ, როგორც არასდროს მანამდე. მაგრამ დღეს ეს ეფექტი ყველგან ჩანს: ჩვენ გვყავს სუპერვარსკვლავები ტექნოლოგიებში, საბანკო სექტორში, იურისტი–სუპერვარსკვლავები, არქიტექტორი–სუპერვარსკვლავები, ფერმერები და მზარეულები. სუპერვარსკვლავი–დანტისტებიც კი არსებობენ და ეს ჩემი საყვარელი მაგალითია, მათგან ყველაზე თვალისმომჭრელია ფრანგი ბერნარდ ტუატი – ისეთი ცნობილი ადამიანების ღიმილის ოსტატი, როგორებიც არიან რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და ევროპული წარმოშობის ამერიკელი დიზაინერი დიანა ფონ ფურსტენბერგი.

მერიტოკრატიული პლუტოკრატია და არაუმრავლესობის ინტერესები

იმის დაკვირვება, თუ როგორ ქმნიან გლობალიზაცია და ახალი ტექნოლოგიები მსოფლიო პლუტოკრატიას, საკმაოდ იოლია, სამაგიეროდ, გაცილებით რთულია გაიგო, როგორ უნდა აღიქვა ეს პროცესი. ეს იმიტომ, რომ „კლანურ კაპიტალიზმთან“ კონტრასტში, ამ ორი ფაქტორის შედეგების უმრავლესობა დადებითია. დავიწყოთ ტექნოლოგიებით. მე მომწონს ინტერნეტი, მობილური მოწყობილობები, მომწონს, რომ მსურველებს ამ აუდიტორიიდან შორს შეუძლიათ მოისმინონ ჩვენი საუბარი. გლობალიზაციის ფანატი ვარ, რომელმაც ასეულობით ადამიანი სიღატაკის ზღვარიდან საშუალო კლასში გადაიყვანა. თუ თქვენ ბედმა გაგიღიმათ და მსოფლიოს მდიდარ ნაწილში ცხოვრობთ, წვდომა გაქვთ მრავალ პროდუქტთან, ამასთანავე, ჩვეული საქონლის ღირებულებამ საგრძნობლად დაიკლო. იფიქრეთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე და მაისურზე.

აქ არმოსაწონი რამდენიმე რამ არის. პირველი, რაც მაწუხებს, ის სიმსუბუქეა, რომლითაც მერიტოკრატიული პლუტოკრატია შეიძლება კლანურში გადავიდეს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წარმატებული მეწარმე ხართ, თქვენი იდეა თუ პროდუქტი მთელ მსოფლიოში გაყიდეთ და მილიარდერი გახდით. ამის შემდეგ იდეა, რომ საკუთარი გონების გამოყენებით გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების წესებით მანიპულირება დაიწყოთ, მეტად მომხიბლავი ხდება. ეს სულაც არ არის ჰიპოთეტური მაგალითი. გაიხსენეთ Amazon, Apple, Google, Starbucks. ეს ყველაზე მიმზიდველი, პატივსაცემი და ინოვაციური კომპანიებია. განსაკუთრებით ოსტატურად მოქმედებენ საერთაშორისო საგადასახადო სისტემაში, რათა საგრძნობლად შეამცირონ საკუთარი ანგარიშები. ეკონომიკურ გავლენასთან, რომელსაც ყველაზე მაღალ საზოგადოებაში ვხედავთ, და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან ერთად, რომელიც გარდაუვალად მოსდევს პირველს, ჩნდება ცდუნება, შეცვალო თამაშის წესები საკუთარი ინტერესების შესაბამისად. და არც ეს არის ჰიპოთეტური მტკიცება. ეს ის არის, რაც რუსმა ოლიგარქებმა ათასწლეულის გარიგებისას მოახერხეს – ბუნებრივი რესურსების პრივატიზაცია. ამითვე აიხსნება აშშ–ის და დიდი ბრიტანეთის ფინანსური მომსახურების სისტემის გარდაქმნა.

არისტოკრატია და საშუალო კლასის პრობლემა

მეორე, რაც მაშფოთებს, როგორ მსუბუქად და სწრაფად გადადის მერიტოკრატიული პლუტოკრატია არისტოკრატიაში. დღევანდელი პლუტოკრატი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მეწინავე გიკი  (ინგლ. geek, geck – რომელიმე ვიწრო თემაზე ჩაციკლული ადამიანი რომელსაც ხშირად რეალობასთან არაფერი აქვს საერთო), რომელიც მშვენივრად აცნობიერებს მაღალი ანალიტიკური და მათემატიკური უნარ–ჩვევების მნიშვნელობას თანამედროვე ეკონომიკაში. ამიტომ ისინი უპრეცედენტო რაოდენობის დროსა და რესურსებს ხარჯავენ საკუთარი შვილების განათლებისთვის. საშუალო კლასიც ამაზე ფიქრობს. მაგრამ გლობალურ საგანმანათლებლო რბოლაში, რომელიც ექთნების სკოლიდან იწყება და ჰარვარდით, სტენფორდით, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტით მთავრდება, 1% მდიდრები შორს ასწრებენ დანარჩენ 99%–ს.

პლუტოკრატია შეიძლება იყოს მერიტოკრატიული, მაგრამ როგორც წესი, სოციალური კიბის მაღალ საფეხურზე უნდა დაიბადო, რათა ამ რბოლაში მონაწილეობა შეძლო.

მესამე რამ მაშფოთებს ყველაზე მეტად. ეს არის ძალები, რომლებიც ხელს უწყობენ გლობალური პლუტოკრატიის განვითარებას და იმავე დროს საშუალო კლასის ცნების გამორეცხვას ეწევიან დასავლური ინდუსტრიული ეკონომიკებიდან. როდის ისარგებლეთ უკანასკნელად ტრეველ–აგენტის მომსახურებით? ინდუსტრიულ რევოლუციასთან შედარებით ჩვენი დღევანდელი გიგანტები იმდენ სამუშაო ადგილს აღარ ქმნიან. საუკეთესო წლებში General Motors –ში ასიათასობით ადამიანი მუშაობდა, Facebook –ში – 10 ათასზე ნაკლები. იგივე ეხება გლობალიზაციასაც: მან ამოათრია სიღარიბიდან უამრავი ადამიანი პლანეტაზე. ეს სამუშაო ადგილების დასავლური ეკონომიკიდან განვითარებად ქვეყნებში გადატანის წყალობით მოხდა. უბედურება ის არის, რომ არ არსებობს ეკონომიკური კანონი, რომელიც ეკონომიკური ზრდის ავტომატურ კონვერტირებას მოახდენდა საყოველთაო კეთილდღეობაში. ამას გვაჩვენებს მონაცემები, რომლებიც თანამედროვეობის ყველაზე საშინელ სტატისტიკად მიმაჩნია: 1990–იანების დამლევიდან მწარმოებლურობის ზრდა გამოეყო ხელფასებისა და ვაკანსიების რაოდენობის ზრდას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოები უფრო მდიდარი გახდნენ, კომპანიები – უფრო ეფექტიანები, მაგრამ არ შევქმენით სამუშაო ადგილები და, მთლიანობაში, არ გავზარდეთ ხელფასები.

გლობალური ცვლილებები და ახალი კურსი

ამ ყველაფრის საშინელი დასკვნა ის არის, რომ ჩვენ სტრუქტურულ უმუშევრობაზე უნდა დავფიქრდეთ. ბოლოს და ბოლოს, აბსოლუტურად თავისუფალ შრომის ბაზარზე სამუშაო ყველასთვის შეიძლება მოიძებნოს. მაგრამ მე მაწუხებს ანტიუტოპია, რომელშიც რამდენიმე „ჭკვიანია“ – Google–ისა და სხვა მისთანების სახით და დანარჩენები, რომლებიც მათზე ვმუშაობთ.

როდესაც ეს ყველაფერი დეპრესიაში მაგდებს, თავს ინდუსტრიულ რევოლუციაზე ფიქრით ვიმშვიდებ. მისი შეუხედავი და პირქუში ქარხნები ხომ კარგად მუშაობდნენ? ჩვენ უფრო მდიდრები, ჯანმრთელები, მაღლები (გამონაკლისებიც არის) ვართ და უფრო დიდხანს ვცოცხლობთ, ვიდრე მე–19 საუკუნის ადამიანები. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს – ვიდრე ჩვენ ინდუსტრიული რევოლუციის ნაყოფის ფართო მასებისთვის განაწილებას ვისწავლიდით, იყო 1870–იანების ხანგრძლივი დეპრესია, 1930–იანების დიდი დეპრესია, ორი მსოფლიო ომი, კომუნისტური გადატრიალებები რუსეთსა და ჩინეთში, აგრეთვე დიდი სოციალური და პოლიტიკური რყევების მთელი ეპოქა დასავლეთში. ეს ყველაფერი შემთხვევით როდი მოხდა: ჩვენ ვქმნიდით საყოველთაო კეთილდღეობის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების, პენსიებისა და პროფესიული გაერთიანებების თანამედროვე სახელმწიფოს.

დღეს ჩვენ ეკონომიკის ტრანსფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელიც თავისი მასშტაბით ინდუსტრიული რევოლუციის თანაზომადია. დარწმუნებული რომ ვიყოთ, რომ ეს ეკონომიკა ერთნაირად სასიკეთო იქნება ყველასთვის და არა მხოლოდ პლუტოკრატებისთვის, ისეთივე ამბიციური სოციალური და პოლიტიკური გარდაქმნების გზას უნდა დავადგეთ. ჩვენ ახალი კურსი გვჭირდება.

Comments are closed