globalresearch.ge

ტრამპი–კლინტონი: მოლოდინი საქართველოში

Posted by Globalresearch on Feb 8th, 2017 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ ნათელი გახადა, რომ ამერიკული საზოგადოება გაიხლიჩა. დიდწილად ამას ხელი ამერიკულმა მედიამ და ლობისტურმა ჯგუფებმა შეუწყვეს, თუმცა ჯერ კიდევ არჩევნებამდე ზუსტად ასე იყო გახლეჩილი საზოგადოებრივი აზრი საქართველოში. უცნაური დამთხვევით, სწორედ ამერიკული სცენარით: ლიბერალური მედია და ექსპერტები ჰილარი კლინტონს უჭერდნენ მხარს, კონსერვატიული წრეები – დონალდ ტრამპს. ნათელი მაგალითია ჟურნალ „ОК“–ის ნომერი, რომელიც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოვიდა და რომლის გარეკანზე კლინტონების წყვილის გულის ამაჩუყებელი ფოტო გამოქვეყნდა. ყოფილი პირველი ლედი დოკუმენტს კითხულობს, მის ზურგს ყოფილი პრეზიდენტი მიყრდნობია, ხოლო სათაური ასეთია: „არაპოლიტიკური რაკურსი. ჰილარი კლინტონი –მეუღლე, დედა, ბებია“. ვინც საბჭოთა აპოლოგეტიკურ ჟურნალისტიკას იცნობს, მისთვის სტატიის შინაარსის მოყოლა აღარც არის საჭირო.

კლინტონის მომხრეები საქართველოში ტრამპის კანდიდატურას სერიოზულად არც განიხილავდნენ. ეს ასე იყო უკრაინის პროამერიკულ წრეებშიც, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აჩქარებულა და ტრამპის მიმართ დამამცირებელი განცხადებები, უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, არ გაუკეთებია. აჩქარებამ თავი იჩინა მომდევნო ეტაპზე, როცა ახალმა პრეზიდენტმა ადმინისტრაციის დაკომპლექტება დაიწყო. ახლად დანიშნული მაიკლ ფლინის გადადგომისთანავე ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„საქართველოს ხელისუფლებას და მის დიპლომატიას „იაღლიში“ ხომ არ მოუვიდათ, როდესაც ვიღაცების მოწოდებებს აჰყვნენ და ნამეტანი ადრე გადაწყვიტეს ტრამპის ადმინიტრაციასთან ურთიერთობების დამყარება. ერთ-ერთი საკვანძო პირი ვისთანაც კონტაქტი ჰქონდათ თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი გადადგა, სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტის სტაფი არ ჰყავს დაკომპლექტებული. ისე ხომ არ გამოგვივიდა , მოჩქარეს მოუგვიანდესო…”

შეგახსენებთ, რომ ფლინს დონალდ ტრამპის ფიცის დადებამდე რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან რუსეთისადმი დაწესებული სანქციების შესახებ მოლაპარაკებებში დასდეს ბრალი. თეთრი სახლის პრესსპიკერმა სეან სპიჩერმა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ტრამპი მას ბოლომდე ენდობოდა. ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე საათის შემდეგ  მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის შემდეგ ამ თანამდებობაზე გადამდგარი გენერალი კით კელოგი დაინიშნა.

ასეა თუ ისე, ერთადერთი, რაშიც ყველა ექსპერტი თანხმდება, ის არის, რომ ტრამპის გამარჯვება სერიოზულ გავლენას იქონიებს არამარტო ამერიკელების შემდგომ ბედზე, არამედ მსოფლიო პოლიტიკაზეც.

ექსპერტი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი: „მთლიანობაში ტრამპის დაპირებები რთული შესასრულებელია, თუნდაც იმიტომ, რომ იგი ამბობს თითქოს ამ დაპირებებს ძალიან სწრაფად შეასრულებს. კედლის აშენება აშშ-მექსიკის საზღვარზე და მუსულმანების ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, ცხადია რეალობას არ შეესაბამება. ხშირ შემთხვევაში ტრამპი არ ეხმაურება კლინტონის სოცუზრუნველყოფის საკითხებს, რაც შეიძლება მისთვის ხელსაყრელიც კი იყოს. ტრამპის საუკეთესო გამონათქვამად შეიძლება ეს ფრაზა ჩაითვალოს – „ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება“.
ლევან ნიკოლეიშვილის ეს განცხადება არჩევნებამდე გაკეთდა და მისი აზრით, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს არჩევნები ამერიკაში, ამით საქართველოსთან არსებული პოლიტიკა ამერიკის მხრიდან მკვეთრად არ შეიცვლება, თუმცა ექსპერტი იმ განსხვავებულ პოლიტიკურ კურსზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ჰილარი კლინტონს და დონალდ ტრამპს რუსეთთან მიმართებაში აქვთ. ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ტრამპი რუსეთთან მიმართებაში ლოიალურია.
„აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვთ კლინტონსა და ტრამპს რუსეთის, კერძოდ კი ვლადიმერ პუტინის მიმართ: ტრამპი ფიქრობს, რომ პუტინთან ლოიალური და მეგობრული ურთიერთობა უფრო სასარგებლო იქნება აშშ-სთვის. კლინტონი კი გარდა იმისა, რომ რუსეთს ჰაკერულ ბრძოლაში ადანაშაულებს, ასევე ღიად აცხადებს, რომ მის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება გააძლიერებს აშშ-ის საერთაშორისო პოზიციებს, თუმცა კონფრონტაციის მომხრე არც იგია. საინტერესოა, რომ თუკი ჰილარი კლინტონი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უფრო გაძლიერებასა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ნატომ თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს, როგორც ჩანს, მან არ იცის, ან უბრალოდ უნდა დაივიწყოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – ამბობდა ლევან ნიკოლეიშვილი.

ექსპერტი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ განსხვავებულ პოზიციებზეც საუბრობს: „კოლინ პაუელი, პირველი აფრო-ამერიკელი დიპლომატი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რესპუბლიკელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში, აცხადებს, რომ მხარს უჭერს ჰილარის და დემოკრატი კლინტონი არჩევის შემთხვევაში, ღირსეული პრეზიდენტი იქნება. ასე ფიქრობს ბევრი გამოჩენილი რესპუბლიკელი, მათ შორის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატებიც“.
ლევან ნიკოლეიშვილის მსგავსად, ლიბერალური წრეების წარმომადგენლები არჩევნებამდე მიიჩნევდნენ, რომ ამერიკის პოლიტიკური კურსი საქართველოსთან მიმართებაში არცერთი არჩევანის შემთხვევაში არ შეიცვლებოდა, თუმცა, არც იმას გამორიცხავდნენ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა ისეთი პოლიტიკური პარტნიორი დაკარგოს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.  მათი პროგნოზებით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა და ის იქნებოდა პირველი ქალი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში.

როგორც ცნობილია, დემოკრატების „მესამედ მოსვლა“ ხელისუფლებაში არ შედგა. კლინტონის მარცხი „ლიბერალური დემოკრატიის კრიზისად“ შეირაცხა. ერთ–ერთი შეფასება: „ჰომოფობიაში, ისლამოფობიასა და მიზოგინიაში მრავალგზის მხილებული, არაპროგნოზირებადი ტრამპი საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისთვისა და მთელი მსოფლიოსათვის. ამერიკელი ამომრჩევლისათვის კი, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ძლიერი ცვლილებების სურვილი გახდა მიზეზი, რის გამოც ტრამპი არჩიეს ჰილარი კლინტონს“.

თანამედროვე დასავლური პოლიტიკური ლანდშაფტი სულ უფრო ემსგავსება გვიანი საბჭოეთის უძრაობის ხანას. რომ არაფერი ვთქვათ ბუშებისა და კლინტონების კლანების ხანგრძლივ ყოფნაზე ხელისუფლებაში, ევროპული ლიდერების უმრავლესობაც საკმაოდ მობერდა. ლეონიდ ბრეჟნევი 16 წლის განმავლობაში იყო სახელმწიფოს ლიდერი, რის გამოც დაცინვის ობიექტი გამხდარა არაერთხელ, მაგრამ ზემოთ ნახსენებმა პოლიტიკოსებმა და, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თითქმის გაასწრეს ბრეჟნევის რეკორდს. ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ამომრჩეველს ამერიკაშიც და ევროპაშიც ცვლილებები წყურია.

უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებები რა მოსატანია, როცა ევროპის ლიდერებშიც კი, ტრამპის გამარჯვებამ სერიოზული დაბნეულობა გამოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, არჩევნების შედეგები გაურკვევლობის პერიოდს გააჩენსო. დონალდ ტრამპი ევროპაში სასაუბროდ მიიწვიეს ევროკომისიისა და ევროპულის საბჭოს ლიდერებმა  – ჟან-კლოდ იუნკერმა და დონალდ ტუსკმა აშშ-ევროკავშირის ერთობლივ სამიტზე და იმედი გამოთქვეს, რომ აშშ განაგრძობს ევროკავშირთან თანამშრომლობას “ვაჭრობისა და ინვესტირების ტრანსატლანტიკური პარტნიორობის” (TTIP) ხელშეკრულების ფარგლებში. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმაც განაცხადა, რომ ტრამპის როლი სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხში ჯერაც გაურკვეველია.

სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი:

„პირველად არის სიტუაცია, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის არჩევა ასეთ გაურკვევლობას და შეშფოთებას, პირდაპირ, დაუმალავ უარყოფით ემოციებს იწვევს ევროპის ლიდერებში. ევროპელ ლიდერებს არ მოსწონდათ არც ჯორჯ ბუში, მაგრამ ასეთი პირდაპირი, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი განცხადებები ჯერ არ მოგვისმენია“.

მისი და არა მარტო მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა სხვა ეტაპზე გადავიდა: „განცხადებები, რომლებიც ისმოდა მთელი ამ კამპანიის განმავლობაში ტრამპისგან, გარკვეულწილად შეურაცხმყოფელად აღიქმებოდა ევროპელი ლიდერების მხრიდან. ის არღვევდა ურთიერთობების „ტრანსატლანტიკურ ეთიკას“ და მას ახლა პასუხობენ იგივეთი“, – ამბობდა პოლიტოლოგი.

კლინტონის მომხრე ექსპერტთა აზრით, ტრამპს ამერიკული პოლიტიკური სისტემის ერთი ხელის მოსმით შეცვლის საშუალება არ მიეცემა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ბადრიძე: „ეს მყარად ჩამოყალიბებული კონსტრუქციაა, პრინციპზე,  რომლის მიხედვითაც ხელისუფლების არც ერთ შტოს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიის საშუალება.  ტრამპის ტრანსფორმაციასაც ვიხილავთ და უკვე ვხედავთ კიდეც, რადგან მისი დღევანდელი, გამარჯვების შემდგომი გამოსვლა განსხვავდებოდა იმისგან, რასაც კანდიდატი ტრამპისგან ვისმენდით ხოლმე. ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ იცვლება ტრამპის  რიტორიკა“.

ერთი სიტყვით კლინტონის მარცხის შემდეგ მის მომხრეებს იმის იმედი აქვთ, რომ ტრამპი ვერ განახორციელებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის,  ვერ შეეხება ვერც აბორტის, ვერც ქორწინების თანასწორობის საკითხს. ცნობილია, რომ დიდწილად მისი გამარჯვება ტრადიციული ფასეულობების მიმართ მისი მიდგომით იყო განპირობებული. კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ტრამპმა უკვე მიიღო ის, რაც აინტერესებდა („პოლიტიკური ბაზარი დაიპრყო“), და შესაძლოა, ტაქტიკა შეცვალოს:

„ისე შეცვლის პოლიტიკას, როგორც კომპანიები ბაზრის დაპყრობის შემდეგ, – ბაზარზე შედიან დაბალი ფასებითა და მაღალი დაპირებებით, მაგრამ როდესაც იპყრობენ ბაზარს, ხდება პოლიტიკის ადაპტირება, რათა სტაბილურად შეინარჩუნონ მიღწეული პოზიცია. ახლა ტრამპის მიზანია, ამომრჩეველთა ბაზარი (ლეგიტიმაცია) შეინარჩუნოს სტაბილურად და გრძელვადიანად“.

„თუმცა, საბოლოო ჯამში,  ის მოისურვებს წმინდა რესპუბლიკური ხედვების (გადასახადების შემცირება, მიგრაციის კონტროლის გამკაცრება, ნატოში აშშ-ის ფინანსური კონტრიბუციის (რაც 70%-მდეა ამჟამად) წილის შემცირება და ა.შ) განხორციელებას და, სავარაუდოდ, ეცდება, მოიპოვოს კონგრესის მხარდაჭერა. თუმცა არ გადადგამს სარისკო ნაბიჯებს“, – ამბობს გოგოლაშვილი.

„საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევათა ფონდის“ ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე არჩევნებამდე აცხადებდა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას შეეცდება. ხარშილაძის თქმით, ოვალური ოფისი თითქმის ყველა ბინადარი ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და ეს ვერავინ შეძლო.

საზოგადოდ, ეს თეზა, რომ „ტრამპი ილუზიებშია“, აერთიანებს პროდასავლურ ექსპერტებს. ისინი პედალირებენ, რომ არც ერთ პრეზიდენტს 90-ანი წლებიდან მოყოლებული, ამ მიმართულებით არაფერი არ გამოსვლია. რა თქმა უნდა, 90–იანი წლების შედარება დღევანდელ ვითარებასთან კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ პოლიტიკური მიკერძოებულობა ათქმევინებს მათ, რომ რუსეთთან ლაპარაკს აზრი არა აქვს და აქედან არავის არაფერი გამოუვა.

ყველაზე დაბალანსებული ამ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადება იყო: „ჩვენ, ბუნებრივია, ყურადღებით ვადევნებთ ამ არჩევნებს თვალყურს, ვინაიდან აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენთვის ნაკლებად შეიცვლება რაიმე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინაიდან ჩვენ ისტორიულად, მყარი, ჩამოყალიბებული და ძალიან ინტენსიური პარტნიორობა გვაკავშირებს აშშ-სთან.

ეს ურთიერთობა ორმხრივია. უნდა გავიხსენოთ, რომ აშშ-მა ინტენსიური პარტნიორობა საქართველოსთან, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ეს ურთიერთობა გაგრძელდა და არ შეცლილა, იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო აშშ-ს პრეზიდენტი – დემოკრატი ბილ კლინტონი თუ რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში უმცროსი“.

კლინტონს „საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო“ საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ოქროს საწმისის ორდენი აქვს მიღებული. დონალდ ტრამპი „საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის“ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით არის დაჯილდოვებული. მიხეილ სააკაშვილმა, როგორც იტყვიან, კვერცხები სხვადასხვა კალათაში ჩააწყო, თუმცა ტრამპის ინაუგურაციას მაინც ვერ დაესწრო. არადა, ჩვეული ეპატაჟით აცხადებდა: „როდესაც ამერიკაში ჩავედი, ტრამპმა დამირეკა და სტუმრად მიმიწვია. მითხრა: შესაძლოა, ახლა ბევრი შენი მეგობარი პრეზიდენტი არ გირეკავს, მე კი – გირეკავო. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი გავხდები, მაშინაც დაგირეკავ და სადილზე მიგიწვევო“. სავარაუდოდ, დღესაც ელის სადილზე მიწვევას, ჩვენ კი კითხვა დავსვათ – რას მოუტანს საქართველოს დონალდ ტრამპის არჩევა?

საქართველოს საკითხი დღეს პრიორიტეტულ მიმართულებებში არც აშშ–ს და არც რუსეთს არა აქვთ. ქართული დიპლომატია დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის უნარს ვერ ამჟღავნებს. ჩვენთვის ერთნაირად ცუდია როგორ აშშ–რუსეთის მკვეთრი დაპირისპირება, ისე მათი ურთიერთობის უკიდურესად დათბობა. ორი დიდი სახელმწიფოს გარიგების მსხვერპლი ისევ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები შეიძლება აღმოჩნდეს. „გაურკვევლობის“ მომენტებში საქართველოს ტიპის ქვეყნებს მეტი აქტივობა მართებთ, რათა საკუთარი ინტერესების წინა პლანზე გამოწევა და პრინციპულ საკითხებში გარღვევა მოახერხონ.

ჩვენთან კი „მსოფლიო ტენდენციებს“ ადევნებული პროდასავლური სამოქალაქო „ელიტის“ აქტივობა უფრო შეიმჩნევა, ვიდრე ხელისუფლების. კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული „ტრამპის გაპრეზიდენტებით უკმაყოფილო ხალხის აქციები“ 21 იანვარს ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ისევ გაგრძელდა – ამჯერად ქალთა მარშის სახით, რომელსაც სოლიდარობა 370-მდე ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც გამოუცხადეს.

„სექსიზმისა და დაყოფის რიტორიკამ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ყველა ჩვენგანი შეაშფოთა. ვიდრე მსგავსი რიტორიკა მსოფლიო პოლიტიკისათვის არ არის ახალი, სავსებით შესაძლებელია, რომ 20 იანვარს მას გაუჩნდეს ძლიერი ახალი პლატფორმა… ჩვენ ერთად ვიკრიბებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქალთა უფლებებს და თანაბარ უფლებებს ყველგან და აღვუდგეთ შიშის პოლიტიკას. არა ტოლერანტულობასა და ქალთა სიძულვილს!“ – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში გამართული ასეთივე აქციის მონაწილეები აცხადებდნენ: ჩვენი აქცია სოლიდარობის გამოცხადებაა ყველა ქალის, უმცირესობის ყველა იმ წარმომადგენლის მიმართ, რომელთა უფლებებიც ირღვევა დღევანდელ სამყაროში, სადაც ამ ბოლო დროს ულტრამემარჯვენე ძალები იკრებენ ძალას და ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოში ერთად ვიდგეთ ის ადამიანები, რომლებიც ვთვლით, რომ თანასწორობა, ტოლერანტობა და სოლიდარობა არის მთავარი.

ისინი კი, ვინც მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა საქართველოს გამთლიანება და საკუთარ სამეზობლოში ღირსეული ადგილის დაბრუნებაა, აქციაზე არ გამოსულან. თუმცა, ვინ იცის…

ნანა დევდარიანი

Comments are closed