globalresearch.ge

საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებული სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეები, რისკები და გამოწვევები

Posted by Globalresearch on May 11th, 2015 and filed under კონფერენციები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

2014 წლის 14 ნოემბერს გლობალური კვლევების ცენტრმა უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ გენერალი დავით თევზაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თამაზ იმნაიშვილი, სამხედრო ექსპერტი და საქართველოს გენერალთა კლუბის ანალიტიკური ცენტრის უფროსი, ვახტანგ მაისაია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი.

თამაზ იმნაიშვილმა წარმოადგინა მოხსენება „საქართველოს სახელმწიფოს  წინაშე არსებული  სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეები, რისკები და გამოწვევები.“

მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო -პოლიტიკური პროცესების ერთი სეგმენტი ევრაზიის კონტინენტზე და უშუალოდ საქართველოს სიახლოვეს ვითარდება, რომელიც მეტ-ნაკლები ინტენსივობით აისახება საქართველოს უსაფრთხოებასა და მის განვითარებაზე.  თანამედროვე დიდ სტრატეგიაში ახლი მიმართულების მეცნიერების, ჩრდილის თეორიით თუ განვიხილავთ ამ პროცესებს, ყველა  ამ პროცესის ჩრდილი საქართველოს ტერიტორიას ეცემა, რაც ძალიან დიდ საფრთხეებს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს.

ამჟამად  აქტიურობის და ინტენსივობის სხვადასხვა სიძლიერით საქართველოს გარშემო მიმდინარეობს ოთხი  სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური პროცესი.

  1. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. ეს სამხედრო-პოლიტიკური პროცესი ყველაზე  დიდი საფრთხის მატარებელია საქართველოსთვის ამ დროისათვის, რადგან სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ ე.წ. გეოპოლიტიკურ ჰართლენდზე  სრული და ტოტალური კონტროლის  დაწესების განხორციელების მცდელობა. ამ საომარ მოქმედებებში აღმოსავლეთ უკრაინა რუსეთისთვის ჩრდილო-დასავლეთის ფრონტია, ხოლო საქართველო ამ საომარი თეატრის სამხრეთის ფრონტად გვევლინება. ბოლო 300 წლის ისტორიის მანძილზე რუსეთის იმპერიის მიერ ამ ტერიტორიებზე საკუთარი სუზერენობის განმტკიცების უკვე მესამე მცდელობაა. პეტრე პირველმა ჯერ ყირიმი და შავი ზღვა, შემდეგ დასავლეთ უკრაინის ამჟამინდელი ტერიტორია მიითვისა. შემდეგ ბალტიის მიმართულებაზე განიმტკიცა პოზიციები, ხოლო მისმა მემკვიდრეებმა მე-18- მე-19 საუკუნის გასაყარზე კავკასიაში აწარმოეს ბრძოლები, რაც მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ამ სახელმწიფოების და ხალხების სრული ანექსიით დასრულდა. ხოლო ამის შემდეგ ცენტრალურ აზიაზე გადაერთვნენ.  მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ოქტომბრის რევოლუციის პერიოდში, მეორე წრეზე წავიდა რუსეთის იმპერია. ჯერ უკრაინა და ყირიმი. მერე კავკასია, შემდეგ ცენტრალური აზიის ქვეყნები, ხოლო 1940 წლისათვის ბალტიის ქვეყნები. ამჟამად მესამე წრე ტრიალდება იგივე სცენარით და გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის შემდეგ სამხრეთ კავკასია იქნება მთავარი სამიზნე, ხოლო თვით სამხრეთ კავკასიაში მთავარი სამიზნე საქართველო.  უკრაინის სრული გაკონტროლებით რუსეთი  გადაწყვეტს  მისთვის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ ამოცანას და ევროპისთვის საკუთარი პირობების კარნახის დიდი შესაძლებლობები შეექმნება. საქართველოს სრული გაკონტროლებით კი რუსეთი მიაღწევს თავის გეოპოლიტიკურ მიზანს. ერთის მხრივ უპირველესად სრულად გააკონტროლებს ჰართლენდს. აქედან გამომდინარე  გააკონტროლებს სამხრეთ კაავკასიის ენერგეტიკულ დერეფანს, რომელიც დღეს ასე აქტუალურია, როგორც რუსეთისგან დამოუკიდებელი და ალტერნატიული ენერგეტიკული წყარო ევროპისთვის იმ ფონზე, როდესაც ხდება რუსეთის წილის მკვეთრი შემცირება ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე და რუსეთის როლის დაკნინება. მეორეს მხრივ იგი პრაქტიკულად მოუსპობს კასპიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს  დასავლეთთან დამოუკიდებლად ურთიერთობის საშუალებას ენერგეტიკულ სფეროში და ეს კი მათ პრაქტიკულ და სრულ კონტროლს ნიშნავს. მესამეს მხრივ იგი შექმნის პირდაპირ საკომუნიკაციო არხს ირანთან, რომელიც შესაძლოა სულ მალე პრეზიდენტ რუჰანის პოლიტიკით რუსეთის არამეგობარ ქვეყანათა სიაში გადავიდეს. პირდაპირი საკომუნიკაციო ხაზი რუსეთს საშუალებას მისცემს მხარი დაუჭიროს ირანის მარგინალი რელიგიური ლიდერების და ახმედინეჯადის მომხრეებს მომავალ არჩევნებში, რომელთა გამარჯვების შემთხვევაში ირანი ისევ ანტიდასავლურ რადიკალურ ძალად გადაიქცევა. მეოთხეს მხრივ რუსეთს ექნება  პირდაპირი საკომუნიკაცი ხაზი თურქეთთან, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყალიბდება ახლო აღმოსავლეთის და საერთოდ მუსულმანური სამყაროს ლიდერად და მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკა ცალსახად ცენტრიდანულ ხასითს ატარებს დასავლეთთან და ნატოსთან მიმართებაში. რუსეთი ამ შემთხვევაში შეძლებს ახლო აღმოსავლეთში უაღრესად დიდი როლის თამაშს და ეს თამაში რა თქმა უნდა მიმართული იქნება ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული პოლიტიკისკენ, რათა დასავლეთის წინააღმდეგ მას გაუჩნდეს სერიოზული დამატებითი ბერკეტები.

ჩნდება ასეთი კითხვა:  რას მოიმოქმედებს რუსეთი ახლო მომავალში საქართველოსთან მიმართებაში, რათა მან თავის გეოპოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს.  2008 წლისგან განსხვავებით რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი და დასავლეთი ისეთი სუსტი, რომ მან ორ ფრონტზე ერთდროულად აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები (აღმოსავლეთ უკრაინა და ყირიმი და საქართველო). ამავდროულად რუსეთის მხოლოდ სამხრეთის სამხედრო ოლქის პოტენციალი ქართულ შეიარაღებულ ძალებთან შედარებით იმდენად დიდია, რომ მას პრაქტიკულად არანაირი ძალისხმევა არ დასჭირდება სამხედრო წარმატების მისაღწევად საქართველოს ფრონტზე. თუმცა ერთია ტერიტორიის დაკავება, ხოლო მეორეა მისი შენარჩუნება. ეს კი მისთვის უაღრესად მძიმე იქნება და დღევანდელი კრიზისული ეკონომიკური პერიოდისათვის მას უაღრესად გაუჭირდება. რუსეთს არ ძალუძს გრძელვადიან პერიოდში  თალასოკრატიული ეკონომიკურ-პოლიტიკური ომი აწარმოოს დასავლეთთან და მისი სტრატეგია უმთავრესად  მოკლევადიანი პერიოდის თელუროკრატიულ პრინციპებზეა დამყარებული და შიშველი ძალის გამოყენების სტრატეგიაზე დგას. აქ საუბარია არა ქართული სახელმწიფოს მიერ აგრესიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაზე, არამედ დასავლეთის ძალისხმევაზე, არ დაუშვას რუსეთის სრული გაბატონება ამ ტერიტორიაზე.  საქართველოს რუსეთის მიერ ჩაკეტვით დასავლეთი გეოპოლიტიკურ ფიასკოს განიცდის და ეს მისი მომავლისთვის უაღრესად მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ როდესაც ვსაუბრობთ გლობალურ სამხედრო -პოლიტიკურ  პროცესებზე საქართველოს სახელმწიფოს კონტექსტში, გეოპოლიტიკური ჭიდილისათვის მსოფლიოს უმსხვილეს სივრცეებს შორის, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობა ქვემო პლანზე დგება  და აქ უპირველესად გეოგრაფიული ლანდშაფტი განიხილება ინტერესის ობიექტად. აქედან გამომდინარე, დასავლეთის უპირველესი დაინტერესება საქართველოს მიმართ მის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაშია. სწორედ ამის გამო,  ამ ტერიტორიებისათვის ბრძოლა იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის  გეოპოლიტიკური ომის მთავარი თეატრი.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთი შიშველი ძალის გამოყენებას არ შეეცდება საქართველოსთან მიმართებაში. იგი იმოქმედებს ასიმეტრიული ომისა და არაპირდაპირი ქმედებების სტრატეგიით. რაში გამოიხატება ეს? აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. „საანექსიო“ ხელშეკრულებების გაფორმება არაპირდაპირი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი შეიძლება გახდეს, ხოლო თრუსოს ხეობასა და ყაზბეგის რაიონზე ოსების პრეტენზიები შეიძლება ამ ტერიტორიებზე პერმანენტული და მცირე მასშტაბის პროვოკაციებით შემოიფარგლოს, სადაც მოქმედ ძალად მხოლოდ ოსური სეპარატიზმი იქნება წარმოდგენილი. ის კი არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ იურიდიულ სუბიექტს და მასზე ზემოქმედების სამართლებრივი ინსტრუმენტები დასავლეთს ნაკლებად ექნება. მეორე კერა შესაძლებელია გახდეს სამცხე-ჯავახეთი, რომლის კარტის გათამაშება საქართველოს უახლოეს ისტორიაში სერიოზულად ჯერ არ მომხდარა, თუმცა ამ თეზას აქვს თავისი  პოტენციალი.

განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს  ერთობ უცნაური ფაქტი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა სერიოზული ასახვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ძალიან უცნაურად დაემთხვა ედუარდ კოკოითის განცხადება თრუსოს ხეობასა და ყაზბეგის რაიონზე ოსების პრეტენზიებზე და მოსკოვში მცხოვრები ორგანიზაცია „ჯავაქხი“-ს წარმომადგენლის განცხადებები, რომ საქართველოს დაშლის საფრთხე ემუქრება და ამ სიტუაციაში თურქეთმა რომ არ განახორციელოს სამცხე-ჯავახეთის ანექსია. რეგიონის სომხურმა მოსახლეობამ უნდა ყველაფერი გააკეთოს რეგიონის საქართველოს სახელმწიფოსგან გამოსასვლელად. ეს განცხადებები შეგვიძლია ასიმეტრიული ომების და არაპირდაპირი ქმედებების სტრატეგიის შემადგენელ ელემენტებად აღვიქვათ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსეთის მხრიდან საქართველოს კავკასიის ქედზე  უღელტეხილებზე გადასასვლელების კეთილმოწყობის სულ ახალ-ახალი პროექტების განხორციელება. აუადხარა, ქლუხორი, მამისონი. როკი, ყაზბეგი, დიკლოს მთის მიმდებარედ ყვარელზე გადმოსასვლელი უღელტეხილების გზების კეთილმოწყობა ნიშნავს, რომ რუსეთი აპირებს საქართველოსთან ბუნებრივი საზღვარი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე  გადმოიტანოს(თუ მისი დაპყრობა სრულად არ გამოვა).   მესამეს მხრივ ცალსახაა, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში იყენებს რბილ ძალასაც. ე.წ. „ტროფიმჩუკი“-ს იდეას. „შევისრუტოთ საქართველოს ეკონომიკა (0.7% მთელი რუსული ეკონომიკის წილის). გავიაროთ ქართველის კუჭის ფილოსოფიაზე და ჩვენ შევძლებთ წინააღმდეგობის კერების აღმოფხვრას საქართველოში. ეს დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ საბოლოო ეფექტი მიზნის მიღწევის კარგი საშუალებაა“.   სახეზე გვაქვს შემდეგი სურათი: იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ემბარგოს უწესებს ეკონომიკის სფეროში პოსტსაბჭოური სივრცის და ევროპის სახელმწიფოებს რუსულ ბაზარზე, საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ლომის წილი რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტზე მოდის. ამით საქართველო დიდწილად ებმება რუსეთს, თუმცა ეს მიბმა იმდენად მოწყვლადია, რომ ერთ დღეში რუსული ბაზრის ჩაკეტვით ქართული ეკონომიკური პოტენციალის კატასტროფული შემცირება შეიძლება გამოიწვიოს. თუ 2008 წელს ამ მოსალოდნელ კატასტროფას დასავლეთის მიერ გაცემული 4.5 მლრდ დოლარის სუბსიდირებით დავაღწიეთ თავი, ასეთი შეღავათი უკვე დიდწილად აღარ გვექნება.   რაც მეტი დრო გადის, რუსეთზე ასეთი დამოკიდებულება მით უფრო იზრდება, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით მისაღები ეკონომიკური დივიდენდები  და ეკონომიკის დივერსიფიცირება დროში გაწელილი პროცესია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის და მისი უსაფრთხოების მოწყვლადობის კოეფიციენტიც მაღალი ხდება.

შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიის იმ გეოგრაფიულ ლანდშაფტზე, სადაც განთავსებულია საქართველოს სახელმწიფო, რომელიმე გლობალური ძალის სრული გამარჯვება იწვევს მეორე ძალის გეოპოლიტიკურ ფიასკოს, რაც ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ ამ ტერიტორიის დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს და ეს ტერიტორია წარმოადგენს დღევანდელი გეოპოლიტიკური ომის მთავარ საომარი მოქმედების თეატრს.

  1. სირიასა და ერაყში  ისლამური ხალიფატის შექმნის პროცესი და საომარი მოქმედებები საქართველოსთვის უაღრესად დიდი რისკის მატარებელია. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მსგავსად ისტორია მესამე წრეზე ტრიალებს. არაბული სუნიტური ( ჰანბალიტური  მაზღაბის სუნა)  გაერთიანების მცდელობა მესამედ ხდება. პირველად ეს მე-18 საუკუნეში საუდიტების დინასტიის ერთ-ერთმა რელიგიურმა ლიდერმა აბდ-ალ ვაჰაბმა სცადა, როდესაც ისლამში ახალი მიმართულება შექმნა ვაჰაბიზმის სახით და ამით ბედუინური ტომების გაერთიანებას შეეცადა ოსმალური  და შიიტური საფრთხეების შესაკავებლად. მეორედ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო პროცესები, ისევ ოსმალური იმპერიალიზმის გავლენის შესაჩერებლად. ამჯერად ინიციატორი დიდი ბრიტანეთი იყო, რადგან  სანავთობო ეპოქა არაბულ სამყაროში უკვე კრეფდა დიდ სიჩქარეებს. შედეგად მივიღეთ საუდის არაბეთი და რიგი სხვა არაბული ქვეყნებისა, რომლებიც იმთავითვე მოექცნენ დასავლური გავლენის ქვეშ. ამჟამადაც მიდის ჰანბალიტური სუნას მიმდევრების გაერთიანების პროცესი. რომელიც უკვე ორ მთავარ სტრატეგიულ ამოცანას ისახავს მიზნად.  გაერთიანებული არაბული სივრცის, როგორც გლობალური მოთამაშის შექმნის მცდელობა და  ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბება. მესამე გაერთიანების მცდელობა აქამდე არსებული ისლამური რადიკალიზმის ყველაზე მარგინალური ხაზით ვითარდება, რაც მთელი მსოფლიოსთვის უდიდეს თავისტკივილად იქცა. გასაგები ხდება, რომ ისლამური სახელმწიფო იმ ლოკალურ გარემოში, რომელშიც ახლა იმყოფება, საკმაოდ მოწყვლადია თავისი უსაფრთხოებით და ამიტომაც იგი ცდილობს გააფართოვოს თავისი გავლენის და კონტროლის არეალი და შექმნას ისლამური რადიკალიზმით გაჯერებული ახალი კერები სხვადასხვა რეგიონებში, სადაც  საყრდენს ხედავს. ამ ასპექტში კი  ერთ-ერთი მთავარი მათ მიერ  უკვე გაცხადებული მიმართულება ჩრდილოკავკასიაა. უფრო ზუსტად კი ჩრდილო-აღმოსავლეთი: ინგუშეთი, ჩეჩნეთი და დაღესტანი, სადაც რელიგიური მრწამსი არაბული სუნას მატარებელია და ისლამური რადიკალიზმი და ფუნდამენტალიზმი ძალიან მაღალი კოეფიციენტისაა. თუ ამას გავითვალისწინებთ, საქართველოს ამ ასპექტში ძალიან სერიოზული საფრთხეები ემუქრება. მინიმუმ სამ რეგიონში: პანკისის ხეობაში, აჭარასა და ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ანკლავში ისლამურ ხალიფატს თავისი საყრდენი ჰყავს ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს კი დიდ ალბათობას იძლევა, რომ  ახლო მომავალში ეს კერები უკვე მკვეთრად გამოხატულ  მარგინალურ ფორმებს მიიღებს მისგან გამომდინარე შედეგებით.

დასავლეთის პოლიტიკა, რომელიც ამ ეტაპზე მაინც გამორიცხავს სახმელეთო ოპერაციებში მის პირდაპირ ჩარევას, მეტწილად განპირობებულია იმით, რომ „არაბული გაზაფხული“-ს წარუმატებელმა პროექტებმა შექმნეს სიტუაცია, როცა დასავლეთის კიდევ ერთი პირდაპირი ჩარევა დიდ იმპულსს მისცემს და დააჩქარებს საერთო არაბული მარგინალური და ფუნდამენტალური სივრცის გაერთიანებას. დასავლეთის ამოცანა ამ პროცესში ისლამური ხალიფატის დამარცხებაა თვით არაბული სამყაროს მიერ, რაც მათ გაერთიანების საშუალებას არ მისცემს. ეს დროში გაწელილი პროცესია. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მინისტრმა კერიმ განაცხადა, ისლამური სახელმწიფოს დამარცხება მინიმუმ სამწლიანი პროცესია. დროის ფაქტორი კი საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს.

  1. დიდი თურანის პროექტი- თურქული მოდგმის ხალხების ერთ სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ და კულტურულ სივრცეში გაერთიანება (ევროკავშირის ანალოგიის მიხედვით). ამჟამად მასში გაერთიანებულია თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. რუსეთის ტერიტორიაზე თურქული მოდგმის ხალხებად ითვლებიან ადიღეელები, ბალყარები, ყივჩაღები, ყარაჩაელები, ყუმუხები, ყალმუხები, თათრები, ბაშკირები და ყირიმის თათრები, რომელთა მიმართაც თურქეთს მომავლის გეგმები აქვს.  ესენი  არიან ჰანაფიტური მაზღაბის სუნას მიმდევრები. თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც 2004 წლიდან მართავს თურქეთს, აქვს პრეტენზია გახდეს მუსულმანური სამყაროს ლიდერი და დიდი თურანის სივრცის შექმნით მსოფლიოში ახალი გლობალური  პოლიტიკური მოთამაშე შემოიყვანოს. ბოლო 10 წლის პოლიტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ ეს ძალა დასავლეთთან მიმართებაში ცენტრიდანული მოძრაობით გამოირჩევა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისკენაა მიმართული.  საქართველო ამ სივრცეში ერთადერთი არათუქული წარმოშობის ქვეყანაა და ერთგვარ ლაქას წარმოადგენს ამ ერთიანი სივრცის შექმნაში. ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილისა და  ნაცმოძრაობის და მეორეს მხრივ ერდოღანისა და მისი სამართლიანობის პარტიის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ საქართველო ძლიერ მოწყვლადი გახადა სამხედრო -პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური და რელიგიურ -კულტურული თვალსაზრისით, რომელმაც საქართველოს ამ სივრცეში ასიმილირების სერიოზული საფრთხე გაუჩინა. თურქეთი გახდა ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორი საქართველოსთვის. დაახლოებით 65 ათასი თურქეთის მოქალაქე გახდა საქართველოს მოქალაქეობის მქონე. ამას გარდა, რამდენიმე ათეული ათასი აზერბაიჯანული ეთნოსის საქართველოს მოქალაქე ამავდროულად არის  აზერბაიჯანის მოქალაქე. ეს კი  საქართველოს მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ჯგუფთა და ქართულ ეთნოსს შორის  რაოდენობის დისბალანსის გაზრდის რისკს წარმოადგენდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა რელიგიური  და კულტურული ექსპანსია. თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად შეიცვალა და ეს გამოწვევა ბევრ ასპექტში მინიმიზაციისკენაა მიმართული, თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევად მაინც რჩება რელიგიური და კულტურული ექსპანსიის ელემენტები. სახელმწიფოს მიერ სწორად შემუშავებული სტრატეგიის შემთხვევაში, თუ კი გამოწვევების და რისკების მიმართ შემაკავებელი ფაქტორების შექმნა გახდება შესაძლებელი, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება საერთაშორისო სამართალთან,  საქართველოს შეექმნება დიდი შესაძლებლობები ითამაშოს დამაკავშირებელი ხიდის როლი ამ სივრცეში თურქეთსა და დანარჩენ თურქული მოდგმის ხალხებს შორის. ეს პროცესი ძირითადად ეკონომიკურ სფეროში უნდა გამოიხატოს. ეს კი საქართველოს სამხედრო- პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის კარგი სტიმული და შესაძლებლობა გახდება.
  2. ყარაბაღის კონფლიქტი- ეს ფაქტიურად 26 წლიანი კონფლიქტი, რომელიც დღეისათვის თითქოს ნახევრადგაყინულ მდგომარეობაშია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვულკანივით გამოღვიძების პროცესშია და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა (იგულისხმება სომხური ვერტმფრენის ჩამოგდება და ინტენსიური ლოკალური საბრძოლო მოქმედებების წარმოება ფრონტისპირა ზოლზე) ეს კონფლიქტი შეიძლება აქტიურ ფაზაში გადაიყვანოს. უნდა ითქვას ცალსახად, რომ მოვლენების ასეთი მიმართულებით განვითარება უაღრესად სარისკოა საქართველოსთვის, რადგან საომარი მოქმედებები პირდაპირ ასახვას ჰპოვებს საქართველოს სახელმწიფოზე სხვადასხვანაირი ასპექტით. ეს შეიძლება უპირველეს ყოვლისა საომარი მოქმედებების არეალში მყოფი მოსახლეობის იძულებითი მიგრაციული პროცესებით და სამცხე-ჯავახეთში სომხური დიასპორის საომარ მოქმედებებში აქტიური ჩარევით გამოიხატოს. საბოლოო ჯამში ყარაბაღის კონფლიქტში ნებისმიერი მხრის გამარჯვება დიდის ალბათობით სამხრეთ კავკასიაში აქამდე არსებულ სტატუს-ქვოს დაარღვევს და  სერიოზულ არასტაბილურობას  შექმნის რეგიონში, რაც შეიძლება  საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებსაც შეეხოს. ცალსახაა, რომ ეს ომი ვერ ჩაჯდება ლოკალურ და მცირე მასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში და იგი დიდის ალბათობით რეგიონალურ, ხოლო უფრო ნაკლებით სუბრეგიონალურ ომში გადაიზრდება.  რუსეთის მიერ წარმოებული კავკასიური პოლიტიკის განხორციელების ფონზე დიდი ალბათობით სწორედ რუსეთი იქნება  კონფლიქტის განახლების  არაპირდაპირი მასტიმულირებელი.

რამდენიმე ფრაზა საქართველოს პოლიტიკაში ამ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შესახებ. თავისუფალი დემოკრატების მიერ გაცხადებული მოსაზრება, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს საფრთხე ემუქრება, შექმნა კრიზისული სიტუაციის ელემენტები სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამან გააჩინა სერიოზული არასტაბილურობის განცდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიოში. თუ რამდენად რეალური ეს თეზა, მხოლოდ დროში განვითარებული მოვლენების  კონტექსტში შეგვიძლია გავაანალიზოთ.

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული რადიკალიზმის ფლაგმანად ყოფნამ საქართველოს კატასტროფული შედეგები მოუტანა, რადგან დასავლეთი არ აღმოჩნდა მზად ასეთი ფლაგმანის დასაცავად. ჩვენ კი არანაირი რესურსი არ გაგვაჩნდა საკუთარი პოლიტიკური კურსის დასაცავად.  2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ დასავლეთის მოთხოვნა იყო, რომ საქართველო აღარ ყოფილიყო განხეთქილების ვაშლი და საჯილდაო ქვა ამ ორი გლობალური  ფიგურის გეოპოლიტიკურ თამაშებში და ისე დაიწყოს მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია.  ეს ამოცანა შესრულდა. თუმცა  პასუხგაუცემელია კითხვა: როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.  იმ ფონზე. როდესაც რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ამ გზაზე სიარული რუსეთის ინტერესებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს და  ამას არ დაუშვებს, რა ტიპის დაცვის მექანიზმებს  და გარანტიებს მიიღებს საქართველო დასავლეთისგან ამ პროცესში, რათა რუსული საფრთხის მინიმიზაცია მოახდინოს.   ეს არის კითხვა, რომელიც აწუხებს ქართულ საზოგადოებას. რამდენად გადაუხვია ან არ გადაუხვია ამ გზას საქართველოს სახელმწიფომ უნდა გამოჩნდეს უელსის სამიტზე მიღებული გეგმის იმპლემენტაციის მიხედვით, რომლის პრაქტიკულ ასპექტში განხორციელება 2015 წლის თებერვლის ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შემდგომ უნდა დაიწყოს. ამავდროულად  პასუხის ერთი ნაწილის გამცემი იქნება, თუ როგორ გაიწერება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი პარამეტრების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს დამტკიცებული სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით 2015 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 700 მილიონ ლარზე მეტი უნდა ყოფილიყო,  ხოლო დღევანდელი საბიუჯეტო პროექტის მიხედვით  მხოლოდ 640 მილიონია გაწერილი, ჯერ კიდევ არ იძლევა რაიმე კონკრეტულ პასუხს. გამოჩნდება თუ არა სახსრები გეგმის იმპლემენტაციისთვის. თუ საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ამისთვის მზად არ არის და მოვლენების ფორსირებულად განვითარება უფრო მეტი საფრთხის მატარებელია სახელმწიფოსთვის, ვიდრე ინტეგრაციის ტემპების დროში გაწელვა და  ფუნდამენტურად მომზადება.  ეს იქნება ის პასუხები,  რომელიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას და არამარტო მას.

ცალსახაა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არმიის რეფორმირება ორი სრულიად განსხვავებული გზით მიმდინარეობს. ნატოსთან თავსებადობის კუთხით ქართული შეიარაღებული ძალების რეფორმირება უაღრესად წარმატებულია და ზოგ ასპექტში მან უფრო დიდ წარმატებას მიაღწია ვიდრე სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა ან ზოგიერთმა ნატოს წევრმა სახელმწიფომ.  რაც შეეხება  არმიის მთავარ ამოცანას,  სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მისი საზღვრების დაცვა, აქ ქართული შეიარაღებული ძალები ყველაზე სუსტები არიან რეგიონში და მას პრაქტიკულად არც ერთი მეზობლის მხრიდან თეორიული აგრესიის შემთხვევაშიც კი არანაირი წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია.  ომისთვის სახელმწიფო მზად არ არის. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ  ამ ამოცანის გადაწყვეტა პოლიტიკური ხელისუფლების პრეროგატივა გახდა, თავისი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განვითარებით. თუმცა რამდენად ეფექტური იქნება ასეთი მიდგომა, ეს მხოლოდ მომავალ შესაძლო ომის საფრთხის შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ასეთი თეორიული სცენარი საქართველოში არ განვითარდება.

ექს-თავდაცვის მინისტრმა ბატონმა დავით თევზაძემ სამხედრო-პოლიტიკურ მეცნიერებაში შემოიტანა სრულიად ახალი ტერმინი, რომელსაც აქვს პოტენციალი საერთაშორისო დონეზე ჰპოვოს აღიარება- უპრინციპობის სტრატეგია- ისეთ პატარა სახელმწიფოებს, როგორიც საქართველოა, არ აქვთ იმის პოტენციალი, რომ საკუთარი პრინციპების საფუძველზე შეიმუშაონ სახელმწიფოს განვითარების სტრატეგია სუპერსახელმწიფოების ინტერესების გატარების პოტენციალიდან გამომდინარე და ამიტომ ასეთ ქვეყნებს უწევს ასეთი სუპერსახელმწიფოების  ან გლობალური სამხედრო-პოლიტიკური სივრცეების მიერ გატარებულ სტრატეგიას მოარგოს თავისი განვითარების სტრატეგია, სადაც მონახული იქნება ის შეხების წერტილები, რომელიც  ინტერესთა თანხვედრას წარმოადგენს.  საქართველოს ამ რეგიონალური, სუბრეგიონალური და გლობალური საფრთხეების,  გამოწვევების და რისკების მიმართ, რომლებიც ამ ეტაპზე არსებობს და შესაძლებელია მომავალში გაჩნდეს,  თავისი განვითარების სტრატეგიის შემუშავება სწორედ ამ პრინციპებით შეუძლია.

თამაზ იმნაიშვილი

საქართველოს გენერალთა კლუბის

ანალიტიკური ცენტრის უფროსი

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ-საკითხებში

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი

Comments are closed