globalresearch.ge

ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი ეკონომიკური ასპექტი

Posted by Globalresearch on Jun 1st, 2014 and filed under კონფერენციები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

მამუკა ჩხეიძე, ეკონომიკის ექსპერტი:

ამ ბოლო დროის ყველაზე დისკუტირებული თემა „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ გახლავთ.

ბაზრისთვის ძალიან კარგია დივერსიფიკაცია, თან ევროკავშირის ბაზარი არ არის ჩვეულებრივი ბაზარი. იგი პლანეტაზე ყველაზე მდიდარი 500 მილიონი მოსახლის ბაზარია. მაგრამ რამდენად ვართ ჩვენ მზად ამ ბაზრისთვის, რა სარგებელს ველით ან მივიღებთ ამ ხელშეკრულებიდან და ხომ არ გამოიწვევს ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ისეთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებს, რომელიც ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესების მაგივრად გაგვირთულებს ისედაც რთულ ეკონომიკურ სიტუაციას?

განვიხილოთ, რა პირობებია ჩადებული ამ ხელშეკრულებაში.

თავიდანვე ვაცხადებ, შეგნებულად არ ვეხები ისეთ თემებს, როგორიცაა სტანდარტიზაცია, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ევროპული ნორმები და სხვა და სხვა, რომელიც, მოგეხსენებათ, ჩვენთვის სერიოზულად პრობლემური მიმართულებაა და მხოლოდ ფისკალურ ჭრილში განვიხილოთ ხელშეკრულების ავკარგიანობა.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ამ ხელშეკრულების პირობებით იხსნება საბაჟო გადასახადები, რაც, ბუნებრივია, ზოგადად, კარგია.
მისასალმებელია, როდესაც შენთვის პროდუქციის ექსპორტის დროს გეხსნება რაიმე გადასახადი და ზოგადად ისიც კარგია, როდესაც საბაჟო გადასახადების განულების გამო შენთან შემოსული პროდუქცია უფრო იაფი ეღირება მოსახლეობისთვის (ჩავთვალოთ, რომ იმპორტისას საბაჟო გადასახადის სახით ბიუჯეტში ნაკლები თანხების აკუმულირება კომპენსირდება სასაქონლო ბრუნვის მომატებით). ნურც იმას ჩავთვლით ამ ეტაპზე პრობლემად, რომ იქაური მაღალხარისხიანი პროდუქცია თავისი დაბალი თვითღირებულების გამო წალეკავს ჩვენ ადგილობრივ წარმოებას.

პრინციპში რა უნდა წალეკოს, რაც არ გვაქვს. მაგრამ აქ იწყება ბევრი მაგრამ. მოგეხსენებათ, მეგობრობა ძირითადად ორმხრივი მოვლენაა. თან, როდესაც არათანაზომადად შენზე ძლიერთან მეგობრობ და ის თავს იკლავს, გინდა თუ არა შენი მეგობარი ვარო, ეს განზრახვა უნდა დასტურდებოდეს საქმით.

ხელშეკრულებაში მთავარ ყურადღებას იქცევს „დანართი II – B“ -ში ჩამოთვლილი პროდუქციის სია, რომლებიც თავისუფლდება საბაჟო გადასახადით, მაგრამ ამავე დროს ექსპორტისას იბეგრება ე.წ. „ბაზარზე შესვლის ფასის“ გადასახადით.

ამ გადასახადის დედააზრია ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, იდეაში იქნება რა ევროკავშირში წარმოებული პროდუქციაზე იაფი, ამ გადასახადის დაწესებით გაუტოლდეს მათ შიდა ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასს. გლეხურად რომ ვთქვათ, გორის ვაშლი არ იყოს ესპანურ ვაშლზე იაფი და არ „დაჩაგროს“ ესპანური ვაშლი.

ეს ჩამონათვალი მოიცავს პრაქტიკულად ჩვენს ყველა პროფილურ ხილს და ზოგიერთ ბოსტნეულს. კერძოდ, ამ ცხრილში ვხვდებით: კიტრს და პომიდორს, პრაქტიკულად, ყველა ციტრუსს, რომელიც კი მოდის საქართველოში, სუფრის ყურძენს, ვაშლს, მსხალს, ატამს, გარგარს, ალუბალს, ბალს, ქლიავს და ა.შ. საქართველოში, სამწუხაროდ, ანანასი და ბანანი არ მოდის და ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია მაპროფილებელია ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის. აი, ასეთ ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს.

მოგეხსენებათ, ეკონომიკა ყველაფრის ბაზისია. ამ პოსტულატის იგნორირებამ და მეორე პლანზე გადაწევამ 80-იანი წლების ბოლოს ერთხელ უკვე ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა, ახლა მაინც არ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომა.

ყველანაირი გამოკითხვებით და სოციალური გამოკვლევებით საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა ამჟამად არის უმუშევრობა. ქვეყანაც, პირველ რიგში, ამ პრობლემის გადაჭრისთვის უნდა იღვწოდეს. იმისთვის კი, რომ ვიპოვოთ გასაღები, თუ როგორ მოვუაროთ აღნიშნულ პრობლემას, რაც შეიძლება შემჭიდროებული დროის მონაკვეთში, უნდა გავიაზროთ მოსახლეობის სტრუქტურის მხრივ როგორი ქვეყანაა საქართველო.

საქართველოში სოფლის მაცხოვრებლების დიდი ხვედრითი წილია. შარშანდელი საქსტატის მონაცემებით სოფლად ცხოვრობდა მთლიანი მოსახლეობის 47%. ეს ძალზედ მაღალი პროცენტია. ამ მოცემულობაში ჩვენ რომ ხელშესახებ პროგრესს მივაღწიოთ უმუშევრობის შემცირების საქმეში, საჭიროა ისეთი ეკონომიკური განვითარების მოდელის შემუშავება, რომელიც პირველ რიგში მოსახლეობის ამ სეგმენტის ჩართულობაზე იქნება გათვლილი და, ამავე დროს, ამ სქემამ ეკონომიკურად უნდა იმუშაოს და განვითარების პერსპექტივა ჰქონდეს. ამის მიღწევის შემთხვევაში, რასაკვირველია, ეს აუცილებლად იმოქმედებს სხვა ეკონომიკურ სექტორებზეც: მშენებლობიდან დაწყებული, ვაჭრობით დამთავრებული, მაგრამ საბაზისო გათვლები მაინც ზემოთხსენებულ სეგმენტზე უნდა იყოს მორგებული.

ამიტომ მიმაჩნია, რომ კარგია, როდესაც ხელისუფლება ეხმარება ჩვენს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა პროექტებით, მაგრამ ეს აბსოლუტურად არასაკმარისია. საჭიროა ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის მრავალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და მისთვის სტაბილური გასაღების ბაზრის მოპოვება. ეს უნდა იყოს უმუშევრობის დაძლევის მთავარი ეკონომიკური მესიჯი, რომელიც, თავის მხრივ, სრულ თანხმობაშია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან.

პრობლემა ზედაპირზე დევს.

ამჟამად საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ბუნებრივი პირობების, მოსახლეობის სტრუქტურული თავისებურების, მუშახელის შრომითი კვალიფიკაციის და სხვა ფაქტორთა გამო, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მაგრამ აქ წარმოჩნდება ერთი მთავარი პრობლემა. პრობლემა გასაღების ბაზრის.

ეკონომიკის ნებისმიერი მიმართულების განსავითარებლად საჭიროა გასაღების ბაზარი.

ქვეყნის ხელისუფლება ხელს უნდა უწყობდეს საკუთარ მეწარმეებს საექსპორტო ბაზრის დამკვიდრებაში. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გასაღების ბაზრის მოპოვება და შენარჩუნება. ეს სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია.

80-იანი წლების ბოლოს დავიწყეთ მიწაზე მდგომი ყველა საწარმოს დაშლა და ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. გავანიავეთ ყველაფერი. აღარაფერი არ განვავითარეთ. დაიკარგა ასევე მუშახელის კვალიფიკაცია. ქვეყანა გადაიქცა ყველაფრის იმპორტიორად. თუ რა იყო ამის სუბიექტური ფაქტორი, ვის ინტერესში იყო ეს, სხვა მიმოხილვის თემაა. მაგრამ ფაქტი სახეზეა.

2013 წელს იმპორტი იყო 8 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ექსპორტი 3 მილიარდამდე, თანაც ამ ექსპორტში 700 მილიონი ავტომობილების ფაქტიური რეექსპორტის წილია. აი, ასეთი სავალალო სურათი გვაქვს დღეს. თუმცა 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში ქვეყანაში აშკარად შეიმჩნევა ექსპორტის გამოცოცხლება. დავიმახსოვროთ ეს მომენტი, ქვემოთ გამოგვადგება.

2012 წლის ოქტომბერში ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა საქართველოსთვის ზემოთაღნიშნული ხელშეკრულებით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტების მოდელირება. გამოკვლევით, მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1,7 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4,3 %-ით, ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12 %-ით ზრდა არის დაანონსებული.

მე მგონი, კომენტარიც ზედმეტია, რადგან, მაგალითად, მარტო 2014 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის პერიოდთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 23% შეადგინა. ეს კი დიდწილად გამოწვეულია მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდით.
ანუ, როგორც ვხედავთ, თვით ევროექსპერტების გათვლებით, გამოწვეული ეკონომიკური ეფექტიც ვერ იძლევა რაიმე განსაცვიფრებელ შედეგს. და ეს მაშინ, როდესაც ხალხის მოლოდინი მე მგონი, სულ სხვაა.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზოგადად, ბაზრის დივერსიფიკაცია და ამხელა სიდიდის და პოტენციალის ბაზარზე შეღწევა უკვე დადებითი მოვლენაა. ეს უდავოა. მაგრამ აქ არის ერთი საშიშროება.

ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, დიდი ალბათობით, ისევ დაიწყება პრობლემები რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დაბრუნების კუთხით. ეს ცუდია. ეს უსამართლობაა, მაგრამ ეს შესაძლო რეალობაა. რეალობის უგულებელყოფამ ჩაგვაგდო ზუსტად ასეთ მდგომარეობაში.

სამწუხარო ფაქტია: დღეის მდგომარეობით, ჩვენ თუ გვინდა სოფლის მეურნეობის განვითარება და მისი მიბმა შესაბამის გადამამუშავებელ მრეწველობაზე, რათა ხელშესახებად შევქმნათ სამუშაო ადგილები, რუსული ბაზრის გარეშე ეს შეუძლებელია.
მაშ, სადაა გამოსავალი?

არ უნდა მოვაწეროთ ხელი ამ ხელშეკრულებას?

არა, რასაკვირველია. ასე საკითხი არ უნდა დაისვას. ყოველ შემთხვევაში, დღეს. ეს პოლიტიკური საკითხია.

ხელისუფლების მიერ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე“ ხელმოწერის პროცესის პარალელურად უნდა მიდიოდეს რეალური დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, შესაძლოა, ძალიან რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ.

რამეთუ თეზა: „ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები კონკრეტულ სარგებელს მიიღებენ“ არის მხოლოდ ლოზუნგი. ხელშეკრულების პირობების, ჩვენი დღევანდელი და, შეიძლება ითქვას, ხვალინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და მრავალ სხვა ფაქტორთა გამო ეს მხოლოდ სურვილია.

ევროპის ბაზარი აბსოლუტურად გაჯერებულია იმ პროდუქციით, რომელიც საქართველოს დღევანდელი საექსპორტო მაპროფილებელი სახეობებია. დავამატოთ ისიც, რომ ამ პროდუქციის ბევრ სახეობაზე გვიმატებენ მათ პროდუქციასთან ჩვენის ფასით გათანაბრების გადასახადს. აქვე დავუმატოთ ჩვენი პროდუქციის აბსოლუტური არაცნობადობა ევრობაზარზე და ა.შ.

ამრიგად, იმ პროდუქციასაც რომ დავანებოთ თავი, რომელზეც თავისი პროდუქციის დაცვის გამო არ მოგვიხსნეს „ბაზარზე შესვლის ფასის“ გადასახადი და თვალი გადავავლოთ, ვთქვათ, საქართველოდან ღვინის ექსპორტს, ნათლად გამოჩნდება, რომ ეს გამოცოცხლების გზაზე მდგარი დარგი რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში, მინიმუმ, ისევ სტაგნაციას და კრიზისს დაუბრუნდება. მაგალითისთვის, 2013 წელს, მყისიერად, როგორც კი ნაწილობრივ გაიხსნა რუსული ბაზარი, საქართველოდან ღვინის მთელი ექსპორტის 44% უკვე რუსეთის ბაზარმა აითვისა. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ამრიგად დასკვნა „ასოცირების შესახებ“ ხელმოწერის თაობაზე ვერ იქნება ერთმნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ისეთი სახის, როგორიც ახლა გაგვაცნეს.

ხაზგასასმელია, რომ „კარი IV; ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები“, რბილად რომ ვთქვათ, არათანაბარუფლებიანია მხარეებისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელშეკრულება მხოლოდ საქართველოსთვის აწესებს შეზღუდვებს.
ამრიგად, თუ ამ დივერსიფიკაციის მცდელობის დროს დავკარგეთ დღეის მდგომარეობით ყველაზე „საჭირო“ ბაზარი, ეს უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს, ვიდრე დღეს ვართ.

ასე რომ, ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და, ბუნებრივია, პასუხისმგებლობაც მასზე იქნება, როგორ წარმართავს ზოგადად ქვეყნის პოლიტიკას.

Comments are closed