globalresearch.ge

დავით იაკობიძე – მოხსენება სემინარზე: საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა

Posted by Globalresearch on Jun 20th, 2013 and filed under კონფერენციები, სემინარები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალი პარადიგმის საკითხისათვის
1.შესავალი
ჩვენი საზოგადოება გადაეჩვია ეკონომიკაზე საერთოდ და კერძოდ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბარს. 2004 წლიდან გაჩენილი უკიდურესი ეკონომიკური ლიბერალიზმის ფანტომი, თანდათან გადაიზარდა დისციპლინარული საზოგადოების ბიუროკრატულ-ადმინისტრაციულ რეჟიმში, რომელიც საჭიროებისამებრ, ინსტიტუციალური ეკონომიკის რეკომენდაციებს უნაცვლებდა ლიბერტარიანულ მიდგომებს და ყოველივე ეს, დასრულებულ ფორმას იღებდა ღია საზოგადოების თეორეტიკოსთა მიერ პოსტულირებულ ცნებებში. შესაბამისად, საქმე გვქონდა ეკონომიკაში მიმდინარე იმპულსურ ცვლილებებთან, რომელსაც ეკონომიკურ პოლიტიკას ვერ დავარქმევთ, რადგან იგი არ გამომდინარეობდა ქვეყანაში მიმდინარე ურთულესი ეკონომიკური კანონზომიერებებიდან. სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2012 წელს როდესაც ახალმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოებას შესთავაზა ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვები. ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ საქართველოშიც კვლავ აღდგება ეკონომიკის მიზანდასახულობათა წინასწარი განსაზღვრის ტრადიცია.
2013 წლის იანვარში ახალმა პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოებას შესთავაზა ეკონომიკის განვითარების მთავარი საპროგნოზო მაჩვენებლები, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6% და ინფლაცია არაუმაღლეს 7%. ამასთან, შეიცვალა საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის ვექტორიც. იგი გახდა მკაფიოდ ორიერტირებული შიდა ბაზრის მოთხოვნილებებზე და მოსახლეობის სოციალური დაცვის პრობლემებზე. შეიცვალა საინვესტიციო გარემოც, დამყარდა კავშირი მსხვილ საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციებთან, რაც განაპირობებს ჩვენი ეროვნული ეკონომიკის ინტეგრირებას საერთაშორისო საბაზრო ცენტრებთან, ნაცვლად გლობალიზებული ეკონომიკის პერიფერიულ ნაწილთან ინტეგრირებისა. გარდა ამისა, მთავრობა მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ინერციულობის გამო, მიმდინარე წელს, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, არსებით ცვლილებას ეკონომიკური ზრდის პარამეტრებში უნდა ველოდოთ 2015 წლიდან. სამწუხაროდ, ეს დეკლარაცია არ საბუთდება რაიმე კონკრეტული გათვლებით, ან ქვეყანაში მიმდინარე ინსტიტუციური ცვლილებებით.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მეტი რა დაგვრჩენია, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ქვეყნის ეკონომიკა საიმედო ხელშია და საქართველოში ოპტიმისტური მოლოდინის განწყობა სუფევს. მაგრამ ამავე დროს ჩნდება პროცესებში თანამონაწილებლობის აუცილებლობაც, რაც განაპირობებს ზოგიერთ, პრინციპული მნიშვნელობის საკითხებში სხვაგვარ ხედვებს და გამომდინარეობს იმ ალტერნატივებიდან, რომელიც იქმნება არსებული ეკონომიური ფაქტორების შეერთების თავისებურებიდან გამომდინარე. ისიც გასათვალისწინებლია, რომ ამჟამად საქართველოში, ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი გუნდი, პრაქტიკულად წარმოადგენს ერთგვარ ინკლუზიურ ერთობას, სადაც სხვადასხვა ხედვებისა და სხვადასხვა მიზნობრივი პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული ადამიანები საქმიანობენ. მათ შორის არასაკმარისი კოორდინირებაა და პრაქტიკულად შეუძლებელია რიგ საკითხებში შეთანხმებული საქმიანობა. ეროვნული ბანკი, კონტროლის პალატა, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების მარეგულირებელი ინსტიტუტები, რეგიონალური და მუნიციპალური ადმინისტრაციები, მთლიანად რჩებიან პრეზიდენტის ვერტიკალში და აგრძელებენ ეკონომიკაში იმპულსური ჩარევის მავნე ტრადიციას. შესაბამისად, ახალ პოლიტიკურ ძალას ურთულესი ადმიანისტრაციული და საკანონმდებლო ბარიერების გადალახვა უხდება, რაც არსებითად ამცირებს მათი წამოწყებების ეფექტიანობას. საზოგადოება გრძნობს ამ მოვლენის დროებით ხასიათს და გაგებით ეკიდება მრავალ პრობლემას, რომელიც მათ წინაშე არსებითი სახით დგას. ამავე დროს, გაისმის ცალკეული პოზიტიური კრიტიკაც, რომელიც გამომდინარეობს საერთო ინტერესებიდან და გამსჭვალულია არსებულ გარდაქმნებში თანამონაწილეობის აუცილებლობის გრძნობით.
ქვეყანაში მიმდინარე გადასვლა, დისციპლინარული საზაოგადოებისათვის დამახასიათებელი ინსტიტუციონალური მიზნდასახულობებიდან რეალურ ეკონომიკურ პროცესებზე, არ მიმდინარეობს უმტკივნეულოდ. ეს გადასვლა უკავშირდება საბაზრო პროცესების ტრანსფორმაციებს და ამიტომ მტკივნეულია. იგი ავლენს თავს არაჯანსაღი, დროებითი, მაგრამ მწვავე პროცესების ფორმატში. მაგალითად, ყველა ხედავს:
• როგორი ინტენსივობით იცვლება მედია სივრცე, განსაკუთრებით, სარეკლამო ბაზარი და მისაგან გამომდინარე, პრესისა და ტელე-რადიო მაუწყებლობის შესაძლებლობები;
• ასევე არსებითი ხასიათისაა ის, რაც წიგნის ბაზარზე სასწავლო სახელმძღვანელოთა საგამომცემლო საქმეში განხორციელდა;
• ანალოგიურმა პრობლემებმა იჩინა თავი ფეხბურთში.
მოსალოდნელია, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებშიც გამოვლინდეს მსგავსი მოვლენები. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ მიმდინარე ტრანსფორმაციები არასრულფასოვან მიზანდასახულობებს ემყარება. მართალია, სწორი საქმე ცუდადაც რომ ვაკეთოთ, კარგ შედეგებამდე მივალთ, მაგრამ სჯობს, კარგად ვაკეთოთ და მაშინ შედეგიც უკეთესი იქნება.
ასეთი კონკურენტული ბაზრის დაბრუნებისათვის ძალისხმევებმა გააშიშვლა ის პრობლემებიც, რომლებსაც ადგილი ქონდა რკინიგზაში, პორტებში, ჭიათურა-ზესტაფონის ინდუსტრიულ საწარმოო ერთეულში და ა.შ. ასე რომ, ჩვენს ეკონომიკაში უამრავი ახალი ამოცანა გაჩნდა, რომლებიც, როგორც ვხედავთ, შიდა ბაზარზე კონკურენტული გარემოს აღდგენის საჭიროებებმა გააჩინა, ხოლო ზოგიერთი ადრეც არსებოდა ლატენტური ფორმით, რადგან მისი გამოვლენა დაკავშირებული იყო დისციპლინარული საზოგადოების რეპრესიული მექანიზმის ფუნქციონირებასთან. ამგვარად, საქართველოში დღეს აუცილებელი ხდება, მკაფიო და გასაგები ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. საქმეს ვერ უშველის ავტორიტეტულ პოლიტიკოსთა მოწოდებები, რომ მათ კარგად ესმით შექმნილი მდგომარეობა და ხალხისაგან მოითხოვენ, რომ მათ ნდობა გამოუცხადონ. საჭიროა ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტი და ამ საჭიროებას ჩვენი საზოგადოება გრძნობს.
როგორი უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა? ვეთანხმები ქალბატონ ნანა დევდარიანს, როდესაც იგი პატარა ქვეყნების პოლიტიკას ახასიათებს, როგორც, საკუთარი დამოუკიდებელი ინტერესების შენარჩუნების მიზნით მიმართულ, მოქნილ, მკვიდრ და დინამიურ ძალისხმევებს, მსოფლიო ხალხთა თანამეგობრობაში, რომელიც ხშირად აშკარა მტრული დამოკიდებულებებით ვლინდება და მას „ლერწმის სტრატეგიას“ უწოდებს. როგორია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში ადაპტაციისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით? მოკლე ექსკურსი გვიჩვენებს, რომ სამწუხაროდ ჩვენ გვქონდა:
• გლობალურ ტენდენციათა სრული უგულვებელყოფის,
• „ცდისა და შეცდომების“ და
• „განურჩეველი თანმიყოლის“ პოლიტიკა.
თითოეული მათგანის დახასიათების არც საშუალება და არც დრო გვაქვს, მაგრამ მოკლედ შევნიშნავთ, რომ არცერთ მათგანს არ მოუტანია რაიმე არსებითი და მხოლოდ ართულებდა ჩვენს საერთო საზოგადოებრივ პირობებს. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს რომ „ცდისა და შეცდომის“ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვსწავლობდით მსოფლიო გლობალურ გარემოში თანამშრომლობას და ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომრეობიდან გამომდინარე, ვწყვეტდით სტრატეგიული მნიშვნელობის პრობლემებს, ამან მრავალი მნიშვნელოვანი შედეგი მოგვიტანა.
2013 წლიდან იწყება ახალი ეტაპი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. ეს 2013 წელი, არის ეკონომიკური განვითარების პარადიგმის ცვლილების წელი და მთელი საზოგადოება მას იმედით უყურებს. „ყველას არ შეუძლია იყოს ისტორიის შემოქმედი, მაგრამ ისტორიაში მონაწილეობა მივიღოთ, ყველანი ვალდებული ვართ“, – ალბერ კამიუს ეს სიტყვები აქტუალურია საქართველოში და თავის აქტუალობას ალბათ, არც მომავალში დაკარგავს. ამიტომ, მიზანშეწონილად ვთვლი, გამოვთქვა რამოდენიმე მოსაზრება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი გარდაქმნების მიმართულებათა და ამ გარდაქმნების უზრუნველყოფის მექანიზმების ფორმირების თვალსაზრისით.
2. ახალი ეკონომიკური პარადიგმის ძიებაში
გასული საუკუნის ოციან წლებში, დიდი ეკონომიკური დისკუსიის დროს, ჯონ კეინსმა გამოთქვა აზრი, რომ ქვეყნის მთავრობები ვალდებულნი არიან, ეძებონ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელი, მუდმივად სრულყონ ეკონომიკის გაძღოლის არსებული სისტემა. მისი აზრით, ეკონომიკური პოლიტიკის საზრისს ქვეყნის განვითარების შესაბამისი მოდელის ძიება განაპირობებს.
კეინსის ამ ფუნდამენტალური მნიშვნელობის დებულებას ადასტურებს კონდრატიევის და ჟიუგლერის გრძელვადიანი ციკლების თეორიაც. კონდრატიევის ციკლების მიხედვით, მსოფლიო ამჟამად იმყოფება (მეოთხე ციკლის) დაცემის (ვარდნის) ფაზაში, ეკონომიკის აღმავლობა (მეხუთე ციკლი) დაიწყება 2018 წლიდან და საჭიროა ახლავე დავიწყოთ მზადება ამ პერიოდისათვის. აღმავლობისათვის მზადების ერთადერთი გზა კი არის ტექნოლოგიური ინოვაციები და მათი სამეურნეო პრაქტიკაში განხორციელება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეკონომიკაში ამ სიახლეთა დიფუზია ხდება სწორედ ეკონომიკის ვარდნის პერიოდში, რომლებიც აღმავლობის პერიოდში იწყებენ თავიანთი ცხოველმყოფელობის გამოვლინებას. სამხრეთ კორეისა და იაპონიის ეკონომიკის შედარებამ აჩვენა, რომ სამხრეთ კორეამ ვერ მოახერხა თავის დროზე სწრაფი რეაგირება ასეთ ციკლზე და იაპონიასთან შედარებით 40 წლით გვიან მოახდინა ახალ ტექნოლოგიებზე ეკონომიკის ორიენტირება. ამასვე ადასტურებს ჟიუგლერის ციკლების სტატისტიკურ კანონზომიერებათა ანალიზიც. ამიტომ ის, ვინც ცდილობს საკუთარი, ეროვნული ეკონომიკური პროცესების სწორ რეგულირებას და ზრუნავს საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე, აქედანვე უნდა ემზადოს ამისათვის.
ეკონომიკა უმნიშვნელოვანესი სფეროა ადამიანთა თანაცხოვრების მთელ არეალში, მაგრამ მას როდესაც განვიხილავთ ერთი, რომელიმე ქვეყნის თვალსაზრისით, გვასწავლის იან ტინბერგერი, მის წინაშე ნათლად დგება საზოგადოებაში არსებული სხვა, არაეკონომიკური სოციალურ-კულტურული კანონზომიერებების უზრუნველყოფის ამოცანა. ამიტომ ეკონომიკის გააზრება უნდა მოხდეს ეროვნული საზოგადოების განვითარების მთელ ერთიანობაში და ხშირ შემთხვევაში იგი მეთოდიც იქნება საზოგადოებრივი ტენდენციების ავკარგიანობის გარკვევისას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვდგავართ ახალი ეკონომიკური პარადიგმის შემუშავების აუცილებლობის წინაშე. ჩვენ იგი გვესაჭიროება იმისათვის, რომ შევქმნათ ქვეყნის განვითარების ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა განვითარების მატერიალური საფუძვლების ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ერთი გამოსვლის ფარგლებში ჩვენ ვერ შევძლებთ გავარკვიოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების მთელი მრავალფეროვნება, მაგრამ შევეცდებით, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები, საქართველოს ეროვნული ეკონომიკის განვითარების კონცეპტუალური საწყისების შესახებ. ვფიქრობ, ამით ხელს შევუწყობ ახალი ეკონომიკური პარადიგმის ფორმირებას. ამასთან აღვნიშნავ, რომ ტერმინი კონცეფცია გვესმის, როგორც შეხედულებათა სისტემა, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს გარდაქმნები ეკონომიკაში და შეიქმნას მისი ტრანსფორმირების მექანიზმები. ხოლო ნებისმიერი, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეფცია მიმართული უნდა იყოს:
• სამეურნეო ინდივიდების თავისუფალ განზრახვათა ეთიკურ, მიმდინარე პრაქტიკაზე ორიენტირებულ კონკრეტულ-ისტორიული შესწავლის;
• ბუნებრივი პირობების, ტექნიკის და ტექნოლოგიის განვითარების დონის, სოციალური ინსტიტუტების ხასიათის და კანონმდებლობის საფუძველზე;
• ეკონომიკური სუბიექტების მიზნებიდან გამომდინარე, შეზღუდული, ალტერნატიული სარგებლობის რესურსების გამოყენების რაციონალური, საუკეთესო პირობების შექმნისაკენ.
ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოში ეკონომიკური პროგრესის პოლიტიკური უზრუნველყოფის მთავარ მიზნობრივ ამოცანას წარმოადგენს საზოგადოების და მისი თითოეული წევრის (ადამიანის) განვითარების ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულყოფა, რომელიც არსებულ გარემო პირობებში მუდმივად ცვალებადია და ამიტომ განვითარების სტრატეგიულ მიმართულებათა დადგენისას ისმება არა კითხვა „რატომ“, არამედ კითხვა „რისთვის“, რომელიც ამ შემთხვევაში მოკლებულია ტელეოლოგიურ აზრს და განსაზღვრავს, თუ როგორი მოსალოდნელი ცვლილებების შემთხვევაში რა მოელის საზოგადოებას, მის ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებს და თვით ადამიანს.
ეკონომიკის ზრდის საერთო სახელმწიფოებრივი ამოცანების განსაზღვრისას, მის ეფექტიანობის კრიტერიუმს წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ-ისტორიული განვითარების კანონზომიერებათა და მთელი საზოგადოების არსებობის საერთო პიროებების საფუძველზე, ეკონომიკურ და სხვა არაეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემებს შორის სწორი პროპორციების დადგენა იმ მიზნით, რომ ეკონომიკამ შეძლოს საზოგადოებრივი თანაცხოვრების ყველა აუცილებელ საჭიროებათა უზრუნველყოფისათვის მატერიალური პირობების შექმნა.
მეწარმეობის პროცესში, რესურსების ალტერნატიული გამოყენების არჩევანი ქმნის ეკონომიკური აქტივობის სტიმულებსაც და ამ რესურსების არასწორი ექსპლუატაციის საშიშროებებსაც, ამიტომ ეკონომიკური განვითარების კონცეფცია უნდა ეყრდნობოდეს მდგრადი განვითარების პრინციპებს, რომელიც გაგებული უნდა იყოს ბრუტლანდის კომიტეტის დეფინიციის საფუძველზე, ე.ი. „მდგრადია ის ეკონომიკური სისტემა, რომელიც თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილების დროს ითვალისწინებს მომავალ თაობათა ინტერესებს“. შესაბამისად, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ჩვენი ქვეყნის რესურსული პოტენციალის გამოყენების იმ ვარიანტებს, რომელთა ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა (ეკონომიკურ ფაქტორთა შეერთება) მაქსიმალურ ეფექტის იძლევა ქვეყნის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.
ქვეყნის რესურსული პოტენციალის გამოყენების კონკრეტულ პირობების ფორმირებისას, მოსალოდნელი ეფექტიანობის კრიტერიუმების განსაზღვრისას უნდა გამოვიდეთ მსოფლიო ბაზრის საერთო დინამიზმიდან. ამ თვალსაზრისით, სპეციალურ შესწავლას მოითხოვს გლობალური ეკონომიკური ციკლის მოქმედების კანონზომიერებების საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ზემოქმედების შესაძლებელი თავისებურებები. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ საქართველოს მაკროეკონომიკას, როგორც ღია სისტემას, გარეშე ფაქტორთა ზემოქმედებით, შესაძლებელია, შეექმნას საფრთხეები. ამის მაგალითები, არც ისე შორეული წარსულიდან, ბევრი გვაქვს. ამიტომ საზოგადოების არსებული დინამიური წონასწორობის შესანარჩუნებლად (ჰომეოსტაზისათვის) უნდა შემუშავდეს სპეციალური მექანიზმები (უარყოფითი უკუკავშირი), ამ საფრთხეთა თავიდან აცილების მიზნით. ამ მიზნით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმდინარე პროცესში უნდა მოვძებნოთ (ვიპოვოთ), მისი ფუნქციონირების ის უმარტივესი და უმცირესი ელემენტები, რომელთა ინსტიტუციური ფორმები საშუალებას მოგვცემს, მოცემულ ეტაპზე, ავხსნათ ეკონომიკური სისტემის მოქმედების თავისებურებები და აგრეთვე, შევიმუშაოთ მექანიზმები, რომელთა მოქმედების კოორდინირებული სისტემა საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ჩვენი საზოგადოების, როგორც ღია სისტემის, შინაგანი დინამიზმი. ე.ი. ჩვენ თვითონ შევძლოთ საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოვაქციოთ ჩვენი რესურსები.
იმის გამო, რომ ეკონომიკური განვითარების კონცეფციის სუბიექტს წარმოადგენს სახელმწიფო, ის ლეგიტიმურ ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური პროცესის მონაწილეთა ეფექტურ საქმიანობას და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას ისე, რომ საკუთარი ძალით არ შეზღუდავს მეწარმეთა თავისუფალ არჩევანს (ძალა არ ჩაენაცვლება თავისუფლებას), შესაბამისად, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე შემუშავებული იურიდიული ნორმები (კანონმდებლობა) განხილული უნდა იქნას, როგორც მეწარმეობისა და მეწარმეთა აქტივობის პირობა.
ქვეყნის ხელისუფლების წინაშე მდგარი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობიდან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ამოცანაა, გლობალური ტენდენციებისა და საკუთარი შეზღუდული რესურსების გამოყენებით მიღწეული იქნას:
• ადამიანის განვითარების გარემო პირობების გაჯანსაღება;
• მატერიალური რესურსების ეფექტური გამოყენება (მომავალ თაობათა მოთხოვნების გათვალისწინებით);
• მთელი ქვეყნის მასშტაბით სივრცობრივი მოწყობისა და საკომუნიკაციო საშუალებების ორგანიზება.
ამიტომ ეკონომიკური აგრეგატების (ინდიკატორების) ისეთი ზრდა, დოვლათის შექმნისა და განაწილების ისეთი მექანიზმის ფორმირება, რომელიც სოციალური კაპიტალის თანაბარი გამოყენების პირობებში უზრუნველყოფს:
• თანამედროვე გლობალურ გარემოში ფუნქციონირებისათვის აუცილებელი არაეკონომიკური მიმართულებების განვითარებას;
• შეინარჩუნებს თავისი შინაგან მდგომარეობას, კერძოდ, მიაღწევს დინამიურ წონასწორობას მატერიალური რესურსების ეფექტური გამოყენებისა და კულტურულ–ისტორიული განვითარების ტენდენციათა შორის.
ეკონომიკა უნდა ქმნიდეს მოსახლეობის თავისუფალი დემოკრატიული განვითარების საერთო პირობებს:
• რესურსების ათვისება, ტექნოლოგიების გაუმჯობესება და ადამიანური კაპიტალის სრულყოფა, სოციალური კაპიტალის განვითარება, იმ საერთო ვარაუდით, რომ ადამიანური კაპიტალისა და სოციალური კაპიტალის შექმნა–განვითარებისათვის იხარჯებოდეს არა ნაკლებ მშპ-ს 70 %. ასეთი მიზანდასახულობები დამახასიათებელია განვითარებული ეკონომიკებისათვის და იძლევა ქვეყნის შემდგომი სწორი დინამიური განვითარების გარანტიას;
• ამავე დროს, ეკონომიკური განვითარება უნდა განვიხილოთ, როგორც საზოგადოების ისტორიულ-კულტურული განვითარების საფუძველი, რაც განაპირობებს საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში ეკონომიკური კრიტერიუმებისა და მექანიზმების ფართო გამოყენებას. ამ თვალსაზრისით, ფართოდ უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური კრიტერიუმები საზოგადოების ფუნქციონირების სხვა სფეროებშიც. ანუ იგი უნდა განვიხილოთ, როგორც უკვე შექმნილი დოვლათის გამოყენების ეფექტიანობის მეთოდოლოგია.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქმედითი და მიზანდასახული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება კარგად აცნობიერებს იმ საერთო საზოგადოებრივ მისიას, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე, ეკონომიკის ზრდის სახით. რადგან შესაძლებელია, შეიქმნას ისეთი გარემოებები, რომ ეკონომიკის ზრდა გადაიქცეს თვითმიზნად და სრულიადაც არ აისახოს ადამიანთა ცხოვრების პირობებზე. ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს განვითარებას.
3.სინერგიის ძიებაში
თავის გამოსვლებში, ჩვენი მწყემსმთავარი ილია მეორე მოგვიწოდებს სინერგიისაკენ. სინერგიის ძიება ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მართალია, ქრისტიანული მრწამსის თვალსაზრისით და ეკონომიკის განვითარების პოზიციებიდან სინერგია განსხვავებული საზრისის ამსახველი ტერმინებია, მაგრამ ილია მეორის მოწოდება სინერგიზმისადმი იმდენად დროული და აქტუალურია, რომ იგი ახალი ეკონომიკური პარადიგმის ძიების ქვაკუთხედი ხდება. ეროვნული ეკონომიკის ფარგლებში, ეკონომიკური პროცესების განხილვისას სინერგიულობა (იყო მეტი, ვიდრე შემადგენელ ელემენტთა ჯამი) მაკროეკონომიკური მახასიათებელია. თანამედროვე გლობალურ გარემოში მიაღწიო სინერგიულობას ნიშნავს, რომ სწორად და ეფექტიანად იყო ინტეგრირებული მსოფლიო ბაზარში და, ამავე დროს, ფლობდე საკუთარი ეკონომიკური თავისთავადობის უზრუნველმყოფ მექანიზმებს, რის საშუალებითაც ეკონომიკური აქტივობის შედეგები მიმართული იქნება ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარებისაკენ. ამგვარად, სინერგიულობა გულისხმობს ისეთ სისტემურობას, როდესაც მიიღწევა განვითარების ის ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც გარემო პირობებს იყენებს თავისი საზოგადოების ფილოგენეტიკურ საფუძველზე. ამ დებულების გარკვევისათვის განვიხილოთ ეროვნული ეკონომიკა მის გარემო პირობებთან მიმართებაში.
ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა არის ღია განვითარებადი სისტემა. როდესაც ის „დახურულია“ (როდესაც ქვეყნები, პოლიტიკური მოსაზრებებით, ცდილობენ გარე სამყაროსთან ეროვნული ეკონომიკის კავშირების მინიმიზაციას და მათზე ანხორციელებენ მკაცრ სახელმწიფო კონტროლს, ან სხვა, პარტნიორი ქვეყნები არ თანამშრომლობენ მათთან, ასევე პოლიტიკური მოსაზრებებით) მაშინაც ღიაა, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტალური მნიშვნელობის კანონზომიერებებს კარნახობს მსოფლიო ბაზარი. შესაბამისად, ეკონომიკის სისტემურობის თვალსაზრისით, ფულის, კაპიტალის და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების ხარისხი გვევლინება ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების გარემო პირობების მთავარ მახასიათებლად. კაპიტალის ფუნქციონალური ფორმების მოძრაობის თავისუფლება განაპირობებს მოცემულ ეროვნულ ეკონომიკაში ალტერნატიულად გამოყენებადი რესურსების შეერთების საბაზრო კრიტერიუმებს. ამიტომ ეროვნული ეკონომიკა განიხილება, როგორც მთელი მაკროეკონომიკის ფარგლებში არსებული რესურსების შეერთების პირობების ჩამოყალიბების სივრცობრივი არეალი, აქ შემოსული და მოქმედი უცხო წარმოშობის კაპიტალის ჩათვლით (ტრანსეროვნული და სხვა, უცხოური კომპანიების ფილიალები და წარმომადგენლობები, ისე, როგორც შემოდინებული სამუშაო ძალა განიხილება, როგორც ეროვნული ეკონომიკის სუბიექტები), რის გამოც, მსოფლიო ბაზარზე არსებული კონკურენტულ პირობებიდან გამომდინარე, განისაზღვრება ქვეყნის განკარგულებაში არსებული რესურსების შეერთების ეკონომიკური ეფექტიანობა. შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების შესწავლისას უდიდეს მნიშვნელობას იძენს მოცემული მაკროეკონომიკური გარემო.
ნებისმიერი მაკროეკონომიკის ფუნქციონირების გარემო წარმოადგენს რთულ ცნებას. იგი გულისხმობს თავისი არსებობის როგორც გარე, ასევე შიდა არეალს. ამიტომ ანსხვავებენ ეკონომიკის ფუნქციონირების შიდა და გარე გარემოს. შიდა გარემო არის ის, რომელსაც შეხება არა აქვს გარე სამყაროსთან და წარმოადგენს იმ აუცილებელ პირობას, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის ჰომეოსტაზს. მატერიალურ–ნივთობრივი ფორმით, თუ ეკონომიკურ გარემოს შეადგენს მთელი სახელმწიფოს ქონებრივი პოტენციალი (ბუნებრივი რესურსები + არსებული სამეწარმეო და სოციალური კაპიტალი), შიდა გარემო არის მისი ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ არ ერთვება გლობალიზებულ ურთიერთობათა სისტემაში. ესაა გზები, მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციები, მისი წიაღისეული მარაგები, წყალსადენები, ეკონომიკური ურთიერთობების სახით ის ინსტიტუციური დამოკიდებულებები, რომლებიც ყალიბდება შიდა ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების მიზნით. ეკონომიკურ ურთიერთობათა დონეზე ესაა შიდა ბაზრის მოქმედების მთელი სისტემა, რომელიც ორგანიზებულია, როგორც კანონმდებლობით, ასევე ტრადიციული ადგილობრივი ურთიერთობების ბაზაზე. მათ შორის, საკუთრებითი ურთიერთობები და მეწარმეობის ის ინსტიტუციონალური ფორმები, რომლებიც გლობალიზაციის ირიბ ზემოქმედებას განიცდიან. მაგალითად, საერთო სახალხო საკუთრებაზე დამყარებული საძოვრების გამოყენებით წარმოებული პროდუქცია. ადამიანის განვითარების ხარისხობრივი მაჩვენებლები, სოციალური კაპიტალი, სადაც ეკონომიკური ფასეულობათა სისტემის განმსაზღვრელი საერთაშორისო ტენდენციები არ მოქმედებს, სადაც განმსაზღვრელ როლს თამაშობს მხოლოდ დახმარება, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ტრადიციები და მათზე დამყარებული საწარმოო ურთიერთობები, რომლებიც განიხილება კულტურულ მრავალფეროვნებათა ასპექტში და ეროვნულ ეკონომიკას სპეციფიკურ, განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.
გარე გარემო კი არის ეროვნული ეკონომიკის (მოცემული სახელმწიფოს მაკრეკონომიკური სისტემის) ფუნქციონირების ის არეალი, რომელიც განპირობებულია მისი საგარეო ვალდებულებებით და ეკონომიკური აქტივობის გლობალური კანონზომიერებებიდან გამომდინარე, ეფექტიანობის კრიტერიუმების შესაბამისად ხორციელდება. საქართველოდან მიგრირებული სამუშაო ძალა, კაპიტალი და ფული, ისევე, როგორც საქართველოში შემოსული კაპიტალი, ნებისმიერი საწარმოო ფუნქციით, წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის გარემოსთან (მსოფლიო ბაზართან) წონასწორული ურთიერთობის ელემენტებს.
ეროვნული ეკონომიკის შიდა და გარე გარემო ერთიან სისტემურობაში ქმნიან ქვეყნის მაკრეკონომიკრ გარემოს, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკის ფუნქციონირების მატერიალურ და არამატერიალურ ფაქტორთა და მათი შეერთების ბაზაზე განხორციელებულ სამეურნეო პროცესების ერთობლიობას. ამიტომ, როდესაც ვამბობთ „მაკროეკონომიკური გარემო“, მხედველობაში გვაქვს ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირების მთელი სიტემიდან აბსტრაქციის ძალით გამოცალკევებული სამეურნეო კავშირების ერთობლიობა და მათი განხორციელების სივრცობრივი არეალი. საქართველოს ეკონომიკა ვითარდება მსოფლიო ბაზრის ფარგლებში და მისი აქტიური ზემოქმედებით. მსოფლიო საერთო ეკონომიკურ ტენდენციებზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების მიერ განსაზღვრულია ჩვენი მსოფლიო ბაზარში ჩართულობის პირობები, აქ ავანსირებული უცხოური წარმოშობის კაპიტალი კი, ეკონომიკის შიდა გარემოსთან ერთად, ქმნის ქვეყნის სახალხო სამეურნეო ერთიან სტრუქტურას, ერთიან ეროვნულ ეკონომიკას.
ამგვარად, ეროვნული ეკონომიკის განვითარება ექცევა ქვეყნის რესურსული პოტენციალის, აქ არსებული ტექნოლოგიებისა და მსოფლიო ბაზრის მოთხოვნათა პირობებში. ამ პირობების ზემოქმედება ეკონომიკაზე მეტად მაღალია. რაც წარმოების ფაქტორთა შეერთების სპეციფიკურ, მსოფლიო ბაზრის მიერ ნაკარნახევი კრიტერიალური სისტემიდან მომდინარეობს და განპირობებულია გლობალური კონკურენტული გარემოს ზემოქმედებებით. ამიტომ კონკურენცია, როგორც მეწარმეობის განვითარების ადექვატური ფორმა, უნდა განვიხილოთ გლობალური ბაზრის დინამიზმიდან გამომდინარე და არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე წარმოქმნილი კონიუნქტურული პირობებიდან, რომელსაც აგრეთვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე, საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრისასაც გლობალური ფინანსური ბაზრის კანონზომიერებებიდან უნდა გამოვდიოდეთ და ფართოდ ვიყენებდეთ განვითარებულ საბაზრო სისტემებში აპრობირებულ საბაზრო მექანიზმებს.
როგორც მსოფლიო გლობალური სამეურნეო სივრცის ნაწილი, ღია სისტემა მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციებიდან იღებს განვითარების ახალ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. მაგრამ ამავე დროს ჩნდება საფრთხეებიც, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის არასწორი ტრანსფორმაციისაკენ, შესაბამისად, მათი ნეიტრალიზაციის მიზნით საჭიროა, აგებული იქნას ისეთი სამეურნეო მექანიზმი, რომელიც გააძლიერებს მაკროეკონომიკას, შექმნის შიდა ბაზრის განვითარების საფუძვლებს და ჩამოაყალიბებს სისტემური ზრდის შინაგანი მუდმივობის უნარებს, ეკონომიკურ და არაეკონომიკურ სეგმენტებს შორის არსებული დინამიკური წონასწორობის განვითარების მიზნით. ამ თვალსაზრისით, ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების ისეთი გზის არჩევა, რომელიც განაპირობებს მის თავისთავადობას და საზოგადოების არაეკონომიკური არეალის განვითარების მაღალ დონეს.
როდესაც განვიხილავთ ეკონომიკურ აქტივობას, როგორც არჩევანს, უმთავრესი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორი ეფექტი გვექნება ცალკეული რესურსის გამოყენებისას მსოფლიო ბაზარზე. მნიშვნელოვანი ხდება ის ფაქტი, თუ როგორ შევდივართ ჩვენ გლობალურ ეკონომიკურ გარემოში. ამ პრობლემის გააზრებისას მთავარია გვესმოდეს, რომ სულ ერთია, ექსპორტ-იმპორტის პოზიციებიდან განვიხილავთ საკითხს, თუ ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ანუ ექსპორტჩანაცვლებად პროდუქციას ვანვითარებთ, თუ ვქმნით პირობებს ადგილზე სარეალიზაციოდ.
მსოფლიო ბაზრის კონკურენტული გარემოდან გამომდინარე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მსოფლიო ბაზარზე ქვეყნები არ არიან ერთმანეთის კონკურენტები. აქ ფირმები გამოდიან სამეწარმეო სუბიექტების სახით და სახელმწიფო, თუ მას მართლაც აინტერესებს, პასუხისმგებლობა აიღოს თავის ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ამ სფეროში აქტიურად უნდა ერთვებოდეს ორი მიმართულებით:
• შიდა ბაზარს განიხილავდეს, როგორც არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა ერთობლიობას, რის საფუძველზეც უქმნიდეს პირობებს შიდა ბაზრის ათვისებისათვის ფირმებს და ამავე დროს ქმნიდეს ბაზრის რომელიმე სეგმენტის მონოპოლიზაციის საწინააღმდეგო მექანიზმებს;
• ხელს უწყობდეს ( ეხმარებოდეს) ფირმებს საგარეო ბაზრის მოპოვებაში და იქ ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში.
შესაბამისად, კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა უნდა განიხილებოდეს ფართოდ და არა როგორც სახელმწიფოს ანტიმონოპოლიური საქმიანობა.
საერთაშორისო გამოცდილებიდან (როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნები) საერთაშორისო კონკურენტულ ბრძოლაში სახელმწიფოსაგან დახმარებას იღებს, პირველ რიგში, შრომატევადი დარგები, ისეთი, როგორიცა სოფლის მეურნეობა, სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და მსუბუქი მრეწველობა. სახელმწიფოები ცდილობენ, გამოიყენონ საერთაშორისო ვაჭრობის მექანიზმები (კვოტები, ტარიფები. მაგალითად, იაპონიას ბრინჯის წარმოებაზე აქვს 1000% საბაჟო გადასახადი, რაც კოლოსალურად ზრდის მის ფასს მსოფლიო ბაზარზე). ასევე, შექმნან დახმარების მექანიზმები ფერმერებისათვის. ამ თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე ძველმა და პოპულარულმა, აგრარულმა პოლიტიკამ გაიარა გარკვეული საფეხურები:
• ინტენსიური (მეცხოველეობისა და მემცენარეობის ერთიან სისტემად ჩამოყალიბება);
• კონკურენტული (ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება, კულტურათა და ჯიშთა გაუმჯობესება და მის საფუძველზე მოსავლიანობის ზრდა);
• ლოკაციური (ფერმერის, როგორც საქონელმწარმოებლის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მაგალითად, სტოლიპინის რეფორმის მთავარი პრობლემა იყო მიწების „რაზვიორსტკა“, ანუ გლეხებისათვის იმ რაოდენობის მიწის დამაგრება, რომელიც უზრუნველყოფდა მის საქონელმწარმოებლად ჩამოყალიბებას. ასეთივე მეთოდოლოგიით, ინგლისის სამეფოში მე–18 საუკუნის დასასრულიდან, ფრენსის ბეკონის რეკომენდაციით მოქმედებდნენ (აქ მოცემული სიდიდის სასოფლო–სამეურნე მიწის მესაკუთრეებზე დამაგრების კრიტერიუმს წარმოადგენდა ფერმერთათვის შესაძლებლობების შექმნა, შვილები აღეზარდათ გარკვეული კეთილდღეობისა და თავისუფლების პირობებში, რადგან სხვაგვარად ჩამოყალიბებული პიროვნებები უვარგისი იყვნენ ინფანტერიაში სამსახურისათვის, ხოლო კავალერიას ქმნიდნენ ფეოდალები). ეს მოდელი ჩვენთვის დღეს აქტუალურია იმიტომ, რომ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები 2.4 მილიონ ნაკვეთად არის დანაწევრებული, რომლებიც 600 ათასზე მეტი მესაკუთრის ხელშია და მიწის მეპატრონეთა დაახლოებით 95 პროცენტი ვერ გადაიქცევა სრულფასოვან ფერმერად;
• დიფუზიის მოდელი (მაღალი აგრიკულტურული მიღწევების მხარდაჭერა, ჯიშთა გამოცდა, ახალი სელექციური მასალის მიწოდება და ა.შ.);
• მაღალი ანაზღაურების მოდელები (ფასების მაკრატლის ამოქმედება ფერმერების სასარგებლოდ);
• სიახლის სტიმულირების მოდელი (უკავშირდება გენურ ინჟინერიას და თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს).
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოკაციური მოდელი, რომელიც შეჯერებული იქნება სიახლის სტიმულირების მოდელთან. ე.ი. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ხელი შუწყოს ფერმერებს, რათა მათ შეძლონ ჩამოყალიბება ადგილობრივ ბაზარზე (უპირატესად) სპეციალიზირებულ საქონელმწარმოებლებად, მათი შესაძლებლობებიდან და ეკონომიკური ეფექტიანობიდან გამომდინარე კი დაეხმაროს თანამედროვე სასოფლო–სამეურნეო მიღწევების ათვისებაში. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში და კვების მრეწველობაში (სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებაში), როგორც შრომატევად დარგებში, იქმნება დიდ რაოდენობით სამუშაო ადგილები (100 ტონა ქერისაგან შეგვიძლია მივიღოთ 700 ათასი ლიტრი ლუდი და ნარჩენების გადამუშავებით სხვა კომპოზიტებთან, ბალახთან, ნამჯასთან და სოიოსთან ერთად მივიღებთ 500 ტონა ძროხის საკვებს, ანუ 100 ძროხის შესანახ საკვებს. თუ გავყვებით ქერის წარმოება–გადამუშავების ტექნოლოგიას მეცხოველეობამდე, დავინახავთ, რომ იგი საკმაოდ შრომატევადი მიმართულებაა და ქმნის მრავალ სამუშაო ადგილს. კერძოდ, 100 ტონა ქერის წარმოებისათვის საკმარისია ერთი სრულყოფილად დასაქმებული კვალიფიციური მუშაკი, მაგრამ შემდეგი გადამუშავებისა და შედეგად შექმნილი პროუქციის მომხმარებლამდე მიტანისათვის საჭიროა დაახლებით 7-9 სრულად დასაქმებული ადამიანი). სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა რაოდენობის და ადგილობრივი ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს მეურნეობის თანამედროვე მექანიზმების შექმნასა და ათვისებაში. მხედველობაშია მისაღები, რომ თანამედროვე ბაზარი მოითხოვს მრავალ მცირე საწარმოს, რომელიც პროდუქციას ამზადებს სადისტრიბუციო ქსელისთვის (დაფასოება, სტერილიზაცია, სორტირება და ა.შ.). ასეთი ტიპის საწარმოები საშუალებას იძლევიან, შემდგომ ეტაპზე მოხდეს პროდუქციის გადამუშავება (მაგალითად, ფერმერი აბარებს ვაშლს დამფასოებელს, რომელიც ახდენს პროდუქციის სორტირებას, დისტრიბუტორს აწვდის სასაქონლო ხილს, ხოლო სხვა პროდუქციას აწვდის კვების მრეწველობას, სადაც არაკონდიციური ხილისაგან მიიღება წვენი, ძმარი, კალვადოსი, ჩირი, ხილფაფა და ცხოველების საკვები. ასე რომ, აქაც სერიოზული რეზერვები იჩენს თავს სამუშაო ძალის დასაქმებისათვის). ამიტომ ქვეყანაში მწარმოებელთა (ფირმების) კონკურენტუნარიანობის ზრდა უნდა გავიაზროთ, როგორც მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე მახასიათებელი. ადგილობრივი ბაზრის განვითარება სწორედ არის ეროვნული ეკონომიკის ფარგლებში ისეთი სპეციალიზირებული საქონელისა და სერვისების მწარმოებლების ხელშეწყობა, რომლებიც თავიანთ პროდუქციას შესთავაზებენ მომხმარებლებს უცხოური მაღალი ხარისხის პროდუქტების ნაცვლად, კონკურენტულ პირობებში.
ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდის მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფირმების მხარდაჭერა მსოფლიო ბაზარზე, სადაც ეროვნული საწარმოებისათვის სახელმწიფო უნდა გვევლინებოდეს გზამკვლევად და მთავარ მხარდამჭერად. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო და ქვეყანათა შორის შეთანხმებებში მონაწილეობა, საკუთარი სამეურნეო ინიციატივები და ქვეყანაში დისლოცირებულ უცხო კაპიტალის ბაზაზე ორგანიზებულ საწარმოთა სწორი ზედამხედველობის განხორციელება.
ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ადგილობრივი ბაზრის განვითარებისა და ეროვნული ფირმების საერთაშორისო ბაზრებზე მონაწილეობის ინტენსივობის ზრდის მიმართულებით. ამიტომ ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, ქვეყანაში საინვესტიციო საქმიანობა უნდა განვიხილოთ მსოფლიო ბაზარზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურული კრიტერიუმებიდან გამომდინარე. ამის მეტრული (ზომითი) საფუძველი უნდა იყოს მსოფლიო ბაზარზე თითოეული ავანსირებული ფულადი ერთეულის ეკონომიკური ეფექტიანობა, დაუშვებელია ეროვნული ფულადი ერთეულის – ლარის უფრო დაბალეფექტური გამოყენება, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე სხვა ფულადი ერთეულების ეფექტიანობაა. ამ ურთულესი პრობლემის დაძლევა საპატიო და ეკონომიკის რეგულირების სახელმწიფო პროგრამის ხარისხობრივი მახასიათებელია. აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა განაპირობებს საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბებული და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარში ჩართულ მსხვილ საწარმო ერთეულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და, რაც მთავარია, მათ შიდა ბაზრის მაორგანიზებელ წამყვან სტრუქტურულ ელემენტებად გადაქცევას (ამ პრობლემას იმიტომაც აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა საქართველოს ეროვნული ეკონომიკისათვის, რომ მის ფარგლებში ორგანიზებული მსხვილი საწარმო ერთეულები: ჭიათურა-ზესტაფონის და მადნეულის მოპოვებითი სამრეწველო და მეტალურგიული კომბინატები, კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნები, რუსთავის ქიმიური და მეტალურგიული საწარმოები, ფოთისა და ბათუმის პორტები, სარკინიგზო მაგისტრალი და ელექტროგენერაციის მსხვილი საწარმოები თავისი მნიშვნელობით ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიერ დაუფასებელია, ასევე ვერ ვიყენებთ სათანადოდ ტრანსეროვნულ საწარმოთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო მაგისტრალებს). ამავე დროს, მსხვილი საწარმო ერთეულები სათანადოდ ვერ მონაწილეობენ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და მათი დამოკიდებულება საქართველოს ტრადიციებისა და სოციალური გარემოს ორგანიზაციის საქმეში, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, რაც გაეროსა და ამ საკითხზე არსებულ საერთაშორისო კონვენციათა დარღვევას წარმოადგენს (დასაქმებულთა შრომითი პირობების ორგანიზაციის ყოველგვარი საერთაშორისო და ცივილიზებულ ქვეყნებში აპრობირებული ნორმების დარღვევის კლასიკური მაგალითია ჭიათურის მანგანუმის საწარმოში წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობათა სისტემა. შრომის ნორმატივების, დასვენების დღეების, საწარმოო ტრავმებისა და სხვა ურთიერთობათა სისტემა იმდენად „დრაკონულია“, რომ ადრეული კაპიტალისტური შრომითი ურთიერთობების ასოციაციებს ბადებს). ამ თვალსაზრისით, ქვეყნის ეკონომიკური გარემოს უმთავრესი მახასიათებელი – კონკურენტულობა მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნული ეკონომიკური სტრუქტურა წარმოადგენდეს ერთიან მთელს არა მხოლოდ მსოფლიო მაინტეგრირებელი ორგანიზაციების (სსფ, მსოფლიო ბანკი, ვმო, შსო და ა.შ.) მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, არამედ ხელს უნდა გვიწყობდეს, მიუხედავად საკუთრებისა და ტექნოლოგიური თავისებურებებისა, შეიქმნას ისეთი სისტემურობა, რომელიც მიისწრაფვის სინერგიულობისაკენ და შესაძლებლობას იძლევა, მის განკარგულებაში არსებული რესურსების შეერთება განხორციელდეს მაქსიმალურად ეფექტიანად.
ამგვარად, ეკონომიკის სინერგიულობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ გლობალურ გარემოში სწორი ადაპტაციისა და ინტეგრაციის პირობებში, თუ შევინარჩუნებთ ქვეყნის განვითარების ფილოგენეტიკურ საფუძვლებს.
4.რეალური სექტორის განვითარების ამოცანები
საქართველოს ეროვნული ეკონომიკის საფუძველს შეადგენს მისი რეალური სექტორი. რეალური სექტორი არის ადამანის მიერ ბუნებრივი რესურსების ტექნოლოგიური გადამუშავების დარგობრივ მრავალფეროვნებათა ერთობლიობა. რეალური სექტორის განვითარების დონე განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას საერთოდ. გარდა ამისა, ქვეყნის რეალური სექტორი არის მისი მდგრადი განვითარების საფუძველი. მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ეკონომიკა ემყარება ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და მაღალ ეკოლოგიურ ტექნოლოგიებს. სისტემა უნდა ემყარებოდეს კლასტერულ წარმონაქმნებს და არსებული სტრუქტურიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბაზარზე მონაწილე მსხვილ წარმონაქმნებს და ადგილობრივი ბაზრის მონაწილეებს. მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის მონაწილეობაც ტრანსეროვნული კორპორაციების სახით.
საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი წარმოადგენს რთულ, განვითარების დონით უაღრესად განსხვავებულ კონგლომერატს. მაგალითად, თუ შევადარებთ: ჭიათურა-ზესტაფონის, იზოტოპების ქარხნის, რუსთავის ქიმიური და მადნეულის კომბინატების, რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნების სამეწარმეო კომპლექსებს ერთმანეთთან, დავინახავთ რომ მათი ფუნქციონირება არა მარტო მათი სამეწარმეო ტექნოლოგიების განვითარების დონიდან და თავისებურებებიდან გამომდინარეობს, არამედ ქვეყანაში ერთიანი სამრეწველო პოლიტიკის არარსებობის შედეგიცაა. ასევე ერთიანი სამეწარმეო პოლიტიკის ფარგლებში ვერ თავსდება ასობით მცირე საწარმო, რომლებიც საკუთარ მფლობელთა რისკითაა შექმნილი.
საქართველოს არსებული სამეწარმეო პოტენციალის უკეთესი გამოყენებისათვის, მისი რეალური სექტორის ქმედითუნარიანობის ამაღლებისა და მთელი ეკონომიკისათვის სინერგიული ეფექტის მინიჭების მიზნით, უნდა განხორციელდეს დიფერენცირებული მიდგომები მსოფლიო ბაზარზე და შიდა ბაზრის ფარგლებში მოქმედი საწარმოების მიმართ. ასეთი მიდგომები უნდა გამომდინარეობდის ქვეყნის ერთიანი სამეწარმეო პოლიტიკიდან, რომლის საფუძველშიც იქნება დასაქმების, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პრობლემები.
ეკონომიკის რეალური სექტორის საფუძველს წარმოადგენს ენერგეტიკა. განვითარებული ენერგეტიკული სისტემის გარეშე შეუძლებელია საუბარი თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევათა გამოყენებაზე და მოსახლეობის მოთხოვნათა სრულყოფილ დაკმაყოფილებაზე. მეურნეობის ენერგეტიკული მოთხოვნები განაპირობებს ნებისმიერი მაკროეკონომიკური სტრუქტურის საფუძვლების სიმყარეს. საქართველოს, მისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ენერგეტიკული ბაზა გააჩნია. აქ მოიპოვება ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, თერმული წყლები და არის საშუალება, წყლის, ქარის, მზის და ბიოენერგიების გამოყენებისა. იმის გამო, რომ ჩვენი ენერგორესურსების ათვისება უკავშირდება საერთო გლობალურ გარემოში ჩამოყალიბებულ ეფექტიანობის კრიტერიუმებს, ჩვენთან ყველაზე დიდი განვითარება ჰპოვა ჰიდრორესურსების ათვისებამ. როგორც მსოფლიო ბანკი ადასტურებს, ჩვენთან ენერგორესურსების (ელექტროენერგია) გამოყენებაში ჰიდროენერგეტიკის წილი არის 92%. საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ელექტროენერგიის წარმოების ბაზას ქმნის ჰიდროენერგეტიკა. ეს ჩვენი გეოგრაფული და სხვა თავისებურებებიდან გამომდინარეობს და წარმოადგენს ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას, რომელიც უნდა გავაძლიეროთ. ჩვენი მდინარეების რესურსების ათვისება სხვა სისტემური პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობასაც იძლევა:
• რადგან ჰიდრორესურსების უმეტესობა განლაგებულია მთებში და აქ მდინარეებს სხვა მნიშნელობაც გააჩნიათ, მათი ათვისება გამოიწვევს მთის საციცოცხლო ათვისების სტიმულირებას. გამოიწვევს აქ მოსახლეობის დამაგრებას, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის მაღალმთიან და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დამაგრებას შეუწყობს ხელს და გააჯანსაღებს დემოგრაფიულ პროცესებსაც;
• ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ხელს შეუწყობს წყლის რესურსების ყაირათიან გამოყენებას, შეიქმნება მათი გამოყენების მარეგულირებელი სისტემები და ამით გაჩნდება შესაძლებლობები, უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი მდინარეების შესაძლებლობები;
• საკუთრივ ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით სწორად გათვლილი ენერგეტიკული ბალანსის შემთხვევაში (თუ ჩვენი ენერგოსისტემები დაპარალელდება მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან) ჩვენ აღმოვჩნდებით კარგ პირობებში – იაფი ენერგია გავცვალოთ ძვირადღირებულზე, პიკური ბაზურზე და ამით გავაჯანსაღოთ ჩვენი ექსპორტ–იმპორტის ბალანსი. მივიღოთ დამატებითი დიფერენცირებული შემოსავალი (რენტა);
• შეიქმნას ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმი ადგილობრივ ბაზარზე მზის და ქარის ენერგიის გამოყენებისათვის. ასევე თერმული და ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისებისათვის. გეოლოგიურ სამძებრო სამუშაოებისათვის და საკუთარი ნავთობის, გაზის და ქვანახშირის რესურსების ათვისებისათვის;
• ქვეყანაში შეიქმნას ენერგოტევადი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები;
• გარდა პირდაპირი ეკონომიკური ეფექტისა, მთის რეგიონების ათვისება ქმნის კულტურულ–ისტორიული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მის ერთიან სამეურნეო პროცესებში ჩართვის შესაძლებლობებს.
მდგრადი მაკროეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ქვეყნის ეროვნული სამეურნეო კომპლექსის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის უაღრესად მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს მშენობლობა. მშენებლობა, თავისი შინაარსით, მრავალპროფილური და ტექნოლოგიურად არაერთტიპიური დარგია. იგი შედგება საშენი მასალების ინდუსტრიისაგან, საკუთრივ სამშენებლო ტექნოლოგიებისა, არქიტექტურისა და სხვა, ამიტომ ამ დარგთა ერთობლიობის აღსანიშნავად ხშირად ხმარობენ ტერმინს „სამშენებლო კომპლექსი“. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გამოყენების საკითხთან. მიწის სავარგულების სასოფლო–სამეურნეო ბრუნვიდან გაყვანიდან დაწყებული, საშენ მასალათა მოპოვებით დამთავრებული, სამშენებლო კომპლექსი უკავშირდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის პრობლემებს. გზების, გზის სამაგრი ნაგებობების, კაშხალების, მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, მილსადენი და სხვა ენერგეტიკული სატრანსპორტო მაგისტრალების, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ობიექტების, სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ნაგებობების, სამრეწველო და სამოქალაქო, მათ შორის საბინაო მშენებლობა.
მართალია, დასრულდა რეგიონული და საერთშორისო მნიშვნელობის დიდი მშენებლობები, რომელთა მეშვეობით საქართველომ დაიმკვიდრა თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ კიდევ არის ისეთი პროექტები, რომელთა განხორციელუბაც დიდ კაპიტალდაბანდებებთან არის დაკავშირებული. ამჟამად საქართველოში არსებობს სამშენებლო კომპლექსის განვითარების ისეთი მატერიალურ-ტექნიკური პირობები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ქვეყანა მზადაა დიდი მშენებლობებისთვის. გარდა ამისა, თუ არ გაგრძელდება ქვეყანაში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, ამ კომპლექსის მამოძრავებელი მატერიალურ-ტექნიკური შემადგენელი დაკარგავს თავის მნიშვნელობას და მათ შემდგომ განახლებას ათწლეულები დასჭირდება. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება ჩვენ მივიღეთ 90-იან წლებში, როდესაც ქვეყნიდან ჩალის ფასად გავიდა (რუსეთში და თურქეთში) სამშენებლო სიმძლავრეები, რომელთა განახლებას შემდეგ ქვეყანა თითქმის 10-12 წელი მოუნდა. ამავე დროს დავკარგავთ კვალიფიციურ სამუშაო ძალას, რომლის ნაკლებობას ისედაც განვიცდით.
სამშენებლო კომპლექსის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საჭიროა დამუშავდეს მისი მოქმედების ადეკვატური, რაციონალური ფინანსური სისტემა. ყველა, ვინც დაკავშირებულია საქართველოში ბინათმშენებლობის საკითხებთან, გრძნობს (თავის თავზე გამოსცადა) ამ სფეროში არსებული ხარვეზები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობას და ეფექტური მშენებლობის უზრუნველყოფის ფინანსურ მექანიზმს. ამგვარად, როგორც ენერგეტიკას, ასევე მშენებლობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია და რეალური სექტორის ეს სფერო, სოფლის მეურნეობასა და მოპოვებით მრეწველობასთან ერთად განსაზღვრავს ქვეყნის მდგრადი განვითარების დინამიზმს.
სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და თევზჭერა საქართველოში მეურნეობის ის დარგია, სადაც იქმნება სამუშაო ადგილება, ხდება ქვეყნის ტერიტორიის რაციონალური ორგანიზება, იქმნება მოსახლეობისათვის აუცილებელი სურსათი და სანედლეულო ბაზა პროდუქციის გადამამუშავებელი დარგებისათვის. ამ თვალსაზრისით მეურნეობის ეს სფერო უდიდესი მნიშვნელობისაა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ქვეყნის აგრარული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება. მნიშვნელოვანია არა მარტო ამ დოკუმენტის შინაარსობრივი შემადგენელი, არამედ, თვით მისი შექმნის მექნიზმი, რადგან საჭიროა, უზრუნველყოფილი იქნას დაინტერესებული ადამიანების (ასეთი კი მთელი საქართველოა) მასშტაბური მონაწილეობა. ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს მოძველებული მოსაზრებები, რომელთა მიხედვით ვერ შევძლებთ საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას საკუთარი სურსათით:
• საჭიროა ძალისხმევა მივმართოთ ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის პრობლემების გადაწყვეტისკენ და უკუვაგდოთ წლობით გაბატონებული, მავნე ცრურწმენა, რომ „საქართველოს საკუთარი რესურსებით ძირითადი საკვები პროდუქტების წარმოება არ შეუძლია.“ ამ თვალსაზრისით დასაძლევია ის აზრი, თითქოს ჩვენ საჭირო მარცვლეულის მხოლოდ 75%–ის წარმოების შესაძლებლობა გვაქვს;
• საერთაშორისო გამოცდილებით და პასუხისმგებელი ინსტიტუტების დახმარებით მივაღწიოთ მსოფლიოში მიმდინარე აგფლაციის და თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით მისი გამომწვევი მიზეზების შესუსტებას საქართველოში;
• შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, სოფლის მეურნეობის სასარგებლოდ წარიმართოს სხვა დარგებისთვის გამოყოფილი ქვეყნის ფინანსური და სხვა რესურსები, რადგან სოფლის მეურნეობა ვერ აღორძინდება მთელ ეკონომიკაში სინერგიული ეფექტის შექმნის გარეშე;
• მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ჩვენი ისტორიული გამოცდილება და თითოეულ კუთხეში არსებული აგრიკულტურული და ეთნიკური თავისებურებები. ყოველივე უნდა დაეფუძნოს უახლეს აგრიკულტურულ მიღწევებს, განსაკუთრებით, საკუთრივ ქართული მეცნიერების შედეგებს.
ამ ზოგადი საკითხების გადაწყვეტისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ პრობლემებზე:
• გლობალური დათბობის შედეგად იცვლება კლიმატი. აგრარული უწყების წინაშე ახლებურად დგება: ა). მიწის კადასტრის მონაცემების გათვალისწინებით სასოფლო–სამეურნეო კულტურათა გავრცელების (რაიონირება, ახალ კულტურათა ადაპტირება, აგროტექნიკური და ტექნოლოგიური თავისებურებების დადგენა) საკითხი; ბ). არსებულ კულტურათა მოყვანის აგროვადების გადასინჯვის პრობლემები;
• მემცენარეობის კულტურათა და მეცხოველეობის დარგების პროდუქტიულობის ოპტიმიზაციის ტექნოლოგიური პირობების შესწავლა და პროპაგანდა. ამ მიზნით: ა). სკოლების ორგანიზაცია; ბ). საჩვენებელ ფერმერულ მეურნეობათა შექმნა; გ). ტელევიზიისა და სხვა მედიასაშუალებების გამოყენება.
• მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის სფეროში, აგროტექნოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სპეციალიზირებულ ფერმერულ მეურნეობათა საწარმოო ზონების დადგენა და მისი გავრცელების სტიმულირება. ეს საკითხი უმთავრესია. აგრარულ სექტორში მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების საბაზრო ბრუნვის (საკუთრების ბაზარი) მათი საშუალებით შექმნილი დოვლათის წარმოება–რეალიზაციის (პროდუქციისა და მომსახურეობის ბაზარი) ურთიერთდაბალანსებული და პროპორციული განვითარებისათვის;
• სასოფლო–სამეურნეო რესურსების (მიწის სავარგულები, ტყე და ტყისპირები, საძოვრები, ტბები, ტბორები, მდინარეები და ა.შ.) ათვისებისათვის ახალი ტექნოლოგიური პირობების შემუშავება. მნიშვნელოვანია არა მარტო ინტენსიფიკაციის ფაქტორების განვითარება, არამედ ახალი ბუნებრივი, კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე რეალობების გათვალისწინება;
• ფერმერულ საწარმოთა დაფინანსების (დაკრედიტების) თანამედროვე ფორმების პროპაგანდა. ამ მიზნით ბანკებთან კონსულტაციები და ახალი ფინანსური (სადაზღვევო, სავალო ვალდებულებების და სხვ.) ინსტრუმენტების შემუშავება და რეკომენდირება;
• ახალი აგრარული პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში კანონმდებლობის განხილვა და აუცილებელ ცვლილებათა პაკეტის შემუშავება (განსაკუთრებით მიწის, ტყის, ზღვის, მშენებლობასთან დაკავშირებულ კანონებში), აგრეთვე შრომის კანონმდებლობაში აისახოს სოფლად დასაქმებულთა საქმიანობის თავისებურებები;
• სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გადაისინჯოს სასოფლო–სამეურნეო პროდუქიაზე გადასახადების დადგენის წესები და ნორმატივები (ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის, ხორცზე და სხვა პროდუქციაზე იმპორტის გადასახადების). გარდა ამისა, უნდა მოიძებნოს რეზერვი ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირებისათვის, რადგან ეს უკანასკნელი ირიბად ქმნის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სოციალურ პირობებს და ინფრასტრუქტურას;
• მიმდინარე საბაზრო კონიუნქტურის გათვალისწინებით, რამდენიმე (მინიმუმ ორი) აგროსამრეწველო კლასტერის ძირითადი პარამეტრების შემუშავება, მათი მაკროეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, რეალიზაციის მექანიზმების დაპროექტება;
• თანამედროვე აგრარული მეცნიერების მიღწევების პროპაგანდა და განსაკუთრებით, სამამულო მიღწევების გამოცდა და დანერგვის მექანიზმების პრაქტიკაში განხორციელება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს ამჟამად არსებული მსოფლიო აგრარული და სასურსათო კონიუნქტურის არსებითი ცვლილებები, რაც გამოწვეულია მსოფლიო ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ერთიანი სადისტრიბუციო ქსელის შექმნით. შესაბამისად, იცვლება არსებული სპეციალიზაციების ეფექტიანობა, ჩნდება ახალი საბაზრო პირობები და, რაც მთავარია, ახალი ცოდნისა და გამოცდილებათა გამოყენების აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით, როდესაც ინოვაციებს და მომავალზე ორიენტირებულობის პრობლემას განვიხილავთ, ახლებურად უნდა განვიხილოთ ჩვენს განკარგულებაში არსებული რესურსული პოტენციალი. მაგალითად, ჩვენს ალპურ ზონაში არსებული ბალახის საფარი წარმოადგენს მეცხოველეობისათვის საკვების მოპოვების დაუშრეტელ წყაროს. აქ არსებულ ბუნებრივ სათიბებში შესაძლებელია დიდი რაოდენობით თივის დამზადება და მისი რეალიზაცია. რატომღაც დღემდე ამ რესურსს სათანადო სახელმწიფო ყურადღება არ ექცევა. ისიც აღსანიშნავია, რომ ისტორიულად საქართველოში ბალახი განიხილებოდა, როგორც მნიშვნელოვანი სახალხო–სამეურნეო რესურსი და მისდამი დამოკიდებულების ინსტიტუციონალური სისტემა ატარებდა ერთ–ერთ არსებით მნიშვნელობას (სათემო საძოვრები, გადასარეკი გზები, საერთო საძოვრები და ა.შ.).
5.მონეტარული სექტორი
მსოფლიო მონეტარული სისტემის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თვითეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ცენტრალიზებულად ემიტირებული ერთი ფულადი ერთეული, რომელიც შეზღუდვების გარეშე იქნება ნებისმიერ სხვა ფულად ერთეულებზე კონვერტირებული და თავისუფლად გადაირიცხება მსოფლიოს მონეტარული სისტემის ფარგლებში.
თანამედროვე მსოფლიოში ცალკეული ეროვნული ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკურ გარემოში ფუნქციონირების ცენტრალურ და მაინტეგრირებელ რგოლს წარმოადგენს ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემა. ეროვნული ეკონომიკის ფულად–საკრედიტო სისტემა, ერთის მხრივ, არის ქვეყნის მაკროეკონომიკის დამოუკიდებელი შემადგენელი სტრუქტურული ელემენტი, ხოლო, მეორეს მხრივ, იგი არის მსოფლიო მონეტარული სისტემის ნაწილი. იგი სხვა სუვერენულ ქვეყნებთან და ტრანსნაციონალურ ისნსტიტუტებთან ერთად ქმნის მსოფლიო ფინანსურ არქიტექტურას. ქვეყნის ფულად–საკრედიტო სისტემა, როგორც ორმხრივობა იურიდიული დამოუკიდებლობისა, ქვეყნის ფარგლებში არსებული სამეურნეო კავშირების თავისებურებებიდან გამომდინარე, იძენს საკუთარ სისტემურ მახასიათებლებს და ამიტომ წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ სტრუქტურულ ნაწილს. ამგვარად, ისე, როგორც მამა ღმერთი სული წმინდით სახავს თავის ძეს, მაცხოვარს, მსოფლიო მონეტარული სისტემა, მსოფლიო ფინანსური არქიტექტურის მეშვეობით ეროვნული ეკონომიკის წიაღში აყალიბებს ქვეყნის ფულად–საკრედიტო სისტემას. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემა არის როგორც გლობალური ეკონომიკური კანონზომიერებების, ასევე ადგილობრივ ეროვნული ეკონომიკისათვის დამახასიათებელ უნიკალურობის შედეგი და მათი ურთიერთკავშირის განხორციელების სისტემური ელემენტი.
1. საბაზრო ეკონომიკაში ეროვნული ბანკის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. იგი პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე, ინფლაციურ პროცესებზე და ა.შ. საქართველო ინტეგრირებულია მსოფლიოს მონეტარულ სისტემაში. აკმაყოფილებს სსფ–ს მოთხოვნებს: ერთი ფულადი ერთეული, თავისუფალი კონვერტაცია და ფულის თავისუფალი გადარიცხვები, რის საფუძველზეც წარმოქმნილ (შესაძლებელ) საგადამხდელო ბალანსის უარყოფით სალდოს ფარავს სსფ-ი.
2. სსფ მოითხოვს, რომ ცენტრალური ბანკები ყველგან მუშაობდეს მანდელ-ფლემინგის მოდელით. ანუ ანგარიშს უწევდეს იმ გარემოებას, რომ ერთდროულად შეუძლებელია:
• დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის,
• ფულის თავისუფალი ტრანსაქციის და
• ფულის საკუთარი დამოუკიდებელი კურსის განსაზღვრა.
აქედან გამომდინარე, რადგან ფულის თავისუფალი ტრანსაქციის განხორციელება სსფ-ის ყველა წევრის ვალდებულებაა და ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, მისი დარღვევის, ან თავისუფალი ინტერპრეტაციის არავითარი შესაძლებლობა არა აქვს, ეროვნული ბანკი დგას არჩევანის წინაშე, განახორციელოს, დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ან დამოუკიდებლად განსაზღვროს ფულის კურსი, რადგან ორივეს ერთდროულად ვერ განახორციელებს.
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უარი თქვა საკუთარ ფულად–საკრედიტო პოლიტიკაზე და იგი გახდა ქვეყანაში ფულის კურსის მარეგულირებელი ორგანო. პრაქტიკულად იგი არის, მისივე დადგენილი კურსით, დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფულის გადამცვლელი ორგანიზაცია. ამ ფუნქციის შესრულება ისეთ ქვეყანაში, სადაც ფულის მიმოქცევაში დოლარიზაციის დონე 60%–ს აღმატება და ექსპორტ-იმპორტის სალდო მუდმივად უარყოფითია, არც ისე ადვილია.
4. ფორმალურად, მსოფლიოს მონეტარული სისტემა ემყარება აშშ დოლარისა და ევროს საბაზრო თანაფარდობას. ევროპის ცენტრალური ბანკი და აშშ ცენტრალური სარეზერვო სისტემა არ გამოდის ღია ბაზარზე, შესაბამისად, არ რეგულირდება მათი საცვლელი კურსი სხვა ფულადი ერთეულების მიმართ მიმდინარე კონიუნქტურული სიტუაციიდან გამომდინარე. ამიტომ მათ შორის ჩამოყალიბებული თანაფარდობა მაქსიმალურად ობიექტივიზირებულია. მსოფლიოს ფულის ბაზარზე დოლარისა და ევროს ურთიერთმიმართებით შექმნილი გენერალური პროპორცია სახელმძღვანელო ხდება ყველა ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის. ცენტრალური ბანკები გამოდიან ღია ბაზარზე და მიმდინარე კონიუნქტურული მოსაზრებებით არეგულირებენ ეროვნული ფულადი ერთეულის საცვლელი კურსის დინამიკას.
5. ცენტრალური ბანკები, თითქმის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, განვითარებად და სხვა მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყნებში, ფულის კურსის დადგენისას ფართოდ იყენებენ ტარგეტირების (უშუალო სამიზნის გამოკვეთის) მეთოდს. ეს მეთოდი ითვლება, რომ პირველად ახალ ზელანდიაში გამოიყენეს, მაგრამ ეკონომიკურ ლიტერატურაში გავრცელებული აზრის მიუხედავად, მას ვიყენებდით საქართველოში უკვე 1995-1997 წლებში, უფრო ადრე, ვიდრე ახალზელანდიელები მიანიჭებდნენ მას მნიშვნელობას. ამას თავისი მიზეზი ქონდა, მაშინ ლარი მკაცრად იყო მიბმული აშშ დოლართან და ნებისმიერი ცვლილებები სსფ–ის მიერ კონტროლდებოდა. ამიტომ ქართველი ფინანსისტები ცდილობდნენ სხვა ფულადი ერთეულების მიმართ საცვლელი კურსის, მაგალითად ლარისა და თურქმენული მანათის გაცვლითი პარიტეტის დადგენისას ანგარიში გაეწიათ ფაქტიურად არსებული საქონელბრუნვის მოცულობისათვის. ამიტომ თუ დავაკვირდებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის კურსი სხვა ქვეყნების ფულადი ერთეულების მიმართ ყოველთვის არ შეესაბამება მათ კროსკურსს. მაგალითად, აზერბაიჯანის მანათის, რუსული რუბლის, თურქული ლირის და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1995-1997 წლების ქართული ნოუჰაუ დაიკარგა და ტარგეტირების მეთოდის ათვისება 2000 წლისათვის თავიდან მოხდა. სამწუხაროა ის, რომ ჩვენი ფინანსისტები აღნიშნულ მეთოდს იყენებენ ტექნიკურად და არა ფუნდამენტალური ანალიზის საფუძველზე.
6. გარდა ტარგეტირებაში არსებული ხარვეზისა, ეროვნული ბანკი საკმარისად ვერც ფულის მიმოქცევის პროცესს აკონტროლებს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ასპექტი:
• მიმოქცევაში მყოფი ფული არასრულყოფილად არის აგრეგირებული. საქართველოს ეროვნული ბანკი არ (ვერ) გამოყოფს დამოუკიდებლად და, შესაბამისად, ვერ აკონტროლებს ფულად გზავნილებს და მათ ზემოქმედებას ლარის კურსზე. ფული გზაში (ტრანსაქციის მდგომარეობაში მყოფი ფული) და სხვა არასაკრედიტო დაწესებულებათა ფულადი დეპოზიტები გაერთიანებულია M3 აგრეგატში და მისი მოსალოდნელი ზემოქმედება ლარის კურსზე სათანადოდ არ არის გათვალისწინებული.
• ბანკების სადეპოზიტო ბაზის მთელი მოცულობის თითქმის 80% არის ერთთვიანი დეპოზიტები, ანუ მოსახლეობის ხელფასები და მასთან გათანაბრებული ფულადი შემოსავლები, რომლებსაც ბანკები საკუთარი შეხედულებებით იყენებენ, როგორც მოკლევადიან საკრედიტო რესურსს.
7. იმის გამო, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას (საკრედიტო პროცენტის განაკვეთის რეგულირებას ვერ ახდენს), მისი ზემოქმედება ბანკებზე შეზღუდული ხასიათისაა. მის მიერ არ წარმოებს ბანკების საქმიანობის შესწავლა CAMEL-ის კოეფიციენტის საფუძველზე და მხოლოდ გამოიყენება მისი შეკვეცილი ვარიანტი CAEL. ეს კი ნიშნავს, რომ ბანკების მენეჯმენტის ეფექტიანობა მისი ზედამხედველობიდან გამოსულია და მხოლოდ ცალკეული ნორმატივების (კაპიტალის მოცულობა, აქტივების ხარისხი, მომგებიანობა და ლიკვიდობა) კონტროლით შემოიფარგლება.
8. ასეთი სუსტი კონტროლის გამო, ბანკები კლიენტებთან მუშაობენ, როგორც საკრედიტო დაწესებულებები და სარგებლობენ სადეპოზიტო დაწესებულებათათვის არსებული სახელმწიფო პრიველეგიებით. არის შემთხვევები, როდესაც ისინი საკუთარ რესურსს იყენებენ შუამავალი დაწესებულებების (მიკროსაფინანსო ორგანიზაციების) მეშვეობით. ამისა და მე–6 პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო საქართველოში არ არსებობს რეალური საკრედიტო ბაზარი და ასპარეზზე გამოდის სავახშო ურთიერთობები შესაბამისი სოციალური შედეგებით.
9. საქართველოში მოქმედი ბანკების სადამფუძნებლო კაპიტალის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი უმრავლესობა წარმოადგენს კვაზი საშუამავლო საფინანსო დაწესებულებას. ამ მიზეზით მათი საქმიანობის ეფექტიანობის კრიტერიუმები არ ყალიბდება ჩვენს შინა ბაზარზე, ბანკების მენეჯმენტი მოწყვეტილია მათ რეალურ მესაკუთრეთა ინტერესებსაც და გამოავლენს შუამავალი ორგანიზაციის ინტერესებს. შესაბამისად, იქმნება ერთგვარი ლიკვიდურობის ხაფანგი, რაც თავის უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის რეალურ სექტორზე.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს საბანკო სექტორის ტრანსფორმირება გადაუდებელი ამოცანაა. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, მით მალე მივიღებთ სასურველ შედეგს. ტრანსფორმაცია კი უნდა დავიწყოთ ეროვნული ბანკიდან.
მთავარი მახასიათებელი, რითაც ფინანსები ფულისაგან განსხვავდება, არის მისი მესაკუთრისადმი დამოკიდებულება. ფული, როდესაც მისი მესაკუთრის ნების გარეშე იწყებს მოქმედებას, წარმოადგენს ფინანსებს. ადამიანთა ფულადი ვალდებულებები, რომლის განხორციელება არ უკავშირდება მათ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, შეადგენს ფინანსურ სისტემას. ამიტომ, ფინანსური სისტემა არის ეკონომიკური პროცესების განვითარების ფორმა, ფინანსური სისტემის მეშვეობით ხორციელდება ფულადი ურთიერთობები მთელი სამურნეო ციკლის მონაწილე სუბიექტთა შორის. მისი მეშვეობით ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოება, განაწილება და გადანაწილება. მათი მოქმედებისა და წარმოშობის წყაროების მიხედვით ანსხვავებენ ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ფინანსებს. გარდა ამისა, არის უფრო მოქნილი კლასიფიკაციაც, რის მიხედვითაც ანსხვავებენ: სამეწარმეო, საოჯახო მეურნეობების, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ ფინანსებს,
მაკროეკონომიკის განვითარების დონე დამოკიდებულია ქვეყანაში ფინანსური სისტემის ეფექტიანობაზე. თანამედროვე გლობალური მსოფლიო, ეროვნულ ფინანსურ სისტემებს ერთიანი მსოფლიო არქიტექტურის შემადგენელ ელემენტად აქცევს. ამიტომ ისე, როგორც ეროვნული ფულად–საკრედიტო სისტემა, ეროვნული ფინანსური სისტემაც მსოფლიო მონეტარისტული დინამიზმის (ევოლუციის) ფარგლებში უნდა იქნას განხილული. ამ თვალსაზრისით კი ეროვნული ფინანსური სისტემა არის ის მთავარი მარეგულირებელი რგოლი, რომელიც თავისუფალი ბაზრის პირობებში უნარჩუნებს ეკონომიკას თავისთავადობას და საჭიროების შემთხვევაში ანეიტრალებს გლობალური კანონზომიერებების არასასურველ ზემოქმედებას მაკროეკონომიკურ სისტემაზე.
ქვეყნის ფინანსური სისტემის ცენტრალურ რგოლს წარმოადგენს ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიტომ ითვლება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არის ქვეყნის „მთავარი საფინანსო დოკუმენტი (დავთარი)“. საქართველოში ბიუჯეტი და მასთან დაკავშირებული პრობლემების საკითხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს:
• ვულგარიზებულია სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტება;
• პრაქტიკულად არ არსებობს ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების წყაროები;
• არ არის კოორდინირებული საბიუჯეტო და საგადასახადო კოდექსები;
• ორგანული კანონი ბიუჯეტის შესახებ წარმოადგენს დისციპლინარული საზოგადოების სადამსჯელო სისტემის შემადგენელ ნაწილს;
• სახელმწიფო ბიუჯეტთან მიბმულია და არ გამოცალკევდება საპენსიო უზრუნველყოფის წყაროები და მოსახლეობის სოციალური დაცვის პრობლემები;
• ცალკეულ შემთხვევებში საბაზრო მონოპოლიურ წარმონაქმნთა შექმნის პირდაპირი წყაროა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი ორგანიზაცია და საერთოდ, ქვეყანაში ბიუჯეტირების პროცესისადმი ზერელე დამოკიდებულების შედეგია ადგილობრივი საინვესტიციო რესურსების არაეფექტური ხარჯვა და კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობა. ამ სფეროში ტრანსფორმაციები შედარებით ადვილად განხორციელებადია, მაგრამ სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება დროს და ენერგიას ხელიდან უშვებს და ვერ აღწევს შესამჩნევ შედეგებს.
6. შრომა და სოციალური დაცვა
შრომისა და სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის აუცილებელი პირობაა მისი რეფორმირება. მაგრამ რეფორმაზე, რომელიც გულისხმობს ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობათა შექმნა-ჩამოყალიბებას, მნიშვნელოვანია ამ სისტემათა ტრანსფორმაცია, რაც გულისხმობს მათ მიზანდასახულებათა ცვლილებებს. ამგვარად, მნიშვნელოვანია მართვის არსებული ფორმების ჩანაცვლება თანამედროვე სიტუაციისათვის ადეკვატური ფორმებით (რეფორმა), მაგრამ უფრო არსებითია ამ სისტემათა წინაშე სწორი მიზნობრივი ამოცანების დასახვა და ისეთი კადრების შერჩევა, რომელნიც თვით იქნებიან ამ ახალ მიზანდასახულებათა მატარებლები.
ღია ეკონომიკური სისტემისათვის დამახასიათებელია კაპიტალის, ფულისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება დღევანდელ მსოფლიოში, ამიტომ შრომისა და სოციალური დაცვის საკითხების განხილვა უნდა განხორციელდეს მიმდინარე გლობალური კანონზომიერებების საფუძველზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ვიხელმძღვანელოთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ნორმატივებით. ასევე, სოციალური დაცვის სფეროში დავეყრდნოთ მდიდარ საერთაშორისო გამოცდილებას.
ადამიანური და სოციალური კაპიტალის დინამიზმი, ნებისმიერ ქვეყანაში ემყარება განვითარების ადგილობრივ თავისებურებებს და შესაძლებლობებს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შეზღუდული რაოდენობის რესურსებთან, რომლებიც შეიძლება ალტერნატიურად იქნას გამოყენებული. ამიტომ არჩევანი, რომელსაც გავაკეთებთ სამუშაო ძალის განვითარების, შრომის დაზღვევისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით, მთლიანად უნდა ემყარებოდეს ქვეყნის შესაძლებლობებს და განვითარების კანონზომიერებებს. რადგან ეს სფერო არ არის შეუმოწმებელი ლოგიკური კონსტრუქციების აპრობაციის ადგილი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას ადგილობრივი ბაზრის განვითარების შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
გამომდინარე ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდოლოგიური პირობებიდან, აგრეთვე იმ უდავო ზნეობრივი პრინციპიდან, რომ, ერთის მხრივ, შრომის ორგანიზაციისა და დაზღვევის, ხოლო მეორეს მხრივ, მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხები სრულიად განსხვავებულ მორალურ იმპერატივებს ემყარება, შრომითი პენსია – სამართლიანობას, ხოლო სოციალური -საზოგადოების გულმოწყალეობას, საჭიროა ინსტიტუციურად, მკვეთრად გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან შრომის დაზღვევისა და სოციალური სერვისების პრობლემატიკა. მათი შესწავლის, რეალიზაციის ფორმებისა და ამ სფეროებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პრაქტიკა.
ასეთი გარდაქმნები გულისხმობს მოსამზადებელ პერიოდს, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს დღეს არსებულ ინსტიტუციურ ბაზაზე იმ ვარაუდით, რომ მომავალი წლისთვის მომზადდეს სრული საკანონმდებლო და ნორმატიული პაკეტი, შეირჩეს კადრები და დამუშავდეს ახალი ინსტიტუტების ფუნქციონირების მექანიზმები.
შრომითი ურთიერთობების თანამედროვე დონეზე მოწესრიგების აუცილებლობა მოითხოვს ამ სფეროში მკაფიოდ გამოკვეთილ და გასაგებ პოლიტიკას. მნიშვნელოვანია, შრომითი ურთიერთობების საკითხებში გამოვლინდეს ქვეყანაში არსებული კულტურულ-ისტორიული თავისებურებები, რომლებიც უნდა მოვიყვანოთ გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. ჩვენთანაც პრაქტიკული გამოყენება უნდა ქონდეს შსო-ს ისეთ ფუნდამენტალური მნიშვნელობის ნორმატივებს, როგორიცაა: 1700–საათიანი სამუშაო წელიწადი, ნორმალური სამუშაო დღე (ამ უკანასკნელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულთა აღრიცხვისა და სამუშაო ადგილების განსაზღვრის საქმეში), შრომის მინიმალური ანაზღაურება, საყოველთაო დასვენების დღეების რაოდენობა და ა.შ. ამ თვალსაზრისით, მთავრობის ფუნქციონალურმა წარმომადგენელმა (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) ხელისუფლების სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად უნდა შეიმუშაოს დასაქმების ხელშეწყობის სისტემა (სამუშაო ძალის მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, შრომის ტრამვატიზმისგან დაცვა და ა.შ.). რომლის ერთ-ერთ განმსაზღვრელ შემადგენელსაც უნდა წარმოადგენდეს სამუშაო ძალის შრომის დაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკა და მისი განხორციელების მექანიზმები.
შრომის დაზღვევის უმთავრეს და საყოველთაოდ აპრობირებულ ფორმას წარმოადგენს საპენსიო ფონდი (ფონდები). როგორც ზემოთ შევნიშნეთ, საქართველოშიც დგება დრო, შეიქმნას (გამოცალკევდეს სოციალური სერვისების სისტემიდან) საპენსიო ფონდი. ამასთან, არსებული ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, შეიქმნას ერთიანი არასაბიუჯეტო სახელმწიფო საპენსიო ფონდი (შემდგომში: საპენსიო ფონდი).
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდი უნდა წარმოადგენდეს მძლავრ ფინანსურ შუამავალს სახელმწიფოს, დასაქმებულებსა და სამეწარმეო სფეროს შორის. მას კანონიერად უნდა ქონდეს უფლება:
• სხვისი აქტივები (საბიუჯეტო ტრანსფერები და დასაქმებულთა ნებაყოფლობითი შენატანები) თავის საბუღალტრო ანგარიშებში აღრიცხოს, როგორც პასივები;
• აწარმოოს თითოეული კლიენტის ანგარიშები დამოუკიდებლად (ჟირო ანგარიშები) და განკარგოს საკუთარი შეხედულებით;
• თითოეული კლიენტის ანგარიშზე აკუმულირებულ სახსრებს დაარიცხოს საპროცენტო სარგებელი, რომელიც მეტი იქნება ბანკის საშუალო სადეპოზიტო პროცენტზე და ნაკლები – საკრედიტო პროცენტზე.
საპენსიო ფონდი იმოქმედებს შრომის, ფულისა და კაპიტალის ბაზრის მაკროეკონომიკურ გარემოში. ქვეყნის ფინანსური (საბანკო და საბიუჯეტო) სისტემა, სადაც მოქმედი ფინანსური ინსტრუმენტები (სახელმწიფო სავალო ვალდებულებები, ფულის მიმოქცევის საბანკო სისტემა) და ინსტიტუტები (საგადასახადო სამსახური, ფულის გზავნილებათა სისტემა) წარმოადგენენ ამ ფონდის ფუნქციონირების პირობებს. აქედან გამომდინარე, ფონდი გახდება ქვეყნის ერთიანი ბაზრის ერთ–ერთი მძლავრი ინტეგრატორი და როგორც საშინაო საბაზრო მექანიზმი, უზრუნველყოფს სათანადო (უარყოფით) უკუკავშირს, რათა სასურველი მიმართულება მიანიჭოს გლობალური ბაზრის ზემოქმედებას ჩვენი ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე.
საპენსიო ფონდის ერთიანი სახელმწიფო სოციალური სერვისის სისტემიდან გამოცალკევების საერთო მეთოდოლოგიურ მიზეზები უკვე განვიხილეთ, მაგრამ მისი შექმნის უშუალო მიზეზებად შემდეგი გარემოებები გვევლინება:
• შრომის, როგორც ქვეყნის უმთავრესი ფასეულობის დაზღვევის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის (ფინანსური მექანიზმის) არსებობის აუცილებლობა;
• შრომითი საქმიანობის დაზღვევისა და სოციალური დაცვის უზრუნველმყოფი ფინანსური სისტემებისა და მექანიზმების ურთიერთშეუთავსებლობა:
• სადაზღვევო ბაზრის განვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გლობალურ გარემოში გართულებული აქტუალურ სიტუაციაში ქვეყანაში მოქმედი შრომის ნორმატული ბაზის სრულყოფის აუცილებლობა და ამ სფეროში მოქმედ სპეციალისტთა პროფესიული დაოსტატების აუცილებლობა.
საპენსიო ფონდის წყაროს უნდა შეადგენდეს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების პროპორციულად გამოთვლილი სავალდებულო საპენსიო გადასახადი, რომლის განაკვეთის სიდიდისა და მობილიზაციის წესებს დაადგენს ქვეყნის პარლამენტი და დასაქმებულთა ნებაყოფლობითი სისტემატური შენატანები, რომლის ოდენობაც განისაზღვრება დასაზღვევ სუბიექტსა და ფონდს შორის ურთიერთობით.
საპენსიო ფონდი უნდა ფუნქციონირებდეს სამსვეტიანი სისტემით:
• ხარჯვითი სისტემის (პირველი სვეტი) მეთოდით, ახორციელებდეს მთელი საპენსიო ასაკის მოსახლეობის საყოველთაო საპენსიო უზრუნველყოფას, რომლის წყაროც იქნება სავალდებულო საპენსიო გადასახადი:
• ნებაყოფლობითი, დაგროვებითი სისტემის (მეორე სვეტი) საფუძველზე ახორციელებდეს საპენსიო შენატანის ეფექტურ მომსახურეობას, რომლის წყაროც იქნება ნებაყოფლობითი საპენსიო შენატანები;
• შერეული სისიტემა (დაგროვებითი და ხარჯვითი სისტემა ერთდროულად), რომლის წყაროც იქნება საპენსიო გადასახადი და ნებაყოფლობითი შენატანი.
ამგვარად ორგანიზებული საპენსიო ფონდი იქნება ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გამაჯანსაღებელი მთავარი ფაქტორი. მისი მოქმედება კაპიტალის ბაზარზე (დაცული ქაღალდების ბაზარი, ბიუჯეტის დეფიციტის შემავსებელი წყარო, ფულის მიმოქცევის დაჩქარება) განაპირობებს საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურებას.
საპენსიო ფონდი, მისი ორგანიზაცია ხარჯვითი და დაგროებითი სისტემების საფუძველზე, გახდება გარანტი საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებისა და მთელ რიგ დარგებში (მშენებლობა, სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესი და ა.შ.) გამოავლენს და საბიუჯეტო ბრუნვაში მოაქცევს ამჟამად არსებულ ჩრდილოვან შემოსავლებს. ე.ი. ხელს შეუწყობს ხელფასების ზრდას და შრომის ბაზრის გამჭვირვალეობას.
საპენსიო ფონდის ხარჯვითი სისტემის წყარო უნდა იყოს სავალდებულო საპენსიო გადასახადი. ამ გადასახადის აკუმულაციის შედეგად მიღებული სახსრების მოცულობა დღეისათვის უნდა ფარავდეს საპენსიო გასაცემელთა სიდიდეს. ამჟამად საქართველოში გაუქმებულია საპენსიო გადასახადი, შესაბამისად, 682 900 პენსიონერს ბიუჯეტიდან საპენსიო სარგოს სახით გამოეყოფა 1 146 700 ლარი. ეს სიდიდე არ წარმოადგენს ზღვარს, რადგან მთავრობა გეგმავს პენსიების ზრდას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საპენსიო გადასახადი არ უნდა ზრდიდეს ქვეყანაში საგადასახადო ტვირთს და არც უნდა ართულებდეს გადასახადების მობილიზაციის არსებულ სისტემას. დღეისათვის ოპტიმალურად მიგვაჩნია საპენსიო გადასახადი შეიქმნას საშემოსავლო და მოგების გადასახადების შემცირების ხარჯზე. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის 10%–ის და მოგების გადასახადის 5%–ის გადანაწილებით შეიქმნას ახალი საპენსიო გადასახადი (გვესმის, რომ საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის მობილიზაციის მექანიზმები განსხვავებულია, ვადებიც არ ემთხვევა, მაგრამ საბუღალტრო ანგარიშთა ანალიზით სხვადასხვა სფეროებში შესაძლებელია გამოინახოს ოპტიმალური ვარიანტი).

Comments are closed