globalresearch.ge

იოსებ არჩვაძე – ეკონომიკური ზრდის ზოგიერთი ასპექტი 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგდროინდელ საქართველოში

Posted by Globalresearch on Jun 20th, 2013 and filed under კონფერენციები, სემინარები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

საქართველო თავისი განვითარების დონით მსოფლიო საშუალოდ განვითარებული ქვეყნების ქვედა ჯგუფში იმყოფება.

გაეროს განვითარების პროგრამის ბოლო შეფასებით, მსოფლიოს 186 ქვეყნის მიხედვით მას თავისი ეკონომიკური განვითარების დონით მხოლოდ 109-ე ადგილი უკავია. ეკონომიკის სისტემური ტრანსფორმაციისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გადატანილი საომარი მოქმედებებისა და კონფლიქტების გამო საქართველოს ჯერაც არა აქვს მიღწეული მთლიანი შიდა პროდუქტის პიკური, 1988 წლის დონე.
ამჟამად მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში იწარმოება მთლიანი შიდა პროდუქტის მსოფლიო საშუალო დონის 30 პროცენტი – ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსით და დაახლოებით 50 პროცენტი – ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის მიხედვით.საქართველო ეკონომიკური განვითარების დონით 1990 წლისთვის მაშინდელი საბჭოთა კავშირის თითქმის საშუალო დონეზე იმყოფებოდა (98%), 2012 წლისთვის კი მისი დონე იმავე გეოპოლიტიკური სივრცის მიხედვით (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) შემცირდა 37 პროცენტამდე (ვალუტის ოფიციალური კურსით) და 45 პროცენტამდე (ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობით).

2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული პოლიტიკური ძალა ქვეყნის განვითარებას უკავშირებდა მართვის ავტორიტარულ სტილსა და ბიზნესისადმი პირდაპირ დირექტივებს – თუ სად, რამდენი და როგორი ინვესტიციები განეხორციელებინა.

ავტორიტარულმა მართვამ თავდაპირველად დადებითი შედეგი გამოიღო ქვეყნის ინსტიტუტების ფორმირებასა და საგადასახადო რესურსების მობილიზებაში. თუმცა, დროთა განმავლობაში მომძლავრებულმა ავტორიტარიზმმა კვლავ დააკნინა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების როლი და ეფექტურობა, ხოლო ბიზნესს, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესს, თავისუფალი მანევრის რესურსი უკიდურესად შეუზღუდა. მისი დიდი ნაწილი მმართველმა ძალამ ან დაიმორჩილა, ან გადაიფორმა და კონტროლირებად, ხაზგასმით ლოიალურ სამეურნეო სუბიექტებად აქცია. საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი რეჟიმი სერიოზულად განიხილავდა მცირე ბიზნესის, გლეხური მეურნეობების საქმიანობაში სახელმწიფოს მასშტაბური ჩარევის ვარიანტებსაც.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბიზნესის პოლიტიკური წნეხისაგან განთავისუფლებისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციისთვის. მნიშვნელოვნად შემცირდა საჯარიმო (ხშირად დრაკონული, უზომო, ეკონომიკურად დაუსაბუთებელი, რეპრესიული) სანქციები. მაგალითად, 1 ოქტომბრამდე არსებულთან შედარებით ჯარიმების ზომა შემცირდა: საგადასახადო დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის – 4-ჯერ, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისათვის – 2.5-ჯერ,სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას – 2-ჯერ, საქონლის წარდგენის/დეკლარირების ვადა ან სატრანსპორტო საშუალებისგამოცხადების ვადის დარღვევისთვის მაქსიმალური ზღვარის ზომა – 1/3-ით, ხოლო ყოველ დაგვიანებულ დღეზე -2-ჯერ; საურავის ოდენობა შემცირდა 0,07%-დან 0,06%-მდე. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ვადა, გაიზარდა ერთიდან სამ წლამდე. მიწაზე ქონების გადასახადისწლიური საბაზისო ოდენობა, მთავრობის დადგენილების ნაცვლად, განისაზღვრა კანონით. მიღებულ იქნა აგრეთვე სხვა ზომებიც სამეწარმეო საქმიანობის, მათ შორის საქმიანობის ცალკეული სახეობებისა და იმპორტის წახალისებისათვის.

მნიშვნელოვანი შეღავათები მიიღო მოსახლეობამ კომუნალური ტარიფების გაიაფებით. – საშუალო მომხმარებელზე გაანგარიშებით, დენის ტარიფი შემცირდა 15,9 პროცენტით, ბუნებრივი აირის ტარიფი – თითქმის 10 პროცენტით. აღნიშნული ღონისძიებების საქართველოს მოსახლეობას წელზე გაანგარიშებით დაეზოგება 150 მილიონ ლარზე მეტი. ეს იმ პირობებში, როდესაც მაგალითად, საქართველოში მოქმედი დენის ტარიფი შეადგენსსაშუალო ევროპულის (ევროკავშირის 27 ქვეყნის) მხოლოდ 33%-ს, მათ შორის ევროკავშირის დენის ყველაზე იაფი ტარიფის მქონე ქვეყნის – ბულგარეთის მაჩვენებლის ¾-ზე ნაკლებს.

2012 წლის 27 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც 6000 ლარამდე წლიური ხელფასის მქონეთა შემოსავლებიდან 1800 ლარი (თვეზე გაანგარიშებით, შესაბამისად, 500 ლარი და 150 ლარი) თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადიდან. – ყოველთვიურად დაზოგილი თანხა (150 ლარის 20%) ფიზიკურ პირებს ერთიანად დაუბრუნდებათ მომავალი წლის 1 აპრილიდან. ამ თანხის წლიური მოცულობა გადააჭარბებს 110 მილიონ ლარს.

2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მარტო სოციალურ დაცვაზე გაღებული ხარჯების მოცულობა წინა წელთან შედარებით თითქმის 14 პროცენტით იზრდება (1848.6 მლნ. ლარი), მაშინ როდესაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების ზრდა მხოლოდ 4.8 პროცენტითაა გათვალისწინებული. 2013 წლისთავს მთელი საბიუჯეტო ხარჯების 42.4 პროცენტი პირდაპირი სოციალური დანიშნულებისაა (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა). – ეს 8.0 პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე 2009 წელს და 2.4 პროცენტული პუნქტით მეტი, ვიდრე 2012 წელს.

ყოველივე ამის საფუძველზე, ბოლო თვეებში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადგილი ჰქონდა საგულისხმო მოვლენას: ფულადი ერთეულის მსყიდველობითუნარიანობა დაბალშემოსავლიან და პენსიონერ მოსახლეობასუფრო მეტად გაეზარდა, ვიდრე მაღალშემოსავლიანებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობისათვის ინფლაციის მაჩვენებელი უფრო დაბალი აღმოჩნდა, ხოლო დეფლაციურ თვეებში ფასების საერთო დონე – უფრო მეტად შემცირებული. აქამდე ცალსახად პირიქით იყო: წლიდან წლამდე ფასების ზრდის ტვირთის დიდი ნაწილი სწორედ დაბალშემოსავლიანებზე გადადიოდა. – მათთვის იმ საქონლის ფასები, რომელთა შეძენაზეც ხარჯების წილი განსაკუთრებით დიდი იყო (სურსათი, კომუნალური ხარჯები, etc.), ინფლაციის ოფიციალურ მაჩვენებელთან შედარებით უფრო სწრაფად და საგრძნობლად იზრდებოდა. 2012 წლისთვის 2000 წელთან შედარებით ინფლაციამ პენსიონერებისათვის 125 პროცენტი შეადგინა, დანარჩენი კატეგორიის მოსახლეობისათვის კი – მხოლოდ 92 პროცენტი.

ამასთან, საქართველოს პოლიტიკურ, სამართლებრივ და სოციალურ სფეროში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები ჯერჯერობით ადექვატურად ვერ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში. – 2013 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ, წინასწარი შეფასებით, მხოლოდ 2.4 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლის პირველი კვარტალის ზრდის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია (2012 წ. პირველ კვარტალში – 6.7%). უკუსვლა შეინიშნება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმის შესრულებაშიც. – 2013 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36 მილიონი ლარით ნაკლები იყო. მოგების გადასახადი -14 მილიონი ლარით ნაკლები იქნა მობილიზებული, დღგ – 10 მილიონით. ეს იმ პირობებში, როდესაც 2013 წელს წინა წელთან შედარებით დაგეგმილია მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების ზრდა 620 მილიონი ლარით, მათ შორის მოგების გადასახადის – 80 მლნ. ლარით და დამატებული ღირებულების გადასახადის – 332 მლნ. ლარით. მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა აპრილშიც. უფრო მეტიც, 2013 წლის აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით ბიუჯეტში 6 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი იქნა მობილიზებული.

ანალოგიური მდგომარეობაა საბანკო-მონეტარულ სფეროში. – მიუხედავად ოდნავი გამოცოცხლებისა აპრილში, წინა თვეებთან შედარებით, ბოლო (- 2013 წლის 30 აპრილის) მონაცემებით, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის მოცულობა, ისევე როგორც სარეზერვო ფული, აგრეთვე მონეტარული აგრეგატები M1 და M2, საგრძნობლად ჩამორჩებიან როგორც წინასაარჩევნო, ისე გასული, 2012 წლის ბოლოს დროინდელ პარამეტრებს. – საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტო ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის მასა 2013 წლის 30 აპრილის მდგომარეობით დაახლოებით 200 მილიონი ლარით ჩამორჩებოდა 2012 წლის სექტემბრის ბოლოს მაჩვენებელს და 113 მილიონი ლარით – 2012 წლის ბოლოს მაჩვენებელს.

რა ფაქტორებმა განაპირობეს აღნიშნული გარემოება?

აქ არა ერთ, არამედ რამდენიმე გარემოებაზე შეიძლება საუბარი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ნ. ხადურმა განაცხადა, გასულ წელს არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით ბიზნესის მიერ წინსწრების რეჟიმში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 1.5 მილიარდი ლარი, ანუ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მეოთხედი. წინსწრებ რეჟიმში მობილიზებული შარშანდელი გადასახადები წლევანდელ მაჩვენებლების მნიშვნელობას აფერმკრთალებს, ამცირებს მათთან თანაფარდობის მნიშვნელობას, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში მობილიზებული სახსრების ზრდის ტემპი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება, რაც პოზიტიურად იმოქმედებს როგორც ბიუჯეტის შემოსავლების გეგმის შესრულებაზე, ისე ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლებაზე.

როგორც წესი, დიდი სისტემური და ინსტიტუციური ცვლილებების, ხელისუფლების შეცვლის, ახალი ორიენტირების, ხედვების, ფასეულობათა სისტემის ცვლილების მომდევნო პერიოდში ადგილი აქვს ეკონომიკური ზრდის საგრძნობ შენელებას და რეცესიას. ასე იყო მაგალითად, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2004 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის განახევრდა (2003წ. – 11.1%; 2004 წ. – 5.9%). უფრო გლობალურად თუ შევხედავთ, „მეგადონეზე“ ანალოგიურ ვარდნას ადგილი ჰქონდა 1990-იანი წლების დასაწყისში საბაზრო ეკონომიკაზე გადასულ აბსოლუტურად ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში. მაშინ იმ ტრანსფორმაციის ისტორიული ფასი პოსტსაბჭოთა სივრცეში მშპ-ის დაახლოებით 40-პროცენტიანი (საქართველოში – 76%-იანი), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი – 23-პროცენტიანი ვარდნა იყო.

2012 წლის ოქტომბრამდე თითქმის ცხრა წლის მანძილზე საქართველოში ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ობიექტურ ეკონომიკურ კანონებზე მეტად ავტორიტარული მეთოდებით იმართებოდა. ამ პერიოდში საკუთრების უფლება ფაქტობრივად აბსოლუტურიდან შეფარდებით კატეგორიად იქცა, ხოლო თავად ბიზნესი, მმართველი პოლიტიკური ძალისადმი სავალდებულო პერიოდული ფინანსური მხარდაჭერისა და ლოიალობის მოთხოვნის გამო ფაქტობრივად, „პრობაციონერის“ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩაყენებული. შეიძლება ვთქვათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით საქართველოში ბიზნესის ამგვარი „პრობაციონერობა“ დასრულდა.

მაგრამ ამ დროისათვის პოლიტიკური ზეწოლისაგან გათავისუფლებული ბიზნესი აღმოჩნდა, თუ მასალათმცოდნეობაში გამოყენებული ტერმინით (- ლითონის გადაღლა) ვისარგებლებთ, გადაღლილ მდგომარეობაში, რაც ნიშნავს დაზიანებათა თანდათანობითი დაგროვებას ცვლადი ან ციკლური დაძაბულობის შედეგად. ხელისუფლების პრესინგისა და კონტროლისაგან განთავისუფლებული ბიზნესი დღეს არა მარტო დე-ფაქტო თავისუფალია, არამედ ერთდროულად იმყოფება პოლიტიკური ზეწოლისაგან განთავისუფლების შემდეგდროინდელ „დასვენების“, თავისი საქმიანობის მასშტაბისა და პროფილის განსაზღვრისა და საქმიანი პარტნიორების შერჩევის არც თუ მარტივ პროცესშიც.

დროის მასშტაბში კი არჩევანის თავისუფლება პოლიტიკური ზეწოლისაგან გათავისუფლების საწყის პერიოდში ეკონომიკური ზრდის შენელებას უწყობს ხელს. ბიზნესს პოლიტიკური ზეწოლის გარეშე სჭირდება თვითორიენტაცია და საკუთარი ადგილის დამკვიდრება, ამიტომაც მისი განთავისუფლების შემდეგ მოსალოდნელი იყო და ფაქტობრივად მივიღეთ შედეგი, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული რეცესიის ნიშნები აქვს.

ეკონომიკური ზრდის შენელების სხვა ობიექტური საფუძვლებიდან აღსანიშნავია ის, რომ ბიზნეს-სექტორის მთლიანი ბრუნვის 84 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის (შესაბამისად, საშუალო და წვრილ ბიზნესზე – მხოლოდ 16 პროცენტი, რაც ოთხჯერ დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით). მაგრამ მსხვილი ბიზნესი, ერთი-ორი „დისიდენტი“ ბიზნესმენის გარდა, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როგორც წესი, აფილირებული იყო მმართველ პოლიტიკურ ძალასთან. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და ქვეყანაში დაწყებული სამართლიანობის აღდგენის, წინა წლებში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნის პირობებში ლოგიკურია, რომ მსხვილი ბიზნესი ზედმეტი აქტიურობით არ/ვერ გამოირჩევა. დღევანდელი მსხვილი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთად „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში და/ან ამ პოლიტიკური ძალის ხელშეწყობით იქცა. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის კომპანიას ასეთი ბიზნესის მფლობელები გარკვეულწილად საკუთარი ბიზნეს-ინტერესებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოებად მიიჩნევენ. ამის გამო ასეთი ბიზნესი არა იმდენად მოპოვებული თავისუფლების „ტკბობის“, რამდენადაც „დალოდების რეჟიმში“ იმყოფება. – როგორი იქნება სამართლიანობის აღდგენის მასშტაბები, მოხდება თუ არა ძველ მესაკუთრეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რესტიტუცია და ა.შ[1].

გაურკვევლობა კი საკუთრებისა და ბიზნესის სფეროში ეკონომიკური ზრდის მოკავშირე ნამდვილად არაა.

ეს კარგად ჩანს საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებლებიდან. 2013 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 5.7 პროცენტით, მათ შორის მსხვილი საწარმოების ბრუნვა – 4.3 პროცენტით, საშუალო საწარმოებისა – 6.2 პროცენტით და წვრილი საწარმოებისა – 17.9 პროცენტით. წვრილი წარმოების მატების ტემპი ოთხჯერ და მეტად აღემატებოდა მსხვილი წარმოების მატების ტემპს.წვრილი წარმოების წინაშე ფაქტობრივად არ დგას ის ზემოხსენებული პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს დადგა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე. შედეგად, რაც უფრო მცირე ზომისაა საწარმო, მით უფრო ნაკლები ალბათობით ემუქრება მას რესტიტუციის საფრთხე, გაურკვევლობა ამიტომ მეტი მოტივაციით და შედეგიანად საქმიანობს ის (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი გავლენა მოახდინა უკვე ნახსენებმა საგადასახადო შეღავათებმა და რეპრესიული სანქციების გაუქმებამ). მოგების (-5.1%-ით) და დღგ-ის (-1.5%-ით) მოცულობის შემცირება წელს პირველ კვარტალში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეიძლება მნიშვნელოვანწილად დავუკავშიროთ მსხვილი ბიზნესის ჭოჭმანს და მოლოდინს, ხოლო იმავე პერიოდში საშემოსავლო გადასახადის ზრდა (19%-ით) – ხელფასების მატებასთან ერთად, მცირე ბიზნესის უპირატეს ზრდას და საკანონმდებლო, საგადასახადო ლიბერალიზმს, რითაც ყველაზე სრულად ინდმეწარმეებმა ისარგებლეს.

ცალკეული ბიზნესის (მსხვილი ბიზნესის!) ხანგრძლივი დროის განმავლობაში იძულება, მოიქცეს ხელისუფლების შემოთავაზებული სცენარით, „ნებაყოფლობით“ დააფინანსოს ამა თუ იმ ობიექტის მშენებლობა, „შეეწიოს“ მმართველ ძალას, ნიშნავს არა მარტო ბიზნესის დე-ფაქტო არათავისუფლებას, არამედ იწვევს რესურსების უყაირათოდ გამოყენებას და ამ უკანასკნელთა გამოყენების კუთხით იძენს ეკონომიკური გადახურების ნიშნებს[2].

და კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც ეკონომიკური ზრდის ტემპებმა იკლო.

სოციალური და ეკონომიკურ სფეროში სახსრების დაბანდებას განსხვავებული ეკონომიკური, მულტიპლიკაციური ეფექტი აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ერთი მილიონი ლარი, რომელიც იხარჯება გზის ან თუნდაც შადრევანის მშენებლობაზე, ქმნის მეტ სამუშაო ადგილს, აყალიბებს მეტ საგადასახადო რესურსს და მთლიანობაში, მეტ მოთხოვნას სამომხმარებლო ბაზარზე, ვიდრე იგივე მოცულობის ხელფასი ან პენსია. ამიტომ ეკონომიკური ზრდის ერთერთი ქმედითი რეცეპტი ხარჯვის სტიმულირებაა. რაც მეტს ხარჯავს სახელმწიფო და მოსახლეობა, მით მეტია ეკონომიკური აქტიურობა და მით მეტია ეკონომიკური ზრდაც.

მოსახლეობის სოციალური დაცვის, მოსახლეობის ზრუნვის საბაბით ბოლო პერიოდში:

ა) მოვახდინეთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კონვერსია სოციალური ბლოკის ხარჯების სასარგებლოდ. ზემოხსენებული სოციალური ხარჯების ზრდის პარალელურად, 2013 წელს ეკონომიკური დანიშნულების საბიუჯეტო ხარჯები მცირდება წინა წელთან შედარებით (55 მლნ. ლარით, ანუ 5.4%-ით);

ბ) ვამცირებთ ტარიფებს ცალკეულ კომუნალურ ხარჯებზე. – ზემოთ უკვე აღინიშნა, თუ რა ზომის შეღავათი მიიღო მოსახლეობამ ტარიფების შემცირებით.

ანუ მაკროეკონომიკური კუთხით, ხარჯების და ამის საფუძველზე ეკონომიკური ზრდის წახალისების ნაცვლად ჩვენ მოვახდინეთ ხარჯების შეზღუდვის, ანუ ეკონომიკური ზრდის შეზღუდვის წახალისება.

გასაგებია, რომ საზოგადოებას სჭირდებოდა გარკვეული მორალური კომპენსაცია იმ შეზღუდვებისა და ეკონომიკური სიდუხჭირის შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანმა მმართველობამ მოიტანა. თუმცა ხშირად ეკონომიკური მიზანშეწონილობა და პოპულისტური ნაბიჯები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არიან და ამ დროს ხელისუფლებამ უნდა შეძლოს დროებით არაპოპულარული, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ასეთი რამის განხორციელება კი შეუძლია მმართველ ძალას თუ იგი:

ა) ფლობს ლეგიტიმაციის საკმაოდ მაღალ ხარისხს:

ბ) კომპეტენტურია:

გ) არ საჭიროებს გარკვეულ რევერანსებს ცალკეული ენდოგენური თუ ეგზოგენური პოლიტიკური ძალებისადმი.

კოჰაბიტაციის რეჟიმში ჩაყენებულ „ქართული ოცნებით“ დაკომპლექტებულ ხელისუფლებას ბოლომდე ჯერ არ დაუსრულებია თვითდამკვიდრების პროცესი, ამიტომ იგი ბოლომდე ვერ გათავისუფლებულა პოპულისტური გადაწყვეტილებებისაგან, ისევე როგორც იგი რჩება თავისი წინასაარჩევნო დაპირებები მძევლად. მაგალითად, ეკონომიკური ზრდის კონტექსტში გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლების სტრატეგია უნდა იყოს ზრუნვა შემოსავლების ზრდაზე და არა ტარიფების შემცირებაზე. დღეს მოქმედი ტარიფი და სატარიფო პოლიტიკა უბიძგებს საზოგადოებას და ოჯახებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოიხმარონ. მაგრამ თუ გვინდა ეკონომიკური აღმავლობა და ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები _ პირიქით, ისეთი მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ ადამიანს გაუჩნდეს დამატებითი სტიმულები მეტის დასახარჯად. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ ხარჯების სტიმულირება და თუ საჭირო გახდა, პროვოცირებაც (ამ სიტყვის კარგი გაგებით) უნდა მოახდინოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევა უაღრესად გაძნელებული იქნება…

2013 წლის ივნისი

[1] მოარული ხმებით, დაბალი ეკონომიკური აქტიურობა წლის დასაწყის პერიოდში მნიშვნელოვანწილად უკავშირდებოდა მმართველი ძალის მიერ ტენდერების გამოცხადებისა და ჩატარების შეგნებულად გადავადებას იმ დილემის დასაძლევად, თავიდან ასაცილებლად, რაც გამოიხატებოდა ტენდერებში წარმატების მისაღწევად ყველაზე მაღალი შანსის მქონე იმ ფირმების მონაწილეობაში, რომლებიც „ტრადიციულად“ იმარჯვებდნენ ბოლო წლებში ანალოგიურ ტენდერებში – სხვებთან შედარებით უკეთ უზრუნველყოფილი ორგანიზაციული და ფინანსური რესურსების წყალობით – და რომელთა უკანაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტიური მხარდამჭერები მოიაზრებოდნენ…

[2] ეკონომიკის გადახურება – ეს ისეთი სიტუაციაა, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს თითქმის მთლიანად ეწირება სახელმწიფო და კერძო სექტორის რესურსები, შედეგად, დგება მომენტი, რომლის მიღმაც მყარი ეკონომიკური ზრდა შეუძლებელია და ხდება ეკონომიკური ზრდის პროცესის ჩანაცვლება რეცესიით.

Comments are closed