globalresearch.ge

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი ასპექტის შესახებ

Posted by Globalresearch on Jun 26th, 2014 and filed under კონფერენციები, სემინარები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი ასპექტის შესახებ„გლობალური კვლევების ცენტრმა“ ა.წ. მარტიდან მაისამდე გამართა რამდენიმე საექსპერტო შეხვედრა და კონფერენცია. ჩვენი საექსპერტო დასკვნა უკვე მაისში იყო მზად, მაგრამ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე არ მივიჩნიეთ მისი გამოქვეყნება მიზანშეწონილად, რათა თავიდან აგვეცილებინა წინასაარჩევნო დაპირისპირებებში მისი სპეკულაციური გამოყენება. ორიოდე დღე რჩება თავად ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე და შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა – რას შეცვლის საექსპერტო დასკვნა? ჩვენი ამოცანაა, მივაქციოთ საქართველოს მთავრობის ყურადღება რამდენიმე პრობლემას, რადგან შეთანხმების ხელმოწერა არის პროცესის დასაწყისი და არა დასასრული.

პირველი და უმთავრესი პრობლემა, ჩვენი აზრით, არის ის, რომ წინა ხელისუფლების ინერციით, ახალიც მეტისმეტად პოლიტიზებულად უდგება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და მოსახლეობაში ჭარბ მოლოდინებს ქმნის. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მთავრობის საინფორმაციო პოლიტიკა, რომლის შედეგია მოსახლეობაში შექმნილი წარმოდგენა, თითქოს უახლოეს მომავალში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვექნება, ცოტა ხანში კი ევროკავშირშიც მიგვიღებენ. ეს წარმოდგენები დიდი იმედგაცრუების წყაროდ შეიძლება იქცეს.

არცერთ მაღალი დონის კონფერენციას და ექსპერტთა ჯგუფს არ ძალუძს სრულად მოახდინოს ამ ათასგვერდიანი დოკუმენტის ყველა ასპექტის სრულყოფილი განხილვა, შეფასება და შედეგების გათვლა. უპრიანი იქნებოდა, რომ დოკუმენტის ცალკეული ასპეტები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოზიტიური და ნეგატიური შედეგების დადგომის ალბათობები, პრეფერენციები, რისკები და საფრთხეები, განხილული ყოფილიყო სამთავრობო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (იქ, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი ასეთი ინსტიტუტები) დონეზე, შემდეგ მომხდარიყო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების (მთავრობა, მეცნიერებათა აკადემია, პროფკავშირები, პარლამენტი) მიერ გამოხატული დამოკიდებულებებისა და შეხედულებების შეჯერება და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელებულიყო ხელმოწერა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.

ეს შეთანხმება არის ყველაზე ვრცელი, სიღრმისეული, კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც ოდესმე მომზადებულა საქართველოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ. იგი გარკვეულ ინსტიტუციურ ჩარჩოებს, ქცევის წესებს და მოდელს უსაზღვრავს არა მარტო საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივად ყველა შტოს წარმომადგენელს, არამედ საზოგადოების რიგით წევრებსაც, მეწარმეებს, ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებს… ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების დეკლარაცია. ეს არის ქართული საზოგადოების მიერ ქცევის გარკვეული წესის, მოდელისადმი მიდევნების პირობის გამომხატველი დოკუმენტიც. მეორე საკითხია, თუ რამდენად აქვს თავად საზოგადოებას ეს ბოლომდე გაცნობიერებული და რამდენად გამოხატავს ის საამისო მზაობას.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სერიოზულად უნდა გადაიხედოს ის სამთავრობო პროგრამები, დოკუმენტები, დეკლარაციები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იქნა მიღებული საქართველოს ძველი თუ ახალი ხელისუფლების მიერ (მარტო ბოლო სამი წლის მანძილზე, სულ ცოტა, ხუთი ასეთი დოკუმენტია მომზადებული, მათ შორის სამი – ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ: 1. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა (2011 წ.); 2. საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამა (2012 წ.); 3. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ – პროექტი (2014 წ. თებერვალი). უნდა განხორციელდეს მათი სერიოზული რევიზია, რადგან ამ დოკუმენტების მთელი რიგი დებულებები არ შეესაბამება ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებას.

სამწუხაროდ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში სამუშაოები მათი კომპეტენციის შესაბამის სფეროებში შეთანხმების ცალკეულ ასპექტებზე ფაქტობრივად არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით კონსულტაციებს სამთავრობო დაწესებულებებში ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების და ორგანიზაციების ექსპერტებთან – მათთან, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი დოკუმენტის მომზადებაში ევროკავშირის მხრიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში ქართულ მხარეს არსებითი მონაწილეობა არ მიუღია. იგი „გამზადებული სახით“ იქნა შემოთავაზებული ევროკავშირის მიერ ჯერ პარაფირებისა და ახლა უკვე – ხელმოწერისათვის. შედარებისათვის: სწორედ ანალოგიური დოკუმენტის სერიოზული გაცნობის და გაცნობიერების პროცესს მოყვა ის მღელვარება, რომელიც დაიწყო უკრაინაში 2013 წლის ნოემბერში.

ქართული დიპლომატიის (დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში – პირადად ბატონი ზურაბ აბაშიძის) წარმატებად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების ხელმოწერის წინ არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა, თუმცა არ არსებობს (ან ჩვენთვის უცნობია) გარანტია, რომ რუსეთი ნაწილობრივ გახსნილ ბაზარს კვლავ არ დახურავს. 2012 წლის ოქტომბერში ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა საქართველოსთვის ზემოთაღნიშნული ხელშეკრულებით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტების მოდელირება. გამოკვლევით, მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1,7 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4,3 %-ით, ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12 %-ით ზრდა არის დაანონსებული.

შედარებისთვის: მხოლოდ 2014 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 23% შეადგინა. ეს კი დიდწილად გამოწვეული იყო მხოლოდ რუსეთის ბაზრის არასრული გახსნით.

შეთანხმებაში ყურადღებას იქცევს „დანართი II – B“ -ში ჩამოთვლილი პროდუქციის სია, რომლებიც თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, მაგრამ ამავე დროს ექსპორტისას იბეგრება ე.წ. „ბაზარზე შესვლის ფასის“ გადასახადით.

ამ გადასახადის დედააზრია ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, რაკი იქნება ევროკავშირში წარმოებული პროდუქციაზე იაფი, ამ გადასახადის დაწესებით გაუტოლდეს ევროპის შიდა ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასს. მარტივად რომ ვთქვათ, გორის ვაშლი არ იყოს ესპანურ ვაშლზე იაფი.

ეს ჩამონათვალი მოიცავს პრაქტიკულად ჩვენს ყველა პროფილურ ხილს და ზოგიერთ ბოსტნეულს. კერძოდ, ამ ცხრილში ვხვდებით: კიტრს და პომიდორს, პრაქტიკულად, ყველა ციტრუსს, რომელიც კი მოდის საქართველოში, სუფრის ყურძენს, ვაშლს, მსხალს, ატამს, გარგარს, ალუბალს, ბალს, ქლიავს და ა.შ., რომელიც მაპროფილებელია ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის.

მთავრობის წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერით საქართველო შედის ევროპის 500–მილიონიან ბაზარზე, თუმცა რამდენად არის ქვეყანა ამისთვის მზად და რამდენად გვიწყობს ხელს ევროპა მის ბაზარზე შესვლაში? ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ახალ ეკონომიკურ სივრცეებში შეღწევა და იქ არა მარტო თავისი საქონლის რეალიზაცია, არამედ მისთვის მისაღები სამართლებრივი, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს ფორმირება.

დღეს საქართველოსათვის ევროკავშირი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა არა ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2013 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 26.7%. ამასთან, იმპორტი სამჯერ აღემატებოდა ექსპორტს. შედარებისათვის: დსთ-ის წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 35.1%. საქართველოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვა ევროკავშირთან დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო დაბალი აქვს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოსთან: სულ ექსპორტით იმპორტის გადაფარვა საშუალოდ – 36.9%, ევროკავშირთან – 26.8%, დანარჩენ მსოფლიოსთან ევროკავშირის გარეშე – 41.1%. დღეისათვის საქართველო შეადგენს ევროკავშირის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 0.6%-ს. თუმცა ევროკავშირი მაინც იჩენს სიფრთხილეს, რომ საქართველოდან არ მოხდეს უკონტროლო ექსპორტი ამ გაერთიანებაში. ამგვარი სიფრთხილე უკავშირდება როგორც ევროკავშირის შიდა ბაზრის დაცვის კომერციულ ინტერესებს, ისე იმასაც, რომ საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებიდან ან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ევროკავშირს და საერთაშორისო თანამეგობრობას დაწესებული აქვთ ეკონომიკური სანქციები, საქონელი არ მოხვდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ამდენად, დიდი იმედები იმისა, რომ ქართული პროდუქცია დაიპყრობს ევროპულ ბაზარს, არ უნდა გვქონდეს. გარდა ევროკავშირის მიერ საკუთარი ბაზრის დაცვისა, ჩვენი ამჟამინდელი პოტენციალი ევროპულ ბაზარზე დასამკვიდრებლად მეტისმეტად სუსტია იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობა არის საქართველოს ეკონომიკის უსუსტესი რგოლი, ამ დარგში საქართველოში შრომის მწარმოებლურობა 60-ჯერ და მეტად ჩამორჩება ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მესამე, თავად საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარი თითქმის 4/5-ით ოკუპირებულია იმპორტირებული საქონლით და პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს არა საგარეო ექსპანსია, არამედ შიდა სამომხმარებლო ბაზრის „რეკონკისტა“ – სამამულო წარმოების პროდუქციის მიერ წამყვანი როლის დამკვიდრება შიდა სამომხმარებლო სასურსათო ბაზარზე. მაგალითად, ევროკავშირში, შეთანხმებით, შესაძლებელი გახდება 4.4 ათასი ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და 0.5 ათასი ტონა ფრინველის ხორცის შეტანა. მაგრამ თავად საქართველოში ხორცის მოხმარებაში ადგილობრივი წარმოების ხორცის წილი მხოლოდ 36 პროცენტია და ყოველწლიურად ხორციელდება 60 ათას ტონაზე მეტი ხორცის იმპორტი.

საქართველოში ისედაც დაბალი იმპორტის (საბაჟო) გადასახადებია და მათი მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მობილიზებული თანხა მხოლოდ დაახლოებით 90 მლნ ლარია – ამჟამინდელი საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 1.2 პროცენტი. შესაბამისად, ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობისა და სტრუქტურის გათვალისწინებით, ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების კლება დაახლოებით 25-30 მლნ. ლარი იქნება. მისი კომპენსირება შესაძლებელი იქნება იმით, რომ ექსპორტის ყოველწლიური მატება ბოლო წლებში 400 მლნ. აშშ დოლარს აღემატება და მხოლოდ აღნიშნული ნამატის წარმოებით მიღებული მოგების გადასახადი მნიშვნელოვნად აღემატება ბიუჯეტის მოსალოდნელ კლებას ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადების შემცირებით.

რამდენადმე დაზუსტებას საჭიროებს შეთანხმებაში მოტანილი მონაცემები საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. მაგალითად, დოკუმენტის ავტორები მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ვარაუდობენ 1.7%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4.3%-ით. ექსპორტის ზრდას, შესაბამისად, 9% და 12%-ით, ხოლო იმპორტისა – 4.4% და 7.5%-ით. მაგრამ არაფერი არაა ნათქვამი, არის თუ არა გათვალისწინებული აღნიშნულ ზრდაში სინერგიის ეფექტი, რაც შეიძლება შეთანხმების შედეგად შესაძლებლობებისა და მოთხოვნების ზრდამ გამოიწვიოს. საქართველოს ექსპორტი ბოლო 8 წლის მანძილზე (2006-2013 წლებში) საშუალოდ ყოველწლიურად იზრდებოდა დაახლოებით 16.5%-ით ხოლო იმპორტი 15.7%-ით. ფაქტობრივად, გამოდის, რომ შეთანხმების შემდეგ ექსპორტის ზრდის ტემპი შემცირდება, ხოლო იმპორტისა – უცვლელი დარჩება.

ჩვენი შეფასებით, პროდუქციის ხარისხის ზრდა და ევროკავშირის (და, შესაბამისად, მსოფლიო სტანდარტების დონეზე აყვანა) გამოიწვევს უახლოეს წლებში არა მარტო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, არამედ ევროკავშირში ექსპორტის რეალურ ზრდას საშუალოდ 1.5-2-ჯერ, ანუ 300-600 მლნ დოლარით, რაც ქვეყანაში მშპ-ის დაახლოებით 2%-იანი ზრდის ეკვივალენტი იქნება.

გადაჭარბებულად გვეჩვენება ის იმედები, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირში „ეგრევე“ და დიდი რაოდენობით მოხდება ქართული პროდუქციის შეტანა. დღეისათვის ევროკავშირის ბაზარი, სტრუქტურირებული, გაჯერებული და საკმაოდ დაცულია იმისათვის, რომ მასში შესვლა და დამკვიდრება, მნიშვნელოვანი სეგმენტის მოპოვება შეძლონ ახალმა მოთამაშეებმა. ეს გარკვეულ წილად წააგავს იმ მოლოდინს, რაც საქართველოს წინა ხელისუფლებას გააჩნდა ჩინეთის ბაზრისადმი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. – ფაქტობრივად კი, ჩინეთის 1.5 -მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ბაზარმა 2006-2012 წლებში შეიძინა იმ ქართული ღვინის მხოლოდ 10%, რაც რუსეთის 143-მილიონიანმა ბაზარმა – მხოლოდ 2006 წლის პირველი 4 თვის მანძილზე (ემბარგოს გამოცხადებამდე). ამიტომ, ზოგადად 500 მლნ-იანი ბაზარი საინტერესო და მომხიბვლელია ქართული ეკონომიკისთვის, თუმცა იქ დამკვიდრება გულისხმობს თამაშის შესაბამის წესის, ადეკვატური ხარისხისა და მიწოდების პირობების დაცვას, უმკაცრესი კონკურენციის დაძლევას, რა მხრივაც ქართულ მხარეს ჯერ კიდევ მოუწევს სერიოზული და ხანგრძლივი მუშაობა.

მაგრამ, თუ პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი საერთო ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის საგრძნობი ექსპანსიით ვერ მოხდება, მაშინ საბოლოო ჯამში, რა კონკრეტული სარგებელის მომტანი იქნება აღნიშნული შეთანხმება ზოგადად ქართული ეკონომიკისათვის და კონკრეტულად, რიგითი ქართველი მომხმარებლისთვის?

შეთანხმების ერთ–ერთი თვალსაჩინო შედეგი იქნება სავიზო რეჟიმის გაიოლება, აგრეთვე ქართული ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდა, საშუალო და მცირე საწარმოების მეტი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ახალგაზრდებისთვის ევროპული განათლების ხელმიწვდომობის გაუმჯობესება და ენერგეტიკის სფეროში ენერგო ეფექტიანობის გაზრდა და განახლებადი ენერგო რესურსების განვითარების უზრუნველყოფა. ყოველივე ეს, გამყარებული სამართლებრივი ფონისა და კანონის უზენაესობის, ნებისმიერი ინსტიტუტის, სამსახურის და საჯარო მოხელის საქმიანობის ტრანსფარეტულობისა და პასუხისმგებლობის ზრდის ფონზე.

ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხელშეკრულება შეიძლება განხილულ იქნას როგორც მთავარი ლეიტმოტივი არა იმდენად ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების, საქართველოდან ექსპორტის წახალისების სტრატეგიაში, რამდენადაც საქართველოს შიდა ბაზარზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ქართული სამამულო პროდუქციის წარმოებისა და დამკვიდრებისათვის, იმპორტირებული საქონლის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებისათვის. აქ ლოგიკურად ჩნდება კითხვა – განა ამ სტანდარტების დამკვიდრება საქართველოს მთავრობის პრეროგატივა არ არის? რა გვიშლის ხელს, ევროკავშირთან შეთანხმების გარეშეც გავატაროთ ეს პოლიტიკა?

შეთანხმების მე–3 კარი თავისუფლებას, უსაფრთხოებას და მართლმსაჯულებას ეძღვნება. მისი მე–15 მუხლი ეხება მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში თანამშრომლობას. სამივე სფერო საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ევროკავშირი თავად გაცილებით მეტადაა დაინტერესებული ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების შემცირებასა და მის კონტროლში. ამ სიტუაციაში ორივე მხარის ინტერესების თანხვედრა ხდება და ამ სფეროში თანამშრომლობა, დიდი ალბათობით, საკმაოდ ეფექტური იქნება.

ამ მიგრაციული ნაკადების შესამცირებლად ევროკავშირს მოუწევს ისეთი დახმარების გაწევა საქართველოსთვის, რომელმაც ადგილზევე უნდა შეამციროს ემიგრაციის მსურველთა რიცხვი. ანუ ევროპა უნდა შეეცადოს პრევენტული ღონისძიებები თვით საქართველოში განახორციელოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მან საქართველოს ეკონომიკურ და სამეცნიერო განვითარებაში სერიოზული წვლილი უნდა შეიტანოს, რათა შრომითი და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ადამიანებს ნაკლები სურვილი გაუჩნდეს ქვეყნის დასატოვებლად. თუ ამ მიმართულებით არ წავიდა პროცესები, ევროპაში არალეგალური მიგრაცია უკვე ისეთ მასშტაბებს მიიღებს, რომ რეადმისიის პროცესები ვეღარ იქნება ეფექტური.

მეორე სფერო საქართველოში მიგრანტთა შემოსვლის პრობლემაა. მიგრანტთა უდიდესი ნაწილი აფრიკის და აზიის დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან შემოდის, რომელთათვის საქართველო ე.წ. სატრანზიტო გზაა ევროპაში ემიგრაციისთვის. იმის გამო, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ ევროპაში ემიგრაციის პროცესი ძალიან ხშირად სერიოზულად ფერხდება, მიგრანტთა დიდი ნაწილი არალეგალურად რჩება ქვეყანაში.

იმის გამო, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი წინა ხელისუფლებამ ლამის ნახევარ მსოფლიოსთან გააფორმა, საქართველოში შემოსულ უცხოელთა ერთი ნაწილი, რომელიც ევროპაში აპირებს ემიგრირებას, საფრთხის მატარებელია და საქართველო, მისდა უნებლიედ, თავად ევროპას უქმნის საფრთხეს და არაკონვენციური ძალების ევროპაში გადადინების პროცესს უწყობს ხელს. ამ სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოში შესაძლებელია მოხდეს სავიზო რეჟიმების გადახედვა და მისასალმებელია ის, რომ უკვე განხილვის პროცესშია უცხოელთათვის მოქალაქეობის მიღების წესში ცვლილებების შეტანა. ამ კუთხით თანამშრომლობა უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აქ ევროპის დაინტერესება ძალიან მაღალია და მისთვის გაცილებით უპრიანი იქნება საქართველოში პრევენციის გატარება, რომელიც გაცილებით იაფი დაუჯდება და უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება.

კიდევ ერთი სფერო ამ მუხლში საზღვრის მართვაა. ამ 24 წლის მანძილზე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მოახდინა, საზღვრების დემარკაცია არ მომხდარა არც ერთ მეზობელთან. სსრკ–სგან მემეკვიდრეობით გვერგო მხოლოდ თურქეთთან არსებული უკვე დამტკიცებული საზღვრები. ეს სფერო საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აზერბაიჯანის პრეტენზიები დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, გაურკვეველი ვითარება სამცხე–ჯავახეთში სომხეთ–საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით და ყველაზე რთული სიტუაცია – რუსეთთან საზღვარი.

დავით თევზაძის მინისტრობის დროს, სამინისტროს ეგიდით შექმნილი იყო ორი ბატალიონი „მონადირე“ სვანეთსა და ხევსურეთში, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან დაკომპლექტდა. ამ ბატალიონებს რამდენიმე ამოცანა გააჩნდათ და ამოცანების შესრულების პროცესმა აჩვენა, რომ შედეგები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.უპირველესად დაცული იყო საზღვრის ის მონაკვეთები, სადაც ამ ბატალიონებს ჰქონდათ მიცემული ამოცანები. ორივე მიმართულებაზე მრავალჯერ იყო ჩრდილო კავკასიიდან როგორც რუსული სამხედრო შენაერთების, ისე არაკონვენციური ძალების შემოსვლის მცდელობები, თუმცა პრაქტიკულად ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობა სასაზღვრო ზოლში დაბრუნდა (მათი ოჯახის წევრები და ადგილობრივი მკვიდრები, რომლებსაც მიტოვებული ჰქონდათ მშობლიური კერა და ბარში იყვენენ გადასახლებულები) გაიჩინა საქონელი, სოფელი გაცოცხლდა. იქ ადამიანების დაბრუნებამ თავისთავად შექმნა პირობა იმისა, რომ საზღვრების უკანონო გადმოკვეთები და მითვისების მცდელობები მკვეთრად შემცირდა. როგორც იტყვიან წმინდა ადგილი არასდროს რჩება ცარიელიო. თუ შენ აცარიელებ ადგილს მას ბუნებრივად უკვე სხვა იკავებს.

ზუსტად იმის გამო, რომ არანაირი სადემარკაციო ხაზი რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს და წინა ხელისუფლებამ ეს ბატალიონები დაშალა და ამით იქაური ცხოვრებაც მოშალა და დააცარიელა, მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების იქით რუსეთმა პრაქტიკულად მიითვისა საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიის დაახლოებით 3–4%, რომლის შესახებაც არც წინა ხელისუფლება იღებდა ხმას და არც ახალი აქტიურობს, ამიტომაც ამ სფეროში თანამშრომლობა კიდევ ერთ სერიოზული რისკის მინიმიზაციის კარგი საშუალებაა.

მე–18 მუხლი ეხება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროს. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიჩნეულია ნარკობიზნესის ერთ–ერთ სერიოზულ სატრანზიტო ქვეყანად. წინა ხელიუფლებების დროს მაღალჩინოსნების მიერ თანამდებობების ბოროტად გამოყენებამ, ხოლო ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში ამ ბიზნესის ლამის სახელმწიფო დონეზე აყვანამ საქართველოს ტერიტორია პრაქტიკულად საჩუქრად გადასცა ნარკობიზნესს. ახალმა ხელისუფლებამ რაც არ უნდა მოინდომოს და დიდი ბრძოლა გამოუცხადოს ნარკობიზნესს, ის მარტო ვერაფრით გაუკლავდება ამ სენს. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ამ სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარებას, ქმედითი დახმარების აღმოჩენას და საქართველოს ტერიტორიაზე პრევენტული ღონისძიებების გატარებას. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ თუ ქართული სახელმწიფო თვითონ არ გამოიჩენს დიდ აქტიურობას ამ სფეროში, ევროპის დაინტერესება არ იქნება მაღალი დონის. საქართველოდან შესული ტვირთები არ წარმოადგენს დიდ მასას და ევროკავშირის სპეცსამსახურებს მასზე კონტროლის დაწესება საკუთარი საზღვრების პერიმეტრზეც შეუძლიათ. ეს კი ჩვენთვის პრაქტიკულად არაფრის მომტანი იქნება. პირიქით, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ამ ტერიტორიაზე არ იქნება მის წინააღმდეგ მოქმედი სერიოზული ძალა.

მე–19 და მე–20 მუხლები ფულის გათეთრების და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. ერთი შეხედვით, საქართველო თითქოს ტერორისტული საფრთხეებიდან შორს დგას და აქ ტეროროსტული აქტების და ტერორისტული ორგანიზაციების გაჩენის საფრთხეები მინიმალურია, მაგრამ საფრთხის მთელი სერიოზულობა სწორედ ის არის, რომ საქართველო ტერორიზმის ექსპორტირების სატრანზიტო კვანძია დღეისათვის.

თავისთავად ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ კილერს, რუსლან პაპასკირს (ჩრდილოკავკასიელია) მეტსახელად „ზოონს“, ქართული პასპორტი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ გაცემული და იგი მსოფლიოში ამ პასპორტით დადიოდა, ცალსახად ქმნის საქართველოსგან ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყნის იმიჯს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს გარშემო ძალიან ბევრი კონფლიქტური კერაა. არაკონვენციური ძალების გააქტიურების სერიოზული ტენდენცია აშკარად სახეზეა. ეს გააქტიურება საქართველოზეც აისახება. ევროკავშირს გააჩნია უდიდესი საინფორმაციო და მაღალტექნოლოგიური ბაზა, მაღალი დონის სპეცსამსხურები და, რაც მთავარია, სერიოზული ფინანსები ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ევროკავშირის ტერორიზმთან ბრძოლის არეალი იზრდება და საქართველოს ტერიტორია უკვე მისი პასუხისმგებლობის სივრცეც ხდება.

არაკონვენციური ძალების და იარაღის საფრთხის ერთ–ერთი მთავარი შემადგენელი ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური მასალების საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობაა. ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა და მისი გამოყენება პრაქტიკულად მხოლოდ დროის საკითხია და თანამედროვე მსოფლიოს მთავარი ამოცანა ამ საფრთხის მინიმიზაცია და მისი დროში გაწელვაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ წარმოადგენს ბირთვულ ქვეყანას, ამ მასალების მოძრაობა საქართველოში საკმაოდ აქტიურია და ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. უნდა გვახსოვდეს, რომ სოხუმის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც რადიოლოგიურ მასალებს, აქტინოიდებს და ლანთანოიდებს აწარმოებს, ნაკლებ კონტროლირებადია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ეს ის ინსტიტუტია, სადაც ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი მასალები მზადდება. თბილისშია ლუგარის სახელობის ლაბორატორია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთ–ერთი ყველაზე სერიოზულად დაცული ლაბორატორიაა ევროსაბჭოს მასშტაბით, ტერორისტული აქტის საფრთხე მაინც დიდია. შემდგარი ტერაქტის შემთხვევაში შედეგები რეგიონის მასშტაბს გასცილდება და სუბრეგიონალურ მასშტაბს მიიღებს. დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. ამ სფეროშიც ევროპის დაინტერესება ძალიან მაღალი კოეფიციენტისაა და ევროკავშირის დახმარება და პრევენტული ზომების გატარება ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმის და არაკონვენციური იარაღის მოძრაობის საფრთხის მინიმიზაციის ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს.

ჩამოთვლილი საფრთხეების მინიმიზაცია და გაუვნებელყოფა ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა. საქართველო ამ საფრთხეების მიმართ საკმაოდ სუსტია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პრევენტული ღონისძიებების გატარება და საქართველოს დახმარება ამ საფრთხეების გაუვნებელყოფისათვის, ევროპისათვის საკუთარი უსაფრთხოების მიზნის მიღწევასაც ნიშნავს. შეიძლება ითქვას, ჩვენ უფრო ვჭირდებით მათ ამ სფეროში, ვიდრე ჩვენ გვჭირდებიან ისინი.

Comments are closed