globalresearch.ge

კახა კახიშვილი, „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი

Posted by Globalresearch on Jan 18th, 2014 and filed under კონფერენციები, სემინარები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ფაქტობრივად, წლიდან წლამდე საარჩევნო კოდექსი ერგებოდა იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ან ხელისუფლებაში იყვნენ, ან ნაწილობრივ იყვნენ წარმოდგენილები ხელისუფლებაში და საკუთარ ინტერესებს დებდნენ საარჩევნო კანონმდებლობაში. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების დროს, ჩემი აზრით, კანონი იყო მიზანმიმართულად დაწერილი ისე, რომ შემდგომში მომხდარიყო იმ არჩევნების მიმართ ფართომასშტაბიანი პროტესტი ან ჩაშლილიყო არჩევნები, ვინაიდან იმ კანონის შესაბამისად შეუძლებელი იყო, არჩევნები ჩატარებულიყო. ფაქტობრივად, ეუთო კრძალავს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ცვლილებების შეტანასაც კი საარჩევნო კოდექსში, რათა მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მოემზადონ იმ რეგულაციებით, რომლებსაც უწესებს საარჩევნო კოდექსი.
აქ ცვლილებაზე კი არ იყო საუბარი, საარჩევნო კოდექსი არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე ძირფესვიანად შეიცვალა და ისეთი ახალი პროცედურები ჩაიდო, რომლებიც შეუძლებელი იყო, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს სცოდნოდათ და ზედმიწევნით დაეცვათ. კერძოდ, მაშინ შემოვიდა სწორედ მარკირების წესი, პირველი არჩევნები იყო საერთოდ მარკირების წესის შემოღების შემდეგ და ახლა ხედავთ კიდევაც, რომ სულ ახლახანს საუბრობდნენ იმაზე, რომ იქნებ მარკირება ამოვიღოთ იმიტომ, რომ გარდა ხელოვნური დაბრკოლებებისა და საჩივრების რაოდენობის გაზრდისა, ამას არაფერი მოაქვს. იმიტომ რომ თურმე დღემდე ვერ ისწავლეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებმა მარკირების პროცედურები და ამის გამო დაყოვნება ხდება! თქვენ წარმოიდგინეთ, 10 წელი გავიდა და რა იქნებოდა იმ პერიოდში, როდესაც ხელოვნურად დადგა რიგები საარჩევნო უბნებთან.
მეტიც, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას, უშუალოდ მის მიერ დანიშნული სუბიექტების გადაწყვეტილებები გაეუქმებინა და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია სასამართლოზე გადიოდა, როგორც მხარე. მას მხოლოდ და მხოლოდ ერთი საშუალება ჰქონდა – გაესაჩივრებინა, თუ არ ეთანხმებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგებს. თუმცა აქაც იყო დაშვებული უზუტობა: ერთ მუხლში ეწერა, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემაჯამებელ ოქმს უგზავნის სამი დღის ვადაში, ხოლო მეორე მუხლში ეწერა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს სასამართლოში ასაჩივრებს მისი გამოცემიდან, არა მიღებიდან, არამედ გამოცემიდან ორი დღის ვადაში, რაც ფაქტობრივად კაზუსს ქმნიდა. იმიტომ რომ ძირითადად ეს ყველამ კარგად იცოდა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა. ყველა ოქმი, რომელიც მოდიოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მათ შორის ისინი, რომლებიც აშკარა შეუსაბამობაში იყო შედგენილი, ცენტრალური საარჩევნო კომისია მათი გასაჩივრების საშუალებას მოკლებული იყო, ვინაიდან ვადა იყო გასული.
ამის თაობაზე მივწერეთ კიდევაც ჩვენ ვრცელი წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს ლადო ჭანტურიას, რომ იქნებ სასამართლო ბერკეტებით მაინც აღმოფხვრილიყო ეს უზუსტობა, რადგან ჩვენ გვქონდა აშკარად შეუსაბამო ოქმები, რომლებშიც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო ნაკლები, ვიდრე ამოღებული ბიულეტენების რაოდენობა, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვერ ვაუქმებდით ასეთი ტიპის ოქმებს, რადგან სამართლებრივი საფუძვლები არ გაგვაჩნდა. მაშინდელმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოგვცა პასუხი, რომ ეს შეუძლებელია, თუმცა რამოდენიმე კვირაში თავად ნაწილობრივ გააუქმა არჩევნების შედეგები, რაც ასევე მის კომპეტენციაში არ შედიოდა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო არჩევნების კონსტიტუციურობა. მეტიც, უზენაესმა სასამართლომ გადააჭარბა უფლებამოსილებას, განიხილა რა სარჩელი, რომლის განხილვის უფლებაც არ უნდა ჰქონოდა და არც ჰქონდა კანონით. და მეტიც, ერთ კონვერტში სამი ბიულეტენიდან ერთზე აღნიშნა, რომ გაყალბებულად იქნა შედგენილი, დანარჩენში კი პრობლემა ვერ ნახეს.
სხვათა შორის, უზენაესმა სასამართლომ ერთია, რომ გადააჭარბა უფლებამოსილებას და საკონსტიტუციო საკითხი განიხილა, მეორეა, რომ მაშინ ცესკო–ს მხრიდან სასამართლო პროცესში მონაწილეობდა ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან რწმუნება, რომ გამოეხატა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიცია სასამართლო პროცესზე. ეს ადამიანი „რევოლუციის“ შემდეგ გახდა ცესკო–ს წევრი, შემდეგ წამლების სააგენტოს ხელმძღვანელი…სხვათა შორის, ის ადამიანები ვინც ამ უკანონობას ჩადიოდნენ, შემდგომში დაუპირისპირდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღესაც არ იხსენებენ იმას, თუ რა უკანონობაში მონაწილეობდნენ და ფუძემდებლები იყვნენ ამ ყველაფრის.
საარჩევნო სიების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ 10 წელი გავიდა, დღესაც არის პრობლემა და დღესაც ის ძალები, რომლებიც აქტიურად აპროტესტებდნენ საარჩევნო სიებს 2003 წელს, დღესაც ვერ აგვარებენ ამ პრობლემას, იმიტომ რომ სისტემური პრობლემებიდან არის ის საკითხები წამოჭრილი, რომლებიც საარჩევნო სიის სიზუსტეს უკავშირდება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე ის მუხლები, რომლებიც არეგულირებდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობას საარჩევნო პროცესში, იცვლებოდა და რეალურად, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებზე იყო მორგებული.
რომ გადახედოთ და გააანალიზოთ საარჩევნო კოდექსი წლიდან წლამდე, ნახავთ, რომ მმართველი ძალის მიერ არჩევნებიდან არჩევნებამდე კეთდებოდა ანალიზი. კონკრეტულად, ერთ არჩევნებზე დაიწერა 300 საჩივარი, ამ 300 საჩივარზე მიდიოდა ანალიზი, რა საკითხებზე დაიწერა საჩივარი, რამ გამოიწვია საჩივრის დაწერა და შემდგომში ის მიზეზი რომ არ ყოფილიყო, რომელიც დაედო საფუძვლად საჩივრის დაწერას, ეს რეგულაცია ქრებოდა საარჩევნო კოდექსიდან. ასეთი ძალიან ბევრი იყო, რათა ხელოვნურად შემცირებულიყო საჩივრების რაოდენობა. მაგალითად, იყო საჩივარი იმაზე, რომ, პირობითად, არ შეიძლება რაღაცის გაკეთება საარჩევნო ჩინოვნიკისთვის. შემდგომში ეს გადადიოდა კოდექსიდან, მოიღებდნენ ამ მუხლს და რაც აკრძალული იყო და ხდებოდა საჩივრის საფუძველი და წყარო, საკანონმდებლო ცვლილებებით ხდებოდა შესაძლებელი.
მეტიც, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს პარლამენტი უფრო შორს წავიდა და რეალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს აგიტაციაში მონაწილეობის მიღების საშუალება მისცა. მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, გამგებლები, გუბერნატორები უკვე აღარ იყვნენ შებოჭილები საარჩევნო კანონმდებლობით, რეგულაციებით და პირდაპირ კოდექსით დადგენილი ნორმებით ერთვებოდნენ საარჩევნო პროცესში, სამსახურეობრივი მანქანების გამოყენებით, სამუშაო კაბინეტების გამოყენებით, ტელეფონების გამოყენებით და დეპუტატებსაც კი უფლება მისცეს, რომ პარლამენტის მანქანების გამოყენებით მოეხდინათ საარჩევნო პროცესებში პირდაპირი ჩართვა.
მეტიც, უფრო შორს წავედით და ბოლო არჩევნებზე იმაზეც კი დაობდა ხელისუფლება და ოპოზიცია, შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა ჰქონოდა თუ არა საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება. სრულიად შოკის მომგვრელი იყო, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა დაადასტურა ფაქტი, რომ თურმე შინაგან საქმეთა მინისტრს შეუძლია საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ყოფილა პოლიტიკური თანამდებობის პირი და არა პოლიციელი. და იცით თქვენ, რომ პოლიციელისთვის აკრძალულია, როგორც კონსტიტუციით, ისე კანონით პოლიციის შესახებ, ისე, სხვათა შორის, იმ დებულებით, რომელიც დამტკიცებულია პრეზიდენტის მიერ, რომელიც არეგულირებს პოლიციის საქმიანობას და საარჩევნო პროცესებში ჩართვას. მაგრამ ამის მიუხედავად, თურმე რიგით პოლიციელზე ეს ყველაფერი ვრცელდება, მაგრამ არ ვრცელდება, დავუშვათ, იგივე მინისტრზე, რომელიც ახორციელებს სამინისტროს პოლიტიკას.
და მივიღეთ ის გარემოება… მაგალითი: კანონში თვითმმართველობის შესახებ წერია, რომ გამგებელი არის ჩვეულებრივი მეურნე, რომელიც კონკურსის წესით ინიშნება თანამდებობაზე საკრებულოს თანხმობით. ანუ თვითმმართველობის კანონში წერია, რომ ის არის ჩვეულებრივი მოხელე, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მიზნები და მისი დანიშვნის საფუძველი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მისი ხედვა რაიონის განვითარებისა. ამავდროულად საარჩევნო კოდექსში ეწერა, რომ გამგებელი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს აგიტაციაში და პროპაგანდაში მონაწილეობის უფლება. აი, ასეთ აბსურდამდე ვიყავით დასული საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.
მე მოგახსენებთ, 2003 წელს საარჩევნო სუბიექტები ნიშნავდნენ იურიდიულ სამსახურში თანამშრომლებს. ანუ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ვისაც ჰყავდა წარმომადგენელი და წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შეეძლო ცესკო–ს იურიდიულ სამსახურში დაენიშნა ერთი იურისტი. ფაქტობრივად, იურიდიული სამსახური შედგებოდა ორი ადამიანისგან და დანარჩენები იყვნენ დანიშნულები საარჩევნო სუბიექტების მიერ. დავა მიდიოდა, რომ ჩვენს სარჩელზე გაუშვით ის იურისტი, რომელიც ჩვენი დანიშნულია. ამას ითხოვდნენ, რათა ცესკო–ს პოზიცია და მათი სარჩელი თანხვედრაში ყოფილიყო. ამიტომ წლიდან წლამდე, რეალურად საარჩევნო კოდექსი კარგავდა იმ რეგულაციებს და მიზანს, რისთვისაც საერთოდ იქმნება ნებისმიერი კანონი, იმიტომ რომ ძირითადად კანონი არეგულირებს მოქმედებების არეალს, კომპეტენციას და უფლებამოსილებას სხვადასხვა ადამიანებისათვის. ამ შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი იქცა რეგულაციად მხოლოდ ძირითადად ოპოზიციური პარტიებისთვის, იმიტომ რომ სახელისუფლებო პარტიას სრული მასშტაბით ჰქონდა მოქმედების თავისუფლება.
დღეს საუბარი იმაზეა, გაუმჯობესდა თუ არა საარჩევნო გარემო. ბუნებრივია, საარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია იმ კუთხით, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არის, რათა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოიგოს არჩევნები და სოდ–ის, კუდ–ის და პროკურატურის დახმარებით მოახდინოს ამომრჩევლებზე და პოლიტიკურ სუბიექტებზე ზეწოლა, მაგრამ ამავდროულად იკვეთება ერთი პრობლემა: ის შემადგენლობა, რომელიც დღეს არის უმრავლესობაში საქართველოს პარლამენტში, აქტიურად აკრიტიკებდა 5 წლის განმავლობაში მოქმედ საარჩევნო კოდექსს. მეტიც, „რვიანიც“ იყო შექმნილი და მისი ძირითადი ნაწილი, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, ედავებოდა „ნაცმოძრაობას“ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესებთან დაკავშირებით, საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებით, საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.
მათ, ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაუდიათ, რომ რეალურად ის ხარვეზები მაინც მოესპოთ, აღარ ვსაუბრობ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არამხოლოდ ჩვენი ოპოზიციური პარტიების კრიტიკის საგანია, არამედ ევროკავშირსაც და ევროსაბჭოსაც არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადება, რომ კრიტიკას ვერ უძლებს ჩვენი საარჩევნო სისტემა, როდესაც დაცული არ არის ხმების თანაბრობის პრინციპი და ხმის წონის პრინციპი. თქვენ ხედავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ფაქტობრივად არ შეცვლილა და დღეს რეალურად საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტებულია ორი სახელისუფლებო პარტიის მიერ. ერთი სახელისუფლებო პარტია არის „ქართული ოცნება“, რომელიც ფლობს პრემიერის ბერკეტებს და მთავრობის ბერკეტებს და მეორე სახელისუფლებო პარტია არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფლობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პრეზიდენტის ბერკეტებს, თვითმმართველობას დიდწილად საქართველოში.
აქედან გამომდინარე, არც უფიქრიათ საარჩევნო ადმინისტრაციის წესების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში. საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დღევანდელ თავმჯდომარეს, მაშინდელ ოპოზიციონერს, ბატონ დავით უსუფაშვილს ჰქონდა კარგი წინადადებები, მათ შორის, საარჩევნო დავების ცალკე არბიტრაჟის შექმნის შესახებ. ეს წინადადებები წერილობით იყო შეტანილი „რვიანის“ ფარგლებში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა, რატომღაც საკუთარი ინიციატივაც კი არ გახსენებია, რომლის იმპლემენტაციასაც ის ითხოვდა თავის დროზე ოპოზიციაში ყოფნისას. ანუ დღეს საარჩევნო კოდექსი რეალურად თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად მორგებულია სახელისუფლებო პარტიაზე და ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ უბრალოდ ის პარტიები, რომლებიც დღეს აღმოჩდნენ ხელისუფლებაში, კმაყოფილები არიან, რომ ის ბერკეტები, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, მათ ჩაუვარდათ ხელში. სრულიად არ ფიქრობენ უკვე საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე.
დიდი ხნის განმავლობაში კრიტიკის საგანი იყო საარჩევნო ბარიერი. საარჩევნო ბარიერი იყო ყოველთვის პრობლემა, იმიტომ რომ ძირითადად 30%–იანი ბარიერი მაჟორიტარული არჩევნებისთვის არის ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი ბარიერი, როდესაც ადმინისტრაციული რესურსი გაძლევს საშუალებას, 30%–იანი ბარიერის პირობებში ყოველთვის გაიყვანო შენი კანდიდატი. შუალედური არჩევნები ავიღოთ, მხოლოდ ციფრები. სახელისუფლებო კანდიდატმა ნაძალადევში კორძაიამ აიღო 39%, არასაპარლამენტო ოპოზიცია მინუს „ნაცმოძრაობა“, ამაში იგულისხმება ვინ? კახა კუკავა, ჩიტიშვილი და სხვები. მათ აიღეს 49%. ანუ 49% აიღეს არასახელისუფლებო კანდიდატებმა, არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატებმა, ამ 49%–ში „ნაცმოძრაობა“ არ შედის. ანუ 39% აიღო თამარ კორძაიამ, 10 თუ 12% აიღო ნაცმოძრაობამ და 49% აიღო არასაპარლამენტო ოპოზიციამ, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ პროცენტები არ არის შესული. აი, რატომ არის არასამართლიანი 30%–იანი ბარიერი: 39%–ის გადალახვის შემდეგ ეს ადამიანი გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. 50%–იანი ბარიერის პირობებში რა ვითარება შეიქმნებოდა: 39% აიღო კორძაიამ, კუკავამ აიღო მეორე ადგილი, ვინაიდან ვერცერთმა ვერ გადალახა 50%–იანი ბარიერი, დაინიშნებოდა მეორე ტური. კორძაია, ალბათ, ნაწილობრივ აიღებდა დავითაიას ხმებს, ისიც ძალიან ცოტა პროცენტით, მაგრამ ამავდროულად არასაპარლამენტო ოპოზიციის ამომრჩეველი, რომელმაც არ დაუჭირა მხარი არც სახელისუფლებო პარტიას და არც „ნაცმოძრაობას“, ფაქტობრივად, ხმას მისცემდა კუკავას და კუკავა გახდებოდა დეპუტატი. აი, ამიტომ არ ხდება 50%–მდე ბარიერის გაზრდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის დადგენილი 5%–იანი ბარიერი, რომელიც არის ძალზედ მაღალი, თუ შევადარებთ იგივე პოსტსაბჭოთა სივრცესთან და ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებთან. იმიტომ რომ მიზანმიმართულად, 9 წლის განმავლობაში ხდებოდა ყველა პარტიის დაშლა და განადგურება და ასეთ ვითარებაში, როდესაც მხოლოდ რამოდენიმე პარტია ფლობს რესურსს არჩევნებში მონაწილეობისა და ერთ–ერთი არის „ნაცმოძრაობა“ ვინაიდან მძლავრი პარტიული სტრუქტურა აქვს ჩამოყალიბებული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა საბიუჯეტო სახსრებით, ვინაიდან საკუთრებაში აქვს არაერთი ოფისი, არაერთი ადამიანი უზით ბიუჯეტზე, ხელფასებზე. ასეთ ვითარებაში ფაქტობრივად 5%–იანი ბარიერი არის ხელოვნური ბარიერი, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ძირითადი მოთამაშე ვიხილოთ პარლამენტში და არა ფართო პარლამენტი მივიღოთ, სადაც ადამიანები იქნებიან წარმოდგენილები ამომრჩეველთა მხარდაჭერის რაოდენობით და არა ფულის რაოდენობით.
ასეთია ძირითადი პრობლემები და ამას ემატება ხმების შეჯამების ფორმულა. დავუშვათ, ერთი ფორმულით შეაჯამებ, სხვა რაოდენობის დეპუტატებს მიიღებ, მეორე ფორმულით შეაჯამებ, სხვა რაოდენობის დეპუტატებს მიიღებ და ჩვენთან ისეთი ფორმულაა, რომელიც სახელისუფლებო ძალას რეალურად აძლევს საშუალებას, მეტი დეპუტატი გაიყვანონ. რამოდენიმე მეთოდია მსოფლიოში, ყველაზე უარესი მეთოდი ჩვენთანაა გამოყენებული.
და კიდევ ერთი თემა, ეს არის საარჩევნო სისტემა. გარდა იმისა, რაც ვილაპარაკე, რომ წონა ხმის, ჩვენთან არის შერეული საარჩევნო სისტემა, როდესაც მაჟორიტარული და პროპორციული კანდიდატებით კომპლექტდება საქართველოს პარლამენტი. რეალურად ასეთი ტიპის სისტემა გამოყენებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში, იმიტომ რომ მეტ შესაძლებლობას აძლევს სახელისუფლებო პარტიას, მუდმივად უმრავლესობაში იყოს. მეტიც, ჩვენთან ისეთი საარჩევნო სისტემაა, რომ სახელისუფლებო პარტიამ რომ ვერც გადალახოს 5%–იანი პროპორციული ბარიერი და გაიყვანოს მაჟორიტარები, უკვე უმრავლესობაშია პარლამენტში. აი ასეთ არანორმალურ ვითარებაში ვართ, რომ როდესაც პარტიას შეუძლია არ გადალახოს 5%–იანი ბარიერი, იმიტომ რომ მოსახლეობაში 0 მხარდაჭერა აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ოლქებში ეყოლება მდიდარი ან გავლენიანი კანდიდატები, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფო რესურსით, მაინც, ამის მიუხედავად, შეუძლია დააკომპლექტოს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა.
კითხვა: თქვენ ბრძანეთ,რომ არ შეიძლება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კოდექსის ცვლილება, მაგრამ ჩვენ ყოველ წელს გვაქვს არჩევნები და აბა, როდის უნდა შეიცვალოს?
კახა კახიშვილი: ყოველ წელს ხომ ერთი და იგივე ტიპის არჩევნები არ გვაქვს? ამიტომ დავუშვათ, საპრეზიდენტო არჩევნებზე რომ არ გააკეთო რეგულაციები ორი თვით ადრე და საპარლამენტო არჩევნების კანონპროექტზე მუშაობის დროს გაეკეთებინათ საპრეზიდენტო არჩევნების რეგულაცია, ხომ შესაძლებელი იყო? ჩვენთან, უბრალოდ, უბედურება ის არის, რომ ძირითადად ოპოზიციური პარტიები ყვირიან არა იმიტომ, რომ რაღაც არასამართლიანია, არამედ იმიტომ, რომ ისინი ვერ ჩაჯდნენ სქემაში. თორემ ახლა რომ ყოფილიყო კიდევ მესამე პარტია, რომელსაც ექნებოდა ბერკეტები საარჩევნო ადმინისტრაციაში, ცხოვრებაში არ გააკრიტიკებდა ამ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს. აი, ეს არის პრობლემა. დააკვირდით, რა ხდება. ძირითადად, პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კოდექსი არის ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მათი მოლაპარაკების საგანს. ის დოკუმენტი კი არაა, რომლითაც ჩვენ უშუალოდ ვირჩევთ უმაღლესი თანამდებობის პირებს, არამედ მათი თამაშის წესები დგინდება თურმე. ამიტომ ვინც ხვდება იმ ბერკეტებთან, რომლებითაც შესაძლებელია თამაშის წესების შეცვლა, ცვლის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც არ აკმაყოფილებს პირადად მას. ამიტომ საშიშროება, რომ საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი არ შეიცვლება, ძალიან დიდია.

Comments are closed