globalresearch.ge

„საქართველოს საგარეო პოლიტიკა – დინებით თუ დინების წინააღმდეგ“

Posted by Globalresearch on Jul 31st, 2013 and filed under კონფერენციები, სემინარები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

2013 წლის 30 ივლისს კაფე „დისქავერიში“ „გლობალური კვლევების ცენტრმა“ რიგით მეორე სემინარი თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკა – დინებით თუ დინების წინააღმდეგ“ გამართა.

როგორც პირველმა გამომსვლელმა ექსპერტმა სოსო ცინცაძემ დასაწყისში აღნიშნა, ქართული საზოგადოება ასეთ საექსპერტო შეხვედრებს გადაეჩვია.

მისივე აღნიშვნით, დღევანდელ დღეს გლობალიზაციის თემაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია.

„გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ერთგვარ ექსკლუზივად მოგვევლინა ჩვენ ასე 10–15 წლის წინ, სადღაც, რომელიღაც სადგურში რელსებიდან გადავიდა და დღეს უკვე ისეთი დინამიურობა, როგორიც დავუშვათ ჩაფიქრებული იყო, მას აღარ ახასიათებს. მაგრამ ჩვენთვის უფრო მთავარი ალბათ არის ის, რომ სად არის საქართველოს ადგილი. ეს ზალზედ მრავალწახნაგოვანი, მრავალმხრივი თემაა და ალბათ პირველი რაშიც უნდა შევთანხმდეთ საქართველოს არასოდეს არ ჰყოლია სტრატეგიული მოკავშირე და საქართველომ არც იცის რა არის სტრატეგიული მოკავშირე“ – განაცხადა სემინარის მიმდინარეობისას ექსპერტმა.

ისტორიული მოვლენების შემდეგ სოსო ცინცაძე ნატო–ს თემას შეეხო და განაცხადა, რომ ქართველები „მიმზიდველი ილუზიის ტყვეობაში“ აღმოჩნდნენ.

„ვართ ამ ილუზიის მიმზიდველ ტყვეობაში, მიმზიდველი ილუზიის ტყვეობაში. ყველა მეტ–ნაკლებად მეცნიერული გათვლა აუცილებლად მთვარდება ერთი მწარე დასკვნით, რომ სანამ ჩვენ ნატო წარმოგვიდგენია ქოლგად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ – ჩვენ ნატო–ში არავინ მიგვიღებს. ჩვენ ნატო–ში შეიძლება მიგვიღონ მხოლოდ მას შემდეგ როდესაც ეს ქოლგა აღარ იქნება საჭირო, მხოლო მას შემდეგ როდესაც რუსეთი ან ინტერესს დაკარგავს საქართველოს მიმართ და იტყვის „ჯანდაბას თქვენი თავი“ ან სხვა რაღაც ექსტრაორდინალურ სიტუაციაში. მაგრამ იცით რა არის? ეს აღმოჩნდა გამოყენებითი თვალსაზრისით ძალიან კომფორტული ქართული პოლიტიკური ელიტის ერთი ნაწილისათვის. რასმუსენის უკანასკნელი ვიზიტი გაიხსენეთ, ადრე ჩვენ რა გვესმოდა ბრუსელიდან? თქვენ კიდევ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი. თბილისში ვიზიტისას რასმუსენმა ერთი საკვანძო სიტყვა დაუმატა ამას: „ძალიან ბევრი გაქვთ გასაკეთებელი“. რას ნიშნავს ეს? რაც მეტი დრო გადის და რაც უფრო ბრუსელს ელევა არგუმენტები, მით უფრო კრეატიულ გადაწყვეტილებებს ღებულობს ბრიუსელი, რომ ზედმეტი არგუმენტები ან სხვა ფორმულა გამოძებნოს. ჩვენ გვახსოვს, რომ ბუდაპეშტის შეხვედრის შემდეგ ჩამოვიდა გია ბარამიძე და პირადად ჩემთან ნახევარსაათიან კამათში მიმტკიცებდა, რომ უფრო მეტი მივიღეთ ვიდრე მაპ–ი. რომ ვეკითხები რა არის უფრო მეტი, აი ითქვა, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით წევრები. კი მაგრამ ვუთხარი მე, მაპ–ის დროს ეს გამორიცხული იყო? მაპი არ გულისხმობდა ამას? თუმცა, რა არის მაპ–ი? მე ვიცი ქვეყნები რომლებიც 10,12 და 13 წელიც კი აყურყუტეს მაპ–ში. ესეც იყო. მაპ–იც არ არის პირდაპირი კარის შეღება და შესვლა. ჩვენ მივაჩვიეთ ჩვენი ევროპელი მეგობრები ასე ვთქვათ არა? თუმცა, მე მაგალითად უკვე იმდენი რამ მინახავს, ისეთი ასაკის ვარ, რომ უკვე საერთაშორისო ურთიერთობებში, დიდ პოლიტიკაში მეგობრობის აღარ მჯერა“ – განმარტა ცინცაძემ.

რაც შეეხება რიგით მეორე გამომსვლელს, გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძის აზრით კი „შესაძლებლობების ფანჯარა რაღაც პერიოდების განმავლობაში ყოველთვის იღება.“

„თუკი ბალტიის სახელმწიფოებმა მოახერხეს იმის ახსნა, რომ ჩვენო დასავლური ინტეგრაცია არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ანალოგიური ავხსნათ? აქ უკვე დიპლომატიაზე, გონებამახვილობაზე და ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ყველაზე მთავარი არის ის, რომ არ უნდა გამოგვრჩეს მომენტი, იმიტომ რომ ამ შესაძლებლობების ფანჯარა რაღაც პერიოდების განმავლობაში ყოველთვის იღება და თუ იმ პერიოდში მზად არ აღმოჩნდი, ამ გზაგასაყარზე გააკეთე არასწორი არჩევანი, ან არ ხარ იმდენად ჩამოყალიბებული, რომ გააკეთო სწორი არჩევანი, მაშინ უნდა ელოდო შემდეგ შანსს, იმიტომ რომ პატარა ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება, რომ შექმნას და თავად ჩამოაყალიბოს გეოპოლიტიკური რეალობა“ – განაცხადა ფხალაძემ.

ნინო ბურჯანაძემ თავისი გამოსვლის დასაწყისში ექსპერტების მიერ ნახსენებ განათლების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ნებისმიერი საპრეზიდენტო კანდიდატის პრიორიტეტებში განათლების სფერო უნდა სახელდებოდეს.

„ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის არა მხოლოდ პროგრამაში, არამედ იმ პრიორიტეტებში რაც მას შინაგანად აწუხებს უნდა იყოს განათლების სფეროს დარეგულირების საკითხი, იმიტომ რომ დღვანდელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პედაგოგთან უმრავლესობამ ვერ შეძლო საატესტაციო გამოცდების ჩაბარება იყო სრული კატასტროფა. ჩვენ დავინახეთ ეს კატასტროფული მდგომარეობა. რა უნდა ასწავლოს პედაგოგმა ბავშვს თუ თვითონ ვერ აბარებს გამოცდას?“ – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ასევე ბურჯანაძის აღნიშვნით, მისი აზრით საქართელოს რუსეთთან ურთიერთობაში ძალიან სერიოზული პერსპექტივები გაგვაჩნია.

„არის მთელი რიგი მიმართულებებისა, სადაც ჩვენი და რუსეთის ინტერესი რადიკალურად შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ არის მიმართულებები სადაც ჩვენი და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის უპირველეს ყოვლისა კავკასიაში მშვიდობა. მე კატეგორიულად არ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ და ახლაც ამბობენ, რომ რუსეთი სულ მალე დაიშლება და ყველაფერი კარგად იქნება. ხელისუფლებაშიც, რომ ვიყავი მაშინაც ვამბობდი, რომ რუსეთის დაშლა გამოიწვევს ისეთ კატაკლიზმებს მთელ მსოფლიოში, რომელსაც ჩვენი ისეთ ალში გახვევა შეუძლია, რომლისგანაც ჩვენ თავს ვეღარ დავიღწევთ. ამიტომ ჩვენ ინტერესში ნამდვილად არ შედის რუსეთის დაშლა და ქაოსი რუსეთში. ერთ–ერთი მთავარი რითაც შეიძლება მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს არის ის, რომ ჩვენ ვართ დაინტერესებულები მოლაპარაკების პროცესში იმით, რომ კავკასიაში იყო მშვიდობა. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენთის ბაზრის გახსნით, მაგრამ ესეც ჩვენთვის ძალიან სერიოზული თემაა და აქაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული არჩევანის“ წარმომადგენელმა მამუკა ჟღენტმა, ანალიტიკოსმა, დიპლომატმა ვასილ კაპანაძემ, გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ, „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“წარმომადგენელმა ირაკლი უბილავამ, ანალიტიკოსებმა შალვა ალავიძემ და სიმონკილაძემ, იურისტმა კოტე ბოჭორიშვილმა, ასევე ჟურნალისტებმა ნატა წერეთელმა,რუსა მუმლაძე-ავალიანმა, შორენა ცივქარაშვილმა, ნონა გედენიძემ, ხატია გუნიამ.

Comments are closed