globalresearch.ge

„უკრაინის მოვლენები: გაკვეთილები საქართველოსთვის“

Posted by Globalresearch on Mar 21st, 2014 and filed under კონფერენციები, სემინარები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

27 თებერვალს „გლობალური კვლევების ცენტრმა“ გამართა სემინარი „უკრაინის მოვლენები: გაკვეთილები საქართველოსთვის“. პრობლემის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა პეტრე მამრაძემ, რამაზ საყვარელიძემ, სოსო ცინცაძემ, იოსებ არჩვაძემ, ვალერიან გორგილაძემ, ნანა დევდარიანმა, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის ხელმძღვანელებმა ირაკლი უბილავამ და გიორგი მდივანმა, ასევე პრესის წარმომადგენლებმა.
პეტრე მამრაძემ აღნიშნა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე იგი რამდენიმე წელი მუშაობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–ტექნიკურ ფაკულტეტზე). სიტუაციის შეფასებისას, მან ხაზი გაუსვა, რომ პროცესების დეტონატორი იანუკოვიჩისა და მისი გარემოს კორუმპირებულობა გახდა, თუმცა მონაწილეებმა შეახსენეს, რომ თავად ევროკავშირიც არ უარყოფს თავისთან კორუფციის არსებობას, რის შესახებაც მოწმობს ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ანგარიში. პეტრე მამრაძემ აღნიშნა ისიც, რომ ტიმოშენკო უკრაინელებისათვის ელიტარული კორუფციის სიმბოლოს წარმოადგენს, მაგრამ როგორც კი მან დატოვა კოლონია, განაცხადა, რომ გააგრძელებს ძალაუფლებისთვის ბრძოლას. მამრაძე პრობლემას ხედავს იმაში, რომ იანუკოვიჩი ორი წლის მანძილზე აცხადებდა, რომ უკრაინა ხელს მოაწერს ევროკავშირთან ხელშეკრულებას და ხელმოწერამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე თქვა უარი ამაზე.
რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ასევე არ აპირებს ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, მაგრამ ეს მძაფრ პროტესტს არ იწვევს. განსხვავება იმაშია, რომ იანუკოვიჩმა პირდაპირ „დააბეზღა“ რუსეთი ევროკავშირთან, რომ იგი ამის ნებას არ რთავს. ნანა დევდარიანმა შეახსენა დამსწრეებს, რომ ვიდრე უკრაინის ხელმძღვანელობას არ შესთავაზეს ხელშეკრულების რუსული თარგმანი, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს „ნორმალური შეთანხმებაა“, მაგრამ როცა წაიკითხეს ტექსტი, გაოცდნენ, რომ ხელმოწერაზე დათანხმდნენ. შემდეგში დევდარიანმა პარალელი გაავლო საქართველოსთან და შეახსენა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთან ოფიციალური სადილის შემდეგ, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუმ იხუმრა, რომ მათ რეკორდი დაამყარეს – ხელშეკრულების საკითხი ერთი სადილის ფარგლებში განიხილეს. „ალბათ, საქართველოს ხელმღძვანელობას ასევე არ წაუკითხავს ეს ათასგვერდიანი დოკუმენტი. მათ შეკითხვებიც არ გაუჩნდათ. ამას ამტკიცებს ისიც, რომ ღარიბაშვილმა საქმიან კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს დაუჭერს ადგილობრივ მწარმოებლებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებას“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ სინამდვილეში ყველაფერი დაიწყო იმით, რომ იანუკოვიჩის კითხვას – რით დაეხმარება ევროპა უკრაინულ მრეწველობას, რაზეც პირდაპირაა დამოკიდებული სამუშაო ადგილები, ევროპამ უპასუხა, რომ არანაირი დახმარება არ იქნება. პეტრე მამრაძე დაეთანხმა იმას, რომ ევროპამ უკრაინასთან ურთიერთობაში შეცდომების მთელი კასკადი დაუშვა, თუმცა მტკიცება, რომ იანუკოვიჩი „პუტინის კაცია“ – მითია.
ევრომაიდანის პროცესში დასავლეთის ოფიციალური პირების ჩარევის შესახებ კამათისას, სოსო ცინცაძემ ხაზი გაუსვა, რომ მსგავს ჩარევას ყოველთვის ჰქონდა ადგილი. სირიაში არაა ჩარევა? კითხვა იმაშია, გაამართლებს თუ არა უკრაინაში სტრატეგია, რომელიც რუსეთმა საქართველოში გამოიყენა. იქ, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთი დაარიგებს რუსულ პასპორტებს, შექმნის მოქალაქობის მინიჭების გამარტივებულ პროცედურებს (ეს ზომები მოგვიანებით მართლაც იქნა მიღებული – რედ.).
სოსო ცინცაძე: „რუსეთი კი არ დათმობს – უბრალოდ, ვერ დათმობს. რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსი პირდაპირ არის მიბმული აღმოსავლეთ უკრაინის საწარმოებზე. იგივე სევასტოპოლი, ყირიმი… ამიტომ ევროჩინოვნიკები კბილებში ცრიან, რომ რუსეთის გარეშე ეს საკითხები არ გადაწყდება. და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენ დღეს ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩავალაგოთ. ბჟეზინსკიმ უკვე დაიწყო უკრაინის „ფინლანდიზაციაზე“ საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, შეიძლება იდეალური არაა, მაგრამ მაინც. ამ შეთანხმებაში 17 გვერდია ეთმობა სექსუალური უმცირესობების კრიტიკის აკრძალვას.
გამოდის, რომ მათ აქვთ თვითგამოხატვის უფლება, ხოლო მე, თუ მათ კრიტიკას დავიწყებ, შეიძლება ციხეში მოვხვდე! ვინ წაიკითხა ეს ხელშეკრულება? ესაა ევროპული ფასეულობები? ისინი იმაშია, მაგალითად, ქუჩას როგორ კვეთ. ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, კანონი არ უკრძალავს ჩვენს ჩინოვნიკებს, იყიდონ 200 ათასის ღირებულების მანქანებიო. მაგრამ თუ ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, იქ ამას კანონი კი არა, მორალი, ზნეობა, ღირებულებები კრძალავს… პიტერ სემნებიმ, ევროკავშირის ყოფილმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ერთხელ გაბრაზებულმა თქვა, რომ ჩვენ 30 წელი ევროპასთან ახლოს არავინ მიგვიშვებს, ხოლო ნატოში – არასოდეს! მაგრამ ჩვენთან წარმოიქმნა ჩინოვნიკების თხელი ფენა, რომელთათვისაც თავად პროცესია მომგებიანი… თავის დროზე ევროპამ არ მისცა ბელარუსს 3 მილიარდი დოლარი და რუსეთს ჩაახუტა, ახლა უკრაინას ჰპირდებიან 20 მილიარდს, რაზეც ადრე უარი უთხრეს.“
ვალერიან გორგილაძე დაეთანხმა იმას, რომ უკრაინაში მოვლენები დასავლეთს მიერ იყო პროვოცირებული, მაგრამ საინტერესო ის კი არაა, რომ დასავლეთი ერეოდა, არამედ ის, რომ რუსეთი თავს არიდებდა საჯაროდ ჩარევას. აქ გარკვეული კომპლექსი არის და იგი კულუარულად ცდილობდა ამ ვითარების გამოსწორებას. „იმაშიც გეთანხმებით, რომ რუსეთი ვერ დათმობს პოზიციებს, იმიტომ რომ ეს იქნება რუსეთის შესუსტება და მერე უკვე იგივე ევროკავშირთან ვაჭრობაში შესუსტდება, მაგრამ თუკი რუსეთი ვერ ეგუება ამას, არის რამდენიმე ვარიანტი ამ ვითარების გადაწყვეტის: პირველ რიგში, ეს არის პასპორტები. ყირიმის შემთხვევაში პასპორტიც არ არის საჭირო, იმიტომ რომ არის ავტონომია და 3 თვე ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და შესაბამისად, მის მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტიც. პრობლემა იმაშია, რომ დასავლეთ უკრაინა უფრო პასიონარულია, ხოლო აღმოსავლეთში თვითორგანიზებულობის დაბალი დონეა. ცნობილია, რომ ყველა რევოლუციას ახდენს ენერგიული უმცირესობა… რუსული ენის სტატუსის კანონით ახალმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩამოართვა ენის უფლება არა მხოლოდ რუსებს, არამედ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს, რუმინელებს, ბელორუსებს… ვთვლი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ ვხედავთ კომუნიკაციურ ვაკუუმს. ჩვენი პოლიტიკური ელიტა თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებს. მოლაპარაკება ახლა უნდა მოხდეს და არა „ცხელ ფაზაში“. რამაზ საყვარელიძე დაეთანმხა იმას, რომ დღეს პუტინი ბევრად აქტიურია დიალოგის აღდგენაში, ვიდრე საქართველოს ხელმძღვანელობა. „ბურჯანაძესთან შეხვედრისას ნათლად იყო ნათქვამი, რომ მოლაპარაკება ყველა საკითხზე შესაძლებელია.“
ზაზა ფირალიშვილმა აღნიშნა, რომ გაკვეთილები მარტო ჩვენ არ უნდა გამოვიტანოთ უკრაინის მოვლენებიდან, უკრაინელებმაც უნდა გაითვალისწინონ რაღაცები ჩვენი უახლესი წარსულიდან. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უკრაინასთან დაკავშირებით ინიციატივა სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაულოცა. ამ ფონზე პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლამ გვიჩვენა, რომ მხოლოდ „ვაშლის ბაზრის“ დონეზე არ უნდა მივუდგეთ საკითხს. დიალოგი აუცილებელია, მაგრამ დიდი იმედების გარეშე.
ირაკლი უბილავამ გაიხსენა, რომ კიდევ 20 წლის წინ ბჟეზინსკი თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“ წერდა – უკრაინას თუ წავართმევთ რუსეთს, ის გახდება მხოლოდ აზიური იმპერია და მუსლიმანურ სამყაროსთან ბრძოლის შედეგად შეიძლება დაიშალოს. „ანგლოსაქსურ გეოპოლიტიკაში ზღვის კონტროლი ყველაზე მეტად მომგებიანად ითვლება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამერიკელების მთავარი სამიზნე წმინდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არის ყირიმი, რათა რუსეთს ჩაუკეტოს შავსა და ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელი“, – თქვა უბილავამ. კითხვაზე, შეძლებს თუ არა რუსეთი უკრაინის სეპარატისტულად განწყობილი მხარეების შენახვას, უბილავამ უპასუხა: „კონტინენტური იმპერია ცოტა განსხვავებულია ანგლოსაქსური იმპერიისგან, მათთვის მთავარია სამხედრო სტრატეგია და ეკონომიკა მათთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო“.
რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა – „არავინ ველოდით იმას, რომ პუტინი ეკონომიკაზე ააგებდა იმპერიას და კიდევ ერთი, პუტინის იმპერიული ამბიციები არაა უკრაინა, თუმცა დაკარგვა იქნება საკმაოდ ცუდი მისთვის. პუტინი თავის ეკონომიკურ იმპერიას უმიზნებს ევროპას და ამ უკანასკნელის დაკავებაზე მიდის საქმე“.
ირაკლი უბილავამ აღნიშნა: „პუტინის ბოლო გამოსვლის წმინდა იდეოლოგიური კონსტრუქცია იყო ნაციონალიზმი პოსტმოდერნიზმის წინააღმდეგ, რაღაც ალტერნატივის შექმნას შეეცადა, ბერდიაევის სიტყვებით სცადა ჩამოეყალიბებინა, რა არის კონსერვატიზმი და ა.შ. ამან დასავლეთში დიდი გამოხმაურება ჰპოვა“.
სოსო არჩვაძე ეკონომიკური კავშირების საკითხს შეეხო. საქართველოსთვის რუსეთის მიერ ემბარგოს გამოცხადების შემდეგ უკრაინა მნიშვნელობით მეორე პარტნიორი გახდა. წლიურმა ბრუნვამ 800–900 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტის ნახევარი – აგროპროდუქციაა, ნახევარი, როგორც ამბობენ, სამხედრო–სამრეწველო პროდუქცია. უკრაინის შესაძლო გაყოფის შემთხვევაში საკვები პროდუქციის 55% არ შემოვა, ეს კი ინფლაციას გამოიწვევს. ჩვენი ექსპორტის დიდი წილიც უკრაინაზე მოდის. და თუ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ჩვენი პროდუქციის მიწოდებას? უკრაინული ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია და მისი დაკარგვა ჩვენთვის დარტყმა იქნება.
გიორგი მდივანმა განაცხადა, რომ ევრომაიდანის მონაწილეებთან ჰქონდა ურთიერთობა და ჰკითხა მათ – უფიქრიათ თუ არა ეკონომიკურ შედეგებზე. პასუხი იყო, რომ მათ მხოლოდ უკრაინის თავისუფლება აინტერესებთ. „ვფიქრობ, რომ მათთვის და ჩვენთვის აუცილებელია პროტექციონიზმი. ჩვენ ძალიან ცუდი სავაჭრო სალდო გვაქვს ევროკავშირთან. ექსპორტი 20%, იმპორტი – 60%. ეს ეკონომიკური ოკუპაციის მაუწყებელია. ადგილობრივი ბიზნესი არათანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდება. ვიქნებით იგივე სიტუაციაში, რა ხელგაწვდილ მდგომარეობაშიც არიან რუმინეთი და ბულგარეთი. 7 წლის მანძილზე ბულგარელებს არ აძლევნდნენ ბრიტანეთში სამუშაო ვიზებს, თუმცა შეთანხმებებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ის, რომ ევროკავშირში ასოცირების და ბუნდოვანი წევრობის შემდეგ სტანდარტების დანერგვა მოხდება, გასაგებია, მაგრამ ვინ უშლის სუვერენულ სახელმწიფოს, რომ დანერგოს იგივე წარმოების სტანდარტები“?
დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის სიტუაციას კვლავ დაუბრუნდებიან და შეაფასებენ საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირებულ ხელშეკრულებას.

Comments are closed